„განწირულნი ხომ არ ვართ, გავხდეთ მხოლოდ ნეგატიურნი?!“
ჟან-ფრანსუა ლიოტარი
ნიაზ დიასამიძე ხომ გაგიგიათ?..
ერთხელაც, ავად გამხდარა.
საავადმყოფოში დაუწვენიათ და ახლობელი კაცი მისულა მოსანახულებლად.
პალატაში შესულს, სიცილი აუტყდა თურმე, თეთრ ზეწარში გახვეული რომ დაუნახავს_
რემბრანდტის ტილოს არა გავხარო?!
შენ კიდევ, „პოლის ტილოსო“ - უანგლია ნიაზს.
ახლა ის დროა, რემბრანდტის ტილო ლამისაა მართლაც „პოლის ტილომ“ შეცვალოს...
პოლისტილურობა - „პოლის ტილურობას“ გაერითმა!
არადა, ყველაფერს მაინც გემოვნება წყვეტს;
კადრებისა არ იყოს, გემოვნება...
მგონი, მართლა გვავიწყდება, რომ ჩვენში,პოსტსტალინური ავანგარდის ინტენციები, რაღაც
უნივერსალური მგრძნობელობით - გემოვნებით იყო განპირობებულიცა და შემოსაზღვრულიც.
გემოვნება გვკარნახობდა კლეე უფრო წინ დაგვეყენებინა, თუ მონდრიანი;
სულაჟს, გემოვნების კრიტიკით, ვამჯობინებდით მიროს;
გემოვნების კანონებით გვერჩივნა დე კუნინგი_პოლოკს;
მორანდი_აუერბახს...
ასეა, გემოვნება გვივარჯიშებდა თვალს.
გემოვნება იყო ინდიკატორი;
თვითრეფლექსიის ინდიკატორი…
გემოვნება იყო, პირველი რომ სწვდებოდა მეტაფიზიკურ აპერცეპციათა ჰორიზონტებს;
გემოვნება იყო, ექსისტენციურ გამოწვევებს რომ ეხმიანებოდა;
გემოვნებით დგინდებოდა დისტანცია ევიდენტურად ცხადსა და თვალისათვის მაცდურს შორის;
და, ფერწერა იყო ერთი უმთავრესი ინსტრუმენტთაგანი, სუბიექტურობის უნივერსუმის გასახსნელად.
ჰეგელმაც ასე არ განსაზღვრა ფერწერა, როგორც „ბოლოვადი და საკუთარ თავში უსასრულობის პრინციპი“?!
ამ ბოლოვადურობითა და თავის თავში ჩაძირული უსასრულო სუბიექტურობით სუნთქავს ხუმას-უშანგი ხუმარაშვილის ფერწერაც;
ფერწერა თუ პოსტფერწერა, რომელიც ისევ და ისევ გემოვნების გამოწვევაა...
ალტერნატიული გემოვნების გამოწვევა.
თუნდაც, გემოვნების ტირანიის გადალახვისაკენ მოწოდება.
მეტიც, ესაა თავისებური დარტყმა იმგვარ გემოვნებაზე, კიჩს რომ ემეზობლება.
კაცმა რომ თქვას, რაიმე დაგეგმილი სტრატეგია ამგვარი დარტყმის მისაყენებლად არც უნდა ჰქონდეს ხუმას.
არადა, თავისი არტისტული ჟესტებით სწორედაც, „მაღალისა“ და „დაბალის“, ოსტატობისა და დილეტანტობის, სპონტანურობასა და სისტემას შორის საზღვრების წაშლას ებრძვის.
ხუმარაშვილი ამ ექს(ჰ)იბიციითაც ფერწერას ეთამაშება;
ეთამაშება, მაგრამ არ ეხუმ(ა)რება...
ფერწერა უთავბოლო სუბსტიტუტამდე დაჰყავს; რაღაც პოსტსაბჭოური ასკეზით ახდენს მის რედუცირებას ნარჩენამდე;
თუნდაც, ფერწერის (და)ნარჩენამდე და ამითაც ივიწყებს, კიდევ ერთხელ ივიწყებს, ყოფიერებას; ყოფიერებასაც და ნაცრისფერ ყოველდღიურობასაც...
პაველ პეპერშტეინს აქვს თავის წიგნში „История потерянного зеркальца“:
„Срать, значит забывать. Но надо не только срать, но и смывать за собой-забывать о забвении“.
გენიალურია!
ხუმარაშვილიც, რაღაც დაკარგული სასარკეთის ამბავს გვიყვება.
და რაც უფრო მეტად ჩააცქერდები ამ სასარკეთს, მის პოსტფერწერულ ნარატივში მით უფრო აღმოაჩენ, რომ ეს ვიზუალური ტექსტები საკუთრივ ზედმეტ, ჭარბ სამყაროდ გვევლინებიან.
დიახაც, და-ნარჩენ სამყაროდ გვემცნაურებიან.
აღმოაჩენ, რომ ხუმასეულ „მიწას“ ჭუჭყი არ ეკარება.
და მის ჰაერში გაფანტული მტვერიც არ გახრჩობს...
თუმცა, მოარული გაგებით ეს მაინც „ჭუჭყია“.
მაგრამ, ღმერთო ჩემო, რანაირი „ჭუჭყი“?!
რანაირი „ნარჩენი“?!
და (და)ნარჩენი!
ერთი „ფერმწერი“ ვიცი, პალიტრიდან მასტეხინით ანაფხეკს სხვისი ნახმარი მაგიდის კალენდრის ფურცლებს აწმენდს და თავადაც არ უწყის, რომ ეს ნარჩენი შეიძლება უფრო მეტი ონტოლოგიური სამხილი იყოს, ვიდრე ჩაკოკლოზინებული „ფერწერა“.
რატომ?
იმიტომ, რომ მას აქვს ნარჩენი, მაგრამ არა აქვს და-ნარჩენი!
მეორეც ვიცი, საკუთარ ფერწერას რომ აკალენდრებს და ყოველ წელს ზარზეიმით ყიდის.
მას არც „ნარჩენი“ აქვს და არც „დანარჩენი“...
ასეთ კვაზიმეტრებს არაფერი ავიწყდებათ!
და ამასობაში, ავიწყდებათ დანარჩენი_ყოფიერება, როგორც სხვა (და)ნარჩენი...
ხუმას მთელი (და)ნარჩენი სამყარო, ესაა გამოხატულება_გამოხატულობის გარეშე.
ესაა ფერწერა მინუს-ნიშნით; ფერწერის ნეგაცია.
ფერწერის თავისებური ნეომითოლოგიური და ნეოსპირიტუალური ინკარნაცია;
ინკარნაცია და რეპრეზენტაცია;
და ისევ რე-პრეზენტაცია მინუს-ნიშნით.
აქ უკვე, უკიდურესად პირობითია იმანენტურის დაპირისპირება ტრანსცენდენტურთან;
სააქაოსი_საიქიოსთან;
დაკვირვებადისა_ინტელიგიბელურთან...
აქ უკვე, დიქოტომიებზე კი არა, ტრიქოტომიებზე აწყობილი სამყაროა.
სამყარო, თუნდაც როგორც სოციოკულტურის მეორე სახელი.
და უნივერსუმთა ამ დიქოტომიებს უცებ ემატება მესამე_გა-პოზიტიურებული სფერო:
ჭუჭყი;
ნაცარი;
ნარ(ე)ცხი;
ყველაფერი ეს ყოფიერების აუცილებელი სტიგმატებია;
ონტოლოგიური ნაყვავილარია...
რას იზამ, უწმინდური მეტია სამყაროში, ვიდრე წმინდა...
ჭუჭყიანი მეტია, ვიდრე სუფთა...
პარალოგიკური საზოგადოება ერთობ უფრთხოდა ამ უწმინდურს;
უწმინდურს, როგორც გა-მონაყარს...
უწმინდურს, როგორც გამო-ნაყოფს...
არადა, „უწმინდურზე“ დგას გამო-ნა-ყოფიერება!
ხუმარაშვილთან ეს გამო-ნაყოფი ტოტალურია.
გამო-ნაყოფი გამო-ავლენს ნა-ყოფიერებას...
და მისი სურათებიც (დიახაც, სურათები!), როგორც კულტურის ტექსტები გამო-ავლენენ ნარჩენის და-ნარჩენს.
კიდეც გამო-დევნიან ამ ნარჩენს და კიდეც შე-ინარჩუნებენ...
რეალობის ტოტალობას წარმოგვიდგენენ;
თუნდაც, ყოფიერების ტოტალობას...
და საიდუმლოდ გვიმხელენ, რომ „ყველა-ფერ“ ამის უკან გრძნობადი სურვილის/ხვაშიადის ობიექტი არსებობს.
„სხვის“ ნდომა კი, იმდენადაა სანდომელი, „სხვა“ რომ უკვე ვეღარ შეიმეცნება;
ვეღარ შეიმეცნება, როგორც პროფანული ობიექტი...
აქ უკვე ორი სურვილი ეპასუხება ერთმანეთს.
მერე კი, უღრმესი ინტიმური გაგების ტრანსპარაციად შემო-გვეძლევა.
და იცით, რა არის ამ გაგების საფუძველი?!
აუტანლობა!
თუნდაც, საძაგლობა...
ხუმა არ უფრთხის ამგვარ საძაგლობას.
გრძნობს, რომ მის გარეშე სურვილი ვერ გაჩნდებოდა.
ამიტომ, აუტანელს ხატავს...
ხატავს და-უხატავად...
სამაგიეროდ, ყველაფერს წირავს ფერ-წერის ნეგატიურ დიალექტიკას.
განა ვალშია ასეთი ფერმწერი ძველ ოსტატებთან?!
განა არ გაიევლებს ველასკესის პლერომა ასეთ წმინდა სიწყვდიადეში?!
გაიელვებს, ოღონდ მსხვილი კადრით.…
გაიელვებს, როგორც კლასიკური ფერწერული ტექსტების_სულერთია, ლუმინარისტული იქნება, კოლორისტული თუ ქრომატისტული_უცნაური სინეკდოხე.
აი, ფერწერა, როგორც ტრანსგრესია...
ფერწერა, როგორც უსაზღვრო შერწყმა (ზესთ მწყობრთა მწყობრისა?);
შე-რწყმა, როგორც პოსტ-ფერწერული ორგია...
დე-გრადაციების კასკადი...
ემპირიასთან დაუმთხვევლობაში სრული თავისუფლება...
ამ დაუმთხვევლობას მარტოოდენ ასეთი_და-მთხვეული დისკურსით თუ გამოხატავ!
დისკურსით, რომელიც დაუსრულებლად გან-წმენდს ბიოფიზიკურ სფეროს.
აი, ამ გაგებით კი, ხუმას მეტააბსტრაქცია ერთგვარი კათარზისული აქტია_
თვით(მო)ხსნისა და თვით(შე)ნახვის აქტი.
ეს_ფერმწერის შრომისაგან (ა)ხსნის აქტიცაა;
საკუთარი თავის, როგორც „სხვის“ უარყოფის აქტიც...
ესეც, სრულ-ყოფილი უარ-ყოფა!
ანდა უარ-ყოფის სრულ-ყოფილება...
ამგვარ უარ-ყოფილ პერფექციონიზმს, დიხაც, ხუმას ხელი სჭირდება...
ხელი და ხელება;
ხელება და გა-ხელ-ება...
საკუთარ თავში, როგორც სხვაში და-ნარჩენი (და/შე-სანარჩუნებელი) ყოფიერების წინასწარი მოხილვა;
რაღაც ტოტალურ ონტოტექსტად გამთლიანება და გა-სურათება;
ასეთ ფერწერაში დრამატული ადგილებიც წაშლილია.
ხუმას ფერწერა წესით, არ უნდა იყოს ტრავმატული!
დრამატული_კი ბატონო!
ტრავმირებული შეიძლება დარჩეს მაყურებელი, რომელიც ვერ იგებს ამ და-ნარჩენს;
დანარჩენს, როგორც ონტოტექსტს.
ასეთ პოსტფერწერას მხოლოდ ბუნებით სუფთა, აუმღვრეველი ნატურის არტისტები ქმნიან.
არტისტები და არა კოლაბორაციონისტები.
ქმნიან რაღაც სიშმაგით, პოსტკრეატიული შეპყრობილობით;
ქმნიან შე-უქმნელად...
ყოველგვარი ეტიუდებისა და კროკების გარეშე;
პირდაპირ „შავ მასალას“ ქმნიან...
მხატვრის ტოტალური ტექსტო-ტანებია; სხეულები ორგანოთა გარეშე...
მდაბალი დე-გრადირებული მატერიის პრინციპულად უსახური რეპრეზენტაციებია;
ინ-აქტუ ექსპრესიული რეპრეზენტაციები.
თითოეული სურათი ტრაგედიაა უგმიროდ...
ისტორია_უპროტაგონისტოდ...
პროტაგონისტი თავად ხუმაა.
ყველაზე მაღალი ქართველი მხატვარი, რომელსაც მოაქვს თავისი ისტორია;
ისტორია თავისი სემიოსფეროთი; ისტორია დადაღული თავისი ნიშნებით...
და ეს ნიშნები მძლავრობენ რეფერენტზე.
მეტიც, მათ თავისებურ იერარქიზებასაც მოასწავებენ და სისტემატურობასაც...
„სუფთა“ და უანგარო ნიშანია ამ, პროფანული თვალისათვის ერთი შეხედვით „უსუფთაო“ მეტაფერწერის სამხილი...
სამხილიც და სახილველიც.
გან-საწმენდელიც...
ეს ნიშანი უფრო მეტია, ვიდრე ღირებულება; თუნდაც, ყბადაღებული „ფერწერული ღირებულება“.
ასეთი ფერწერა თვითნიშნადია;
ასეთი ფერწერის „მკეთებელს“ ჩვენში ფერმწერს ჯერაც არ ეძახიან...
თვითრეფერენტულია და ამიტომ!
არადა, უამისოდ ყოფიერება ვერ იქნებოდა ორგანიზებული.
ყოფიერება, რომელიც და-ნარჩენია.
ჰოდა, ამ და-ნარჩენით „რჩება“ ადამიანი...
სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ნარჩენს ვტოვებთ...
სიკვდილის შემდეგაც კი.
* * *
ამბობენ, ნამდვილი ბანკირი ისაა, ვისთვისაც ფული არაფერიაო...
ეგებ, ნამდვილი ფერმწერიც ისაა, ვისთვისაც ფერი_არა-ფერია...
ანდა, სულაც ხელის ჭუჭყია...