შეკურთხება


შეკურთხება




მამაჩემმა ღამის სამ საათზე დამირეკა, მითხრა, შეყვარებული ვარო, ოღონდ სახელს ვერ გეტყვი, დამცინებო. წამის მეათასედში ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე,  გამახსენდა კაცობრიობის ისტორიაში არსებული ყველა სამარცხვინო, გავიხსენე ყველა ის დონარა, ლამარა და ცინარა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია ჩემი მოკლე ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ პასუხმა სახტად დამტოვა, მამაჩემის ახალ ქალს, არც მეტი, არც ნაკლები, დედაჩემის სახელი ერქვა.

თავიდან ჩემთვის ვიცინე, მერე ტელეფონში მაგრად დავცინე, სულ უჭკუო და სულელი ვეძახე, რაღას შორდებოდი, თუ ისევ დედაჩემი უნდა გეძებნა-მეთქი, მაგრამ აქ იკაცა, შენ რა იცი, შე ასაკნაკლულოო, ჩემი ნანა შენს ნანას არ ჰგავსო, გემრიელ საჭმელებს აკეთებსო, გიტარაზე უკრავსო, ძალიან თბილი და მოსიყვარულეაო, შუაღამემდე არ ფხიზლობს და არც შუადღეს დგება საწოლიდანო, ფეხების გაპარსვაც არ ეზარება და ძალიან თუ გაინტერესებს, უფრო მაგრადაც კვნესისო.

ცოტა კი ვიწყინე, მაგრამ არ შევიმჩნიე.

***

მამაჩემის თქმით, დედაჩემმა სკოლა ფრიადებზე სულ დედამისის წივილ-კივილით დაამთავრა, ინსტიტუტშიც მამამისის ფულებით ჩააბარა, წითელი დიპლომიც  ნაცნობობით იყიდა და მსოფლიოც ოჯახური რელიკვიების გაყიდვით მოიარა, თორემ ვის რად უნდოდა ეგ ფალშივკა ქერა ავსტრიაშიო.

მამაჩემის თქმით, პრუსტიც სულ ნახტომებით და გამოტოვებით აქვს წაკითხული დედაჩემს, გოდარის ფილმებიც მთქნარებით აქვს ნანახი, მუნჯი კინოს აზრზე არ არის და ერთი შეხედვით შეიძლება არ ჩანს, მაგრამ მაგარი სოფლელია.

მამაჩემის თქმით, გათხოვებამდე გაწყვეტილი ჰქონდა წელი საქმისგან, დედამისი სულ იატაკს ალოკინებდა, გათხოვდა თუ არა, გაბლატავდა, აღარც სარეცხს რეცხავდა, დედამთილის როჟებიც ფეხზე ეკიდა და შვილებიც სულ ქმარს დაუყარა. 

მამაჩემი კი მატყუებდა, მაგრამ თუ დავუჯერებთ,  დედაჩემი ქერა არ იყო, თმას იღებავდა,  ძუძუებიც ჩამოწელვოდა, ხელებიც და სახეც დაუსკდა ნაოჭებითო, ერთი ფეხები აქვს ასვეტებული თერთმეტ სექტემბერს აფეთქებული ტყუპებივით, მარა  მაგისი გრძელი ფეხები ვის რა ჩემ ყლედ უნდა, შეულაგოს დედამისს და მამამისს ტრაკშიო.

ძაან თუ გაინტერესებსო, დაქალებისაც მაგრად შეშურდებაო, მე ყველა მაგისი დაქალი მეპადხოდებოდა, მაგ სწერვა ქალმა კიდევ ისე დამაყენა ადვოკატები და ამბები, ხმაც ვეღარ ამოვიღეო.

ერთი ეგაა, ენებს ფლობს კარგად, ვერ დაუკარგავო. აგერ გერმანულიო, იგერ ჩეხურიო, მარა ეგ არაფერი, არ ტყდებოდა კაცი, გველია, გველი კიდევ ყველა ენას ფლობს, იცის, როგორ უნდა დაგესლოს ადამიანებიო.

ადამიანები რა, მე როგორ დამგესლოს, ეგ იცისო.

კაროჩე, დედაშენი კი არისო, მაგრამ მაგას, გეხვეწები, არ დაემსგავსო, თორემ ჩამოვუჯდები ჩვენს მეზობელ მყრალ გივის და ვეტყვი, რომ ამის გაკეთებას, ჯორკო გამეკეთებინა თავის დროზე, მირჩევნია-თქო, რა.

აგერ - მე, აგერ - შენ.

მამაჩემის ბრალდებები იქით იყოს და, ვერც შეედავები, ერთი ეგაა,  მრავალ კომუნალურში ნაცხოვრებ დედაჩემს, ათას მოდგმასთან შეამხანაგებულ ქალს, სტუდენტობაში ქაშუეთის წინ  ფრიალა კაბით ნაქროლს და ოთხმოცდაათიანებში სანთლის შუქზე კარტით და ყავით წვრილ ფულზე მოვაჭრეს, აბა, რომელ სენტიმენტებს და ჩახოხბილების თუხთუხს მოსთხოვდი, იყო ჯიგრულად თავისთვის, კითხულობდა ინასტრანნი ლიტერატურას, დაქალებთან მობლატავე ბებიაჩემისა არ იყოს, და ხანდახან ერთ-ორ ფილმსაც უყურებდა გადაბმულად.

მარა რად გინდა, ვინ დაუფასა თბილისი-ბათუმის მატარებლით ტონობით ნათრევი წიგნი, ვინ დაუფასა სხვადასხვა მხრიდან ჩამოტანილი მაცივრის მაგნიტური მისაკრავები, ვინ დაუფასა, ერთი თუ ორი წითელი დიპლომი. ბებიაჩემმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე სთხოვა დედაჩემს, გადი, გეხვეწები, ოთახიდან, სიკვდილის წინ მაინც დამასვენე და ნუ მიყურებ მაგ მშვიდი და აუღელვებელი სახითო.

ერთი შენი დედაც მოვტყანო, შეუკურთხა დედაჩემმა და განდევნა სახლიდან ავი სულები.

სამ თვეში ბაბუაჩემიც მიჰყვა.

15 წელში - მამაჩემიც.

 

***

ჩვენ მაგარი ბიჭები ვართ. გული გვიჩუყდება სევდიან რუსულ სერიალებზე, წიგნებსაც სათავგადასავლოებს ვკითხულობთ, ბებიებსაც და ბაბუებსაც ვეხმარებით მძიმე პარკების თრევაში, მაგ გველს კი არ ვგავართ, უგულოდ რომ აკეთებს ყველაფერს და ერთ ტკბილ სიტყვას არ დააყოლებს ისედაც უგემურ წვნიანებს. ასე  გვითხრა მამაჩემმა, სანამ ჩემოდანს ჩაალაგებდა: ახლა მე წავალ და დაგტოვებთ ამასთან, მარა იცოდეთ, ერთ დღეს ისევ ჩამოვალ, სამ ბილეთს ავიღებთ კრუიზით და ვიმოგზაურებთ გემით, მოვივლით მსოფლიოში ყველა სანაპიროს და ძალიან ბევრის დალევასაც გასწავლითო, ოღონდაც სიგარეტის მოწევა არ დაიწყოთ უჩემოდო, წვერიც არ გაიპარსოთ, პირველი ბრიტვა მე უნდა დაგისვათ მაგ მამით ხონხრო და დედით დანაწყევარ სახეებზეო.

უჰ, რა ცრემლები ვყარეთ მე და ჩემმა ძმამ, ნეტა იცოდეთ, ვის გაუგია, არა, კაცების ტირილი? მაგრამ ჩვენ მაინც ვტიროდით, არა ისე, როგორც ფილმებში დისტროფიკი ან ინვალიდი კაცები, არა, ნამდვილი კაცებივით ვტიროდით.

 

***

მამაჩემი რომ წავიდა, წუხილი არ დასტყობია სახეზე, არც უტირია, სიგარეტსაც არ მოუკიდა, ერთადერთი, სახლში დაბრუნებულმა კარი მკაცრი სახით მიკეტა, რამდენიმე წამი უაზროდ იდგა კართან, ბოლოს სახელური ჩამოწია, შეამოწმა, ღია ხომ არ იყო, და სავარძელში ჩაეშვა, ფეხები გაშალა, თავი დახარა და ღრმად ამოისუნთქა. აქამდე მსგავს პოზაში მჯდარი არ მენახა.

ჯერ ერთი ფეხსაცმელი გაიძრო და ძირს მიაგდო, მერე - მეორე,  ქურთუკიც შეიხსნა და საზურგეზე გადაკიდა, წინდებისგანაც გაინთავისუფლა ფეხები და მთხოვა, რამე დამეფარებინა.

იმ ღამეს სავარძელში დაიძინა, მოკუნტული იყო და დაუცველი.

არც არაფერი დაგვტყობია დიდად, აქამდეც ჩვეული ვიყავით, მაგრამ ვგრძნობდით, ეს წასვლა სხვა წასვლებს არ ჰგავდა, ახლა სხვანაირად წავიდა, აღარ დაბრუნდებოდა, ორივემ ვიცოდით, მაგრამ მაინც დიდად არ გვინერვიულია. ორი დღე ჩავეშვით ჩვენს სამყაროში მთელი არსებით, წიგნებს მივეცით თავი, ვუყურებდით მოსაწყენ, ევროპულ ფილმებს ცხოვრებაზე და ვხვდებოდით, რომ ჩვენი წილი სასწავლი ცხოვრება უკვე ვისწავლეთ და ვეღარაფერს მოგვცემდა  ეს გაცვეთილი, პრეტენზიული ფილმები.

ვხვდებოდით რა, მე რას მივხვდებოდი?  ხვდებოდა.

ორშაბათს ჩვეულებრივ ცხოვრებასაც შევეფარეთ, დედაჩემი სამსახურს დაუბრუნდა, მე სწავლას. არ ვტყდებოდით, არაფრის დიდებით არ ვლაპარაკობდით ბოლოდროინდელ ცვლილებებზე, არც ერთმანეთს ვანახებდით ჩვენს შიშებს.

ერთი კვირა ვცხოვრობდით ასე, მერე მივხვდით, რომ უცნაურმა სევდებმა თავისთავად წამოჰყო თავი.

ჯერ სააბაზანოში მამაჩემის კბილის ჯაგრისი გვეჩვენა ზედმეტად და მალევე მოვიშორეთ, მეორე დღეს კი სამის მაგივრად ორი ჯაგრისის ხილვამ დიდი სევდა მოგვგვარა, ასე მივხვდით, რომ მამა სხვა სახლში ცხოვრობდა, სხვა სახლში იხეხავდა კბილებს და სხვა სახლში ფიქრობდა ჩემზე, მასზე და ჩვენზე.

მერე სამზარეულოში წყალმა ამოხეთქა, ჩვენზე ყოჩაღი აღმოჩნდა ონკანი და ტირილის და ცრემლების ამოფრქვევის ძალა ეყო, პირსახოცებით მივვარდით ონკანთან, შევეცადეთ, წყლის უწყვეტი ნაკადი შეგვეჩერებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ბოლოს დავნებდით, სველ იატაკზე გავწექით, სიგარეტს სინქრონულად მოვუკიდეთ და მივხვდით, რომ არავინ ითავებდა გაფუჭებული ონკანის გაკეთებას.

თითქოს ეს საკმარისი არ იყო: მამაჩემის წასვლიდან ერთ კვირაში სინათლე გადაგვიჭრეს გადაუხდელობის გამო. აქამდე მამაჩემი აკონტროლებდა კომუნალურების გადასახადებს და ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია მსგავსი უმნიშვნელო თარიღებით თავის შეწუხება, ვისხედით სიბნელეში, ერთმანეთს არ ვუტყდებოდით, არ ვიმჩნევდით უმისობას, სევდის ქალღმერთი, თუ ასეთი არსებობს, გავანაწყენეთ,  წვეთი ცრემლი არ დაღვრილა სამოთახიან ბინაში.

შუქი მოვიდა, ონკანიც გავაკეთეთ, მაგრამ დედაჩემის უმეტყველო  სახეს,  აკანკალებულ ხელებს და მწუხარებას ვერაფერი ვუშველე.

მე კი ვიცი, რომ დედაჩემი სოფლელი არ არის, არც პრუსტი წაუკითხავს ნახტომებით, არც დიპლომები აქვს ნაყიდი, მაგრამ არასოდეს ვეწინააღმდეგები მამაჩემს.

ვიცი, ერთ დღეს დედაჩემიც იტყვის ერთ ან ორ ავ და უგვან სიტყვას ყოფილ ქმარზე.

სრულიად სამართლიანად.

ერთი-ორჯერ იხავლებს, დედის ტრაკსაც მიაგინებს, დედაბუდიანად დაწყევლის და დაუბრუნდება შამანობას.

თქვენ არ იცით, როგორ მინდა, ერთხელ კიდევ შეუკურთხოს, ერთხელ კიდევ აიმყრალოს პირი, ერთხელ კიდევ მიაფურთხოს კედელს და ავი სულივით გამდევნოს თავისი ცხოვრებიდან, სამოთახიანი დაბალჭერიანი ბინიდან,  პერსონაჟების გარეშე დარჩენილი რომანიდან.

განდევნოს უკეთეს მხარეს, სადაც გოგოები და ბიჭები ახალ მიწებს ეძებენ, სადაც ქაშუეთის ტაძრის წინ ისევ დააფრიალებენ კაბებს  პირში სიგარეტგაჩრილი გოგოები, სადაც ქერა, ხუჭუჭა ბიჭები კულულებს წინიდან უკან და მარცხნიდან მარჯვნივ იყრიან.

ოოო, თქვენ არ იცით, როგორ მინდა, მთვარიანი ღამე დამეწიოს ბორჯომის მიკარგულ ტყეში, როგორ მინდა, აფრებაშლილ გემზე მეზღვაურების დათვლა და სახელების შერქმევა დავიწყო, როგორ მინდა, სანაპიროზე უზარმაზარი კოცონო დავანთო და ზედ გადავახტე სხვა გოგო-ბიჭებთან ერთად, როგორ მინდა, უცხო ქალაქების კაფეებს შევაფარო თავი,  როგორ მინდა, ორღანს მოვუსმინო კათოლიკურ ტაძარში.

ნეტა იცოდეთ.

ოღონდაც  შეუკურთხებდეს ერთ დღეს.

ოღონდაც ის ახვარი კაცი დაბრუნდებოდეს.

ოღონდაც გამიშვებდეს.

შორს, ძალიან შორს, ზღვების და მთების იქით, სულ სხვა მხარეში, სულ სხვა ამბავში, სულ სხვა კარტებით.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE