სასვენი ნიშა ანუ ყველა გადის (შენ მეტი)


სასვენი ნიშა ანუ ყველა გადის (შენ მეტი)




                                          მიძღვნა

 

                                          აქ შეიძლება იყოს შენი სახელი

 

                                          დაგვიკავშირდით  davidk1976@icloud.com

                                                       

ზოგადი შესავალი  ანუ ჰერაკლიტეს შელოცვა

 

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!

 

 

თავი პირველი - მთვლემარე მე ანუ ბოდვა

 

 

ჩემი უცნობი გამოსვლა რომის სენატში

 

სენატორებო!

 

უკვდავი ღმერთები მიეცნენ სრულ უმოქმედობას და დაგვტოვეს პირისპირ  ჭეშმარიტებასთან.

 

 

ჭეშმარიტება (დასაწყისი)

 

დიდად არასდროს მიძებნია. ყოველთვის მიჭირდა (და ახლაც მიჭირს) იმის  დაჯერება, რომ არსებობს სიტყვაში გამოთქმული ან ციფრში გამოყვანილი საბოლოო, უტყუარი პასუხი. თუმცა არასდროს დავპირისპირებივარ არსებულ ჭეშმარიტებებს, მით უფრო, მის ყველაზე გავრცელებულ - მაშასადამე ბანალურ - სახეობას - ე.წ. ყოფით ჭეშმარიტებებს. არ მიყვარს, არ არის ჩემი ხელობა კამათი ყოფით საკითხებზე, თან ვთვლი, რომ საკამათო არც არაფერია, სამაგიეროდ, ბევრი რამ არის მოსაგვარებელი, ხოლო მოგვარება გულისხმობს - ნაბიჯით იარ! -  ქმედებას.

ძალიან კარგად მესმის - ხომ არ ვაზვიადებ? -  მოდი, დავიზღვევ  თავს რა გაზვიადებისაგან, უბრალოდ ვიტყვი: კარგად მესმის ჭეშმარიტების პრაქტიკული დანიშნულება. ფუნქცია. იქნებ არც მესმის და ესეც გაზვიადებაა?  სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ:  ვეწინააღმდეგები  ყოველგვარ რევოლუციურ აქტივობებს, თუმცა ამავე დროს მტკიცედ მჯერა, რომ ევოლუციის პროცესი გარკვეულ ეტაპზე ითხოვს რევოლუციას.

 

 

ჩემი რიგგარეშე გამოსვლა უეფაში

 

კოლეგებო!

 

ყველა ბურთი არ არის მრგვალი, გაიხსენეთ რაგბი. და იქვე დაივიწყეთ, გააქრეთ თქვენი წარმოდგენიდან წარმოსახული რაგბის ბურთი, რადგან ჩემს მთავარ სათქმელს არანაირი კავშირი არ აქვს რაგბის ბურთთან, მე რაგბის ბურთს  მოვუხმე  როგორც ერთჯერად, უქვეტექსტო მაგალითს, არასამართლებრივ მტკიცებულებას. გათავისუფლდით რაგბის ბურთისაგან და მოემზადეთ შეკითხვისათვის:

რამდენადაა შესაძლებელი იდიომატური გამოთქმის - ბურთი მრგვალია-ს, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, განეიტრალება კონტრარგუმენტით: ყველა ბურთი არ არის მრგვალი. რაზე მიუთითებს ეს კონტრარგუმენტი? მხოლოდ და მხოლოდ არსებულ, ფიზიკურ ფაქტზე თუ ის ასევე შეიცავს ფიგურალურ  მინიშნებას, რომ ზოგჯერ ყველაფერი წინასწარაა ცნობილი?

შეტევა, შეტევა, შეტევა.

 

 

ფატალიზმი და თავისუფალი ნება  (დასაწყისი)

 

ანტონიმები არსებობენ მხოლოდ გრამატიკაში. მათი დაპირისპირება გრამატიკულია და არა ცხოვრებისეული. ხოლო გრამატიკა თავისთავად არის წმინდა წყლის ადამიანური პროდუქტი, შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, მწყობრი, რთულად ცვალებადი, დელიკატური პროდუქტი. ანტონიმების გრამატიკული დაპირისპირების პირველწყარო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძველესი ადამიანური ცრურწმენა - დუალიზმია.

გრამატიკა გრამატიკისათვის!

მივხედოთ ცხოვრებას.

 

 

ჩემი გულაჩუყებული გამოსვლა იუნესკოში

 

მეგობრებო!

 

დღევანდელი დღე უნიკალურია ამ ორგანიზაციის ისტორიაში, დღეს ამ ორგანიზაციის მიერ დაცული ძეგლების სიას ნიმუშად არა რომელიმე კონკრეტული ძეგლი, არამედ მთელი ქვეყანა ემატება და ეს ქვეყანა ჩემი სამშობლოა.

 

 

სამშობლო (დასაწყისი)

 

ჩემი ძალიან კონკრეტული სამშობლო  „მამული ენა სარწმუნოების“ უკანასკნელ როტაციულ ფაზას ასრულებს. რაც იმას ნიშნავს, რომ  მომავლის კონტექსტში ყველაფერი რიგზეა. მშვიდობაა და საღელვებელი არაფერია.

 

პირველად იყო - მამული ენა სარწმუნოება

 

რასაც მოჰყოლია - ენა სარწმუნოება მამული

 

დღეს არის - სარწმუნოება მამული ენა

 

ეს არის არა მოჯადოებული წრე, არამედ მორიგი ეტაპი.

 

 

გასასვლელი

 

 

ჩემი დამცხრალი გამოსვლა მეხანძრეთა კლუბში

 

ძმებო!

 

ერთი ელემენტით - წყლით, ანეიტრალებთ მეორეს - ცეცხლს, მაგრამ განა ეს საკმარისია იმის მტკიცედ სათქმელად, რომ წყალი პირველადია?

 

 

პირველსაწყისი (დასაწყისი)

 

ვფიქრობ: პირველსაწყისის დადგენა არ არის ჩემთვის მოცემული თუ ბოძებული. - არ დავეძებ! - სიცოცხლის  მიზანია, და ეს კარგია!

 

რაც შეეხება პირველსაწყისს: შეზღუდვები არ არსებობს. იფიქრე რამდენიც გინდა.

 

ვფიცავარ ღმერთებს! პირადად მე ვერა და ვერ წარმოვიდგინე - არადა, მერწმუნე, რადგან ჩვენს საქმეში რწმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნდობა, ძლიერ მონდომებულად ვცადე და იქნებ ოდესმე კვლავ მივუბრუნდე და ხელახლა ვცადო, არასდროს არ ვამბობ არასდროს, თუმცა ხშირად კი ვფიქრობ: არასდროს! - არაფერი, რომელმაც წარმოშვა ყველაფერი, არაფერი, რომელიც ცვლის სიტყვა „არაფერი“-ს თავდაპირველ მნიშვნელობას.

 

 

ჩემი გამოსვლა ანტიგლობალისტურ შეკრებაზე

 

ნაწილობრივმართებულადგაჯავრებულნო!

 

ადამიანების ფულისადმი დამოკიდებულება, არა მისი მოვლა-მენეჯმენტი, არა მისი დაბინავება-ინვესტირება, არამედ მის მიმართ დამოკიდებულება ანუ ემოცია - გულისძგერა იმდენად ერთფეროვანია, რომ სხვა ყველაფერს: ენებს - მკვდრებს და ცოცხლებს, რელიგიებს - დიდებს და პატარებს, ცივილიზაციებს - ახლებს და ძველებს (უძველესის ჩათვლით) მხოლოდ და მხოლოდ თეატრალური რეკვიზიტის ფუნქციაღა აქვთ. ანტიგლობალიზმი უპირველესად ესთეტიკური მოძრაობაა.

 

 

ფული (დასაწყისი)

 

რა გითხრათ ფულზე? იქნებ შემდეგი:  ნუ ეძებთ ფულში ბედნიერებას, ეძებეთ - მდგომარეობა ანუ ხელოვნურად შეჩერებული წამი. გახდი მისი ნაწილი და გაშეშდი. რაც შეეხება ბედნიერებას, ის  ბუნებრივად განვითარებული მომენტია, ანუ  გაელვებაა. არ იფიქრო, რომ ფულსა და ბედნიერებას ერთმანეთს ვუპირისპირებდე, ან - პირიქით, ვათანხმებდე მათ ერთმანეთთან, მათ შორის კავშირის არქონაზე გესაუბრები.

 

 

ჩემი გაუხმაურებელი გამოსვლა მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

 

უხუცესნო!

 

რა თქმა უნდა, ხატმებრძოლეობა არის ერესი, ხოლო ხატმებრძოლების  მწვალებლური არგუმენტები მუდმივად  და მკაცრად დასაგმობი, მაგრამ ამავე დროს, მე მესმის მათი. დიახ, არის აშკარა კერპთაყვანისცემლობის ელემენტი გამოსახულების თაყვანისცემაში, მაგრამ გამოსახულების გარეშე რწმენა ფანატიზმია.

 

 

იმიჯი (დასაწყისი)

 

ზოგიერთ, მათ შორის ჩემს - ქრისტიანობა მეტია ჩემთვის, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ  ნათლობის ფაქტი და სიყვარული, მაგრამ ნაკლები,  ვიდრე ყოველდღიურობა - რელიგიაში ადამიანი არა დამოუკიდებელი არსება, არამედ იმიჯია.

მოვიხმოთ მხოლოდ, მაგალითად, თუნდაც დინოზავრი, რომელიც ღმერთმა, რა თქმა უნდა, ზუსტად იმავე დღეს შექმნა, რა დღესაც ქათამი, ცხვარი, ძროხა, ძაღლი etc. ცხოველები. 

აი, ეს სამაგალითო დინოზავრი ღმერთს არ შეუქმნია საკუთარ იმიჯად, არც ხატად და არც საკუთარი თავის მიხედვით. ის სხვა ცხოველებთან ერთად ღმერთმა დამოუკიდებელ არსებად შექმნა, ხოლო ადამიანი კი საკუთარ იმიჯად, ხატად, საკუთარი თავის მსგავსად მოიგონა.

ადამიანი არ არის საკუთარი თავი.

 

 

ჩემი ახსნა-განმარტებითი გამოსვლა ზეციური სასამართლოს წინაშე

 

უკვდავნო!

 

ვდგავარ თქვენ წინაშე და არ მჯერა. არ მჯერა, რომ ეს ხდება სინამდვილეში და მგონია, რომ - მესიზმრება თუ ვესიზმრები ვინმეს, სულერთია - სიზმარში ვარ და წყალს ვეძებ, რომ ეს ცუდი სიზმარი გავაყოლო, ან მე გავყვე წყალს და სიზმრიდან გავიქცე.

 

 

უკვდავება (დასაწყისი)

 

სულიკო, სხეულის უკვდავება შეუძლებელია.

 

 

თავი მეორე  -  ქმედითი მე, ანუ ფიქრი

 

 

ჩემი წერილი პრ. გია დვალისადმი

 

გაბრაზებული გწერთ და შეიძლება ფარდობითად ზედმეტებიც კი წამომცდეს და ასევე გრამატიკული შეცდომები გამეპაროს, რისთვისაც წინასწარ გთხოვთ მეცნიერულად ზუსტ პატიებას.

არ  გიცნობთ, არ მიცნობთ, შეიძლება, გამიცნობთ, შეიძლება, გაგიცნოთ. ცოცხალი ვარ, ცოცხალი ხართ, ხდება, ცხოვრებაა. რას გწერთ საერთოდ?! მაგრამ არ შემიძლია, არ მოგწეროთ, გაბრაზებული ვარ, აღშფოთებულიც კი, თქვენზე არა, აინშტაინზე: ტიპმა კვანტური მექანიკით დაიწყო, ნობელიც ამ მიმართულების მეცნიერული ბოდვისათვის მიიღო. მოგვიანებით კი იმავე, მაგრამ არა იგივე აინშტაინმა აღიარა რა ატროშანი, საკუთარ კრედოდ  ღმერთი კამათლებით  არ თამაშობს გამოაცხადა. მყარად გაჭედა, არა ფარდობითად, არამედ ტოტალურად. სრულად და სამუდამოდ. შემიძლია მკაფიოდ წარმოვიდგინო, როგორ დაკარგა ცხოველი ინტერესი ცოცხალი სამყაროსადმი და გაქვავებულ ჭეშმარიტებას შეაფარა თავი. ალბათ ასე უფრო დაცულად გრძნობდა თავს. სრული დაცულობის მოსაპოვებლად ამერიკაშიც გადასახლდა და ატომური ბომბის შექმნაშიც დაიდო შეიძლება არა გადამწყვეტი, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შესამჩნევი წვლილი, თუმცა ეს ყველაფერი ხომ წინასწარგანზრახული იყო, რადგან ის, ღმერთი, არ თამაშობს კამათლებით. მაგარი საცემია ხომ ეს აინშტაინი, არა, ბატონო გია?

 

 

ჭეშმარიტება (გაგრძელება)

 

ჭეშმარიტების კამათში დაბადება ბერძნულ-რომაული ჭორია, მენდე: ჭეშმარიტება არ იბადება კამათში, ის პროექტირდება თათბირში, შემდეგ ადამიანური ინსტინქტების დახმარებით გარდაიქმნება ერთ-ერთი სავარაუდო, შესაძლოა, ლოგიკურად მტკიცე პასუხიდან საბოლოო, უტყუარ ჭეშმარიტებად, რაც ახდენს მის გარდაუვალ საკრალიზაციას, ხოლო ყველაფერი საკრალური არის პროდუქტი, ე. წ. გონებრივი პროდუქტი უგუნურთათვის. ზოგადად, ჭეშმარიტება ძლიერ აუცილებელი რამ არის ცხოვრებაში, მისი ორგანიზებისათვის, ჭეშმარიტებას იყენებს: პოლიტიკა,  მეცნიერება, რელიგია. ის ალაგებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, აფუძნებს  სამართალს. ჭეშმარიტება ინსტრუმენტია და არა მიზანი.

 

 

ჩემი წერილი  ს.ს.კ.პ. ილია მეორეს

 

თქვენო უწმინდესობავ!

 

უდაბნოში გასული ქრისტე გახსოვთ? 40 დღის მშიერი, ნამარხულები, მწყურვალი, მარტოდმარტო დარჩენილი ქრისტე  ეშმაკის წინაშე. თქვენო უწმინდესობავ, არ იფიქროთ, რომ შეკითხვის დასმა რამენაირად ეჭვქვეშ აყენებდეს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს ან საქმისადმი თავდადებას, უბრალოდ ვიცი, რომ ძლიერ დაკავებული ბრძანდებით ხალხის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებით, ხოლო ხალხი, ასე ბრძენი, ასე ღვთის ხმის გამხმოვანებელი, საბოლოო ჯამში მაინც ბრბოა და ,აქედან გამომდინარე, ურთულესი სამართავი. და ვიფიქრე, იქნებ ამ რთულად სამართავ პროცესს იმდენი დრო მიაქვს, რომ, შეიძლება, აღარც კი გახსოვდეთ ქრისტე და მე ცოდვილმა ამიტომ მივეცი უფლება საკუთარ დასაკარგ თავს, შეკითხვით მომემართა თქვენთვის. დაე, მომეტევოს, ვიმეორებ: უდაბნოში გასული ქრისტე გახსოვთ? 40 დღის მშიერი, ნამარხულები, მწყურვალი, მარტოდმარტო დარჩენილი ეშმაკის წინაშე. და იცით, რა მაინტერესებს, თქვენო უწმინდესობავ, აი, ეს ქრისტე ადამიანი იყო თუ ღმერთი, ანუ ეშმაკი ადამიანს ცდიდა თუ ღმერთს? ქრისტეს პასუხებიდან ჩანს, რომ ის ადამიანია და ასევე ეშმაკის უკანასკნელი შეთავაზება, კონტრაქტი ქრისტესადმი, სადაც ის ქრისტეს მუხლებზე დამხობის და თაყვანისცემის სანაცვლოდ მიწიერი სამყაროს სრულ ბატონ-პატრონობას სთავაზობს, სრულიად უაზრო იქნებოდა, ეშმაკს რომ ქრისტე ღმერთი ჰგონებოდა. რა აზრი აქვს, შეთავაზო ღმერთს მის მიერვე შექმნილი - კუთვნილი - ტერიტორია. იცით, რას ვფიქრობ, თქვენო უწმინდესობავ? რომ ევოლუცია სამყაროში კი არა, ადამიანის თავში არსებობს და ყველაფერს საკუთარი თავიდან ხედავს. ქრისტე არ არის გამონაკლისი. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როგორ და რა მოხდა სინამდვილეში და მე თუ მკითხავთ, ეს არცაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი რამ ცხადია:  ქმედითი ქრისტე ევოლუციურად გარდაიქმნება ღმერთად, მაგრამ  ვერბალური (სიტყვისმიერი)  ქრისტე ყოველთვის ღმერთია, პირველად იყო სიტყვა, თქვენო უწმინდესობავ.

 

 

ფატალიზმი და თავისუფალი ნება (გაგრძელება)

 

კვლავ ბურთი, ამჯერად ნებისმიერი ფორმის და ზომის, ოღონდ აუცილებლად გაბერილი. ასევე გვჭირდება კედელი. ნებისმიერი კედელი, თუმცა, ეფექტის მოსახდენად, სასურველია - ჩინეთის. დავუშვათ, მე და შენ ვდგავართ ჩინურ კედელთან. ნუ მკითხავ, როგორ მოვხვდით აქ, ვინ ვართ ერთმანეთისთვის და როგორი ემოციური განწყობა გვაქვს, რადგან ეს ვითარება დაშვებაა: მე და შენ ჩინურ კედელთან  ვდგავართ,  გვაქვს ბურთი ნებისმიერი ფორმის, ზომის, მაგრამ აუცილებლად გაბერილი და გეუბნები: თუ ამ ნებისმიერი ფორმის, მაგრამ აუცილებლად გაბერილ ბურთს ვესვრი კედელს, ის აუცილებლად დაბრუნდება უკან, თუ იმავე ბურთს შენ ესვრი იმავე კედელს, ბურთი ასევე დაბრუნდება უკან, მაგრამ ვესვრი თუ არა მე ბურთს კედელს, ესვრი თუ არა შენ ბურთს კედელს, ეს უკვე ჩემი და შენი არჩევანია. რისი თქმა მსურს, ხვდები თუ დებილი ხარ? თავისუფალი ნება ადამიანშია, ხოლო  ფატალურობა (კანონზომიერება) სამყაროში და ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მისივე თავისუფალი ნებით კომუნიკაცია ფატალიზმით (კანონზომიერებებით) გაჯერებულ სამყაროთან. რა ან ვინ არის ადამიანის თავისუფალი ნების წყარო? - ეგო.

 

 

ჩემი წერილი იოსებ ბ. სტალინისადმი

 

ამხანაგო სტალინ!

 

მინდოდა: 

ეს წერილი რომელიმე ცოცხალი მმართველისთვის მიმეწერა, მაგრამ ჩვენი კოხტა მხარის ხალხისთვის ზუსტადაც რომ თქვენ ბრძანდებით ყველაზე ცოცხალი მმართველი. 

შემეძლო:

იგივე წერილი თქვენი წინამორბედი მმართველისადმი მიმეწერა, ან, თუნდაც, მისი წინამორბედისადმი, ან, თუნდაც, უხსოვარ, იყო და არა იყო რა დროში გადამენაცვლა და წერილი მეფე ფარნავაზისადმი მიმეწერა, მაგრამ თქვენ გარჩიეთ.

გამოგიტყდებით:

ჩემთვის არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ წერილის ადრესატი. თქვენი (მათი) სახელის გამოყენება ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ  მარკეტინგული სვლაა მკითხველის მოსაზიდად. არჩევანი თქვენზე ერთადერთი მიზეზის  გამო შევაჩერე: ყველაზე პოპულარული ხართ.

 

ჩვენი საერთო სამშობლო - საქართველო - ტერიტორიაზე მეტად მდგომარეობაა.

 

რაც შეეხება ამ მოკლე წერილს, მას ორი მიმართულებით ვაგზავნი: სამოთხე - ჯოჯოხეთი. თან ვფიქრობ: იქნებ ორივე მისამართი ყალბია და წერილის ორიგინალურ ვერსიას საგულდაგულოდ ვინახავ განცალკევებულად  ფაილში.

 

ფაილი, ამხანაგო სტალინ, არამატერიალური საქაღალდეა, შესანიშნავი რამ არის თუნდაც დასახვრეტთა სიების შესანახად.

 

 

სამშობლო  (გაგრძელება)

 

სამშობლო რუკაზე და პირადი სამშობლო არ არის ერთი და იგივე. პირველი ოფიციალური მოცემულობაა, მეორე - განცდა. 

 

ყურადღება! ყურადღება!

გთხოვთ ,ფაშისტებმა და ქსენოფობებმა დატოვოთ ტექსტი შემდეგ თავამდე, წინასწარ გიხდით მადლობას კოოპერაციისათვის.

 

ელეიში ერთი თბილისში დაბადებული სომეხი გავიცანი. როგორ და რა ვითარებაში, ამას არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, თუმცა არც დასამალია არაფერი, შემიძლია გითხრათ, რომ ეს  შეხვედრა არ იყო შემთხვევითი, წინასწარ დაგეგმილი საქმიანი შეკრება გახლდათ. შეხვედრის საქმიანი ნაწილის მოთავების შემდეგ მასთან წავედით, სახლში, მისივე მანქანით და გზაზე მან მითხრა ეს: სკოლის დამთავრებისთანავე მოსკოვში გადავსახლი, მერე საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე გადმოვსხლდი აქ, ელეიში და იმის მერე აქ ვარ, თითქმის 30 წელია, მოსკოვშიც ჩავდივარ და თბილისშიც, მოსკოვში გაცილებით დიდი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე თბილისში, მაგრამ იცი, რას გეტყვი, თბილისში რომ ჩავდივარ, გულს ბაგაბუგი გააქვს, მოსკოვში არა, იმიტომ, რომ თბილისი ჩემი სამშობლოა. მე უბრალოდ თავი დავუქნიე ჩემს ახლადგაცნობილ თანამგზავრს, თქმით კი არაფერი მითქვამს, ანდა რა იყო სათქმელი, ადამიანმა ამიხსნა, როგორ განასხვავებდა ის  სამშობლოს არასამშობლოსაგან.

ახლა უკვე  მე თავად ვფიქრობ: როგორ განვასხვავებ  პირადად მე ჩემს სამშობლოს არასამშობლოსაგან? რა მახასიათებელი ნიშნებით. გულის აჩქარება? არა, შეიძლება ოდნავ, მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე გავლისას, რომელიც მახსენებს ბავშობას, გაფრენილ და არა დაკარგულ წლებს. მაგრამ ასეთი რამ ხომ არ მემართება სრულიად ჩემს სამშობლოზე, მის ყოველ კუთხე-კუნჭულზე, ნანახიც (მოვლილიც) კი არ მაქვს  მისი ყოველი კუთხე-კუნჭული. ამავე დროს, როგორც ქვეყნის მოქალაქეს, არ შემიძლია,  ვიყო მხოლოდ რამდენიმე ქუჩის პატრიოტი. ასე რომ, ჩემთვის სამშობლო არ არის განცდა. იქნებ ენაა მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სამშობლოსა და არასამშობლოს შორის? ხდება ხოლმე აქ: ყურს მოვკრავ მხოლოდ სიტყვებს, ხანდახან სრულ, მარტივ წინადადებებსაც ქუჩაში ჩემს მშობლიურ ენაზე, მაგრამ ეს სიტყვები ან სრული მარტივი წინადადებები მხოლოდ მესიჯია, ინფორმაციაა, რომ ეს ადამიანები იმავე სივრცეში დაიბადნენ, რომელშიც მე, სხვა არაფერი. სამშობლო უფრო სხვა რამეა, ვიდრე ენა. ფართოდ გავრცელებული ენები ამის საუკეთესო მაგალითია. არგენტინელი ესპანეთში, ავსტრალიელი ამერიკაში, ან პირიქით, ვერ გრძნობენ თავს სამშობლოში, მიუხედავად საერთო ენისა, მეტიც, ორმაგად არიან გაუცხოებულები. ჩვენ, ქართველებს, ორმაგად გაუცხოების ბედნიერება/სიმწარე არ გვაქვს. და მაინც, რა არის მთავარი განსხვავება სამშობლოსა და არასამშობლოს შორის? მეგობრები? არა. ჩემი პირადი გამოცდილება ნათლად მიდასტურებს, რომ მეგობრობა ღრმად ინდივიდუალური ორთა კავშირია და არანაირად არ არის დაფუძნებული ეთნოსზე, კულტურაზე ან რელიგიაზე. იქნებ სახლში ყოფნის განცდა? ასევე არა. სამშობლო არ ნიშნავს აუცილებლად სახლს. სახლი არის იქ, სადაც ადამიანს ძირითადი ინტერესები აქვს, თანამედროვე ეკონომიკური კავშირები სახლსა და სამშობლოს იდენტურ ცნებებად არ მოიაზრებს და ხშირ შემთხვევაში იოლად განაცალკევებს მათ. რა არის სამშობლოსა და არასამშობლოს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი? არ ვიცი. იქნებ მკაფიო და მტკიცე პასუხი ამ შეკითხვაზე მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებს აქვთ, მიუხედავად ყველაფრისა, გულის ბაგაბუგი გაუდით მშობლიური მხარის მონახულებაზე და არანაირი ვალდებულება არ აქვთ, უყვარდეთ რუკაზე გამოსახული ტერიტორია.

ჩემი მასპინძელი ხინკლით გამიმასპინძლდა, მიუხედავად იმისა, რომ ხორცის ჭამა კაი ხნის მიტოვებული მქონდა, არაფერი მითქვამს, უსიტყვოდ დავავლე ხინკალს ხელი, ვიცოდი, იმ წამს სამშობლოში იყო და მე მას არ ჩავუკალი ეს განცდა. ადამიანი ხანდახან, ძალიან იშვიათად, უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ჩემი დიეტა.

 

 

ჩემი მეორე  წერილი პრ. გია დვალისადმი

 

გიუშ, მომისმინე, მე არ მიყვარს, როცა მაიგნორებენ და ამ დროს ძაან ვბრაზობ, თან ძაან მყრალად და მაგრად. მე დღემდე ველი პასუხს ჩემს პირველ წერილზე და ამ ძაან გაწელილ მოლოდინში ძაან გაბრაზებული გწერ მეორე წერილს.

ხარი უკვე  რქებით მყავს დათრეული, ამიტომ დროს არ დავკარგავ.

პირველსაწყისზე მინდა გკითხო.  ის ე.წ. მეცნიერული არაფერი მაინტერესებს, რომელიც სინამდვილეში ყველაფერია. საერთოდ ვერ ვხვდები, რა აუცილებელია მეცნიერებაში პირველსაწყისის იდეა, ხომ არ ფიქრობ, რომ თეოლოგიას უნდა დარჩეს და მას არანაირი კავშირი არ აქვს მეცნიერებასთან.

ველი პასუხს!

 

 

პირველსაწყისი (გაგრძელება)

 

ყველაფერი ადამიანის ბრალია. არა ჩემი ან შენი, არამედ ადამიანის, ძალიან ზოგადის და თითქმის აბსტრაქტულის. ყველაფერს ეს ძალიან ზოგადი, თითქმის აბსტრაქტული ადამიანი ართულებს. ართულებს მცდარად და უაზროდ. ართულებს უძველესი დროიდან დღემდე და ალბათ გაართულებს ყოველთვის. პირველსაწყისი ერთ-ერთი ასეთი მცდარი გართულებაა. რა თქმა უნდა, ამის პირველსაწყისი ადამიანის მიერვე  ადამიანის, ანუ  საკუთარი თავის, სამყაროს ცენტრად აღიარებაა. ცხადია, ამ საქმეში ადამიანი ღმერთის (ღმერთების) გარეშე ფონს ვერ გავიდოდა და ადამიანურმა ეგოიზმმა ღმერთი (ღმერთები) მიამსგავსა ადამიანს და შემდეგ მას (მათ) აჰკიდა პასუხისმგებლობა ყველაფერზე: სამყაროს შექმნაზე, ადამიანის შექმნაზე და მის გასაკუთრებულ როლზე. ეს იაფფასიანი ფანდი/ილეთი/ტრიუკი არ გამორიცხავს ღმერთის ან ღმერთების არსებობას, მაგრამ არა მგონია მათ რაიმე კავშირი ჰქონდეთ ღმერთის ან ღმერთების ადამიანურ პროექტთან. ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერსიაა, თან, არ არის გამორიცხული, რომ მცდარი.

რამდენად გარდაუვალია სამყაროს პირველსაწყისის, შესაქმეს არსებობა? ადამიანური თვალთახედვით ეს სრულიად აუცილებელია, რადგან ადამიანის ცხოვრება ხომ დაბადება-განვითარება-ყვავილობა-ჭკნობა-გარდაცვალების ჯაჭვია. მაგრამ სამყარო? თუნაც სამყაროს ისეთი მცირე ნაწილი, როგორიც პლანეტა დედამიწაა, რამდენად საჭიროებს მაინცდამაინც იდენტური ჯაჭვით განვითარებას?  იქნებ ეს ადამიანური ძალადობაა და სინამდვილეში სამყარო არც არასდროს შექმნილა?

კითხვა კითხვადვე რჩება.

 

 

ჩემი წერილი ინტელექტ-კლუბის მაგისტრ, გიორგი ბაქრაძისადმი

 

გიორგი, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ! თქვენ, უფრო სწორად, თქვენი სახელი ამ ჩემეული მოხსენიებით ეზიარა უკვდავებას! მშვიდობაში!

ახლა კი, ძირითადი სათქმელი:

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ, როგორც მეცნიერს, გაქვთ თეორიული  შეხება ფულთან. აქვე დავძენ, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს, გაქვთ თუ არა  რეალური ფული, რომელიც უფრო ტვინის ჭუჭყია, ვიდრე ხელის, და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. ამ შემთხვევაში ჩემი დაინტერესება ფულით უფრო თეორიულია. მაქვს სამი შეკითხვა, თითოეულზე მოსფიქრებლად გაქვთ 20 წამი, გისურვებთ წარმატებას!

 

შეკითხვა პირველი:

როგორია ალბათობა  მიმოქცევაში ოქროს მონეტების დაბრუნების?

 

შეკითხვა მეორე: როგორია ალბათობა ეროვნული ფულის ერთეულების ერთიანი გლობალური ვალუტით ჩანაცვლების?

 

შეკითხვა მესამე:

გახსოვართ თუ არა მე ინტელექტ-კლუბიდან?

 

დრო (რომელიც ფულია) გიორგი.

 

ფული (გაგრძელება)

 

ფული ჩემი ცხოვრებიდან 16 წლის ასაკში გაქრა, ვგულისხმობ ბევრ ფულს, ბევრს თუ არა, ერთმნიშვნელოვნად საკმარისზე მეტს ფულს. ეს ფული მეკუთვნოდა არა მე, არამედ მამაჩემს. ფულის გაქრობა არ მომხდარა ერთბაშად, თვალის დახამხამებაში, ელვის სისწრაფით. მოხდა ეტაპობრივად და თანდათან. დაახლოებით ორ წელიწადში საერთოდ უფულოდ დავრჩით და მას შემდეგ არც არასდროს მქონია საკმარისზე მეტი ფული. ხანდახან საკმარისი ფულის შეგროვებაც ჭირდა, თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანის (ჩემი მაინც) ცხოვრება წრიულია და ოდესმე საკმარისზე მეტ ფულს დავუბრუნდები. რაში მჭირდება საკმარისზე მეტი ფული? ზოგადად, ადამიანები ამ და მსგავს უაზრო შეკითხვებს არ უსვამენ საკუთარ თავს. ტექსტი, როგორც სხვა ნებისმიერი რამ, არის ფიქტიური რეალობის ამსახველი და ამიტომ მეძლევა შანსი, ვიყო ის, ვინც სინამდვილეში არ ვარ, ავხტე საკუთარ თავზე მაღლა და ამხტარ, ჰაერში მყოფ საკუთარ თავს ვკითხო: არც მე ვაწუხებ საკუთარ თავს, მითუმეტეს, სხვათა ასეთი შეკითხვებით, მაგრამ  რაში მჭირდება ეს საკმარისზე მეტი ფული? და ვპასუხობ და არ არის ამ პასუხში ფიქცია ან მისხალი სიცრუეც კი: არ ვიცი, მაგრამ თავდავიწყებით მინდა მქონდეს საკმარისზე მეტი ფული. იქნებ გულუბრყვილოდ მჯერა, რომ ბავშობას დავიბრუნებ და გავმთლიანდები?

 

 

ჩემი მეორე წერილი ს.ს.კ.პ. ილია მეორეს

 

თქვენო უწმინდესობავ, ისევ მე

 

კვლავ ქრისტეზე მინდა გკითხოთ რაღაც. გცალიათ? შეიძლება, ჩემი შეკითხვა ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ დაე, ვიყო გულუბრყვილო, სულელიც კი, არ მადარდებს, მაინც გეკითხებით: რამდენად შეეფერება ქრისტეს თანამედროვე გამოსახულება მის რეალურ, ცხოვრებისეულ გარეგნობას? რა თქმა უნდა, მე არ ველი და, მით უმეტეს, არ ვითხოვ თქვენგან, ღმერთმა დამიფაროს, ერთმნიშვნელოვან, საბოლოო, ამომწურავ პასუხს და გპირდებით, რომ ნებისმიერი პასუხი მიღებული იქნება როგორც ვარაუდი, როგორც ვერსია. და კიდევ, იცით, რა მაინტერესებს? როდესაც ღმერთმა გაადამიანება, განხორციელება გადაწყვიტა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის გარეგნობა, იგივე გარეგნული ეფექტი?

 

 

იმიჯი (გაგრძელება)

 

იმიჯი მუდამ მატერიალურია, ხელშესახებია, საგნობრივია და მას არანაირი კავშირი არა აქვს რეპუტაციასთან. იმიჯი და რეპუტაცია შორეული სინონიმებიც კი არ არიან ერთმანეთისათვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორ სრულიად განსხვავებულ ცნებას ძალიან ხშირად თუ არა, ყოველთვის ურევენ ერთმანეთში.

ვინ? 

რა თქმა უნდა, ადამიანები, სხვა ვინ.

იმიჯის შელახვა - ფიზიკური აქტი, რეპუტაციის შელახვა - მორალურ-ეთიკური.

რეპუტაციის მიღმა ძალიან ხშირად იმიჯია.

იმიჯის უკან სიცარიელეა, იმიჯი თავისთავადია.

 

 

ჩემი წერილი მფარველი ანგელოზისადმი

 

ნუ დაუშვებ ჩემს გარდაცვალებას უცხო მხარეში (ნურც გახელილი, ნურც დახუჭული თვალებით, ნუ დაუშვებ...)

 

 

უკვდავება

 

სულიკო, სხეულის უკვდავება შეუძლებელია.

 

 

თავი მესამე - მგრძნობიარე მე, ანუ სიცოცხლე

 

 

სიყვარულის განმარტება - ცდა

 

სიყვარული მიზეზია და არა მიზანი. სიყვარული დასაწყისია და არა დასასრული. სიყვარული თავისთავადია, აუხსნელია და ყველაზე სრულყოფილად  ახსნილი სიყვარულიც კი თვალშისაცემად არასრულყოფილია. სიყვარული არ არის პატივიცემა, მას ვერ მოიპოვებ. პატივისცემა დაფუძნებულია ადამიანის ქცევაზე, მაგალითად, ჩემი პატივისცემა სხვადასხვა ადამიანებისადმი ეფუძნება სხვადასხვა ძალიან კონკრეტულ (ეთიკურ, ესთეტიკურ, სამოქალაქო და. ა.შ.) ქმედებებს, მაგრამ  სიყვარული? თუ მე, - მიზეზთა გამო, - ვეცდები ავხსნა, თუ რატომ მიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ვერ დავასახელებ ვერცერთ ორიგინალურ მიზეზს. ლამაზი, კეთილი, კარგი, იუმორის გრძნობით, განათლებული და ა. შ. არ არის რომელიმე კონკრეტული ადამიანის ექსკლუზიური თვისება. სიყვარული ადამიანს უბრალოდ ემართება.

 

 

ჭეშმარიტება (დასასრული)

 

არცოდნის ცოდნა, რომლის ფუძემდებელიც დასავლურ ტრადიციაში ჩვენამდე მოღწეული გადმოცემის - მანამდე არ გვახსოვს! - მიხედვით სოკრატეა, ხოლო აღმოსავლურ ტრადიციაში - თავად ღმერთები (ეს არ არის ასე, მაგრამ ესთეტიკურად ეფექტური ტყუილი დასაშვებია. მაგალითად: ჰოკეი ძველ საბერძნეთში ან თითქმის სიმართლე: ნაპოლეონი პეტერბურგში), უფრო აბსოლუტური ცოდნის ტრიუმფის მაუწყებელი განცხადებაა, ვიდრე უმწეო, შეშინებული ადამიანის. რაც შეეხება არარსებულ, ამ წამს შეთხზულ ვერსიას, ვითომდაც აღმოსავლურ ტრადიციაში თავად ღმერთებმა დააფუძნეს არცოდნის ცოდნის ტრადიცია, არ არის ჭეშმარიტი. მე ახლა ისე დავიბან ხელებს, რომ არც კი ვიკითხავ, რა არის ჭეშმარიტება.

 

 

სიყვარულის განმარტება - ცდა მეორე

 

სიყვარული ყოველთვის ზუსტია და დაუნაწევრებელი. სიყვარული არასდროს არ არის ზოგადი. ყველას სიყვარული ნიშნავს ნეიტრალურობას. ნეიტრალურობა  შუძლებელია. ვინ იყო ნეტრალური? ქრისტე, ბუდა, მუჰამედი, აბრაამი - არცერთი.  სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, პლოტინი - არცერთი.

არქიმედე, კოპერნიკი, გალილეო, ნიუტონი - არცერთი. არც დარვინი იყო ნეიტრალური, ეგ მაიმუნი ეგ. არც მე ვარ ნეიტრალური - ვიყო ამ დიდებულ სიაში, შენ რა გენაღვლება, ჩემო, სხვა მიზეზებით ნაღვლიანო მკითხველო - და არც შენ. იყავი შენც იგივე ბრწყინვალე სიის ნაწილი, როგორც ნაცვალსახელი.

 

სიყვარული ყოველთვის ზუსტია და დაუნაწევრებელი. ყოველთვის იცი, როცა გიყვარს და ყოველთვის იცი, როცა არ გიყვარს. განსაკუთრებით ხშირად „სულ ერთია“-ს ფორმატში არ გიყვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილურ გარემოში ხარ გაციებული და მშვიდობიანად იკარგები.

 

 

ფატალიზმი და თავისუფალი ნება (დასასრული)

 

ფიზიკური სიკვდილის გარდა, ყველა სხვა სიკვდილი მეტაფორულია.

 

ვკვდები - ამბობს ადამიანი სხვადასხვა გარემოებებში.

ვკვდები - ამბობს დაღლილი ადამიანი და ეძებს დასაჯდომს.

ვკვდები - ამბობს თავატკიებული ადამიანი პახმელიაზე და ეძებს: ლუდს, წვენს, მინერალურ წყალს, წყაროს წყალს, წყალს დასალევად.  

ვკვდები - ამბობს მაღალი წნევის მქონე ადამიანი და წნევის დასაწევ წამალს ეძებს.

თუ სიკვდილს არ შევხედავთ როგორც ერთჯერად, სიცოცხლისაგან მოწყვეტილ, დამოუკიდებლად არსებულ მოვლენას და დავუშვებთ, რომ თავად  სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა კვდომის უწყვეტი პროცესი ფატალური დასასრულით, მაშინ გამოთქმა: „ვკვდები“, ნებისმიერ შემთხვევაში არა მხოლოდ მეტაფორული ან იდიომატური გამოთქმაა, არამედ არსებული ფაქტის კონსტატაციაც.

ვკვდები - ამბობს დაღლილი ადამიანი და ეძებს დასაჯდომს, თან მართლაც კვდება, პროცესშია. რადგან ცოცხალია.

სიკვდილის არსებობა ფატალიზმის ყველაზე მძლავრი არგუმენტია თავისუფალი ნების წინააღმდეგ. ეს ძალიან სწორხაზოვანი არგუმენტი იმდენად ძლიერია, რომ თავისუფალი ნება, როგორც კონტრარგუმენტი, მხოლოდ ყოველდღიურ საუბრებსა და სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებშიღა იხსენიება.

 

 

სიყვარულის განმარტება - ცდა მესამე

 

სიყვარული თვლადია. სიყვარული ითვლება ასე: პირველი და მისი პოეტური p.s. სიყვარული უკანასკნელი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანები ნაკლებად დაინტერესებულები არიან ცხოვრებით, როგორც თავისთავად მიმდინარე რუტინული პროცესით და  ეპოტინებიან ისეთ ფარატინა სიმბოლოებს, როგორებიცაა: დასაწყისი და დასასრული.

 

 

სამშობლო (დასასრული)

 

ტიპს მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯაში წავავლე და თვალებგაფართოებულმა ვუთხარი:

  • რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ რუსი არ ვარ.
  • და რა განსხვავებაა შენსა და რუსს შორის?

მეთქი: უამრავი და ჩამოთვლა დავაპირე და უცებ მივხვდი, რომ განსხვავება გასაგები და ნათელი უნდა ყოფილიყო აი, მისთვის - თეთრი, კარგამოკეტილობაში გაზრდილი და მცხოვრები, გაუნათლებელი, მაგრამ რიგიანად ნაკვები იდიოტისთვის და დავპაუზდი.

გავიფიქრე:

თეთრი - თეთრი.

ქრისტიანი - ქრისტიანი.

უცხოელი - უცხოელი.

ჩამორჩენილი ქვეყნა - ჩამორჩენილი ქვეყანა.

განვიარაღდი.

 მან გაიმეორა:

  • მითხარი, რა განსხვავებაა შენ და რუსს შორის?
  • მომავალი - ვთქვი მე  წყნარად და საკუთარ თავს საზეიმო სელფი გადავუღე.

 

აქ  მომისწრო დედლაინმა, ანდერძად გიბარებ:

 

პირველსაწყისი (დასასრული)

 

არის აწმყო.

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE