ტკბილი ცხოვრება


ტკბილი ცხოვრება




26 ოქტომბერი, 2220 წელი, პარასკევი

ნიკი კვანტური ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში იჯდა და უკვე მერამდენედ ფიქრობდა, რომ რაღაც ისე არ იყო.

- რაღაც ისე არ არის, - უთხრა დილით ალექსს და გემრიელადაც გააცინა. ხანძარი რადიაქტიული ნივთიერებების სარკოფაგს უახლოვდებოდა და, რა თქმა უნდა, რაღაც ისე არ იყო. მაგრამ ნიკის ახლა ეს არ ჰქონდა მხედველობაში, ალექსს კი იმისთვის არ ეცალა, ჩასძიებოდა. გაიცინა და იმითაც კმაყოფილი დარჩა, რომ მთელი კვირის განმავლობაში ძლივს რაღაცამ გაამხიარულა.

ნიკი ნივთიერებების შესანახ კონტეინერებს უყურებდა. ერთდროულად ფიქრობდა ხანძარზეც და იმაზეც, რომ ლილამ მისი მითითების მიუხედავად ყველა კონტეინერი ერთი ფერის შეიძინა. ახლა მხოლოდ წარწერებით თუ მიხვდებოდი, რომელში რა იდო. ნიკის ეს არ მოსწონდა. მისთვის ყველაფერი შორიდანვე ცხადი უნდა ყოფილიყო, პირდაპირ კარიდან და თუ  რატომღაც ფანჯრიდან დააპირებდა შემოსვლას, ფანჯრიდანაც. „საწყალ შენს მშობლებს ეგონათ, რომ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ გიჟი“, - უთხრა ერთხელ ყოფილმა ცოლმა, მაშინ უკვე კარგა გვარიანად ჰქონდათ ურთიერთობა არეული.

ნიკიმ განზე გაიხედა. ცოლის გახსენებაზე ისე იქცეოდა, თითქოს ვინმეს მიაშტერდა და იმ ვინმემ უცებ მზერა გაუსწორა.  ჯერ განზე გაიხედავდა, ორიოდე წუთით დაჟინებით ათვალიერებდა რამე უინტერესო ნივთს და მერე ისევ გამოაპარებდა თვალს, იმის შესამოწმებლად, მიუხვდნენ თუ არა.

ახლაც ეგრევე ხანძარზე გადაერთო ფიქრით. ცეცხლი ერთი კვირის წინ გაჩნდა და ნელ-ნელა მიიწევდა ტერიტორიისკენ, სადაც 70 წლის წინ, ტონობით რადიაქტიური ნივთიერება სარკოფაგით ჩაფლეს. ხანძარს სარკოფაგი ოდნავადაც რომ დაეზიანებინა, ადგილობრივი მასშტაბის კატასტროფას ნამდვილად ვერ აიცილებდნენ. ორ კილომეტრში მეგაპოლისი იწყებოდა სამმილიონიანი მოსახლეობით, ყოველდღე 600 ტონა ნარჩენს რომ ტოვებდა ნაგავსაყრელზე. სწორედ ამ ნარჩენებს - გადაყრილ ტექნიკასა და  აპარატურას - ასდიოდა ახლა შავი ბოლი.

მთავრობა ინსტიტუტებისგან  რეკომენდაციებს ელოდა. კონსილიუმს, რომელიც უკვე ყოველდღე იკრიბებოდა, უნდა ეთქვა, დაეწყოთ მოსახლეობის ევაკუაცია თუ ჯერ სხვა გზაც იყო. ამ სხვა გზის საძებნად ჩავიდა ნიკი 70 წლის წინანდელ ნესტიან არქივში, სარკოფაგზე შემორჩენილი ჩანაწერების ამოსატანად. მერე ორი დღე კითხულობდა, სტანდარტული რეკომენდაციაც დაწერა და საქაღალდეებიც დახურა.

- ალექს, უცნაურ რაღაცას გადავაწყდი. შეგიძლია მომისმინო?

- რა თქმა უნდა, რა ხდება? - ალექსი მკვირცხლი იყო. ოთახში იმ წუთის შემოსულმა, სპეცტანსაცმელი უცებ გაიძრო, საიზოლაციო კაბინაში შეყარა და ნიკის წინ ჩამოუჯდა, - რაღაც მართლა არ მომწონხარ.

- სარკოფაგის პროექტს თურმე მამაჩემი ხელმძღვანელობდა.

- ოჰო, მაგარია. არ იცოდი?

- არასდროს უთქვამს.

- ალბათ გასაიდუმლოებული პროექტი იყო.

- ალბათ კი არა, იყო, მაგრამ რატომ მიანდეს ერთ რიგით ასტროფიზიკოსს პროექტი, რომელიც საერთოდ მის სფეროს არ ეხებოდა.

ალექსი ნელა ისრესდა რეზინისგან გაუხეშებულ ხელებს.

- მართლა უცნაურია. ისე, რა იცი, სინამდვილეში რა იყო, რამდენის იყავი, რომ გარდაიცვალა?

- თოთხმეტის, მაგრამ მშვენივრად მახსოვს, თავის ყველაზე დიდ მიღწევად იმას თვლიდა, რომ ერთხელ წვეულებისთვის ოცდაათი კაცის სამყოფი ქათმის ბარკლები შეწვა.

ალექსმა ჩაიხითხითა.

- ჩვეულებრივი ამბავია, ნიკი. მაშინ ინსტიტუტის თანამშრომლების ნახევარი უშიშროების სამსახურების აგენტები იყვნენ, როგორც ჩანს, მამაშენიც. პროექტი საიდუმლო იყო, მამაშენის გვარით შეიძლება ნამდვილი ხელმძღვანელი დამალეს, ან მან იცოდა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ქათმის შეწვა. სახლში ამას არ ამხელდა, ან...

- ან პროექტი იყო სხვა?

- რა?

- პროექტი, სხვა. 2158 წლის მიწისძვრის ჩანაწერები ამოვიღე. სარკოფაგს ფაქტობრივად მიწა გამოაცალა. არც მაშინ და არც მერე აპარატურამ რადიაციის გაჟონვა არ აჩვენა.

- ანუ უშუალოდ სარკოფაგი არ დაზიანებულა.

- ან არაფერი რადიაქტიული იქ არ არის.

- ასე ჰაერზე ათასი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ წარმოიდგინე, ნიკი, თუ ის არაა, რაც წერია, მასზე უარესი რაღა უნდა იყოს.

ნიკიმ მხრები აიჩეჩა და ფიქრით ისევ ყოფილ ცოლს დაუბრუნდა. დარდს, წეღან მის გახსენებაზე რომ დაეძგერა, ოდნავ გადაევლო.

 

28 ნოემბერი, 2220 წელი, ხუთშაბათი

ლილა შემოვიდა. ლაბორატორიის ხალათი თალხ აბრეშუმის კაბაზე მოეცვა. საღამოს წვეულება იყო და, როგორ ჩანს, პირდაპირ აქედან აპირებდა წასვლას. ბანკეტი მუნიციპალიტეტმა დააფინანსა, ხანძრის ჩაქრობას ზეიმობდნენ.

- ალექსმა თქვა, ვერ მოდისო.

- ჰო, უჩემოდ მოგიწევთ.

- ცუდია. არადა, რესტორან „კოსმოსში“ შეუკვეთეს სუფრა, ღამეს ვნახავდით.

- არ გინახავს?-  ნიკის გაეღიმა.

- არა, ქალაქში გავიზარდე.

- მეც, მაგრამ ღამე მახსოვს. არ მეგონა, ასეთი პატარა თუ იყავი.

- უფრო ბებერი ვჩანვარ? - ლილა გაიპრანჭა.

- უფრო ჭკვიანი.

 

***

ორი საათის შემდეგ ნიკი ჩქაროსნულ მატარებელში იჯდა და ერთი ქალაქიდან მეორეში მიდიოდა. ლილას ნათქვამმა კიდევ ერთხელ გაახსენა ბავშვობა, ბოლო დროს ისედაც წლების წინანდელ ამბებში იყო გადავარდნილი. მაშინ ჯერ კიდევ ეტყობოდა ცას სიბნელე, ვარკვლავებიც ჩანდა. მერე ქალაქები ისე განათდა, ცა მუდმივად ლურჯი იყო, თუ არ ჩავთვლით დედამიწის რამდენიმე მიყრუებულ ადგილს, სადაც ღამე ჯერ კიდევ ბნელოდა და ადგილობრივები ტურისტებისგან დიდ ფულს შოულობდნენ.

მაიკ ფონ სტრავერი - ეს იყო ადამიანი, ვისთანაც ნიკი მიდიოდა და ეროვნული პროკურატურის გადაწყვეტილება მიჰქონდა.

ერთი კვირის წინ კონსილიუმი შეთანხმდა, სარკოფაგი გაეხსნათ და ნარჩენები თანამედროვე წესით გადაემუშავებინათ. ახლა ეს  შესაძლებელი იყო, განსხვავებით 70 წლის წინანდელი რეალობისგან. ბოლო 50 წლის განმავლობაში სარკოფაგი ორჯერ დადგა სერიოზული რისკის წინაშე და ამიტომ მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, საერთოდ მოეშორებინა თავიდან, მით უფრო, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი ნარჩენები უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდათ გადამუშავებული და გაუვნებელყოფილი.

გადაწყვეტილებაზე კონსილიუმის წევრების გარდა პროექტის ერთ-ერთი ავტორის, მაიკ ფონ სტრავერის ხელმოწერაც იყო საჭირო. ბიოქიმიის ერთ დროს წამყვანი სპეციალისტი, მართალია, ას წელს გადაცილებული, მაგრამ მაინც ცოცხალი აღმოჩნდა და მისი თანხმობის გარეშე პროექტის შეცვლა კანონით არ შეეძლოთ.

მოხუცს ნიკიმ ორი ქალაქის იქით მიაკვლია. პატარა, არეულ-დარეულ სახლში, თავისზე ბებერ ძაღლთან ცხოვრობდა და როგორც ნიკის მოეჩვენა, სკლეროზიც აწუხებდა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ვერაფრით გააგებინა, რა სურდა მისგან და რომელი სარკოფაგის განადგურებაზე იყო საუბარი.

ნიკი მის პირად ექიმს შეხვდა. აინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა მოხუცი ქმედუუნაროდ ეცნოთ და ხელმოწერის ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინათ.

ექიმმა თავი გააქნია.

- ბატონი მაიკი ქმედუუნარო არ არის, არც სკლეროზი სჭირს. დაახლოებით 65 წლის წინ მემოთერაპია ჩაუტარდა. ეს არის და ეს.

- მიზეზი?

- სამედიცინო ისტორიაში ამ თერაპიის მიზეზი არ იწერება.

-  უკუპროცესი შესაძლებელია?

- პროკურორის თანხმობის გარეშე - არა.

ნიკის აღარც ახსოვდა, რომ იყო დრო, როცა მემოთერაპია კანონიერად ტარდებოდა. ის მალევე აკრძალეს, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. მემოთერაპია ერქვა პროცესს, რომელიც პაციენტში ხელოვნურად იწვევდა იდენტურობის დისოციაციურ აშლილობას. ერთი ადამიანის პიროვნება ორად იხლიჩებოდა, რის შემდეგ პირველს და ძირითადს სამუდამოდ „აძინებდნენ“, მეორე კი ცხოვრებას აგრძელებდა. მემოთერაპიას ძირითადად იტარებდნენ ტრანსგენდერები, რომელთაც სქესის შეცვლასთან ერთად საკუთარი წარსულის დავიწყებაც სურდათ და ის ადამიანები, ვისაც ცხოვრებაში ძალიან დიდი ტრაგედიის გადატანა მოუხდათ.

ერთი კვირის შემდეგ, მაშინ, როცა ინსტიტუტის თანამშრომლები რესტორან „კოსმოსის“ ვერანდაზე ეროვნულ ნაკრძალად გამოცხადებულ ღამის ცას ასცქეროდნენ, ნიკი მატარებელში იჯდა და მაიკ ფონ სტრავერის ექიმთან პროკურორის გადაწყვეტილება მიჰქონდა.

***

ჰიპნოზი ნახევარი საათი გაგრძელდა. საბოლოოდ მოხუცს სახიდან გულუბრყვილო გამომეტყველება გაუქრა და კუნთები დაეძაბა. მძიმედ იყურებოდა, რამდეჯერმე თვალები მოისრისა.

- რატომ ვერ ვხედავ?

- თქვენ ახლა 102 წლის ხართ. 65 წლის წინ მემოთერაპია ჩაგიტარდათ. გახსოვთ ეს?

- დიახ.

- თქვენი პიროვნება ამდენი წლის განმავლობაში მიძინებული იყო.

- დიახ, ვიცი მემოთერაპია რასაც ნიშნავს. რატომ გამაღვიძეთ? - მოხუცმა საკუთარ ტანზე დაიხედა, მომჩვარული კანი ყავისფერი ლაქებით ჰქონდა დაფარული.

ფსიქოთერაპევტმა ნიკის შეხედა. ნიკიმ ანიშნა, რომ გასულიყო, ამაზე სეანსის დაწყებამდე შეთანხმდნენ. ექიმმა ოთახი დატოვა.

- მე ნიკი ვარ. კვანტური ფიზიკის ინსტიტუტის სპეციალისტი. ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს იმ სარკოფაგის გაუვნებელყოფის პროექტზე, რომლის შექმნის ერთ-ერთი ავტორი თქვენც იყავით. ჩვენ თქვენი ხელმოწერა გვჭირდება...

და ნიკიმ წვრილად მოუყვა მიწისძვრისა და ხანძრის ამბავი, რომელმაც ისინი აიძულა, სარკოფაგისთვის ბოლო მოეღოთ.

- ნიკი, - თქვა ბოლოს მოხუცმა, - ძალიან პატარა მახსოვხარ, - მამა ალბათ გარდაიცვალა.

- დიდი ხანია, - მოულოდნელობისგან ნიკი წელში გაიმართა და პიჯაკი გაისწორა.

მოხუცი კარგა ხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს აცახცახებული ხელით წყალს მისწვდა და დალია.

- რანაირია სამყარო ახლა?

ნიკიმ უხერხულობისგან მხრები აიჩეჩა.

- დღეს რა დღეა?

- ორშაბათი.

- ხვალ?

- ოთხშაბათი.

მოხუცმა ჩაიცინა და ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა.

- ერთი კვირის შემდეგ შემოიარე.

 

***

სახლში რომ დაბრუნდა, აკილი ორადგილიან სავარძელზე იჯდა და ყურებში ყურსასმენები გაერჭო. ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებდა, რომ ზედმეტ ხმაურს არ შეეწუხებინა. მოსმენით არასდროს არაფერს უსმენდა. მუსიკა მისთვის ისეთივე ხმაური იყო, როგორც ქუჩიდან შემოსული ტრანსპორტის ხმა. ნიკის შემოსვლაზე თავი წამოყო.

- როგორ ხარ?

აკილს არ უპასუხია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვეულებრივად იყო, არც კარგად, არც ცუდად. ოთახი კრიალებდა. აკილი, როგორც ბევრი ფსიქიკურად დაავადებული, მანიაკალურად იცავდა წესრიგს. ნაგავს ფოტოებზეც ვერ იტანდა, მაშინვე მარკერით მიადგებოდა და გააფერადებდა ხოლმე.

ნიკი მეორე სავარძელში ჩაჯდა და დას მიაჩერდა. თავის დროზე დედამ აკილი ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანა. იქ საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ორი წლის წინ ნიკიმ ისევ დააბრუნა სახლში.

ახლა ამ სამოთახიან ბინაში, ირგვლივ შუშის კედლებით, ნიკი უკვე მართლაც შინ გრძნობდა თავს, რადგან იქ აკილი იყო, მისი გადარეული და, აწეწილი და არანორმალური, ზუსტად ისეთი, როგორიც ნიკის გული და გონება, მას შემდეგ, რაც მისმა ცოლმა ამ სახლის გასაღები ბარათი შუაზე გადატეხა და წასვლის წინ ფეხსაცმელები გამოიცვალა. კედები ჩაიცვა, თითქოს კი არ მიდიოდა, მირბოდა მისგან, თითქოს ბევრი უნდა ევლო და მხოლოდ იქ გაჩერებულიყო, სადაც ძალა გამოეცლებოდა.

ნიკის ცოლი უყვარდა, მუდმივად ენატრებოდა და საკუთარი თავი არარაობად მიაჩნდა, როგორც ყველა იმ ადამიანს, რომელზეც უარი თქვეს. ხანძარი რომ გაჩნდა, რაღაც სულიერი ნათესაობაც კი იგრძნო  სარკოფაგთან, თითქოს თავადაც მასავით მომწამვლელი იყო, საშიში, მიწაში ჩაფლეს და გაერიდნენ. გულის სიღრმეში უნდოდა კიდეც, სარკოფაგს რომელიმე კედელი დადნობოდა და შხამიანი შიგთავსით დაეწამლა ეს არხეინი ადამიანები, თავიანთი მარტივი პრობლემები საქმედ რომ მიაჩნდათ.

- აკილ, რანაირია ახლა სამყარო? - ჰკითხა დას.

- ჩუმად შეჭმული შოკოლადივით.

- რატომ ჩუმად?

აკილმა მხრები აიჩეჩა.

 

***

ნიკი უკვე დაიღალა კიდეც წინ და უკან სიარულით. ჰოსპიტალს, სადაც ერთი კვირის წინ მაიკ ფონ სტრავერი დატოვა, ფართო და ნათელი დერეფანი ჰქონდა, ორმხრივი ფანჯრებით. ყოველთვის უყვარდა განათებული ადგილები. ბავშვობაში ქოთნის ყვავილივით მუდმივად ფანჯრის რაფაზე იჯდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ფანჯარა რომელ სართულზე იყო. ახლაც, სანამ მოხუცის პალატაში შევიდოდა, დაბალ რაფაზე ჩამოჯდა და თვალდახუჭული მზეს მიეფიცხა.

- ბატონო ნიკი, ბატონი მაიკი გელოდებათ.

როგორც ჩანს, ექიმი თავზე ედგა. თვალები არ გაუხელია, ისე იკითხა.

- რას აკეთებდა ეს ერთი კვირა?

- ახალ ამბებს უყურებდა, - უპასუხა ხმამ.

ნიკიმ ნელა დაუქნია თავი. მერე ზოზინით წამოდგა და მოხუცის პალატაში შევიდა. მაიკ ფონ სტრავერი საწოლში იწვა. იატაკზე მისი ბებერი პოინტერი მოკალათებულიყო.

- ძაღლი გყავსო, მითხრეს. თურმე უჩემოდ საჭმელს აღარ ჭამდა. ვუთხარი, მოეყვანათ, - უთხრა ნიკის მოხუცმა.

- ბრუნო ჰქვია, - უკარნახა ნიკიმ და დაჯდა. ძაღლმა თავისი სახელის გაგონებაზე ცალი ყური გაატოკა.

- ბრუნო, - ჩაილაპარაკა მოხუცმა, - მე პროექტს ხელს არ მოვაწერ.

- თქვენ პროექტს ხელს არ მოაწერთ, - გაიმეორა ნიკიმ მექანიკურად.

- ასე სჯობს.

- ასე სჯობს? ჩემმა ცოლმაც ეს მითხრა, ჩემგან რომ წავიდა. იგულისხმა, რომ მისთვის ასე სჯობდა, მე ფეხებზე ვეკიდე, - ცივად თქვა ნიკიმ და იქვე აღმოაჩინა, რომ მოსაუბრის ასაკი ადამიანს საოცარი გულწრფელობისკენ უბიძგებდა.

მოხუცმა რბილად ჩაიცინა.

- გიყვარს?

- არც იმდენად, რადიაქტიური ნივთიერებებით სავსე სარკოფაგი არ მანაღვლებდეს, - ახლა უკვე ტყუოდა.

- არავითარი რადიაქტიული ნივთიერება მანდ არ არის.

- აბა, რა არის?

- საერთოდ არაფერი, ცარიელი სარკოფაგია.

მოხუცმა ნიკის ძველებური პატარა ჩიპი გაუწოდა.

- აქ არის დოკუმენტები. შეგიძლია შენს კონსილიუმს გააცნო ან  უბრალოდ უთხრა, რომ ბებერმა და ახირებულმა  მაიკმა ხელი არ მოაწერა.

 

***

ასტროფიზიკის კათედრის ხელმძღვანელის, ივანა ნავალნის მოკლე ანგარიში საერთაშორისო კომისიის მიმართ.  21 იანვარი, 2150 წელი.

2145 წელს სხვადახვა ბუნებრივი და ადამიანური კატაკლიზმების გახშირების შემდეგ შეიქმნა პირველი ლიგის ქვეყნების წარმომადგენლებით, სხვადასხვა დარგის ექსპერტებითა და დიპლომატებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კომისია.   კომისიის მიზანი იყო ერთობლივი ძალებით გადაეჭრათ პრობლემები, რომლებმაც თავი იჩინა ბუნებრივი კატასტროფების, სხვადასხვა დაავადებების მასობრივი გავრცელების, კონფლიქტებისა და ეკონომიკური კრიზისის სახით.

დაეყრდნო რა მიზნობრივ კვლევებს, კომისიამ დაასკვნა, რომ აღნიშნული პრობლემები გამოწვეულია კაცობრიობის განვითარების მზარდი ტემპით, რაც იწვევს, როგორც ადამიანის (ჰუმანოიდის) იმუნური სისტემის დასუსტებას, ასევე ბუნებრივი რესურსების გაჩანაგებას. ადამიანის ბიოლოგიური სხეული და მენტალური კოეფიციენტი ვერ ეწევა ცივილიზაციის თანამედროვე ტემპსა და შესაძლებლობებს.

აღნიშნულის გამო, კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაცია, შეიქმნას მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანს პროცესებიდან ამოვარდნის გარეშე, შეინარჩუნოს ის დინამიკა, რომელიც კომფორტულია მისთვის და გარესამყაროსთვის.

შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით...

მოკლე ანგარიში სინამდვილეში ძალიან გრძელი იყო და იუწყებოდა, თუ როგორ გადაწყვიტა 70 წლის წინ კაცობრიობამ, დრო შეეცვალა. კვირის დღეები შვიდიდან ექვსამდე შეამცირეს. სამშაბათი ამოვარდა, უფრო სწორად ის, როგორც დღე, არსად წასულა, უბრალოდ, ადამიანებს აღარ ამახსოვრდებოდათ.

„როგოც ჩანს, მასობრივი ჰიპნოზი ჩაატარეს“, - ფიქრობდა ნიკი, -„არც მეგონა, მაშინაც თუ შეეძლოთ ამის გაკეთება. იმ თაობიდან ახლა მხოლოდ მოხუცებიღა დარჩებოდნენ. შემდეგმა თაობამ ეს უნარი გენეტიკურად მიიღო, ანუ ჰიპნოზს უკვე ვეღარაფერი მოხსნის. მაშინ რა აზრი აქვს, მოაწერს მაიკი ხელს დოკუმენტებზე თუ აღარ. ამით მაინც არაფერი შეიცვლება. ან იქნებ შეიცვლება და მე ვერ ვხვდები?“.

- ახლა უკვე აღარ, - უთხრა მაიკ ფონ სტრავერმა მეორე დღეს, როდესაც კითხვისგან და ნერვიულობისგან ღამენათევი ნიკი ისევ საწოლის წინ იჯდა, - რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, ამას არ მოგცემდი. მე თვითონ მემოთერაპია ჩავიტარე, რომ ყველაფერი დამვიწყებოდა.

- რა ხდება სამშაბათს?

- ჰოო, სამშაბათს... არ ვიცი. ის მარტო ქვეცნობიერს ახსოვს, მაგრამ ადამინისთვის ესეც საკმარისია. ეს რეალური სურვილების ასრულების დღეა. შეგიძლია, როგორც გინდა და ვისთანაც გინდა, იმასთან იყო. ქუჩაში შიშველმა იარო, უფროსს სიმართლე მიახალო... მაშინ შაბათ-კვირას ხალხი ისევ ქანცის გაწყვეტამდე მუშაობდა, ჩხუბობდა,  ნერვიულობდა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, ქუჩაში ცვიოდნენ. მაშინდელ სამყაროში აღარაფერი დარჩა ხელმოსაჭიდი. მართლა არ ვიცი, რა ხდება სამშაბათს, მაგრამ, როგორც ჩანს, გაამართლა. მთელი კვირა ახალ ამბებს ვუყურებდი. თქვენი ცხოვრება ახლა სხვანაირია, თითქოს ბოლოს და ბოლოს, ყავაში შაქარი ჩაყარესო.

- და სარკოფაგი?

- დიდი პროექტი იყო, საიდუმლო. ხომ უნდა აგვეხსნა ხალხისთვის, რაზე მუშაობდა ეს ამდენი ინსტიტუტი და სარკოფაგი მოვიფიქრეთ. იქ არაფერი არ არის. თუ გახსნით, ნახავთ.

ოთახიდან რომ გადიოდა, მოხუცის ხმა ისევ დაეწია:

- კარგად, ნიკი, ყოველთვის საყვარელი ბავშვი იყავი.

 

11 დეკემბერი 2221 წელი, სამშაბათი

იმ ფანჯარას, რომელიც აღმოსავლეთის მხარეს იყო, ფარდები არ ჰქონდა, ამიტომ დილით ადვილად გაიღვიძა. გარეთ კარგი ამინდი იყო, ალბათ ივნისი. ცოლმა დახუჭულ თვალებზე აიფარა ხელი. ნიკიმ თავისკენ მოატრიალა და ისე ჩაიხუტა, მზეს არ შეეწუხებინა. ქალმა ლავიწის ძვალთან აკოცა.

- დღეს ზღვაზე წავიდეთ?

- ღამე წავიდეთ, შენ მაინც ღამე გიყვარს ცურვა.

- მანამდე?

- ვიწვეთ ასე, სანამ მზე ჩავა.  

 

დაწერილია „პენმარათონი 2020“-ის ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE