მარტო ცხოვრობ?


მარტო ცხოვრობ?




სისხლის გუბეში გამეღვიძა. სააბაზანოში შევედი. ვუყურებდი, როგორ გადიოდა ტრაპში ვარდისფერი წყალი და ვფიქრობდი: ალბათ, ქალი უნდა იყო, სისხლით ასე რომ მოისვარო და არ გეგონოს, რომ მოკვდი.

 

---

საღამოს შინ ჩვეულებრივზე ადრე დავბრუნდი. ბუოგისთვის ბევრი არაფერი მქონდა მოსაყოლი, მაგრამ სხვა რა გზა იყო. პროდუქტები სამზარეულოში დავაბინავე, ფეხსაცმელები საკიდთან მივყარე და საძინებლის გავლით ბუდუარში შევედი.

როგორ მავიწყდება ხოლმე, რომ ასეთი მახინჯია. იმასაც ვერ ვხვდები, პირველად შიში მიპყრობს თუ ზიზღი. იატაკზე დაცვენილი მისი ქიტინიანი ტყავი ორივე ხელით მოვაგროვე და სანაგვეში ჩავუძახე. მოუთმენლად მიყურებდა და ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში მიმოდიოდა.

დაჯექი-მეთქი და სავარძელში ვეღარ ჩაეტია. ამხელა როდის გაიზარდა? გუშინ? გუშინწინ? დიდი ხანია, შევამჩნიე: რაც მეტ ამბავს ვუყვები, მით უფრო საზარელი ხდება. ზოგჯერ კანი ლორწოთი ეფარება და მერე ამ ლორწოს კედლებსა და იატაკზე ტოვებს. ხანდახან – ავეჯზეც.

მოვუყევი, როგორ ვიდექი საცობში, მერე როგორ გაიხსნა გზა, როგორ გადამიჭრა გზა ვიღაც ახვარმა, როგორ ვიგინებოდი ფანჯრებაწეულ მანქანაში, როგორ გამიჭირდა დაგვიანებულს მანქანის გასაჩერებელი ადგილის პოვნა, როგორ შემომტენა სამსახურში ფინანსებმა თავისი საქმე, როგორ მიჭირს, გავაგებინო დაქვემდებარებულს ელემენტარული რამ, როგორ ჩამკეტა ვიღაც სირმა შუადღეზე, რა ცუდად ვარ და მერე ავტირდი.

 

----

დიდი ხანი არ არის, რაც მარტო ცხოვრება დავიწყე. სხვანაირად ალბათ ვეღარც ვიცხოვრებ. შანსი, რომ ბუოგი დაპატარავდეს და გაქრეს, თითქმის არ არსებობს. თუმცა მახსოვს ერთი დღე, კანის ფერი რომ შეეცვალა და წებოვანი ბუსუსები სულ დასცვივდა.

 

----

ჩემი თანამშრომლის კაქტუსს რაღაც დაემართა. რჩევა იკითხეს, რა ვუყოთო. ფესვთან გადაჭერი და წყალში ჩადე, აუცილებლად გაიხარებსო.

მე რომ გადამჭრან და წყალში ჩამდონ, გადავრჩები?

 

----

ბუოგი  მშველის.  ის რომ არა, შინიდანაც ვერ გავიდოდი. თუ არ დავიცალე, დავიშლები. ჯერ – ფერებად, მერე – ხაზებად, მერე – წერტილებად. მერე ჩემგან თეთრი ფონი დარჩება. ან მწვანე. და ფოტოშოპით ამინდის პროგნოზს მიმახატავენ.

 

----

ხანდახან მჭირს ხოლმე – მანქანაში მუსიკას მაღალ ხმაზე ვრთავ და ფანჯარას ბოლომდე ვწევ, რომ გარეთაც ისმოდეს რას ვუსმენ. ქაჯივით.

თუ ჩავთვლით, რომ ჩემი პიროვნება რამდენიმე საკვანძო მიმართულებისგან შედგება და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, რათა თავი კარგად ვიგრძნო, დღევანდელი გადმოსახედიდან გამოდის, რომ ყველა მიმართულება უფსკრულშია ჩაჩეხილი: პირადი, სამსახურებრივი, პროფესიული, შინაგანი, მეგობრული, ნათესაობრივი, მიცემითი, წოდებითი... ვფიქრობ იმაზე, რა შევცვალო, მაგრამ შესაფერისი განწყობა ვერ შევიქმენი. განწყობა, რომელიც მოთხოვნილების გაჩენისა და საშუალების იდენტიფიცირებისას იბადება. მოთხოვნილება ბუნდოვანია, საშუალება არ შემხვედრია. ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე შესაფერისი დროა თავის მოსაკლავად, მაგრამ ესეც გადაწყვეტილებაა, რომლის მიღების უნარიც არ შემწევს. კატატონიურ მდგომარეობაში ვარ.

არ ვიცი, რისთვის ვიბრძოლო. უფლებებს არავინ მიზღუდავს, არავინ მჩაგრავს, არავინ არაფერში მიშლის ხელს. უბრალოდ, უგულებელმყოფენ. ალბათ, ეს ძალადობის ყველაზე უარესი ფორმაა. ყველაზე საშიში და დამანგრეველი. არაფრად ჩაგდება. ახალი კამპანია ხომ არ წამოვიწყო ფეისბუქზე? ჰეშთეგით - #აინუნშიჩამაგდე.

 

----

ანი დამადგა. ბუოგი ბუდუარში გამოვკეტე. ჩაი დავადგი და ლიმონი გავრეცხე. ანიც ერთგვარი ბუოგია, იმ განსხვავებით, რომ ჩემი ნაამბობის მოსმენისას არ იზრდება, ეკლებს არ ისხამს და კიდევ - ანის უფრო იშვიათად ვხედავ.

ბევრი ვიცინეთ და მერე დავთვერით. ან, შეიძლება, პირიქით. რომ მოვიდა, მითხრა, ჩაი უკან შეისხი და ფეხიანი ჭიქები ჩამოიღეო. ჩაისთვის ხელი არ მიხლია, ჭიქები კი ჩამოვიღე. ღვინოც. ვასხამდი და თან ვფიქრობდი, ხომ იცის, რომ დალევის მერე უსიამოვნო საუბარი გველოდება და რად უნდა-მეთქი. მეორე ბოთლი რომ დაიცალა, უკვე სიკვდილზე ვსაუბრობდით. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი სასაუბრო თემაა, მაგრამ რადგან ვიცი, რომ გარშემომყოფებს განწყობას ვუფუჭებ, ვერიდები ხოლმე. ფეხებს მოერიდები.

მესამე გავხსენით.

ვცდილობდი გამერკვია, აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორ მოკვდება შენი ახლობელი, მაგალითად, ავარიაში დაიღუპება თუ ავადმყოფობა გადაიტანს. შეცვლიდა მიზეზი რამეს? რამდენი კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს სიკვდილი? რა არის საჭირო, ახლობლის გარდაცვალებამ ჩვენი ფსიქიკა რომ ჩამოშალოს?

ჩამოვთვალე:

  • გარდაცვლილის ასაკი (ჩემთვის სულერთია, მაგრამ ანიმ შემომატენა, სხვებისთვის მნიშვნელოვანიაო);
  • სიკვდილის გარემოებები;
  • სიკვდილის წინაპირობები – რა გვითხრა ჩვენ, ახლობლებს, რა გააკეთა;
  • ჩვენი ემოციური ფონი ამ ამბის შეტყობამდე;
  • ჩვენი ემოციური კავშირი გარდაცვლილთან;
  • წინასწარი მოლოდინი და ალბათობა იმისა, რომ გარდაიცვლებოდა (მაგ., ხანგრძლივი ავადმყოფობა);

ანი ამბობს, რომ, ამ თეორიაზე დაყრდნობით, საერთოდ რომ ვაზროვნებ და თეორიებს ვაყალიბებ, ისიც გასაკვირია. აქედან გამომდინარე, ან თეორია არ მუშაობს, ან რაღაც დამეხმარა იმაში, რომ ფსიქიკა ფარშად არ მექცა.

მესამე ბოთლის უკანასკნელი წვეთები ჩავწურე ჭიქებში. თან ანის ვუყურებდი. მეთქვა ბუოგზე? რატომ ვუმალავდი?

არ მითქვამს. ლოგინი გავუშალე, გრძელი მაისური მივეცი, საძინებელში გავედი და გაუხდელად მივეგდე საწოლზე.

 

----

მესიზმრა, რომ ბეტმენი ვიყავი და წყალქვეშა ნავს ვმართავდი. კარგი იყო.

რაც ბუოგი მყავს, თუ სახლში მარტო არ ვარ, საწოლი ოთახის კარს ვკეტავ. ანიმ, ჩვეულებისამებრ, ჩემზე ადრე გაიღვიძა და კარი რომ გავუღე, მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა, რას კეტავდიო. მეც მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე და არაფერი ვუთხარი. დაე ეფიქრა, რომ ვმასტურბირებდი.

 

----

ბუდუარში აღარ ეტევა. ვცდილობ, რამით ჩავანაცვლო. სამსახურში გასაფერადებლები დავბეჭდე, ფანქრები გავთალე და საღამოობით ვაფერადებ. ასე ნაკლებს ვფიქრობ. შველის, უბრალოდ, ხანდახან ნერვები არ მყოფნის, ვჭმუჭნი და ვყრი.

 

----

ურთიერთობა არც კი დაგვეწყო, რომ დავშორდით, თან ისე, რომ კარგა ხანს ვერ ამოვიგდე თავიდან. არ შემყვარებია. შანსი იყო, უბრალოდ ვეღარ მოვასწარი.

მერე ერთი სცენა ამეკვიატა, რომელიც ყველაზე მეტად აღმაგზნებს. მე საწოლის კიდეზე ვზივარ, ის – ფეხმორთხმით ჩემს ზურგს უკან და მოთმინებით მაცლის ზურგიდან დამწვარ და აქერცლილ კანს. მერე ხერხემლის გასწვრივ ხელისგულს მისვამს და კისერზე მკოცნის. მე თავს ვწევ და ველოდები, როდის მივა ყურამდე.

მისი წასვლიდან მთელი კვირა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი.

 

----

ჩემი ხანმოკლე რომანის პარალელურად ბუოგი ცოტათი დაპატარავდა. ნაკლებამაზრზენი გახდა. ქიტინოვანი საფარველი დაურბილდა და გაუფერმკრთალდა, თითქმის კანს დაემსგავსა. აღარც ლორწოს ტოვებდა, აღარც სუნს. მესიმპათიურებოდა კიდეც ჩემი პატარა მონსტრი, რომელიც ყოველ საღამოს ძაღლივით ერთგულად მელოდა და რაკი კუდი არ ჰქონდა, ჩემს დანახვაზე ტრაკს აქიცინებდა.

 

----

მახსოვს, სექტემბრის დასაწყისში სამსახურიდან ავტობუსით ვბრუნდებოდი. ავტობუსი გიჟივით გაქროლდა თამარის გამზირზე. მე ვდგავარ, წინა საქარე მინაში ვიყურები და ვხედავ, რომ უახლოვდება მეორე ავტობუსს, რომელიც დგას, თუმცა მძღოლი ამას აშკარად ვერ ხედავს. სხვა დროს, სხვა სიტუაციაში ალბათ ხმამაღლა ავყვირდებოდი: “იდიოტო, რას აკეთებ, ეჯახები!” ახლა კი ვიდექი მშვიდად და შეჯახებას ველოდი. იმედი გამიცრუვდა, დროულად მოახერხა გვერდის ავლა და არც გვერდის ავლისას შევჯახებივართ ვინმეს. გადავრჩით, თუ ერთმანეთზე მიყრილ მგზავრებს და ჩალურჯებულ ადგილებს არ ჩავთვლით.

 

----

იმ ღამეს ბუოგს ბევრი ველაპარაკე. არ მახსოვს, როდის ჩამეძინა. დილით თვალი ჩემს ოთახში გავახილე. ნეტა მან გადამაწვინა თუ მე თვითონ მივედი საწოლამდე? ის კი მახსოვს, როცა ავტირდი, ერთიანად აიჯაგრა და მხრებზე წყლულებმა დააყარა. დილით წყლულები დახეთქილი ჰქონდა და იქიდან მყრალი მოყვითალო სითხე ჟონავდა.

 

----

მახსოვს ის დღე, როცა წლისთავზე ეკლესიაში შევედი, ვცდილობდი, წირვის შინაარსი გამეგო, მაგრამ არაფერი მესმოდა. გალობას რომ მორჩნენ, იქაც გაუსაძლისი გახდა ყოფნა და გარეთ გამოვედი. ვისხედით მე და ჩემი მეგობარი ქვაზე და ვუყურებდით ჭიანჭველებს, რომლებიც რაღაცებს მიათრევდნენ. რამდენიმეს მივეხმარეთ კიდეც.

 

----

ნეტავი რა მოხდებოდა, ადამიანებიც, მაკდონალდსის მოლარეებივით, თხოვნაზე ასე რომ გვპასუხობდნენ:

- თქვენგან მივიღე სითბო, სიყვარული, კეთილგანწყობა, ყურადღება; უნდა დაგიბრუნოთ ბუს კვერცხები. დიდი მადლობა, კვლავ გვეწვიეთ.

 

----

გამახსენდა, როდის დავინახე პირველად. სასაფლაოდან დაბრუნებული, სახლში მარტო ვიყავი და ველოდი, რა მოხდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც ისეთი, რაც მაშინ ხდება, როცა ყველაფერი მთავრდება. ვიჯექი და ვგრძნობდი სკამს, რომელზეც ვიჯექი, მაგიდას, რომელზეც ხელი მედო, ტანსაცმელს, რომელიც მეცვა, ლინზას, რომელიც მაწუხებდა, იარლიყს, რომელიც წელზე მჩხვლეტდა. და ამ დროს მოვკარი თვალი ოთახის იატაკზე, ობობასავით ბეწვიანს... ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესღაც კაკლისოდენა იყო.

 

----

ერთხელ ქუჩაში ღვთისმშობლის ხატი ვიყიდე. არ მინდოდა, ბიჭისთვის თავმოყვარეობა  შემელახა, თორემ ხატს არც გამოვართმევდი. ქურთუკის გულისჯიბეში ჩავიდე, რომ არ დაჭმუჭნილიყო. მას მერე სულ მავიწყდება ამოღება და შინიდან გასულსღა მახსენდება, რომ ჯიბეში მიდევს. რაკი ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ სიკვდილზე, სასაცილოც კი მეჩვენება ეს ამბავი – მკვდარს ჯიბეში ხატს რომ მიპოვიან და თავს გადააქნევენ, სულაც არ ყოფილა ისეთი წარმართი, როგორადაც თავს გვაჩვენებდაო.

ისე კი, ჩემი და ღმერთის ურთიერთობა ცალმხრივად გათიშულ ტელეფონს ჰგავდა. მხოლოდ მესიჯის გაგზავნა შემეძლო, ისიც – სტანდარტულის, დაახლოებით ისეთის, როგორიც “გთხოვ, დამირეკე”-ა. ორჯერ გავგზავნე ეს მესიჯი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მერე ავდექი და კონტაქტებიდან წავშალე. თავმოყვარეობა მეც მაქვს.

 

----

ვერ ვიხსენებ, ბუოგი რატომ დავარქვი. თუმცა ახლა უკვე დოქტორი ბუოგია. ჩემი მახინჯი, სლიკინა ფსიქოთერაპევტი. გუშინ შევჩივლე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მარტივად ახერხებენ უჩემოდ ცხოვრებას. სავარაუდოდ, ძალიან დასწყდებათ გული, როცა აღარ ვიქნები, მაგრამ წინასწარ ეგუებიან უჩემობას.

დოქტორმა ბუოგმა მითხრა, რომ ეს ჰგავს ტალახის აბაზანებს სიკვდილის წინ, რათა წინასწარ მიეჩვიო მიწას.

რაკი ბუდუარში აღარ ეტევა, ადგილები გავცვალეთ. ის ახლა ჩემს საძინებელში ცხოვრობს, მე ბუდუარში, დივანზე მძინავს.

 

----

ორი დღეა, სახლიდან არ გავსულვარ. დღეს ანიმ დამირეკა - ტელეფონამდე მისასვლელადაც არ მეყო ძალა. დოქტორმა ბუოგმა მანიშნა, მე ვუპასუხებო. წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ლაპარაკი როდის ისწავლა? ან ანის როდის გავაცანი? პასუხის გასაცემად სამზარეულოში რატომ გავიდა?

მეძინება. მერე ვკითხავ, როცა დაბრუნდება.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE