„ნამდვილი მწერალი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის, რომელიც გაბედავს და მტარვალ მკითხველს საბოლოდ ეტყვის: ტრაკში გაიკეთე შენი მოთხოვნები, ძვირფასო“
ჯაბა ზარქუა
რატომ? პასუხები არსებობს. ამისთვის ჯაბა ზარქუას „მკითხველი უნდა მოკვდეს“ უნდა წაიკითხოთ. ამ ორი უნდას შემდეგ კი თავად გადაწყვიტოთ „ნამდვილი მწერალია“ თუ არა ჯაბა ზარქუა. ეს ისე, სიტყვებით თამაშისა და ცოტა ინტრიგისთვის და ცოტაც, დასაწყისისთვის. ვწერ მწერალზე, რომელსაც ფანატიკურად უყვარს თავისი საქმე... მედიცინა.
საძიებო სისტემა გუგლი კი მამცნობს, რომ 2009 წელს ჩატარებულა ლიტერატურული კონკურსის „ალუბლობა 2009“ პირველი პრემიის მფლობელი ჯაბა გამხდარა. 2010-ში ლიტსახელების კონკურსში „მეტრო“ - ასევე პირველი ადგილი დაიკავა. რომანმა „მკითხველი უნდა მოკვდეს“ ილიაუნის ლიტერატურული პრემია აიღო - წლის საუკეთესო რომანისათვის. იქით „15 საუკეთესოს“ კრებული იყო, აქეთ „წერო“. მის ანგარიშზეა მოთხრობების კრებული „ვარმშტადული პარადოქსი“, რომანი უკვე ვახსენე, კიდევ ბოლო დროს გახმაურებული აქცია, რომელიც ჯაბას იდეა იყო და მერე მთელ ქვეყანას მოედო - „მოხეტიალე წიგნები“... ვისაც მასზე არ გსმენიათ, ამ რამდენიმე მინიშნებით შეგიძლიათ მეტი გაიგოთ. მანამდე კი, ჩვენ ვილაპარაკებთ - ეს ამბები გუგლმა ჯერ არ იცის.
1988 წელს, 9 თებერვალს, თბილისში, თემქის სამშობიარო სახლში (როგორც თავად გადმოცემით იცის) დაბადებულა. დიდთოვლობა ყოფილა და სამშობიაროში ჯერ კიდევ მუცელში მყოფი, „ნივის“ მარკის მანქანით აუყვანიათ. თურმე ისე თოვდა, სასწრაფოებს გადაადგილება უჭირდათ. პირველი შვილი იყო. ცხადია, უხაროდათ: „მამაჩემს ახსოვს, როგორ გადმომახედეს ფანჯრიდან და როგორ ეწია სიხარულით ცას“, ამბობს. ეს ამბავიც არაერთხელ მოუსმენია, როგორც ალბათ უმრავლესობას - საკუთარი დაბადების, მერე მასთან დაკავშირებული ზეიმების. თუმცა, როგორც თავად ჯაბა ამბობს, „არაფერი განსაკუთრებული არაფერი ამ ამბებიდან - „ხრუშოვკელი“ ბავშვი ვარ, ტიპიური 90-იანის „ხრუშოვკელი“. თემქიდან დელისზე წაიყვანეს და იქიდან მოყოლებული იქ ცხოვრობს.
რა არის ის, რაც სულ პირველად გახსენდება ხოლმე ამ ხრუშჩოვკული ბავშვობიდან?
დიდი ბებია. ბებიაჩემის დედა, სახელად - ვარო. ნამდვილი სახელი არ იყო ეს, მაგრამ საიდან მოვიდა, რას ნიშნავს, კაცმა არ იცის, არადა მაინტერესებდა. 104 წლისა გარდაიცვალა სავარაუდოდ, მაგარი ვინმე იყო. დღემდე მახსოვს, როგორ ვწვებოდი მის ლოგინში და მიყვებოდა რაღაც უცნაურ მეგრულ ზღაპრებს, რომელთა სიუჟეტს ახლაც ვიცნობ, ვინმე რომ მომიყვეს. ჰო, მეგრული მან მასწავლა და ცოცხალი თავით არ ვაპირებ დავიწყებას ან კი როგორ უნდა დავივიწყო, მაგრამ მაინც. მის ლოგინში შეწოლილი და საბანამოკეცილი ძალიან, ძალიან მყუდროდ ვგრძნობდი თავს და ეს სიმყუდროვის შეგრძნება არასდროს დამავიწყდება. საბანს დღემდე უკიდურესად პედანტურად ვიკეცავ ლოგინის ქვეშ, არაა გამორიცხული იქიდან მქონდეს გამოყოლილი. ვარო პირდაპირი ქალი იყო, ვიღაცეებისთვის კი შეიძლება უხეშიც, თუმცა, მე მისი ფავორიტი ვიყავი, შვილიშვილებზე მეტად ვუყვარდი მგონი. როცა წერას უკეთ ვისწავლი, ვარო აუცილებლად იქნება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პერსონაჟი.
ჯაბა - ხუთი წლის, ათის, თხუთმეტის - რა უნდა, რა აინტერესებს, როგორია, რა ადარდებს, რა რა უხარია, რას უმიზნებს. იცის, რომ ინფექციონისტ გასტროენტეროლოგი (ღმერთო, ნეტა, სწორად ვთქვი?) უნდა გახდეს?
ვიქნები ბანალური და ვიტყვი, რომ კითხვა ბავშვობიდან მაინტერესებდა. ზუგდიდში როცა ჩავყავდი ჩემებს, ვიწყობდი ჩემს კომფორტულ კუთხეს ან ლოგინზე ან იზოლირებულ უკანა ოთახში ან სხვაგან სადმე და ვკითხულობდი დღეში 5-6-8 საათი. ჰო, წერაც მიყვარდა. მახსოვს, რაღაც სისულელეებს ვწერდი, ვფანტაზიორობდი. კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა ფოთიდან ავსტრალიამდე თუ რაღაც მსგავსი სათავგადასავლო რომანიც მქონდა დაწყებული - გაშლილი მქონდა პოლიტიკური რუკა (იქ ეწერა დედაქალაქები, ფართობი, მაცხოვრებლები და მსგავსი მშრალი ციფრები) და მივყვებოდი სკრუპულოზურად, პრაქტიკულად ვმუშაობდი. კაპიტანი ჰატერასი კი ჟიულ ვერნს მოვპარე. მოვპარე რა, უფრო გადმოვიღე. მაშინ არ ვიცოდი სიტყვა „პოსტმოდერნიზმის“ შესახებ, მაგრამ გული კი მიგრძნობდა, რომ ჩემს საქციელს მთლად ქურდობა არ უნდა რქმეოდა. ექიმობის შესახებ წარმოდგენა მეცხრე კლასში გამიჩნდა. შემომთავაზეს, სამედიცინო კოლეჯში ხომ არ ჩააბარებდი, არ გინდაო? ვიფიქრე და რატომაც არა-მეთქი. ძალიან არასერიოზული და ნაადრევი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა, სიგიჟემდე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი იდენტობის ნაწილია.
1988 წელს დაიბადე. შესაბამისად, ცხრა აპრილი, მთელი ის ამბები არ გემახსოვრება, მაგრამ საიდანაც გახსოვს, რა ქვეყანა იყო, დღეს როგორ გახსენდება?
ბუნდოვნად მახსოვს სამზარეულოში შეყუჟულობა - ჩვენი სახლის ლოჯია ქუჩაზე გადიოდა და იქ არ ვიკრიბებოდით ხოლმე იმიტომ, რომ ვინმე მთვრალ მხედრიონელს შეიძლება კორპუსი დაეცხრილა. ერთ ციდა სამზარეულოში ისხდნენ უფროსები და მე. ძალიან კარგად მახსოვს. კიდევ მახსოვს ჩემი დევნილი ნათესავები, რომლებიც ომის შემდეგ ჩვენთან ცხოვრობდნენ და საერთოდ, ძალიან ბევრი ხალხი მახსოვს. ოროთახიან „ხრუშჩოვკას“ ამდენის დატევა თუ შეუძლია, დღევანდელი ბავშვი ნაღდად ვერ წარმოიდგენს ამას და მე კი ჩემი თვალით მინახავს. და ყველაზე კარგი რა არის იცით? საერთოდ არ ვწუხდებოდი, რაღაცნაირად მშვიდად ვიყავი ამდენი ჩემიანის ყურებით. მერე უფრო ჩაკეტილი გავხდი და პირადი ტერიტორიის თავგამოდებული მაძებარი, ბავშვობაში კი, როგორც ჩანს, ასეთი არ ვიყავი.
რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა? ცელქი იყავი?
პირიქით, ძალიან დამჯერი და ავადმყოფი ვიყავი. სერიოზული არაფერი, უბრალოდ ფებრილური გულყრები (მაღალი ტემპერატურისას როცა მოგდის გულყრა, აი, ეგ), ხშირი ავადობები, ამბები... გატანჯული მყავდა ჩემები, თუმცა პედიატრიაში მცირე გამოცდილების მიღების შემდეგ ჩემებს ვეუბნები, რომ ჩემს ავადობებზე ნუ წუწუნებენ, უხერხულია მართლა. მოკლედ, სადაც დამდებდნენ, იქ ვიყავი საათების განმავლობაში. დამიყრიდნენ ქვაბებს, წიწიბურას, ბრინჯს, რაღაც მსგავს საყოფაცხოვრებო საგნებს თუ პროდუქტებს და ვთამაშობდი ჩემთვის. რას არ მივცემდი, ჩემი იმდროინდელი ფანტაზიები რომ მაჩვენა, ძალიან მაინტერესებს ქვაბისგან, ბრინჯისგან და სათამაშო მანქანისგან რა სამყარო შეიძლება ააგოს ადამიანის ტვინმა.
ბუღალტერი მამა და ექიმი დედა. დედამ თავისი კარიერა ფაქტობრივად, მე შემომწირაო, მეუბნება და აი, შედეგიც - მწერალ ჯაბა ზარქუას კარგი ექიმობის ორმაგი მოტივაცია აქვს. ექიმ ჯაბა ზარქუას კარგი მწერლობის? კარგი, მწერლობაზეც, დაბლაც ილაპარაკებს.
რადგან დედა წარმოშობით ზუგდიდიდანაა, მამა კი წალენჯიხიდან (ორმაგად მეგრელია) ბავშვობა და სამეგრელო განუყოფელი იყო. არდადეგები, ჩემოდნები. როგორც ხდება. მერე, დრო რომ გავიდა, მოხუცებიც ნელ-ნელა გარდაიცვალნენ, იქ ხშირად ჩასვლის მოტივაციაც გაქრა. ახლა უფრო იშვიათად, „შიგადაშიგ“ მოახერხებს ხოლმე ჩასვლას. ჩარბენას - ხო, ეს უკეთესი სიტყვაა.
ექიმის გარდა გინდოდა კიდევ რამე გამოსულიყავი?
ალბათ, ჟურნალისტი. სტუდია „ართ-ჰოლში“ დავდიოდი ბავშვობაში, ჟურნალისტურ წრეზე, გოგა პიპინაშვილის სტუდია იყო. გაზეთს გამოვცემდით, სტატიებს ვამზადებდით, ინტერვიუებს ვწერდით იმდროინდელ „სტარებთან“, საქმეში ვიყავი და ძალიან მომწონდა ეს ფუსფუსი. ახლა ბედნიერი ვარ, რომ ექიმობას გავყევი და არა ჟურნალისტობას, მითუმეტეს, პრესის ჟურნალისტობას. იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია პროფესია, რომელიც შეიძლება ექიმობაზე მეტად მიყვარდეს. რაღაცნაირად აროგანტულადაც ვუყურებ ყველა დანარჩენ პროფესიას, არასერიოზულ და გასართობ საქმეებად მეჩვენება ყველაფერი მედიცინასთან შედარებით.
და რა არის მაგ პროფესიაში ისეთი, რამაც ეგ გადაწყვეტილება მიგაღებინა?
გადაწყვეტილება როცა მივიღე, დიდად არ ვიცოდი რა იყო ამ პროფესიაში „ისეთი“, მაგრამ ახლა ვხვდები - საშინლად აზარტული საქმეა, რომლის განვითარებაც არასდროს მთავრდება და სადაც გაჩერების ფუფუნება არ გაქვს. თუ გაჩერდები - მოკვდები. სულ უნდა იარო, მიყვე ტენდენციებს, „აფდეით“ გაუკეთო ტვინს, იაზროვნო, ოდნავ მოდუნდები თუ არა უკვე აღარ ვარგიხარ. უდიდესი სიამოვნებაა, როცა კარგად და სწორად მართავ პაციენტს და ისიც მოგყვება და შედეგიც გაკმაყოფილებთ, ამას, ალბათ, არაფერი აჯობებს. ერთი სული მაქვს როდის ავიღებ ლიცენზიას (ეშმაკმა დალახვროს ბიუროკრატია!) და როდის დავიწყებ დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობას. ერთი წელიღა დამრჩა, უფრო ნაკლები. ფანატიკურად მიყვარს ეს საქმე და თან უანგაროდ - სიტყვაზე მარკეტოლოგი, ფინანსისტი ან რამე სხვა პროფესია რომ ამერჩია, ახლა მექნებოდა მშვენიერი ხელფასი ზრდის პერსპექტივით. როცა ფული არ მაქვს, ზოგჯერ გამკრავს ხოლმე კიდეც გულში, რომ იქნებ მასეც სჯობდა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ არა. როდის ვხვდები, იცი? როცა ჩემს ნაცნობებს და მეგობრებს ვუყურებ, როგორ ეზიზღებათ საქმე, რომელიც მათ აჭმევს. როგორ ერთი სული აქვთ ამ საქმეს დაუძვრნენ. ამ დროს თვითკმაყოფილების განცდა მეუფლება - მე ხომ ჩემი საქმე მიყვარს? აკეთო ის, რაც გიყვარს - დღეს ყველაზე დიდი ფუფუნებაა.
მწერლობას და მედიცინას აქვს რამე საერთო?
მწერლობას არაფრით ჰგავს მედიცინა, ყოველ შემთხვევაში ჩემს მწერლობას. აი, ჰემინგუეი რომ ვიყო, კიდევ ჰო, მაგრამ ჯაბა ზარქუას მწერლობას არ ჰგავს - მედიცინას სჭირდება რაც შეიძლება მეტი სიმშრალე, მოკლედ მოჭრილი და საქმიანი სიტყვა, უკიდურესი პრაგმატიზმი და ნაკლები ირაციონალიზმი. ჩემი მწერლობა კი რადიკალურად განსხვავდება, თუმცა რაღაცებში მაინც მეპარება ხოლმე სამედიცინო სკრუპულოზურობა, თუმცა რა უჭირს, იყოს.
ახალი დღე. ჯაბა ზარქუა სამედიცინო ცენტრ „მრჩეველში“ მიდის, სადაც ჰეპატოლოგის (გლეხურად - ღვიძლის ექიმი - თან მიხსნის) ასისტენტია და ლიცენზიის აღების შემდეგ ამავე პროფესიის გახდება. ჯერჯერობით, სამედიცინო რუტინაა - მეილების გზავნა, სტიპენდიებისა და გრანტების განაცხადების შევსება, მეილების ლოდინი, პაციენტები, რუტინული პაციენტები, საინტერესო პაციენტები, ურჩი პაციენტები, უცნაური პაციენტები და ა.შ.
კარგი ექიმი რომ გახდე, მაგისთვის რამე ოქროს წესები არსებობს?
ალბათ, უნდა გიყვარდეს საქმე. მე არ მესმის ძალით სამედიცინოზე როგორ აბარებენ ხოლმე, ძალით ფილოლოგობა გამიგია, ისტორიკოსობა გამიგია და იურისტობაც, მაგრამ მედიცინით რატომ იტანჯავენ თავს, თუ არ უყვართ? ისეთი საქმეა, რომელიც ან ყველაფერს ან არაფერს ითხოვს შენგან. თუ გიყვარს, ფანატიკოსს გხდის და თუ არ გიყვარს - ჯოჯოხეთად გიქცევს ცხოვრებას.
და კარგი მწერალი რომ გახდე, მაგისთვის?
აქაც ალბათ, იგივე - სიყვარული, მუღამები, შრომის მართვა (ეს პროზაიკოსებითვის აუცილებელია. პოეტებს შრომის მენეჯმენტი არ სჭირდებათ, პროზაიკოსებს - კი. ჩვენ ნაწერებს ერთ ღამეში ვერ ვწერთ, ემოციები კი ერთ ღამეში იფანტებიან).
სულ პირველად პატარა მინიატურა „კედელი“ დაწერა - ვიღაც ინგლისელ თუ ინგლისურგვაროვან ბიჭზე იყო, რომელიც კედელს ელაპარაკებოდა. რა უნდოდა ამ კედლისგან, არ ახსოვს. მერე ეს ტექსტი სადღაც მიიკარგა და მიივიწყა. „ართ-ჰოლში“ სიარულის პერიოდში წერა და დაწერილის სხვებისთვის გაზიარების სურვილიც გაუჩნდა.
წერას სხვა რა პროცესს შეადარებდი?
ალბათ, რაღაც ჰიბრიდია მაღაროელის შრომისა და სექსის.
შენი პასუხი არანაკლებ ბანალურ „რატომ წერზე“, რა იქნებოდა?
ვეძებ ჩემს ტერიტორიებს. ტერიტორიების, სახლების ძიების დაუოკებელი სურვილი მაქვს და ალბათ წერით ამ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებ.
და როცა წერტილს სვამ ხოლმე, ეგ რა შეგრძნებაა?
ენით აუწერელი კმაყოფილების და საშინელი მოთხოვნილების, რომ დროზე წააკითხო ვინმეს, ნებისმიერს ვინც ხელში მოგხვდება.
და წერის შენეული - მანერა, აკვიატება, ჩვევა როგორია?
ყველა საქმეში მიყვარს „ჩაჯდომა“. აი, რო ჩაუჯდები გემრიელად. წერის დროსაც შუქებს ჩავაბნელებ, დაბალ განათებას დავტოვებ (პრინციპში ისედაც ასე ვარ, დაბალი განათება მიყვარს), ლეპტოპს მოვიმარჯვებ (ხელითაც მიცდია, მაგრამ მაინც ლეპტოპს ვანიჭებ უპირატესობას) და დავიწყებ. ათასნაირი მეთოდი მიცდია, ცხადია, ყველა ჩემი გამოგონილი, თუმცა ოქროს სტანდარტს ჯერ ვერ მივაგენი. იდეები საკმარისი მაქვს, უბრალოდ, მათ გაფილტვრას ვერ ვახერხებ და ვირევი. ბოლო წიგნის მერე ორი წელი გავიდა და ერთი სამი ნაწარმოები დავიწყე და შევწყვიტე, არც დამენანა. ახლა კიდევ ვწერ რაღაცას. მგონია, რომ მუშაობის სქემას ვეძებ, რომელსაც ჯერ ვერ მივაგენი და მაგიტომაც ვიჭედები და არა იმიტომ, რომ სათქმელი და იდეა არ მაქვს. მგონია, რომ ამ ბოლო ნაწერს დავამთავრებ. პრინციპში, წინა სამზეც ასე მეგონა, მაგრამ ამაზე განსაკუთრებულად მგონია მაინც.
ჟანრი, რომელშიც დაწერდი, თავიდანვე განსაზღვრული გქონდა?
ასე ძალით და ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგად არაფერი ამირჩევია ცხადია - თავისით მოვიდა. წერის დროს მიყვარს ფანტაზიორობა, გამომგონებლობა და ლოგიკური იყო, რომ საიფაიმდე მივიდოდი ადრე თუ გვიან, თორემ საიფაის გადამკვდარი ფანი არ ვყოფილვარ არასდროს.
ზოგადად, სამეცნიერო ფანტასტიკით რის თქმა შეიძლება უკეთესად, როგორ გგონია?
აბსოლუტურად ყველაფრის, ძალიან მაგარი ყალიბი და ფორმაა საიფაი, რომელშიც შეგიძლია ყველაფერი ჩაასხა, ნებისმიერი ჟანრი. გული მწყდება, როცა ბანალურ საიფაის ვკითხულობ ან ვუყურებ, ბანალური სიუჟეტებით და ორგროშიანი სიბრძნეებით. ასე არ ვიზამ. მაქვს ამბიცია ახალი ფორმების დამკვიდრების და ახალი სათქმელის თქმის, რა გამომივა - ვნახოთ.
კარგი და, მკითხველი რატომ უნდა მოკვდეს?
ოოო არა, შენ ხარ საიუბილეო მეათასე ადამიანი, რომელიც ამ კითხვას ამ ფორმით მისვამს სიუჟეტურად უწევს სიკვდილი, თორემ ისე რას ვერჩი. საერთოდაც, ეს სათაური იმიტომ დავარქვი, რომ ეს კითხვა გასჩენოდა მკითხველს და ავტორისთვის კი არ ეკითხა, წიგნი წაეკითხა და იქ გაეგო პასუხი.
მკითხველზე ფიქრობ ხოლმე წერის დროს?
წერის დროს არა, წერამდე და წერის შემდეგ ალბათ უფრო. წერის დროს არაფერზე ვფიქრობ პერსონაჟების გარდა. როცა ვფიქრობ, მაშინაც მცირე დოზებით, ათასი რამე მაქვს საფიქრალი ისედაც.
რა გინდა, რომ გაიფიქრონ, როცა შენს წიგნს ხელში აიღებენ და წაიკითხავენ?
„ვა რა მაგარია, ქართველი ავტორია? ასეთი არაფერი წამიკითხავს ქართულ ლიტერატურაში“ - ალბათ მინდა ეს გაიფიქრონ, თუმცა წინ ბევრი სამუშაოა ჯერ.
„ვარმშტადული პარადოქსიდან“ რომანამდე „მკითხველი უნდა მოკვდეს“ რა გზა იყო? ცვლილებებზე ფიქრობ ხოლმე სტილში, თემებში?
კი, სტრუქტურის ცვლილებებზე ვფიქრობ და ფორმებს ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი და დიდი ცვლილებები ფურცელზე ასე არ ჩანს ხოლმე და შეიძლება მკითხველს გამოეპაროს კიდეც, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია მე ვიცი საითკენ და რა უნდა შევცვალო. თემა ძირითადად ერთი მიტრიალებს თავში და ამ ერთს სანამ არ ამოვწურავ, არ მოვისვენებ ისე. ერთი ცხოვრება ალბათ არ მეყოფა, ვნახოთ.
ძალიან აქტიური ხარ ხოლმე ლიტერატურულ კონკურსებზე - შენთვის რას ცვლის ასეთი პატარა-პატარა გამარჯვება-აღიარებები?
თავდაჯერება მემატება. ძალიან მაკლია თავდაჯერება და როცა ვუყურებ ამდენ თავდაჯერებულ იდიოტს გინდა მწერლობაში და გინდა ზოგადად, ცხოვრებაში, ნერვები მეშლება. რაღაც მხრივ კარგია, რომ თავდაჯერებული არ ვარ, მაგრამ რაღაც მხრივ ცუდია და ხელსაც მიშლის.
ვინ არიან შენი მთავარი გმირები, ზოგადად როგორ დაახასიათებდი მათ? უფრო გძულს თუ უფრო გიყვარს ისინი?
არცერთი არ მძულს. მინდა, რომ საძულველი ტიპები შევქმნა, რომელიც მკითხველს შესძულდება, მაგრამ მე მეყვარება. ყველა მიყვარს, რაღაცნაირად მეცოდება ზოგიერთი მათგანი, თუმცა არა აროგანტულად და ქედმაღლურად, აი, ადამიანურად მეცოდება, ალბათ ისევე, როგორც საკუთარი თავი - ზოგჯერ.
რას ჰგავდა ის შეგრძნება, როცა პირველად წერას შეუდექი და და დღეს რად იქცა ის - შენს ჰობად, საყვარელ საქმედ? პროფესიადაც?
არ მახსოვს ასე პირველი წერის შეგრძნებები და ვისაც ახსოვს - მგონია რომ იტყუება და იგონებს. ახლა წერა ჩემი მეორე საქმეა, პირველი მედიცინაა. მიმართლებს საქმიანობებში - ყველა მათგანი სიამოვნებას მანიჭებს.
როგორ ფიქრობ, რა არის 21-ე საუკუნის მწერლობის მთავარი სათქმელი? დარჩა რამე რაც არ თქმულა?
სათქმელს რა დალევს, ფორმებს რა დალევს... არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ „ყველაფერი უკვე ბიბლიაში ჩაიწერა, ახალი რაღა უნდა თქვა“ და ა.შ. არ ვართ მასეთი პრიმიტიული არსებები. ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შრეებს გვიხსნის ცნობიერებაში, რასაც სჭირდება ანალიზი, აღწერა, გამოთქმა. ასეთ დროს ხომ არასდროს გვიცხოვრია? როგორ შეიძლება სათქმელი არ გვქონდეს არაფერი ყველაფრის გადაფასების და გადააზრების ეპოქაში.
ამბიციური ხარ? და თუ კი, რაში გამოიხატება? და თუკი არა, რა არის ის, რაც გეხმარება წინ წახვიდე?
ვარ ამბიციური და მიმაჩნია, რომ ნიჭიერი მწერალი ვარ. მეტსაც გეტყვი - ბევრი აღიარებული ნიჭიერი ახალგაზრდა საერთოდაც უნიჭოდ მიმაჩნია. იმდენად ამბიციურიც არ ვარ, რომ თავს ვაბეზრებდე ამით გარშემომყოფებს და იდიოტივით ვიქცეოდე. კონტროლი არ დამიკარგავს საკუთარ თავზე და იმედია არც დავკარგავ არასდროს. პარადოქსია ისე, ზემოთ ვამბობდი, თავდაჯერება მაკლია-თქო, ახლა გეუბნები, თავი ნიჭიერ ადამიანად მიმაჩნიათქო. ასე ვარ - ხან როგორ, ხან როგორ.
როგორ ფიქრობ, რა ენაა ის ენა, რითიც დღეს ქართველი მწერლები წერენ?
ფეისბუქის სტატუსების ენაა ალბათ ის ენა, რასაც ქართველი მწერლები ხმარობენ წერის დროს. სიზარმაცის ბრალია ან ნიჭის ნაკლებობის ეს ამბავი. ფეისბუქის სტატუსების ენაში არ ვგულისხმობ სიმარტივეს და უბრალოებას, არამედ უფრო ერთფეროვნებასა და ზედაპირულობას, ერთნაირობას, არაფრისმთქმელობას.
შენ რა გიყვარს და რა არ გიყვარს ლიტერატურაში ზოგადად?
მიყვარს მეტი ფანტაზია და მიმზიდველი სტრუქტურა ლიტერატურაში. არ მიყვარს ბლოგი ლიტერატურაში, მეჯავრება უსახური ბლოგურატურა.
სადღაც გადავაწყდი, რომ დოსტოევსკი და კაფკა გიყვარს, ისინი კვლავ შენს უცვლელ ავტორებად რჩებიან?
პირველად მაინც ესენი მახსენდებიან, თუმცა საუკუნეა არ წამიკითხავს არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ ჩაჯდნენ ტვინში, დამავირუსეს და ვარ მას მერე ასე. სხვა ავტორები მიდიან და მოდიან, ესენი კიდევ ჩაილექნენ მძიმე მეტალებივით.
შეგიძლია თქვა რომელიმე მწერალზე - აი, ასე მინდა ვწერო.
არ შემიძლია.
რისი მიღწევა გინდა მედიცინაში და რისი მწერლობაში?
მაქსიმუმის, რასაც ჩემი ძალები მიმაღწევინებენ. რა არის ეს მაქსიმუმი კონკრეტულად - არ ვიცი, დრო გვანახებს. უბრალოდ მინდა, რომ სიკვდილის პირას მისულს უკმაყოფილების განცდა არ დამრჩეს, რომ რაღაცის გაკეთება შემეძლო და დავაკელი, ვერ გავაკეთე. მკვდარს ვინღა ამაყენებს მერე ამისთვის.
მგონი რომანზე მუშაობ? რაზე იქნება?
უკანასკნელ ექიმზე პლანეტაზე. მესამე რაიხია, ჯუჯა სახელმწიფოებია (ზემოთ რომ ვამბობდი ჩემს სამყაროს ვქმნითქო, ეგაა) და კონექტომიკაა, ანუ მეცნიერება უკვდავების შესახებ, განხორციელებული უკვდავება. მედიცინა ირაცხება ანტიჰუმანურ და კრიმინალურ საქმიანობად, ექიმები გადადიან მიწისქვეშეთში და მოდის ახალი ტოტემი - უკვდავი ადამიანი. ამ გარდამავალ პერიოდზე მინდა დავწერო და ვნახოთ რა გამოვა, დაწყებული კი მაქვს. ის მოთხრობაც, რომელიც ამ ნომერში იბეჭდება, ფაქტიურად ერთი-ერთი თავია ამ რომანისა.
ადამიანებს რის მიხედვით ან რის გამო ირჩევ? შენს ადამიანებზე გეკითხები.
არ ვირჩევ, მოდიან და რჩებიან ბუნებრივად, ზედმეტი არჩევების გარეშე.
საქართველოში მწერლის ცხოვრებას რას შეადარებდი?
ეთიოპიელი ჰიპსტერის ცხოვრებას - არავის სჭირდები.
ჯავახიშვილზე არ გეკითხები (ვიცი, რომ გიყვარს) და ქართველებიდან, თანამედროვე პროზაიკოსებიდან გყავს ისეთი მწერალი, ვიზეც შეგიძლია თქვა, რომ აი, ის არის მწერალი.
თანამედროვეებიდან აკა მორჩილაძე და ირაკლი სამსონაძე, მწერლები და შემდგარები თან. თანამედროვეებიდან ეს ორი გამახსენდა უცბად.
ზოგადად, როგორ გგონია, რა არის ამისათვის საჭირო? მაგალითად, ერთი თუნდაც ძალიან მაგარი წიგნის დაწერა კმარა?
კი, შეიძლება ერთიც კმაროდეს, თუმცა ერთწიგნიანი მწერლები არ მიყვარს. ციკლების და სიმრავლეებისკენ მაქვს მიდრეკილება. ამოწურული სათქმელის არ მესმის, როგორ შეიძლება რამე ამოწურო ამ საოცარ დროში და სამყაროში? რამხელა ამბიციაა რამის „ამოწურვაზე“ პრეტენზია, ღმერთო ჩემო.
შენი ყველაზე დიდი თავგადასავალი რა არის, რაც გადაგხდენია?
ომში ვიყავი 2008 წელს სამი დღის განმავლობაში, ამაზე დიდი და დასამახსოვრებელი და მსგავსი სიმძაფრის იმედია არაფერი გადამხდება არასდროს.
ტაბუირებული თემები არსებობს შენთვის?
არანაირი.
ცდუნებებს შორის რაზე არ/ვერ ამბობ ხოლმე უარს?
სიგარეტს ვებრძვი თავგამოდებით, ჯერ მჯობნის ეგ ძაღლისშვილი, მაგრამ ვუძალიანდები და ნერვები მეშლება, რომ ბოლომდე ვერ გამოვუყვანე წირვა. მეზიზღება და მიყვარს.
შენს ნაწერებში შენ თავად რა დოზით ხარ?
ყველგან მე ვარ. ამის თქმა საქართველოში სახიფათოა იმიტომ, რომ ვინმე პერვერტი პერსონაჟის მონოლოგებს შენს მონოლოგებად გაასაღებენ მერე პერვერტი და გარყვნილი ჟურნალისტები და მათი მკითხველები, მაგრამ მკიდია - ჩემს ნაწერებში მე ვარ დიდი დოზებით, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად. ზოგან საერთოდაც შეიძლება ისე ვიყო, რომ ვერც ვაცნობიერებდე.
გერმანია ასე რატომ აიჩემე? რამე განსაკუთრებულია, რაც იქით გექაჩება?
მართლა ვიცი ხოლმე რაღაცების აჩემება და თავს ვირწმუნებ, რომ ეს რაღაც ჩემია, მე მჭირდება და ჯერ ყველა ასეთი აჩემება მართლა ჩემი გამხდარა ორგანულად. გერმანიაზე დარწმუნებული ვარ, რომ საჩემო ქვეყანაა მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ვარ ნამყოფი. მკაცრი სტრუქტურიზება, წესრიგი და ენის ჟღერადობა ისე მომწონს, რომ როცა გერმანული მესმის, ბავშვივით მიხარია. მინდა ამ ენაზეც ვწერდე და ვლაპარაკობდე გამართულად, ქართულივით. საერთოდ ჟღერადობებს დიდ ყურადღებას ვანიჭებ ისევე, როგორც ფორმებს.
ჯაბა და პოლიტიკა - რა კავშირი არსებობს ამ ორ სიტყვას შორის?
დიდი კავშირია და ჩემს შემოქმედებაში ეს აუცილებლად აისახება. მასობრივი ფსიქოლოგია და მასების მართვა, პროპაგანდა - ჩემი სუსტი წერტილებია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში არასდროს გამოვიყენებ, თუმცა, ნაწერებში - იცოცხლე.
არის რამე, რაც ძალიან გინდა რომ გააკეთო და იცი, რომ არასოდეს გამოვა?
ყველაზე მეტად მინდა უკვდავები ვიყოთ და მართლა მჯერა, რომ 2050 წელს თუ გადავაცილე, მერე იქნება რაღაც შანსები, სრული სერიოზულობით, არ ვხუმრობ. ეს მინდა რომ მოხდეს და არ მგონია, რომ არასდროს გამოვიდეს, ერთი მეშინია, რომ მე ვერ მოვესწრო და იქითა საუკუნეში გადაინაცვლოს ამის პერსპექტივამ, თორემ აუცილებლად გამოვა ადრე თუ გვიან.
როგორი გინდა იყოს შენი, ჯაბა ზარქუას ადგილი მწერლობაში?
ჩემი სამყარო მინდა შევქმნა, ჩემი ტერიტორია, რომელიც იქნება უნიკალური და მხოლოდ ჩემი სავიზიტო ბარათი. ახლა პირველ აგურებს ვდებ, ვნახოთ რა გამოვა.
რამდენიმე თვის წინ მოხეტიალე წიგნების ამბავი რომ წამოიწყე, თითქოს მინელდა. ფიქრობ, ხეტიალის დრო დასრულდა?
მოხეტიალე წიგნების იდეა, ისევე როგორც ალბათ ყველა იდეა დედამიწის ზურგზე, გაჩნდა სპონტანურად. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ კვირა საღამო იქნებოდა ალბათ, იმიტომ რომ კვირა საღამოს ვაწყობ ხოლმე გეგმებს წარსული კვირის მივიწყებისა და ორშაბათიდან ახალი ცხოვრების დაწყების შესახებ, ჰოდა არაა გამორიცხული რომ ერთ-ერთი ასეთი “დალაგების" დროს მომაფიქრდა წიგნების ხეტიალი. მაშინ მსგავსი უცხოური გამოცდილების შესახებ წარმოდგენა არ მქონდა, არაფერი მომიძებნია წინასწარ, მერე აღმოვაჩინე ბუქქროსინგი, რომელიც კონცეფციით განსხვავდება მოხეტიალე წიგნებისგან. წიგნზე წარწერის გაკეთება საკუთარი ხელით და თვითიდენტიფიცირება წიგნთან იყო ამ პროექტის მყისიერი წარმატების საიდუმლო, ალბათ. ყველას უნდა ასოცირდებოდეს რაიმე ცალსახად კარგთან. ეს ცალსახად კარგი საგნები კი ცოტაა ამქვეყნად, ამ ცოტადან კი ერთ-ერთია წიგნი, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, პრინციპში. ძალიან მწყდება გული, რომ მიინავლა ეს ამბავი, მგონია რომ ცოტა ფული რომ მქონოდა, ბევრნაირად განვავითარებდი ამ თემას, მოხეტიალე წიგნების სახით ერთგვარი ახალგაზრდული მოძრაობის დაწყებაც კი მინდოდა, მაგრამ მერე დავენარცხე მიწაზე და მივხვდი რომ ფულის გარეშე იდეები ვერ ვითარდება, როგორც წესი და ამიტომაც გავიყინეთ ერთ ადგილას. თუმცა მთავარია რომ სათქმელი ითქვა და დაფიქსირდა, ტვინიდან რა ამოშლის ამ ამბავს, ოდესმე აუცილებლად გავიხსენებ და ამოვატივტივებ ახალი ძალებით, მეორე, მძლავრი ტალღაა საჭირო, წიგნიერების ყოვლისმომცველი ტალღა, რომელმაც უნდა წალეკოს ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, წიგნების აპოკალიფსი. ცუდია, რომ ცალსახად წიგნებთან ასოცირებულმა ქართულმა კომპანიებმა იდეაში ჩართვაზე უარი მითხრეს. თავიდან აჟიტირებულ და ცხელ გულზე ტელეფონი არ ჩერდებოდა, მერე დაიკიდეს, საქმე-საქმეზე რომ მიდგა. არადა მე რომ ფულიანი ბიძა ვყოფილიყავი, ამ იდეას აუცილებლად გამოვიყენებდი თუნდაც კუდაბზიკობისთვის და დადებითი .ეგ არაფერი.
შენს თავს რას ჰკითხავდი?
არაფერს ვეკითხები, ძირითადად ვმბრძანებლობ საკუთარ თავზე. მბრძანებელი კი კითხვებს არ სვამს.