რომანტიკული ნევროზი


რომანტიკული ნევროზი




ელეგია ბანალურ თემაზე

 

მარადიულ ვარცხნილობით

მზე ამოვიდა.

ყოველ მკვდარს უჩხვლეტს ახალი სხივით,

თითოეული ბალახის ღეროს ის ექაჩება,

მისი დავალებით

ბუნება გვასწავლის სიკვდილს,

როდესაც ვხედავ

ზაფხულგამოვლილ საზამთროს

დაჩუტულ მუცლით...

ასეა, იგი ყველგან შედის,

ყველა კარს აღებს,

საკლიტურის უკბილო პირში

უყრის გასაღებს,

მაგრამ ვერცერთი კარის საჭვრეტი - არწივის თვალი

მას ვერ ხედავს,

რადგან ის ჩვენ ვართ,

იგი ჩვენშია, როგორც ჩრდილი,

გამოჩრილი ჩვენივე თავიდან,

და კარგად იცის -

ადამიანად ყოფნის ზღვარი მოზომილია,

როგორც სივრცე,

ჰორიზონტის ძაფით ამონაკერი!

 

 

რეკვიემი სიყვარულს

 

მე ვნახე დრო,

რომელიც თავისი ღონიერი ყბებით

რკინას ღეჭავდა,

დიდრონ ქვებს პაწაწინა კენჭებად მარცვლავდა

და ზღვას უყრიდა პირში.

მე მინახავს დროის დიდებული ტერფი,

საფლავების ამობურცულ მუცლებს

სწრაფად რომ ტკეპნიდა.

ის უძველეს წყაროსთან მისულა

და გადაუჭრია წყლის უწყვეტი ზორტი.

მე იგი ვნახე -

მილიონობით წლის წინანდელი ქარვიდან იმზირებოდა;

სიყვარულის საბანს ჩრჩილივით ჭამდა

და საბანშივე იცურცლებოდა...

მე ვნახე იგი -

თხილის ნაჭუჭში უნახვრეტოდ შესული.

 

 

რომანტიკული ნევროზი - I

 

ნუთუ დასტურ სიყვარული იყო ის,

თუ წარმავალი აჩუჩუნება? 

რადგან ის მზე ზღვაში ჩავიდა

და ზედაპირზე სისხლის კვალი დატოვა.

ტყეც აღარ არის,

მხოლოდ მისი მარინადი                                                                                                                                                                                                                                                                                            მოგონების სითხეში დაცურავს.

მეგონა, ჩაის ფინჯნები ინახავდა

ჩვენს ხმებს, სახეებს,

ჭიქურის ნაზი შუბლის ქვეშ

ფაიფურის დაშაქრულ ტვინს ახსოვდა 

სიყვარულის ახსნა,                         

ოქროთი მოხატულ ვარდებს კი -

შენი შეხება...

მაგრამ  ვხედავ, 

აბოლებულან ყვავილები,                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                          დროს ულოკია

ფინჯანთა სადაფის ნერწყვი და სიყვარული...

ფსკერზე კი ყრია

დარჩენილი უსახური ექსკრემენტები,

საიდანაც ზოგან მოუნელებელი 

ოქრო ბზინავს.

 

რომანტიკული ნევროზი - II

„უწყალო სიყვარულო და სხვ.“

ალ. ჭავჭავაძე

 

ო, არა!

ეს სიყვარული არ ჰგავს ჩვეულებრივს:

სუნთქვის აჩქროლებას

ნაზი სრესვისას უბეში ვარდის,

არც კვნესა-კრუტუნს

გახვითქინებულ ძუძუთა ქლეშით.

იგი ნორჩია, ღვთაებრივი და უმიზეზო,

როგორც ახლადგამონასკვული

ლობიოს პარკი -

უგულო და უბეწვო,

ანდა მიმწუხრის მკერდში აწურული სინათლე,

სანამ  ხაჭოდ ჩაწვება.

გაგიფრთხილდები  გრძნობავ ძვირფასო,

როგორც ის ქალი მეზობლისა,

რომელიც ქოთნის იას ისე უვლიდა,

რომ ყვავილმა ქონი მოიდო.    

მსურს  ვიპოვო ქვეყნად წიაღი,

სადაც ჩემს გრძნობას

შევანივთებ მარადიულად.

ხომ ამბობენ, რომ არსებობს

ხალასი ოქრო -  უცვეთელი ანუ უხრწნელი?

მინდა მჯეროდეს ამ ბრწყინვალე იდეის  

და არ ვიცოდე დარწმუნებით,

რომ მის სხეულშიც სიკვდილია გარდაუვალი,

რადგან საუკუნოვანი სიზანტით დის

სითხე კეთილშობილი -

ოქროვანი, ბრჭყვიალა ლიმფა.

 

 

რომანტიკული ნევროზი - III

 

სიყვარულის ბაღის ჩეროში ვინც შეისვენა,                    

უთუოდ ნახა,                                                                            

რომ ვარდის ბაღი სკინტლით აივსო,                                  

ბულბულის ნაკრტენს შეემატა ყვავის და სხვათა.            

მე კი, ჩემი სურვილის ორმოდან                                           

წარმოსახვით ბაღს ვაშენებ                                                      

და ვგრძნობ,

რომ მისი თოთო ჩანასახი                                               

ოცნების ბრჭყვიალა ლორწოში

იბერება და იკვირტება,

თავის წილ ცას ივითარებს

და ციდან გაღწევის შესაძლებლობას.

აქ ყოველი მცენარე ჩემგან ამოიზრდება,

მხოლოდ ვარდები უნდა ჩავინერგო გოლესთანიდან

შენი სისხლით ნათესავები...

მაგრამ ვიგებ,

რომ ბაღის ადგილს მალე ამომაჭრიან,

რადგან ქალაქის მერის ბრძანებით

აქ გაიყვანენ ავტოსტრადას...

გადმორგვამდე კი,

ათასობით ცხენის ძალამ 

წარმოსახვაშივე გადასრისა ნაზი ვარდები

და ჩემს ლექსებში

ვარდისფერი სისხლის კვალი დატოვა!

 

 

შთაბეჭდილება კარავაჯოს „ბახუსის“ ნახვისას

 

ჯერ კიდევ ახალგაზრდაა

კარავაჯოს ბახუსი - ღმერთი,

იგი ვნებით ხელს მიჭერს ძუძუზე

და ლპობაშეპარულ მსხალზე მითითებს.

სიკვდილი ხილის კალათაში

ყურძნის თვალებით იყურება

მაშინ, როცა ჩვენს ბაღჩაში

საზამთრო მშობიარობს

და გააჩენს ზოლიან პატარას.

სანამ ყიფლიბანდი გაუმაგრდება

აქ სიცოცხლე სხვადასხვა ხილში იბურცება,

მწიფე ბანანის ყვითელი ასო კი,

ჩემს წარმოსახვას ანაყოფიერებს.

 

 

ეპიფანია

 

ქორწილის დღე სქელ ბინდშია,

მზის ოქროვანი არეოლა უკვე მკრთალად ჩანს...                                                                                    

წამიერად იელვებს

ჩემი ქმრის ჰალსტუხის

ზოლიანი ენა

ან ანანასის სადღესასწაულო ვარცხნილობა

საქორწინო სუფრიდან;

სტუმართა შორის

ბერეტიანი თავი მეგობრის,

რომელიც ახლა მიწაშია...

ხელსახოცის ჩიტები ფრენენ მალიმალ

კანას გალილეას ქორწილში,

სადაც დრო ჩერდება,

როგორც მარწყვი ჟელეში.

ამ ტკბილ დესერტში ღმერთს ვხედავ

და ისე თავგანწირვით ვეჭიდები

სიყვარულის პოვნის უკანასკნელ იმედს,

როგორც ბეჭდის ძვირფას ქვას

ოქროს ბრჭყალები,

სამუდამოდ ჩაფრენილნი.

 

 

***

 

აი, ფუტკრები -

მათი პაწაწინა ტვინები ოქროსფრად ანათებენ

და მოფრინავენ მბზინვარე გუნდად,

აელვარებენ პაწია ნესტრებს

და მოაქნევენ ერთ ციცქნა ხორთუმებს,

რომლითაც ისინი ყვავილებს ჭკუიდან შლიან,

უმოწყალოდ აპობენ გაუშლელ კვირტებს,

სისხლთან ერთად სწოვენ შაქროვან ნექტარს.

აი, ფუტკრები -

მათ ამოცვილეს ჩემი სახლი;

ამ მზის შუქით მოზელილი სილიკონით

ამოქოლეს ჭუჭრუტანები

და დავრჩი მარტო,

სახლში ნარჩენი მზის სხივები

მოყვითალო ძაფებად იქცნენ.

კარი ღიაა,

მაგრამ ნიშნის მოგებით

რკინის ენას მიყოფს საკეტი.

 

 

წარსული

 

აღარ არის  სახლი,

სადაც კედელზე ეკიდა ნაქარგი,

უკანა მხარეს სისხლის ლაქა რომ ჰქონდა

ყვავილებს შორის ცოცხლად ჩანემსილ პეტუნიასი.

მხოლოდ სიზმარში ჩნდება იგი...

სიზმრის ცილას ცხადივით გამოეყოფა

ჩვენი ეზოს იასამნის ბუჩქიც, 

რომელიც გრძელი ფესვით ჩაფრენია

დროის მიერ მიწაში ჩატანილ

რეზინის თოჯინას

აბურდულ, სინთეტიკურ თმებში.

ჩემი გონებაც

ერთ მეტრ სიღრმეშია

და ხანგრძლივი წვიმების მერე

ცდილობს წარმოიდგინოს

ცისარტყელას ჩანასახი უნაოჭო ცაზე.

 

 

ლექსი ოპტიმისტური დასასრულით

 

ამ იის თვალში

ნამი ბრწყინავს, როგორც ცრემლი,

და მიუხედავად მისი სუსტი მხედველობისა,

მაინც მხედავს, რომ მარტო ვარ

და ჩავლილ დღეთა მბზინავ კვალს

ცხოვრების კოჭზე ძაფად ვართავ.

მერე კი ვწვები,

საწოლის ხის ზურგით ვეყრდნობი კედელს,

რომელსაც საათის გული

გარეთ გამოვარდნია

და დროის სასტიკ გულისცემას მასმენინებს,

მაგრამ მალე

ვულკანური მთის ძილი მოდის,

მას ისეთი მაღალი ტემპერატურა აქვს,

რომ ყოველი დილა, რომელიც სიზმარში გათენებულა,

კვერცხივით მოხარშულა.

ახლა კი,

ნიავის უხილავმა ხელმა გადასწია ფარდა

და დილის სიცილი

ვაშლის კანივით პოლირებულმა მაგიდამ აირეკლა.

 

 

ბოლო მატარებლით

 

ეს ლიანდაგი

პრეისტორიული ცხოველის ჩონჩხია

თუ რკინის გვირისტით

ამოკერილი მიწის მუცელი?

ცის ნაოჭიდან უხილავი თითის დაჭერით

სავსე მთვარე ცურდება

და მატარებელი გვირაბში შედის.

მგზავრებს შორის კი,

ღმერთს ვხედავ

მაშინ, როდესაც მის სახეზე

თანაბარი ინტერვალით

სინათლის ხვლიკი გადარბის.

 

 

რეკვიემი ზღაპრულ სიყვარულზე

 

ღმერთო, თითი შეახე ღამეს,

საიდანაც მიმზერენ ტურა-მგლები,

მშივრები და სულგაკმენდილები

მსოფლიო ხალხთა ზღაპრებიდან.

აქ ყველა სიუჟეტური სადენი

სამუდამოდ გაწყვეტილია;

დღე, რომელიც დაღამდა -

აღარ გათენებულა,

ცისკრის ჩაუცმელი პერანგი

მოვარდისფრო  ნათებით

მთის ძირში ჩაქრა დიდი ხანია,

მხოლოდ მთვარე -

ცის ღიად დარჩენილი თვალის გუგა,

დროის იქით დაცურავს

და ხედავს -

შეყვარებულ ქალწულებს,

რომელთაც დაბერებული ატლასის კაბებიდან

ამაოების ფოჩები მოუჩანთ,

მათი რაინდები

ზღაპრის იქითა მხარეს გადასულან

და ოჯახებს მოჰკიდებიან,

თავიანთი სახლების საკვამურებიდან კი

ფიქრისფერი ბოლი ამოდის,

როგორც მინიშნება ზღაპრულ სიყვარულზე.

 

 

კოლექტიური სიზმარი

 

ჩემი დღე -

ათასობით კუბური მეტრი

ბრჭყვიალა ცხადი,

საღამოსკენ პატარავდება და

უსახური რძის კანივით ეტყეპება სადმე.

ღამე მოდის გოლიათური,

ძილში ამოჰყავს ვნების ყვავილი,

რომელიც თითის შეუხებლად იშლება

და ელავს!

ამ ბასრი დანით გადამიჭრა ამაღამ ძილი,

ელექტრონისფერი სითხე მოჟონავს იქიდან

და გამოვრბივარ ქუჩაში, სადაც

სამი ღამე ერთად ბნელდება,

ცენტრალური ქუჩის კუთხეში კი,

უზარმაზარ დისპლეიზე,

პორნოფილმი გადის…

ქალაქიც თავის თხევადკრისტალურ გონებაში

მოლივლივე, აკვიატებულ სიზმარს ხედავს.

 

 

ცა ომის შემდეგ

                                                                                                              

ეს იყო მოულოდნელი ინფარქტი -

ნათურაში სინათლის ძაფი გაწყდა,

სიბნელეში დავრჩით და

ტკივილიც უფრო გამძაფრდა,

რადგან ჩამოჭრილ მთას

ჯერ არ შეუკრავს პირი

და ჭრილობიდან ლურჯი ხორცი უჩანს;

საზღვარს მიღმა დარჩენილი ზღვა

ღამღამობით ჩვენთან იპარება

თავისი მოქალაქეობაშეცვლილი

წყლის ბინადრებიანი მუცლით;

ცის იმ ნაწილში,

რომელიც გიგანტური მაკრატლით მოგვაჭრეს,

ვარსკვლავები გახმნენ,

ანუ კოსმოსურ ფუფხად იქცნენ.

უცნობი ტურისტის ფოტოზე ვხედავ:

სოხუმის სანაპიროზე ისევ ისე ზის

ოდესღაც ჩემი ხნის

ლითონის გოგონა-ქანდაკება -

ვერგადასული პუბერტატის ასაკში…

ცა იქ ისეთი მგრძნობიარეა,

რომ თვითმფრინავის განასერზე

სისხლი მოჟონავს.

 

უკვდავება

Verweile doch! Du bist so schön! Goethe

 

ფოტოგრაფია როგორ ჰგავს სიკვდილს!

ობიექტივის უწამწამო თვალი

კადრს რომ აღბეჭდავს,

წამს სამუდამოდ მოაჩარჩოებს

და როგორც სიკვდილი,

მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ვის შეუძლია მდინარის გაჩერება

ანდა სიყვარულის უეცარ ელდის შემდეგ

მომთენთავი შეგრძნების დაცვა,

თუ არა ფოტოს?!

აი, ჩემი წინაპრები

ფოტოსურათის უკვდავების კამერაში არიან,

მარადიულ აწმყოს წვენში ჩაწობილები

და აზრადაც არ მოსდით, რომ რახანია

მიწის საკბეჩად გაიმეტეს მათი სხეული...

არადა,

შეხე, ისინი -

ბედნიერად მღიმარი მკვდრები,

ფოტოგრაფის დამიზნებით

ცოცხლად მოკლულნი,

სასურათე ბედნიერ წამის

უსასრულოდ გამწელავები.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE