სადაც გაზაფხულია


სადაც გაზაფხულია




- მოიცა, აკადემიაში სწავლობთ, ტიციანის სახლი მანდვეა და ერთხელაც არ შეგივლიათ, კაცო? - ამოყრის გაცრეცილი პერანგიდან ძვლებადქცეულ მხრებს და იჩეჩავს გაოგნებული.

ეგეთია პახმელია ჯიბო, ანუ გასაგებად რომ ვთქვათ -- ნაბახუსევი ჯიბო, უფრო გასაგებად კი, ორმოცდარამდენიღაც წლის ჯიბო ბ, ვეებერთელა შავწყლიანი თვალებით და ორნახადი ხასიათით - ძვრა ვერ უყო მის თავზე დატრიალებულმა ვერც რაიმე წისქვილმა და ვერც რაიმე ქარბორბალამ.

თვითონ ქუჩის კუთხეში ზის, ორი საფეხურით შემაღლებული შენობის წინ. ყველამ იცის, რომ ეს პახმელია ჯიბოს ალაგია და, ვაიდა ერთ დღესაც ვინმე ნაცნობს ცარიელი დახვდეს, აუცილებლად მოისაკლისებს. ის კი არა, თავისი ქვეშსაგები ფარდაგიც კი აქვს პახმელია ჯიბოს, ამაზე თავად არ უზრუნია, მეზობელმა მიართვა ერთი მორიგი ტრაპეზის შემდეგ, თვითონ კი უარობდა და თავს იკლავდა - კარგ მსმელს არც სიცივისა უნდა ეშინოდეს, პირიქით, თავისი სითბოც სხვებს უნდა გაუყოსო, მაგრამ მეზობელმა დიდი მოწიწებით აიძულა, ეღიარებინა ჯიბოს მინუსიანი ყინვის დაუნდობლობა და ეფიქრა იმაზე, რომ კუდაბზიკები სძაგს ჯერ ღმერთსა და მერმე კაცსა.

 მოწიწებით კი იმიტომ, რომ პახმელია ჯიბო ვინმე ქალაქელი ბოგანო კი არ იყო, ანაც - მავან მოვლენათა გამო გაბოგანოვებული, არამედ, ფრიად საჭირო და სასარგებლო კაცი გახლდათ და ამაში პროფესიასთან ერთად ხელს, როგორც იტყვიან, მისი უთვალავი ღირსებაც უწყობდა - პახმელია ჯიბო მაშველი იყო, ამ სიტყვის ყველაზე ვრცელი გაგებით - ზედმიწევნით უწყოდა სახლის მოწყობის, საავარიო და სარემონტო სიტუაციების საიდუმლოებები, ისეთი ოსტატობით შეეძლო ყველაზე გამოუვალი მდგომარეობის გამოსწორება, რომ ცოტა ხნით მის ადგილზე ყოფნას მოგანდომებდა - რაც ეგ დაულოცავთ და უქებ-უდიდებიათ, რაც მისთვის ღვინო და პური უჩუქებიათ (საქმის სირთულიდან გამომდინარე, ივრცობოდა მისი სასაჩუქრე კალათაც)! თვითონ ამ პატივს მშვიდად და სიხარულით იღებდა, უარი არავისთვის უთქვამს, რადგან ისედაც გროშებად აკეთებდა თავის საქმეს და ადამიანებს მადლობის ამ ფორმით გამოხატვას სიამოვნებით აცლიდა.

რამდენი ხმაჩამწყდარი ონკანი ამღერებულა მის ხელში! რამდენი ჟანგში და ლორწოში ჩამხრჩვალი მილი აღმდგარა მკვდრეთით! რამდენი ნახევრად ან მთლად ჩამოშლილი კედელი წამოწეულა და წელში გასწორებულა, თავისი ენერგიების გამტარი სისხლძარღვებით! და ამ ყველაფრის ბოლო წერტილად - ყოველი საქმის ბოლოს, ოსტატურად შექმნილი მისივე ინიციალები - ჯ.ბ. - ყველგან, მილებზე, ონკანებზე, კედლებზე, იატაკზე, პლინტუსებზე, კარზე, ჭერზე... მოკლედ, სახლები იცნობოდა ამით - როგორც კაი ქირურგის ნაოპერაციები სხეული - აქ ჯიბოს ხელი ერია!

 პახმელია კი  (სახელის წინ) იმიტომ, რომ ეს მისი ყველაზე სრულყოფილი მდგომარეობა იყო. ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა. თუკი სხვას ეგრეთ წოდებული პახმელია ანახევრებს, ანაწევრებს, ან საერთოდ, აორთქლებს, ჯიბოს პირიქით - ყველაზე ბრძნული და სასარგებლო იდეები ზუსტად ნაბახუსევზე მოსდიოდა, ყველაზე კეთილშობილი და უწყინარი, უფრო მეტიც - რაღაც აღგზნებული ჰუმანისტი ამ დროს ხდებოდა, თითქოს მთელი მისი დანარჩენი ცხოვრება იყო მზადება ამ მდგომარეობის მისაღწევად. რამდენიმემ სცადა ამოეხსნა, რასთან ჰქონდათ საქმე - კარგ ღვინოსთან (მხოლოდ ღვინოს სვამდა ჯიბო, სხვა სასმელს არა სცნობდა!) თუ კარგ კაცთან, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ისეთივე უშედეგო მცდელობაა, როგორც, მაგალითად, იმაზე თავის მტვრევა, ვუყვარვართ თუ არა ბოლოს და ბოლოს ჩვენს ერთმორწმუნე მეზობელს და თუ კი, მაშინ რა ტიპის სიყვარულის მოწმეები ვართ ამდენი საუკუნეა.

და, მოიხსენია ერთხელ ერთმა, დაბადებიდან თანაუბნელმა - პახმელია ჯიბოდ, ლოცვებში და, შეერქვა იმის მერე  და არც თვითონ გაუპროტესტებია არასდროს, პირიქით, იცოდა თქმა - მე ვარ ის, ვინც ღვინის შემდეგ  მოვიდა და მრავალნი მომბაძავენ მე და იქნება დიდი აღვსება და ლხინი ადამიანის სულისაო.

 ჰოდა, ზის ნაჩუქარ ფარდაგზე, ძველი თბილისის აშუღივით, როცა საქმისგან ისვენებს, და გამვლელ-გამომვლელს ინტერესით აკვირდება - ვინ სად შეუხვევს, ვის სად ეჩქარება. შინ მოხუცი დედა ჰყავს, მზიან ამინდში თავისი ახალგაზრდობისდროინდელი ნახატები გამოაქვს ეზოში და გამოფენას აწყობს - რომ ჰკითხო, ჰაერზე აშრობს, რომ სახლის ნესტმა არ შეჭამოს, ისე კი, ვინ არ იცის, რომ ვერა და ვერ დაივიწყა დეიდა ჟუჟუნამ, ოდესღაც ხატვა რომ შეეძლო და, როგორც მსგავს ბედისწერულ ამბებში ხდება ხოლმე - დიდ მომავალსაც ეუბნებოდნენ, თუკი გაჰყვებოდა და თავს მიუძღვნიდა.

 დეიდა ჟუჟუნა კი, მხატვრობის მაგიერ პახმელია ჯიბოს მამას გაჰყვა და თავიც მას მიუძღვნა. მავანი იკითხავს - უმსხვერპლოდ კი არ იქნებოდაო? მაგრამ არ იქნა და მოგეკლა, აჰა. დიდი აშარი კაცი იყო ბატონი იასე, მეცნიერებათა აკადემიის დამსახურებული თანამშრომელი და ღვაწლიანი ბიოლოგი, სულ ექსპედიციებსა და მივლინებებში ატარა მთელი ცხოვრება, შინ კი მუდმივად ორსულ ჟუჟუნას ტოვებდა, რომელსაც, ქმრის დაბრუნებამდე ან მუცელშივე უკვდებოდა ნაყოფი ან მკვდრადშობილ ჩვილს ახვედრებდა ამ ყველაფრით გულგაწყალებულ და რატომღაც ცოლზე ჯავრისმყრელ იასეს.

ბოლოს, ვიღაცამ ასწავლა, დაბადებისთანავე მაჰმადიანს  მოანათვლინეთ, წინასწარვე ისეთი სახელი დაარქვით, რასაც, რომ არა ეს გარემოება, არაფრით არ დაარქმევდით და, რომ გაჩნდება, ისე მოექეცით, ვითომ სხვისი შვილია და არც კი იცნობთო. პირველი და მეორე პირობა კიდევ ჰო, მესამეზე ცოტათი დაიბნა ცოლ-ქმარი, მაგრამ შვილის ყოლის სურვილი ხანდახან შვილზე მეტიც ხოა და, ყველა წესი ზედმიწევნით შეასრულეს.

საწადელი კი მართლაც აღსრულდა - ბიჭი დაიბადა და, ასე დაებედა ჩანასახიდანვე მაჰმადიანი ნათლია, სახელი ჯიბო და  მეტად უცნაური დამოკიდებულება მშობლების მხრიდან.

- ნაშვილები ხო არა ვარო, - რამდენჯერაც შეუღრინა მშობლებს, იმდენჯერ ეს პასუხი მიიღო - ოღონდ შენ იყავი კარგად და თუ გინდა, ნაშვილები იყავიო.

მერე კი, სიკვდილის წინ, ყველაფერში გამოუტყდა ბატონი იასე, პატიებაც სთხოვა იმის გამო, რომ თუ რამე დააკლო, მხოლოდ იმიტომ, მასა და შვილს შორის ჩასაფრებული სიკვდილი რომ მოეგერიებინა.

 მოკლედ, სიკვდილსაც აბითურებდით, მამაჩემო? - ხარხარებდა ჯიბო და ვერაფრით წარმოედგინა მუდამ საყოველთაო წესებისა და კანონების მიმდევარი მშობლებისგან მსგავსი ცრურწმენების ერთგულება. კიდევ რაღაც ფარსაგია ჩემს თავსო, ფიქრობდა და ამ ფიქრებში ცხოვრების სივერაგეებიც ეშველებოდა - ხან საიდან დაკრავდა ამ ტყუილით მოგერიებული სიკვდილის ნიავი, ხან საიდან, ვინც ჰყავდა და ვინც უყვარდა, ბავშვობიდან ისე ეცლებოდა ხელიდან, გეგონება, მისი შესაყრელი ჭირი სხვებზე განაწილდა და ამით აჩვენებს ის ვითომ მოტყუებული მიქელ-გაბრიელი კარსუკნიდან სამი თითის კომბინაციასო.

მეოთხე კლასში იყო, ლამის თანშეზრდილი კლასელი რომ დაეღუპა რაღაც საზიზღარი ვირუსით, მოხუც ბებიასთან მარტო დარჩენილი, გაგრაში, არდადეგებზე. მშობლიურ სახლში რომ ჩამოასვენეს და პატარა კუბოთი გაატარეს ქუჩაში, ჯიბოს ეგონა, რომ ეს ყველაფერი სულ იმ კლასელის დადგმული ოინები იყო, ახლა ამით გადაწყვიტა ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც ყოველთვის ძალიან უყვარდა და როცა სასაფლაოდან ბოლო კაციც გაიკრიფებოდა და მარტო დარჩებოდა, აი, მერე კი იკადრებდა და გამოვიდოდა სამალავიდან, რადგან, რა-რა და, მარტო დარჩენის ყველაზე მეტად ეშინოდა.

 მაგრამ არც ის და არც სხვები, ვინც მერე, იმ კლასელის გზას მიჰყვნენ ჰადესის უფსკრულებისკენ, უკან აღარასდროს დაბრუნებულან.

ამ ლეგიონის ბოლო კი ქეთო იყო, პახმელია ჯიბოს გულის ვარდი და სულის მურაზი. ქეთო გურიიდან ჩამოვიდა, სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურულზე სასწავლებლად და იქ გაიცნო ჯიბო. ერთად სამი წელი იყვნენ. სამი ბედნიერი წელი, რომელიც მარტო ჯიბოს კი არა, მთელ თბილისს დაამახსოვრდა. ქეთოსაც ემახსოვრებოდა, რომ დასცლოდა და არ წასულიყო იმ შემოდგომის მზიან და ფოთოლცვენია დღეს სოფელში, მშობლებს მოსავლის აღებაში რომ დახმარებოდა; არ ჩატეხვოდა ადესის ხეივანზე მიდგმული ხის კიბის ბოლო საფეხური ან, რაც მთავარია, არ გდებულიყო ზუსტად კიბის ძირში წვერებამოტრიალებული ახალგალესილი ფიწლისთავი, რომელზეც, კიბიდან გადმოფრიალებული გრძელთმიანი და კაფანდარა ქეთო დაეჭედა თავისი ლამაზი ძუძუებით და იმავე წამს ამოუფრინდა გაღებული პირიდან ღონიერი და მშვენიერი, ათასი რამისთვის მზადმყოფი და ჯიბოს გაგიჟებით მოყვარული სული.

იმის მერე თავისი თავი ქეჩოთი მიითრია პახმელია ჯიბომ სარკესთან, ჩაახედა შიგ და  შუბლი იქამდე ახლევინა, ვიდრე პირისახე სისხლის რუებით არ დაეღარა, მერე მიაყუდა ზედ სარკეზე ცხვირით და ჩამოართვა საუკუნო პირობა, რომ აღარასდროს, აღარავის მთელი გულით აღარ შეიყვარებდა.

ასე უფრო იოლი აღმოჩნდა. რაც მთავარია, მისი წილი სიკვდილის პოტენციური მიმზიდველები გადაარჩინა - ასე ფიქრობდა.

 ასე უფრო იოლი აღმოჩნდა, მართლა. თავს უამრავი ადამიანი გახვევია, ყველა გიღიმის, ყველას უღიმი, შენს საქმეს აკეთებ, მათთან ჭიქასაც სწევ და ეს უკანასკნელი ძველებურად ხოშიანად გამოგდის, და სულაც არაა საჭირო, ვინმეს გამო გული გისკდებოდეს, ვინმეს გარეშე ვერ ძლებდე, მოკლედ - გიყვარდეს, როგორც ამბობენ და, ამით ახალ საფრთხეებს ქმნიდე ამ სამყაროში.

ზის თავის ფარდაგზე პახმელია ჯიბო, უკვე გვარიან ძალაშია გაზაფხული. ხალხი ქუჩებში გამოფენილა, ქალიან-კაციანად, გარეთ ირჩევა ამინდის და პოლიტიკის ამბები; საიდანღაც კამაში შემწვარი ახალი კარტოფილის სურნელი მოდის, ვიღაც ტყემალს ათუხთუხებს და თავს იგიჟებს ქარვისფერ მორევში ჩახარშული ომბალოს ყვავილი; შორს, მტკვრის გადაღმა კუკიის მთებზე შეფაკლული ხეების მწკრივი მოჩანს - ვიღაცას, ბედნიერს, ატმები, ალუბლები და ნუშები ერთად უყვავის ეზოში...

დღეს დილიდან ისვენებს პახმელია ჯიბო, ჯერ არავის გამოუძახია, ჯერ, როგორც ჩანს, მშვიდობა აქვთ სახლებში, დაშაშრულ თითებში აგორავებს ერთადერთ ღერ სიგარეტს, კაი მომენტს ელოდება, ან ვინმე გემრიელად გამომლაპარაკებელს, რომ ის ღერიც იმასთან ერთად გაასრულოს. აბა, ისე, ტყუილა გაპლაკუნებას მუღამი არა აქვს.

- შენ მოკალი ჩემი ახალგაზრდობა, ჟუჟუნა დეიდა, შენ! - ისმის მისი ეზოდან, იძაბება პახმელია ჯიბო. კი, ზედმიწევნით იცის, ამის მერე რა ტექსტიც მოდის და მოვლენებიც როგორ ვითარდება, ყოველ სავსემთვარეობას ეს სცენაა, რომლის მაყურებელიც, კიდევ კარგი, იმ ერთი ეზოს მეტი არავინაა, მაგრამ მაინც დაძაბული წამოიწევს პახმელია ჯიბო და აყურადებს.

- შენ დამტოვე ეგრე მე, ჟუჟუნა დეიდა, შენი ბრალია ყველაფერი, ჯიბოც შენ გააუბედურე, შენ! - კივის ციცარივით ხმაგაწვრილებული კარის მეზობელი ნატო, ვისზეც ძალიან იძალადა განგებამ - დაბადებიდან ნერვული აშლილობით გატანჯულს კარის მეზობელი შეაყვარა, კაცი, რომელმაც, ვიდრე ნატო საერთოდ ქალის და კაცის ამბებში გაერკვეოდა, მანამდე გადაწყვიტა, რომ სიყვარული მომაკვდინებელია და უნდა ერიდო.

ნეტა არ აჰყვეს ჟუჟუნა, - ფიქრობს პახმელია ჯიბო და წინასწარ იჭმუჭნება იმ ვერსიის გახსენებაზე, თუკი დედამისიც, მაინც ვინმეზე მთელი თავისი ცხოვრების ბოღმის დასანთხევად მოწადინებული, გამოუვარდება დიდმკერდიან ნატოს და დასცხებენ ერთმანეთს მდედრი დინოზავრებივით - ერთსაც ძალა ერჩის და მეორეს, მართალია, ასაკი აღარ უშვებს, მაგრამ ხანდახან მაინც ძველებურებს იხსენებს - რომ ხატავდა იმას კი არა, ქმართან ორთაბრძოლაში ჩართული ენით თუ მკლავით, საკუთარ თავს რომ იცავდა ცხოვრებისგან...

- შენ მოკალი ჩემი ახალგაზრდობა, ჟუჟუნა დეიდა, შეენ! - კივის ნატო და ჯიბოს წინ აკადემიისკენ მიმავალი სტუდენტები უნებლიეთ ფეხს ითრევენ - სეირს ვინ არ გაუჩერდება, თან, თუ გარშემო სხვა საინტერესო არაფერი ხდება.

- აგერაა ტიციან ტაბიძის სახლ–მუზეუმი, მარცხნივ, შეიარეთ, - მშვიდად ეუბნება პახმელია ჯიბო, ვითომ, რომ მათი ყურადღება რამეზე გადაიტანოს.

- უი, ეგ ის არ იყო, ცისფერყანწელი? - ხუთკაციანი ლაშქრიდან ერთი გოგო ოდნავ წინ გამოდის.

- იყო! - ამტკიცებს ჯიბო - მივალ, მივდივარ და მივიმღერი, თან საქართველოს მიმაქვს ოცნება, ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება!.. - ეს იყო!

- ეგ დახვრიტეს ხო? - ერთ-ერთმა ბიჭმაც იცის ტიციანის ამბები.

- არამარტო დახვრიტეს. აი, შენ რომ დგახარ, ზუსტად მაგ ადგილას დგებოდა თითქმის ერთი საუკუნის წინ შავი ემადინი, იყო ეგეთი მანქანები მაშინ,  შიგ შავებში ჩაცმული ხალხი ისხდა, ეხლა რომ  რიარია და ბალაგანია, მაშინ ეგრე კი არ იყო, სად ნახავდი მეტ მანქანას, სიჩუმე იყო და სიწყნარე, ჰოდა, ამ სიჩუმეში შემოჯლიგინდებოდა ხოლმე ის შავი ემადინი, ყოველ ღამით, დგებოდა ტიციანის ფანჯრებქვეშ და ქვეშ აფსმევინებდა მთელ უბანს იმის შიშით, ვაიდა, თუ ჩემთან მოვიდა ან თუ ჩემთანო. ჩეკისტები ხო  გაგიგიათ?

 გაეგო რამდენიმეს.

- ჰოდა, ეგ იყვნენ ჩეკისტები. ტიციანს აშინებდნენ. იმისი სული უნდოდათ. ბოლოს წაიყვანეს კიდეც. აწამეს და მოკლეს. თქვენ იცით მაგის საფლავი?

 არ იცოდნენ. ერთმა თქვა - მთაწმინდაზეო, არა?

- არა. არსად. უსაფლავო მკვდრად აქციეს ჩეკისტებმა საქართველო.

- უიმეე, კოშმარ! ბრრრ!.. - გააკანკალებს ერთ–ერთს, გოგოს.

- შენ დამღუპე ჟუჟუნა დეიდა მე, შეენ! - არ ჩერდება ნატო.

 რატო არ ეპასუხება ჟუჟუნა? - ფიქრობს პახმელია ჯიბო. მისი ეზოში გამოჩენა შარია. ჯერჯერობით ადგილზე უნდა დარჩეს და ცეცხლს ნავთი არ გადაასხას.

ჟუჟუნა როგორ გადარჩა ცოცხალი იმ ადამიანებიდან, ვინც ჯიბოს უყვარდა? - ეს კითხვა ბუნებრივ ეჭვს იწვევს, ხომ არ გვაქვს საქმე ჯიბოს მხრიდან სუროგატულ სიყვარულთან, ანუ, უყვარდა კი მას დედა ისე, რომ ამით მისი სიკვდილიც გამოეწვია?

 დედაა და როგორ არ ეყვარებოდაო, დაიბეჯითებს მავანი. მაგრამ მას არ უნდა გამორჩეს ერთი მარტივი გარემოება - მთელი ბავშვობა, სწორედ ამ ერთადერთი, ცოცხლად გადარჩენილი შვილის ხელიდან გამოცლის შიშით, ჟუჟუნა იმ პესამე პირობასაც ზედმიწევნით ასრულებდა, მაგიური გარიგებასავით რომ დადეს მეტად უცნაურ ვითარებაში, მან და მისმა ქმარმა, მაჰმადიან ნათლიასთან ერთად. ჰოდა, დიდად არც ეფერებოდა, არც „თან ჰყვებოდა“, როგორც მას, საერთოდ, დედა-შვილის ბუნებრივი ურთიერთობა წარმოედგინა. თავის თავთან დარჩენილი კი ფხოჭნიდა კედლებს და კბეჩდა ბალიშს, გამოუხატავი სიყვარულისგან აბღავლებული, მაგრამ რაწამსაც ამ ყველაფრის საპირწონე სინამდვილე გაახსენდებოდა - ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად მოთამაშე, ბედნიერი, მხიარული და, რაც მთავარია - ცოცხალი ჯიბო, - იმ ბალიშსაც და იმ კედლებსაც გახევებული შეეშვებოდა, ამთელებდა და ხელისგულებით ცრემლშემშრალ სახეზე ღიმილსაც აიკრავდა აირწინაღივით, რომლითაც ჯიბოს თვალებიდან, პირიდან, ტანიდან, თმიდან მონაბერი უტკბესი ჰაერი უნდა შეეკავებინა, მორიგ გულისხეთქვამდე.

მაჰმადიანი ნათლია კი, ნათლობის მერე აღარ გამოჩენილა. იქაც სხვამ მოუყვანათ, თვითონ არც იცნობდნენ, ახლობლის ახლობელი აღმოჩნდა, ძველთბილისელი ოქრომჭედელი, ყველა წინა კბილი თავადაც ოქროსი ჰქონდა და რომ გაიცინა, ემბაზის კედელმა იმ ოქროს შუქი ისეთი ათინათით აირეკლა, რომ წამით ყველა სანთელი დაჩრდილა. ცხადია, მღვდლისთვის არ გაუმხელიათ, რომ ნათლია ქრისტიანი არ იყო. მაშინ არც მღვდლები მისდევდნენ დიდად მკაცრად დადგენილ წესებს თუ რა იყო, ყოველ შემთხვევაში, არც ის ჩასძიებია ნათლიას მრწამსს, სწრაფ-სწრაფად მონათლეს, „უსაქმოდ“ შემოხეტებულ ვინმე ახლობელ დამსმენს რომ არ გადაჰყროდა მეცნიერთა წრეში კომუნიზმის მიმართ ერთგულებით ცნობილი და ახლა ღელვისგან და შინაგანი რყევებისგან წნევააწეული ბატონი იასე.

 მერე, ცოტათი იკვლია თავისი ოქრომჭედელი ნათლიას ამბავი პახმელია ჯიბომ, მაგრამ ვერაფერს მიაკვლია. ერთი პირობა ისიც მოიწადინა, ხელახლა მონათლულიყო, ვინაიდან, სასტიკად დარღვეული სჯულის კანონის თანახმად, სხვა სარწმუნოების კაცისგან მირონცხებულად არც ითვლებოდა, მაგრამ რაღაცამ შეაჩერა.

რაღაცამ კი არა, სიზმარმა, ზუსტად, დაგეგმილი მეორედ ნათლობის წინა ღამით რომ ნახა:

 იჯდა ვიღაც შუახნის კაცი, დაახლოებით ისეთ ფარდაგზე, რამდენიმე თვის მერე მეზობელმა რომ უფეშქაშა უბანში, თავისი ალაგის გასამყარებლად, ფეხმორთხმით იჯდა ეს კაცი და ხელში კრიალოსანს მარცვლავდა, კრიალოსანზე კი, არც მეტი არც ნაკლები - ოქროს კბილები იყო აცმული. უცებ, ამ ტრიალში, კრიალოსნის ძუა ჩაწყდა და კბილები პანტაპუნტით დაცვივდა. ძირს დაცვენილებმა კი წამში ფარდაგში გაიდგეს ფესვები და იქიდან უცხო ჯიშის კაქტუსებად ამოიზარდნენ. ეს კაცი ზედ გადაემხო ამ ჩაშლილ და ეკლებად ქცეულ კრიალოსნის მძივებს, ეფერებოდა და ტიროდა და ლოცულობდა რაღაცას, სულ გაისისხლიანა ხელისგულები, ამ წვალებაში იყო, რომ ამოხედა და პახმელია ჯიბოს თვალები შეეფეთა, შეაყინა ზედ მზერა და რაღაცა უთხრა, რაღაც, თავის ენაზე, თითქოს წაიმღერა. შელოცვას ჰგავდა, ასე მოეჩვენა ჯიბოს, რომელიც, ვერც მიუახლოვდა და იმ ეკლებიდან ვერ წამოაყენა, ვერც ბოლომდე ვერ მიხვდა ვერაფერს.

 ჰოდა, რომ გათენდა, მთელი დღის გეგმა გადაიფიქრა და დარჩა ეგრე - ოდესღაც უკუღმართად მიღებული მირონის ანაბარა, ნათლობისდროინდელი ოქროს პაწაწინა ჯვრით, ჩაიწყო ჯიბეებში ხელი და ჩაუარა ძველი თბილისის ქუჩებს, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა თაფლისფერი სიონი, ღვინისფერი სინაგოგა და მზეზე გუმბათალაპლაპებული მეჩეთი, ჩაუარა სტვენა-სტვენით, რაღაცისგან სამუდამოდ გრძნობაგათავისუფლებულმა, უცნაურად მსუბუქმა,  ლამის გამვლელებიც კი გააჩერა, რომ ვინმესთვის შეეძახა: იცით, როგორ ვგავართ ახლა მე და თბილისი ერთმანეთს?!..

 ვის გააჩერებდა. ან ვინ გაიგებდა. თავისი საიდუმლო იყო. მარტო თავისი.

 არა და არ ეპასუხება ჟუჟუნა გაუჩერებლად აწივლებულ ნატოს და, ის სტუდენტებიც შემოეცალნენ, გასცდნენ შარის ადგილს, ტიციანის სახლსაც, გაუყვნენ აკადემიისკენ.

 არადა, რომ შევიდეს და ნატოს დამშვიდება სცადოს? ერთხელ ხომ სცადა, სიბრალულისგან, გამოუვიდა კიდეც. ის ერთადერთი სავსემთვარეობა იყო, ნატოს რომ გულყრები აღარ დამართნია და მეზობლებიც უსპექტაკლოდ დატოვა.

ერთხელ ვიღაცამ უთხრა, მოიყვანე ეგ მაინც ცოლად, თვეში სამი  კვირა წყნარად იქნებით, ეხლა, იმ ერთ კვირას გინდ ისე და გინდ ასე, მაინც ყველა კაცი ისედაც ითმენსო. მაგრამ, ჟუჟუნა ამას არ დაუშვებდა. ყველაფერს დაუშვებდა და ამას - არა. პახმელია ჯიბოს კიდევ, დასაკარგი რა ჰქონდა, დედას ნატოს გამო როგორ აწყენინებდა!

- ისეთი შვილი გაგიჩინოოო... ყველას შენი შურდეს! - უჩურჩულა იმ ერთადერთ ღამეს ნატომ, თავის ვეებერთელა მკერდში რომ მიიხუტა ჯიბოს ნაბახუსევი და აჯაგრული თავი, ფრთხილად მოუსვა ნეკა თითი ნესტოებქვეშ, გეგონება, უკვდავების ბალახი უჭირავს და იმას აყნოსებსო. ფანჯრისკენ იყურებოდა ბედნიერი და ყველაფრით სავსე და ხანდახან ისე გადაიკისკისებდა ხოლმე, ჯიბოს გული ეწურებოდა.

- ნუ გიყვარვარ, ნატო, ნუ. საშიშია ჩემი სიყვარული, - ესღა უთხრა, კართან რომ დადგა და პერანგის ბოლო ღილი შეიკრა პახმელია ჯიბომ.

- ნწ. ეგ ეგრე კი არა, უკუღმაა, - არც ამოუხედავს, გარღვეული კაბის კემსვა განაგრძო ნატომ.

--უკუღმა, ანუ პირიქით? - გაეღიმა ჯიბოს.

- დიახ. იმას შენ რას მოატყუებ, მე თუ მატყუებ. იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ. - ნიკაპი ჭერისკენ ორჯერ აკრა ნატომ და ნემსიც იჩხვლიტა თითში.

- ეჰ, სულ იმას არ ვატყუებთ, მთელი ცხოვრება?.. - ჩაილაპარაკა თავისთვის პახმელია ჯიბომ და რაღაცნაირად, ძალიან გაუკვირდა, ესეთი დალაგებული საუბარი რომ გამოუვიდათ.

ეს ერთადერთხელ იყო. მერე, ისევ ფანჯრებიდან ღმუილი და წყევლა–კრულვა...

- ჯიბო!.. - ესმის ძალიან ახლოდან.

ფიქრებში წასულ თავს მაღლა სწევს. ნატო დგას მის წინ.

პახმელია ჯიბოს გული კარგს არაფერს უგრძნობს, მაინც სიმშვიდეს ინარჩუნებს და ზლაზვნით დგება.

- რა არის, ნატო?

- დედაშენი... მოკვდა.

 

ქუჩის ბოლოდან სტუდენტების სიცილი და მხიარული გადაძახილები ისმის. ხალხმრავალი გაზაფხულია. კუკიის მთის თავზე, მდოგვის მარცვლისტოლად გამოჩენილ ეკლესიას მზე უკიდია გუმბათზე - იფიქრებ, ცოტა ხანში ცისფერ კვამლსაც აუშვებს და აიტანს ცაში, თუ ვინმეს რამე უთქვამს, უფიქრია ან უთხოვია, თუ ვინმეს რამეზე გული დამდუღვრია ან დალეწვია.

აიტანს, მოაშორებს დედამიწის ზედაპირს, სადაც ახლა მარტო გაზაფხულის ადგილია.

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE