თოვლი
ჩვენ გვეცინებოდა,
როცა სახელმძღვანელოებში ძველ ხალხზე ვკითხულობდით,
როგორ ატარებდნენ რიტუალებს,
სწირავდნენ მსხვერპლს ცაზე გადარბენილ ღმერთებს.
მსხვერპლი ხან ყველაზე ლამაზი ქალწული იყო,
ხან საკუთარი ჩვილი –
მეტი ერთგულების საჩვენებლად;
იკრიბებოდნენ ადამიანები,
ცეკვავდნენ, მღეროდნენ,
გამოჰქონდათ ყველაზე კარგი საკვები,
აჩვენებდნენ ცას,
რომელიც რამდენადაც შორი იყო,
იმდენად ღრმაც,
რომ მასში ყველა სასწაული საიმედოდ შემალულიყო,
ყველას ეპოვა ბინა.
არავინ იცის, თხოვნა იყო ისე ხმამაღალი,
რომ სასწაულს რბილი ქვეშაგებიდან ფეხის გადმოდგმას აიძულებდა,
თუ სხვა რამ დამთხვევა,
მაგრამ ისიც ვიცით, რომ სურვილები უსრულდებოდათ:
წვიმაც მოდიოდა, ბარაქაც, მშვიდობაც.
ამ დილით,
როცა ახალი წლის ათვლა დავიწყეთ
და სასწაულის მოლოდინი ოხშივრად ადგას ნაცრისფერ ქალაქს,
არ მეცინება გადახრუკულ მინდორში შეკრებილ ხალხზე,
ხელები რომ ცისკენ აუწვდიათ
და წვიმის წვეთებს ითხოვენ მარცვლის გასაცოცხლებლად.
იქნებ სიყვარულსაც სწირავენ,
იქნებ ტანჯვაზეც მადლობას იხდიან –
მხოლოდ მას ესმის, რა იხარშება უსასოო თავში,
ვინც გამოსცადა:
როგორ ბინდდება მიწასთან ახლოს ყველა საგანი
და თვალი მხოლოდ შორსღა თუ ხედავს,
შორს კი ცა მოჩანს.
მინდა, მოვიდეს თოვლი.
არ ვიცი, რა სურს ღმერთს,
რომელიც ფიფქებს ამზადებს.
უბრალოდ, ვდგავარ მინდორში მარტო
და მინდა, მოვიდეს თოვლი.
სხვა ვერ მოვკალი,
ჩემს თავს მოვიკლავ,
თუ ღმერთი ამის დასანახად წამოდგება და
კალთაში მოგროვილი ფიფქები ჩამოუცვივდება.
Sign all
სხვა პლანეტებზე, რომლებსაც ვეძებთ,
ქრისტე ჩავიდა?
იქნებ ჩვენ მერე ჩავიდა, იქნებ,
ჩვენამდე იყო სადმე,
ცხრა ცაში
ცხრაჯერ წყლის მიმწოდებელი.
იქ რა გზით ევნო,
რა გზით იქცა ზმანებად,
რომელიც მუდამ ენატრებათ და
ელოცებიან, როცა რამ უჭირთ,
მარტოობა ჰკლავთ,
ან დარწმუნებით ამბობენ უმეგობრონი:
– ქრისტე ჩემი მეგობარია!
იქ ჰქვიათ მისი სახელი?
ხატია კედლებზე?
ან იქნებ ნარინჯ ზღვებზე გადადის,
ხოლო ხელიდან მტვერი უცვივა,
როგორც თევზები?
მოგზაურია,
არ არსებობს მისთვის წრფივი გზა,
რომელზეც ქრიან უდაბნოები,
დადის აქლემი,
საათი მოტაატე.
ის სულ მძინარეა,
მე სულმძინარე ვარ,
ჩვენ ვეძებთ ერთმანეთს
ტალღებზე შემსხდრები
და ყოველ ჯერზე,
ყოველ გადატვირთულ დღეში,
იკვეთება ჩვენი საერთო
ინიციალი.
ღამის კარებთან ჩამოვიარე,
ვცადე, შემეღო
და ვერ შევძელი,
ვიწექი, როგორც გვამი, ჯერ თბილი,
ხელები მეწყო წელის გასწვრივ და
ვწერდი ამ სიტყვებს –
ცარიელ წერილს
ერთი იმედით:
რომ ყველა ტალღას მოსდევს სხვა ტალღა
და უსასრულო სიმრგვალეებში,
სადაც ის თავის სახელს ასწავლის,
ჩემი სიტყვებიც გაკრთება შუქად,
რომ მოახედოს.
ცუდი სიზმრისგან თავის დაღწევა
ისინი გარშემო დგანან, ნიჩბები უჭირავთ და ცეკვავენ მიწის სიმღერას.
ერთი იხსენებს პირველ ზაფრას და გაშეშებას
და სხვები, როგორც დომინოს ქვები –
იხრებიან ვიდრე მიწამდე.
ერთი იხსენებს ინსომნიას ყურებში დელგმით,
სხვები ხელებით ყურებს ფარავენ
და ხმებს კირავენ.
ერთი სიცივეს ნეკნებთან იჭერს, მიათრევს კარში,
სხვები წრეს კრავენ,
რომ არ გასხლტეს ძილის იარად.
ერთი მიყურებს და ნიჩაბს იქნევს,
მუჭას ხსნის, თესლი
სხვების თესლს უნდა შეურიოს კვალის პირამდე.
თესენ ჩემს სიზმარს მიწაში,
როგორც უმძრახ წყაროში,
რომ ამოივსოს ნერგით ორმო, ამოშრიალდეს
კარგ მნიშვნელობად, სასარგებლო ჩრდილის სახელით,
რომელიც იქით გადაიხრება,
საითაც წყდება ჩემი დაცემა.
ყვავილები მოკვდნენ
ყვავილების გენეტიკურ მეხსიერებაში
სიცილი საშიშროებაა –
შესაძლო ბოლო ხმა,
რომელიც შეხებამდე ესმით.
ჩვენ კი ვერასდროს ვიგებთ:
– მე, ასეთი ლამაზი,
დამასვენე შენს თმაზე.
იმ სიყვარულის სუნს ჩაგიწნავ,
რომელიც სიცოცხლესთან მქონდა.
ხორცი
დღეს ვიწექი,
ვეხებოდი კანს ჩემს მკლავზე ისე, როგორც ხორცის ნაჭერს,
რომელსაც პერიოდულად ვყიდულობ სადილისთვის
და სანამ ამიწონიან,
ხელით ვცდილობ მის სიკარგეში დარწმუნებას.
და დღეს,
როცა ვეხებოდი ხორცს ჩემს მკლავზე,
ვაწვებოდი მას ფრთხილად და ვაკვირდებოდი,
რამდენად სწრაფად იბრუნებდა საწყის ფორმას,
როგორ ინარჩუნებდა ზეწოლისგან მიღებულ
ვარდისფერს რამდენიმე წამი,
როგორი სილბილე ჰქონდა და როგორი სინაზე –
თითის ბალიშებისთვის შესაგრძნობი
და ნერვული დაბოლოებებისთვის ინფორმაციის გადამცემი,
ვიფიქრე ჭიაზე,
რომელიც შესაძლოა,
აბრეშუმის ჭიის სიმსუბუქით დაივლის ამ კანს,
მაგრამ სივარდისფრეს, სილბილეს და სინაზეს
ვერ დაუბრუნებს ხორცი,
რომლის სურვილითაც იქნება სავსე.
ამას მხოლოდ მე ვგრძნობ და შენ,
თუკი სიზმრებს ჯერაც ხედავ.
ფინალი
რუსთაველზე ვსეირნობდი,
როგორც ყოველ შუადღეს, –
მზით ვითბობდი შუბლს.
და როცა წინა, ქარიანი დღის მონაგარს
ფეხი წავკარი და დავხედე,
წითელმა ლაქებმა წაშალეს ფოთლები.
ცოტა ხანს უფიქროდ ვაბიჯებდი,
მერე მათ გასწვრივ გავაგრძელე სვლა.
უკვე ინტერესით ვუყურებდი მოკლე ზიგზაგებს,
ხუთწამიან პაუზებს,
მომეტებული წვეთები რომ გათქვამდა.
გზა გრძელი გამოდგა,
თვალი დაიძაბა,
მოლოდინიც.
სხვა მიზანი აღარ მქონდა,
თითქოს მის საძებნად გამოვედი ქუჩაში –
მდევარი.
შევარდენის ქვეშ ის შეჩერდა,
ადგილზე იწრიალა თუ დაეცა,
გაშალა წითელი ხალიჩა და დარჩა.
მეც ვიწრიალე და ბოლოს,
უკან გამოვყევი ბილიკს.
ყველა ამბავი ასე მთავრდება:
გავრბივართ დაჭრილები,
სანამ დავეცემით.
მერე ან დასახმარებლად მოვლენ,
ან დასამარხად.