წიგნიდან: არ არის ცოდვა


წიგნიდან: არ არის ცოდვა




ტარიკ ელ-ტაიბის მადლიცა და ცოდვაც

 

ისე მოხდა, რომ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თანამედროვე არაბი პოეტი შოთა იათაშვილის წყალობით გავიცანი, უფრო სწორად, შოთას ფესტივალებზე სიარულმა ქართული ლიტერატურისათვის ის კარგი ნაყოფიც გამოიღო, რომ ამ ფესტივალებზე გაცნობილი არაბი პოეტები მერე ჩემთან დააკავშირა. ასე დამყარდა ვირტუალური ნაცნობობა ჩემსა და არაბულ სამყაროში დღეს ძალიან პოპულარულ მწერალს, ტარიკ ელ-ტაიბს შორისაც, რომელიც გარდა იმისა, რომ მართლა არაჩვეულებრივი პოეტია, საოცრად გულისხმიერი და საუცხოო ადამიანიც აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, მისი სახელი ჩვენს პირად ნაცნობობამდე კარგად ვიცოდი და მისი რამდენიმე ისეთი ბრწყინვალე წიგნიც მქონდა წაკითხული, რომელთა ავტორი გამორჩეულ მწერლადაა მიჩნეული დღევანდელ არაბულ ლიტერატურაში. ამას აღიარებს თითქმის ყველა მკვლევარი, რომელიც  დღეს იქ მიმდინარე სალიტერატურო პროცესებს შეისწავლის. ტარიკ ელ-ტაიბი თავის თავში აერთიანებს ორი არაბული ქვეყნის კულტურასა და ყოფით ტრადიციებს. წარმოშობით ის სუდანელია, რადგან მამამისი სუდანის ქალაქ ქუსთადან იყო, მაგრამ ეგვიპტეში დაბადებული და გაზრდილი, დაქორწინების შემდგომ კი საბოლოოდ დაფუძნდა  ეგვიპტეში და იქვე, ძველი კაიროს ერთ უბანში, ეინ შამსში 1959 წლის 2 იანვარს დაიბადა ტარიკიც, რომელმაც მშობლების სახლი დღემდე შეინარჩუნა, რადგან მისმა ბავშვობამ და ახალგაზრდობამ სწორედ ამ მშვენიერ უბანში გაიარა, საიდანაც ზაფხულობით ძირითადად კიდევ ორ ადგილას მიჰყავდათ ხოლმე: კაიროს ისტორიულ უბან ალ ჰუსაინიაში, სადაც მისი ბებია (დედის დედა) ცხოვრობდა და აბუ საკლში, სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, სადაც მამამისი ეგვიპტის სასაზღვრო ჯარებში მსახურობდა.

ტარიკმა დაამთავრა იბნ ხალდუნის საშუალო სკოლა და ამის შემდგომ, 1981 წელს, ეგვიპტის ეინ შამსის უნივერსიტეტის ვაჭრობის ფაკულტეტი. 1984 წლის იანვრიდან მწერალი ავსტრიაში  გადავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს. სწორედ ავსტრიაში, ვენის უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე, სადაც 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „მორალის ტრანსფორმაცია ტექნოლოგიის მეშვეობით: კონფლიქტი იდენტობასა და სავაჭრო სარფას შორის“. ამჟამად ასწავლის ავსტრიის ორ უმაღლეს სასწავლებელში: გრაცის უნივერსიტეტსა და კრიმსის ადმინისტრირების მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

გამოქვეყნებული აქვს 9 წიგნი არაბულად, რომელთაგანაც 4 თარგმნილია გერმანულ ენაზე. მისი წიგნები ასევე თარგმნილია ფრანგულად, მაკედონიურად, სერბულად, ცალკეული ტექსტები  კი იტალიურად, ინგლისურად, უკრაინულად,  სლოვაკურად, ჰოლანდიურად, რუსულად, ესპანურად და რუმინულად.

2007 წელს დაჯილდოვდა მსოფლიო პოეზიის დიდი პრემიით რუმინეთში. 2008 წელს კი დაინიშნა მსოფლიო კულტურული დიალოგის ელჩად ავსტრიიდან.

დღემდე მიჰყავს სვეტი ეგვიპტის ერთ-ერთ პოპულარულ გაზეთ „ალ ვატანში“, სადაც საზოგადოებრივ და ლიტერატურულ საკითხებს აშუქებს.

აქტიურად მონაწილეობს საერთასორისო ლიტერატურულ ფესტივალებში და შესაბამისად, ორგანულადაა ჩართული თანამედროვე მსოფლიოს ერთიან ლიტერატურულ პროცესში.

მის შემოქმედებას საგანგებო წერილი უძღვნა არაერთმა ცნობილმა არაბმა მწერალმა და ლიტერატორმა. ამ წერილებიდან რამდენიმეს „ახალი საუნჯის“ მკითხველსაც ვთავაზობთ.  აქ ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს, რომელიც ტარიკ ელ-ტაიბს ამ სპეციალური ნომრისთვის ჩამოვართვი.

რაც შეეხება ლექსებს, არჩევანი მას დავუტოვეთ: რა შეიძლებოდა გვეთარგმნა ქართულად, რაც მისი აზრით, ქართველი მკითხველისათვის საინტერესო იქნებოდა.

ტარიკმა გამოგვიგზავნა არა ლექსების ნაკრები, არამედ თავისი ერთი წიგნი, რომელსაც ჰქვია „არ არის ცოდვა“ და უაღრესად საინტერესო პოეტურ რეფლექსიას წარმოადგენს ცოდვა-მადლის  ონტოლოგიური არსის მარადიულ პრობლემაზე.

საინტერესოა თავად ამ კრებულის ფორმაც: წიგნი ისეა შედგენილი რომ ნულოვანი ნომრის შემდეგ პირველ ნომრად მოდის ლექსი „არ არის ცოდვა...“ (როგორც ერთგვარი თეზა), რომელსაც იქვე, პარალელურ გვერდზე მიჰყვება ანტითეზა „ცოდვაა...“. მიუხედავად ამ ერთი შეხედვით ერთფეროვანი და მოსაწყენი ფორმისა, მთელი წიგნი არის უაღრესად ცოცხალი, არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი ტექსტი, რომელიც შეგვიძლია ორგვარად წავიკითხოთ: როგორც ცალკეული ღრმა პოეტური ნიმუშები და როგორც სულის ერთიანი თავგადასავალი ცოდვა-მადლის მარადიულ დილემაზე.

ამ კრებულის ნახევარზე მეტი მე უკვე ვთარგმნე და ვფიქრობ, იქიდანაც, რისი დაბეჭდვის საშუალებასაც ჟურნალის ფორმატი მოგვცემს, კარგად გამოჩნდება ტარიკ ელ-ტაიბის შემოქმედების ძირითადი თავისებურებანი.

ეს პოეზია არის ერთი მხრივ ზოგადსაკაცობრიო, მსოფლიოს ყველა კუთხეში ყველა ადამიანისათვის ერთნაირად გასაგები და მისაღები, მეორე მხრივ კი უაღრესად სპეციფიკური არაბული (კერძოდ სუდანური და ეგვიპტური) რეალიებით დახუნძლული ნიმუშები, რომელთა ბოლომდე გასააზრებლადაც აუცილებელია ამ რეალიებისა და ყოფითი იმპულსების გათვალისწინება.

ვფიქრობ, დღევანდელი პუბლიკაციით კიდევ ერთ დიდ თანამედროვე პოეტს მოვუძღვებით ქართულ სამყაროში და იმედი მაქვს, რომ მისი შეხვედრა ქართველ  მკითხველთან ფეხბედნიერი აღმოჩნდება.

                                                                                                                                                           გიორგი ლობჟანიძე

 

ზეინაბს,

მიძღვნად

 

0.

არ არის ცოდვა,

იქცე მტვრისფრთებიან ანგელოზად

და შენი თავის სიმძიმეებით

ჩამოემხო

ხერხემლის მიწაზე,

რომელსაც არ უნახავს წყალი

და არც წვიმით არასოდეს დაჟივებულა.

 

და არ არის ცოდვა,

რომ საუკუნეთა შემდეგ

გამოხვიდე

ლეღვის ან ზეთისხილის ხის ქვეშიდან,

რათა ადამიანებს ის სიზმრები მოუყვე,

დღისით რომ გაცდუნებდნენ.

 

ცოდვაა:

საქმეები აწონო ბრმა სასწორით,

მარჯვენა პინაზე დადო ერთი კაცი,

მარცხენა პინაზე მეორე,

რათა უფრთოდ ხან ზემოთ იწეოდნენ,

ხან ქვემოთ ეშვებოდნენ...

და დაქუცმაცდნენ შენი რელიგიური განჩინებები

იმ ხეობაში, სადაც არ არის მიწათმოქმედება.

და დამსხვრეული მინებდეს  შენი სული

ციხესიმაგრეებს,

გაუქმდნენ შენი აღქმის სიმბოლოები

და დაიღუპონ შენი რუპორები.

 

დინას სახლი, გრაცი, ავსტრია, 2007, 11, 28

 

 

1.

არ არის ცოდვა

რომ გავაკეთო გასაღებები, რომლებიც აღებენ

და არ ვიდგე წვერმოშვებული კართან უძლურებით

და საკუთარ გონებას

ნებას ვრთავდე,

დაკავდეს საქმეში ჩაფლულობის რიტუალით.

 

და არ არის ცოდვა,

დავდიოდე ძველ ენასთან ერთად უფრო სერიოზულად

ან ის, რომ დავკარგო ფეხსაცმელი,

ისე, რომ არ დავკარგო ფეხი.

 

ცოდვაა:

საქონელივით იარო

საქონელთა შორის.

 

და ცოდვაა:

შენც პირუტყვად იქცე

პირუტყვებში...

 

აიოვა, ამერიკა, 2008, 8, 25

 

 

2.

არ არის ცოდვა,

ვიმემკვიდრევო ბებიაჩემის ზნე,

როცა ვერ გულისხმავყოფ სიტყვებს,

რომელთაგანაც ლამის არის,

გამისკდეს თავი.

 

რომ გამოვგავო ისინი შორს

ჩემი ყურებიდან

და კარგი აღზრდის ნარჩენთა გატანა თვალებს შევატოვო.  

 

არ არის ცოდვა, გამოვიყენო

შესაბამისი საგინებელი ფრაზები

შესაბამის დროსა და

ხმის შესაბამისი ტონალობით.

 

ცოდვაა:

ნაგვის ყუთი ჩავიპირქვავო თავში და

გასახრწნელად იქვე დავიტოვო.

 

აიოვა, ამერიკა,  2008, 8. 26

 

 

3.

არ არის ცოდვა, ჩემი თავიდან ვისესხო მეხსიერება,

ბორკილთაგან თავისუფალი,

ნიჭიერი მოსწავლე გოგონასთვის,

რომელიც დაკავებულია

ისტორიაში მოგზაურობით,

მტრედებითა და ნოტიო ქვიშით სავსე ზურგჩანთით.

 

და არ არის ცოდვა,

მოვითხოვო ჩემი მეხსიერების დაბრუნება

მისი ოცნებების სკოლიდან

მის დავიწყებამდე.

 

ცოდვაა,

მოსწავლე გოგონას ჯაჭვი გამოვაბა

გაწვრთნილი ცხოველივით

და ხანმოთეულ მოხუცებს ვართობდე მისით,

იმის გამო, რომ მან გამოიყენა ჩემი ცხვირსახოცი.

 

აიოვა, ამერიკა, 2008, 8, 26

 

 

4.

არ არის ცოდვა,

რომ მოდავეს დავუსვა შეკითხვები,

რომლებიც „რატომ?“-ით დაიწყება.

რატომ სწადია ჩემი პალმის ხის ისტორიიდან

ჩემი ძირს ჩამოყვანა?

 

რატომ სწადია ჩემი სიპირქუშე,

განა იმიტომ, რომ

სურს, დარწმუნდეს ჩემს ბოროტებასა

და ტერორიზმში?

რატომ სწადია ჩემი ღიმილი,

რათა დაუდასტურდეს მონის კმაყოფილება

ჩემი სახის გამომეტყველებაში?

 

ცოდვაა:

მივუშვა ისინი, მოიქცნენ

იმ ახალბედა ფსიქოლოგებივით,

რომლებიც განმარტავენ

მოძრაობას მათი მეზობლებისას და თაგვებისას.

 

და ცოდვაა:

მივუშვა მოდავეები,

რათა ახსნან ჩემი ცხოვრება

იმ დასასრულისათვის,

რომელიც მიზნად თვითონ დაუსახავთ.

ნება მივცე მათ ჩემი განადგურებისა

მათი ვაჭრობის წარმატებით,

უკეთური, არაერთმნიშვნელოვანი მზერით

შეცდომის დაფარვისა,

და დავდუმდე.

 

აიოვა, ამერიკა, 2008, 8, 26

 

 

5.

 

არ არის ცოდვა,

საზეიმოდ შევეგებო ამ უცხოელ ყარიბს,

რომლის ტანსაცმელს,

თმასა და ფრჩხილებს

საცინლად იგდებენ

და სიარულის მანერას ამასხარავებენ. 

 

და არ არის ცოდვა,

დავამჯობინო იგი იმათ, რომელთაც სწამთ,

რომ მხოლოდ თვითონ არიან კეთილშობილნი,

ხოლო ყველა დანარჩენი სიმახინჯენი ვართ.

 

ცოდვაა:

დავივიწყო საკუთარი თავი და

მათთან ერთად ვიცუდმედიდო

მათ დაყენებულ, ნაყალბევ სიმდაბლეებში,

რომ გული დამიდნეს

და წავაგო

ნახევარი სული.

 

აიოვა, ამერიკა, 2008, 8, 27.

 

 

6.

ცოდვა არ არის,

ვიყო მეურნე,

ვისაც უყვარს მიწა

და უფრთხის: უცხო მომსვლელთ, რომლებიც ყელზე ეხვევიან,

გააფთრებულ მონადირეებს,

ხელის წატანების მოსურნეებს.

 

და ცოდვა არ არის,

მწამდეს, რომ

პალმა წიგნია

და რომ მე მას ვკითხულობ

ჩემებურად,

და რომ პალმა სურაა

და მას ისე განვმარტავ,

როგორც თვითონ მჯერა. 

 

ცოდვაა:

მეგონოს,

რომ ეს მონადირე

მოსავლის უფალია,

და ცოდვაა:

უკან მივყვე მას,

და ისე წავუღო ნაალაფარი,

რომელიც ჩემი სისხლისგანაა,

როგორც ცხვრების ფარა.

 

აიოვა ამერიკა, 2008, 8, 27.

 

 

7.

არ არის ცოდვა,

ეჭვი შემქონდეს ისტორიაში,

რომ ჩავკირკიტებდე გეოგრაფიას და გულდასმით ვსწავლობდე,

რომ საზღვრებისა და მიჯნების

ჩემეული უარყოფით

ვიყო გართული.

 

და არ არის ცოდვა,

რომ მე ვიყო „მე“ და

არა მსგავსი

ჰოროსკოპებისა და

ზეციური ეტლების წინასწარმეტყველებებისა.

 

ცოდვაა:

მივბაძო ნაბიჯს, რომელიც არ მესმის,

არ ავჩქარდე, როცა დრო ცოტა მაქვს

და თავის საშველად გავიქცე არასწორ ადგილას. 

 

 

8.

ცოდვა არ არის,

გავკიცხო ჩემი ორივ თვალი

ყოველ გარიჟრაჟზე,

ენა ჩემი

ყოველი დაისისას

და გული  ყოველღამ.

 

ცოდვაა:

სული

უნდობლობის კბილებით დავიკბინო,

და ჩემი სისხლი დღე და ღამე

მემთვრალეთა

თასებში

ჩამოვასხა.

 

 

9.

ცოდვა არ არის,

შეკითხვებზე პასუხი არ შემეძლოს.

 

ცოდვაა:

პასუხებს იოლად ვარაკრაკებდე

უცებ, 

თვალის დახამხამებაში.

 

აიოვა, ამერიკა, 2008, 8, 28.

 

 

10.

ცოდვა არ არის,

ვოცნებობდე, რომ მყავდეს ქალიშვილი,

რათა მისით დავამსხვრიო ეს უგუნურება,

რომელიც გოგონების მემკვიდრედ ყოლას ნანობს.

რომელსაც გოგონას გამჭრიახობა ვაჟზე აცოფებს

ანდა ბრალს სდებს გოგონას

გვარის გაგრძელების მოპარვაში.

 

და არ არის ცოდვა,

ცრემლები წამომცვივდეს,

როცა გათხოვდება

და თავის სახლს დატოვებს

ისე, რომ

ეს ცრემლები სხვებს არ დავუმალო.

 

ცოდვაა:

დარწმუნებული ვიყო, რომ

გოგონა ინტეგრალურ და დიფერენციალურ გამოთვლებში

აგებს

და რომ იგი გონებასუსტია,

სულნაკლული და ღირსებანაკლული.

 

ამერიკა, აიოვა,  2008. 28. 8.

 

11.

ცოდვა არ არის,

ჩემს მკერდზე ამოვიკითხო იოსების ნაკვალევი,

შევძრწუნდე, როცა გავიგებ,

რომ მამაჩემი მოკვდა

და რომ ორმაგად მომიშიშვლდა ზურგი

 

ცოდვა არ არის,

რომ დავხუჭო თვალები,

რათა სმენის შეგრძნება გავაფაციცო

შორეულ ყმუილზე, რომელიც ახლოვდება.

ანდა ნაჩქარევად ვწერო ქვიშაზე,

ჭებისგან მოშორებით,

მერე კი დავხუჭო თვალები

და დავიხშო ყურები.

 

ცოდვაა:

ყველა თითზე წამოვიცვა სამკაული,

რომელიც  ამოოხვრებშია განბანილი

და ათასი ნემსით არის ასხმული

დიდებულების ძაფზე

ჩემი გულისათვის.

და მერე ჩემგან უკიდურესი ცინიზმით

მოვისროლო. 

 

ამერიკა, აიოვა, 2008. 8. 28.

 

 

12.

არ არის ცოდვა,

შევუერთდე

სამხრეთიდან მომზირალებს,

როცა ჰყვებიან, რომ

არწივს თავის ზენიტში არ გადაუკვეთავს მთელი ზეცა

და რომ ზეცა მის ორ ფრთას შორის იყო გადაშლილი.

არწივი კი თავისი სასიყვარულო მოთმინებით

წერდა თავისავე მუდმივ შიმშილზე

და თავის ძრწოლაზე

ნანადირევზე ამაღლებისას,

რომელსაც იგი მიწაზე ნთქავდა,

როცა გარს შემოერტყმოდა თავისი გალავნის ჩრდილით,

შემდეგ კი ფრთებს ზეცას მიაფრაშფრაშებდა

მიწის წყალობისა და სიკეთის მადლიერი.

მერე დიდი ხანი არ გაივლიდა, რომ ისევ დაიწყებდა წერას

თავის მუდმივ შიმშილზე,

ნანადირევზე,

ამაღლებასა

და ქვემოთ დაშვებაზე. 

 

და არ არის ცოდვა

შევუერთდე ჩრდილოეთიდან მაყურებლებს, როდესაც ჰყვებიან,

რომ არწივს მუდმივად შეუძლია, გადაკვეთოს მიწა,

მტვრით დაფაროს ის, შემდეგ კი ზემოდან გადმოხედოს

და გაშალოს ფრთები, რათა მხოლოდ ზეციდან გადაწმინდოს,

რაც მიწაზე

წამის წინ დაწერა

და დედამიწას თავისი ჩრდილის კონტურებით შეეთამაშოს.

 

ცოდვაა:

შევუერთდე სამხრეთიდან მაყურებლებს,

გზა ამებნეს ჩემივე გულის ბილიკებზე

და ჩემი სულის კომპასი დამეკარგოს.

 

ცოდვაა:

ვერ შევამჩნიო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მაყურებელნი,

დამავიწყდეს რა,

რომ არსებობს

უმაღლესი და უმდაბლესი.

 

 

13.

ცოდვა არ არის,

თუკი დაწყებითი სკოლის გარიჟრაჟებისას

სამშობლოს ვუმღერდი

გამყივანი ყელით.

 

და არ არის ცოდვა

ორმოცდაათ წელზე ცოტა მეტის შემდეგ

მქონდეს სამშობლო ენაში

და სიტყვათა სახლებში.

 

ცოდვაა:

რომ დავნებდე,

რათა ვიყო ძროხა ბრიყვებისთვის;

პალმის ხე ბრიყვთა შვილებისთვის,

რომ კვერი დავუკრა შესაწირთა და მოწყალებათა შემკრებთ,

თქვენს ჰანგებს ავდევ-მეთქი,

და ასე გამოვემიჯნო

მათთვის საზღვრების ამოსაშენებლად.

 

ამერიკა, აიოვა,  2008. 29. 08.

 

 

14.

არ არის ცოდვა,

რომ შავი არწივი ვიყო ფლამენგოს ველ-მინდვრებში,

რომ კარგად ვცურავდე დელფინივით და ვსერავდე მდინარეს,

რათა გამოჩნდეს ჩემი ფერის საფუძველი: შავი

და გამოვიდე მსუბუქი, შემთვრალი.

 

და არ არის ცოდვა,

ვუხმო ჩემს ძველ მეგობარს,

რათა გამოცუროს,

მომიახლოვდეს

ფერთა ისტორიიდან.

 

და არ არის ცოდვა,

მასხრად ავიგდო

სითეთრე ტვინებისა.

 

ცოდვაა:

კვერი დავუკრა მათ დაჩრჩილულ ხუმრობას,

მათ სულელურ თარგმანებს;

დავემოწმო, რომ ისინი დედანია

და დავკარგო ჩემი აღქმისა და შეგრძნების სიმახვილე.

 

აიოვა, ამერიკა, 2008. 08. 29.

 

 

15.

არ არის ცოდვა,

უარვყო ის, ვინც აგროვებს საგანთა სულებს

უმეცრებით...

 

და არ არის ცოდვა, რომ შევარცხვინო

მისი კოლონიალისტური სტილი,

რომ ავუკრძალო ყველა დაპყრობის ბატონ-პატრონთ,

დაარქვან დაპყრობას გამარჯვება

და ყველა თოფის, ნადირობისა და დევნის ბატონ-პატრონთ,

რომლებიც მსხვერპლს მუცელზე ფეხებით ადგებიან,

რათა მკვდართან გმირის ხატება დაამტკიცონ.

 

ცოდვაა:

შევჭამო მათი თეფშიდან სიცოცხლის დიდებულების ხორცი

და რომ ჩემი ყურები მათი ძლიერების არაკებს მივყიდო.

ცოდვაა:

ხოტბა შევასხა

მაქებარმა,

რათა მერე გამოჩნდეს ახალი შემკრები

და ჩემი დაუკვირვებელი ლაპარაკის სარჩოთი ისულდგმულოს.

 

აიოვა, ამერიკა, 2008. 08. 30.

 

 

16.

არ არის ცოდვა,

რომ არ იცის ჩემმა მეზობელმა ქალმა,

რომელიც „დილა მშვიდობისას“ არასოდეს მისურვებს,

ერთმანეთს როცა ვხვდებით,

რომ მისი ფეხები

ჩემს ფეხებს ეხლებიან,

ყოველ დილას

იმ მიწის ნაგლეჯზე,

ჩვენ რომ დავაბიჯებთ.

 

ცოდვაა:

დავიწყო იმ სამოცი წლის შემდეგ,

რაც უკვე ჩვენ ერთ შენობაში, ერთ სართულზე ვცხოვრობთ,

მისალმება „დილა მშვიდობისათი“,

მას მერე, რაც ჩემი ყავარჯენი

იმისი ყავარჯნის ადგილს

ეხეთქება.

 

აიოვა, ამერიკა 2008. 08. 30.

 

 

17.

                    ჩემს დაკარგულ ავსტრიელ მეგობარს

 

არ არის ცოდვა,

შეკითხვათა მარილში ჩაგძირო

და დაგიტოვო მხოლოდ ის, რაც სუნთქვას გაგიიოლებს,

როგორც საუბრებს შორის შესვენება.

 

არ არის ცოდვა,

შენ შესახებ წერა რომ მომინდეს

მელნის კალმით,

რომელიც პირველ ასოებთან დიდხანს შეყოვნდება.

 

ცოდვაა:

გადავაჭარბო ჩემს გაუჩინარებაში

და შენც სამარადისოდ გამიუჩინარდე.

და დატოვოს პირველმა ასომ, რომელსაც ვწერ,

ვეებერთელა მონაკვეთი

ფურცლის სითეთრეში,

რომელიც უამრავ სათქმელს დაატყვევებს,

შენთვის

იმ შენზე,

შენ რომ არ გინახავს.

 

აოვა, ამერიკა, 2008, 8, 30.

 

 

18.

არ არის ცოდვა,

მთაზე ასვლისას გაგაფრთხილო,

რომ თან არ წაიღო შენი გული.

 

და არ არის ცოდვა,

გაგაფრთხილო ცასთან მიახლოებისას,

იმაზე, რომ მიწა არ დაგავიწყდეს

და იმაზე, რომ თავს იქაც ნუ მიიჯაჭვავ,

და ჩვეულებრივ,

იფიქრე ახალ სიმაღლეზე.

 

და ცოდვა არ არის

აქვე ისიც შეგახსენო,

რომ ცხოვრებაზე როცა იფიქრებ,

არ უარყო ის

და არც შენი თავი მასში.

 

ცოდვაა:

არ გაგაფრთხილო

და არ შეგახსენო.

 

 

19.

ცოდვა არ არის,

ვჭამო ფინიკი, ბროწეული და ლეღვი,

და მოვიპატიჟო ნაბიჯშენელებული გამვლელები,

რომ ჭამონ ჩემთან ერთად,

ჩემგან დაუყვედრებლად.

 

ცოდვაა:

ნაჩქარევად გავსხლა ის ტოტები,

ქარის დაქროლვაზე რომ იხრებიან

ჩემს ბაღში,

რათა გავაკეთო მათგან მარტივი სათამაშო

ჩემი ბავშვისათვის,

რომელიც მას ერთი-ორჯერ შეათამაშებს

და გადააგდებს.

და გამოშრება ისიც

და გამოშრება მადლიც.

 

 

20.

ცოდვა არ არის,

მძულდეს დამპყრობლები,

რომლებმაც ალაფად წაიღეს ქარი

და გადაცვალეს მტვერსა და კვამლზე.

წვიმა ხალხს ჩამოართვეს, ჩექმებად ჩაიცვეს

და ადამიანთა სულებზე გაიარეს

ტყვიის ნაბიჯებით,

და ეძებდნენ წმინდა ხარს,

ყოველგვარი ნიშნების გარეშე.

 

და ცოდვა არ არის, მეზიზღებოდეს

გაქვავებული თავები და

სქელკანა გულები,

რომლებიც ვერ იაზრებენ,

სად აბიჯებენ

თავებს,

დაკიდებულთ

ნაცისტური თამაშების ზეცაში

ავენიანი, უსულგულო თავები

ახრჩობენ ბატიბუტისა და ბამბის ნაყინის ქისებს

და ისინი ხარხარებენ.

 

ცოდვაა:

ხარები გავუზარდო დამპყრობლებს

და მივყიდო მათ

ბამბის ნაყინისა და ბატიბუტის ქისები.

 

აიოვა, ამერიკა, 2008. 8. 31.

 

 

21.

არ არის ცოდვა,

ვიყო აღგზნებული,

როცა გოგონა გაშიშვლდა

ჩემ წინ და არ იცის,

რომ

მე მის პორტრეტს ვხატავ.

 

არ არის ცოდვა,

რომ ფუნჯი გადავხარო

და ფერები ჩემს თითებს შევუზავო

მას კი მივართვა ვაშლი,

ჩემმა ნათითურებმა რომ დახატა.  

 

და არ არის ცოდვა,

დავხატო ის და ვაშლი,

რომლის ის ნახევარი, რომელიც თავისია,

გოგონამ უკვე დააქუცმაცა.

 

ცოდვაა:

ვიჩქარო მისი ხატვა,

ჩავძირო მისი სიყვარული წყლის ვედროში,

სადაც ფერები არეულა,

მას შემდეგ, რაც გაფერადებული თითები

გულმკერდზე შევიწმინდე.

 

 

22.

ცოდვა არ არის,

ავანთო სანთელი და

თვალი მის ალს გავუშტერო,

ყურადღება არ მივაქციო იმ ყველაფერს,

რასაც ის ანათებს

და ცეცხლის დროებაში შევაბიჯო.

 

ცოდვა არ არის, ვიცოდე

ცეცხლის აზრი,

 წვიმისა და ქარის

და აზრი

კვამლისა და ტყვიისა.

 

ცოდვაა:

ხალხი ცეცხლით დავაშინო

და მოვიქცე, როგორც სახანძროს ბათინკებიანი კაცი,

რომ მათ დრო დავაკარგვინო

სამაგიეროს გამო

მათი კეთილი საქმეებისა და შეცოდებებისაკენ მიბრუნებით.

 

 

23.

არ არის ცოდვა,

იყოს ოჯახი ანბანის ასოები.

რომ, ვთქვათ, მამა იყოს

ასო-ბგერა „ალიფი“.

 

დედა კი იყოს

ასო-ბგერა „ვავი“,

ალერსის ასო-ბგერა.

 

და ბებია ასო-ბგერა „სადი“

გაბზარულ კედელზე დაკიდებულ პატარა სურათად.

 

პაპა ასო „აინი“,

ძველი ყავარჯენი,

რომლითაც ის წერს ოჯახის ისტორიას. 

 

მე კი ვიყო ასო-ბგერა ნუნი,

რომელიც წელში წყდება

წერტილის ტარებით

და ლამობს,

ასო-ბგერა „რად“ რომ გადაიქცეს.

 

ცოდვაა:

ხალხს შთავაგონებდეთ,

რომ ჩვენ ვართ წმინდა ბგერების წიაღიდან;

რომ თავი გამოვირჩიოთ, რათა ვიყოთ

ადამიანთაგან განსხვავებულნი

და დავდგეთ ხალხზე ზემოთ

იმით, რომ მივიწეროთ

ნაყალბევი წარმომავლობანი.

 

აიოვა, ამერიკა, 2008. 9. 2.

 

 

24.

არ არის ცოდვა,

დავჯდე სარკის წინ,

მალულად

ვათვალიერო და ვჭვრიტო ჩემი თავი.

მაშინ, როცა

ჩემი სახე,

როდესაც არ ვუყურებ,

თავის ნება-სურვილზე მოძრაობს,

ჩემს მიბაძვას კი მხოლოდ მაშინ უბრუნდება,

როცა მე შევცქერი.

 

ცოდვაა:

დამავიწყდეს, რომ

ჩემი სახე ის არის,

რაც სარკეშია.  

 

 

25.

არ არის ცოდვა,

სწორი ხაზი უმოკლესი გზა რომ იყოს ორ წერტილს შორის,

ან უმოკლესი გზა რომ იყოს თვითონ ზეცამდეც,

ანდა ტრფობამდე

ან ასევე სიძულვილამდე.

 

ცოდვაა:

სწორმა გადახაზოს

ამ სამყაროს ყველა სხვა ხაზი:

წრე,

კუბი,

რომბი

თუ ნახევარწრფე,

მხოლოდ და მხოლოდ

იმ ერთადერთი მტკიცებულებით,

რომ ის სწორია. 

 

 

26.

არ არის ცოდვა,

ხან ვბრაზობდე,

ხან დავრბოდე,

ხან ვოფლიანობდე,

რომ მუდმივად ვაკეთო

ადამიანთა უმეტესი საქმეები.

 

ცოდვაა:

გავბრაზდე ამ მოხუცებულზე,

რომელიც ქვეითთა ხაზს გადაჰკვეთს

უკიდურესად ნელა

და თავის გამოფიტულ სხეულს

მანქანის წინ აჩქარებს.

 

ცოდვაა:

დრო მივიჩნიო არწივად,

თავს რომ დამტრიალებს,

ისე, რომ ვერ გავიაზრო,

მისი ჩრდილი

რას მიწერს

მიწაზე.

 

 

27.

არ არის ცოდვა, 

ვფურცლო გვერდები,

რათა დამავიწყდეს

 

და არ არის ცოდვა,

ვფურცლო გვერდები,

რათა გავიხსენო.

 

ცოდვაა:

გვერდებს

ვფურცლავდე

სრულიად უმიზეზოდ...

 

 

27.

არ არის ცოდვა,

ხელისგულები წავიღო

მისი მკერდისაკენ,

ორივე ძუძუზე

და არტერიაზე

მოვეფერო.

ამოვწუწნო მისი ცვარ-ნამი,

მისი ყელის მძაფრი სურნელება.

რომ გავაძრო ცოცხალი მცირედი სამოსი,

რათა ცოტა ხანს ჩავთვლიმოთ

მისი აღგზნების სიახლოვეს.

 

და არ არის ცოდვა,

ჩემი ხელისგულებით წავიკითხო:

ყურძნის მარცვალი,

ბროწეულის ჭიპი,

შეთრთოლების ჰანგი

და ბუმბულის სინედლე.

რომ მივიდე, რათა მასში ჩავიღვარო.

კუთხეში მივიმწყვდიო,

რათა

მის ვნებაზე დავიხარო,

მისი ნერწყვის ნაპირზე,

დავიჭიხვინო ის, რაც ჩვენ შორისაა

და დაიჭიხვინოს ჰჰჰ ბგერები

ჩემმა ხელმა იქ და ამჟამად.

ჩემს ერთ ნაწილზე ჭრილობასავით გადავიხვიო

და ვიარო მასთან ერთად

ღამეში,

რომელსაც სძინავს ჩვენთან ერთად.

 

ცოდვაა,

რომ ამოვშალო ჩემი თარიღი მისი დავთრებიდან,

ჩამოვიწმინდო მისი სახელი ხელიდან,

გავანიავო მისი სურნელი სულიდან და გულიდან

და შუბლზე ამოვიკვეთო ღვთისმოშიშების ფორეჯები.

 

 

29.

არ არის ცოდვა,

რომ ვიდგე დიდხანს,

ვუყურო,

ვიფიქრო

და ვუსმინო დიდხანს

მეორის ყალბ და ცარიელ სიტყვებს;

იმისას, ვინაც

მიკროფონის უკან დამდგარა

და გვპირდება

ყველაფრის ცვლილებას

უკეთესის, უდიდესისა და უმძლავრესისაკენ,

მფარველობის ოდნავ გამომჩენი,

ყველას მაქებარი.  

 

ცოდვაა:

ტაში დავცხო ტაშის დამკვრელებთან ერთად

და ვიმეორო ის,

რაც ვნახე და გავიგონე,

გამმეორებლებთან ერთად

ყველა ყავახანაში და ყოველი შეხვედრისას.

 

და ცოდვაა:

გადავკრა

ყავა, ლუდი და ღვინო,

რათა

დავივიწყო

ოცნებები,

გზაში რომ დამცვივდა.

 

 

30.

არ არის ცოდვა,

ვისწავლო, როგორ გამოვიდე ყოველი წიგნის კარიდან

ვარსკვლავებით მოოჭვილი ზეცის მსგავსი გულით

და კითხვის ნიშნით,

თუნდაც ერთადერთით,

მანამ, სანამ სიტყვებში ჩამთვლემდეს,

და მანამ, სანამ სული

ყოველგვარი გასაღების გარეშე

ამაღლდება ზეცად,

რომელშიც არ არის შეკითხვა

იმ სინათლის მიმართ, მას რომ

გამოაღებს.

 

ცოდვაა:

ვიკითხო დაწერილი

და მივდევდე წაკითხულს

და თავს არ ვანებებდე

ეჭვსა და შეკითხვებს,

რათა გონება დამიმშვიდდეს

და მოისვენოს.

 

არაბულიდან თარგმნა

გიორგი ლობჟანიძემ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE