დედა მოკვდა


დედა მოკვდა




ძმები
 
Nickname:  გიო
Password: გუგუშა 88
Nickname:  ვატო
Password: გუგუშა 86
გიო: მამა როგორ არი?
ვატო: არი რა, ნერვიულობს შენზე.
გიო: რა ანერვიულებს? ხო იცის, ვიტყუები... აუხსენი. 
ვატო: ავუხსენი.
გიო: ხვალ საბოლოო გასაუბრებაზე გავდივარ, თუ დავამტკიცე, რომ მართლა და რამე... ლტოლვილის სტატუსს მომცემენ, მუშაობის უფლებას და დახმარებას, მაგრა ვნერვიულობ... როგორი დასამტკიცებელია აქ ეგ ამბავი.
ვატო: და როგორ უნდა დაამტკიცო? ბიჭო, რამე სისულელეში არ ამოყო თავი...
გიო: რავი, ვეცდები... მანდ რა ხდება? 
ვატო: არაფერი ისეთი, ამან სოფლის სახლის აღდგენა აიხირა, საგვარეულოაო, უნდა მოვასწრო, სანამ რამეო... თან ბომბი, თუ რაღაც მოხვედრია და... ჩამწვარია ცოტა... გული მიჩერდება, ისე ამბობს. განსაკუთრებული მასალით ყოფილა აშენებული, ოსეთის ტყეებიდან ჩამოჰქონდა პაპაჩემსო, ვერ ვაჯერებ, რო შესვლა არ შეიძლება, არაფერი ესმის... არც საოკუპაციო ზონა...… არც სროლები... ვერ ვეწინააღმდეგები, მეცოდება. რო მივალთ და არ შეგვიშვებენ, ხო მიხვდება...
გიო: მოიცა, მანდაც მოაწვდინეს? ეგრე ახლო არიან უკვე? ჰო, ვიცი ეგ მასალა... ხო არ გაგიჟდი, ვინ შეგიშვებთ, სულ სამხედროები არ დგანან მანდ?
ვატო: ვიცი, მარა ნაცნობები მყავს.  კონტრაბანდისტებს ვიცნობ ბევრს, ოსებს, ჩვენებს, ფულის ამბავია. რუსებს კიდე პატარა ქრთამი და... ამას მანდეთ უმუშავია ჩვენ ბავშვობაში, ხვალ უნდა წავიდეთ. მე წავალ-მეთქი, ვუთხარი და დამცინა, ჯერ მარტო არ გაგიშვებო და მერე, შენ რისი მშოვნელი ხარ და გამომცნობი, შენ მარტო ღვინის ცნობა იცი, მე უნდა ვნახოო, - დამცინის, ამხელა სომელიე კაცს. 
გიო: და სხვა მასალა არაო?.. არ წავაოოო?.. რამე რო მოიტანო და უთხრა, რო...
ვატო: არაო სხვა არაო... მაგ დარდს ნუ გამაყოლებო... რა სხვა მოვიტანო - ამას მოატყუებ? 
გიო: როდის გადიხართ?
ვატო: დილით ადრე, ალბათ. შორია და ცუდი გზებია. შენ როდის შედიხარ კომისიაზე თუ რაღაც, რა ქვია. 
გიო: აქაური დროით თერთმეტზე, თქვენ ჩასულები იქნებით უკვე... ბიჭო, და ჩემზე როგორ გაიგო?
ვატო: არ ვიცი, არ ამბობს, მაგრა ნერვიულობს, ეს რამ მოაფიქრებინაო. მართალი ხო არ არის, ბიჭო? Aარა, კი არაფერი, მარაა... სხვანაირად გიცნობ და...
გიო: ნუ გეღიმება ეგრე... მიდი რა! შენ რაღა განერვიულებს, ვინ არ ყოფილა, რა პრობლემაა. ძმა ვარ და ამიტან...…ისე, აქ როგორ კიდიათ რო იცოდე ეს ყველაფერი... შენი ამბები როგორ არის, გემოს არ უჩივი? 
ვატო: ერთი თვის წინ ახალი ჯიში აღმოვაჩინე, იმას ვუზივარ... ჩამო, დაგალევინებ, გაგიჟდები ისეთია.
გიო: მიდი, მიდი, დამცინე... ხვალ გექნება იქ ინტერნეტი?
ვატო: თუკი დაიჭირა, მექნება.…
გიო: მეკონტაქტე რა, მაინტერესებს ყველაფერი.  მაგას უთხარი, ნუ ნერვიულობს, უფლებას ავიღებ და მერე დავითესები. თუ არ მომინდა, არავინ მიხმარებს ძალით. 
ვატო: რომ ვერ დაითესო, ბიჭო? რო მოგთხოვონ დამ¬ტკიცება, ხარ წამსვლელი?
გიო: იიი, რა მაგრა ხუმროობ... დამტკიცება არა ის, მთელი მსოფლიო ეგრეა ჩამოსული.
ვატო: რავი...
გიო: ბიჭო, თუ რამეა, მამაც დაიკიდე რა და ის მასალაც და ეგრევე დაახვიეთ უკან, რამე არ დაგემართოთ... ბიჭოო...
ვატო: ხოო...
გიო: მენატრები ეეე, მაგრა... რას გაჩუმდი? 
ვატო: რავი... მაინც მგონია, რომ არ უნდა წასულიყავი.
გიო: აბა, ჩავმჯდარიყავი ათი წელი, ეე! ათ წელს მაძლევ¬დნენ. 
ვატო: ნუ აიღებდი შენც თავზე, გმირი ხარ, ხო? 
გიო: რატომ მიშლი ნერვებს, შვიდი თვის ფეხმძიმეა, ეე! ციხეში გაჩენილიყო ბავშვი?..
ვატო: ჰოდა, იყავი ეხლა მანდ და უქნიე ტრაკი. 
გიო: ჩემი შვილი ჩნდება, ეეე... ეგეთი ნაძირალა ძმა რო ეყოლებოდა, როგორ წარმოვიდგენდი... ფეხმძიმე ქალს რო ძმა წამალს ჩაუდებს, ოღონდ თავი გადაირჩინოს, - არ გაჩხრიკავენო... რისი მკადრებელია, ხვდები? Aუუ, შუბლს გაუხვრეტავ, როცა იქნება. 
ვატო: მერე შენი შვილი ჩნდება და დედამისმა თავის ნარკომანი ძმის მაგივრად რო ჩაგაბარა და ხმას არ იღებს, კაია?.. ან რად გინდა ეგეთი ცოლი?
გიო: ცოლი კი არ ჩნდება, შვილი ჩნდება... და გეხვეწები, შენ მაინც ნუ მელაპარაკები ეგრე. 
ვატო: ბიჭო, იქნებ მისცეს ჩვენება...
გიო: და რო არ მისცეს, ჩავჯდე?
ვატო: Kკაი, ჰოო...
გიო: საფლავი გააკეთეთ? ყველაზე მეტად მაგას ვნანობ, რო არ ვიყავი და ვეღარ ვნახავ, სიზმარში მოდის და ხმას არ იღებს, ეგრე თავზე მადგას და ჩუმად არი. 
ვატო: გუშინწინ მოვრჩით. მერე სოფელშივე დავრჩით, სახლში ავედით, - ძაან მოიშალა, ძველია ძაან - ჩამონგრეულ კოჭებს და დამპალ მოაჯირს რომ უყურებდა, უცებ ატირდა. გული კინაღამ გამისკდა. იდგა, ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, იღიმოდა, ეს საგვარეულო სახლი რო ინგრევა, მეც ამასთან ერთად ვკვდებიო, უყურებდა და ცრემლები მოსდიოდა... ჯერ მეგონა, ტკივილები დაეწყო, მერე მითხრა, ესეთი დანგრეული ეს სახლი არ გამაყოლო საფლავში, აღვადგინოთო...
გიო: აუ, შენც რას უძლებ! მაპატიე. 
ვატო: რა უნდა გაპატიო, დაწყნარდი.
გიო: რას გაჩუმდი? 
ვატო: იქნებ ჩამოხვიდე და აქ რამე მოვიფიქროთ. თუ მოინდომეს, მანდ ვერ მოგაგნებენ?
გიო: ეეე, მერამდენედ უნდა მითხრა? აქ ეს დამიცავს, ბიჭო, თუ სტატუსი მივიღე, ვერავინ მომეკარება... აბა, გიჟი გგონივარ?... სხვამ, ვინმემ იცის, რა ამბით  ვარ წამოსული?
ვატო: არა, ხო არ გაგიჟდი?
გიო: აბა, მაგას ვინ უთხრა, საიდან გაიგო?
ვატო: აზრზე არ ვარ, თუ გავიგე, დავახრჩობ.
გიო: კაი, წავედი ახლა მე და დილას დაგიკაკუნებ. არ გათიშო და შემოდი. 
ვატო: კაი. 
 
 
მამა
 
- იმას ელაპარაკები? – იკითხა მამამ.
- ჰო, - ხმა ჩაეხლიჩა ვატოს.
- რაო? 
- არაფერი. ხო არ დაელაპარაკები?
- არა. 
- არ გამოუვა ეგ ამბავი და ჩამოვა.
- როგორ ჩამოვა?
- ჩამოვა და აქ რამეს ვიზამთ. 
- უუჰ, რო არ მისცეს იმან ჩვენება?
- მისცემს, ნუ ნერვიულობ... ალბათ მისცემს.
- როგორ გაწირა შვილის მამა... თან, ძმაც ვერ გაიმეტა, ეტყობა...
- დედამაც გაიგიჟა თავი, არ მოიყვანოს ცოლად, არ მოიყვანოს... მაგის ღირსი არ არის, ნარკომანი ძმა... ესა, ისა... ჰოდა, იმანაც ძმა ამჯობინა.
- აბა, ბიჭო, სულ დედამისის ჭკუაზე დადიოდა... ნუ დააბრალებ ეხლა იმ მკვდარ ქალს ყველაფერს, - მამას ხველა აუტყდა.
- კაი, დამშვიდდი, არავის ბრალი არ არი...
“ნეტა ყველა ქვეყნაში ესე ღელავენ დედები შვილებზე და ესე უჯერებენ შვილები დედებს?” - გაიფიქრა ვატომ, მაგრამ აღარ უთქვამს.
- ბედნიერი დედაშენი, ამ ამბებს რო ვერ ხედავს. როგორ დამასწრო, ეე!
- კაი ეხლა, მე რაღას მერჩი!
- შენ რას გერჩი?
- ის იქით გაჭედილი, რაღაც სისულელეში, დედაჩემის ამბავი, შენ ესე!
- მაპატიე, ყველა შენ აგეკიდეთ.
- კაი, რა უნდა გაპატიო, ნუ ინერვიულებ და ეგ არი.
- ხვალ რომელზე გავდივართ?
- დილას ადრე... გამაღვიძებ?
- გაგაღვიძებ, მანქანა ხო გააკეთებინე?
- კი.
- ფული კარგად დამალე, იქ ცოტა მძიმე ხალხია... ვიღაცებს კი ვიცნობდი, თუ გამიხსენეს. მთავარია, შიგნით შევიდეთ, რუსი სალდათების ამბავი უფრო ადვილად მოგვარდება, რო იცოდე... მთავარია, იქ ვინმემ მიცნოს... ოღონდ ისე არ მომკლა, ეგ სახლი გაუკეთებელი დამრჩეს და... და ის ბიჭი სამშვიდობოზე. 
- ჩამოვიტანთ თუ არა, ორ-სამ დღეში მუშებს ვეტყვით, ფულის საქმე არ არის? ყველაფერი კარგად იქნება.
- და ისა... ბიჭოო, იარაღის წამოღება არ გაბედო, გაიგეე?! 
- ჰოოო...
- მამა, შვილო... გაიგე რა გითხარი? 
 
 
სახლი
 
სახლი სოფლის განაპირას იდგა, ტყის პირას. Dდიდი და ძველი, თითქმის ასოცი წლის. იმ დროს მარტო შეძლებული ოჯახები აშენებდნენ ასეთ სახლებს. მამაჩემის პაპაც შეძლებული ოჯახიდან იყო. გლეხი, მაგრამ შეძლებული. მამაჩემი სიამაყით ჰყვებოდა, ერის მამამ, ილი¬ამო, პაპაჩემს ფული მისცა სოფლის სკოლის ასაშენებლად, - “წახვალ კნიაზ მაჩაბლების მთებში ჩემი სახელით, საუკეთესო ხის მასალას გამოგატანენ და სკოლას გამართავთ სოფელშიო”. წერილიც გაუტანებია მაჩაბლებთან, “ცოტა უბრათ კი ვარ მაგათთან,  მაგრამ ამ საქმეზე დაგვეხმარებაო, მოასწარი, სანამ ტიფლისში წამოვაო” - უთქვამს ილიას. პაპაჩემმა, კიდეო, ხის მასალა ჩამოიტანაო, ილიას ფული უკან დაუბრუნა და სკოლაც უფასოდ ააშენაო. თვითონ მეტყევე ყოფილა და გაადვილებია ეს საქმე. აბა, დიდ ილიას ჩემი შვილების სწავლაში ფულს როგორ გამოვართმევდიო. ფოტოც ყოფილა, აქეთ-იქით ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა მდგარან და შუაში მამაჩემის პაპა ჩაუყე¬ნებიათ, დაბალი, ჩასკვნილი კაცი, კოპწიად გამოწყობილი - ჩოხაში. მერე პირველი უბედურება დამართნია: მეექვსე შვილი აკვანში დაღუპვია, ვერ მიმხვდარან, როგორ. მორიგი ხე-ტყე ჩამოუზიდიათ, მდინარით მოჰქონდათ თურმე ტივებად შეკრული. თვითონ ცხენებით მოჰყვებოდნენ, მდინარის პირას ნასიარულები პირდაპირ სახლში მისულა, ოჯახს მო-ნატრებული. ნაბოლარას მოჰფერებია, იმას კიდევ წამოუკივლია და გათავებულა. `მდინარის ალი~ შემოჰყვა, ეტყობა და ის დაეცა ბავშვსო. ძლივს გადაუტანია ეს ამბავი. 
   1921-ში ბოლშევიკები რომ მოვიდნენ, “გააკულაკეს”. დახვრეტას ძლივს გადაურჩა. ცოტა ხანში ხუთი გოგოდან ერთი, ქალაქში, ვიღაცას გადაჰკიდებია, გოგო დაფეხმძიმებულა, ის კაცი კი გამქრალა. ამ ამბისთვის ვეღარ გაუძლია და მომკვდარა.
   
   სიკვდილამდე სამი წლით ადრე, სამაჩაბლოს მთებიდან თავისთვისაც ჩამოუტანია ზუსტად ისეთი მასალა, რითაც სკოლა ააშენა და ლამაზი სახლი აუშენებია. მამაჩემის ნათლიას უდურგლია, ბარემ მირონის მადლი შეგვეწევაო.
დღესაც რომ შეხედავ, ისეთი სახლია, ცქერით ვერ გაძღები: ტყეში ჩადგმული, გაზაფხულზე ყვავილებში ჩაკარგული, შემოდგომას ოქროში ჩასმული, ზაფხულში - სიმწვანეში, ზამთარში - თოვლის სითეთრეში ჩაფუთნული. მაგრამ დროს ხომ ყოველთვის თავისი მიაქვს - ჩამოლეწა და ჩამოალპო. ზამთარ-ზაფხულ, დღისით და ღამით გარშემო იცვლება ხმები - ხან ჭრიჭინები ჭრიჭინებენ, ღამით სადღაც ჭოტიც წამოიკივლებს, ზამთარში მგლის ყმუილსაც გაიგებს კაცი, - დილას მამალი ყივის, ფხიზელი ძაღლებიც კი ჩუმდებიან ხანდახან. მუდმივი მხოლოდ ხის ჭიების წრიპინია, წრიპინებენ და წრიპინებენ, - წვრილად ფხვნიან სახლის საყრდენებს. 
ერთ ადგილას სახურავი ჩალეწილი იყო და ნახანძრალიც ეტყობოდა. 
მამამ აიხირა, იქ არის ჩვენი საბოლოო ადგილიო, იქ უნდა დავიკრძალოთ, რომ თქვენც არ დაგავიწყდეთ და არ მიატოვოთო, ამხელა მიწა და სახლი გვაქვს, აბა, წარმოიდგინეთ, მთელ დედამიწაზე თქვენი პატარა სახელმწიფო გაქვთო. ქალაქი კიდე არაფერია, მილიონ სახლში ათი ამდენი ადამიანი ერთმანეთში ირევა და ყველა ერთმანეთს ჰგავსო, ვისი რა არის, ვერ გაარკვევო. 
   
   დედა სოფელში დავკრძალეთ. 
ხალხი გავისტუმრეთ და პატარა სუფრა გავშალეთ ძველი სახლის ეზოში. მამა ჩუმად იჯდა სუფრის კუთხეში. ახველებდა და არავის რომ არ დაენახა, ისე იმშრალებდა თვალებს.
- როგორ დამასწრო, ეე?! - იძახდა გაოგნებული. ხის ჭიები კი წრიპინებდნენ და წრიპინებდნენ, - და სახლიც როგორ ინგრევა?! რამდენი ხანია, არ მიგვიხედია. - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი მამამ, - თან ეს ომი, ეს ბომბი მაინც არ დასცემოდა?!
შვილმა თავი ჩაღუნა. შერცხვა.
- აბა, - უპასუხა იქაურმა მეზობელმა, - ამ ბოლო დროს ძალიან ახლო მოვიდნენ, თან გახშირდა სროლები, ძლივს ჩავაქრეთ ცეცხლი. იმ დღეს კიდე ხუთ სახლს დაეცა, ერთი ვერც გადავარჩინეთ.
- რამდენი კილომეტრია აქედან მაგათამდე? – იკითხა მამამ.
- ათამდე.
- როგორ მოაწვდინეს?
- ციდან ჩამოყარეს.
- უნდა მივხედოთ, - მიხედა მამამ შვილს, _ ის მასალა უნდა წამოვიღოთ, რითიც აშე¬ნებულია, ოღონდ მე უნდა ავარჩიო.  
   შვილმა გაოცებით შეხედა. 
- რას ამბობ? იმათი ჯარი დგას... თან... ისა... შეძლებ?
- აბა, შენ შეძლებ? ის სადღაც არის წათრეული, შენ ღვინის მეტი არაფერი იცი. ოღონდ უნდა წამიყვანო აუცილებ¬ლად, ისე არ მომკლა, ეგ საქმე არ გამაკეთებინო... სამხედროებს მივხედავთ... იქ მე შევალ მარტო... თუ არადა, მოვბრუნდებით, რაა...
- არა... ან ერთად... ან არ წაგიყვან! - გაცხარდა შვილი,- ჩემი სახლიც არი, მგონი.
 
 
გზა
 
ვატო: როგორ ხარ?
გიო: ვა, დაიჭირა. ხედავ? 
ვატო: კი, მაგარია. რა ხდება მანდ?
გიო: არაფერი, ვუცდი. 
ვატო: ბევრი ხართ რიგში?
გიო: ნერვებს ნუ მიშლი.
ვატო: მე რას გიშლი... შენ იშლი...
გიო: აუ, რა აუტანელია, იცი? ერთ-ორს ვატყობ, ჩემნაირები არიან. ერთი ირანელი უნდა იყოს და ერთიც ალბანელი, მგონი. დანარჩენი... წარმოიდგინე, ერთი თვეა, ამ გარემოში ვარ, გავგიჟდი. არა, კი არაფერს ვერჩი, მარა...
ვატო: ვინ გეხვეწებოდა, მაგათ გთხოვეს, ჩამოდიო თუ რა...
გიო: ეგ როგორ არის?
ვატო: მანქანაში სძინავს, ცოტა ხნით გავჩერდით, ტკივილები დაეწყო, ნემსი გავუკეთე და ჩაეძინა. ცუდი გზებია და მანქანა რომ ჯანჯღარებს, წვალობს. 
გიო: ბოლოს რა თქვეს, რომელი სტადიააო?
ვატო: მეოთხე.
გიო: აუჰ! რაო, რას ამბობენ?
ვატო: არაფერს, ველოდები... ჩამო რა...
გიო: კაი ეხლა, ისედაც გული მაქვს გახეთქვაზე. მგონი მომიწევს. 
ვატო: მანდ რა ხდება?
გიო: რა ხდება და გასაუბრების წინა დღე არ იყო გუშინ? პატა¬რა გამოცდა მომიწყეს, გუშინ ვიღაც ორი ტიპი შემოვიდა ბარაკში, სასმელი მოიტანეს, დავლიოთო და ხელები მიფათურეს, თავის მოკვლა მინდოდა, რაღაც სისულელეები მოვიფიქრე, ვითომ ცუდად ვიყავი და... რამე...
ვატო: მერე დაეთესე, თუ...
გიო: რა თუ?
ვატო: რავი.
გიო: რა რავი, ნერვებს ნუ მიშლი-მეთქი?!
ვატო: მაგას ათი წელი ჯდომა სჯობია.
გიო: აბა, მე მკითხე, რა ჯობია.
ვატო: ეხლა შენ მიშლი ნერვებს.
გიო: ნუ აიშლი.
ვატო: მოიცა, გაიღვიძა, წავედი, წავედი. 
 
 
მამა-შვილი
 
- იმას ელაპარაკებოდი?
- ჰო.
- რაო?
- არაფერი, შენ როგორ ხარ?
- კარგად. წავიდეთ, დაქოქე.
- არ გშია?
- არა... გაწვალებ, ხო? არ უნდა ამეხირებინა, ხო? გინდა, უკან დავბრუნდეთ... ეხლა რო დავფიქრდი, საშიშია მაინც...
- კაი, რეებს ამბობ, ბარემ მისულები ვართ. თუ რამეა, უკან წამოვალთ, რაა... თუ არა, ფული ხო იცი, ჯოჯოხეთს ანათებს, ვიყიდოთ და წავიდეთ. 
- ფული ხო კარგად გაქვს შენახული?
- კი, არ ინერვიულო.
- ოღონდ, იარაღი მე მომეცი.
- არ წამომიღია. 
- მომეცი, კაცო, მომეცი, აბა, მანდ ქვეშ სამზითვო ვეფხისტყაოსანი გაქ ხო შენახული?
- გამომართვი. 
- რატო მოგქონდა?
- რავი. 
- იდოს მანდ... ოღონდ არ გაბედო, ხელი არ ახლო.
- კაი.
- ისე, მართლა უკან ხო არ გავბრუნებულიყავით, ჰაა?! რა უბედური ქვეყანა გვაქ, ეეე?! ყველა თავისას გლიჯავს... ისე, მე იმ ქვეყნის დედა ვატირე, მეზობელს რამის წართმევას რო არ უპირებდეს, მთავარია შენ არ მისცე. ესენი მაგარი აგრესიულები არიან, თავიდან ესე არ იყო, მერე აირია და აირია.
- მოვახერხებთ რამეს, არაფერი მოხდება, ფული ყველას უნდა... 
- კაი.
- შენ დამშვიდდი, მიიძინე და ერთ საათში იქ ვართ. 
მამა გაყუჩდა, სავარძლის საზურგეს მიეყუდა. ღრმად ამოიოხრა და გარეთ დაიწყო ყურება. 
 
 
 გზა
 
გზა იყო ხრიოკი და კლდეში გაჭრილი. ქვემოთ უძალო მდინარე მოწანწკარებდა, ზემოთ თოვლის ნაფლეთები ათეთრებდა კლდის წვერებს, სადღაც ადამიანები გაკრთებოდნენ ხოლმე: თივით დატვირთული ურიკა; ვიღაც ხელს იქნევს - არ იცის, რო მანქანაში მომაკვდავი ზის; ცხვრის ფარა გაიწელა. მანქანას ძაღლი აეკიდა ყეფით. მამას გაეცინა, ახირებულია ჩემსავითო. 
- ეტყობა, რაღაც ისე ვერ ვიცხოვრე, როგორც საჭირო იყო. 
- რატო?
- შენი ძმის გამო, დანგრეული სახლის გამო, ჩემი ავადმყოფობის გამო და დედაშენმაც დამასწრო და მარტო დამტოვა, - ვისჯები ეტყობა. 
- კაი ეხლა. 
- გულახდილად მითხარი, გიოს მართლა არ გაუყიდია?
- შენ თავს გეფიცები. იმ სულელ ქალსაც საკუთარმა მორფინისტმა ძმამ შეტენა, ფეხმძიმეს არ გაჩხრეკავენო... ის ყიდიდა... დავბრიდავ რა, - ჩაიბურდღუნა თავისთვის, - შვიდი თვის ფეხმძიმეა... ამ ჩემმა ძმამ... ოცდაათი წლის კაცმა, არ იცოდა ხო, ქალი როგორ ფეხმძიმდება?.. დეგენერატი.
- ისე, მართლა ხო არ დააჭერინებდა. შვილიშვილი მეყოლება?
- ორ თვეში.
- ვიცოცხლებ? - მამა გაჩუმდა და ფერდზე ხელი დაიდო, სახე მოეჭმუხნა. 
- გტკივა?
- ისე რა... როგორ დამასწრო, როგორ?!
 
 
საზღვრის აქეთა მხარე
 
ტრიალ, ხრიოკ ადგილას ერთი შენობა იდგა, შენობას მავთულხლართები მიუყვებოდა. მავთულხლართები ყველგან იყო, მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ-ქვემოთ. შენობაზე ზანტად ფრიალებდა ჭუჭყიანი, თეთრი, წითელჯვრებიანი დროშა. შენობის წინ, სკამზე, ზამთრის მზეს მიფიცხებული მესაზღვრე იჯდა. 
იქვე სამი მოჯაყჯაყებული სამხედრო მანქანა და შლაგბაუმი. 
ერთადერთი გზა მიდიოდა ამ შლაგბაუმამდე, გადიოდა მის ქვეშ და გაწელილ ხრიოკ ადგილს მიუყვებოდა, მერე კი სადღაც შორს, ტყეში იკარგებოდა. 
გარშემო დაბოდიალებდნენ მაწანწალა ძაღლები. კანტიკუნტად ჩანდა აქედან იქით და იქიდან აქეთ გადამსვლელ-გადმომსვლელი ხალხი. მოძრაობდნენ ძველი მანქანებით, ვირის ურიკებით, ფეხით. ჯიბეების ქექვით შედიოდნენ შენობაში. უკმაყოფილო ბურდღუნით გამოდიოდნენ. ქალები კაპასობდნენ, კაცები ჩუმი გინებით კმაყოფილდებოდნენ.
- შენ ახალგაზრდა ხარ, აგიხირდებიან, მე გადავალ და დაველაპარაკები.
- არა, ამათ მე დაველაპარაკები, ეგონებათ, რო ნარკოტიკებზე მივდივარ და უფრო დამელაპარაკებიან.
- რა სისულელეა, ხო არ გაგიჟდი, ეგღა მაკლდა.
- მომისმინე... მაა... თან გტკივა...
- არ მოგისმენ, მორჩა და აღარც მტკივა, რა გამიწყალე გული...
- მოიცა ერთი წუთი, იმ ჩემ ნაცნობთან მაინც დავრეკავ.
- მიდი.
მობილურზე დიდხანს არავინ პასუხობდა, მესაზღვრემ დათმო ზამთრის მზის სუსტი სითბო და მათ მიუახლოვდა, ხელით ანიშნა, ფანჯარა ჩასწიეთო. მობილურზე უპასუხეს. 
- ალო, გაუმარჯოს... ვატო ვარ, რო გთხოვე... აი, მასალაზე რო გვინდა გადავიდეთ და...
- აქ გაჩერება არ შეიძლება! - ჩასძახა ჯარისკაცმა მანქანაში.
- ვიცით, შვილო, ეხლავე - უპასუხა მამამ.
- აქ ვართ უკვე... მესაზღვრე ბიჭები არიან და... მოიცა, დაგალაპარაკებ.
მესაზღვრემ მობილური გამოართვა. უსმინა, უსმინა, მობილური დააბრუნა და შენობისკენ სირბილით წავიდა.
  მამა მკვირცხლად გადავიდა მანქანიდან, კარი ღონივრად მიაჯახუნა, მობრუნდა, ფანჯარაში შეიხედა.
- მანქანიდან გადმოსული არ დაგინახო, გაიგეე!!
მანქანის ჭუჭყიანი საქარე მინიდან ჩანდა, როგორ გამოიყვანა მესაზღვრემ ოფიცერი და თითი მამისკენ გაიშვირი. მამა ოფიცერს მიადგა, სამხედრო ერთი თავით მაღალი იყო. მამა ქვემოდან ელაპარაკებოდა. სამხედროს ეტყობოდა, რომ საკმაოდ უტიფარი იყო, მამას მხარზე ურტყამდა ხელს. მამამ ხელი  გააწევინა.  ოფიცერს უკმაყოფილება შეეტყო. მხარზე გადაკიდებული ავტომატი წინ გამოსწია.
მანქანის სავარძელს ქვემოთ იარაღის ტარი ძალიან ცივი ეჩვენა, ხელისგული გაუოფლიანდა ვატოს. დაიძაბა. მამას მანქანისკენ მზერა გამოექცა და ოფიცერს ანიშნა, რაღაც მინდა ჩუმად გითხრაო, სამხედრო დაიხარა, მამამ ყურში ჩასჩურჩულა. სამხედრო ნელ-ნელა გაიმართა წელში, მერე გაეღიმა, შეტრიალდა და შენობაში შევიდა. შენობიდან სირბილით გამობრუნდა და მამასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა, მერე ფანჯრიდან თავი გაყო და სამხედრო მანქანებისკენ დაიძახა: - უკან გამოგვყევი. 
მონჯღრეული მანქანებიდან ერთ-ერთი დაიძრა.
 
 
ოფიცერი
 
- ე, ძმაო, რუსებს შეგახვედრებთ, სამშვიდობოებს რა... ვეტყვი, რო სანდოები ხართ და... მერე თქვენ უნდა დაელაპარაკოთ... ისინი გადაგიყვანენ იქით... ერთი ამდენი რუსებს და ერთი ამდენი იმათაც რა...
ოფიცერმა ფული ჯიბეში ჩაიკუჭა. 
 
 
სამშვიდობოები
 
ბლოკებით შემოღობილ კამუფლირებულ პოსტზე ლურჯ-თეთრ-წითელი დიდი დროშა ფრიალებდა.
საქარე მინიდან მოჩანდა, როგორ ელაპარაკებოდნენ მამა და ოფიცერი რუს სამშვიდობოებს, რომელთაც ცისფერი ჩაფხუტები ჩამოეფხატებინათ თავზე.
იარაღის ტარი კიდევ უფრო გაციებულიყო სავარძლის ქვეშ. ქართველი მესაზღვრე თავისი მანქანით უკან წავიდა.
მამა მანქანაში ჩაჯდა. 
- თქვენმა თაობამ რა იცის ამათთან ლაპარაკი! ნახე რას უსრულებ? - გაეცინა და ფერდზე ხელი მიიდო.
- გტკივა? 
- არა, არა... მიხედე შენ საქმეს, - გაეღიმა მამას, - ამას უხეშად არ ელაპარაკო, სალდაფონია, რავი, თავში რა მოუვა.
 
 
რუსი სამშვიდობო
 
და ბლია, ვსიო ბუიტ ნარმალნაა... ხარაშო უსპელი რებიატა, ა ტო ჩერეზ ნესკოლკა დნეი ზდეს ტაკოე ნაჩნიოტსია, სტოლკა ნაშიხ პრიბილა, - დო ხუია, არუჟიე... ბლია, ვაში ტოჟე პიზდიატ, ოსეტინი ტოჟე, ნაპრიაგ... ნე ლიუბიტე ვი ნაას... ბლია... დამოი ხოჩეტსია... ნახუი... ა ტო, მოჟეტ ი ნე დაჟივუ... პრისტრელიატ კაკ საბაკუ, ბლია... ა დომა მოჟეტ მაიუ ტანიუ უჟე ქტოტა დრიუჩიტ  ნახუი... ია პადუმალ ბლია... ვი ნარკამანი, გერაინ... ტაკოე... კრიმინალ. ა ვი სტრაიტელნიი მატერიალ... სტროიშ ჟიზნ ბლია, პრიდიოტ ვაინა, ნაიბიოტ ვსიო ნახუი... ბლია, - უკან რუსი სამშვიდობოების მანქანა მოჰყვებოდათ.
 
 
საზღვრის იქითა მხარე
 
    ყვითლად შეღებილი ვაგონის ფანჯრიდან ღუმელის მილი იყო გამოყოფილი და შავი კვამლით ბოლავდა. ვაგონზე თეთრ-წითელ-ყვითელი დროშა მიეხატათ. 
    ადგილ-ადგილ საღებავი ჩამოქერცლოდა.
ვაგონის წინ ტომრებით სავსე ხელის ურიკა იდგა და ვიღაც შუახნის ქალი ფულს ითვლიდა. 
- ვი სიდიტე ვ მაშინე, - თქვა რუსმა სამშვიდობომ. ფული შუაზე გაყო, მერე თავის წილს კიდევ ერთი კუპიურა დაამატა.
- ხვატიტ იმ... მუდაკი... ნაიბუ ესლი ჩტო...
 
საქარე მინიდან ჩანდა, როგორ ლაპარაკობდნენ რუსი სამშვიდობო და ოსი მესაზღვრე. 
 
 
ქალაქი იყო მრუმე და რუხი
 
ამ ქალაქში  ცოტა და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა. მანქანები - ძველი და მბოლავი. ერთი სკოლა, ერთი რესტორანი, ერთი სასტუმრო. ადგილ-ადგილ გაძუნძგლული სამხედროები, ადგილ-ადგილ მაზუთში ამოთხვრილი მძიმე სამხედრო მანქანები.
ადგილ-ადგილ შენობებზე ომის კვალი.
    ციოდა. 
- ატკუდა? - რუსულად იკითხა სასტუმროს გაუპარსავმა, ჭაღარა პორტიემ.
- თბილისიდან. 
პორტიემ პასუხად თვალები მოჭუტა.
- პა გრუზინსკი ნე პანიმაიუ, - ისევ რუსულად თქვა პორტიემ.
- თბილისიდან-მეთქი. 
- მოიცა, _ გააჩერა მამამ შვილი, - იზ ტბილისი, ადგილები გვინდა.
- ნეტ.
- აკი არ გესმის? - გაღიზიანდა შვილი.
- ფულს დაგიმატებ, - გაუღიმა პორტიეს მამამ.
- სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურე, - გაუღიმა პორტიემ ახალგაზრდას და მამას გასაღები გაუწოდა. მძიმე აქცენტი ჰქონდა, სიტყვებს წელავდა. ორი კბილი აკლდა - ერთი ქვემოთ, ერთი - ზემოთ, - მე შენ გიცნობ, - მიაყოლა უკან მამას, რომელიც ახველებდა და ფილტვებზე ხელს იდებდა. მამა მკვეთრად შემობრუნდა, თვალები მოჭუტა, სახეზე ღიმილმა გადაურბინა და რაღაც თქვა. პორტიეს გაეღიმა. 
- ჩემს სახლში ცხოვრობდი, მშენებელი ხარ, ხო?.. გზები... რაღაცები?
მამას სახე გაებადრა, შვილს შეხედა, ამაყად გაიღიმა.
- მაღიარე!
- გაღიარებ, - გაეღიმა შვილს, – დედას გეფიცები, გაღიარებ, შენ ვინ ყოფილხარ?
- დედას ნუ იფიცებ.
- რატო?
 
 
სკაიპი
 
გიო: რა ქენით, ბიჭო, მოვკვდი ნერვიულობით
ვატო: აუ, გადავირიე, ეს რა ადგილზე ვარ, ჯერ ის უნდა ნახო, საზღვარზე როგორ გადავედით... ფულით ყველაფერს გააკეთებ, ტო... ყველაფერს გაყიდიან, ტო... თან რო გაიგეს რო ნარკოტიკი და წამალი არ გვინდოდა, ჯერ ცოტა დაეჭვდნენ... მარა ფულზე ეგრევე მოეშვნენ... ამან რა იმოძრავა, იცი... გაშტერებული ვუყურებდი...
გიო: ჰოო... მანდედან აიყვანეს ისიც... მანდ მთავარი ნარკოტრასაა...
ვატო: მაგარი საშინელი ქალაქია. ვერავინ გვიტანს, გვაგინებენ, მარა სასტუმროს პორტიემ თუ ადმინისტრატორმა მამა იცნო... ისე, ნამდვილი რეზერვაციაა.
გიო: დღეს რაღაცები მკითხეს. აუ, რეები ვუპასუხე, იცი?! მაგან რო იცოდეს, თავს მოიკლავდა. 
ვატო: მალე ალბათ თვითონ...
გიო: ძალიან სტკივა?
ვატო: არა, ვუკეთებ და... დედაზე დარდობს ძალიან.
გიო:  დაიძინა?
ვატო: კი, სძინავს. 
გიო: რაო, რას ამბობს ჩემზე?
ვატო: არაფერი. აინტერესებდა, მართლა შენ ყიდიდი თუ არა.
გიო:  მერე?
ვატო: ავუხსენი.
გიო: ხო არ ჩამოვიდე?... უუჰ... ათი წელი ბევრია...
ვატო: მოგცემენ მანდ სტატუსს?
გიო: არ ვიცი, ხვალ კიდე რაღაც კომისიაზე უნდა გავიდე. მგონი, სამედიცინო კომისიაა. 
ვატო: სამედიცინო რატომ? აუ, ერთხელ იქნება, ხო ჩამოხვალ და ძაან დაგცინებ.
გიო: კაი რა, ეხლა არა, რა? ისედაც ცუდად ვარ.
ვატო: ჰო კაი, ეხლა დაგინდობ. 
 
 
უცხო ქალაქი
 
ქალაქი იყო დეკორაციასავით ლამაზი, ფერადი, გა¬ნათებული, ხმაურიანი, ბევრი ხალხით, ბევრი, სულ ახალი, ჭრელი და მბზინავი მანქანებით. ბევრი რესტორანი, ბევრი ლამაზი ქალი, ბევრი კაცი, ფერადები და ცხოვრობდნენ თავისუფლად, არავინ არაფერს მალავდა, არავინ ერეოდა სხვის ცხოვრებაში, ყველას თავის ცხოვრება ჰქონდა და ყველა ცოტათი მარტოსული იყო... ყოველ შემთხვევაში გიო ასე ხედავდა.
გიო მესამედ იყო ამ ქალაქში, არაფერი უკვირდა, მაგრამ ახლა ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს. თამაშობდა იმას, რაც არასოდეს ყოფილა, არასოდეს იქნებოდა და ვერც ახლა იქნება, მაგრამ ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა. ძმის რცხვენოდა ყველაზე მეტად. ის პატარა, სულელი გოგო ძალიან უყვარდა... იმდენად უყვარდა, რომ კინაღამ აპატია, მაგრამ მაინც სწყდებოდა გული. ვითომ სამაგიერო გადამიხადა?! მომეყვანა რა ცოლად, რას ვუჯერებდი დედაჩემს ამხელა კაცი... ნეტა ყველა ქვეყნაში ესე ღელავენ დედები შვილებზე და ესე უჯერებენ შვილები დედებს? მოკლედ, რაც არის, არის! ან ისე იქნება, ან ესე...  რა სჭირთ ამ ქართველებს, ორი-სამი კაცის ზურგზე გადადის ყველას სიამოვნება.
ამსტერდამი დიდი ქალაქია, ლამაზი და განათებული. 
დაახლოებით ნახევარ საათში გიოს ბედი წყდებოდა - ან რჩებოდა, ან გამოაპანღურებდნენ თბილისში. თბილისში კი ათწლიანი პატიმრობა ელოდა და ქალი, თავისი შვილის დედა, რომელმაც გაწირა... მოიწყინა... აბა, მიდი, გიო!
 
ვატო და მამამისი მანქანაში ისხდნენ და რიხინ-რიხინით მიუყვებოდნენ გზას. უკან სასტუმროს პორტიე იჯდა და ხან ოსურად, ხან რუსულად, ხან ქართულად ბევრს ლაპარაკობდა. სულ იმას ამბობდა, როგორი ძმობა და მეგობრობა აქვს უბრალო ხალხს, რომ პოლიტიკოსები არიან ყველაფერში დამნაშავენი. დროდადრო ფულს ითვლიდა, კმაყოფილი იყო და ხან როგორ ინაწილებდა ჯიბეებში და ხან როგორ. ვატოსა და მამამისს კი ის ხის მასალა უნდა ეშოვათ აუცილებლად, პაპის პაპამ რომ ჩაიტანა ასოცი წლის წინ ამ ადგილებიდან. 
 
 
დეპორტი
 
გაშიშვლებული გიო ლტოლვილთა სამედიცინო კომისიის ოთახში დარცხვენილი და დამცირებული იდგა კომისიის წინაშე. ექიმ-ექპერტმა ხელებიდან რეზინის სამედიცინო ხელთათმანი მოიშორა, სანაგვეში ჩააგდო და კომპიუტერში ტექსტის აკრეფა დაიწყო. ნახულობდა სხვადასხვა ფურცლებს, ყურადღებით კითხულობდა, ამოწმებდა, გიოს დროდადრო გახედავდა და უღიმოდა. 
იდგა და ელოდა დამცირებული გიო საბოლოო დასკვნას, თავისი თავის გარდა არავისთან ჰქონდა პრეტენზია. არავის უხვეწნია, მოდი აქ და გაშიშვლდიო. ექიმმა მძიმედ დაჰკრა ბეჭედი დასკვნის ფურცელს და ასლი გიოს მიაწოდა, სადაც შავით თეთრზე ეწერა რომ, ესა და ეს პიროვნება, ამა და ამ ქვეყნის, ამა და ამ ქალაქიდან, სქესით მამაკაცი,  არც ფსიქოლოგიური დაკვირვების შედეგად და არც ფიზიოლოგიური კვლევებით არ ავლენს ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს. იგი წარმოადგენს ორდინალურ ჰეტეროსექსუალს. ამასთინ, არცერთი ფაქტითა და გამოთხოვილი დოკუმენტაციით არ დასტურდება, რომ მოცემული პიროვნება სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე განიცდიდა რაიმე ჩაგვრას საკუთარ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაცია: მოცემული პიროვნება, სავარაუდოდ, თავის ქვეყანაში სამართლდამცავების მიერ იძებნება ნარკორეალიზაციის ბრალდებით. რეკომენდაცია ეძლევა საემიგრაციო სამსახურს, რომ ამ მოტივით მოცემულ პიროვნებას არ შეიძლება მიეცეს თავშესაფარი. 
 
ვატო და მამამისი სასტუმროს პორტიესთან ერთად დანგრეულ გზაზე მიქროდნენ. 
- მტკივა, - იძახდა მამა. 
- გინდა გავჩერდეთ? - პასუხობდა შვილი.
- არა, - ბრაზობდა მამა. 
 
სამხერხაოში დიდი დაზგა ღმუოდა. მამა-შვილი შორიდან შესცქეროდა დურგალს, რომელიც ბურბუშელის მტვერში გახვეულიყო. ის პერიოდულად ჩერდებოდა და ხის მორს გვერდს უცვლიდა. დურგალმა მანქანა შეამჩნია, ცოტა ხანი უყურა და საქმე გააგრძელა. 
- აგე, ის მასალაა, - მიუთითა მამამ სამხერხაოს გვერდზე დალაგებულ ფიცრების უშველებელ დასტაზე ვატოს, - ეგ ერთი ათი იქნება, ჩვენ სამი კუბამეტრი გვინდა. 
ვატომ მანქანიდან გადასვლა დააპირა.  მამა დურგალს დააკვირდა, კარი გააღო, თავი გაყო და ისე შეხედა, გაეღიმა. 
- რა ხდება, მაგასაც ხო არ იცნობ?
- კი, …მიდი დაელაპარაკე, რო მიცნოს, ფულს აღარ გამოგვართმევს და სირცხვილია... ჰა, როგორი ვარ? - გაეცინა მამას.
- მაგარი, - გაეცინა ვატოსაც, - საიდან იცნობ?
- მიდი, მიდი, მერე მოგიყვები...…არ უთხრა, რომ ვიცნობ... ფულს რო მისცემ, მერე ვეტყვი.
ვატო დურგალთან მივიდა. მამა ღიმილით გასცქეროდა.
- საიდან იცნობ? - იკითხა პორტიემ, მამამ არ უპასუხა.
 
ვატო დურგალს ესაუბრებოდა, დროდადრო მანქანისკენ იხედებოდა, დურგალმაც გამოიხედა ერთი-ორჯერ. ეტყობოდა, რომ დაძაბულად საუბრობდნენ, ვატო რაღაცას უმტკიცებდა, დურგალი კი უარის ნიშნად  თავს იქნევდა. ვატოს ნერვიულობა შეეტყო, გაჩუმდა, დაფიქრდა, წარბებს ქვემოდან ხან მამისკენ იცქირებოდა, ხან დურგლისკენ,  ვეღარ ხვდებოდა, რა ექნა. დურგალი მუშაობას აგრძელებდა, ისე იქცეოდა თითქოს მარტო იყო, ხანდახან დამცინავად გახედავდა ხოლმე ვატოს.
- არ აძლევს, - თქვა პორტიემ.
- მისცემს. 
მამამ მანქანის კარი გააღო, გადასვლა დააპირა.
- თუ არ უნდა, რა უნდა ქნა?
- თავს გავახსენებ.
- გაახსენდება?
- გაახსენდება... ეგ რო არ გაახსენდეს... - თითქოს თავის თავს ჰკითხა.
მამა ვატოსთან და დურგალთან მივიდა. დურგალი დამცინავ იერს არ იშორებდა გარუჯულ-გაუპარსავი სახიდან, რომელზეც ნახერხი ფერფლად ჰქონდა დაყრილი და ცხვირ-პირს უთეთრებდა. მამამ ვატოს ყურში რაღაც უჩურჩულა, ვატო ორი-სამი ნაბიჯით გამოერიდა, ყურადღება დაძაბა. 
მამამ თავი ახლო მიუტანა სახესთან დურგალს. დურგალმა იცნო. დაიძაბა, მაგრამ ცდილობდა, არაფერი შემჩნეოდა. სახეზე დამცინავი გულგრილობა და უპატივცემულობა აიტყეპა.
- არ მოგვცემ მასალას?
დურგალმა თავი გააქნია უარის ნიშნად.
- ხო მიცანი?
გაღიზიანებულმა  დურგალმა ხელი აიქნია.
- ეტყობა, რო მიცანი... იცი, რო არ წავალ ისე, კარგად გადავიხდი.
დურგალმა ზურგი შეაქცია მამას, ჩარხი გამორთო. მამა მხარში ჩაებღაუჭა და შემოაბრუნა. ვატომ ნაბიჯი გადადგა წინ. დურგალი დაიხარა და ნაჯახს წამოავლო ხელი. 
მამა წყნარად წავიდა მანქანისკენ, სავარძლის ქვეშ ხელი შეყო. სულ ოდნავ ღელავდა.
პორტიე შეშინებული შესცქეროდა მამა-შვილს. მამამ იარაღი გადატენა, პორტიე  წინ გადაუდგა:
- არ გინდა გენაცვალე, რაა?! - იკივლა. 
მამამ ხელი ჰკრა პორტიეს, ვატო მიხვდა, რომ აუცილებლად მოკლავდა დურგალს, დურგალი გაშრა და მიხვდა, რომ აუცილებლად ესროდნენ. იარაღის ლულის სიცივემ შუბლი რკალად დაუწვა. უნიათოდ გაიღიმა. 
- ვერ მიცანი, არა? როგორც გადაგარჩინე, ეგრევე გაგასხმეინებ ტვინს... ფულს გიხდი, ისე ხო არ მიმაქ, შე ნაბიჭვარო! - კბილებში გამოსცრა მამამ.
 
 
უკან დასაბრუნებელი გზა
 
ვატო: აქ თუ დაიჭერდა, არ მეგონა.
გიო: გამადეპორტეს, იცი?
ვატო: რა, მოდიხარ?
გიო: კი.
ვატო: ვაჰჰ... არ ინერვიულო, ადვოკატები, რამე, ყველაფერს ვიზამთ, არ ინერვიულო... ეგრე ხო არ არი, ვიღაც ნარკომანს ხო არ შეგწირავთ... რა უნდა ვქნა, ვააჰჰ...…აუუჰჰ?!
გიო: კაი, რა დღეში ხარ?
ვატო: რა დღეში ვარ?
გიო: გადაირიე ნერვიულობით.
ვატო: ნეტა რატო?.. როდის იქნები აქ?
გიო: რავი, ამ დღეებში, გაგაგებინებ... დამხვდი რა. პოლიცია დამხვდება, დაგინახო უბრალოდ, თორე შენამდე არავინ მომიშვებს. 
ვატო: ეხლა სად ხარ?
გიო: ხუთი წუთი მაქვს კიდე საურთიერთოდ. მამა როგორ არის?
ვატო: კარგად. მოიცა ვნახავ, ვეტყვი, გაუხარდება. გალაპარაკო? 
გიო: მიდი.
ვატო: მამაა!
გიო: მასალა წამოიღეთ?
ვატო: უკან მოგვყვება, მაგარი მასალაა. იცი, რეები ჩაატარა? ეს ვინ ყოფილა?! 
გიო: რა ჩაატარა? 
ვატო: ვიღაც იქაური დურგალი იყო, არ გვაძლევდა მასალას... აი, ეგრე, ელაგა გასაყიდად და არაო... ეს კიდე, თურმე იცნობდა, მაშინ ხო იქ მუშაობდა... ომამდე,  ათი წლის წინ - ის კიდე, ამის სამშენებლო ბრიგადაში ყოფილა ხელოსნად... ომი რო დაწყებულა, იმას იარაღი აუღია იმათ მხარეს, დაუჭერიათ... და ეს თავდებად დადგომია  და დახვრეტას გადაურჩენია. მერე მშენებლობაც შეჩერებულა და ეს წამოსულა... ამან, არ უთხრაო, რო ვიცნობო, - ფულს არ გამოგვართმევსო, მერე ვეტყვიო. იმან კიდე დაიკიდა... და ამას იარაღი ვერ გავაგდებინე, ბოლოს კი ცოტა ცუდად გახდა, მარა...
გიო: კინოს მიყვები, ხო?
ვატო: კინო არა, ის...…
გიო: აუუუ, რა მაგგარია!
ვატო: მოიცა გავაღვიძებ... მამაა... მაა...
გიო: ჰე, დროზე გამთიშავენ, ბიჭო...
ვატო: მოიცა, მამაა... ეეე, მამააა!!!
გიო: ჰეეე! რა ხდება, ბიჭოოო?!?!?
ვატო: მოიცა... მააა!!!
გიო: ბიჭოოო... რა ხდება, ეეე, მააა, ვატოოო!!!
ვატო: მამაა... მამაა... მამა მოკვდა, ბიჭო!
გიო: მამააა!!!!
 
        თბილისი. 2017. 
 
 
ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE