მიგელ დ’ორსი დაიბადა 1946 წელს ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელაში. მისი ოჯახი ესპანელ ინტელექტუალთა საზოგადეობისთვის კარგადაა ცნობილი. მამამისი, ალვარო დ’ორსი რომის სამართლის პროფესორი და კათედრის გამგე გახლდათ, ბაბუა, ეუხენიო დ’ორსი კი ცნობილი კატალონელი ფილოსოფოსი და ესეისტი.
მიგელ დ’ორსი ლიტერატურულ ასპარეზე 1960-იანი წლებიდან გამოჩნდა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე მას თექვსმეტი პოეტური კრებული აქვს გამოქვეყნებული. 1988 წელს მისი წიგნი ,,უცოდინრობის უმაღლესი კურსი» პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს - ,,კრიტიკის ეროვნული პრემიის» მფლობელი გახდა.
მიგელ დ’ორსს ხშირად მეოცე საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ესპანელ პოეტად მოიხსენიებენ თუნდაც იმ წვლილის გამო, რაც მან თანამედროვე ესპანური პოეზიის განვითარებაში, კერძოდ კი ახალი თაობის ესთეტიკის ჩამოყალიბებაში შეიტანა. იმ დროს, როცა ყველას ეგონა, რომ სიძველეები დავიწყებული და საგულდაგულოდ სხვენში იყო გადანახული, გამოჩნდა დ’ორსი, რომელიც წლების განმავლობაში რომანტიკული, ინტიმური მსოფლშეგრძნების გამო ძველი პოეზიის ეპიგონად იყო მიჩნეული. აღმოჩნდა, რომ სწორედ მისი ინტიმური, ღრმა რელიგიურობით გაჯერებული სამყარო გახდა სიახლის მაძიებელი ახალგაზრდა პოეტების შთაგონების წყარო. კრიტიკოსები ხშირად დ’ორსს ჯგუფ ,,ნუმენორის» პოეტურ მამადაც იხსენიებენ. თავად პოეტი ამ გავლენებზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევს, თუმცა არ უარყოფს, რომ ახალგაზრდებმა მართლაც აღმოაჩინეს მის პოეზიაში გარკვეული მოდელი.
დ’ორსის პოეზია საინტერესოა იმით, რომ იგი ეხმიანება არამხოლოდ თანამედროვე ტენდენციებს, არამედ კავშირს ინარჩუნებს წარსულთანაც. იშვიათი ორიგინალობით, ყოველგვარი ნარცისისტული პრეტენზიების გარეშე, პოეტი გვესაუბრება ყოველდღიურობასა და იმ ფუნდამენტურ ეგზისტენციალურ პრობლემებზე, რაც ადამიანად ყოფნას ახლავს თან. იგი თითქოს ერთდროულადაა აღფრთოვანებული მოვლენათა სიღრმით და მათი ზედაპირული, ყოფითი გამოვლინებებით. მხატვრული ფორმა მომცველი და ამავე დროს საოცარად გასაგებია. მაღალი ოსტატობის წყალობით, მისტიკური ჩვენს თვალწინ სიცხადეს იძენს და გასაოცრად ხელმისაწვდომი ხდება, ბანალური კი - ტრანსცენდენტულობისა და სიწმინდის სიმაღლემდე ადის.
დ’ორსის შემოქმედებაში აშკარად იგრძნობა კლასიკური პოეზიის გავლენა, ბერძნული და რომაული ხელოვნებით აღფრთოვანება. ხშირად საუბრობენ პარალელებზე უოლტ უიტმენთან. ვრცელი ჩამონათვალი, რაც ორივე პოეტის საყვარელი მხატვრული ხერხია, საწყისი იდეის დაზუსტებას, მის მაქსიმალურად ამომწურავ გადმოცემას ემსახურება. დ’ორსს ეს დინამიკა იმდენად ფართო ხედში გადაჰყავს, რომ მკითხველი გაოგნებული რჩება ფინალური პანორამის მასშტაბებით.
გავლენებსა და სახეთა ნათესაობაზე დ’ორსიც ხშირად საუბრობს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ლექსის, «პატარა ანდერძი»-ს შესახებ იგი აღნიშნავს, რომ ძირითადი იდეა ადრიან ჰენრის «უკანასკნელი სურვილი და ანდერძიდან» მომდინარეობს. «გარდა ამისა, ეს ჩემი უიტმენითა და ბორხესით გატაცების შედეგია. ზოგიერთი სახე რამონისგან, სათაური კი ვილიონისგან ვისესხე. პუნქტუაცია, რა თქმა უნდა, ჩემია» - ხუმრობს პოეტი.
გაგვიჭირდება დავასახელოთ სხვა, უფრო ავტობიოგრაფიული პოეტი, ვიდრე მიგელ დ’ორსია. ხანდახან გეჩვენება, რომ მისი ლექსები გულის მოოხების მცდელობაა და სხვა არაფერი. ალბათ, ცხოვრების ღრმა ცოდნის შედეგია ისიც, რომ პოეტი ლექსებს პარადოქსის პრინციპზე აგებს, ჩვენს თვალწინ აყირავებს თვალსაჩინოებებს, უცვლის მათ პოლუსს. ეს განსაკუთრებით თანამედროვე სოციუმზე წერის დროს იგრძნობა. დ’ორსი მას «შეზღუდულ საზოგადოებას უწოდებს». მისი ერთ-ერთი კრებული სწორედ ამ სათაურს ატარებს. «დღევანდელ საზოგადოებას არა აქვს უნარი მზერა მოწყვიტოს ფიზიკურს, რაციონალურს, საჭიროს და მომგებიანს». ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მკითხველს არ შეუძლია კითხვა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ჭვრეტაზე წინ ქმედება დგას. იმისთვის, რომ შეჩერდე ან წაიკითხო, აუცილებლად რაღაც უნდა ხდებოდეს. მიგელ დ’ორსის განსაკუთრებული დამსახურება ის არის, რომ მისი ლექსები პოეზიის კითხვას ასწავლის და აყვარებს იმ ადამიანებს, ვისაც ამის ინტერესი არასოდეს ჰქონია. მიგელ დ’ორსი ბავშვობისდორინდელ მჭვრეტელობით სამყაროში გვაბრუნებს და ამ დავიწყებულ სიამოვნებას ხელახლა გვაგრძნობინებს.
გარდა პოეზიისა, მკითხველი კარგად იცნობს მის ესეებსა და ლიტერატურულ კვლევებს. იგი წლების განმავლობაში იყო ნავარასა და გრანადის უნივერსიტეტების პროფესორი. ფლობს ფილოსოფიისა და ლიტერატურის დოქტორის ხარისხს. დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან. არის ათობით ლიტერატურული კვლევის ავტორი, რომლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ესპანურ და კლასიკურ პოეზიას. შესრულებული აქვს ჯოვანი პასკოლის პოემების ესპანურენოვანი თარგმანი. 2007-2010 წლებში გამოვიდა მისი ჩანაწერების კრებულები სახელწოდებით: «სახელოსნოს უპირატესობანი» და «კიდევ ერთხელ სახელოსნოს უპირატესობის შესახებ». მისი ლექსები შესულია არაერთ ანთოლოგიაში და ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე.
მცირე ანდერძი
მე თქვენ გიტოვებთ მდინარე ალმოფრეის,
ჩაძინებულს მაყვლებს შორის, შაშვებით სავსეს,
სურისას წიფლებს, ორქიდეების უფსკერო ცისფერს,
მარტორქებს, ტანკებივით რომ დააქვთ ტანი.
ფლამენკოებს - მზის გასაღებს ცის კაბადონზე
და კრაზანებს - პატარა ვეფხვებს.
მარწყვებს, მაინის კლდეებს, ანაპურნას,
ნიაგარას ჩანჩქერს, ქერათმიან ელვარე ასულს,
ედელვაისებს ორდესას პარკში, ხელს რომ ვერ ახლებ.
ირმის ნახტომს, ბულბულს უთვალავს.
მე თქვენ გიტოვებთ გზატკეცილებს,
მდუღარე სუნთქვას რომ აფრქვევენ უკაცრიელ შუადღის ხვატში,
დე ლა კრუსის «ქებათა ქებას» და პელეს გოლებს,
შარტრის ტაძარს, წელში მოხრილ ოქროს თავთავებს,
უფიცის კლდეებს მიღმა აღლენილ ლოცვას
და ტაჯმაჰალს, ტბაში მთრთოლვარეს.
ავტობუსებს, მოჯაყჯაყეს სან პაულოსა და მომბასას გზებზე,
შავკანიანებსა და ბედნიერ ცხოველებს რომ დაატარებენ.
თქვენ გეკუთვნით ეს ყველაფერი, ჩემო შვილებო,
ბედს სურდა ალბათ, რომ გყოლოდათ მდიდარი მამა.
როგორც წყალი
როგორც წყალი,
მდუმარედ იღვწის
თავთავთა ფეხქვეშ.
როგორც მიწა,
მოკრძალებით ამუშავებს ლითონს,
მშვენიერებას რომ შესძინოს
სიმაღლე ვარდის.
ასე, ამგვარად,
დაწერ შენს ლექსებს.
მხოლოდ სიჩუმის ფსკერზე
შეიძლება, რომ გაღვივდეს კაშკაშა სიტყვა.
სიჯიუტე
ჩემი ცხოვრება:
რამდენი ხანია არ ვყოფილვარ კუსკოსა და სიენაში,
თუნდაც გრენობლში.
რამდენ თვითმფრინავში არ ჩავმჯდარვარ,
ცას რომ სერავდნენ.
რამდენი მხურვალე ხმა არ შეხებია
ჩემი გულის ფსკერს.
მხოლოდ დრო, ცარიელი,
ტრამალივით სულისშემძვრელი,
მხოლოდ ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი...
და ერთადერთი, რაც ისევ ჯიუტად ხდება -
კბილის პასტა «კოლგეიტია».
მეუღლეს
შენი თბილი თვალებით
ვიღაც მიყურებს, ვიღაც, ვინც შენ არ ხარ.
მეჩვენება, რომ შენი სიყვარული სხვა, გამოუთქმელ სიყვარულში მერევა.
ვიღაცას ვუყვარვარ შენი “მიყვარხარ”-ით,
ვიღაც შენი ხელებით ჩემს ცხოვრებას ეალერსება
და ვგრძნობ მის ფეთქვას ყოველ შენს კოცნაში.
ვიღაც, ვინც დროის მიღმაა, ჰაერის უხილავი ზღურბლის მიღმაა.
ოქტომბერი ჩემს ფანჯარაში
ბინდი ნელ-ნელა წვება დაბლობზე.
უზარმაზარი ბრინჯაოს ღრუბლები
რომანტიკულ სურათს ხატავენ.
დაბურული მუხები, სოფლის სახლები, ვერხვების ალი...
ყვითელი სიო ახუჭუჭებს ზეთისხილის ბაღს.
მინდა ვუყურო ოქროს სიჩუმეს,
მაგრამ გული მეუბნება, რომ ეს მინდვრები ჩემი არ არის
და არც ეს ცაა ჩემი.
რომ წინაპართა სისხლით არ შობილა ეს სილამაზე.
ფანჯრის რაფას ჩამოვაყრდნობ ჩემს მარტოობას.
გავცქერი მთების გაწელილ ჩრდილებს.
მშვენიერია ეს ფიჭვები,
მაგრამ ეს მხოლოდ ფიჭვებია,
ჩემი ცხოვრება მათში არ არის.
არც ჩემი გამჭვირვალე ბავშვობაა მათ კენწეროებთან,
ფედერალობანას რომ ვთამაშობდით ბიძაშვილები.
დღე იწურება და მასთან ერთად
ჩემი სამშობლოს ხანგრძლივ წვიმებს ვუახლოვდები.
კონტრასტი
ისინი,
ვისი ცხოვრებაც წარმატების პროჟექტორებქვეშ
ოვაციების თანხლებით გადის.
მსუბუქი კაბრიოლეტებით,
მშვიდი, ლაჟვარდისფერი აუზებით და ვარდებით ირგვლივ,
განსაკუთრებული ძაღლებით,
შამპანურივით თავბრუდამხვევ, კრიალა გოგონებს შორის რომ იცინიან,
მაგრამ არ არიან ბედნიერნი.
და მე, რომელსაც არაფერი მაქვს ამ ქუჩების გარდა,
მძიმე განრიგი, იაფფასიანი კვირადღე მდინარის პირას,
მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად, რომლებსაც ვუყვარვარ.
არც მე ვარ ბედნიერი.
კიდევ ერთი ლექსი სიყვარულზე
რა ბედნიერებაა, რომ არ ვარ მაცუო ბასიო,
რომლის ხმაშიც ქლიავები ყვავიან ნაზად.
რომ არ ვარ ბეთჰოვენი, მობჯენილი შუბლზე ქარიშხლით,
არც ტომას მორი ჰოლბეინის სახელოსნოში.
რომ არ მაქვს ბუნგალო დენვერში (კოლორადო)
და ფიცროის მწვერვალებიდან არ გადმოვყურებ
პატაგონიის მინერალთა გარინდებას შებინდებისას.
ბედნიერი ვარ, სენ-მალოში მოქცევების სურნელს რომ არ ვგრძნობ
და ვარ აქ, შენთან. გსუნთქავ და ვუცქერ
ჭაღის ანარეკლს შენს თვალებში.
ქალაქი ჩემში
(სანტიაგო)³
«უცნაური ქალაქია, ერთდროულად მშვენიერი და უშნო»
(როსალია დე კასტრო, «სარის ნაპირებზე» «წმინდა სქოლასტიკა», III, 1)
მე არაფერი ამირჩევია: გავახილე თუ არა თვალი,
წვიმა, ღამე და ქვები იყო ჩემი ცხოვრება.
მხოლოდ მოქვითინე ლამპიონების სველი ჩრდილები...
ჩემი ბრალი არ არის, ამ სიზმრებს ნაცრისფერი სამრეკლოები,
ხავსი და ლიტურგიული ბალდახინები რომ დაეპატრონენ,
და ეს ქვასავით მძიმე ღრუბლები.
ჩემი ბრალი არ არის, მელანქოლია რომ აღმოჩნდა ჩემი სამშობლო,
ერთგული ჩვევა უხმაუროდ ჩავლილი წლების.
და არც ის, რომ ახლაც, სადღაც ღრმად, ჩემში ისევ წვიმა ხმაურობს,
წვიმა, რომელიც...
სამშაბათობით, ოთხშაბათობით, ხუთშაბათობით...
სანტიაგოს ქვებს უნაპიროდ ჩაძირავს ფიქრში.
არაფერი
ტყვიისფერ წვიმას
ლამპიონების შუქი აკრთობდა.
ასე, უბრალოდ გასცქერდე ღამეს
და არ ელოდო აღარცერთ წერილს.
იყო ოცდათხუთმეტის
და ჩაგესმოდეს, როგორ თანდათან გშორდებიან მატარებლები
და სინანულით ფიქრობდე იმას,
რომ არ ყოფილხარ სტივენსონი
და არც გრაფი ჰენრი რასელი.
¹ ფრანგ. «წმინდა სიტყვას უბოძებს ადამიანებს» - სტეფან მალარმე, «ედგარ პოს საფლავი».
² სავაჭრო ცენტრების ქსელი ესპანეთში.
³ სანტიაგო დე კომპოსტელა - პოეტის მშობლიური ქალაქი - ერთ-ერთი ყველაზე ნალექიანი ქალაქია ესპანეთში და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქალაქის სახის ესთეტიკაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სანტიაგო დე კომპოსტელაში მდებარეობს წმინდა იაკობის საფლავი, რომელსაც ტრადიციულად უამრავი პილიგრიმი სტუმრობს.
ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა