გიორგი ლობჟანიძე - ამ დღეებში, თქვენს უამრავ მშვენიერ ლექსთან ერთად, თქვენი ბიოგრაფიული მონაცემებიც ვთარგმნე. ძალიან საინტერესო ბიოგრაფიაა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ადამიანისა და, განსაკუთრებით, პოეტის ცხოვრება უფრო ღრმაა, ვიდრე მთელი ეს ციფრები და თარიღები. რა არის თქვენთვის ცხოვრების ნამდვილი აზრი და როგორ უნდა მიანიჭოს ადამიანმა ჭეშმარიტი აზრი საკუთარ ცხოვრებას?
ტარიკ ელ-ტაიბი - ციფრები და თარიღები ადამიანის ცხოვრებაში მხოლოდ გარკვეული ინფორმაციაა, რომელიც მოხაზავს ამა თუ იმ პიროვნების სახის კონტურებს მისი ბიოგრაფიის სწრაფად გასაცნობად. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა უმნიშვნელოვანესი.
პოეტის, ხელოვანისა თუ, ზოგადად, შემოქმედისათვის ეს ციფრები მხოლოდ და მხოლოდ სწრაფ სადგურებს განასახიერებს. ის კი, რაც ჩვენ შემოქმედის ცხოვრებაში გვაინტერესებს, სადგურებს შორის მოგზაურობაა, მათში იმალება შეყოვნებისა და ანალიზის ღირსი ადამიანური წამებიცა და მცდელობაც ცხოვრებისეული სიბრძნის გაგებისა.
პოეტი აფიქსირებს თავის ხედვას, გამოცდილებებს, წარმატებებსა თუ წარუმატებლობებს, ზიზღსა თუ რისხვას და ეს გრძნობები მკითხველის მაგიერაცაა გამოხატული და მკითხველი ამაში საკუთარ თავსაც ხედავს. მე ვფიქრობ, პოეტი არ უნდა იყოს შემგონებელი, საკუთარი თავის სხვაზე ზემოთ დამყენებელი და არ უნდა ეგონოს, რომ ცხოვრება სხვებზე უკეთ ესმის. ბევრი რამ ზეცის სიმაღლიდან არასწორად მოჩანს. პოეტი ცდილობს, რაღაცას მაინც ახადოს საბურველი და ცოტა რამ მაინც წარმოაჩინოს დაფარული სამყაროდან.
საბოლოოდ კი ვიტყვი: ცხოვრება გრძელი/მოკლე მოგზაურობაა და ის იმსახურებს იმას, რომ წრფელად განვვლოთ იგი და ვაცნობოთ მის შესახებ იმათაც, ვინც ჩვენთან არის და იმათაც, ვინც ჩვენ შემდგომ მოვა. ეს არის ვალი თუ გირაო, რომლის გასტუმრებაც ჩვენს ცხოვრებაში გულწრფელი თავისუფლებით შეგვიძლია.
გ. ლ. - ცოტა რამ თქვენს პირად ცხოვრებაზე, ბავშვობის მოგონებებსა თუ მშობლებზეც გვიამბეთ...
ტ. ე-ტ. - დავიბადე წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, კაიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენში, ერთ ძალზე მდიდარ უბანში, რომელსაც ეინ შამსი ჰქვია. რეალურად ეს იყო ქალაქი შამსი (მზის ქალაქი) ფარაონების ეპოქაში. ეს ადგილი საზღვრავდა პირველ ეგვიპტურ დელტას თავისი უნაპირო სიმწვანით და ეინ შამსის კიდიდან აღებდა ქვიშის ბაჯაღლოსფერი უდაბნოს კარიბჭეს. მაგრამ თუკი სამხრეთით წავიდოდი, მალე კაიროს შუაგულში აღმოვჩნდებოდი, სადაც ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, ცხოვრობდა, ძველ, ცნობილ ჰუსაინიას უბანში, რომელიც ხშირად ჩნდება ჩემს ნაწერებში, მაგრამ არა ვინმეს მიბაძვით ან იმიტაციით, არამედ სწორედ ჩემი ბებიის სახლში რეალური ცხოვრების გამო. ვიზრდებოდი ხუთ დედმამიშვილთან: სამ დასთან და ორ ძმასთან ერთად და ვცხოვრობდი ისეთი მდიდრული ცხოვრებით, რომლის წყაროდანაც ჯერაც ვიკლავ წყურვილს.
დაწყებით სკოლაში წასვლამდე შეიხ ალის ქუთთაბში (პირველდაწყებითი, ხშირად არალიცენზირებული რელიგიური სასწავლებელი. გ. ლ) დავდიოდი. იქ დავიზეპირე ყურანის მოკლე სურები, ვისწავლე სალიტერატურო არაბული და ანგარიში. ჩემი დაწყებითი სკოლა კი მუჰამად აბდოს ვილა იყო, ლამაზბაღიანი, მცენარეებით, ყვავილებით, მანგოსა და გუავას ხეებით, პალმებითა და ჩიტებით - უნიკალური და იშვიათი სამყარო.
მესამე ადგილი, რომელიც ალბათ აქ უნდა გავიხსენოთ, იყო ალ არიში, სინას ნახევარკუნძულზე, სადაც მამაჩემი მსახურობდა და სწორედ იქ ვცხოვრობდით ხოლმე ზაფხულის ხანგრძლივი თვეების განმავლობაში 1967 წლის ომამდე (იგულისხმება ისრაელ-ეგვიპტის შეიარაღებული კონფლიქტი. გ. ლ).
რაც შეეხება დედაჩემისა და მამაჩემის ამბავს, ის, თუ როგორ ჩამოვიდა მამა კაიროში, როგორ შეხვდა და იქორწინა დედაჩემზე, გრძელი და იშვიათი ამბავია, რომელიც მოვყევი ჩემს პირველ ავტობიოგრაფიულ წიგნში „სადგურები ბიოგრაფიიდან“.
გ. ლ. - სუდანელი კაცი, რომელიც ცხოვრობს კაიროში... რას ნიშნავს ეს თქვენი პიროვნული გამოცდილების გადმოსახედიდან?
ტ. ე-ტ. - გასული საუკუნის დასაწყისში ბევრი სუდანელი ემიგრირდა ჩრდილოეთით, ეგვიპტისკენ. ისტორიული ნაფეხურები კი ამაზე გაცილებით ღრმა კავშირების შესახებაც გვიყვებიან: ხანგრძლივ ასწლეულთა განმავლობაში მძლავრ ურთიერთლტოლვასა და მიზიდულობაზე. მამაჩემმა გასული საუკუნის ზუსტად შუა ხანებში მოინდომა კაიროში გადასვლა და დედაჩემზე დაქორწინება. მისმა მდიდარმა მამამ კი მემკვიდრეობა აღარ დაუტოვა გავრცელებული შეხედულების, ადათ-წესების წინააღმდეგ წასვლისა და ჩრდილოელ, ეგვიპტელ ქალზე ქორწინების გამო. ყველა ადამიანს მხარი თავისი ტომისა და სამშობლოსთვის უნდა დაეჭირა.
ვცხოვრობდი იშვიათად მშვენიერი ეგვიპტური ცხოვრებით კოპტებსა და მუსლიმებს შორის, ისე, რომ ბავშვობაში ამას არანაირად არ გავარჩევდით. ჩვენი მეზობლების უმრავლესობა კოპტია და ჩვენ შორის პატივისცემა და ბუნებრივი ურთიერთობაა. კაიროში ასევე სუდანელთა დიდი დიასპორაა და განსაკუთრებით ჩემს უბანში. ამიტომაც, ეს სუდანურ-ეგვიპტური ნაკადი მთელი საერთო ადათ-წესებით, სამხრეთიდან ჩრდილოეთის ჩათვლით, ჩემში ერთგვაროვან ბუნებრივ ნაზავად არსებობდა.
სამწუხაროა, რომ ზოგჯერ პოლიტიკური ანგარიშები უღრმეს საზოგადოებრივ-ნათესაურ კავშირებს ავიწროებს: ან ფორმას უცვლის ანდა საერთოდ ასხვაფერებს მათ. სწორედ ეს იყო მიზეზიც ჩემი ეგვიპტიდან წასვლისა ოთხმოციანი წლების შუა ხანებში, ჩემი სუდანელობის გათვალისწინებით, რადგან ვერ შევძელი ვერც სამაგისტროს დასრულება უნივერსიტეტში და ვერც სამუშაოს მონახვა ეგვიპტეში ზუსტად იმის გამო, რომ სუდანელი ვიყავი. ეგვიპტიდან ჯერ ერაყში გავემგზავრე რამდენიმე თვით უცნაური და საკვირველი მოგზაურობით, იქიდან კი დავბრუნდი, რათა გადამენაცვლა ავსტრიაში, რომელიც ჯერ როგორც სტუდენტ-დოქტორანტს, ისე შემეგება, მოგვიანებით კი მიმიღო როგორც თავისი უნივერსიტეტების პროფესორი.
გ. ლ. - როგორც აღინიშნა, თქვენ, სუდანელი კაცი, ცხოვრობდით ჯერ ეგვიპტეში, ახლა კი ავსტრიაში ხართ. რა შეგიძლიათ თქვათ დასავლეთ-აღმოსავლეთის ერთიანობის ან სხვაობის შესახებ ამ გადმოსახედიდან? არის დასავლეთში რაღაცები, რასაც აღმოსავლეთი ვერასოდეს გაიგებს და პირიქით?
ტ. ე-ტ. - ძველად ასე ამბობდნენ: „აღმოსავლეთი აღმოსავლეთია, დასავლეთი დასავლეთი და ისინი ვერასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს“. ეს ინგლისელი პოეტისა და რომანისტის, რედიარდ კიპლინგის (1865-1936) სიტყვებია და ამ სიტყვებში ბევრი ღვარძლია აღმოსავლეთის მისამართით.
ის გაგება კი, რაც ამ ნათქვამის აღქმამ მოიყოლა, წყალს აღმოსავლეთის ინტერესების წისქვილზე არ ასხამდა. გამონათქვამს იზიარებდნენ და იმეორებდნენ და დღემდე ასე განაგრძობენ რასისტულ და კოლონიალისტურ ბრძოლათა მხარდამჭერები, აღწერენ რა აღმოსავლეთს, როგორც მუდამ ჩამორჩენილს, დასავლეთს კი სამარადჟამოდ პროგრესულსა და წინ მიმავალს.
დასავლეთს დღემდე ბოლომდე არ ესმის აღმოსავლეთისა. ეკონომიკური თვალსაზრისით აღმოსავლეთის სამაგალითო ხატად რჩება ის, რომ ეს არის იმ სიკეთეთა მოსახვეჭი ადგილი, რომელსაც არ იმსახურებენ თვით მისი მაცხოვრებლები. ადგილი, რომელმაც დაიწყო მონათა ექსპორტით და ნავთობის ექსპორტით დაასრულა. რაც შეეხება კულტურულ და იდეოლოგიურ მხარეს, ის ჯერ კიდევ „ათას ერთი ღამის“ სამყაროს ჯადოსნურობაზე ანდა მედიის მიერ გავრცელებულ რელიგიურ და, კერძოდ, ისლამური ბრძოლების ამბებზეა კონცენტრირებული. და მიუხედავად ევროპული სამყაროს გაფართოებისა აღმოსავლეთითა თუ დასავლეთით, მისი გაერთიანებისა თუ დაშლისა, მისი ხან დაშორებისა და ხანაც დაახლოებისა ამერიკის ჰეგემონიასთან, სულ ერთია, ის მაინც მოქმედებს პრინციპით: „მე და ჩემი ძმა ჩემი ბიძაშვილის წინააღმდეგ, ხოლო მე და ჩემი ბიძაშვილი უცხოს წინააღმდეგნი ვართ!“
მაგრამ მე იმასაც ვხედავ, რომ თავისუფალი კულტურა, საზოგადოდ, და ხელოვნება და ლიტერატურა არის ის, რაც აახლოებს ხალხებს და ქმნის უკეთეს ატმოსფეროს მშვიდობისა და სასარგებლო ურთიერთგაგებისათვის.
გ. ლ. - თქვენს ლექსებში იგრძნობა მსუბუქი თუ დაფარული ეროტიზმი. რა მნიშვნელობა აქვს ეროტიკას დღეს პოეზიასა და ადამიანის პირად ცხოვრებაში?
ტ. ე-ტ. - ეროტიკა ლიტერატურული საქმიანობის მნიშვნელოვანი ემოციაა. მისი მხატვრული გადმოცემა მოითხოვს გარკვეულ კომფორტს, რომ უხეში უხამსობის ანდა უაზრო ხუმრობის მახეში არ გაებას.
მართლაც, როგორც შენიშნეთ, ჩემს ნაწერებში არის მსუბუქი ეროტიზმი და თანაც ცოტათი ბუნდოვანი, მაგრამ არა გაურკვეველი.
ვფიქრობ, რომ პოეზიაში ამ ტიპის ეროტიზმის არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან ის ნათელს ჰფენს ბევრ გაუცნობიერებელ და წამოუჭრელ საკითხს. ის უხვად იყო დიდებულ ძველ არაბულ პოეზიაში და ზოგ ლექსში ისეთი გულახდილობითაც, რომელიც ლამის უხამსობის მიჯნას უახლოვდებოდა, თუმცა მუდამ მაღალი ოსტატობით.
ამჟამად არაბულ სამყაროში ეროტიკის საკითხი პოეტურ თუ პროზაულ ტექსტებში შემოიფარგლება უსასრულო კრიტიკით, რომელიც სანაქებო ზნეობისაკენ მოგვიწოდებს და ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელნიც ვერ ერკვევიან ხელოვნების პირობითობებში, უქმნის აზრს, რომ ეს არის სათაკილო სექსუალური ნაწერები და გაუპატიურების გარკვეული სახეობა.
გ. ლ. - თქვენი ნებართვით, მინდა ენაზეც შეგეკითხოთ. თქვენი პოეზიის ენა დიდებული სალიტერატურო არაბულია. მშობლიური ენა სუდანური დიალექტი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის ენა ეგვიპტური დიალექტია, ევროპულ ენებთან ერთად, რომელთაც ამჟამად ყოველდღიური ცხოვრებისას იყენებთ. როგორ გრძნობთ თავს ამ აურაცხელ ენათა შორის და ეს სიმდიდრეა თუ სიღარიბე, პირველ რიგში, ლიტერატორისათვის, რომელიც საკუთარი თავის რაც შეიძლება ზუსტად გამოხატვას მიესწრაფის?
ტ. ე-ტ. - ძალიან კარგი შეკითხვაა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მე დავიბადე და გავიზარდე კაიროში, ამიტომ ჩემი პირველი დიალექტი დედაჩემის დიალექტი იყო: ეგვიპტური ყოველდღიური არაბული, რომელიც ამავდროულად დაწყებით სკოლაში ჩემი თანატოლების, ახლობლებისა და მეზობლების სალაპარაკო ენაც გახლდათ. სალიტერატურო არაბული პირველად დაახლოებით ოთხი წლისას შემეჩეხა, ყურანის გაკვეთილებისას თუ მეჩეთში ქადაგების დროს. რაც შეეხება სუდანურ დიალექტს, მამაჩემი საუბრობდა მასზე და ასევე ბევრი სუდანელი მიგრანტი ეგვიპტეში და, განსაკუთრებით, იმ ადგილას, სადაც მეც ვცხოვრობდი. ამას ემატებოდნენ ჩვენი ახლობლები, რომლებიც სუდანიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე და, ცხადია, ეს მეტყველება ჩემთვის ბუნებრივი და შეჩვეული იყო.
ინგლისური და ფრანგული ეგვიპტის სკოლებში შევისწავლე საყოველთაო საშუალო სკოლის დონეზე. მოგვიანებით, როცა ვენაში გადავედი, ჩემს პირველ უცხო ენად თანდათანობით იქცა გერმანული, ინგლისურმა კი შედარებით უკან გადაიწია.
ახლა, ავსტრიაში ჩემი ოცდათექვსმეტწლიანი ცხოვრების შემდეგ და ჩემს ავსტრიელ მეუღლესთან, სტუდენტებთან, მეზობლებთან თუ მთელ საზოგადოებასთან ურთიერთობისას დღის განმავლობაში მეტწილად გერმანულად ვლაპარაკობ. საერთოდ კი მიმაჩნია, რომ მრავალენოვნება მშვენიერი სიმდიდრეა, ყოველი ენა სარგებელს აძლევს მეორე ენას, ამდიდრებს მას აზრობრივი თუ ტერმინოლოგიური თვალსაზრისით და აზიარებს ახალ კულტურასთან, რადგან ენა აზროვნების ნიმუშია და რაც უფრო გაფართოვდება აზროვნების სფერო, მით უფრო გაფართოვდება ჰორიზონტი და უფრო მეტად გახდება სხვათა შემწყნარებელი და გამგები.
მრავალი ენის ცოდნა სიშტერეს, დაბნეულობას ან დარტყმულობას როდი ნიშნავს. ყველა ენის თავწყარო ერთია: გონებრივი და ლოგიკური.
გ. ლ. - რას ნიშნავს „სიახლე“ დღევანდელ არაბულ პოეზიაში ამ ცნების მსოფლიო და არაბული სპეციფიკის გათვალისწინებით?
ტ. ე-ტ. - განახლება განვითარების ყოველდღიური პროცესია, რომელიც არ ჩერდება. ეს, ჩემი თვალთახედვით, არის ახლის შეთავაზება, ახალი ცოდნის, ხელსაწყოსა თუ ინსტრუმენტის შექმნა ანდა ძველის განვითარება. ენაც ცოცხალი არსებაა და მისი ამბავიც იდენტობის ამბავივით არის: მუდმივად იცვლება, იძენს სასარგებლოს და თავიდან იშორებს ფუჭსა და უსარგებლოს.
არაბულ სამყაროში, სამწუხაროდ, განახლება - Modernization - სჭარბობს სიახლეს, ანუ Modernism-ს, რომელიც თავის მხრივ განსხვავდება Modernity - თანამედროვეობის (თანადროულობის) ცნებისაგან. ეს ძალიან ვრცელი საკითხია და აქ მისი დაწვრილებით განხილვის საშუალება არ გვაქვს. მაგრამ ზოგ სახელმწიფოში, რომლებიც მატერიალური სიმდიდრით სარგებლობენ, ვხედავთ, რომ სიზარმაცეს მინებებიან და განახლება გაიოლებიათ. ის, ვისაც ფული აქვს, ყიდულობს იმას, რასაც მოისურვებს და მერე განაახლებს იმით, რასაც ფლობს. განახლება ნიშნავს უახლეს მანქანას, უახლეს ტელეფონსა და უახლეს აპარატურას. ამის გადატანა და გავრცელება კი კულტურის, ხელოვნებისა და ლიტერატურის თარგზეც შესაძლებელია.
აზროვნების სფეროში საქმე უფრო ჩახლართულადაა. მორალის ცნება უქმდება ენისა და მისი განახლების გზით; ამიტომაც მე საზოგადოდ ცნობიერი განახლებისა და უკეთესი მსოფლიოს გასავითარებლად ამ განახლების აუცილებლობის დიდი ადეპტი ვარ.
გ. ლ. - თქვენი მშვენიერი წიგნიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ: რა არის ცოდვა და რას ნიშნავს ის საზოგადოებაში, რომელსაც არ წარმართავს რელიგია ან რელიგიური შეხედულებები?
ტ. ე-ტ. - მე მაქვს ერთი წიგნი, რომელსაც ერქვა „ზოგი ეჭვი...“ და რომელიც 2007 წელს გამოიცა კაიროში. სათაურში გამოტანილი ეს სამი წერტილი ნიშნავს ისეთ რამეს, რაც ბუნდოვანი არ არის იმისათვის, ვისაც აქვს რელიგიური გამოცდილების დასაყრდენი.
4 წლის შემდეგ კი გამოვეცი ჩემი მეორე წიგნი, რომელიც პირველთანაა დაკავშირებული და ჰქვია „...არ არის ცოდვა“ იმავე სამი წერტილით, რომელიც ამჯერად წინ უძღვის სათაურს და ესეც კაიროში, 2011 წელს, დაისტამბა. ეს კავშირი კი აუცილებელი იყო იმისთვის, რომ რელიგიური ტაბუები გაფანტულიყო ისე, რომ ძალიან სასტიკადაც არ დამსხვრეულიყო. ყურანის 49-ე სურის მე-12 აია ბრძანებს: „მოერიდეთ ეჭვთაგან მრავალს. ჭეშმარიტად, ზოგიერთი ეჭვი ცოდვაა...“
ცოდვა აქ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა გააკეთოს ის, რაც ნებადაურთველია. ის გამომდინარეობს ცოდვის და ამ ცოდვის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ-რელიგიურ დონეზე (სულ ერთია, პიროვნულად თუ ჯგუფურად) ჩადენის იდეისაგან.
ამ ტერმინის ადამიანური სახით ტექსტებში დამუშავებას მივყავართ მრავალ შინაარსამდე და თითოეული მათგანი იწყება „ცოდვით“, რომელსაც სჩადის პიროვნება, საზოგადოება, სახელმწიფო, მტერიც და მოყვარეც...
გ. ლ. - რა გინდათ, რომ უთხრათ ქართველ მკითხველს?
ტ. ე-ტ. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი მკითხველის წინაშე წარვდგები თქვენი, - ანუ ჩემი ღირსეული მეგობრის, - წყალობით, არაბული ენის თქვენი უმძლავრესი ცოდნისა და ამ ენიდან ქართულად თარგმნის შესაშური უნარის მეოხებით. დიდად ვარ დავალებული თქვენი ორიგინალური პოეტის, შოთა იათაშვილის გაცნობით, რომელთან შეხვედრითაც ბედმა კოლუმბიაში, მედელინის მსოფლიო პოეზიის ფესტივალზე 2019 წელს გამახარა. ასევე გამაბედნიერებს ამ დიდებული ქვეყნის უფრო მეტ შემოქმედ ადამიანთან ნაცნობობა.
ვიტყვი, რომ ადამიანური, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს, როგორც კაცობრიობის ნაშიერებს, იმაზე მეტია, რაც ერთმანეთს გვაშორებს. ყური ნამდვილად უკეთეს მომავალს გვიქმნის, იმაზე უფრო ურთიერთგამგებსა და ერთმანეთის მიმართ ლმობიერს, ვიდრე თვალი გადმოიტანს ხოლმე ამას მედიიდან. იმ მედიიდან, რომელმაც მარცხი განიცადა ნამდვილი ტოლერანტობის შექმნისას და თავი შეაფარა დაქსაქსვასა და უტრირებას საზოგადოებაში, რომელიც მატერიალურსა და სხვაზე უპირატესობის მოპოვების ჟინს არის გამოკიდებული.
ეგების, ამ უკანასკნელმა პანდემიამ მაინც გვასწავლოს ოდნავ მეტი დაფიქრება და მიგვაბრუნოს პატარა, ნამდვილი ოცნებებისაკენ, მიწის პატარა, უსაფრთხო ნაგლეჯზე ოცნებისკენ, სადაც იქნება ჯანსაღი მწვანე ბაღი, შიშისა და სნეულების გარეშე.
ვგონებ, პოეზია ნელ-ნელა მოახერხებს შექმნას ხალხთა ურთიერთდაახლოებისა და ურთიერთდანდობის გარკვეული მოდელი. ჩვენ, მრავალთან ერთად, კარგა ხანია ვცდილობთ ამას, რათა მერე დროშა იმათ გადავულოცოთ, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ აუცილებლად მოვა დღევანდელზე უფრო მშვენიერი, თუნდაც მოსვლა კარგა ხანს გაუჭიანურდეს.
და რომ არა ეს რწმენა ხელოვნებისა და შემოქმედებისა, არც დავწერდით...
ვენა, 25 მაისი, 2020 წელი.