პოლონელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე დარიუშ ტომაშ ლებიოდა 1958 წელს ბიდგოშჩში დაიბადა. იგი მე-19 და მე-20 საუკუნეების პოლონური ლიტერტურის მკვლევარია. ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყებამდე მუშაობდა მაშველად, დამხმარედ ფერმაში და ბუნებრივი აირის წნევის შემმოწმებლად. ლებიოდა ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. პოეტი პოლონეთში ტოტალიტარული რეჟიმის დროს პოლიტპატიმარი იყო.  1994 წელს დარიუშმა დოქტორის ხარისხი მიიღო პოლონურ ლიტერატურაში. პოეტს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია: ანდრზეი ბურსას ჯილდო, სტანისლავ ვისპიანსკის პრემია, კლემენს იანიკის ჯილდო და „ბუნოს“ პრემია. იგი „ახალი თაობის“ (1950-1960) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოეტია.  ლებიოდას გამოცემული აქვს 40-მდე წიგნი - პოეტური კრებულები, ბიოგრაფიები, ისტორიული კვლევები, ესეების კრებულები და სამეცნიერო მონოგრაფია. მისი პოემები შესულია ყველაზე ცნობილ პოლონურ ანთოლოგიებში. ლებიოდას ტექსტები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად, იაპონურად, არაბულად, ებრაულად და სხვა. ავტორის ლექსები და სტატიები პოეზიაზე გამოცემულია საბერძნეთში, არაბულ ქვეყნებში, ხორვატიაში, შვეიცარიაში, ლიტვასა და იაპონიაში. მისი კვლევის საგანს ძირითადად პოლონელი და ანგლო-ამერიკელი ავტორები წარმოადგენენ. მათ შორის: ფოლკნერი, სინგერი, კოლდუელი,  მელამუდი, მერდოკი, გოლდინგი. 
	 
	 
	დეკარტეს თავისქალა
	 
	აი ადამიანის თავისქალა
	ცარიელი თვალის ბუდეების ცივი კოლოფი
	 
	ოცდაათწლიანი ომის
	დრო რომ გამოიარა
	 
	ქალაქ  ულმის ქუხილი
	რომ ესიზმრებოდა
	 
	თავში ჩაესმოდა ღმერთის სიტყვები
	quоd vitae sectabor iter
	 
	მასში არსებობდა ის
	რაც აზროვნებდა
	 
	და ყრუ სამყარო
	და პირში შავი ნერწყვი
	 
	მერე იწვა მიწაში
	ყინულივით კუბოში
	 
	სუდარის ბნელეთში გახვეული
	ოქროზე ბნელში
	 
	ახლა ადამიანის
	მუზეუმის ექსპონატია
	 
	ყველას შეუძლია აიღოს ხელში
	ყველას შეუძლია წონა გაუსინჯოს
	 
	აღარ  აზროვნებს
	მასაშადამე აღარ არსებობს
	 
	ადამიანის თავისქალა
	ცარიელი ყუთი
	 
	თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა
	 
	 
	 
	აინშტაინის სიკვდილი
	 
	ჩვიდმეტ აპრილს 1955 წელს როსელმა ალბერტის ძიძამ
	შეამჩნია რომ სიზმრებს შორის  აინშტაინი მძიმედ სუნთქავს -
	როცა კარისკენ გაემართა, გაიგონა რომ ფიზიკოსმა
	რამდენიმე სიტყვა გერმანულად წარმოთქვა
	ექთანმა ვერაფერი გაიგო სამის ოცდახუთ წუთზე
	აინშტაინი გარდაიცვალა
	 
	ვერავინ ვერასდროს გაიგებს ბოლოს რა თქვა
	ვერავინ ვერასდროს მიხვდება რა უნდოდა
	სამყაროს შველა თუ სამყაროს დაწყევლა
	თუ იესოსავით ტკივილი აღმოხდა და
	ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს ითხოვდა
	ან იქნებ ვიოლინოს ითხოვდა
	რომ თავის საყვარელი ბახის კანტანტა დაეკრა
	 
	იქნებ ღმერთს თხოვდა პრომეთეს შენდობას და შეწყალებას
	იქნებ e = mc²-ის მაგიაში ჩაიძირა
	იქნებ იმ ფორმულას ეძებდა რაც სიკვდილ-სიცოცხლეს დაამთავრებს
	 
	ვერავინ ვერასდროს გაიგებს რა სიტყვები აღმოხდა ბოლოს
	ვერავინ ვერასდროს გაიგებს რატომ ვერ იხსნა აინშტაინმა
	სამყარო
	 
	 
	ჩინელი ბავშვების მონეტები
	 
	ერთი ასაკის ჩინელი ბავშვები
	ცნობისმოყვარედ მიყურებდნენ
	 
	მეც ფოტო გადავუღე და
	და ფულიც მივეცი შორეული სამყაროდან
	 
	ახტნენ თითქოს
	გამდიდრდნენ კიდეც
	 
	- მალე გავემგზავრები შუალედური სახელმწიფოდან
	და შეიძლება სულ არ დავბრუნდე -
	 
	ბიჭებიც მონეტებს დამალავენ
	როგორც ძვირფას განძს
	 
	და წლების მერე როცა მოვკვდები
	ერთი მათგანი პოეტი გახდება
	და ლექსსაც დაწერს
	 
	იმ ადამიანზე ვინც აჩუქა
	ბრჭყვიალა ფული
	 
	და წავალ ისე
	 
	როგორც
	 
	მიდიან.
	 
	 
	პეკინელი ბოზები
	 
	მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ
	ღიმილით, მინდა თუ არა
	სექსი -
	 
	ისინი იყვნენ დახვეწილები და ფილიგრანულები
	როგორც ჩინური ფაიფური
	 
	ითხოვდნენ ცოტას და იმედით ელოდებოდნენ
	რომ მათ აირჩევდნენ
	 
	- საფულედან ამოვიღე
	წითელი ფული
	 
	ხელი ხელს დავადე
	 
	და ერთ-ერთ მათგანს
	გავუწოდე
	 
	ის ფიქრობდა რომ
	სასტუმროში წავიდოდით
	 
	მე სიყვარულისთვის
	არასდროს ვიხდიდი
	 
	ადამიანურ ღირსებას
	არ ვარღვევდი
	 
	ჩინურ ფაიფურს
	არ ვამსხვრევდი.
	 
	 
	ყველა ღამე
	 
	ჩინელი ქალი დამესიზმრა რომ ვეხვეოდი
	მინის დინასტიის ფაქიზი ფაიფურივით
	ნორჩი როგორც ბამბუკის ყლორტი
	 
	მის ტუჩებს ჰქონდა არყოფნისა და მკერდის გემო
	სინამდვილეს ამდაბლებდა
	და სიზმარივით ნამდვილდებოდა
	 
	და მეც ვთქვი რომ რამდენი დრო
	ცხოვრება გავფლანგე - ქალმაც მითხრა
	ერთი ღამეც გატარებულ ყველა ღამედ ღირს.
	 
	 
	მამიკო მიამბე ჩვენი სამყარო
	 
	მამიკო მიამბე ჩვენი სამყარო
	ჩემ გაჩენამდე.
	 
	გიამბობ -
	 
	მდელოზე ყვავილები იზრდებოდნენ
	ჰაერში ჩიტები დაფრინავდნენ
	 
	ჟანგბადი ფილტვებს ავსებდა
	გულები სიხარულით ფეთქავდნენ
	 
	სიმართლე მითხარი, მამიკო, გთხოვ
	 
	გეტყვი -
	 
	ხეები ცამდე აღწევდნენ
	ტორტებზე სარკალა ბრწყინავდა
	 
	ქმარი ცოლს ეხუტებოდა
	ბიჭუნა დედას შველოდა
	 
	ხომ მართალს ამბობ მამიკო?
	 
	ჩემო გოგონა, არასდროს ვტყუი.
	 
	თარგმნა გაგა ნახუცრიშვილმა