ნინია სადღობელაშვილის დედამიწელობა და ხედვის ისრები


ნინია სადღობელაშვილის დედამიწელობა და ხედვის ისრები




ინო სადღობელაშვილის ტექსტებში ბევრი ამბავია. დავიწყებ იმით, რაც არ არის: უყვარს, როცა „ნინიას“ ეძახიან, ამიტომ... ნინია სადღობელაშვილის ტექსტებში ბევრი ამბავია და როგორც მრავალფიგურიან ფაზლზე, ზოგჯერ ერთი წინადადებით, ერთი აბზაცით, დროსა და სივრცეში გაფანტული სხვადასხვა დეტალით, ოსტატურად „ლაგდება“ თუ „იკინძება“ დიდი და შთამბეჭდავი სურათი და მნიშვნელობა არ აქვს, ლექსს კითხულობ, ნოველას თუ რომანს.

ომს გადარჩენილები თუ სიყვარულს შეწირულები, უღელშებმულები თუ გაქცეულები, იღბლიანები თუ მიტოვებულები - ადამიანური ყოფის მთელი სიღრმე და სიმაღლე ისეა მოთხრობილი, რომ სულ გახსოვს ყველა „მარტოქალი“ და „მარტოკაცი“, ყველა გზის დასაწყის-დასასრული; გახსოვს, დაღმართზე დაგორებული საზამთროები ქვებად როდის იქცევიან, ზებედეს ვარსკვლავი, იადონას დაკრძალვა, მთამსვლელის სიკვდილი, ჩიტები და ფრთები, დროის მანქანაზე მეოცნებე ღრუბელივით ბიჭი, იანვარში მოსული ოქროსფერი თოვლი და კიდევ ბევრი სხვა... და ფარდის უკან დამალული დედა, რომელიც დაბერდა და რომელმაც "თვალი შემასწრო და ბავშვივით / აიფარა ღიმილზე ხელი / და ორი იმხელა ცრემლი გადმოუვარდა, / რამხელაც მე ყოველთვის ჩემი ბავშვობა / წარმომედგინა..."

ნინია სადღობელაშვილის წიგნებში ის ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება გვერდი აევლო ჩვენთვის, გვერდი აევლო მთელ ამ „ერთადერთ და უკამკამეს“ ცხოვრებას, ადამიანების და სოფელ-ქალაქების ერთი შეხედვით ჩვეულებრივ და მარტივ ყოფას. მარტივი არაფერია, არსად და არასდროს, არც ცხოვრებაში, მის ტექსტებში კი განსაკუთრებით. "...და რომ არც მარგალიტი არააა ცხოვრება, / არამედ რაღაც უფრო სახიფათო, / და უფრო მიუდგომელი, / და ისეთი ბრგვილი – / ენას რომ დააბჯენ კბილებზე და / სიტყვა კი, ენისწვერზე დაკიდებული, / ისევ უკან ჩაგეყლაპება, / გადაგცდება, როგორც ცრემლი / ერთადერთი და უკამკამესი..." - „ავტობიოგრაფია“.

ნინია სადღობელაშვილს გამოცემული აქვს მოთხრობების კრებულები: „ბამბაზიის სამოთხე“, „იასამნის სეზონი“; ლექსების კრებულები: „შუაღამის იავნანა“, „ფრთები და ხელები“, „100 ლექსი“; რომანები: „თავშესაფარი“, „ორსული“, „წამი იქა, წამი აქა“; „განძის თეატრის“ ორი წიგნი – „შვიდი სიმღერის საიდუმლო“ და „ოქროს ხმალი“. "შვიდი სიმღერის საიდუმლოს" მიღებული აქვს და მწერალთა სახლის პრემია „ლიტერა“ და თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ჟიურის სპეციალური პრიზი. ნინია ამჟამად წერს ახალ რომანს და ამზადებს პროზის კრებულს გამოსაცემად. ამბობს, რომ რომანზე დიდი ხანია, არ უმუშავია და „თითქოს იმ მღვიმეებს ხელახლა გავდივარ, რაც ამ რუტინას ახლავს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასეა. მაგრამ ზუსტად ეს მღვიმეებია დაუვიწყარი და შეუცვლელი შთაბეჭდილებები, ამიტომ მეც ვგრძნობ განახლებას და ველოდები აღდგომას!..“

„გიცხოვრია ვინმესთან ონლაინრეჟიმში?“ ეკითხება ირაკლი თავის მეგობარს. ირაკლი ნინია სადღობელაშვილის „იასამნის სეზონის“ პერსონაჟია და დიდი ხნის უნახავ დედასთან შესახვედრად ემზადება. წიგნი 2013 წელს გამოვიდა. ახლაც იასამნის სეზონია, ახლაც ბრუნდებიან შიშით და ეჭვით სავსე ადამიანები სამშობლოში, ოღონდ სპეცრეისებით და ნიღბებით. რაც მთავარია, ახლა ყველა ონლაინრეჟიმში ცხოვრებას ვსწავლობთ. პრესკონფერენციები და სპექტაკლები, პრეზენტაციები და საღამოები, ყველაფერი ონლაინ - ეს ინტერვიუც.

 

– მოდი, თავიდანვე ამ კორონაშეყრილ და ამის გამო ფორმა და წესებ, შინაარსსა და კონტექსტშეცვლილ სამყაროზე ვთქვათ. ყველა შეკითხვაში, რაც თავში მომდის, მაინც ეს ვირუსი „მოძვრება“. ნინია, რას აკეთებ ახლა, როგორია შენი დღეები და ღამეებიც, #დარჩისახლში?

– უდროობაზე, მოცალეობის არქონაზე, გადარბენის ისტერიკულ რიტმზე ხომ ყველანი ვწუხდით, კარგი თავის სამართლებელიც გვქონდა – რაღაცები არ გამოდიოდა, იმიტომ, რომ არ გვეცალა, გიჟივით თავისთავს გადასწრებული სამყარო გვართმევდა სასიცოცხლო ენერგიას, შემოქმედებით ენერგიას, სიყვარულის ენერგიასაც კი. ჰოდა, ახლა ეს რიტმი ქვიშის საათივით ამოყირავდა, უხილავმა მტერმა სახლებში გამოგვკეტა, გვაქვს თავზე საყრელი დრო და ის „სინდისის საბუთიც“ გაყალბდა, საკუთარ თავს და გარესამყაროს რომ ავუფრიალებდით ხოლმე, ვერგამოსული საქმეების გასამართლებლად. ახლა რას ვაკეთებ? ამ ჟამიანობის პირველ დღეებში მხოლოდ ვღელავდი და ვერაფერსაც ვერ ვაკეთებდი, ადგილს ვერ ვპოულობდი, ბევრი იყო ჩემსავით, ვიცი, ინტერნეტში შესახლებული – მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გაფანტული ჩვენი ემიგრანტების ამბების გასაგებად, საერთოდ, რაიმეს გასაგებად – რა მოხდა? რა დაგვემართა? ეს მეტაფიზიკური კითხვები უფროა ჩემთვის, დ, ალბათ, ყველასთვის. მხოლოდ შფოთვის მდგომარეობაში მათზე ვერ იფიქრებ, ამიტომ თანდათან მოვიდა სიმშვიდე, რაღაცნაირი შეგუება იმასთან, რომ კარგა ხანს მოგვიწევს ასე ყოფნა – გამოკეტილებს, მით უფრო, რომ მგონი ეს სულაც ერთადერთია ახლა, რითაც მარტო საკუთარ თავს კი არა, სხვასაც უშველი, დაიცავ.

მიუხედავად იმისა, რომ დიდად სოციალური ტიპი არც ვარ, მაინც ძალიან მიჭირს ეს იზოლაცია. დღეს თათია მთვარელიძის წერილში გადასარევი სიტყვა აღმოვაჩინე – განკუნძულება (იზოლაცია ლათინურად კუნძულს ნიშნავს). მადლობა თათიას, ზუსტად მიაგნო – განკუნძულებულები ვართ და პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ იტბორება რაღაც უცნაური წარღვნით გარესამყარო. ვცდილობ, ვწერო, ვკითხულობ და ვუყურებ ფილმებს, ბავშვები (სამი ძმისშვილი) მეხმარებიან, რომ ძალიან არ დავნაღვლიანდე, საერთოდაც, ბავშვები არიან ყველაზე მკაფიო შუქის წერტილები, რომლებსაც ახლა თვალს ვუსწორებ და ერთი დიდი მსგავსებაც აღმოვაჩინე – ახლა ყველანი დასჯილი ბავშვები ვართ, დიდი და პატარა დასჯილი ბავშვები.

 ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება... აღმოჩნდა, რომ რაღაცების გარეშეც შეიძლება ცხოვრება. რამდენ ხანს და როგორ, ჯერ არავინ იცის, მაგრამ შეიძლება. არის რამე, რისი შეცვლაც არ გინდა, რასაც ვერ შეელევი და ყველაფრის ფასად შეინარჩუნებ?

– ინტერნეტში ქვეყნების, ქალაქების ფოტოებს ვათვალიერებ, ასეთი სიხარბით მგონი არც არასდროს შემიხედავს არცერთისთვის. მოგზაურობა ჩემი დიდი გატაცებაა. ახლა კიდევ უფრო მომინდა, ისე არ მოვკვდე, სულ უფრო მეტი ქვეყანა არ ვნახო. რა ლამაზია, რა იდუმალია, რა საშინლად საინტერესოა, როგორი პატარა და მშობლიურია ეს დედამიწა. ალბათ, ყველას გაუმძაფრდა ამ დღეებში დედამიწელობის განცდა – მარტო შენი ქვეყნის ამბავი კი აღარ გაწუხებს, იმ შორეულ სამხრეთ კორეაშიც ითვლი ადამიანებს, იტალიაც ისე გედარდება, როგორც საკუთარი სამშობლო. ლამის სახელებით იცი უკვე აივნებზე გადმომდგარი და მომღერალი ადამიანები; გესიზმრება ესპანეთი, ამერიკა – შენი ნაწილებია. როდის დაუახლოვდი, როდის იქცა ეს პლანეტა შენს დიდ სახლად, როცა  ასეთი თავქუდმოგლეჯილი გარბოდი ხოლმე მისგან: ოფისებში, ლაბორატორიებში, ბირთვულ სადგურებში?!..

ახლა ვფიქრობ, ამ მშვენიერ პლანეტაზე მშვიდობის სანაცვლოდ რას შეველეოდი? სოციალურ ქსელში ისეთ აქტიურ ჩართულობას, როგორიც აქამდე მქონდა – დროის და ენერგიის ვამპირს, დაუნანებლად შეველეოდი და სავარუდოდ, ასეც იქნება, მარტო ჩემთანაც არა, ალბათ, ბევრი გადააფასებს დროის მნიშვნელობას. ყველაფერ იმას შეველეოდი, რაც მართმევდა საუკეთესო წუთებს, სიხარულს – ფუჭ სოციალურ აქტივობას, უაზრო და წყალწყალა ურთიერთობებს. უბრალოდ, აღარაფერში დამჭირდება, შინყოფნამ ხედვის ისრები შეცვალა – აქედან უფრო მძაფრად ჩანს „გარეთ“. და რა არის ის, რაც „გარეთაა“ და ყველაზე ძვირფასია? – ვერ შეველევი ჩემს საყვარელ კაფეებში ფინჯანი ყავის დალევას, განსაკუთრებით, როცა რაღაცით გემრიელად ხარ დაღლილი და საკუთარ თავს უპაწაწინეს სიამოვნებას ჩუქნი; ვივლი თეატრებში, იმედია, არაფერი შეცვლის თეატრის მთავარ მაგიას – მაყურებლის თანადასწრებულობას. ახლაც ვუყურებ ონლაინსპექტაკლებს, მაგრამ ეს ის არაა, სადღაც, ვირტუალურ ლაბირინთებში რაღაც კვდება, რაც სცენიდან ჩემამდე უნდა მოდიოდეს – ენერგიის ტალღები, იმპულსები, რომლებიც მხოლოდ ასეთ ცოცხალ ურთიერთობაში ნაღმებივით უნდა გასკდნენ შენში. გადასარევია ეს ონლაინრეჟიმი და მით უფრო, ახლა, განკუნძულებული კაცობრიობისთვის, მაგრამ თუკი ამ ომის დამთავრების შემდეგ თეატრებიც ონლაინჩვენებაზე გადავლენ, ეს იქნება პირადად ჩემთვის მომაკვდინებელი სევდა.

 დღეს ძალიან ბევრს წერენ პოსტკორონასეულ დროზე, ხალხს უყვარს გადასწრება. მეცნიერებმა, ჯერ შუა გზაზეც არ ვართო და ჩვენ უკვე იმ „პოსტსამყაროში“ გადავცხოვრდით. საინტერესოა, რა შეიცვლება, რას მოიტანს, რას წაიღებს... გიფიქრია ამაზე? წარმოგიდგენია?

– 20 მარტის თოვლი თბილისში (ხომ გახსოვს, როგორი თოვლი მოვიდა, უხვი, ფაფუკი) პირადად ჩემთვის იყო ნიშანი, რომ რაღაც დიდი და საბედისწერო მოხდა. ლამის მეოთხე წელია, თბილისში ნორმალურად კი არა, მგონი საერთოდ არ მოუთოვია. ჰოდა, ჩაიკეტა თუ არა ცის საზღვრები, ერთ კვირაში ზუსტად ამ ცამ – თვითმფრინავებისგან დაჩხაპნილმა და რაკეტებისგან ამოჩიჩქნილმა – ოდნავ ამოისუნთქა თუ არა, მოგვცა ნიშანი. უკვე ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ სულ სხვა სამყაროში ამოვყოფთ თავს. გადაფასდება ღირებულებები, საზრისები, ადამიანი სულიერ წყაროებს მიეძალება, რადგან მატერიამ უკვე შვა ჯოჯოხეთი – უხილავი ბაქტერია, ვირუსი, რომელიც დღითიდღე შთანთქავს ყველაფერს – „ელიტურსაც“ და „მარგინალურსაც“. ამ ომმა მთელი დედამიწა სიკვდილის კარს მიგვაჭყლიტა. მხატვარი რომ ვიყო, ამ კადრს დავხატავდი, თვალწინ მიდგას, მაგრამ ხატვის ნიჭი არ მაქვს. ეს დღეებია, სხეულით ვგრძნობ, რომ ის უხილავი საზღვარიც – მკვდართა და ცოცხალთა საუფლოს შორის, ძალიან მყიფე გახდა, ძალიან გამჭვირვალე, თითქოს ცოტაც და ისინი გადმოაბიჯებენ, ან ჩვენ გადავაბიჯებთ და ერთ დროდ, ერთ სინამდვილედ ვიქცევით. ამ ზღვრულ სიგიჟეში დიდი სილამაზეცაა – ყველა გამოჩნდა, ყველა – თავისი სახით, სახელით, აი, პირბადეების პერფორმანსიც კი როგორი ზუსტია – პირბადემ/ნიღაბმა სახეები გამოკვეთა.

ეს დიდი ცდუნება იქნება ადამიანისთვის – უცებ აღმოჩენილი საკუთარი თავის ხელიდან არგაშვების ცდუნება და, ასე იოლად, ალბათ, აღარ დაუბრუნდება ძველ „ცოდვებს“. ვისურვებდი, იმ პოსტსილამაზეში, წინ რომ გველოდება, ადამიანმა ბოლომდე იცნოს საკუთარი თავი.

– მგონი, იმერეთში გაქვს სახლი. დიდი ხანია, არსად „მინახავს“, შენს ტექსტებში რომ არის, ისეთი ნამდვილი სოფლები და ნამდვილი ადამიანები ამ სოფლებში. რაც ამ "კორონაომში" ჩავებით, ვიღაცები ამბობენ, რომ ხალხი სოფლისკენ შებრუნდება, მიწას დაამუშავებენ... როგორ ფიქრობ, ასე იქნება? დაბრუნდებიან?     

– იმერეთიდან დავიწყებ. კი, ზემო იმერეთში გვაქვს სახლი, რომელშიც ჩემი ბავშვობის ყველა ზაფხული გავატარე. თუ რამე სიკეთე და სილაღეა ჩემში, ზუსტად ამ ზაფხულებში აქვს გამჯდარი ფესვები. მე დედით ფშაველი ვარ, მამით ვარ იმერელი. მამაჩემი ჩასიძებული იყო ამ ფშავლების ოჯახში, რომელსაც ძალიან რთული და ძნელი ბედისწერა ჰქონდა, ტრაგიკულიც, ამიტომ რაღაც სევდა იყო დაგუბებული ამათ თვალებში, დედაჩემის მხარეში. როგორც ჩანს, ეს სევდა სისხლითაც გადადის და მეც გავიზიარე ჩემი წილი. მაგრამ მამაჩემმა ისეთი სილაღე შემოიტანა, აი, როგორც იმერულმა ნიავმა – ბევრი ჯანსაღი ჰაერი, სიმღერა და მხიარულება, რომ რაღაც შეიცვალა მათ ფშაურ დრამაშიც, ამის გამო ყველას ისე უყვარდა მამა, თვალში რომ ჩავარდნოდათ, თითს არ ამოისვამდნენ. და, რა თქმა უნდა, მამა უყვარდათ თავის სოფელშიც, გამორჩეულად, ისევე, როგორც მას უყვარდა ყველა და ყველაფერი, რასთანაც კავშირი ჰქონდა და რაც მიეცა ცხოვრებაში. სულ ზეპირად იცოდა მთელი რაიონის ისტორია, ყველა გვარის გენეალოგია შუა საუკუნეებამდე. მღეროდა თბილი პირველით და ჰქონდა აღდგომის რიტუალი – სოფელში, სასაფლაოზე, თავისი ღვინის ჭიქით რამდენიმე საფლავს ჩამოუვლიდა ხოლმე და იმ სიმღერებს უმღერებდა, რაც იმ საფლავების ბინადრებს სიცოცხლეში ყველაზე მეტად უყვარდათ: „ჩონგურო“, „მოუოხეთ, ბატონებო“, „სამიათას წელზე მეტი“ და ასე...

სოფელზე მინდოდა და მამაჩემზე ლაპარაკი გამომივიდა. თუმცა ეს ერთი და იგივეა ახლა ჩემთვის და თან მტკივნეულიც, რადგან მისი წასვლის მერე მე და ჩემმა ძმამ ვერ მივხედეთ სათანადოდ იქაურობას. დგას ახლა ჩვენი შუშაბანდიანი სახლი, ზაფხულობით ორი კვირით თუ ახმაურდება ხოლმე ჩემი ძმისშვილების და ბიძაშვილებისგან, მერე ისევ ხუჭავს თვალებს და იძინებს თავის სიზმრებში...

ეს „კორონაომი“ ბევრ რამეს შეცვლის ნამდვილად და ერთ-ერთი პირველი ზუსტად ეს იქნება – ხალხი თავის სოფლებს დაუბრუნდება. უკვე ჩანს ამის ტენდენციაც და ძალიან მიხარია. მგონი, საერთოდაც, ყველაზე მეტი ჭირი რაცა გვჭირს, სწორედ მიწასთან და ბუნებასთან გაწყვეტილი კავშირის გამო გვჭირს. ეს ძალიან ფატალური ამბავია, ძალიან მეტაფიზიკური. მშობლიური სახლის გაცოცხლებით სიცოცხლის მოდუნებული ენერგია იღვიძებს, გადაგვარებული უჯრედები აღდგება. პირადად ჩემთვის, ასეთი მეტაფიზიკური „გადასახლების“ და განახლების უნიკალური მაგალითი ცირა ყურაშვილია – ჩემი საყვარელი მწერალი, საოცარი ადამიანი. წავიდა სოფელში, მარტოქალი შეეჭიდა ისეთ საქმეებს, ზოგჯერ კაცებსაც რომ უჭირთ, მარტომ ააშენა, დაბარა, გალესა, შეადუღა, საქონელი გაიჩინა, მოსავალი მოიყვანა – სულ მარტომ, და დღეს უკვე პატარა სამოთხედ აქვს ქცეული იქაურობა, როგორც ვიცი.

აი, ეს ამბები რომ მშვიდობით ჩაივლის, ცირას ვესტუმრები, ეკა კვიციანს – ასეთივე შემართებით სასწაულები რომ ჩაიდინა სვანეთში. ასეთები არიან ჩვენი ქალები, ჩვენი გოგოები – სიცოცხლის მაგალითები. მათი მონდომება გადამდებია. ბევრი „მიმდევარი“ გაუჩნდებათ, ვიცი, და ეს გადარჩენის ტოლფასი იქნება მათთვის, ვინც ცხოვრების ასეთ წესს აირჩევს.

 ლენა, ბეატრიჩე, მარინე და კიდევ სხვა „შენი“ ქალები „ჩვენი“ ქალებიც არიან, ან ჩვენ ვართ – ბოლო ათწლეულების თუ კიდევ უფრო ადრინდელი გარემოებების მიერ შექმნილი „პერსონაჟები“. „შრომის უღელში შესაბმელ სახედრებად რომ უნდათ ხოლმე ცოლები...“ - წერ ერთგან. როგორ „იპოვე“ ისინი? ამ ქალებისთვის რამე შეიცვლება, ან როდის, ან რა შეცვლის?

– ლენა, ბეატრიჩე, მარინე... – უცებ მეხსიერება დავძაბე, ვინ არიან, ვისზე მეკითხება ელისო? ახლა, ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ წინა ცხოვრებაში იყო ეს ნოველები და ეს ქალებიც იქ დარჩნენ, ჩემი ნაწილიც იქ დარჩა და სულ უფრო იშვიათად მახსენდება. მაგრამ არ გამქრალა ნაღველი, რაც იმ „წინა ცხოვრებაში“ იყო და რითაც ის ქალები თავის დროზე ვიცანი, ლაპარაკი გავუბი, დავაბინავე... საერთოდ, მარტო-ქალები მაინტერესებდა ყოველთვის, ამ მარტოობაში გამქრალი სისუსტე-ძლიერების საზღვრებით. შეიძლება ოჯახებიც ჰყოლოდათ, ზოგისთვის საოცნებო ცხოვრებაც ჰქონოდათ, მაგრამ მაინც მარტოებად რომ რჩებოდნენ, მაინც რომ ვერ აღებდა მათი გულის საიდუმლო კარს ვერცერთი ოჯახის წევრი, ვერც ვერავინ... ასეთები ბევრნი არიან ჩვენ გარშემო. ვერ ვიტყოდი, რომ მათი უმეტესობისთვის ეს მარტოობა ნებით არჩეული ეგზისტენციალური მდგომარეობაა. არჩევანი რომ ჰქონდეთ, იქნებ სულ სხვანაირად აირჩიონ საკუთარი ბედი?! მაგრამ მათი ძალა ზუსტად იმაშია, როგორ განიცდიან ამ მოცემულობას, როგორ იბრძვიან, როგორ რჩებიან ქალებად – ადამიანებად. ხომ არის ბავშვობის, გოგოობის ოცნებები და წარმოდგენები? ჩემი – სულ ასეთი იყო, რამე ჩემზე ღონიერს და ძნელს მარტოკინა შეჭიდებული, სიყვარულის ბუშტებს ჩაფრენილი, ერთი წამის თავდავიწყებისთვის ორფეოსის ქვესკნელის მზვერავი.

საერთოდაც, რა სასწაული დაატრიალეს არა, ქალებმა? ამ ბოლო ოცდაათ წელიწადში განსაკუთრებით, ფიზიკურად გადაარჩინეს საქართველო – თავიანთი შრომით და თავგანწირვით. თიანეთში მაქვს ბავშვობის ბევრი დრო გატარებული, იქაურ აჟრიამულებულ, საკვამურებამღერებულ, ქალიან-კაციანად მოფუსფუსე სოფლებს რა დამავიწყებს! და უცებ, ერთ დღესაც, რომ დაიწყო ქალების ინტენსიურად გადინება – საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში, სად აღარ, ჩემს სოფელში ასე იყო – ძალიან თვალშისაცემად დაცარიელდა უცებ, თითქოს საყრდენი გამოეცალა ყველაფერს, გამოიშიგნა. ჩასვლა მეზარებოდა ხოლმე, უქალებო სახლების დანახვა... და ყველგან ასე არ მოხდა? მთელ ქვეყანაში! ვინც აქ დარჩა – უმუშევრად, უიმედოდ და უძალოდ დარჩენილი ქმრების მსახურებად გადაიქცა ბევრი მათგანი. ზოგი მსახურად და ზოგი მსხვერპლად. ამ ყველაფერს ცოტა მასშტაბურად რომ შეხედო, რაღაც შექსპირული დრამა გათამაშდა ჩვენს რეალობაში, ბევრი უგმირო ტრაგედია ერთად... მაგრამ ქალში არის კიდევ რაღაც, რაც ამ ტკივილებზე მეტია, ეს არაა მხოლოდ გამძლეობა (მშობიარობის ტკივილის ამტანობით დაწყებული), ეს სიყვარულის რაღაც უნარია, ბუნების კოდი, რომელზეც დგას ამ სამყაროს განახლების იმუნიტეტი. ჰოდა, მე ამ კოდის მჯერა, ჩვენ მისი შესაძლებლობების ჯერ მხოლოდ მისხალი ვიცით. წინ – იდუმალი მომავალია.

 ერთგან თქვი, რომ პირველად ჩიტებზე დაწერე. როგორი იყო დრო ჩიტებზე დაწერილი პირველი ტექსტიდან „პარნასში“ დაბეჭდილ პირველ პუბლიკაციამდე, რა ხდებოდა? როგორი გარემო იყო, როგორი ხალხი შენ ირგვლივ, რა გეხმარებოდა, რა გშველოდა?

– გულისფანცქალებიანი დრო იყო, გაფართოებული თვალების და ხარბად შესუნთქული ჰაერის – ყველას და ყველაფერს მართლა სხვა გემო და ფერი ჰქონდა. ახლა რომ ვიხსენებ, ძალიან მეცინება, ერთი მაგრად დავცინებდი იმდროინდელ ჩემს თავს, მაგრამ მაშინ რომ ვინმეს მსგავსი თავში მოსვლოდა – ჩემთვის დაეცინა, ალბათ, სასიკვდილოდ დამჭრიდა. მსმენელში ყოველთვის მიმართლებდა, ისეთ ადამიანებს შემახვედრებდა ხოლმე ღმერთი, რომ პირდაპირ უზუსტესს! ძალიან დამეხმარა ისაც, რომ კულტურის ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე, რომელიც მე დავამთავრე, ჩვენი სახელოსნოს ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი იყო და ბატონი ვახუშტი იყო საუკეთესო შემფასებელი. გვასწავლა, როგორ შეგვეხედა საკუთარი თავისთვის ასი ათასი კუთხიდან, შეგვინჯღრია გემოვნება და „დაგვიმხო ძველი კერპები“. მოკლედ, ის იყო ნამდვილი მასწავლებელი, როგორსაც იოცნებებდა ნებისმიერი, ვინც ამ სამყაროს შეცნობისთვისაა დაბადებული.

მერე იყო „პენ-მარათონები“ – ეს მხიარული, ავანტიურისტული თავგადასავლები, რომლებიც პირადად ჩემთვის შეუდარებელ გამოცდილებად იქცა. პირველ პენ-მარათონზე, ფოთში, ხომალდზე რომ ჩატარდა, გავიცანი თითქმის ყველა, ვინც დღეს ჩვენი ლიტერატურის საუკეთესო ნაწილია. რამდენიმე ადამიანი დღეს სამწუხაროდ, უკვე აღარაა – ნუგზარ შატაიძე, ჯემალ მონიავა, თამაზ ექვთიმიშვილი... მახსოვს, ორი კაიუტა იყო ხომალდ „კაპიტან თავართქილაძეზე“ – მწეველებისთვის და არამწეველთათვის. მწეველების კაიუტაში იდგა სქელი და კაეშნისმომგვრელი ბუღი, არამწეველისაში ვიყავი მხოლოდ მე და ვინაიდან ეს ყველაფერი – მწერლები, ეგზოტიკური გარემო, კონკურსი „ლაივში“ – ჩემს თავს პირველად ხდებოდა – ვიყავი დამფრთხალი და თან ინტერესით დაყურსული. მერე ამ „მწეველების“ კაიუტაში თვალებამწვარმა მწერლებმა ნელ-ნელა დაიწყეს ჩემი სამფლობელოს ოკუპაციაც და ამბავი განვითარდა ჟანრის კანონის მიხედვით – არამწეველთა კაიუტა იქცა მწეველთა კაიუტად და პირიქით... (შენიშვნა: მოწევა დავიწყე იქ, ფოთში, გემზე „კაპიტანი თავართქილაძე“.)

მერე იყო ლიტერატურული პორტალები lit.ge და ებლიტფო და სრულიად ახალი, ვირტუალური ლიტერატურული ურთიერთობები – შეფასებები, განხილვები, თან სანაცნობო-სამეგობროს და თან აკადემიურობა-პროფესიონალიზმის ამბიციით. მაინც ძალიან კარგი გამოცდილება იყო, იქ გავიცანით ერთმანეთი უამრავმა ლიტერატურის მოყვარულმა, „წერას ატანილმა“ და ნამდვილმა მწერალმა. მახსოვს განცდა – ყოველი ახალი დილა მიხაროდა, რადგან ვიცოდი, რომ რომელიმე ავტორის ახალი ლექსი დამხვდებოდა, მერე დაიწყებოდა მისი გარჩევა, ქება, ლანძღვა, – მოკლედ პროცესი, რომელსაც, ცხადია უამრავი ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ იყო ცოცხალი და საჭირო.

მერე კი იყო გამომცემლობა „ინტელექტი“– ვისაც უკავშირდება პირველი საკუთარი წიგნის სიხარული და საერთოდაც, მგონი ყველა წიგნი, რაც დამიწერია, „ორსულის“ გარდა (ის გამომცემლობა „შემეცნებამ“ დასტამბა), „ინტელექტის“ დაბეჭდილია. ესაა პროფესიული თანამშრომლობაც, ნდობაც, მეგობრობაც, პასუხისმგებლობაც - და რაც მთავარია, ორმხრივი და დაუღალატებელი. მიხარია, რომ ჩემი გზა ამ გამომცემლობასთან გადაიკვეთა, ამან უამრავი შესაძლებლობა მომცა ცხოვრებაში, ბევრჯერ ფიზიკურადაც გადამარჩინა. დღეს გამომცემლობებს რთული დრო უდგათ, როგორც ბევრ სხვა სახელოვნებო სფეროს. ვისურვებდი, სახელმწიფომ უფრო მეტად გააცნობიეროს მათი როლი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო საქმეში და უფრო მეტად დაეხმაროს, შეუქმნას თავისუფალი და მოქნილი გარემო, რომ ამ მწირი ბაზრის პირობებში შეძლონ არამხოლოდ არსებობა, არამედ მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაც. მათ უკან მწერლები და მკითხველებია. რამხელა ძალაა ეს საზოგადოებისთვის!

 პოეზია, პროზა, დრამატურგია, პუბლიცისტიკა  ეს დროის მოტანილი პროფესიული მრავალფეროვნებაა თუ სხვა დროშიც ასე იქნებოდა ან იქნება? როგორი იყო პირველი, პოეზიისგან განსხვავებულ ტექსტი, მაგალითად, პიესა? რა ხდებოდა იმ დროს, რამ გააჩინა და როგორ მოდიოდა ეს „სხვა“ ტექსტები?

– ჟანრული მრავალფეროვნება, ალბათ, ის ერთადერთი თავის გამხნევებაა ჩემთვის, რის გამოც ბევრი სხვა უნარის არქონას ვპატიობ საკუთარ თავს (მაგალითად, საშინლად მინდა ვხატავდე, რამე ხელსაქმე გამომდიოდეს, მაგრამ...). პრინციპში, სულ თავიდანვე ასე იყო, როცა რაღაცის ჯღაბნა დავიწყე, უხსოვარ დროს: მოთხრობებს ვწერდი და შიგ აუცილებლად ლექსებსაც გავურევდი ხოლმე, ვინმე პერსონაჟი ლექსებით მოლაპარაკე უნდა ყოფილიყო. როგორ ვთქვა – პროზაც და პოეზიაც თანაბრად მშობლიურია, აი, ბავშვობიდან ორ საკრავზე დაკვრას ერთნაირად რომ დაეუფლები, დაახლოებით იმას ჰგავს. თუმცა პოეზია რაღაც სხვა მდგომარეობაა, შეიძლება თვე გავიდეს და ლექსი არ დავწერო (ამ ბოლო დროს ეს სულ უფრო ხშირად ხდება), მაგრამ მაინც გაუნელებლად განვიცდი პოეზიას, ვარ ამ მდგომარეობაში, მაცოცხლებს ეს. ილუზიაა? შეიძლება, მაგრამ მე მეხმარება, ხიდიდან ხიდზე ისე გადავიდე, რომ უწონადობა შევინარჩუნო.

პიესებს რაც შეეხება, ამ ხელობის დაუფლებას ჩემს უახლოეს მეგობრებს ვუმადლი – რეჟისორებს: გიორგი სიხარულიძეს და იოანე ხუციშვილს. იოანე ჩემი კლასელია, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და თვალდახუჭულები ვიცნობთ ერთმანეთს, გიორგი იოანეს პედაგოგი იყო არტოს ბაღის თეატრალურ სტუდიაში, მერე თეატრალურ უნივერსიტეტში, ჩვენი უფროსი მეგობარი, ვისგანაც ორივემ ბევრი რამე ვისწავლეთ. მათი წყალობით თეატრთან ყოველთვის ახლოს ვიყავი, შემიყვარდა და მომინდა, ჩემი სიცოცხლის ნაწილიც ყოფილიყო. გიორგისთან და იოანესთან ერთად დავწერე პირველი პიესა პროფესიული თეატრისთვის „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც 2007 წელს დაიდგა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში და 10 წლის მანძილზე, ყოველ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ამ სპექტაკლით იხსნებოდა თეატრალური სეზონი ქუთაისში. მერე იყო ბევრი პიესა, სპექტაკლები, თეატრისთვის მუშაობის განუმეორებელი სიამოვნება, რაც მინდა რომ სულ გაგრძელდეს, რისგანაც, პრინციპში, შედგება ჩემი ცხოვრება.

 როგორი იყო შეგრძნება, როცა ლენა სცენაზე დაინახე და მერე ეკრანზეც, როგორია, როცა უყურებ შენს პერსონაჟებს - სხვანაირები არიან? ეს თანამშრომლობის ამბავიც როგორ გამოდის ხოლმე? ამ მიმართულებით სხვა, ახალ პროექტებზეც ხომ არ მუშაობ(დი)?

– „ბამბაზიის სამოთხე“ მოთხრობაა და მის მთავარ გმირს ლენა ჰქვია. პიესად რომ გადავაკეთეთ, სახელიც შევცვალეთ – ლენა ელენედ ვაქციეთ. მაგრამ მთავარი, რაც შეიცვალა, თემა იყო – პიესა აფხაზეთის თემაზე უნდა ყოფილიყო. დავიწყეთ ამბების მოძიება, საოცარ ისტორიებს გვიყვებოდნენ ომის მონაწილეები, დევნილები, ომთან სამუდამო ტკივილებით დაკავშირებული ადამიანები... ასე შეიქმნა ელენეს პერსონაჟი – სიგიჟის ზღვარზე მყოფი ქალის/დედის პორტრეტი, რომელიც აფხაზეთში, შვილის საფლავს დაეძებს. ამ ზღვრული მდგომარეობის დაჭერა, ცხადია, ურთულესი ამოცანაა და ნებისმიერი მსახიობისთვის, ვინც ითამაშებდა ელენეს როლს, მთავარი „გამოწვევაც“ ეს იქნებოდა. როცა გიორგი სიხარულიძემ როლები გაანაწილა და რეპეტიციები დაიწყო, იოანემ (იოანე მაშინ მსახიობიც იყო, „ბამბაზიის სამოთხეში“ ლექსოს თამაშობს) ფოტო გადმომიგზავნა – აი, ეს მსახიობი ითამაშებს ელენესო. ფოტოზე ლამაზი, შლაპიანი ქალი იყო, დიდი და რაღაცნაირად განგაშის შემცველი თვალებით. მაშინ არ ვიცნობდი, პრემიერაზე გავიცანი – მარიკა სამანიშვილი, ქუთაისის თეატრის მსახიობი, შთამბეჭდავი სახე შექმნა, ისეთ მღელვარებას იწვევდა მაყურებელში, რომ დიდხანს ახსოვდათ ეს ღელვა, პირადად უთქვამთ ჩემთვის. მერე ახალციხეშიც დაიდგა „ბამბაზიის სამოთხე“, სოსო ნემსაძემ დადგა და ლია სულუაშვილი (მსახიობი, ახალციხის თეატრის დირექტორი) თამაშობდა ელენეს როლს. ქალბატონმა ლიამ სრულიად განსხვავებული ტიპაჟი შექმნა – უფრო ძლიერი, გაწონასწორებული ქალის, რაც მთავარია, სრულიად დამაჯერებლად, არგუმენტირებულად გააკეთა ეს და არა მხოლოდ ვერსიისათვის.

თეატრი ცოცხალი ორგანიზმია და ცხადია, მასში ცხოვრება, თანამშრომლობაც ისეთივე რთულია, როგორც ყველაფერ ცოცხალთან მიმართებაში. წერ პიესას, ვიღაც და რაღაც შენებურად წარმოგიდგენია, კონკრეტული ფრაზებიც შენებურად გესმის, მერე მოდის რეჟისორი და ბევრ რამეს თავდაყირა გიყენებს, რაც მთავარია, გარწმუნებს საკუთარი გადაწყვეტილების სიზუსტეში, თუმცა მე იმ მხრივ გამიმართლა, რომ აქამდე თითქმის ყველა პიესა კონკრეტული რეჟისორების ინიციატივით დაიწერა, ეს გულისხმობს მათ უშუალო ჩართულობას თავიდანვე, რაღაც ეტაპზე – მსახიობის ჩართულობასაც კი, თუ ეს საჭირო გახდა. ეს ტანდემი უფრო ხშირადაა შედეგიანი, კარგად გესმის რეჟისორისაც, ტექსტებს რეპეტიციების დროს მსახიობთან ერთად მოსინჯავ სცენაზე. მოკლედ – ყველა უფლებით ხარ ჩართული შემოქმედებით პროცესში და ეს არის ყველაზე მშვენიერი, ბობოქარი, მტკივნეულიც და სიხარულის მომგვრელიც – ეს პროცესი, შენ თვალწინ ახალი რეალობის დაბადების, ახალი სიცოცხლის შექმნის რაღაც ფრანკენშტეინული და ღვთაებრივი პროცესია.

სწორედ ახლა, მაისში უნდა ყოფილიყო ჩემი ახალი პიესის პრემიერა ნიუ-იორკში, თითქმის წელიწადია, გიორგი სიხარულიძესთან ერთად ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის უნდა განხორციელებულიყო. მოვიპოვეთ უამრავი მასალა, სპექტაკლის მუსიკალურ მხარეზე ჯგუფი „კვინტესენსი“ მუშაობდა, ეს არის ტრაგიკომედია, რომელიც ჩვენი ემიგრანტების ყოფას ასახავს. როგორც ვიცი, ბილეთები უკვე იყიდებოდა კიდეც ნიუ-იორკში, მაგრამ ამ პანდემიამ, როგორც ყველაფერს, ჩვენც შეგვიშალა ხელი. იმედი მაქვს, ეს პროექტი განხორციელდება და სპექტაკლი „მწვანე ბარათი“ ქართველ მაყურებლამდეც ჩავა ამერიკაში.

ასევე, მაისის ბოლოს ველოდები კიდევ ერთ პრემიერას – გიორგი შალუტაშვილი დგამს ჩემს პიესას „მარო მაყაშვილი“. ესაა დოკუმენტურ მასალაზე (მთავარი წყარო – მაროს დღიურებია) აგებული მხატვრული პიესა, რომელიც, იმედია, გადაურჩება „კორონაომს“ და მისი პრემიერა შედგება თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში.

 ერთი ეტაპი იყო კულტურის ინსტიტუტი და ვახუშტი კოტეტიშვილის სახელოსნო, სადაც, როგორც ხშირად ამბობ, შენი ბედისწერა გადაწყვიტე თუ განსაზღვრე. როგორი იყო ეს სახელოსნო, რა ხდებოდა, როგორი იყო პედაგოგი ვახუშტი კოტეტიშვილი, რომელიც წერას, ოსტატობას გასწავლიდა?

– ლიტერატურული დაოსტატება – ასე ერქვა სპეციალობას, რომელიც 2002 წელს დავამთავრე და რომელმაც მართლა გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ისე, ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი. აბიტურიენტობისასაც, მომზადება იმის ეშხით დავიწყე, რომ ჯავახიშვილში, ჟურნალისტიკაზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ჩემმა რეპეტიტორმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა, პოეტმა და ისტორიკოსმა – დოდო ჭუმბურიძემ მირჩია, არის ასეთი ინსტიტუტი – კულტურის ინსტიტუტი, იქ არის სპეციალობა, სადაც წერის უნარიან ახალგაზრდებს იღებენ და შემოქმედებითი სახელოსნოები აქვთო, შენგან ჟურნალისტი არ დადგება, მაგას სხვა უნარი სჭირდება და იქნებ ეს მეორე გეცადაო. ვცადე და, დღემდე მადლობელი ვარ ქალბატონი დოდოსი, მის გარეშე ხომ ვერც შევიტყობდი ამ ინსტიტუტის, ამ სპეციალობის შესახებ, ვერ შევხვდებოდი ჩემს მომავალ მეგობრებს, ვისთან ერთადაც დღემდე მხურვალედ ვმეგობრობ, ვერ განვიცდიდი ისეთ შთაბეჭდილებებს, რომლებსაც ყოველდღე გვჩუქნიდა მაშინ, სტუდენტობისას, ეს უცნაური, ფერადი, ხალისიანი და შემოქმედებითი მუხტით ანთებული სივრცე.

თითქმის ყველა სახელოვნებო სფეროს მოიცავდა ეს ინსტიტუტი – თეატრს, მუსიკას, მხატვრობას, ლიტერატურას. მე რომ ჩავაბარე, შენობა (ახლა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსია ამ შენობაში) საშინელ მდგომარეობაში იყო – სწავლის პროცესშიც კი გაცხარებული რემონტი, ზოგიერთ ადგილას უჭერო აუდიტორიები, კაკუნ-ბღუილ-ღრჭიალის ხმები; ხანდახან, როგორც გარეთ წვიმდა, ისევე ვილუმპებოდით შიგნით და აუდიტორიიდან აუდიტორიაში ქოლგებით გადავდიოდით... მაგრამ ამ ყველაფერში სხვა მაგიაც იყო, ალბათ ჩვენი ახალგაზრდული ენერგიის და ხედვის სილაღის გამო, ალბათ იმის გამოც, რომ ყველა ლექცია იყო მართლა საინტერესო, მართლა ბაჯაღლო ლექტორების წაკითხული (ზურაბ კიკნაძე, რევაზ სირაძე, ნოდარ ლომოური)... და ალბათ, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მიღმა გვყავდა ვახუშტი კოტეტიშვილი – ჩვენი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ვინც გვაქცია კარგ მკითხველებად (თავიდანვე ასე შეგვითანხმდა – შეუძლებელია, მე წერა გასწავლოთ, მე ვეცდები, კითხვა გასწავლოთო), გვაპოვნინა საკუთარი თავი და რაღაც დიდი სიხარულის თანაზიარად გვაქცია, განდობილთა წრედ, ამ სიხარულით ვცნობთ დღემდე მე და ჩემი მეგობრები – ახლა უკვე საუკეთესო, გამორჩეული ქართულის მასწავლებლები, ფსიქოლოგები, – ერთმანეთს და ცხოვრებასაც...

 "განძის თეატრზეც" მომიყევი. როგორ გაჩნდა ფენტეზი შენს ტექსტებში და რატომ მაინცდამაინც ამირანი. გამოცემულია ამ სერიის ორი წიგნი  "შვიდი სიმღერის საიდუმლო" და "ოქროს ხმალი"  გრძელდება სერია? ქართული ფენტეზის მომავალზეც მითხარი, როგორ ფიქრობ, აქვს მას მომავალი ჩვენისთანა „პატარა ბაზარზე"?

– ერთი რომანი მაქვს „წამი იქა, წამი აქა“, პრინციპში, ფენტეზის პირველი მცდელობა სწორედ იქ იყო, ის ზღვარი – რეალურსა და ჯადოსნურს შორის, იქ ვიგრძენი ყველაზე მძაფრად და, გამოდის, რომ საბედისწეროდ, რადგან მალე ის ჩემს მთავარ მდგომარეობად იქცა. იმხელა მიზიდულობა აქვს ამ ზღვრულ განცდას, ისეთი გამოსხივება, რომ ძნელად შევადარებ რამეს. თან, ფენტეზის ბევრი გამონაგონად მიიჩნევს. არადა, ის ბევრად მეტია – ის ხედვის მასშტაბია, დანახვის მულტიუნარია. „ფანტაზიორი“ ბავშვი ყოველთვის ვიყავი, თუმცა მერე, ცხოვრების მიზეზებსა და შედეგებს რომ დავაკვირდი: ის, რაც ვიფანტაზიორე, ყველაფერი ამიხდა, წინ შემხვდა. თან, ფანტაზიორობა სამყაროს შესაძლებლობათა ცოდნას თუ არა, აღიარებას მაინც ხომ ნიშნავს, სამყარო კი იმხელაა, რა ვიცი, რამდენი ადამიანის წარმოსახვა გაწვდება, რომ მისხალი მაინც დაიტიოს.

„განძის თეატრის“ იდეა ერთმა არააქაურმა კაცმა გადმომდო. დედამიწის მეორე ბოლოში ცხოვრობს ეს კეთილი კაცი და ჩემი და მისი ურთიერთობა ცალკე ზღაპარი იყო, ოღონდ ამაზე არც არასდროს ვყვები და მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა იციან ის, რაც უნდა იცოდნენ. პირადი არაფერი, ეს კაცი საქართველოს კულტურაზე იყო შეყვარებული, აი, ასე – ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე და, მთელი გულით სჯეროდა, რომ ვინმემ ჩვენს მითოლოგიას რომ მოჰკიდოს ხელი, მსოფლიო დონის ბესტსელერები შეიქმნება, ისეთი მასალა გვაქვს ფოლკლორში. არ ვიცი, მე მოვიზიდე ეს კაცი ჩემი ზღვრული ენერგოტალღებით თუ მისი სიზმარი ვიყავი, ფაქტია – მენდო და გამხვია იმ მხიარულ ავანტიურაში, რასაც „განძის თეატრის“ ორი წიგნი – „შვიდი სიმღერის საიდუმლო“ და „ოქროს ხმალი“ მოჰყვა და რაც, საერთოდაც, ხუთ წიგნადაა ჩაფიქრებული.

ქართული მითოლოგია ფენტეზის მასალად ფანტასტიკურად გამოიყენა ნატო დავითაშვილმა ჩვენს ლიტერატურაში და მე მუდმივად მადლიერი ვარ ამ ადამიანის, რადგან ნატოს წიგნებმა ბავშვებს მითოსი შეაყვარა და დააინტერესა, ახალი სიზმრები გაუჩინა, ახალი ხალისი მისცა.

ჩემი პირველი სიყვარული, ჩვენს მითოლოგიაში, ამირანია. პირადად ჩემთვის ის ცენტრალური გმირია და არამარტო კულტურაში, არამედ ჩვენს ეროვნულ ბედისწერაშიც ღონიერი ღვაწლი მიუძღვის. ბავშვობაში სამი გმირი მყავდა – ქრისტე, ამირანი და გილგამეში. თუ გნებავთ, ეს ჩამონათვალი ბოლოდან დაიწყეთ... ისეთი მაცოცხლებელი სევდა მოჰქონდა ამირანზე ფიქრს! ამ მარადიულ მიჯაჭვულობაზე, ამ უვადო ტყვეობაზე ფიქრს, მის ძლიერებაზე, ეგოიზმზე, სიკეთეზე, სიყვარულზე ფიქრს... როგორ იქნებოდა, რომ ქართული მითოსი ამეღო რაიმე წიგნის მასალად და ამირანით არ დამეწყო?

„განძის თეატრის“ მესამე წიგნზე ლამის ორი წელია ვმუშაობ. უფრო სწორად, წიგნის თაროში მაქვს ის რვეული შეჩურთული და ველოდები დროს, გარემოს, ენერგიას იმისთვის, რომ ისევ ფენტეზი ვწერო. სხვა რაღაცებმა ძალიან ამომაგდო, იმ მდგომარეობის დაჭერა ახლა ძალიან მიჭირს. მაგრამ, მთავარია, რომ მეგულება – ხელნაწერი ერთი მესამედი სქელი რვეული, ის სამყარო და ის გმირები, როგორც ჩემი ალტერნატიული სინამდვილე, ყველაზე ბედნიერი თავშესაფარი, რასაც აქამდე საკუთარი თავისთვის მივაგენი.

რაც შეეხება ფენტეზის ჟანრის ბედს საქართველოში – თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, მეზღაპრე ხალხი ვართ, მერე კიდევ, უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით – მართლა ასეთი საგანძური გვაქვს ჩვენი მითოსის, ფოლკლორის სახით, ვფიქრობ, ჟანრის მიმართ ინტერესი მწერალსაც უნდა ჰქონდეს და მკითხველსაც. ბაზრის პრობლემა ისედაც მწვავედ დგას ჩვენს სინამდვილეში, გინდ ფენტეზი იყოს და გინდ დეტექტივი, ყველაფერს თანაბრად ეხება. არ ვიცი, ალბათ გამომცემლობებმაც უნდა იმუშაონ რეკლამაზე, გამოსცენ ილუსტრირებული წიგნები, კარგი იქნება, კინოინდუსტრიაც დაინტერესდეს ქართული ფენტეზით – ეს ხელს შეუწყობდა წიგნების გაყიდვასაც...

 რადგან მწერლობით თავის რჩენა დღეს შეუძლებელია აქაც და სხვაგანაც, გამონაკლისების მიუხედავად, შენს სხვა საქმეებზეც მითხარი, სამსახურზე  იმაზე, რაც შეიძლება რუტინა და მთელი შემოქმედებითი ენერგიის მიმთვისებელიც აღმოჩნდეს. ამ რუტინაზე ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე, როდის მოდის საკუთარი ტექსტების დრო და შეიძლება სამსახური რუტინა არ იყოს?

– იღბლიანი ადამიანი ვარ – ჩემი ყველა საქმე და სამსახური პირდაპირ თუ ირიბად მაინც ლიტერატურას უკავშირდება. ამიტომ საწუწუნოდ საქმე ნამდვილად არ მაქვს. ის მეორე საკითხია, ეს საქმეებიც რომ რუტინად იქცევა ხოლმე, ეს ამდენი საწერი, წასაკითხი, საკორექტურო-სარედაქტირო, საფიქრალ-სააზროვნო... ხანდახან უკუღმართად წაგეოცნებება, ცხოვრობდე სადმე სოფელში, ხარშავდე საზამთროდ მურაბებს და კომპოტებს, გყავდეს წვრილშვილი, პირველი შენთან მოდიოდეს თოვლი, გაზაფხული, გქონდეს ორი ფურცელი – ერთი მიწის და მეორე ქაღალდის, ხან ერთზე გაგყავდეს ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების კვლები, ხან მეორეზე – სიტყვები, აბზაცები... მერე ისევ მოდის რუტინა და ეს სიზმარიც, თავის პერსონაჟად შენ მაგივრად სხვას ირჩევს, ვინც ასეთ ცხოვრებას ირგებს და იფერებს, იმას და არა შენ – ვინც ვერასდროს შეელიე თუნდაც იმას, რაც გტანჯავდა. უბრალოდ, ხელი ვერ გაუშვი, სანამ ძალით არ გაგაშვებინეს.

ვწერ ინტერნეტჟურნალისთვის Mastsavlebeli.ge, ვმუშაობ თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში, ვაკეთებ ლიტერატურულ გადაცემებს რადიო „ივერიაში“, რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა სტუდია „ხომლში“ (ეს უკანასკნელი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია)... მაგალითად, შარშან სწორედ „ხომლში“ დავაარსეთ ესმა ონიანის სახელობის კონკურსი ახალგაზრდებისთვის – პოეზიასა, მხატვრობასა და ესეისტიკაში. თბილისის მერია დაგვეხმარა განხორციელებაში და საინტერესო ავტორებიც გამოვავლინეთ – ზოგი უკვე ნაცნობი, ზოგის შესახებ კი, ყველამ ამ კონკურსიდან გაიგო. პირადად მე ისე მეამაყება, რომ დიდი მხატვრის და პოეტის – ესმა ონიანის სახელისათვის სულ მცირედი შევძელით... წელსაც ვაპირებდით, გაზაფხულზე, მაგრამ ამ ამბებმა შეგვიშალა ხელი ორგანიზებაში. იმედია, შემოდგომას მაინც გამოვიყენებთ.

პროექტები, იდეები, ინიციატივები – კოდური სიტყვებია, რაც დღეს, ალბათ, თვითგადარჩენას ნიშნავს. იქნებ ყოველთვისაც ასე იყო. უბრალოდ, რახან ყველაფერი ისედაც ფატალურად დაიძაბა, ასწრაფდა და გამწვავდა, ამ კოდურ სიტყვებსაც რაღაც აგრესია დაემატა.

თუმცა, ჩვენ ხომ ახლა „კორონაომში“ ვართ და, აქედან ყველანი სხვა ცოდნით უნდა გავიდეთ, ბევრი სიტყვა შეიცვლის აზრს, განწყობას, ბევრი რამე მოხდება პირიქით.

მე მარადიული სიტყვების ერთგული დავრჩები.

"ჩემს უბანში უკვე ჩიტების დიქტატურაა. აშკარა უპირატესობა აქვთ - ყველა ხმა გადაფარეს, გზები დაიკავეს, აივნებს ინაწილებენ.

თუ ცოტა ხანში უცხო ბგერები ამოვუშვი, იცოდეთ - ჩემით ჩავბარდი.

მაინც სულ მინდოდა ჩიტობა..." - Facebook. Nino Sadgobelashvili Ninia. 29 მარტი, 2020 წელი.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE