მენსტრუაცია ორმოცი წლის ასაკში


მენსტრუაცია ორმოცი წლის ასაკში




ვფიქრობდი, ბიჭსაც გავაჩენ-მეთქი.

საშვილოსნო ხომ ზარი არ არის,

არც მაღვიძარა, რომ აწკრიალდეს.

მაგრამ ცხოვრების მეთერთმეტე თვეს

მე ვგრძნობ ნოემბერს,

არა მარტოდენ კალენდარზე, სხეულში დამდგარს.

ზეგ არის ჩემი დაბადების დღე

და ამ დროს მუდამ მოსავალი ამძიმებს მიწას.

მე კი სიკვდილზე ვნადირობ ახლა,

ღამით, რომელსაც ჩავციებივარ,

რომელიც მინდა.

ჰოდა, ამოთქვი -

რასაც ამდენ ხანს

საშვილოსნოში იმარხავდი საგულდაგულოდ.

 

ვფიქრობდი, ბიჭსაც გავაჩენ-მეთქი.

შენ, ვინც ვერასდროს ვერ მოგიხელთე,

ვინც ვერ დაგთესე თუ ამოგძირკვე,

ვისი პენისიც ასე მაბნევდა,

შენ, ლერწმის ღეროვ და ლეკვის სუნთქვავ.

ნეტავ, ჩემს თვალებს აირჩევდი თუ მამაშენის?

ნეტავ  დევიდი გერქმეოდა თუ სიუზენი?

(ორი სახელი, სულ თავში რომ მიტრიალებდა)

ნეტავ, შეძლებდი შენც წინაპრებს დამსგავსებოდი:

მიქელანჯელოს გამოთლილი წვივის კუნთებით,

ხელებით იუგოსლავიიდან,

ვიღაცა გლეხის, გაბედული, უტეხი სლავის,

გადარჩენილის, ცხოვრებამ რომ დაასახიჩრა -

და ამ ყველაფერს მაინც შეძლებდი,

თუ სიუზენის თმა და შუბლი გამოგყვებოდა?

 

და სწორედ შენი არყოფნის გამო

მეორე დღეა, სისხლში დავცურავ.

მოვკვდები ასე მოუნათლავი,

მე, ნაბოლარა ქალიშვილი, ზედმეტი ტვირთი,

ალბათ ჩემივე სახელის დღეს მოვა სიკვდილი.

რა არის მაინც ეს სახელის დღე?

მხოლოდ და მხოლოდ მზის ანგელოზი.

ქალო,

შენივე ნაქსოვ ქსელში რომ გაბლანდულხარ,

მჭლევ და ღვარჭნილო,

ობობავ,

ავო მორიელო,

დროზე ჩაძაღლდი!

 

მაჯებს მიმძიმებს ჩემი სიკვდილი,

ზედ კონწიალებს იარლიყივით,

სამაჯურივით მოჟონავს სისხლი

და იფურჩქნება

ერთი მარჯვნივ და მეორეც - მარცხნივ.

როგორი თბილი ოთახია,

სისხლის ალაგი,

თუ შეიძლება, შეღებული დატოვეთ კარი.

 

ორი დღე შენი სიკვდილიდან

არის ორი დღე ჩემს სიკვდილამდე.

 

სიყვარული! ეს წითელი სენი -

ალბათ ყოველ წელს, დევიდ, უფრო გაცელქდებოდი.

დევიდ! სიუზენ! დევიდ! დეივიდ!

ბუთხუზა ურჩო, ღამით კბილებს რომ აკრაჭუნებ,

არასოდეს რომ დამიბერდები.

პარმაღთან უნდა დაგლოდებოდი,

მუდამ, ყოველ წელს,

ჩემო სტაფილოვ, ჩემო კომბოსტოვ,

მე ყველა ქალზე უფრო ადრე მეყვარებოდი,

მე შეგირჩევდი სახელს,

ჩუმად დაგიჩემებდი.

 

ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE