სადავო ძალაუფლების ხიბლი


სადავო ძალაუფლების ხიბლი




 
განწყობა ჩუმი მშვენიერების
 
საღამოს შუქი, როგორც თაფლი ტოტებს შორის,
როცა დამტოვე და წახვედი ქუჩის ბოლოსკენ,
სადაც დაისი უცებ გაწყდა.
გახსნილი ხიდი დაიხურა საქორწინო ტორტის თავზე
და მოიყოლა სუსტი კესანე.
შენ კი გემბანზე ადიოდი.
 
გადამწვარი ჰორიზონტი მოულოდნელად იკირწყლება ოქროს ფილაქნით.
ოცნებები, რომლებიც მქონდა, თვითმკვლელობაზე ოცნების ჩათვლით,
საჰაერო ბუშტს ბერავენ ცხელი ჰაერით.
ის ფეთქდება. სადაცაა აფეთქდება
რაღაც სრულიად უხილავით
სწორედ ამ დღეებში.
ჩვენ კი ვუსმენთ, და ზოგჯერ გვესმის,
როცა ერთმანეთს ისე ვეკვრით,
 
რომ სისხლი და მისთანები იხევენ უკან
და გულუხვი მუზეუმები, აი, რა რჩება ჩვენს სუნთქვაში.
 
 
ცხოვრების ჩემი ფილოსოფია
 
როცა ჩავთვალე, რომ ჩემ თავში არ დარჩა ადგილი
კიდევ ერთი ფიქრისათვის, სწორედ მაშინ მომივიდა დიადი აზრი.
ფილოსოფია ცხოვრებისა, შეიძლება ასეც ითქვას. ის გულისხმობდა
ცხოვრებას ისე, როგორც ცხოვრობენ ფილოსოფოსები -
პრინციპების ერთგულებით. კარგი, და რომლების?
 
ეს ურთულესი პუნქტი იყო, უნდა ვაღიარო,
მაგრამ მე მქონდა წინათგრძნობა, რომ გამოსავალს ვიპოვნიდი.
ყველაფერი, დაწყებული საზამთროს ჭამით, შხაპის ქვეშ დგომით,
მეტროს ბაქანზე ჩაფიქრებით და ტროპიკულ ტყეებზე დარდით
სახეს იცვლის, უფრო სწორად, ინფიცირდება
ჩემი შეცვლილი თვალთახედვით. არ ვაპირებ, ვიქცე ქადაგად
ან ვიდარდო ბავშვებზე და მოხუცებზე უფრო მეტად, ვიდრე გვავალებს
მექანიკური მგრძნობელობა საათივით მოწყობილი ჩვენი სამყაროსი.
ნაცვლად ამისა, ნებას დავრთავ ყველა საგანს, იყოს ისეთი, როგორიც არის,
ვიდრე ავცრი თითოეულს ახლებური მორალის შრატით,
რომელშიც თვითონაც შემთხვევით აღმოვჩნდი, როგორც უცხო, ვინც უნებლიეთ
გაედო პანელს და კარივით გამოიღო წიგნის კარადა
და გამოჩნდა კედლის მიღმა ხვეული კიბე, სანახევროდ განათებული
სადღაც ქვემოდან ამოსული მწვანე შუქით, სადაც უცხომ შეაბიჯა მექანიკურად
და კარადა მოიხურა მის ზურგსუკან, როგორც ხდება ასეთ შემთხვევებში.
და მას ეცა უცხო რამ სუნი _ არა ზაფრანის, არც ლავანდის,
არამედ რაღაც მათშორისის. გაახსენდა მომცრო ბალიში,
რომელზეც იწვა ბიძამისის ბოსტონური ბულტერიერი
წაწვეტებული ყურებით და დამცინავი გამოხედვით. შემდეგ ელვის უსწრაფესი
გაქანება. აზრს ამაში ვერ იპოვი. მხოლოდ სიძულვილს
ნებისმიერი აზრისადმი. მაგრამ უკვე გახსენდება უილიამ ჯეიმსის1 წიგნი,
რომელიც არც კი წაგიკითხავს, მაგრამ იყო დახვეწილი, მისი ფურცლები
დაფარულიყო თხელი ფენით სიცოცხლის ფხვნილის,
ნათითურებიც ემჩნეოდა. ჩანს, ვიღაცას ესარგებლა ავტორის აზრით
დაწერამდე ბევრად ადრე. თუმცა აზრი იყო მისი
და მხოლოდ მისი.
 
მშვენიერია, ზაფხულობით იარო ზღვაზე.
აკი არსებობს უამრავი ხანმოკლე ტური.
ახალგაზრდა ვერხვების გუნდი ეგებება დამსვენებლებს. შორი არ არის
საველე საპირფარეშომდე, რომლის კარზე გაჭირვებულ პილიგრიმებს ამოუკაწრავთ
სახელები, მისამართები, და პირადი ხასიათის წერილები
სამყაროსადმი, ვიდრე იდგნენ ჩაცუცქულები
და ჯერ არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რა უნდა ექნათ,
როცა აქედან გავიდოდნენ, როცა ხელებს ჩაიბანდნენ მომცრო ნიჟარაში.
იყო კი მათი ქმედებები პრინციპებით ნაკარნახები? 
იყვნენ კი ფილოსოფიური, თუნდაც მხოლოდ ნაწილობრივ, მათი სიტყვები?
ვაღიარებ, მე ამ ფიქრებს ვეღარ მივდევ. რაღაც მაკავებს.
რაღაც, რისთვისაც საკმარისად არ გავზრდილვარ და ვერ შევწვდები.
არ გამოვრიცხავ, რომ უბრალოდ მეშინია. ან რა ჭირდა შესაცვლელი
ჩემს აქამდელ წარმოდგენებს ცხოვრებაზე, რამ არ იმუშავა?
ისღა მრჩება, გამოვძებნო კომპრომისი - დაე, იყოს ყველა საგანი
ის, რაც არის, ანდა თითქმის; მე კი შემოდგომიდანვე მოვიმარაგო
მარინადები, კონსერვები - უნაყოფო, სუსხიანი, გრძელი ზამთრისთვის.
ეს იქნება გონივრულიც, ადამიანურიც.
ყურადღებას არ მივაქცევ ახლობლების დამცინავ შენიშვნებს
და არც საკუთარს, თუმცა უნდა ვაღიარო - ეს არ არის ადვილი საქმე.
როგორც სპექტაკლის მსვლელობისას რაღაც უთხრა შენს მეგობარს,
რაც გამოიწვევს თქვენს წინ მჯომი მაყურებლის გულისწყრომას,
ვისთვისაც მიუღებელია თავად აზრი - ვიღაც ორი საუბრობდეს მისი თანდასწრებით.
თქვენ ხომ გესმით, ყველაფერს აქვს ორი მხარე. შეუძლებელია
არც სხვებს მოაკლო ყურადღება და იზრუნო საკუთარ თავზეც,
რაც ალბათ დამამცირებელიც იქნებოდა და სასაცილოც,
როგორც უცნობების ქორწილში შეპარვა.
სასაცილოა, სასაცილო, ორ იდეას შორის გახლეჩა.
მეორე მხრივ, იდეებიც ამისათვის არსებობენ! ახლა მიბრძანდით
და კარგი დრო გაატარეთ, მთავარია, არ დაგავიწყდეთ,
დატკბეთ ცხოვრების თქვენეული ფილოსოფიით! განა დიადი იდეები
ყოველდღიურად ცვივა ციდან. ნახეთ, რამხელაა!..
 
 
განგაშის საბაბი
 
ორმოცდაათი წელი გავიდა,
რაც ვცხოვრობ ასეთ მიყრუებულ ქალაქებში;
მე მათზე ადრეც გიამბობდი.
ამ ხნის მანძილზე არაფერი შეიცვალა. დღემდე არ ვიცი,
როგორ მივიდე ფოსტიდან ბაღამდე, სადაც დგანან საქანელები.
ვაშლის ხეები ყვავილობენ სიცივეში, უცნობია, რა აიძულებთ.
გაღინღლული ჩემი თავი დაემსგავსა ბაბუაწვერას.
 
ვთქვათ, ეს ლექსი არის შენზე - თუ ჩაამატებდი
მასში იმას, რაც დავტოვე ტექსტის მიღმა:
ტკივილის აღწერას, სექსს, გულგრილობას,
რომელსაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ იჩენენ?
არა, ესენი სხვა წიგნებშიც უნდა მქონდეს. ამ ლექსის მიღმა
მე დაგიტოვე მხოლოდ ქათმის სენდვიჩები
და შუშის თვალი, რომელიც მიმზერს ბუხრის თაროდან
გაოგნებული, და არასდროს დახამხამდება.
 
 
სადავო ძალაუფლების ხიბლი
 
ძალი და დიდება. თვითნასწავლი მედიკოსები
კანცელარიის პალატებში აღნიშნავენ შიმშილის დღეს. ცენტრალური პარკის გაზონი,
პირველი თოვლის თხელი ფენით დაფარული,
აჯამებს გასულ შემოდგომას და შეაქვს ბოლო ცვლილებები მომავალი გაზაფხულის
დოქტრინაში,
როგორც ვიღაც, ვინც სიარულს ახლიდან სწავლობს
საბედისწერო ტრავმის შემდეგ. თქვენ ხომ გიყვართ ბუნებრივობა:
შარდის წვეთები ცივ ჰაერში, მცირე ორთქლი. მდივანი ქალი
სამუშაო დღის მიწურულს კეტავს კაბინეტს,
რათა ჩამოხსნას საკიდიდან თავისუფლების ქანდაკების სამოსელი
და კოლეგას შეენაცვლოს ცხრის წუთებზე. თქვენ ხომ გიყვართ ბუნებრივობა:
საველე ბითლზი ხმას იბოხებს ვიწრო მისახვევში
და ძაღლი უყეფს რეპროდუქტორს. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, სიყვარულია2.
არჩევნებმა თვალსაჩინოდ დაგვანახა დაშვებული შეცდომების უმნიშვნელობა
უბრალო ხალხის სიყვარულთან შედარებით -
ალილუია. ძალი და დიდება. 
 
მაინც, ყველაფერი რა კარგად დალაგდა. 
დღეს თუ ილოცე, ჩემო გოგონა?
უჩვენე მოძღვარს შენი გული, ჩაახედე შენს ხელჩანთაში.
ნურასდროს დავკმაყოფილდებით მიღწეულით. 
ქარიშხალი ჟანა დ’არკი ეიფელის კოშკს მოათრევს დასავლეთის ნაპირებისკენ,
პრეზიდენტის საგანგებო განცხადება რედაქტირების ბოლო ეტაპზეა
და მე არ ვჩქარობ შარვლის შეკვრას,
ჩემო სიყვარულო.
 
 
სირინგა3
 
ორფეოსს მოწონდა უდარდელი თვითმყოფადობა
ყოველივესი ცისქვეშეთში. ეჭვი არაა, მათი ნაწილი იყო 
ევრიდიკეც. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. კლდეებს
ფშვინა მისი რისხვა. ხევები და გორაკებიც
ვერ უძლებდნენ. ცა კანკალებდა, ჰორიზონტებს შორის
გაკიდული, ცოტაღა აკლდა, შელეოდა მთლიანობას.
მაგრამ ურჩია აპოლონმა: “ყველაფერი დატოვე მიწაზე.
შენი ბარბითიც. რაღად გინდა? რატომ უნდა შეეხო სიმებს,
თუკი არავინ აცეკვდება რამდენიმე გაპუტული ჩიტის გარდა
და ვერც წარსულს გააცოცხლებ”. რატომაც არა.
რათა ქვეყნად ყველაფერი შეიცვალოს.
წლის დროები აღარ არიან იგივენი, რაც იყვნენ დღემდე.
მაგრამ ასეთია საგანთა ბუნება _ ყველაფერი იხილო ერთხელ,
ვიდრე ხდება, ვიდრე ერწყმის დანარჩენ საგნებს, რათა ერთად
გაგრძელდნენ და შეიცვალონ. აი, სად შეცდა ორფეოსი.
გასაგებია, ევრიდიკე შებრუნდა ჩრდილში.
მაგრამ ეს მაინც მოხდებოდა, გინდაც უკან არ მიეხედა.
და რა აზრი აქვს იდგე ასე, ქვის სვეტივით, როცა ბორბალი დაწერილი ისტორიის
მოგორავს განზე, მორყეული, და თვითონვე უძლურია, ახსნას გასაგებად
თუნდაც ყველაზე საგულისხმო ცვლილებები მისივე კურსის.
მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული რჩება ტვინში, და კიდევ რაღაც,
რასაც ცხოვრებას უწოდებენ. ოღონდ სხვები. სწორი სიმღერა,
როცა ნოტები იფრქვევიან ნაცრისფერი შუადღის ჭიდან
და სიკაშკაშით აჭარბებენ მოყვითალო მინდვრის ყვავილებს
ქვის სამტეხლოს მიმდებარედ, უკვე გულისხმობს
საგანთა წონის სხვა სისტემას.
                                    და არ არის საკმარისი
მხოლოდ სიმღერას განაგრძობდე, ამას მიხვდა ორფეოსი
და დიდად აღარ უარობდა, ტკივილების საზღაურად რგებოდა სამოთხე,
როცა დაფლეთდნენ მენადები4, რომლებსაც გონი სანახევროდ დაუბინდა
მისმა მუსიკამ, ანუ იმან, რაც დამართა ამ მუსიკამ. არსებობს აზრი,
რომ ორფეოსი დაისაჯა იმისათვის, რაც დამართა ევრიდიკეს,
მაგრამ მეტად სარწმუნოა, რომ მიზეზი იყო მუსიკა 
და ის, თუ როგორ ვითარდება მელოდია, როგორი სიმბოლატურია
ცხოვრებისა, და როგორი შეუძლებელი - მისგან თუნდაც ერთი ნოტის გამორჩევა
და თქმა, კარგია ის თუ ცუდი. უნდა ელოდო,
ვიდრე თავისით დასრულდება. “დასასრული ყველაფერს შეკრავს”
და იმაზეც მიანიშნებს, რომ “სურათი” არასანდოა,
რადგან, თუმცა წელიწადის დროები და მოგონებები
იკვეთებიან ერთ სურათში, მაინც შეუძლებელია
შეჩერებული წამის დაცვა; გადანახვა. მაინც გარბის, მაინც გისხლტება.
და გვაქვს სურათი მდინარების, დეკორაციის, იმის, რაც არის და მოკვდება,
და მათ ფონზე - აბსტრაქტული მოქმედება, დატანილი მოუხეშავი,
უდიერი მონასმებით. სულ ესაა. მოითხოვო ამაზე მეტი
იგივეა, თავად იქცე დინებისგან გადახრილ ლერწმად
ან წყალქვეშა ბალახებად, რომლებიც თითქოს ცეკვავენო, ისე მისდევენ
ღონიერ ნაკადს. მაგრამ ამით იწურება წარმოდგენაში
შენი როლი. შემდეგ არის ნაცრისფერი დაბალი ზეცა,
სადაც ჯერ ოდნავ ილანდება ელექტრული კრუნჩხვის ნათება,
რათა იფეთქოს ნაღებისფერ, დაცერებულ ნიაღვრებად. ამ დროს ცხენები,
ნახეს რა მხოლოდ მათი წილი სიმართლისა, თავს ირწმუნებენ:
“მე ვარ განსაკუთრებული. არაფერი ამის მსგავსი არ მემუქრება.
თუმცა კი მესმის ჩიტის ენაც, და ქარიშხალში მოყოლილი
ჩირაღდნების ბედისწერაც გამეგება, ყველაფერი დასრულდება მაინც მუსიკით,
როგორც ზაფხულის ქუხილის შემდეგ ამოვარდნილ ქარაშოტში
უადვილდებათ ხეებს რხევა, და ჩრდილების მაქმანები ცახცახებენ სანაპიროზე,
როგორც ახლა, როგორც ყოველდღე”.
 
და როგორი გვიანია ასეთებზე სინანული; არ არის შვება
არც იმაში, რომ ყოველი სინანული, როგორც წესი, გვიანია, ზედმეტად გვიანი!
რაზეც ალბათ ორფეოსი, ლურჯი ღრუბელი თეთრი მაქმანით,
მოგვიგებდა: ეს არც არის სინანული, არამედ არის
ზედმიწევნითი, მეცნიერულად აღნუსხული ჩამონათვალი
უტყუარი ფაქტებისა, გზად ნანახი ქვების აღწერა.
და აღარ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაქრა ყველაფერი
თუ იქ წავიდა, სადაც მუდამ მიილტვოდა. რაც ლექსისათვის
აღარ არის არსებითი. მისი საგანი
ბევრად მნიშვნელოვანია, და არ არის საკმარისი, მხოლოდ უყურო,
როგორ მიითრევს ცეცხლოვან კუდს ავბედითი კომეტის მსგავსად,
რომელსაც მოაქვს ტკივილი და კატასტროფა, მაგრამ ისე იბუგება საკუთარ თავში,
რომ მისი ზრახვა, სულერთია, კარგი თუ ცუდი,
აღარასდროს გამჟღავნდება. მომღერალი თავის მიზნებში,
დიახაც, კონსტრუქციულია. ის აშენებს საგალობელს ლოგიკური თანმიმდევრობით,
როგორც ცათამბჯენს, რათა სწორედ ბოლო წუთში აქციოს ზურგი
და სიმღერა მყისიერად ინთქმება წყვდიადში,
რომელიც, თავის მხრივ, დატბორავს კონტინენტს
სიშავით, თუმცა ვერც შეამჩნევს, რადგან ბრმაა. ხოლო მომღერალი
სასწრაფოდ უნდა მიიმალოს, ვერც მოასწროს შემსუბუქება
სტრიქონების ღვარძლიანი ტვირთისაგან. ვარსკვლავად ქცევა
მხოლოდ მცირეთა ხვედრია და მოდის დიდი დაგვიანებით,
როცა მათი ცხოვრება და ჩანაწერება
უკვე აღარ იძებნება ბიბლიოთეკის საცავებში, მიკრო-ფირებზე.
ცოტა თუ ვინმე გაიხსენებს მათ სახელებს. ისინი წვანან
მიუწვდომელ სიცივეში, ვიდრე გუნდი შემთხვევითი შემადგენლობით
ამღერდება რაღაც სხვაზე, სხვა ამბავზე მსგავსი სახელით
და მონათხრობში ალაგ-ალაგ გაკრთებიან ნაცნობი მარცვლები
იმის, რაც ერთხელ უკვე მოხდა, დიდი ხნის წინათ,
მომცრო ქალაქში, უგრძნობ ზაფხულში.
 
 
ჩემი ეროტიული ორეული
 
ის ამბობს, რომ დღეს მუშაობას არ აპირებს.
მით უკეთესი. აქ, ამ ჩრდილში,
სახლის უკან, სადაც ქუჩის ხმაური ვერ აღწევს,
შეგვიძლია სათითაოდ გადავხედოთ ძველ შეგრძნებებს,
რაღაც დავთმოთ, რაღაც შევინახოთ.
                                            სიტყვებით თამაში
მე და შენ შორის ხდება ბევრად დაძაბული,
რაც უფრო ცოტა გრძნობა რჩება, რომელიც გვაბნევს.
კიდევ ერთი წრე? არა, ბოლოს, როგორც ყოველთვის,
შენ პოულობ ლამაზ სიტყვებს, რათა მიხსნა,
ვიდრე ღამე დაგასწრებდეს. ჩვენ შევაცოცდით
ჩვენს ოცნებებს, როგორც ყინულის ფილებს, და მივცურავთ
ვარსკვლავებიდან ჩამოცვენილ კითხვებსა და ნამსხვრევებს შორის,
რომლებიც აღარ გვაძინებენ, და ჩვენ ვფიქრობთ ოცნებებზე
ახდენისას. რაღაც ხდება. ეს უკვე შენ თქვი.
 
ვთქვი, და შემეძლო სულ არ მეთქვა. მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალე.
დიდი მადლობა, შენ ძალიან კეთილი ხარ.
მადლობა. შენც.
 
 
აქ ხელს მოაწერთ
 
როგორ შემიძლია ვიჯდე ამ ბარში და იმავდროულად ვიყო განდეგილიც?
ჭიანჭველების კოლონია მარშირებს ჩემკენ, მოიზლაზნება
შორეთიდან, სადაც ჩანან პატარები ჭიანჭველებივით.
მათ წინამძღოლს მოაქვს ტოტი, ვერხვივით მაღალი.
ის, როგორც ვხვდები, ჩემთვის არის განკუთვნილი.
რასაც ვერ ამბობს წინამძღოლი, რადგან პირით უჭირავს ვერხვი.
კარგით, ახლა დავივიწყოთ ეს სურათი და ყურადღება მივაპყროთ პარიზს.
ჭიანჭველები სეირნობენ შანზელიზეზე
თოვლში, წყვილ-წყვილად ან სამ-სამად, და საუბარში
ავლენენ ისეთ გულითადობას, რასაც მათგან არვინ ელოდა.
შედარებით მოზრდილები სადაცაა მიატანენ საფრანგეთის ქალაქების
ალეგორიულ ძეგლებამდე (ესენია?) თანხმობის სკვერში.
“გახსოვს, გითხარი, რომ ის იყო მეხთამტყორცნელი,
ახლა კი მოკალათებულა თავის მანსარდაზე
და უკვეთავს მსუყე კერძებს მიმდებარე რესტორიდან,
თითქოს ღმერთს ეთქვას, მოკეტეო”.
“როგორ მაგონებ მადამ დე სტალ ოვერბეკის ადრეულ პორტრეტს -
ცოტათი სერიოზული და ნამძინარები.
დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის შეგიძლია მოხვიდე ჩემთან
და მიამბო, რა გაწუხებს, მთავარია, არ მთხოვო ფული.
დღისით თუ ღამით, ჩემი კარი ღიაა შენთვის,
ღმერთო ჩემო, როგორ მომწონხარ”.
ბარი იყო უჩვეულოდ კომფორტული.
ვფიქრობდი, დავრჩენილიყავი. იყო მაღვიძარაც.
კლიენტებს დროის გამოცნობას სთავაზობდნენ (მაღვიძარა მუდამ ურევდა).
მალე ყველაზე მხიარულმა ბატონებმა წამოიწყეს “მარსელიოზა”
და ერთმანეთს ულოცავდნენ უცნაურობებს, 
მაგალითად, წინდების ფერს, და სვამდნენ ღვინოს საერთო დოქიდან.
“რა ვქნა, მომწონს, როგორც იქცევა,
განსაკუთრებით - აგვისტოში, როცა ზაფხული უკვე მიდის,
შემოდგომა კი ჯერ ძლივს ბჟუტავს მის თვალებში;
პროგნოზირებული ყინვების ქრონიკა”.
“დიახ, მან ერთხელ დააპირა, ეყიდა ყველა შოკოლადი ავტომატიდან,
მაგრამ უეცრად რაღაც მოხდა, და კედლები შემოინგრა (ვინ იფიქრებდა,
თუ მდინარე ასე სწრაფად დიდდებოდა) და ერთმანეთის მიყოლებით წალეკა ხალხი,
ვინც ერთმანეთს, მოფერებით, შინაური ცხოველების სახელებით იხსენიებდა.
“ეს აგნუსია, აქილევსო”. მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე ასწრაფდა,
აღარ ვიცოდი, სად მივქრივართ, ტროტუარი სად მიგვაქანებს”.
 
დილეგში იყო სრული სიმშვიდე.
ისევ “ჟან-კრისტოფს” ვკითხულობდი. ვერ დავამთავრე.
დროა, გახვიდე სინათლეში და მიულოცო
ყველას, ვინც დარჩა ამ ქალაქში. ვინც გადაურჩა
მზის დაბნელებას. მაგრამ მე ვარ მონუსხული მხოლოდ შენით, მუდამ ვიყავი.
ჩადგი სანთელი ჩემ გვირგვინში, მე ვიქნები მარად შენი და მე გაკოცებ. 
 
 
ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა
 
 
---------------------
1  უილიამ ჯეიმსი (1842-1910), ამერიკელი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი.
2  All you need is love - “ბითლზის” სიმღერა
3  სირინგა - ფლეიტის მსგავსი ძველერძნული ინსტრუმენტი.
4  მენადები - “გაშმაგებულნი” (ბერძ.), ღვინისა და თრობის ღვთაების, დიონისეს (ბაკქის), ქურუმი ქალების კრებული, იგივე “ბაკქი ქალები”.  
 
.  
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE