ბაში-აჩუკი ანუ მობი-დიკი (ისტორიული მოთხრობა)


ბაში-აჩუკი ანუ მობი-დიკი (ისტორიული მოთხრობა)




ბაჩუკი წერეთელი სულით ავადმყოფია: dementia praecox,[1] ნაადრევი ჭკუასუსტობა, ბიპოლარული გადახრებით, შიზოფრენიის ფონზე - ასეთი დიაგნოზი დაუსვეს თხუთმეტი წლის ასაკში, და იმის მერეც სულ ეგრეა, აგერ უკვე ოცდაათისაა... არა, ფსიქიატრიულში არასდროს წოლილა, მაგრამ ახლა ციხეშია, თუმცა ზუსტად არ იცის –– რისთვის და, ცხადია, ვერც გაიგებს –– აკი ჭკუასუსტია...  ამბობენ, ფორთოხლიანი კბილის პასტა მოიპარაო, აფთიაქიდან, საჭმელად - უყვარდა იმისი გემო - და მაგიტომაც დაიჭირესო და ორი წელი მიუსაჯესო –– ფორთოხლის გემოიანი კბილის პასტის ქურდობისათვის...

ბაჩუკის სხვა რამეებიც უყვარს –– ცელოფანის პარკები, მანქანაში დასაკიდი არომატიზატორები, ბენზინისა და შარდის სუნი, ასანთის კოლოფები,  შემწვარი კარტოფილი, თხილიანი შოკოლადი,  მოტოციკლეტი, პროკურორი რომეო, იმიტომ რომ ეგეთი სახელი აქვს, ოფიცერი ლადო - იმიტომ რომ ძალიან მაგრად არა სცემს,  კიდევ - წვიმის ხმა უყვარს და ციხეების უფროსი ხათუნა, პუტკუნა ტუჩები რომ აქვს, რომლებიც ესიზმრება ხოლმე, ხასხასა... ჰო, კიდევ, ციხემდე, მეზობლის გოგო უყვარდა - მელანო… წაიბოზებდა ხოლმე ის მელანო, გვარად თევდორაძე იყო... და მაინც, ყველაზე უფრო „ბაშიაჩუკი“ უყვარს - კინო... რა მადლიანად ანათებს, შენი მზე, შენი მთვარეოოოო....

ბაჩუკი ციხის წარმოდგენებში მონაწილეობს –– იქ სამოყვარულო თეატრი აქვთ. ერთ–ერთ წარმოდგენას „ქურდობანა“ ჰქვია და ასეთნაირია: ზურგსუკან წაღებული ხელებით ბაჩუკის გისოსებზე მიაბამენ, თავზე ჰოკეისტის ჩაჩქანი ახურავს, შარვალი ჩახდილი აქვს, ხოლო  და უკანალში ცოცხი აქვს გადებული; ასეთ მდგომარეობაში მას მოეთხოვება ერთი რეპლიკის გამეორება –– „ქურდი ვარ!“ რაზედაც ოფიცერი ლაშა და კონტროლიორი მამუკა რეფრენად ეკითხებიან: „აბა ტრაკში ცოცხი რომ გაქვს?“ ხოლო ბაჩუკი ისევ გაიძახის: „ქურდი ვარ!“ და ა.შ. ეს მიზანსცენა რომ დასრულდება, ბაჩუკი მღერის: „რა მადლიანად ანათებს...“ იმიტომ რომ ბადრაგსაც უყვარს ეს კინო –– „ბაშიაჩუკი“... საზეიმო-პატრიოტული  სიმღერის მერე იმ ცოცხს ბინძურ უნიტაზში ამოავლებენ და ქურდად ნათლავენ ბაჩუკის: „სახელითა ძღრენისათა, ფსელისათა და კუილის სუნისათა!“ - ხოლო ამ სიტყვებს ზურაბა ამბობს, ისიც ტუსაღია...

ბაჩუკი სიგარეტს არ ეწევა; მწეველი რომ ყოფილიყო, მაშინ სხვა როლსაც ათამაშებდნენ, რომელსაც „პირტრაკა“ ჰქვია. როლი მარტივია, მაგრამ მასში დაკავებული ტუსაღი მწეველი უნდა იყოს. ჰო, მარტივი როლია: ტუსაღს ისევ ხელებით აბამენ გისოსებზე, შარვალსა და ტრუსებს ჩაუწევენ და უკანალში ანთებულ სიგარეტს ურჭობენ - ფილტრიანი ბოლოთი; სიგარეტი ბოლავს, ხოლო ტუსაღი ამბობს - „მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის!“ ამის მერე ხელებს გაუხსნიან, სიგარეტს გამოაღებინებენ და პირში ადებინებენ - „ახლა მოწიე, მოწიე!“ იძახის ბადრაგი და ტუსაღიც ეწევა... არსებობს რთული როლები სიგარეტით, მაგრამ მაგას დიდი გაძლება უნდა - „მსახიობისგან“ დიდ ძალისხმევას მოითხოვს; ამ წარმოდგენას ეწოდება „იღლია ჩემი - საფერფლე“ და მასში ხუთი ბადრაგი და ერთი ტუსაღი მონაწილეობს, ხოლო სხვა ტუსაღები „მაყურებლობენ“ (ზონას „მაყურებელი“ რომ ჰყავს - იმ ამბავში). ხუთი ბადრაგი გააკავებს ერთ ტუსაღს, ხელს აუწევენ ისე, რომ იღლია გადაიხსნას და შიგ ანთებულ სიგარეტს აქრობენ... ტუსაღის ღრიალი და დამწვარი ხორცის სუნი „მაყურებლებზე“ განწმენდის - კათარზისის ეფექტს ახდენს, ამასთან ისინი ხმამაღლა იგინებიან, აპროტესტებენ, ხოლო ხმამაღალი ლაპარაკის უფლება მათ არ აქვთ, გინებისა ხომ საერთოდ, ამიტომაც შემოდის დამატებითი ბადრაგი და იწყება „მაყურებლების“ გატარება „კარიდორში,“ შესაბამისი ჩაწიხლვითა და ბეთქვით...

თუმცა ბაჩუკის კიდევ ერთ როლს ათამაშებენ, რომელსაც ჰქვია „სადღეგრძელო“: ციხის უსაფრთხოების თანამშრომელი („დეპენკა“) ბესო შარდავს ჩაის ჭიქაში და მერე ამ შარდით სავსე ჭიქას აწვდიან ბაჩუკის, რომელმაც ვრცელი სადღეგრძელო უნდა თქვას - „დაილოცოს“ - და მერე  „დალიოს ბოლომდე“...  ბაჩუკი ჭკუასუსტია, სულით ავადმყოფი, რა ვრცელი სადღეგრძელოს თქმა მაგას შეუძლია?! მაგრამ ის მაინც იტყვის გაღიმებული: „ქურდებს გაუმარჯოს ამ ღვინით, რომელიც რომ საუკეთესო ღვინოა, იგი უხდება ყველსა და მწვადს და ასევე თონის პურს... გაუმარჯოს ბაშიაჩუკს! მე მიყვარს საქართველო!“ ბადრაგები და ოფიცერი ჭაყია სიცილით იფხრიწებიან, რადგან მათაც - ყველას - უყვარს საქართველო...

და სწორედ ეს სიყვარულია, რომლის ძალითაც ბადრაგი დაიჭერს ხოლმე ბაჩუკის, გააკავებს, შარვალსა და ტრუსებს ჩახდის, წაკუზავს და სწორ ნაწლავში გაპოხილ რეზინის ხელკეტს შეუყოფს: „გესიამოვნა?... თქვი - გესიამოვნა?“ –– ეკითხება კონტროლიორი მამუკა... რა მადლიანად ანათეეებს, შენი მზე შენი მთვარეოოოოოო....

 

***

იმ წელიწადს ისეთი ცივი ზამთარი იყო, რომ შავი ზღვა გაიყინა. ბაჩუკის ჩაესმა სიტყვები, ოფიცერმა ლადომ რომ უთხრა კონტროლიორ მამუკას: „აზზე მოდი, ე, შავი ზღვა გაიყინა, ჩემი...“

ბავშვობაში ზღვა ნანახი ჰქონდა - დედამ წაიყვანა, ზაფხული იყო... წვიმიანი დღე იყო, ზღვა ღელავდა, დიდი თეთრი ტალღები მოდიოდა - ქალის ძუძუებივით ტალღები... ძუძუებიც პირველად იქ ნახა - ზღვაზე,  ვიღაც მსუქან ქალს ბანაობისას გამოუჩნდა: დიდრონი და თანთალა... ბაჩუკის შეეშინდა, სიცივემ დაუარა...

ახლაც ყველაფერი გაიყინა - ზღვასავით… შიშისგან გაიყინა. შიში... ციხის ჰაერი შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ცოტა ჟანგბადი, ბლომად ნახშირორჟანგი, ოფლის, ფეხის, შარდის, განავლის, სიგარეტისა და ბალანდის სუნი და - შიში, რომელსაც თავისი სუნი არ აქვს, მაგრამ ყველა დანარჩენს შეისრუტავს და მერე ერთბაშად მოგაფრქვევს ისე, რომ ვეღარაფერს არჩევ - ვერც სუნს, ვერც სახეებს, ვერც ხმას, ყველაფერი ერთმანეთში ირევა... ხმა: „ხელები უკან, შე დედამოტყნულო!“ „თავი, თავი დახარე, შე ყლეო!“  ოფიცერი ლადო და კონტროლიორი მამუკა ზალიკოს აჩმორებენ –– მეტსახელად „ვირისთავს“... პლანის მოწევაზე შვიდი წლით გასროკეს და აჩმორებენ ზალიკო ვირისთავს...

ხმები: „შავი ზღვა გაყინულა, ტო!“ –– ამბობს ოპიუმის ბარიგა კირო, –– „სიზმარი ამიხდა...“ „ეგეთი რა სიზმარი ნახე, კირო–ჯან?“ - ეკითხება ზურაბა. „მესიზმრა, რომ ალავერდის მონასტერს, დიდება მის ძლიერებას, უწმინდური დაჰპატრონებოდა... გველეშაპი შემოჰხვეოდა გარს...“ „ვა, ეგ რა ლამაზი სიზმარი გინახამს, კირო–ჯან!“

ბაჩუკის უყვარს გველეშაპები. ახლაც, ამ სიტყვის გაგონებაზე ვეება გველეშაპი წარმოუდგა თვალწინ –– ყინულის გველეშაპი: ზღვასავით შავია, ხოლო მკერდი თეთრი აქვს... ჰო, თანაც, ახალი წელი რომ მოდიოდა, უთხრეს –– ეს წელი გველეშაპის წელიაო...

გველეშაპის წელი, გველეშაპის წლები, გველეშაპის დღეები, გველეშაპის წუთები, გველეშაპის წამები... წამება...

 

***

ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ნულოვანი ტოლერანტობით. იყო წყვდიადი და მოვიდა შუქი. ქვეყანას მოევლინა აბსოლუტური ხელისუფალი, რომელიც დღენიადაგ სტვირის გუდას ბერავდა, პოლიტიკაში პოეტობდა, პოეზია კი არ უყვარდა და არც ხალხი უყვარდა... საკუთარ გულს ეკითხებოდა ხოლმე: „მე ვჯობივარ, პეტრე პირველი თუ ათათურქი?“ გული კიდევ პასუხობდა: „შენც კარგი ხარ, პეტრეცა და ათათურქიც, მაგრამ ჰაველი სამივეს გჯობიათ!“ ამიტომ არც ჰაველი უყვარდა ხელისუფალს... ჭამა უყვარდა, სექსაობა და ხუროთმოძღვრება: ობელისკები და შადრევნები აღაშენა უხვად, რამეთუ ობელისკი მამაკაცური საწყისის გამოხატულებაა, ხოლო შადრევანი –– ქალურისა; ასე შეერწყა ერთმანეთს სქესობრივი ჟინი და  ხუროთმოძღვრება... და სწორედ ამგვარი სექსუალური ხუროთმოძღვრების - ხურვათმოძღვრების - ძალითა და ბერკეტებით დაიწყო ხელისუფალმა ქვეყნის შენება, ხოლო საშენ მასალად თავად ამ ქვეყნის ხალხს იყენებდა... მაგრამ ხალხი არ ვარგოდა საშენ მასალად –– საჭირო იყო მისი ჯეროვანი ჩამოყალიბება. და შექმნეს კიდევაც საამისოდ საგანგებო სანახაობრივი ყალიბები და ხალხის საშენ მასალად ჩამოყალიბებაც დაიწყო...

ცხადი გახდა, რომ სილამაზე გადაარჩენს ქვეყანას! ხოლო საამისოდ სილამაზეს სწრაფი ტემპით უნდა ემოქმედა: გაჩნდნენ რეფორმატორები, ნუვორიშები, მოაზროვნეები და პატრიოტები, გაჩნდნენ და ცხოვრობდნენ, ცხოვრობდნენ ისე, რომ ფეხქვეშ ქვეყანას ვერ გრძნობდნენ, რამეთუ –– ეცლებოდა... ესენი ერთმანეთში მავლობდნენ და მრავლობდნენ... მოაზროვნეებმა დაიწყეს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება და მას „სწრაფი სილამაზე“ უწოდეს და მისი ძეგლი ქალაქის ერთ–ერთ მთავარ  მოედანზეც დაიდგა. ხელახლა გამოგონილი „ველოსიპედი–სილამაზე“ თანასწორობის პრინციპს ემყარებოდა და შემდეგში მდგომარეობდა: თავისუფლებისა და მონობის თანასწორობა; სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის თანასწორობა; ასფალტის, გიპსოკარდონისა და ადამიანის თანასწორობა;  მხოლოსა და მრავლის თანასწორობა; ერთისა და მეორის თანასწორობა, როდესაც ერთი ასმენს მეორეს და პირიქით; განათლების, მეცნიერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მაღალ და დაბალ დონეთა თანასწორობა; ნიჭიერთა და უნიჭოთა, ცოდნისა და უმეცრების, გამოცდილებისა და გამოუცდელობის თანასწორობა; ადეკვატურობის, ლოიალურობისა და წარმატებულობის თანასწორობა; სიმშვიდისა და ფორიაქის, მოდუნებისა და კრუნჩხვის თანასწორობა; წარსულისა და მომავლის თანასწორობა –– აწმყოს წინაშე... და ასე შემდეგ...

სამუშაო ადგილების შესაქმნელად დაიწყო საციხო ადგილების შექმნა, რომ ფულის გენერირება ძალოვან სტრუქტურებს მოეხდინა და არა ბიზნეს–ეკონომიკას, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ნელა მოქმედებს, რაც ულამაზოა...

ხურვათმოძღვრების ტემპი და ენთუზიაზმი იმდენად მაღალი იყო, რომ რამდენიმე კაცი შემოაკვდათ კიდეც; მართალია, ზოგადად ქვეყანაში დანაშაულმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ „შემოკვდომის“ შემთხვევებმა რატომღაც იმატა...

„მე მიყვარს სიყვარული!“ - ეს სიტყვები ყველას ეწერა შუბლზე, როგორც მაისურზე: რეფორმატორებს, ნუვორიშებს, მოაზროვნეებსა და პატრიოტებს. ხელისუფლის ბრძანებით მოხუცებს კბილები დააძრეს და ღიმილი ჩაუსვეს - წყობილი და პრიალა...

ზედაპირი და სიღრმე ერთმანეთს გაუტოლდა და ირგვლივ იდუმალმა გამჭვირვალებამ დაისადგურა... ყველას ესმოდა რაღაცა საუბრები და ყველა ხედავდა რაღაცა ინტიმურ ქმედებებს... ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ვიღაცის ხელისგულზე ვცხოვრობდით, ხოლო მეორე ხელი თვალებზე  გვქონდა აფარებული:  ფოკუსი!

და მზის დისკო, როგორც აბსოლუტური ნული, ბრდღვიალებდა ცაზე  - ნულოვანი ტოლერანტობით!

 

***

ციხეში მზე არ არის, სამაგიეროდ არის „ვალჩოკი“ - ჭუჭრუტანა, საიდანაც კონტროლიორის თვალი შემოიხედავს ხოლმე - კონტროლიორის მზერა...

 შარშან ფერისცვალება დღეზე „ვალჩოკში“ ჩვეულად აინთო კონტროლიორის თვალი, მერე ჩაქრა, მერე კარი გრუხუნით გაიღო და კამერაში სპეცრაზმი შემოვარდა, ოფიცრის მეთაურობით, მერე კი თვით საპყრობილის უფროსი თოლორდავა შემოვიდა - სამხედრო-საზეიმო იერით. ვიღაცას ჩუმად წერილი გაუპარებია სახალხო დამცველთან - პატიმრების წამება-შეურაცხყოფის ამბები იყო იმ წერილში... იმ წერილის ამბავი კი თოლორდავამდეც მივიდა, სიკო მაყაშოვმა „იბოზა“ - მეტადონზე რო იჯდა და „მეტა-დონედან“ რომ ნასედკობდა... თოლორდავა კიდევ გაბრაზდა; არა, კი არ გაბრაზდა - მაგრად დაიბოღმა, აიშალა და გარეკააა... ისეთი ხელკეტებისა და კონდახების ტრიალი დააყენა, ისე ათრევინა ხალხი თმებით, ისე აჯეჯგვინა თავები კედლებზე, ისე ულეწა ნეკნები და ცხვირ-პირი, რომ მთელი კამერა სისხლით შეიღება... „ფერი ხომ გიცვალეთ, თქვე თესლებო! თქვე დედამოტყნულებო! თქვე ახვრებო!...“ - კამერიდან გასვლისას თქვა თოლორდავამ; თან ისე ქშინავდა, თითქოს იმ წამს ვიღაცას გაუთავა... ოპიუმის ბარიგა კიროს ხატებიც სულ სისხლში იყო...

ვალჩოკ-ჭუჭრუტანის გარდა, საკნის კარს პატარა სარკმელიც აქვს, საიდანაც საჭმელ-სალაფავ-ბალანდას აწვდიან პატიმრებს ჯამებით. ამ სალაფავში ისეთი ცხიმია, ტარაკანმა თუ შეჭამა - მოკლავს, ვირთხასაც მოკლავს; პატიმარს კიდევ შიგ ღვიძლში გაუჯდება და იქედან უჭამს შიგადს - საჭმელი, რომელიც შიგნიდან გჭამს:  „კარმუშკისგან“ წამოსული კარმა, რაც დააგროვე ცხოვრებისას, რაც რომ დედიშენისა გიჭამია... ეგ ყველაფერი სულ ღვიძლში გიჯდება და მერე იმავე დედას გიტყნავს... სროკიც შეიძლება რომ გაგიზარდონ - ღვიძლივით, თუ რამე ისე გააპროტესტე ან შიდა განაწესი დაარღვიე; ათი წლით რომ გაგიზარდონ - ეგეც მოსულა... თუ ექიმი მოითხოვე, სამედიცინო ამბავში იჩივლე და ეგეთი რამეები - კარცერში ჩაგაგდებენ, რომ იქ უკეთ მოიშუშო იარები; კარცერში კიდევ უკეთ გაიაზრებ, რომ შენ სულ პატარა ხარ - აი ზუსტად იმ ცხიმნაჭამი და გაგორებული ტარაკანივით, ხოლო შენი სროკი - იმ ღვიძლივით - გადიდებულა...  კარმა და „სროკი“ ...  პატიმრის სულ პატარა კარმა - „კარმუშკა“...  არადა, ადვოკატსაც ყველა ვერ აიყვანს - სამაგისო ფული სად არი?... ამიტომაც, დაჯექი და სასჯელაღსრულების კოდექსი გაიზეპირე - ინტერნეტიდან ამობეჭდილი...

 

***

მერა ჯუტა ჰაი ჯაპანი... პჰირ ბჰი დილ ჰაი ჰინდუსტანიიიი...  ჰო, „ინდია“ – ასე ერქმის ჭლექიან პატიმართა დაწესებულებას, სადაც ბლომად ხალხია - 577 საწოლ ალაგზე 1200 ავადმყოფი -  და ბლომად განავალი, ანუ - კარმა... საპირფარეშოში მისასვლელი გზა ფეკალური მასებითაა დაფარული და იქ გასავლელად აგურები ალაგია... ალბათ სანსარადან - გარდასხეულებათა წრიდან - ნირვანაში გასასვლელი გზაც ასეთია: კარმულ განავალში ჩადებული ყოველი აგური ახალი გარდასხეულებაა... ამ გზაზე დადიან ჭლექიანი მოჩვენებები, ხროტინითა და სისხლიანი ნახველის ფურთხებით, თითქოსდა და სული ცდილობს სხეულიდან ამოძვრეს - ამ ნახველს ამოჰყვეს და განთავისუფლდეს: ნირვანაში, „სვაბოდაზე“...  გაბუღულ ოთახებში ერთმანეთზე მიწოლილან გამოფიტული, ტანისებრი ფორმები, აქაც სიმყრალეა და შიში, რადგან  ცემა არც ჭლექიანებს აკლიათ, მათი ცემა-ტყეპა ამ დაწესებულების უფროსის საქმეა - მეტსახელად „ნინძა“ იმიტომაც შეარქვეს, რომ ბევრი ილეთი აქვს საამისოდ მომარჯვებული... მერა ჯუტა ჰაი ჯაპანი... პირ ბი დილ ჰაი ჰინდუსტანიიიი...

 

***

„თავადო! როგორ გიკითხოთ ამ დილაადრიან?...“  „თავადო“ - ასე მიმართავენ ტუსაღები ბაჩუკის, იმიტომ რომ ბაჩუკი გვარად წერეთელია...   წელს,  შავი ზღვა რომ გაიყინა, ბაჩუკიმ პირველად ნახა გულყრა - ეპილეფსია, არისტოკრატული სენი! ეს კარცერში მოხდა...

კარცერში ძალიან ცივა და პატიმრები „პინგვინების წესით“ თბებიან: ასე - 10-12 კაცი წრეზე დადიან, ერთმანეთს ეკრობიან და სხეულებით ათბობენ ერთმანეთს - ტანი ტანს სითბოს უზიარებს, როგორც არაცნობიერ სიყვარულს... ვინც გათბება, გარეთ გადის და იმათ ნაცვლად სხვები დგებიან წრეში...

ჰოდა, იმ წრეში ბაჩუკიც იდგა იმ დილით, ხოლო მის წინ ერთი სვანი იდგა, რომელსაც  რომ გულყრა დაემართა: კაი მოდღლეზილი ვინმე იყო ის სვანი, ტლანქი და ზლაზნია... უცებ შედგა, თავი და თვალები მარჯვნივ შეუბრუნდა, ტანი თითქოს შუაზე გაეყო - ცალ მხარეს ცახცახმა დაუარა, თანდათან იმატა და ძლიერ კრუნჩხვად ეძგერა ტანს, თითქოს რაღაცა უხილავი მხეცი მიახტა და ეშვები და კლანჭები ჩაასო... მერე ეს კრუნჩხვა უცებ მეორე მხარეზე გადაედო - თავი უკან გადააგდებინა, წელში გამართა, მერე გადაზნიქა და რამდენიმე წამს ასე ათრთოლებდა... კრიჭაშეკრული სვანი რაღაცას ბუბუნებდა, პირიდან დუჟი წამოუვიდა, მერე ერთიც შეტორტმანდა და უკან გადავარდა - ზურგზე დაეცა, დაცემისას კიდევ რკინის „შკონკას“[2] კეფა ჩამოჰკრა, კანი გადაეხსნა და სისხლი წამოუვიდა... იატაკზე განრთხმულს კრუნჩხვის ორიოდ ტალღამ ისევ დაუარა და მერე მოეშვა - მოშორდა მხეცი... შარვალში შარდი გაუვიდა...

„იოფტვაიუმატ, ეპილეპტიკია ტო, კარცერში როგორ ამყოფებენ...“ - შეიგინა კიკო ბაქრაძემ, ესეც წამალზე იჯდა.

თავდასისხლიანებულმა და ჩაფსმულმა სვანმა წამოდგომა სცადა, დაბინდულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და ბოდავდა: „ძაღლი... სკორე... იოჰ! იოჰ! მელია... მელია...“ იატაკიდან წამოაყენეს და საწოლზე დააწვინეს, ის კიდევ უძალიანდებოდა, ადგომას ცდილობდა...

გაფითრებული ბაჩუკი წერეთელი სვანს მისჩერებოდა; მერე თვითონაც ჩაიფსა და ტირილი აუტყდა... 

           

***

  ქ-ნი ტიმსალ მაკოი (McCoy, real McCoy), კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე, კაპიტოლიუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე... ქ-ნი ტიმსალ მაკოი აღტაცებული გახლავთ საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე გადადგმული ნაბიჯების რაოდენობითა და სიგრძით, ხოლო ამ პატარა სამხრეთული ქვეყნის პრეზიდენტი პოსტ-საბჭოთა მოდერნიზაციის ჭეშმარიტი ვარსკვლავბიჭუნაა - დედობრივი სითბოთი მკერდში ფიქრობს ქ-ნი ტიმსალ მაკოი...

საქართველოს თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტისა და უშიშროების საბჭოს განცხადებებში ტიმსალ მაკოის ხელი მუდამ ერია: პოლიციის რეფორმა... ენდემური კორუფციის აღკვეთა... ახალგაზრდა და ენერგიული ადმინისტრატორები - დასავლეთში განათლებული... ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მსწრაფი... ასპირანტი ქვეყანა... სტრატეგიული პარტნიორობა ერაყსა და ავღანეთში... ბიზნესგარემოს გამაჯანსაღებელი საკანონმდებლო ცვლილებები... საინვესტიციო მიმზიდველობა... მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკური ზრდა... ინფრასტრუქტურული აღმავლობა ახლად-დაგებული გზებით... სამშენებლო ბუმი... დედაქალაქის მჩქეფარე ღამის ცხოვრება... და სხვა და სხვა... ქ-ნი ტიმსალ მაკოი სიამაყის გრძნობით აღნიშნავს, რომ ეს მისი ადმინისტრაციის ყველაზე წარმატებული საგარეო პროექტია...

 მართალია, არსებობს მცირედი რამ შეშფოთება ახალფეხადგმული ქვეყნის სასამართლო სისტემის გამო - რომ იგი დახვეწას საჭიროებს... მაგრამ,  განა შესაძლებელია  სახელმწიფო აღმშენებლობა უპრობლემოდ წარიმართოს? გარდა ამისა, ამ პატარა ქვეყნის წინაშე არსებობს უსერიოზულესი გამოწვევები და საფრთხეები... საამისოდ კი ჯერ ძლიერი ადმინისტრაციული ბერკეტებია შესაქმნელი და სასამართლო სისტემასაც მერე მოევლება, რისი პოზიტიური ნიშნებიც უკვე სახეზეა და ა.შ. და ა.შ.

ქ-ნი ტიმსალ მაკოი ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტაზეა (low carb diet), ქოლესტერინიც დაიბალანსა, როგორც ეგზისტენცია დაიბალანსა თავის დროზე... ბოსტონის მდიდრულ და თვალწარმტაც გარეუბანში იზრდებოდა, მამამისი ტექსტილის ფაბრიკებს ფლობდა;  მამას ტიმი ერქვა, დედას - სალი, აქედან მისი სახელი - ტიმსალ...

სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ თავქარიან გოგოდ გაიზარდა, კოლეჯში სწავლის გაგრძელების ნაცვლად სახლიდან გაიქცა - „ყვავილის ხალხს“ შეუერთდა: მერწყულის ეპოქის გარიჟრაჟი, ვუდსტოკი, მარიხუანა, პირველი სექსი ბიჭთან სახელად ბობი მაკგი, მერე სხვებთანაც... თავისუფალი სიყვარული და  საპროტესტო აქციები... ვერ იტანდა პრეზიდენტ ნიქსონს და რესპუბლიკელებს საერთოდ (თუმცა ამჟამად მხურვალე და ცივგონებიანი ნეოკონსერვატორი გახლავთ)... ერთი წლის მერე დაბრუნდა - ეყო, რაც იგიჟა, და ჰარვარდის უნივერსიტეტში შევიდა - იურისპრუდენციის სკოლაში. იქ თავისი მომავალი ქმარიც გაიცნო - ასევე მომავალი იურისტი და პოლიტიკოსი, რომელიც მანამდე იელში სწავლობდა, „ქალა-ძვლების საძმოს“ წევრობაც კი ერგებოდა... ორი ქალიშვილი ეყოლათ, ასევე ორიოდ დიდი ბიზნესი წამოიწყეს და ფეხზეც დააყენეს, თუმცა პოლიტიკურ კარიერას თავისი მიჰქონდა - ჯერ პრეზიდენტ კარტერის წინასაარჩევნო გუნდი, შემდეგ უბნის პროკურორობა, შემდეგ შტატისა, შემდეგ კონგრესი და ისევ კონგრესი, ხოლო მეუღლე - სენატში...

ქ-ნი ტიმსალ მაკოი დიდებული ღიმილით გამოირჩევა, თუმცა ამ ღიმილს ამ ბოლო დროს პოსტმენსტრუალური სინდრომის თავისებურად დაძაბული გრიმასა ეზავება ხოლმე, რაც ბუნებრივია მისი ასაკისათვის... ჰოო, მისი მსუნაგი ქმარი კი კვლავ დაძრწის ქორფა ხორცების მაძიებელად - ვინძლო ტესტიკულებში ჯერ კიდევ გენერირებადი სპერმა სადმე ჩაანთხიოს და განაყოფიერების ცხოველური ჟინიც დაიოკოს... არა, ქმარს ღალატში ვერ დასდებს ბრალს, რადგან საამისო ფაქტები არ გააჩნია, მაგრამ ქ-ნ ტიმსალ მაკოის იურიდიული წარმოსახვა „პრეცედენტებში“ იქექება: ხომ არსებობს პრეცედენტები, ვთქვათ - ოვალური კაბინეტის ორალური სექსის სახით?! ვინ იცის, იმ ბოზანდარა გოგოსნაირი რამდენი ინტერნი დაიარება, კურტუმოს ქნევით, კაპიტოლიუმის ბორცვზე... ო, რა  გარყვნილი ვინმეა, როგორ ავიტანე მისი ცოლობა ამდენი წლიწადი?!... რა სისულელეებს ვროშავ, ღმერთო... ცილი დავწამე უდანაშაულო კაცს, ჩემი შვილების მამას... არა ცილი სწამო... არ იმრუშო... მე რომ ვიმრუშო, რა იქნება? ... it was many and many a year ago, in the kingdom by the sea, a handsom boy lived there, whom you may know, by the name of Bobby McGee… ვის რაღაში ვჭირდები?... არც კარიერის მაძებარი ბიჭები დაძრწიან ჩემს გარშემო... მდივანი შემოვიდა... საქართველოს პრეზიდენტია, სატელეფონო საუბარს ითხოვს თქვენთან, ქალბატონო... საქართველოს პრეზიდენტი: ჩამორჩენილი, რეტარდირებული ეთნო-ნაციონალური მენტალობის მქონე ხალხის პრეზიდენტი, რომელიც თავისი ხალხის გადაკეთებას ლამობს... ახალგაზრდა კაცია, ჰიპერაქტიური... დაველაპარაკები...        

           

             ***

               J.S.Bach, Matthauspassion, ბიჭების გუნდის პარტია, შესავლის დიდი ქორო

„კრიზისული ჩარევისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროცესში  გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა  სისტემატური  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. არასრულწლოვანთა თქმით, დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი  დირექტორის კაბინეტში,  რეჟიმის უფროსის  ოთახსა და სარდაფში განლაგებულ სახელოსნოებში სცემდნენ პატიმრებს  ჯგუფურად ან ინდივიდუალურად, ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით,  ვენტილატორით (რამდენიმე შემთხვევა), იყო ფაქტები, როდესაც მსჯავრდებულ არასრულწლოვანს აწამებდნენ ე. წ. ”კენწვლისა” და ”კალათბურთის” მეთოდით. აღნიშნულ დარღვევებს ადგილი ჰქონდა  დაწესებულებაში არასრულწლოვნის გადაყვანისას;  თითქმის  ყოველდღიურად - პატიმართა მნიშვნელოვანი ჯგუფის მიმართ;  ნებისმიერი მიზეზით - შეპასუხება,  გაკვეთილზე გაცინება ან  ხმაური, ფურცლის დავარდნა და ა. შ.

როგორც არასრულწლოვნები ამბობენ,  მათ ხშირად სჯიდნენ  შეთხზული  და აბსურდული მიზეზების გამო. ასევე სისტემატური ხასიათი ჰქონდა პირად პაემანზე მოსული მშობლების დამცირებას არასრულწლოვნის თვალწინ…“

(არასამთავრობო ორგანიზაციის მოხსენებიდან)

 

***


"გლდანის მე-8 დაწესებულებაში მოქმედებს წესები, რომლებსაც პატიმრები ხმის ამოუღებლად უნდა დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან:

1) დღის ნებისმიერ დროს, როდესაც დაწესებულების ნებისმიერი თანამშრომელი შეიხედავს კარის სათვალთვალოში, პატიმრებმა უნდა შეწყვიტონ ყოველგვარი საქმიანობა, ადგნენ ფეხზე სახით კარისკენ.

2) თუ საკნის კარი გაიღო, პატიმრები უნდა ადგნენ ფეხზე, დადგნენ მწკრივში სახით კედლისკენ.

3) შემოწმების წინ პატიმრებმა ზედმიწევნით უნდა დაალაგონ საკანი ისე, რომ არანაირი ნივთი ან ტანსაცმელი არ იდოს არც ტუმბოზე, არც საწოლზე!.. შემოწმებისას კარის გაღებისთანავე პატიმრები უნდა დადგნენ მწკრივში, ამჯერად - სახით კარისკენ და პირველმა პატიმარმა ხელში უნდა დაიჭიროს ნაგვის პარკი.

4) პატიმრებმა რადიოს უნდა მოუსმინონ მაქსიმალურად დაბალ ხმაზე, ერიდონ მაღალ ხმაზე ლაპარაკს ან სიცილს, ვინაიდან ნებისმიერი ხმა, რომელიც კი საკნიდან გავა, აღიქმება ხმაურად და გამოიწვევს დასჯას! ე.წ. კარცერის ჟურნალში 500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, სადაც მითითებულია, რომ პატიმრის დასჯა განაპირობა ხმაურმა საკანში...

5) პატიმრებს ნებადართული აქვთ ტანსაცმლის გარეცხვა საკანში, თუმცა - არა გაშრობა. ამის გამო გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრები ტანსაცმელს ღამით აშრობენ, ხოლო დღის განმავლობაში ნახევრად სველ ტანსაცმელს მალავენ კლოზეტში.

6) პატიმარს ეკრძალება კარზე დაკაკუნება!..მორიგის გამოსაძახებელი ზარი საკნებში, როგორც წესი, არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია. ამის გამო, უკიდურესი გაჭირვების შემთხვევაში ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრები იძულებულნი არიან კართან ჩაუსაფრდნენ კონტროლიორებს და ჩავლისას ხმადაბლა უხმონ: "ბატონო კონტროლიორო!"

7) თუ კონტროლიორმა გააღო საკნის კარი და უხმო რომელიმე პატიმარს, ის ასახელებს გვარს, ხოლო კართან მისული პატიმარი პასუხობს თავისი სახელისა და მამის სახელის დასახელებით. როგორც ქუთაისის, ისე გლდანის დაწესებულებაში მოქმედებს არაფორმალური „მორიგეობის“ სისტემა, ანუ - ერთი პატიმარი პასუხისმგებელია სხვის მიერ ჩადენილ ნებისმიერ გადაცდომაზე. და პირიქით: როგორც ქუთაისის, ისე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გამოიყენებოდა დასჯის კოლექტიური მეთოდები, - ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯებოდა მთელი საკანი; პატიმარი თავისი ქმედებით პასუხისმგებელი ხდება თანასაკნელების მიმართ! პატიმრების დიდი ნაწილი თავისი სურვილით აცხადებს უარს სეირნობაზე და რჩება საკანში, რადგან პატიმრებს აიძულებენ, სირბილით გადაადგილდნენ სასეირნო ეზომდე და ამ სირბილის დროს ნებისმიერი შეფერხება შეიძლება გახდეს ციხის თანამშრომლების მხრიდან უხეშობის, ფიზიკური ხელყოფის ან დამამცირებელი მოპყრობის მიზეზი... იმის გამო, რომ ნევროლოგიური პრობლემების მქონე ავადმყოფს სირბილი უჭირს და ცემას ურჩევნია, საკანში დარჩეს, ისჯება მთელი საკანი, და რადგან ერთი კაცის დატოვება საკანში არ შეიძლება, მთელი საკანი მოკლებულია გასეირნების შესაძლებლობას!..

8) 22 საათზე სინათლის ჩაქრობის შემდეგ აკრძალულია ფეხზე დარჩენა და პატიმრებთან გადალაპარაკება; აკრძალულია წიგნის კითხვა ან რაიმე სხვა მოქმედება.

9) მე-8 დაწესებულების პატიმრებს დღის განმავლობაში ეკრძალებათ საწოლის ქვედა სართულზე წამოწოლა და უფლება არ აქვთ, საკანში სიგარეტი მოსწიონ; ამის გამო პატიმრები სიგარეტს რიგრიგობით ეწევიან საპირფარეშოში. როგორ ცუდადაც გინდა იყოს პატიმარი, აუცილებელია, რომ ექიმთან წასვლის შემთხვევაში მან ხელები ზურგზე შემოიდოს და სირბილით გადაადგილდეს; დაწესებულებაში მათ აიძულებენ, ძალიან მოკლეზე შეიჭრან თმა, ან სამართებლით გადაიპარსონ თავი, რადგან საპყრობილეში არ არის საპარიკმახერო.

10) დღის განმავლობაში პატიმრებს ეკრძალებათ ძილი და ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე წამოწოლაც კი.

11) მიუხედავად სიცხისა, პატიმრებს უფლება არ აქვთ, საკანში ყოფნისას გაიხადონ მაისური.

12) პატიმრებს ეკრძალებათ ნარდის ან კამათლის თამაში, რადგან, ადმინისტრაციის აზრით, ეს იწვევს ზედმეტ ხმაურს, რაც დასჯის მიზეზი გახდება; შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ გლდანის მე-8 საპყრობილე, რომელიც 3654 კაცს იტევს, საოცარი სიჩუმით გამოირჩევა; ამ სიჩუმემ წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის ყურადღებაც კი მიიპყრო...“

ერთი რენეგატი “დეპენკას“ ნაამბობიდან

 

***

- ჰელოუ, ტიმსალ...

- ჰაი...

- მოხარული ვარ

- ბედნიერი ვარ

- იმედია დღეს კარგ გუნებაზე ბრძანდებით

- უარესიც შეიძლება ყოფილიყო

- უკეთესიც შეიძლება ყოფილიყო

- ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო

- არაფერი შეიძლება არ ყოფილიყო...

- უოშინგტონი ამ დროს ზღაპრულია

- ზღაპარი ამ დროს უოშინგტონურია...

- პრეზიდენტი ელის თქვენგან მორიგ წინსვლას გაწევრიანების საგზაო რუკაზე და დემოკრატიულ წარმატებებს

- რუსეთი ელის ჩვენს უკუსვლას ამ გზაზე და ამ უკუსვლის რუკებს ადგენს... თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც  გვაქვს უზარმაზარი წინსვლა: ახლახანს ახალი ციხე გავხსენით - ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა მთელი კომფორტით, პატიმრები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, თუმცა სახლში ასეთი პირობები არც კი დაესიზმრებათ

- მაშასადამე, სახლებშიც ისეთივე კომფორტი უნდა მოუწყოთ, როგორც ციხეებში, ჰა ჰა ჰა... მიხარია, რომ წინ უსწრებთ მთელს რეგიონს, ვამაყობ თქვენით!

- ჩვენც ვამაყობთ თქვენით!

- ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ერთმანეთით ვამაყობთ...

- სიამაყე ამაყობს ჩვენით... მიხარია, რომ გიხარიათ... ჩვენ ყველას გვახარებს ეს... დიახ ჩვენს იუსტიციის სახლებში ისეთივე კომფორტია, როგორც „დრაივ-ინ“ მაკდონალდსში: შესრიალდები მანქანით, ყავას დალევ და ბიზნესსაც გაიფორმებ

- საჯარო რეესტრში თავს ისევე უნდა გრძნობდეს კაცი, როგორც სწრაფი კვების ობიექტში და პირიქით და პირიქით... ასეთი რამ ბრიტანეთშიც უნდა დაინერგოს, რადგან იმათ სამზარეულო არ უვარგათ, თუმცა - იუსტიციის საქმე კარგად აქვთ...

- ჩემი გუნდი რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჩემს ქვეყანას რუსეთი და ადგილობრივი რეტროგრადი შავბნელი მღვდლები დაეპატრონებოდნენ... მუმიები და ზომბები; ლამაზ ქალებს მონასტრებში გამოკეტავდნენ, კაცები კი რუსეთში გადაიხვეწებოდნენ ფულის საშოვნელად…

- ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

- ჩვენ კი ვამაყობთ თქვენთან პარტნიორობით!

- ჩვენ ვპარტნიორობთ თქვენთან!

- თქვენ პარტნიორობთ ჩვენთან!

- ჩვენი პარტნიორობა საამაყოა!

- ჩვენი საამაყო პარტნიორობაა!

- ყველგან და ყველაფერში...

- დიახ, ეკონომიკური ზრდა თავბრუდამხვევია, აი რა აგიჟებს რუსეთს

- სიგიჟისგან თავბრუსხვევა აქვს ჰა ჰა ჰა

- თუმცა სიფრთხილე გმართებთ რუსეთი ჩვენი პარტნიორია ბირთვული განიარაღების საკითხებში

- რუსეთი განიარაღებულია ჩვენი წარმატებებით; ჩვენ რუსეთის განიარაღების ავანგარდში ვართ: ჩვენ ავანგარდისტები ვართ ჰა ჰა ჰა ქართველი მეფეები ოდითგანვე იბრძოდნენ ავღანეთში; ამერიკელების მხარდამხარ დგომა იმ დროს მაგონებს…

- ომი მშვიდობაა/ მშვიდობა ომია/ და ეს ყოველივე უდრის სიყვარულს/ როგორც ორჯერ ორი უდრის ხუთს ჰა ჰა ჰა...

- სწორედ ხუთ მილიარდზე ვლაპარაკობ, ან სულაც - ორზე, ორი მილიარდი გაგვიადვილებდა რუსეთის განიარაღებას ჩვენი წარმატებებით... ჩვენი იარაღი თქვენი წარმატებებია

- ჩვენი წარმატება თქვენი იარაღია... დაგეხმარებით; ოღონდ გახსოვდეთ - ეს გადასახადის გადამხდელთა ფულია

- ჩვენც ვიხდით გადასახადებს, ჩვენც მოკვდავები ვართ;

- გადასახადი და სიკვდილი - რამეთუ სიკვდილივით მტკიცეა გადასახადი ჰა ჰა ჰა ჰა...

- ჩემი ხალხი ბნელია და გაუნათლებელი: დემოკრატიის ანბანიც კი არ იციან - ეი-ბი-სი-დი-ელ-ჯი-ბი-ტი...  მე კი მოდერნიზატორი ვარ და მოდერატორი...

- თქვენ ჩვენთან მიიღეთ განათლება, თქვენ ტერმინატორი ხართ - კორუფციის ტერმინატორი....

- დიახ, ქართველები არც ერთი სანდო არ არიან, განსაკუთრებით გრაფი მონტე-კრისტო, პარდონ - მონტე-ხომლი!

- დაფინანსების წყაროები გადაუკეტეთ, ჩვენ თვალს დავხუჭავთ...

- გასაგებია - დაფინანსების წყაროებს დავუხუჭავ, როგორც თვალებს უხუჭავენ მიცვალებულს... მონტე-ხომლი რუსეთმა შემოგვიგდო, რომ მონტე-ხომლიმ შემოგვიგდოს რუსეთი... მონტე-ხომლი შემაშფოთებელია!

- ჩვენ შეშფოთებულები ვართ!

- შეშფოთება ეს ჩვენ ვართ...

- ყოფნა-არყოფნის პრობლემაა, ზოგიერთს კი პირიქით ეჩვენება: პრობლემის ყოფნა-არყოფნაა... არის თუ არ არის? პრობლემაც ესაა... რა არის? რატომ არის ის რაც არის? რა ნიშნავს „არის“?

- მე კაცი, თქვენ ქალი/ თქვენ ქალი, მე კაცი...  თქვენ კაცი, მე ქალი... გენდერული ბალანსი/ სტრატეგიული ალიანსი/ პარტნიორი პარტია/ ქარტია... ჩამოვალ/ ჩამოხვალთ/ შესაძლებელი იქნება შეხვედრა გამიკეთოთ პრეზიდენტ ოტელოსთან/ დიახ, პრეზიდენტ ოტელოსთან/ საპრეზიდენტო ოტელში, დიახ...  ბაი, ტიმსალ....

- ბაააი...

 

***

აბდულა შაჰილს ციხეში „შაშუბეშას“ ეძახიან. იმიტომ კი არა, რომ ელამია, არამედ იმიტომ, რომ მარცხენა ფეხზე ექვსი თითი აქვს, მარჯვენაზე კიდევ, ნორმალურად - ხუთი. აბდულა ირანელია, რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში - სავაჭროდ, მერე აქაური ქალი შეუყვარდა და ცოლად შეირთო, თუმცა საამისოდ მაჰმადის რჯული უარჰო და მართმადიდებლურად მოინათლა; ასე იცის სიყვარულმა და მისმა ძალამ!

ბრაკონიერობაზე ზის - შუამთის ტყეში დაიჭირეს: „შველი მოკლაო“ და შესაბამისი სროკიც მიარჭეს. მერე „შტირი ჩაუდეს“ - სროკი გაუზარდეს, ოფიცერმა ლევანამ ასე უთხრა: „შენა ფეხზე ზედმეტი თითი გაქვს და სროკიც მეტი გეკუთვნისო!“ აი ესეე...

გურჯი ქალის სილამაზემ დაღუპა აბდულა. გურჯებს ძალიან ლამაზი ქალები ჰყავთ; ირანშიც არიან ლამაზი ქალები, მარა ესენიც შაჰ-აბასის დროს წამოყვანილი გურჯი ტყვეების ჩამომავლები არიან... აბდულას ცოლიც ერთობ ლამაზი ქალია - მზია, მისი ეშხით ქართული ენაც კარგად აითვისა გაქრისტიანებულმა ირანელმა.

აბდულასთვის „შტირის ჩადების“ ამბავი კი ასე იყო: მზია ქმართან პაემანზე იყო მოსული ციხეში, ოფიცერმა ლევანამ რომ დაინახა, აბდულას უთხრა: „ვაჰ, ეს რა მაგარი ნაშა გყოლია, შაშუბეშ, არ მომატყნეინებ? შენ მაინც დიდი არაფრის თავი არ უნდა გქონდეს მაგ ამბავში, მე კიდევ ღრმად გავუდებ, სუ ვაკივლებ და ვაწივლებ გათავებისას; ქალიც კმაყოფილი დარჩება და...“ აბდულამ სიტყვის დამთავრება არ აცალა ოფიცერ ლევანას - ყელში სწვდა და დახრჩობა დაუწყო... ამაზე ბადრაგები და კანტრალიორები წამოვიდნენ, აბდულა დაითრიეს და წიხლები ჩასცხეს - სუ ყვერებში და ჭაჭებში უბრაგუნებდნენ... მზია მართლა აკივლდა - „ქმარს ნუ მომიკლავთ!“ - და შველას ითხოვდა; მაშველებიც მალე მოვიდნენ, ქალი გააკავეს და გარეთ გაიყვანეს - წადი სახლში, ქალო, საქმეს მიხედეო... ხოლო ცემაში დასიებული აბდულა, ეგეთივე დასიებული ყვერებით, კარცერში ჩააგდეს „ტრამვების“ მოსაშუშებლად.[3]

იწვა კარცერში აბდულა და ფიქრობდა: „რა დაგიშავე, ღმერთო, რომ ცხადი საზარელ სიზმრად გადამიქციე? ნუთუ, ღმერთო,  ამისთანა მსხვერპლად რომ მაქციე, ეს შენთვის მართლა საჭირო იყო? ან რა საჭირო იყო ცოლ-ქმრობის ასეთი შეურაცხყოფა, ქმრის დამცირება ცოლის თანდასწრებით და ცოლისა კიდევ - ქმრის თანდასწრებით? მაჰმადიანები ამგვარს არას სჩადიან! თვით ყაჩაღებიც კი ერიდებიან ამგვარ საქმეს... ვინ იცის, ჩემსავით რამდენს დაასხეს თავს ლაფი და მერე კიდევ ცემაში ამოხადეს სული... ამ ხალხს გულში სიყვარულის ნატამალი არა ჰქონია...“ 

ზოგჯერ ტკბილი მოგონებები გაიტაცებდნენ მხართეძოზე წამოწოლილ აბდულას, გაბრუებული ოცნებობდა, მზიასთან ალერსის სურათები წარმოუდგებოდა თვალწინ და ქვითინს იკავებდა...

ჰო, სიყვარული ციხეზე!

იყო ასეთი კაცი, ინგლისელი, სახელად იერემია ბენთამი, რომელმაც  ერთგვარი ციხე გამოიგონა და უწოდა მას პანოპტიკუმი. ეს ვერაგი ნაგებობა - ეს პანოპტიკუმი -  თვალთვალის ისეთ სისტემას გულისხმობს, რომ მეთვალთვალე აღარა სჭირდება - კლუჩნიკი[4] გინდა თუ დეპენკა; ტუსაღები შინაგანად გრძნობენ, რომ უთვალთვალებენ და, ამიტომაც, ისე იქცევიან, როგორც მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფნი. ციხე-პანოპტიკუმი მრგვალი ფორმისაა, საკნები წრიულადაა განლაგებული, ხოლო ცენტრში, როგორც ტუსაღებს ჰგონიათ, ვიღაც ზის და უთვალთვალებს... იერემია ბენთამმა თავის ჩანაფიქრს ხორცი ვერ შეასხა, მადლობა ღმერთს; მართალია, მოგვიანებით მაგ ვერაგი კაცის თარგზე სახელმწიფოები მოიჭრა, როგორც გვარწმუნებს მიშელ ფუკო, თუმცა - ვიდეოკამერის გამოგონებამდე რის პანოპტიკუმი, რა პანოპტიკუმი იქნებოდა? მაგრამ, მთავარი ეგ არ არის, მთავარი ისაა, რომ კაცს შეგნებაში ჩაუდო, რომ ვიღაც უთვალთვალებს და მერე გინდა უთვალთვალე და გინდაც - არა.

როცა სულ მუდამ გადარჩენაზე ფიქრობ, სიყვარული კარცერში უნდა გამოკეტო, ეგრე არ არი?... ჰოდა, ეს პანოპტიკუმიც იმიტომ მოვიტანე აქ, რომ მეთქვა, რომ ციხეში სიყვარულის ამბავი სხვანაირადაა, რომ იქ „აბრატნი“ პანოპტიკუმია: მთელი ამ წარმოსახვითი წრიული ნაგებობის სიღრმეში კარცერია, სადაც ზის ერთი კანონიერი ქურდი, პა კლიჩკე „ლიბიდო,“ ხოლო დანარჩენი ტუსაღები, წრიულად საკნებში განლაგებულები, ამას უთვალთვალებენ, როგორც ერთი რამ კვიმატი კლუჩნიკები და დეპენკები, ოღონდ ისე, რომ არც კი იციან, რომ უთვალთვალებენ, ხოლო იმ ერთმა, ცენტრალურ კარცერში გამოკეტილმა ქურდმა კი იცის, და სწორედ აი ეს კანონიერი ქურდია სიყვარული... აკი თქვა უფალმა, რომელიც თავად სიყვარულია, თავისი მეორედ მოსვლის გამო აკი თქვა: „მოვალ ვითარცა მპარავი!“ ... ჰოდა, სიყვარულმა, როგორც ქურდმა და მაყურებელმა, ყველაფერი იცის: ისეთი რამეებიც იცის, რასაც რომ ხალხში ვერ იტყვი... მან იცის გარემოებით იძულებული მამათმავლობა, ექსპერტები „სიტუაციურ ჰომოსექსუალიზმს“ რომ არქმევენ: როცა ქალთან ყოფნას მონატრებულს, ვინმე ბიჭის ტანის ფორმებში რაღაცა ისეთი მოგელანდება, რომ მის მიმართ თავისებური სინაზე დაგივლის, საზარდულში ჩაღვრილი შიგადის წვენებთან ერთად და მერე - აბანოში ხარ, თუ სხვა რამ მოყუჩებულ ალაგას - ხელს მიადებ, რომ მიუალერსო, თუმცა ამას ვერასოდეს წარმოიდგენდი; ჯერ „გეპაზორება,“ მაგრამ ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, გემოს გაუგებ ამ საქმეს:  მაშინაც კი, როცა „ქათმების[5] ბრიგადირი“ ხარ და ვიღაცის გასაფუჭებლად, სხვების თვალწინ გააუპატიურებ - ხელფეხ გაკავებულს... მაშინაც კი, თმებით რომ დაითრევ და მოაწუწნინებ... მაშინაც კი, როცა „ქათამი“ ხარ და შენ გხმარობენ წამდაუწუმ, ყველანი - ვისაც მოუნდება... ეჩვევი, ასეთია კაცის ბუნება - ყველაფერს ეჩვევა, ხოლო ამას - სიყვარულს, ვერაფერი დაუდგება წინ, როგორც ქურდს, რომელიც ნარებზე ზის და  პრავებს გიკაჩავებს! ახლა მოზარდები ნახე, რა დღეში არიან: ეგენი ხომ სრულიად უმანკოები არიან ერთმანეთის გაუტანლობაში - ლაზღანდარობენ და აჩმორებენ ერთს, რომელიმეს, ღამით რომ გამოიჭერენ და სათითაოდ ხმარობენ; შეიძლება წინა კბილებიც ჩაუმტვრიონ, რომ წუწვნისას კუტუ არ ეტკინოთ... ჰო, ეგ იცის ციხის ქურდმა და მაყურებელმა სიყვარულმა... და კიდევ მასტურბაციაც იცის, ტუალეტის ქაღალდის რულონს ან საკუთრი მარჯვენა ხელის მტევანს ცოლად რომ შეირთავ: „ჩემი მარჯვენა, ჩემი ცოლუკა... იუზგარ, მე ნძრევაში იმდენი დრო გავატარე, ვიდრე ვაბშემც შენი სროკია მთლიანათ...“

ქალი სულ სხვაა - ქალი უქმროდ რამ არონია? გინდაც ისეთი, რომელმაც საკუთარი თოთო ბავშვი ცელოფანის პარკით გაგუდა და მერე, გადარეული ღიღინით, წავიდა და ნაგვის კონტეინერში ჩაფლა... ო, ამასაც სწადია, რომ მის გვერდით მამაკაცი იწვეს, ჰო, უნდა და იმდენად ხუთავს ეს წადილი, რომ ღამ-ღამობით უბიწო ჩასახების სურათებს ხედავს ხოლმე - „გიხაროდენ, მიმადლებულო!“ და მერე ისეთი ორგაზმი მოვარდება, რომ ცოცხლად დამარხავს, როგორც მაშინ - ციხის ექიმი რომ სინჯავდა, ფსიქიატრი... არადა, ლამაზი ქალია, ეშხიანი, და შვილი რომ მოკლა, ეს ციხეზე არავინ იცის - გამომძიებელს მისცა და იმანაც სხვა საქმით „გადაუფარა“... შვილის ამბავი რომ გაეგოთ - არავინ გაიკარებდა, კეთროვანივით იქნებოდა... ჰოდა, ერთხელაც მის გულშიც იფეთქებს გაზაფხული, სახელად „ლესბია“: აიღებს და ღამით, „შკონკაში,“ საბნის ქვეშ შეუსრიალდება იმას, აი - იმას, ფეხებს რომ არ იპარსავს, პოლუბოქსად შეკრეჭილი თმა რომ აქვს და იღლიებში ოფლის მაგარი სუნი, ბრექით რომ დადის და გინებ-გინებით რომ ლაპარაკობს, თან კარგად იცის - რა უნდა ქალებს; მერე რა, რომ წვერი არ ამოსდის...

დასტაევსკის სიტყვებია: გიყვარდეს ვინმე ეს ნიშნავს, რომ ადამიანი გიყვარდეს ისე, როგორადაც იგი ჩაიფიქრა ღმერთმა! აი მამაკაცში ქალს რომ შეიყვარებ, ან ქალში მამაკაცს - ეს იმის დასტურია, რომ ღმერთმა არც ციხეზე მიგატოვა, რადგან ღმერთი სიყვარულია, რომლის ძალითაც სიცოცხლეში ამოიკითხავ სიკვდილს, ხოლო სიკვდილში - სიცოცხლეს... ან, ეგებ სულ სხვა რამეა?.. არ ვიცი, რაც არ ვიცი - არ ვიცი...

 

***

ფსალმუნი პატრიოტისა, რომლითა აქო რეფორმატორი

 „დიახ! ვამაყობ, რეფორმატორო, შენით, რამეთუ შენა ხარ კრიმინალისა კრიმინალითა დამთრგუნველი და კორუფციისა კორუფციითა აღმომფხვრელი;

შენ დაგვიბრუნე სახლებში სინათლე და დაგვანახე საგარეო საფრთხეები, როცა ქვეყანასა ჩვენსა შიგან ეს საფრთხეები შემოიყვანე;

შენ დაგვიდექ მცველად ზვართა ჩვენთა და დაიცავი მაღნარნი ჩვენნი და მტილნი, ხოლო ჩვენ ვერ დავიცავითი იგინი;

შენ გაგვიხვენ გზანი ახალნი და ალაგნი ახალნი გზათა შემკვრელნი და მიაყენე კაცთა ტკივილი, რათა უწყოდნენ, რომ რეფორმა მტკივნეულია და მტკიცე, ვითარცა სიყვარული;

შენ აღასრულე მართლმსაჯულება მსაჯულთა ზედა, წაართვი საჭურჭლე მპარავთა და აღავსე ბეღელნი მეუფისანი;  

შენ იყავ ჭაობთა ქალაქთმყოფელი და შთაასხი ბეტონი ტაძარსა უფლისასა და აღადგინე იგი საკვირველად!  

და იყავ ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა ჩამრეცხავთასა,  რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თჳსსა და ფურცელნი მისნი არა დასცჳვენ, და ყოველივე, რაცა ყოს, წარემართოს მას, ხოლო ჩასარეცხნი იგინი ჩაირეცხნენ...

პატრიოტული ელიტა აღაზევე შენ, ხოლო მზაკვართა და ქვეყნის ავისმოსურნეთა აახიე სახენი და განუპე შუბლნი და შეახეთქნე მათი შვილნი კედელთა: მიმიფურთხებია საზოგადოების მაგ ნაწილისათვის!  

მინდა, მაგინონ უკანასკნელი სიტყვებით, მინდა, ვერ მიტანდნენ და გული ერეოდეთ ყოველთვის ჩემ გამოჩენაზე! მე მათთან არა თუ სიყვარული და პატივისცემა, ოდნავი შეხების წერტილიც კი არ მინდა მქონდეს! ადამიანებთან, რომლებზედაც ძალიან ეფექტურად მუშაობს რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური მანქანა, რომელ ადამიანებსაც შეუძლიათ ამ ქვეყანაში ნაძირლებისგან გმირები შექმნან და პირიქით...“

 

***

ქსნის #15 კოლონიის პატიმრის წერილიდან, უფლებადამცველს რომ მისწერა

„... გლდანის ციხიდან გადმოგვიყვანეს 171 პატიმარი გზაში ყველა ვფიქრობდით გვეშველა გლდანის ჯოჯოხეთს თავი დავახწიეთ-მეთქი მაგრამ შევცდი და თანც ისეთი მწარედ რომ ახლაც არ მინდა იმ სურათის აღდგენა. ჩამოგვყარეს მანქანებიდან გინებით, ზოგს აფურთხებდნენ, როგორ იყურებიო, ცემის მოტივი იყო ის, რომ ქსანში ხართ აქ ჩვენ ვართ ყველაფერი ყველა დაგვაყენეს გაგავხადეს ტანსაცმელები და დაგვიწყეს წამება და ცემა ზოგი უმოწყალოდ გაილახა ზოგს შედარებით ცოტა მოხვდა, არ გცემდნენ მაშინ თუ კი ვინმეს დარეკილი ქონდა უფროსობასთან ან საქმის კურსში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ან სახალხო დაცვის აპარატი...

... ასე ცემა-ცემით ყველა შემოგვყარეს ახალ ზონაში და შეგვყარეს აბანოში ორ კამერაში სადაც წყლის ტბორი იდგა არც დასაჯდომი და შპონკაზე ხომ ზედმეტია საუბარი, რამდენი კარი გაიღებოდა გინებას უკვე შეჩვეულები ვიყავით დაახლოებით 10 დღე გვეძინა ზოგს ჩამჯდარი და ზოგს სველ ბეტონზე და მოვიდა განაწილების დროც სათითაულოდ გავყავდით ყველა, ქონდათ კალიდორი გაკეთებული თანამშრომლებს და თავში ანუ რომელ საკანშიც ხელწერილის დასაწერად შევყავდით ყველა იქ იდგნენ ბაჩო რ., დიმა ჩ., გიორგი ფ.,  ლევან ლ., და ძალიან გაგიკვირდებათ და პატიმარი ჰომოსექსუალების ბრიგადირი ზაალ ხვისტანი[6] რომელიც როგორც ხსენებული თანამშრომლები ისე აგინებდა პატიმრებს მხოლოდ თავს არიდებდა იმათ ვისაც იცნობდა წინა სასჯელიდან ბევრს ის ეგონა პოლიციელი... ხელწერილის დაწერა გამიგია ნებით მაგრამ როგორც ამას ესენი აკეთებდნენ ამის წარმოდგენა შეუძლებელია შეგაგდებდნენ შიგნით საკანში სადაც იჯდა გელა შ. ოფიცერი წინ ედო უამრავი ფურცლები და გეუბნებოდა ან დაწერ იმას, რომ ჩვენი აგენტი იქნები ანდა თუ ცემას გაუძლებ გაპიდარასტებას ვერ გადაურჩებიო თან ქონდათ ვიდეო კამერა პატარა და გეუბნებოდნენ გადაგიღებთ ისე რომ შენითვე შეხვალ ჰომოსექსუალებთანო ზოგს ეს ისე მუქარა ეგონა და იწყებოდა ცემა ოღონდ გეფიცებით ამას ცემა არ ქვია ბოლო ხმამდე ბღავილი და ეს ესმის მთელ ციხეს თითქმის. ამ დროს რომ იცი შემდეგი შენ ხარ დამერწმუნეთ მოსისხლე მტერს არ ვუსურვებ მსგავსის გადატანას... თუ ახლა არ ვტიროდე და ისე არ ვწერდე სული არ გამეტანოს გარეთ...

... ქსნის კოლონიაში მიყვანიდან რამოდენიმე კვირების შემდეგ ვიკითხე, ჯერ პატიმრებში, განაჩენის გასაჩივრებას ვაპირებდი და რამეს ხომ არ მეტყოდა ქსნის ადმინისტრაცია, მითხრეს რომ რაიმე ამათზე არ ჩაწერო და მგონი პრობლემა არ იქნებაო, დაუძახე სოციალების სამსახურს და უთხარი ყოველივე, იგივე მითხრა რაც პატიმრებმა რომ თანამშრომლებზე არაფერი ჩაწერო აქაურებზე დანარჩენი რაც გინდა ქენიო და დავიწყე დაწერა ჩემი განაჩენის ჩამოვწერე ყოველივე თუ როგორ მოხდა და ასე შემდეგ... 

... საკნიდან გამოვედი და მივედი სამორიგეო ნაწილში სადაც იმყოფებოდა [დირექტორის მოადგილე] ბაჩო რ. და სხვები და უთხარი რომ განაჩენის გასაჩივრება მინდა დაწერილი მაქ და გთხოვ გამიგზავნო-მეთქი. ამ დროს რაც თქვა იყო ნაბიჭვარო ვიცოდი რომ დაწერდიო, წაეთრიე კამერაშიო და მაგინა მანამ გამომართვა საჩივარი. გარკვეული დროის შემდეგ საკანში მომადგა პატიმრები ნ.ს. და კ.მ. და  მითხრეს ჩვენთან წამოდიო, უკვე მივხვდი რაც მომივიდოდა მაგრამ რაიმეთი თავზე მეშველა იყო გვიანი... ამიყვანეს მეორე კორპუსზე იქ სამორიგეოში ოფიცერი გელა ი. იყო რომელიც უკან გამოგვყვა შემიყვანეს „ბე“ კორპუსში 8 საკანში... ამ კორპუსის პასუხისმგებელმა ოფიცერმა კარი გარედან ჩაკეტა, საკანში იყვნენ 4 პატიმარი ნ.ს., კ.მ. [და კიდევ ორნი], მითხრეს - გამომძიებელი შენი ვინც იყო იმის ახლობელმა დაურეკა ბაჩო რ.-სო და რატომ არ ისვენებო რომ წერ საჩივარს ეს ხომ „ბოზურიაო“ და დამიწყეს ცემა უმოწყალოდა თენ მეუბნებოდნენ გასჩივრების ფურცლები მეჭამა. ღმერთის წინაშე ვფიცავ, მე იქ კიარ გავილახე არამედ უმოწყალოდ მაწამეს როდესაც სისხლით მოვსვარე ყველაფერი და ვხედავდი არავინ იყო ჩემი მშველელი დავიწყე ყვირილი, ამ დროს პირსახოცით ამიკრეს პირი გამოიტანეს სავსე ვედრო და შიგ მაყოფინებდნენ თავს თან ხელებით ფურცლების ჭამას მთხოვდნენ, ერთი რაც გავიგე ის იყო რომ ოფიცერმა გელა ი.-მ  კარმუშკა გააღო და მ.-ს უთხრა მთელი კორპუსს ესმის ამის ბღავილი ეყოფაო. შემდეგ მითხრეს თუ კი რაიმეს ან ვინმეს ვუჩივლებდი, მომიგონებდნენ რაიმეს ისეთს რომ შემაგდებდნენ ჰომოსექსუალების საკანში...

... მცირეწლოვანთა კოლონიიდან გადმოყვანილ მინიმუმ ნახევარს მაინც უყენებდნენ პრეტენზიას, ვინაიდან მათი დამორჩილება უჭირდათ... შეიყვანდნენ საკანში და ეუბნებოდნენ შენთან პრეტენზია აქვს ხალხს, მაგალითად აბანოში წაიქეცი და სხვა პატიმარს შეეჯახე შიშველმა ან იცოდი ასეთი ფაქტი და დამალე ამიტომ პიდარასტი ხარო და დაუწყებდნენ ცემას, ზოგი ვერ უძლებდა ცემას და თავისით მიყვებოდა ზაალ ხვისტანს პიდარასტების საკანში, ზოგიც იძახდა გავარკვიოთ მსგავსი არაფერი ვიციო და უძლებდა ცემას მაგრამ აღნიშნულ პირს უკვე ზონაში აღარ უშვებდნენ კეტავდნენ „აბანოში“ მარტო. ამ დროს უკვე ხვისტანზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, მას ნებისმიერი ხერხით უნდა მოეხერხებინა მისი გადაყვანა ჰომოსექსუალების საკანში და ყველა აბანოს კართან გავლაზე უძახდა ახალო ქალბატონო გელოდები მალე გამომყევიო, ამდროს საჭმელი მასთან აპსლუგის პატიმარს კი არ მიქონდა არამედ ხვისტანის მითითებით თავისნაირ ჰომოსექსუალს... ბევრი ამას უძლებდა გარკვეული დრო, ზოგს ძალით მიათრევდა ხვისტანი თავის საკანში და ყველას აუპატიურებდა ზოგს ცემით ზოგს დაბმით...

... შიგნით რომ შეიხედოთ დაახლოებით 50 პატიმარი ბავშვი ბიჭებია და მათი ასაკი 20 წელს არ არის აცდენილი...

... აქ პატიმრებს კი არ გვცემდნენ გვაწამებდნენ, იმ დონეზეც მიდიოდა პატიმრები რომ სიმწრისაგან საკუთარ თავს ისახიჩრებდა ვენებს იჭრიდა და ხანდიხან ცემა სანატრელი იყო ისე გამწარებული გაგინებდნენ სიკვდილი მოგინდებოდა... ... ...უფროსი კი თუ მის კაბინეტში აგიყვანდნენ მაშინ ამოათხევდა თავის ბოღმას, დაგაყენებდნენ ცალ ფეხზე საათობით და თუ დადგამდი დაგესეოდა ყველა და გირტყამდა...

... რაც შეეხება პატიმრის ხარჯზე ცხოვრებას ეს ხდებოდა შემდეგი ფორმით: ქსნის კოლონიაში დაახლოებით 300 საკანია, როდესაც ლარიოკში კარტას ატან სავაჭროთ აფსოლუტურად ყველა ბარათიდან სადაც კი თანხაა ზოგიდან 2 ლარს და ზოგიდან 3 ლარს ხსნიან ანუ დავალებას აძლევენ თავის მოაზრე ბრიგადირს... ამის შემდეგ პატიმრების ფულით გამძღრები ისევ ჩვენ გვაგინებდნენ...

... ასევე აქ მოშლილი იყო სამედიცინო ნაწილის ფუნქცია, ხან ექიმები გიყვიროდნენ და ხან ვინც იყო იქ ის თანამშრომლები, მაგალითისათვის დეპენკის თანაშემწე არსენა ხალხს ძალით იწვევდა, ეტყოდი კბილი მტკივაო და პასუხი იყო ასეთი - კედელს ურტყი თუ არადა შენი დედაცო...

... გთხოვთ გემუდარებით მიიყვანეთ ეს ფაქტები ბოლომდე და მე მზად ვარ თქვენთან ერთად როგორც ნაწამები პატიმარი ბოლომდე გავყვე სიმართლის დადგენას და იმედს ვიტოვებ იმისას რომ შეძლებთ ჩემი უსაფრთხოების დაცვას...

... უდიდესი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის... ასევე გთხოვთ თუ კი შეგიძლიათ დამინიშნოთ ადვოკატი, მე მისი აყვანის საშვალება არ გამაჩნია.“

 

***

ციხის მორგი: მცირე სააღდგომო მისტერია

ვნების კვირა იყო - ხუთშაბათი თუ პარასკევი, ბაჩუკი წერეთელმა სიზმარი ნახა. დეპენკებმა მორგში შეიყვანეს - საღადაოდ: ადამიანის შიგნეულობას დავანახებთ და, თანაც, მაგრა შევაშინებთ - ნეტა რას იზამსო... რა უნდა ექნა? ჩაიფსამდა, აბა რას იზამდა?

მორგის „მეყასბე“ რაჟდენა, დაფხავებულ, ფერგადასულ ხალათში, რაღაცას ღეჭავს. ბაჩუკი ტანსაცმელს იხდის, სცივა, მქრქალი შუქი და სიმყრალე სახეში ეცემა.  მის წინ ძველი, მინანქარდამსკდარი აბაზანა სისხლითაა სავსე; ოფიცერი ლადო უკნიდან უბიძგებს - მიდი, ჩაწექიო... ესეც მორჩილად მიდის, ცახცახით - ეშინია, რომ მასაც მოკლავენ... გვერდით მაგიდაზე პატიმრის გვამია გაკვეთილი - ცვილისფერი კანი აქვს, გადახსნილი გულმუცელი კი ფერადი; თვალები ამოღებული აქვს - გვერდზე მდგარ ფორმალინიან მინის კოლბაში დაცურავს - ორი ბურთი, ძაფებიანი, როგორც ორი თავკომბალა თევზი... გაკვეთილი გვამის დანახვაზე ბაჩუკის თვალი გაუშტერდება: შეცბება, სახეს არიდებს. “რა გეშინია, ბიჭო? ვერ ხედავ? ეს აჭარული ხაჭაპურია!“ ჩაესმა ოფიცერ ლადოს ხმა და მერე სიცილი... და მერე „მეყასბე“ რაჟდენას სიტყვები: „ჰო, ღმერთმა გამოგიცხო, ღმერთმა!...“ აჭარული ხაჭაპური იცოდა ბაჩუკიმ  - უნახავს, დედა აჭმევდა ხოლმე - ხელით...

მორგში ქალები შემოდიან - ოთხნი, შავი ბიკინი აცვიათ, სხვა არაფერი. ოთხივეს დაბერილი, პუტკუნა ტუჩები აქვს, იმ ციხისუფროს ხათუნასავით, ეგეთივე დაბერილი ყვრიმალები და დუნდულები. მიდიან მაგიდასთან და ხელებს გვამის შიგნეულობაში ყოფენ, ურევენ, თანაც თითებით ერთმანეთს ეხებიან - თითქოს რაღაცა იდუმალ წრესა ჰკრავენ თავიანთ შორის... ჯერ ერთი ამოიღებს რაღაცა ნაწილს და იტყვის: „ესე არს ღვიძლი უფლისა ჩვენისა!“ „ამენ!“ - იტყვიანი ყველანი ერთად; მერე მეორე ამოიღებს რაღაცა ნაწილს და იტყვის: „ესე არს თირკმელი უფლისა ჩვენისა!“ „ამენ!“ - იტყვიან დანარჩენები... „ესე არს შარდის ბუშტი უფლის ჩვენისა!“ „ჭეშმარიტად!“... ესე არს ელენთა უფლისა ჩვენისა...  ესე არს  ნაწლავი უფლისა ჩვენისა.. ასე იტყვიან და ამ „ნაწილებს“ დაბლა ტაშტში ყრიან...

ბადრაგი ზაზა შემოდის, გორგოლაჭებიანი სინით მაღალ ჭიქებში ფერადად მოციმციმე კოქტეილები შემოაქვს. ქალებს მიართმევს. ქალები აიღებენ და ამ კოქტეილებს ნელა ასხამენ გაკვეთილი გვამის წიაღში...

ოფიცერი ლადო კეფაში ხელკეტს ჩაჰკრავს: „ჩაწექი-თქო, გეუბნები!“ და ბაჩუკიც სისხლიან აბაზანაში ფეხს ჩაადგამს - შავ, ლორწოვან სითხეში... მერე მეორესაც ჩაადგამს და ასე შეშდება: ამ დროს, მაგიდაზე რომ გაკვეთილი გვამია, ნელ-ნელა იწყებს წამოწევას, თითს ბაჩუკისკენ იშვერს და იმეორებს - „აი, ბაშიაჩუკი! აი, ბაშიაჩუკი!“... 

                                                                                                

              ***

LOVE - სოლოლაკის ქედის ერთ-ერთ ბექობზე დგას რობერტ ინდიანას ინსტალაცია, ჰიპების ზეობის ხანაში შექმნილი. ბექობი შეჭრილია შუშა-ფოლადის სასახლის ეზოში, თბილისს რომ გადაჰყურებს; ეზოში ეგზოტიკური ცხოველები დადიან: ჟირაფები, ზებრები, ფლამინგოები, ლამები, მარტორქები, პინგვინები, შადრევნიან აუზთან მზეზე თბებიან სელაპები და ზღვის ლომები...

ეზოს შუაში წრეზე დამსხდარან ვიზუალისტები: ეგონ შილე, ლუსიენ ფროიდი, ვილემ დე კუუნინგი, დემიან ჰერსტი, როი ლიხტენშტაინი, ჰენრი მური, ანიშ კაპური, ასევე - პიკასო, რენუარი, მონდრიანი და არქიტექტორი ტაკამაცუ...

წრის ცენტრში, შემაღლებულ ალაგას, რომელიც ანათებს, როგორც ჰოლოგრამა, ლოტოსის პოზაში ზის მონტე-ხომლი და იქ მყოფთ მიმართავს:

მაინც რა არის ჩვენი ყოფა წუთისოფელი - მეშვიდე კლასიდან ბარათაშვილის ეს ლექსი გვახსოვს... ვინ არის ადამიანი, რა უნდა, რა ამოძრავებს?... მე მოვახერხე მარტივი ენით გამეცა პასუხი ყველა სიტყვაზე და მოვახერხე გამეცა პასუხი, თუ რა არის ადამიანი, ვინ არის ადამიანი, რა მიზნები აქვს... რა არის მიზანი მისი ყოფის, რატომ მოვედით ჩვენ... ფილოსოფოსები ასე ახასიათებენ,  ფილოსოფოსები ესე მარტივად ხსნიან, რომ ადამიანი მიაღწევს ერთ მიზანს და მერე ისახავს სხვას და ესაა მთელი სპირალი... მაგრამ, მე ეს სხვანაირად დავინახე, მე მოვახერხე, მე დავინახე თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა, რომელიც წარმატების ალგორითმია: თვითგადარჩენა ნიჭისა  და სიკეთის საქმეა, სიკეთე - კვადრატში, როგორც აინშტაინის ფორმულაშია Е=MC...

დიახ, ნიჭი და სიკეთის თესვის უნარი - ამის მეშვეობით მე მოვახერხე და შევძელი, რომ გლეხის ოჯახში დაბადებული, გლეხის ბიჭი,  მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი გავმხდარიყავი... როგორ მოვახერხე და როგორ შევძელი ეს? ეს საიდუმლოა... საიდუმლო ამბავია... და ამ საიდუმლოს, ამ ამბავს, მხოლოდ თქვენ გაგიმხელთ და კიდევ აი ამ უმანკო არსებებს - ჩვენს ირგვლივ რომ დაიარებიან, ჩემს ცხოველებს...

ეს ყველაფერი ხვამლის მთაზე დაიწყო, ეს დიდი ხნის წინ მოხდა, სწავლას რომ ვამთავრებდი, ჰო - იმ იდუმალებით მოსილ მთაზე, ხვამლის მთაზე დაიწყო. ხვამლის მთას ბევრი უტრიალებდა, იცოდნენ, რომ იქ განძი და ოქროულობა იყო დამალული - ქართველ მეფეთა განძი; სტალინმაც კი გააგზავნა იქ ექსპედიცია, 30-იან წლებში, ალპინისტები გააგზავნა; ჰიტლერიც ისწრაფოდა ამ მთისკენ და კავკასიასაც იმიტომ უტევდა - ეგონა, ამ მთიდან დიდ ენერგეტიკულ ძალას მიადგებოდა, მოიხელთებდა; ეგონა, იმ მთის ალაგას იყო ვალჰალა თუ შამბალა... დღესაც ეძებენ, დღესაც, და სულ ტყუილად ეძებენ. მოხერხდა ისე, რომ ეს განძი მე ჩამივარდა ხელში, შემთხვევით ჩამივარდა, ისე, რომ არც ველოდი, უნებლიედ, მოულოდნელად ჩამივარდა... აი ახლა სწორედ ეს თემა მინდა გავშალო...

მაშინ მაგ განძისა არაფერი ვიცოდი, მაშინ სტუდენტი ბიჭი ვიყავი...  უბრალოდ, ჩემს მეგობრებთან ერთად ლაშქრობა მოვაწყეთ და წავედით ხვამლის მთის დასალაშქრავად...  კარგი დღე იყო, კარგი, მაგრამ, უცებ, ამინდი გაფუჭდა ისე, რომ ერთმანეთი დავკარგეთ... ისე მოიქუშა ველაფერი, რომ ვეღარაფერს ვხედავდი... მე რაღაცა ნაპრალში ჩავვარდი - ეს იყო მთის მწვერვალთან ახლოს... იმ ნაპრალიდან რაღაცა დიდი დარბაზის მაგვარ გამოქვაბულში ამოვყავი თავი: გარეთ ქუხდა და გმინავდა ქარიშხალი... მერე უცებ ჩადგა და იმ გამოქვაბული დარბაზის თაღი თითქო ვიღაცის ხელით გადაიხსნა -- ისე განათდა ყველაფერი, თვალი მომჭრა ამ ნათებამ, დამიბნელდა... ცოტა ხანში კვლავ ავახილე და მხედველობა გამეხსნა: იქ იმ ქვაბულ-დარბაზში ორთავა არწივი ვნახე დაჭრილი, ცალ ფრთას მიწაზე მიითრევდა, აფრენას ლამობდა, ფართხალებდა... უეცრად მისკენ გამოსრიალდა გველი - კარგა დიდი გველი იყო, ფერად ღვინომუქი გველი, პირში ალმასივით ქვა უელავდა - „ხვითო,“ ხალხში როგორც ეძახიან... გველი მისრიალდა არწივთან, ხოლო დაჭრილმა ფრინველმა ძალა მოიკრიფა და ღვინომუქ გველს ეცა - ორივე ნისკარტით კორტნა დაუწყო; გველი კიდევ კისრებზე შემოეხვია არწივს და ასე გამძაფრდა მათი ორთაბრძოლა. ამ ბრძოლისას გველის პირიდან ალმასის ხვითო-ქვა გადმოვარდა; არწივის ერთ-ერთი თავი წასწვდა გადასაყლაპად, მაგრამ გველმა არ აცალა - უფრო მაგრად შემოეჭდო ორთავა არწივის ორთავ კისრებს...  მე ხან ამ ხვითო-ქვას ვუმზერდი, ხან გველისა და არწივის ორთაბრძოლას... და ბოლოს გველმა გაგუდა არწივი, ხოლო არწივმა სასიკვდილოდ დაკორტნა გველი - და ორივემ ასე დალია სული... მე მივედი, დავიხარე და ელვარე ხვითო-ქვა ხელში ავიღე: მისმა ელვარებამ თვალიც კი მომჭრა, მერე საამო სითბოდ მომედო სახეზე და იქედან კიდევ ხმა წამოვიდა, რომელიც მე მომმართავდა და მეტყოდა სიტყვებს, ჯერ კიდევ სკოლაში რომ გვასწავლიდნენ: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული...“ მერე ეს სიტყვები აირია და რაღაც უცნაურ ენაზე ამეტყველდა ხვითო-ქვა, აი ასე: „ტოჰუ-ვაბოჰუ,[7] საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი რუახ ელოჰიმ ამაჰიმ[8]...“ ეს სიტყვები იმითი დავიმახსოვრე, რომ მერე მთელი ცხოვრება ჩამესმოდა - ძველი, ბიბლიური ებრაულისა და ქართულის ნაზავია... მერე კიდევ ჩემი მეგობრების შეძახილები მომესმა - „ე, ბიჯო, ცოცხალი ყოფილა... ჰეი, ცოცხალი ხარ, ბიჭო... ჰაი დედასა!.... მაიცა, ახლა დავგრეხთ თოკსა ბაწარსა და ამოგიყვანთ!!! ჰეეე!!!“  მეც გამიხარდა ჩემი ძმა-ბიჭების ხმის გაგონება: ამა ნუგეშით აღძრული სული აღმევსო ნელის სიხარულითა; ზევით ავიხედე, თუმცა ხელმა თავისით წაიღო ხვითო-ქვა უბისაკენ და იქ - უბეში ჩამალა... ვერც კი ვიგრძენი, როგორ შეაღწია ხვითომ ჩემს მკერდში და იქედან კიდევ - ჩემს შიგადში... თუმცა მისი მოქმედების ძალა მთელი შემდგომი ცხოვრება თან მდევდა... მუდამ მესმოდა ჩემივ წიაღიდან აღმომავალი ხმა: გულის კარნახივით ჩამესმოდა და სინდისის ძახილივით მიხმობდა და მეც ამ ხმას მივყვებოდი ნაბიჯ-ნაბიჯ და ასე მოველ აქამდე, ამხელა ქონებაც მაგ განძის მეშვეობით დავაგროვე...

მაგრამ, ფულის კეთება ადვილია, სიკეთისა კი ძნელია... დიახ, ადამიანებს მე დავყოფდი ორ ტიპად - ნიჭიერები და უნიჭოები. ეს ჩემი ვარიანტია დაპირისპირებისა - კარგი და არაკარგი, მორალური და ამორალური... ნახეთ ჩვენი „ხელისუფალი“ - ეგ უნიჭოა, იმიტომ რომ მაგას ადამიანი არ უყვარს, არც ცხოველი უყვარს, არაფერი არ უყვარს; საერთოდ არ იცის - რა არის სიყვარული და არც არქიტექტურა არ იცის; თავის ჭკუაში ვითომ ორივე გააერთიანა და რაღაცა სახელიც დაარქვა - „ხურვათმოძღვრება“ თუ რაღაც...  ყველაფერზე წამსვლელია, მატყუარაა და წამსვლელია ყველაფერზე... აბა თქვენ თვითონ დაუკვირდით და ნახეთ - განა როგორ ატყუებს ყველას: შიგნითაც და გარეთაც... მე შევძელი და ნიღაბი ჩამოვხადე... სხვათაშორის, მე ასევე  ვცადე მაგისი ფსიქოანალიზი გამეკეთებინა; საერთოდ, ჩემი შეხედულებები მაქვს ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით და მაგისი ფსიქოლოგიური პორტრეტიც მაქვს ჩანიშნული... წიგნის დაწერას ვაპირებ და იქ დავხატავ მაგის ფსიქოლოგიურ სახეს... პათოლოგია, პათოლოგიური ტიპია... მაგისი აღარავის სჯერა - დედამისიც კი არ ენდობა, რამე რომ იყოს...  მაგან არ იცის, რა არის შრომა, ეგ ნაცარქექიაა, ნაცარქექიაა - სხვის ქონებას დაეპატრონა და ჯიბეში ჩაიდო... თან კუდაბზიკა და ტრაბახაა... ფასადები კარგად გამოსდის, ფასადები ეხერხება...  

ამ საკითხს მე სხვა დროს დავუბრუნდები და განვავრცობ, კიდევ გავშლი... ახლა კი მთავარი, რაც მინდა გითხრათ:

მე დავიწყე სერიოზული მუშაობა და რამდენიმე თვეში შევცვლი სიტუაციას. გეტყვით, რა სიტუაციას, მოგახსენებთ... მე გადავწყვიტე ვიყიდო მომავალი და იგი თავისუფალ სარგებლობაში გადავცე ჩვენს ხალხს...  მე შევცვლი ობიექტურ რეალობას და ამას ყველა დაინახავს; მე შევცვლი დროსა და სივრცეს და ამას ყველა იგრძნობს; მე შევცვლი ოპტიკის კანონებს და აღარაფერი დარჩება დაფარული, ყველაფერი გაცხადდება;  მე შევცვლი ელექტრო-მაგნიტური ველის მოქმედებას და ყველა ყველაფერს გაიგებს; მე გავხლეჩ ატომს, როგორც ატამს და გამოვიწვევ ჯაჭვურ რეაქციას; მე შევცვლი ენერგიისა და მასის ურთიერთქმედებას და ხალხი გამომყვება... მე შევცვლი ამინდს და სიხარულის წვიმა დანამავს ხალხის თვალებსა და აღავსებს ხალხის გულებს; მე დავაბრუნებ ცეცხლს, რომელიც ხალხს მოსტაცეს; მე შევაწებებ ადამიანის დახეულ სახეს, ხოლო მის ფილტვებს მივცემ ძალას მხეცისას; მე გავაძლიერებ ქვათა ღაღადს;  მე დავაგებ და აღვმართავ სიყვარულის გზებსა და ხიდებს; დაჭრილი ირმების ჯოგს მე დავალევინებ წყაროს ანკარას; მე დავაბრუნებ მზისა და მთვარის მადლიან ნათებას... და როგორც დედამ უნდა გაზარდოს შვილი, რომ მოხდეს ფსიქიკური მშობიარობა, მეორე, ხელახალი მშობიარობა, ჯანსაღი მშობიარობა, ისევე უნდა იმშობიაროს ხალხმა, რადგან ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი... ამგვარად, მე გავაჩენ დიდ ძალას; მე შევეცდები და მოვახერხებ, რომ ხალხის წარმოსახვაში, ხალხის ოცნებაში დიდი ძალა დაიბადოს - ვეებერთელა, როგორც თეთრი ვეშაპი!  

    

           ***

ალეთეა - ძველ ბერძნულ ენაზე „ჭეშმარიტებას“ ნიშნავს, უფრო ზუსტად კი - „დაფარულის დაუფარაობას;“ დიახ, სწორედ ასე ესმოდა ეს საქმე პარმენიდეს, პარმენიდე კიდევ ბრძენი იყო, ძველი ბერძენი ბრძენი...

  ეს ალეთეა თავნება რამეა, ვინ რას გაუგებს... შეიძლება, ერთხელაც ისე გამოგინათოს, რომ თვალი მოგჭრას - არა, კი არ მოგჭრას, არამედ - საპარსივით გაგისეროს თვალი, როგორც დალის და ბუნიუელის იმ საკულტო ფილმშია... შეიძლება უფრო მარტივადაც გამოვლინდეს - ბოზი ქალივით კაბა აიწიოს და ფუჩური დაგანახოს: ჭიტაა! (ესეც ბუნიუელის რომელიღაც კინოში არ არის? ქალი თავისი მეგობრების კამპანიას სურათს რომ გადაუღებს - კაბას აიწევს, ლაჯებს გაფარჩხავს და  „ჩააკარტიჩკებს“...)

რაც გინდა რომ ტვინი დაძაბო, თუ რაღაც ხელსაწყო-ხრიკები აამუშაო, ალეთეას ვერ მოახდენ, იმიტომ რომ ალეთეა თავისით ხდება. საპირისპიროც ეგრეა - ალეთეა თუ მოსახდენია, მაინც მოხდება, რაგინდ ეცადო, რომ მიჩქმალო და მიაჩუმათო. თუმცა, ალეთეას ხდომილებას შეიძლება, რომ კაცმაც შეაშველოს ხელი...

ჰოდა, მოხდა ისე, რომ სექტემბრის იმ დღეს ჩვენს ქვეყანაში ერთი დიდი ალეთეა მოხდა.

რიყე. ევროპის მოედანი. სექტემბრის დიდებული დღეა - მზე ოქროფერილი ათინათით თვალს ეფინება, ავლაბრიდან მონაბერი სიო თბილი ალერსით აღავსებს იქაურობას, დუდუნებს მტკვარი, აქა-იქ ბავშვების სათამაშო ჟრიამულიც გაიელვებს, აივნებზე ქალბატონები გადმომდგარან და გარემოს კიდევ უფრო ამშვენებენ, ნარიყალა დაჰყურებს სეიდაბადის განახლებულ ფერდობს, როგორც ჭარმაგი და მოხუცი გენერალი - ჩინმედლებით გაწყობილ მკერდს, მეტეხის ტაძარი ლოცვა-კურთხევას უფრქვევს არემარეს, ხოლო აბანოთუბანი გოგირდოვანი სუნთქვით იტყვის „ამენ!“... გორგასლის ცხენი ნესტოებს ბერავს ხურვიანი ფრუტუნით, ხოლო თავად გორგასალი კვლავ მეფურ სიდიადეში გაქვავებულა, მეტეხის ხიდზე დროშებითა და ვეება ხატებით გამოსული მრევლი ერთობლივ ლოცვას აღავლენს, იქეთ „მშვიდობის ხიდია“ მტკვარზე გადებული- გამჭვირვალე და გაბედული, ახალ სიტყვას რომ მიახლის ძველი ქალაქის ბეხრეწ იერსახეს, აქეთ კი რონალდ რეიგანი ჩამომჯდარა - თუჯის უკომპრომისო პრეზიდენტი,  სახეზე მომღიმარი ენთუზიაზმი და ალცჰაიმერის ლიბერალური ნიშნები რომ ადევს, ხოლო მეიდანზე გადამთიელი ტურისტები დაბორიალობენ და  ყელიც მოუღერებიათ ამ კოხტა და ეკლექტური სანახავის თვალიერებითა და ტკბობით...

მაგრამ ვერც სტუმრად ჩამოსული და ყელმოღერებული, ვერც ადგილობრივი და ამინდს მინდობილი ხალხი ვერ ხედავს იმას, რაც მათ გვერდით და მათ შორის ხდება. არადა, ხდება:  „ევროპის მოედანზე“ მიმოფანტულად დგანან ტუსაღები -  ჩამომხმარი და მომჩვარული ადამიანები; აცვიათ ციხის ძველებური ზოლიანი უნიფორმა და ასეთივე ზოლიანი ქუდები ახურავთ. ზოგი გაუნძრევლად დგას და უაზრო თვალებით იყურება, ზოგს კიდევ ნიჩაბი უკავია და თავის წინ ღრმა ორმოს თხრის - ასე დაავალეს... თითოეული ტუსაღის გვერდით კი სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი დგას, თავისი ინსტრუმენტით, და უკრავს - სრულდება ევროკავშირის ჰიმნი, რომელიც რომ, მოგეხსენებათ, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მეოთხე ნაწილია, თავისი „ოდით.“ უნიათოდ და უხალისოდ უკრავენ, უჯიგროდ წელავენ ბგერებს - გულის გამაწვრილებელი რამ მოსასმენია...

მთელს არემარეს თავზე შუქურასავით დანათის პლაზმური ტელეეკრანი, ეკრანზე ჩანს „ხელისუფლის“ სახე და ისმის მისი ხრინწმომდგარი ყვირილი, ხავილში გარდამავალი: „ჩვენ ტოტალურ პლანტაციად გადავაქცევთ საქართველოს - მექანიკური ფორთოხლის პლანტაციად!“ და ეს მოწოდება მეორდება და მეორდება...

უეცრად, „ევროპის მოედანზე“ გამოჩნდება თვით „მექანიკური ფორთოხალი,“ სახელად ალექს, თავისი სამი ძმაკაცით. ამათ იმავე ყაიდის “ფორთოხლები“ მოჰყვებიან - სადღაც ასამდე ეგზემპლარი. მოდიან და ხელში ბეისბოლის ბიტებს ატრიალებენ, თან მთელი ძალით გაჰყვირიან: „Freude, Scho"ner Go"tterfunken,Tochter aus Elysium, Wir betreten feuer-trunken, Himmlische, dein Heiligtum!“...  მუსიკოსები კი თავისას განაგრძობენ - უხალისოდ და უნიათოდ... ასე, სიმღერ-სიმღერით, „ფორთოხლები“  შემცბარ ტუსაღებს შეესევიან  და უწყებენ ცემას - ბეისბოლის ბიტებით, თუ სხვა რამ ხელთმყოფი ან ხელმისაწვდომი საგნით, ხანაც წიხლს აყოლებენ, ხანაც - მუშტი გინდა თუ გაშლილი ხელი... ურტყამენ ბავშვურად სასტიკნი და ზრდასრულად გულარძნილნი; ურტყამენ ბოღმით, თითქოს რაღაცის გამო შურს იძიებენ: როგორც ქალის მოშიშარი კაცი, მთვრალი რომ მიაჯდება ქალს და ამ დროს სქესობრივ ჟინს კი არ იკლავს, არამედ თავისი თავის სიძულვილის დაოკებას ლამობს;  ყველა მწამებელი თავადვე წამებულია, იგი თავის თავს აწამებს სხვაში...

ამათი ცემით რომ დაიღლებიან, რამდენიმე ტუსაღს მათსავე ამოთხრილ ორმოებში ჩაყრიან და ყელამდე მიწასაც მიაყრიან... მერე - ზოგი შარვალს ჩაიხსნის, ზოგი ჩაიხდის და ტუსაღების თავებზე მოისაქმებენ: ზოგი აშარდავს, ზოგიც აქაქავს, ერთი კიდევ სულაც აიღებს და მუჭურით დაათესლავს ტუსაღის გაპარსულ კინკრიხოს...

ჰო, თავიდან ხეები ადამიანები იყვნენ,

მაგრამ ეს ადამიანები აწამეს და ისინი იქცნენ ხეებად.

ჰო, ზაგრეოსი ვარ, ზაგრეოსი!

 ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც ჰქვია „სალო“

და რომელსაც მართავენ აგრესიული, წარმატებაზე ორიენტირებული და ადეკვატური “სალოსები“...

ადამიანის თავზე დანთხეული ფეკალიები და თესლი

მოიყვანს ახალ ცხოვრებას, როგორც წვიმას, რომელიც დანამავს ღალიან მინდვრებს

და იქიდან აღმოაცენებს თავისუფლების მეომრებს,

ხოლო მერმე ამათ, თავისუფლების ამ მეომრებს,

მოიმკიან, გათიბავენ, გალეწავენ

და მათი დაფქული იფქლიდან მოზელენ ცომს,

რომელსაც თავისუფლების ქალები თავიან მენსტრუალურ სისხლს შეურევენ,

რომ წარმატებაზე ორიენტირებულმა და ადეკვატურმა სალოსებმა შეიყვარონ ისინი

და დაწვნენ მათთან, როგორც სანუკვარ დედებთან ,

და ააღორძინო თესლი საძულველ მამათა თვისთა...

 ხოლო ამ დროს, ამ სისხლიან-ექსკრემენტიან გვემა-ლაზღანდარობაში მყოფი ხალხით მოფენილ მოედანს გადაკვეთს ქალი - ხასხასა წითელ კაბაში, მაღალ ქუსლებზე შემდგარი, გრძელკანჭა და მკერდსავსე ლამაზმანი: მაღლა აწეული თავით, წელში გამართული, კატისებრად მიაბიჯებს, როგორც რომ პოდიუმზე მიაბიჯებენ ზე-მოდელები მაღალი მოდა-კუტიურისა...  როსკიპი ღვთაება,  დედუფალი ალეთეა!... უცებ დადგება, ხალხისკენ შებრუნდება, იმ თავის გრძელ კანჭებს გაფარჩხავს, კაბის კალთას აიწევს და იქაურობას თავის კოხტად გაპარსულ სარცხვინელს მიუშვერს, აი ასე... სარცხვინელიდან თითქოს სინათლის ძალუმი სხივი წამოვიდაო, მოედანს ერთბაშად რაღაცა მაგნიტური ელექტროტალღოვანება დაუვლის, ჰორიზონტისკენ გაიჭრება და აკიაფდება. იქ, ჰორიზონტზე განათებულ ალაგას ორი ვეება დაჭყეტილი თვალი გამოჩნდება, მერე კი საპარსიანი ხელი და მერე უცებ - საპარსი გასერავს თვალებს, როგორც თხელი ღრუბელი მთვარეს...

ვხედავ: თეთრი კაშალოტის ზურგი მოცურავს ამღვრეულ მტკვარში, მთასავით ამოიზრდება, შადრევანს ამოისუნთქვს და დაინთქმება, მერე კი ვეება კუდი ამოვარდება და  ტლაშუნით დაეცემა წყლის ზედაპირს...

მობი-დიკი შემოსულა! სისტემა უნდა დაინგრეს!

ვხედავ: თეთრი ვეშაპის გიგანტური სხეული ავლაბრის ხიდს გადაევლება და როგორც ცეცხლმოდებული ცეპელინი მდინარეში ჩაეცემა... ესოდენ დიდი მასის ზემოქმედება მდინარეს კალაპოტიდან გამოიყვანს და ქუჩებს დატბორავს შფოთით მოვარდნილი წყალი...

და ვხედავ: ამ ვეება ცხოველთან შეჯახებული ქალაქი შეირყა, როგორც ხომალდი - ბრიყვთა ხომალდი - და იქედან ვირთხებმა  იწყეს გაქცევა...  

          

          ***   

          Facebook-ი აფეთქდა, ყველა თეთრი ვეშაპის ფოტოებსა და ამბავს პოსტავდა...

         „თქვენი ხურვათმოძღვრება გვანგრევს!“ - ქალაქს მოედო ტრანსპარანტები და სიმღერა: „თეთრი ვეშაპი გადაარჩენს საქართველოს!“

      

            ***  

ხელისუფალთან დაახლოებულ რეფორმატორთა ჯგუფი ხელისუფლის სასახლის ბანზე „ვირობანას“ თამაშობს - ხტუვა-ხტუნვითა და მუჯლუგუნ-მუჯლუგუნებით:  საკმაოდ ოსტატური და სანახაობრივი კლოუნადაა. თან რეპლიკებს ისვრიან: „ვინ იყო ის წითელკაბიანი ქალი?“ „ ვინ?“ „ ვიღაც ნაბოზვარი!“ „საბერძნეთში ნამუშევარი!“ „დიახ, იქაურ ბორდელებში და სტრიპტიზკლუბ „ალეთეაში“ ნამუშევარი!“ „და ნაბოზვარი, ნაბოზვარი, ნაბოზვარი!“ „ მერე დაბრუნდა და აქ დაიწყო მამაშობა...“  ... ... „თვალები?“  „საპარსმა რომ გადასერა!“  „ვისი თვალები იყო?“ „და რა დაინახა?“ “დაფარული დაინახა დაუფარავი...“ „დაუფარავი დაინახა დაფარული...“ „დაუფარავი სისასტიკე დაინახა“ „ვისი სისასტიკე დაინახა?“ „ჩვენი!“ „და მერე რა მოხდა?“ „წყლიდან ვეშაპი ამოხტა.“ „თეთრი ვეშაპი!“ „ჰო, მობი-დიკი ამოხტა!“ „მართლა “დიკები” არიან ეს პატარა ადამიანები,  სირები!“ „ჰო, არ ესმით, რომ ჩვენი სისასტიკე მათი სიკეთისთვისაა!“ „ჰო, ჩვენი სისასტიკე აკეთილშობილებს!“ „ჩვენი სისასტიკე გარდასახავს მათ!“ „ჩვენ სასტიკი გარდამსახველები ვართ!“ „ჩვენი სისასტიკე გარდაისახება...“ 

ხელისუფლის მრჩეველი (საზოგადოებრივი ცნობიერების სიღრმისეული წყლების საკითხებში)  ხელისუფლის სასახლის ბანზე დააბიჯებს  და ხელისუფლის საძულველ ქალაქს გადაჰყურებს - ვეშაპმჭერი გემის იმ ცალფეხა კაპიტანივით, აქაბი რომ ერქვა... იგი გაოგნებული, გაწბილებული და ამდენად - ნირწამხდარია. სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე იგი დარწმუნებული იყო წარმატებაში, ამას ხომ ყველა მაჩვენებელი ადასტურებდა! მართალია, გაურკვევლობის პროცენტიც საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ - არც იმდენად, რომ საქმე ასე რადიკალურად შებრუნებულიყო...  ყველაფერი გათვლილი და დაანგარიშებული იყო, თანაც მერამდენედ, თანაც - რამხელა გამოცდილება ჰქონდა ამ კაცს საზოგადოებრივი არაცნობიერის სიღრმეებში ცურვისა და ნადირობისა, დედამიწის რომელი მხარე გინდა! 

ამ დროს ბანზე ხელისუფალიც გამოჩნდა  - საუზმის მაგიდიდან ბროლის საფერფლე აიღო, მოიქნია და კედელს მიახეთქა... ქალბატონ-სენატორ ტიმსალ მაკოიმ დატუქსა: ხურვათმოძღვრებაში და მექანიკური ფორთოხლის პლანტაციების პროექტში ამდენ დარღვევას თუ იქნებოდა ადგილი, რას წარმოვიდგენდითო! ახლავე უნდა შეაჩეროთ ყველაფერი და დათმობაზე წახვიდეთო!... Fuck!

მრჩევლისთვის  მართლა გაუგონარი რამ მოხდა:  როგორ და საიდან გაჩნდა ამ ქალაქში თეთრი ვეშაპი? როგორ შეაღწია აქაურ სიღმისეულ წყლებში? როგორ მოხდა!...  მობი-დიკივით კაშალოტი... საიდან? 

- მერე და, რა უნდა ამის გაგებას?! - აძაგძაგდა ხელისუფალი, - ის თეთრი ვეშაპი მონტე-ხომლის ნაყიდია! დიახაც, აქამდე დამალული ჰყავდა და საჭირო მომენტში შემოაცურა! - და პირზე სახელო მოისვა ხელისუფალმა - დორბლის მოსაწმენდად, მერე კი დაამატა - მარტო ერთი თეთრი ვეშაპი კი არა, თეთრი სპილოების მთელი ჯოგის ყიდვა შეუძლია, რომ ერთბაშად გადაგვიაროს და გადაგვთელოს...

მრჩეველს სპილოები არ აინტერესებდა, არა;  მის გონებას ვეშაპები არ ასვენებდნენ - უმართავი თეთრი კაშალოტები, საზოგადოებრივი არაცნობიერის წყლებში რომ დაცურავენ და პოლიტიკური სისტემების უეცარ ცვლილებებს რომ იწვევენ, აშლილობებს,  ტურბულენციებს... მათ ვერც სოციოლოგიურ კითხვართა რადიოსალოკაციო ქსელით ამოიცნობ და ვერც პროპაგანდის ჰარპუნს ჩასცემ ზურგში, სატელევიზიო სიმულაციურ ბადეებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!

„არადა, ამ ქვეყნის ეს ახალგაზრდა ხელისუფალი შესანიშნავი მეთევზეა, საუკეთესოთა შორის წარმოსაჩენი, აგერ - რამდენი დიდი პოლიტიკური თევზი წამოაგო ანკესზე, წლების განმავლობაში... მისი ოპონენტი რომ ვყოფილიყავი, წიგნს დავწერდი: „როგორ თევზაობდა ხელისუფალი შინ და გარეთ!“...

 ახლა კი რას ვხედავთ!“ „ჰო, ჰო, რა დაინახა იმ თვალებმა?“ „ჰო, ჰო, ისეთი, რაც სხვაგან არ ხდება!“ – „ვირობანობდნენ“ რეფორმატორები და მათ ხელისუფალიც შეუერთდა: „ჩვენს შემდეგ მნგრეველები მოვლენ...“ „მნგრეველები მოვლენ!“ „ხურვათმოძღვრულ ნაგებობებს დაანგრევენ!“ „დაანგრევენ!“ „მექანიკური ფორთოხლის პლანტაციებს ჭია შეესევა!“ „შეესევა!“ „სისტემური მარცხი!“ „მარცხი!“ „ამას ვერ დავუშვებთ!“ „ვერ!“ ... „თეთრი ვეშაპი უნდა მოვკლათ!“ „ჰო, ჰარპუნი უნდა ჩავცეთ! და მოვკლათ!“ „ჩვენი უცხოელი მევეშაპეები დაგვეხმარებიან!“ „დაგვეხმარებიან!“

მევეშაპე-მრჩეველმა ვისკი ჩამოისხა და გადაჰკრა... „ვერ მოჰკლავთ! ვერც ვერავინ დაგეხმარებათ, პირიქით მოხდება, როგორც მაშინ, მობი-დიკის დროს... თავს დაიღუპავთ...“

„მოვკლავთ! ფულს გადავიხდით და მოვკლავთ!“ „ამერიკელები დაგვეხმარებიან!“ „ბოლოს და ბოლოს, ამერიკაც ვეშაპია - ლიბერალური ლევიათანი, რომელიც სერავდა მსოფლიო წყლებს და დემოკრატიულ  წესრიგს ამყარებდა, ლიბერალურ ფასეულობებს აფრქვევდა  - ყველგან, სადაც აღწევდა, ბოლო ასი წლის განმავლობაში!“ - ჩაარაკრაკა ერთ-ერთმა რეფორმატორმა. „ხოლო ახლა, პრეზიდენტ ბუშის დოქტრინის წყალობით, ამერიკა გახდა გლობალური ლევიათანი!“ - განავრცო მეორემ. „ჰოდა ეს გლობალური ვეშაპი ჩაყლაპავს თეთრ ვეშაპს!“ - შეაჯამა მესამემ...

ხელისუფალმა ახლა ვისკის ბოთლი აიღო და კედელს მიახეთქა: „მე თვითონ მოვკლავ! ბოლომდე ჩავყვები, ბოლომდე, უფრო ზუსტად - ფსკერამდე!“ - ხაოდა ხელისუფალი და ფილენჯის ქარმა მოუარა...

მევეშაპე-მრჩეველს ის ეპიზოდი გაახსენა დიდი რომან-ვეშაპიდან - „მობი-დიკიდან“: თეთრი კაშალოტის ზურგზე დამკვდარი, მკლავის სიმსხო ბაგირებით მიჭყლეტილი, თვალებგადმოგდებული ზოროასტრი-მევეშაპე, რომელმაც ბოლოს მაინც „მოიხელთა“ საზარელი მტერი და „ბოლომდე ჩაჰყვა, ფსკერამდე“...  

და მრჩეველიც „ვირობანას“ თამაშს შეუერთდა:

„რას ველით, აქ რომ დავხტივართ?“ „ბარბაროსები მოდიან!“„და რას იტყვიან მოლაპარაკე თავები?“ „ბარბაროსები მოდიან!“  „და რატომ ამტვრევს ყველაფერს ხელისუფალი?“ „ბარბაროსები მოდიან!“ „და რატომ აღელდა ხალხი ასე უცაბედად?“ „ბარბაროსები მოდიან!“  „და რატომ გარბიან ნუვორიშები და პატრიოტები?“ „ბარბაროსები მოდიან!“  „და რატომ მიეშურებიან სახლში ასე ღრმად ჩაფიქრებულნი და დამწუხრებულნი ჩვენი მოაზროვნეები?“  „ბარბაროსები მოდიან!“  „და რატომ ვიწვნიეთ სისტემური მარცხი?“ „ბარბაროსები მოდიან!“  „და რომ არ მოვიდნენ, მაშინდელივით, მერე სად მივდივართ?“ „მივდივართ!“

            

              ***

სისტემის სისტემურ მარცხს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა: ციხე შიგნიდან გატყდა, ხალხი გარეთ გამოვიდა  და შეიქნა საერთო ლიტანიობა - ქალი და კაცი, მოხუცი და ყრმა, მაღალი და დაბალი, ყველა ერთხმად ადიდებდა თეთრ ვეშაპს და აქებდა ხვამლის მთის განძის მფლობელს...

ამინდიც ისეთი იყო, როგორადაც აკაკი წერეთელი აღწერს „ბაშიაჩუკის“ ბოლო თავში: „1659 წელში შემოდგომა მიწურულიყო, ზამთრის პირი მოახლოვდა, მაგრამ მაინც გაზაფხულის დღეები იდგა, თითქოს ქვეყნის დამშვიდებულ გულს ტაროსიც კი ეტკბილდასტურება.“ 

სწორედ ეს ამინდი იყო, ციხიდან ახალგამოსულმა ბაჩუკი წერეთელმა რომ შეიგრძნო ყველაზე მძაფრად - ამინდი და არა თავისუფლება; თავისუფლება არ შეუგრძნია - აკი ჭკუასუსტია...  ეს ამინდი ჯერ სახეზე მოედო, ოდნავ თვალებიც დაუბინდა, მერე მხრებზე, მკერდსა და ზურგზე დაუარა - სუსტი, თუმცა საამო ჟრუანტელი იყო... წელს ქვემოთაც სითბოს მოძალებას გრძნობდა - თეძოებიდან ყვერებამდე... განსაკუთრებით მაშინ, მელანო თევდორაძე რომ დაინახა, ასევე მაშინაც - დედამ რომ აბანავა და მერე კიდევ რამდენჯერმე, როცა სასეირნოდ წაიყვანეს...

ციხის მერე ქუჩაში სიარულს შეჩვევა უნდა - მარტო ბაჩუკისნაირ ხეიბარს კი არა - ყველა ნორმალურს, თუკი ვინმე, ვინც ციხიდან ახალი გამოსულია, შეიძლება ასეთად - ნორმალურად ჩაითვალოს.

მიდიან, დედა და მელანო თევდორაძე. ნაყინი უყიდეს, თავიანთთვისაც იყიდეს და ლოკავენ. ბაჩუკის ნაყინი ჩამოეღვენთა, ფეხსაცმელზე, დაეტყაპნა... ნაყინსა და მელანოს ერთნაირი სუნი აქვს: ბავშვობაში „პლომბირს“ რომ ალოკინებდა ხელიდან, მას მერე ჩარჩა ეს სუნი - ვანილისა...

გრძელ სკამზე ჩამოსხდებიან. დედა და მელანო თეთრი ვეშაპის ამბავს უყვებიან - ქალაქში რომ შემოცურდა...  ბაჩუკის თვალწინ ისევ გაყინული შავი ზღვა წარმოუდგება, მერე - ვეება თეთრი თევზი, მერე ავტობუსებს უყურებს და ამ ვეება თეთრ თევზებს მიამსგავსებს... მერე მელანოსთან ერთად ღიღინებს: რა მადლიანად ანათეეეებს... კინოს ბოლო კადრებიც წარმოუდგება: ცხენებზე ამხედრებული ბაშიაჩუკი, აბდუშაჰილი, მელანო და ბაშიაჩუკის და როგორ მოდიან ამ სიმღერით, ხოლო ბავშვები დგანან ღობეებთან და ხელს იშვერენ: „აი ბაშიაჩუკი! აი, ბაშიაჩუკი!“...

             

              ***

„აი, მონტე-ხომლი!“ ისმის საიდანღაც შეძახილი. მანქანები აღარ დადიან. ქალაქის მთავარ პროსპექტზე ხალხის მცირე ჯგუფი მოემართება - თორმეტი ტუსაღი მოაბიჯებს: ნაცემი, დალეული, გვემილი სახეებით. ამათ წინ კიდევ ტანდაბალი კაცი მოდის, სახელად „მონტე-ხომლი“ - ნელი ნაბიჯით, დინჯად, სახე უღიმის, ხალხს ხელს უქნევს და ესალმება; თავზე მინდვრის ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ადევს, მხარზე სახრე აქვს გადებული...  

ხოლო მთელს ამ პროცესიას, ბოლოში, მოჰყვება ქვეყნის ხელისუფალი, რომელსაც თოკზე თეთრი, წითელთვალება ნიანგი გამოუბამს და მოასეირნებს!   ცალ ხელში თოკი, მეორით კი ხელჯოხს ეყრდნობა... დროდადრო წაიბარბაცებს, რულმორეული თვალებით იყურება, გამვლელებს ხან გაუღიმებს, ხან იღუშება და ასე იტყვის: „რას მიყურებთ?! მე ჩემს თეთრ ნიანგს, სადაც მინდა და როცა მინდა, იქ და მაშინ გავასეირნებ, ხი ხი ხი! ჰე ჰე ჰე! იმიტომ, რომ ხელისუფალი ვარ - კონსტიტუციის გარანტი!“... თეთრი ნიანგი რვიანებით დაღოღავს, აქეთ-იქით იქაჩება... ხელისუფალი კი მეტყველებს, უცნაურ ლექსად, უფრო ზუსტად კი - რეპავს:

 „დიახ, მე თქვენ მოგეცით კონსტიტუცია,

თქვენ კი არჩიეთ პოლიტიკური პროსტიტუცია!

დიახ, ჩემმა კრრრაკადილმა შთანთქა თქვენი კრრრიმინალი

და დაღვარა ცრემლი - მან დაამარცხა კრემლი! 

ჩემი ალიგატორი გახლავთ რეფორმატორი -

არქიტექტორი ევრო-ვექტორის!  

დიახ მე გავაერთიანე სქესობრივი სიყვარული და არქიტექტურა,

თქვენ კიდევ - ანძრევთ და ყველაფერს ანგრევთ!

ხი ხი... ჰე ჰე ჰე... რომ დაგიჩემებიათ ეგ თეთრი ვეშაპი და კაშალოტი... ეგ ვეშაპი დიახაც მე შემოვიყვანე - ჩრდილო-ატლანტიკური წყლებიდან, მე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი არჩევანის სისწორეს!“

ჰო, ხელისუფალი მოაბიჯებს: გეოპოლიტიკური ბალღი, კაცი-ეპატაჟი,  როგორც ერთი რამ ჭეშმარიტი სალვადორ დალი, პარიზის ქუჩებში რომ დაიარებოდა - თოკზე გამობმული სენტიმენტალური ჭიანჭველაჭამიით...

ხელისუფალი და ნიანგი მეტრო-სადგურს რომ გაუსწორდებიან, გზიდან გადაუხვევენ და ესკალატორისკენ წავლენ... იწყებენ ჩასვლას - ჩასვლას ქალაქის არაცნობიერში... თეთრი ნიანგი იქაჩება, ხელისუფალი კი იმეორებს: „ბოლომდე ჩავყვები, ფსკერამდე!“

            

            ***

მერე მოხდა ისე, რომ მდინარე მტკვარში სამხედრო ხომალდი შემოცურდა: ჩრდილო-ატლანტიკური თანამეგობრობის კრეისერი, მწყობრიდან გამოსული სანავიგაციო ხელსაწყოებით, კურსს აცდენილი, მოხეტიალე ხომალდი სახელად „Rachel“ - რაქელ უნუგეშო, დაკარგულ  შვილებს რომ დაეძებდა...

 

***

შიგნიდან გატეხილი ციხის ბალა(ნ)და

ყველაფერი აირია დიდი თევზის სტომაქში,

როგორც იონას ფიქრები,

როგორც ქარში ფიფქები,

მღვრიე, როგორც ბალანდა,

ამას იტყვის ბალადა...

მექანიკური ფორთოხლები, ნიანგები თუ მარტორქები,

დეპენკები და კლუჩნიკები, სადისტები, მაზოქისტები,

პატრიოტები, მოაზროვნე-მრუდის-გამპრავებლები,

აფერისტები, გოთვერნები, ნუვორიშები,

ლეგიტიმური ქურდები და მოძალადენი,

მოსამართლენი, პროკურორნი, აქტივისტები,

მასტერები და მეგისები, კუდი და სოდი, ლჯბტ, მმკ, მრევლი,

მეტადონი თუ კოკაინი, ვაუჩერები და ფასადები,

ყველაფერი აირია დიდი თევზის სტომაქში,

როგორც იონას ფიქრები,

როგორც ქარში ფიფქები,

მღვრიე, როგორც ბალანდა,

ამას იტყვის ბალადა...

 

ხელისუფალი და მისი გუნდი - ხელ-გზა-მრუდენი,

მონსტრნი-მინისტრნი და მინი-ქვეყნის დიდ-მმართველები -

გულში ღვარძლით, ხელში უფლებით, 

თავში კიდე ნულოვანი ტოლერანტობით,

დედანი და დიდედანი, ცოლის საყვარლის ცოლის საყვარლები,

ფრაქციები და ფიქციები, უგნურ-ტრელ-წბილი ჟურნალისტები,

საზმაუ - სულის საზარლად საზმანი,

მარადიული ერორი, მოდელირებული ტერორი:

გადაცემა „პროფილი“ და გენმოდიფიცირებული კარტოფილი,

აგრესიული სალოსები და ბორდელები სხვადასხვა ბორდის,

ტრეინინგ-გავლილი, უფრო სწორად - განავალები,

კონსულტანტები, ლობისტები, ლიაზონები,

სენატორები, კვაკერები, მორმონები, ნეოკონები,

მსოფლიო ბანკი და ტრამპის ტრაკი, მაპი და ზმუკი:

ყველაფერი აირია დიდი თევზის სტომაქში,

როგორც იონას ფიქრები,

როგორც ქარში ფიფქები,

მღვრიე, როგორც ბალანდა,

ამას იტყვის ბალადა... 

 

სამი დღე და სამი ღამე რომ გაივლის,

ამათ ყველას მოინელებს დიდი თევზი -

უკანალში გაატარებს და წარსულის მოგონებებს მიაბარებს:

ამაოების მსახური ვერ ეღირსება წყალობას...

მაგრამ არის რაღაც, რასაც ვერ ინელებს დიდი თევზი

და მიწაზე ამოანთხევს, როგორც იონას:

ციხეებში ჩაკლულ სულებსა და სხეულებს; ჩაფურთხებულ და ჩარეცხილ გულებს; ნაწამებ და თავსლაფდასხმულ, პატივაყრილ მოქალაქეებს: სახიჩარად, ხეიბარად ქცეულ ქალებს, კაცებს, იმათ დედებს, მამებს, ცოლებს, ქმრებს და შვილებს; ოფიცრებსა და რიგითებს, გლეხებს და მუშებს, ინტელიგენტ-რუსეთუმეებს, სოციალისტებს, ანარქისტებს, უხერხემლო პოსტმოდერნისტებს, არტისტებს, ათლეტებს, ლოთებსა და ნარკომანებს; წართმეულ სახლ-კარს, ეზო-კარს, ვენახებსა და ბაღჩა-ბაღებს, მთავრობისათვის ნაჩუქარ ქონებას, რომელსაც ვერ მოვთვლი; უკანალში გარჭობილ ხელკეტებს, ბოთლებს, პლასტმასის მილებს, ცოცხებს, ხელბორკილებს, გისოსებს, ციხის კამერის „შუბა“ კედლებში მძრომიალე მწერებს და მღრღნელებს;  გამსკდარ სისხლძარღვებს, ნაწლავებს, შუბლებს და წარბებს, დაჟეჟილ თირკმლებს, ახეულ ნესტოებს, ყურებს, ჩალეწილ ლავიწებს, ხერხემლის მალებს, ნაღრძობ სახსრებს, გატეხილ თავებს, გადიდებულ ღვიძლებს, ჭლექიან ფილტვებს, ქვევრში ჩამხრჩვალ თოთო ბავშვს...

ამოანთხევს, როგორც მღვრიე ბალანდას

და მეც ამით ვამთავრებ ჩემს ბალადას...

       

დასასრული

         

                                                                                          თბილისი, 2013

 

 

 

 

 

 

 

 


[1] ნაადრევი ჭკუასუსტობა (ლათ.)

[2] „შკონკა“ – საწოლი ციხის ჟარგონზე.

[3] ჩემი მწერლური წამოსახვა ვერ გასწვდა რეალობას, რამეთუ რეალობაში უფრო „შთამბეჭდავი“ რამ მოხდა - ციხეში მეუღლესთან „სვიდანიაზე“ მისული ცოლი დეპენკებმა დაითრიეს, გაჟიმეს, ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღეს და მერე ტუსაღ ქმარს აჩვენეს... (ავტორის შენიშნ.)

[4] კლუჩნიკი - ზედამხედველი ციხის ჟარგონზე.

[5] „ქათმები“ - ჰომოსექსუალები ციხის ჟარგონზე.

[6] ამ ღირშესანიშნავი „პატიმრის“ სახელი და გვარი აქ შეცვლილია; ეს სუბიექტი, ციხეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელდასხმით, ფაქტობრივად მართავდა კოლონიას; „ერმენეგილდო ზენიას“ სამოსში გამოწყობილი, ხელში „ვერტუს“ მობილურით, თუმცაღა - ფლოსტებში დაიარებოდა.

[7] „ტოჰუ-ვაბოჰუ“ - პირველადი ქაოსი, უწესრიგობა (ძვ. ებრაული).

[8] „რუახ ელოჰიმ ამაჰიმ“ - სული ღმერთისა (ელოჰიმისა) დაჰქროდა (ძვ. ებრაული).

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE