გავიქცეთ, ძმაო!


გავიქცეთ, ძმაო!




რეპეტიცია

 

პატარა საბა ფანჯრის რაფაზე ზის,

სუპერმარკეტს უყურებს

და მეცადინეობს, თუ როგორ უთხრას თავის მტვირთავ მამას,

რომ მას ნაყინი, ბარნი, ორბიტი

და კინდერ-სიურპრიზი არ უყვარს.

- მამა, მე ჟელიბონი, სნიკერსი, ბაუნტი,

ბამბის ნაყინი, რაფაელო, ბანანი,

მარწყვი, მსხალი, ვაშლი არ მიყვარს.

როცა მოგქონდა, კი ვჭამდი,

მაგრამ არასდროს არ მიყვარდა.
 

 

მე დევნილი ვარ

 

მე დევნილი ვარ

და წლებია კომპაქტურად ვცხოვრობ №3 ბაღში.

ჩემი შეყვარებულიც, რომელიც დღეს ცოლად შევირთე,

დევნილია და ისიც კომპაქტურად №4 ბაღში ცხოვრობს.

ტრადიციის თანახმად,

როდესაც ქალს ხელს სთხოვ,

პირდაპირ სახლში არ უნდა შეიყვანო.

ქორწილის დღის დანიშვნამდე

ნათესავის ან მეგობრის ოჯახში უნდა წაიყვანო.

მეც არ დავარღვიე ეს უძველესი ადათი და

ბიძას ვეწვიე ჩემს დღეს მოყვანილ ცოლთან ერთად.

ბიძას, რომელიც ჩვენსავით დევნილია

და ქალაქის №5 ბაღში კომპაქტურად ცხოვრობს.

 

 

დასვენება

 

რადიოდან ვიღაც სადღაც დასვენებაზე

რაღაცას ამბობს. ეეჰ.

შენთვის შაბათი, კვირა არ არსებობს.

ზიხარ ვულკანიზაციაში და

ყოველდღე მუშაობ.

ავად გახდომის უფლებაც არ გაქვს.

ლოგინად რომ ჩავარდე, ოჯახს ვინ დაგიპურებს?!

რამდენჯერ გქონია სიცხე 38 და მაინც გიმუშავია.

აწიც ასე იზამ.

ერთადერთი შვება გაცვეთილი სახარებაა.

ლარად წებავ კამერას,

რომლის სუნს 23 წელია ვერ იშორებ.

დღეს კიდე მღვდელმა ჯიპის საბურავი უფასოდ გაგაკეთებინა,

უფალმა დაგლოცოსო და წავიდა.

 

 

***

 

ვიცი შენი სუიციდის მიზეზი.

აღსარება გაგითქვა მოძღვარმა 

და თავი მოიკალი.

ის უსინდისო კი ამბიონიდან ქადაგებს, 

რომ არცერთი თვითმკვლელის ადგილი

სამოთხეში არ არის.

 

 

გავიქცეთ, ძმაო!

 

ღია ფანჯრიდან ვიხედებით მე და შენ ორნი

და რახანია შევციცინებთ ქუჩას თვალებში.

სწორედ ეს ქუჩა ბავშვობიდან არცერთს არ გვყოფნის,

რადგან სიკვდილი არ აგვცდება, თუ აქ დავრჩებით.

გავიქცეთ ძმაო, ჩვენს რესურსებს შველა სჭირდება!

საკმარისია, რაც ვიცხოვრეთ ჭაობში დამპლად.

მდგმურად გავჩერდეთ საზღვარგარეთ თოვლის ფიფქებთან,

ოღონდ გავიქცეთ, დასაკარგი წამიც კი არ გვაქვს.

აქეთ ყოველთვის მოძრაობის წესებს არღვევენ.

არაა პონტი შუქნიშანთან წითელზე დგომა.

გუშინ მებაღე გაუჭყლიტავს პრადო გამგებელს

და დღესაც სული ამოსძვრება ვიღაცა მოყვასს.

წავიდეთ ფეხით, თუკი ვიზას არ ჩაგვირტყამენ,

ნავით გავცუროთ, გავეპაროთ ჯალათის რისხვას.

უკან მოხედვით საბოლოოდ დავიგვიანებთ,

ქვევრიდან ცხვირსაც ვერ ამოვყოფთ, შენს ძმობას ვფიცავ.

ოჰ, როგორ ყიდის უფლის სიტყვას ხარბი დროება,

ეშაფოტზე დგას თაობათა უწყვეტი რიგი.

ინდულგენცია მრევლში სინდისს ისე მოცელავს,

რომ ერთმანეთის სანუგეშოს ვერავინ იტყვის.

გავიქცეთ, ძმაო!

 

 

ლალა-ძიძა

 

ლალას სუნი აქვს ამ ოთახში თითქმის ყველაფერს.

აქ ყველა ნივთმა მისი სახე მოირგო ზუსტად.

გიჟი ფილტვებით ვსუნთქავ წარსულს დროის მენაბდე.

ამ ტკბილ ოთახში ლალას ჩემთვის ბევრი რამ უთქვამს.

 

უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც მტვერსაც ვინახავ.

გარდასულ დღეთა აჩრდილს ვკოცნი გაყვითლებული.

მოვწყდი ყველაფერს, და ოთახში ვტკბები იმასთან

ვინც არსებობა დამანახა ჩემი სხეულის.

 

დიდი ხანია, რაც ყრუდ მიმზერს ბეცი სამყარო.

ჭუჭრუტანაში ვეღარ გაძვრა, ვერ შემოვიდა.

უნდა, რომ გარეთ გამიტყუოს, გარეთ დამახრჩოს,

თუმცა ვერ ვხვდები, რა გამოვა ბრმა ხელობიდან.

 

მე კი არ ვტოვებ ამ ოთახის დალურსმნულ კედლებს,

ვყნოსავ ყველაფერს, ჩემს სხეულსაც ცხვირით ვეხები.

ყველა წვრილმანში ლალას სურნელს ვპოულობ დღემდე

და ვაქანდაკებ ერთ ეპოქას სვენებ-სვენებით.

 

სულის ნანაა, რასაც ვხედავ, რაც რომ აქ არის,

ერთი შესუნთქვით გადავმალო მინდა ფილტვებში.

თუ კოჭლმა ბედმა გამიკეთა უცებ შამათი,

ვიტყვი - ლალასთან წაგებასაც ვემორჩილები.

 

ლალას სუნი აქვს ამ ოთახში თითქმის ყველაფერს.

აქ ყველა ნივთმა მისი სახე მოირგო ზუსტად.

გიჟი ფილტვებით ვსუნთქავ წარსულს დროის მენაბდე,

ამ ტკბილ ოთახში ლალას ჩემთვის ბევრი რამ უთქვამს.

 

 

სიყვითლე

 

ტანზე მაცვია შემოდგომა გაყვითლებული

და მივუყვები ყვითელ ქუჩებს ყვითელი კაცი.

ყვითელ სახეთა მისალმებით ძლიერ შევწუხდი,

ნუთუ ამ მხარეს ნიავიც კი სხვა ფერის არ ჰქრის?!

რამ გამახსენა საუბარი ყვითელ მხატვართან?

ყვითელიაო ყველა ფერი ჩემს პალიტრაზეც!

მითხრა, რომ ეძებს ყვითელ მუზას ასე გზადაგზა,

რომ ყვითელ შედევრს გაცვეთილი ფუნჯით მიათრევს.

მიათრევს მანამ, სანამ ყვითელ ღმერთს არ შეხვდება,

სანამ ცის იქით არ გამოფენს ყვითელ ტილოებს,

სანამ არ მოთოვს თუნდაც ერთხელ ყვითელ ფერებად,

სანამ ჯვარგაკრულს წინაპრები მათთან იხმობენ.

ასე მიათრევს, სანამ ტკივა, სანამ განიცდის

კაცობრიობის არითმიას ყვითელ ქალაქში.

მოხატა მზეს და დედამიწას შორის მანძილი,

მაგრამ ვერ ხედავს დროებისგან კუთვნილ ჯამაგირს.

შია თუ სცივა, მაინც არ თმობს დაჯღაბნილ სივრცეს.

უნდა, რომ ისევ აორსულოს ჩვენში ვენახი.

გადარჩენისთვის ყვითლად ღებავს მხატვარი იმედს.

ღმერთო მიიღე მისი ტილო გალერეაში.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE