ბანკისთავა


ბანკისთავა




„ჰეჰე, ბანკითააავ, ყინწი ვეღარ გაგიძლებს და გაგძვრება ერთხელაც...“ „ე ბანკაში ძაღლის ძღრენს ინახამს ხოლმე, ქუჩაში რო არ იმასაქნას...“ „მაგასა გონია ლამაზი ვარო...“ - ერთხმად ყვიროდნენ სკოლიდან გაპარული  თელაველი ბიჭები.

არადა, როცა ბიჭები უცნაურ ბებრებს დასცინოდნენ, ბებრები ძალიან ბრაზობდნენ, იწყევლებოდნენ და ჯოხმოღერებულნი ტიროდნენ. იგონებდნენ მკლავმაგარ და ლამაზ შეყვარებულებს, რომლებიც ცოცხლები აღარ იყვნენ, მაგრამ რომ ყოფილიყვნენ, ყველას თავ-პირს დაალეწავდნენ მათი საყვარელი გოგონების შეურაცხყოფისთვის.

ბანკისთავა ვალენტინა ეროფეევას კი არასდროს ხმა არ გაუღია. რამდენიც არ უნდა ესტვინათ მის უკან უსაქმურ ბიჭებს, ძალიან მშვიდი და ამაყი მისეირნობდა ნადიკვარზე  ლამაზ ძაღლთან ერთად, რომელსაც გრომიკოს ეძახდა.  ვალენტინა არ იყო გიჟი და მისი ერთადერთი უცნაურობა თმაში ჩადგმული მაწვნის ბანკა იყო... რომლის გარშემო დახვეული ყავისფერი თმაც, ძალიან დიდი სიმაღლიდან ფრიალებდა ვალენტინას თავზე.  გიჟი რომ არ იყო, ალბათ ამიტომაც ხვდებოდა მშვიდად უზრდელების რეპლიკებს. თითქოს სულაც არ ამბობდნენ მასზე.

 

* * *

დანგრეულ  გზაზე ჩამორბოდა აბღავლებული მენახირე კაკო თინიკაშვილი და ხელში ოთხი წლის შვილი ეჭირა, მკვდარი.  იმ თვეში, უკვე მეოთხე ადამიანი კვდებოდა სოფელ აკურაში ჭირით, რომლის სახელიც არავის გაეგო და რომელიც უმალვე აჩანაგებდა დაავადებულს ლორწოთი და ახრჩობდა დაუნდობლად.

სოფლის შუაში ჩაიმუხლა აბღავლებულმა მენახირემ. უსულო ბალღი წინ დაუვარდა, თვითონ კი გაშმაგებული ირტყამდა მუშტებს სიმწრისგან აწითლებულ სახეში.  ჭირის შიშით დამფრთხალი სოფლელები შორიდან ტიროდნენ მენახირის პატარა ვიოლას, მაგრამ ახლოს მისვლას ვერ ბედავდნენ. ჭირის გადადებისა ეშინოდათ.

სოფლის განაპირად კი კოცნაობდნენ ნიკო ბერულაშვილი და ობოლი რუსი გოგონა, რომელიც სამი წლის წინ, თორმეტი წლისა შეიფარა სოფელმა და დაასახლა ლაფერაანთ ნასახლარში, ბავშვთა სახლიდან გამოქცეული. თხუთმეტი წლისას ძლიერ უყვარდა თექვსმეტის ნიკო და რადგან არც მამა ჰყავდა და არც ვინმე პატრონი, თამამად მიდიოდა მასთან ერთად ტყის პირას, ღელეზე და ეკვროდა საოცარი ბედნიერებით. ამ ყველაფერს კი მუდამ ზიზღით უთვალთვალებდა მენახირე კაკო თინიკაშვილი, რომელიც ჯერ მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წლისა იყო. ცოლი მეორე ბავშვზე მშობიარობამ მოუკლა და დარჩა ქვრივი, ორი შვილით.

კაკოს ძალიან უნდოდა რუსი ობლის ცოლად შერთვა. ვნებაც ანგრევდა და ცოლის სურვილიც, რომელიც წინაზე დიდხანს ეყოლებოდა. მაგრამ გოგონა, რა თქმა უნდა, გაურბოდა. ეშინოდა გაუპარსავი კაცის, რომელიც რატომღაც სულ უკან დასდევდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთვის მაგხელა კაცები ბებრები და ძიები იყვნენ.

 

* * *

ცოტა დიდები დასცინოდნენ, ცოტა პატარები კი  შიშისგან იფსამდნენ ვალენტინას დანახვაზე, რადგან არასდროს ენახათ ადამიანი ასეთი მაღალი თმით. პატარებს ბანკისთავა ეროფეევა ჯადოქარი, ანდაც სულაც ურჩხული ეგონათ, რომელიც ბავშვებს იპარავდა და მათგან ელექსირს ხარშავდა. ელექსირს, რომელიც მის თმას აძლიერებდა და სიმაღლეში ზრდიდა.

მაგ დებილობას დედები ეუბნებოდნენ ბავშვებს, აქაოდა, არ დასცინოთ ვალენტინას, თორე მოგიტაცებთ და ეგრე გიზამთო. თითქოს სიკეთეს აკეთებდნენ და დაცინვას უკრძალავდნენ, არადა, ბავშვებსაც აგიჟებდნენ და ვალენტინასაც უტეხავდნენ სახელს. აკანკალებული პირველკლასელები კი ძალიან შორიდან უყურებდნენ ვალენტინას, რომელიც დაქალ გარემოვაჭრეს ეჭორავებოდა და მაწვნის ფასზე ევაჭრებოდა.

„ჰეჰეეე, ბანკითააავ, ბანკა გაგებზარა და ახალი გინდა, არა?  აბა, შენ მაწონს არ შეჭამ. მაგას გადაღვრი და ბანკა დაგრჩება, ჰეჰეჰეეე...“ - დაიყვირა უსაქმურმა ბიჭმა.

„მიკვარს მაცონი...“ - თითქოს უპასუხაო ეროფეევამ.

 

* * *

„ხო გახსოვთ, ფირუზა რო ლანძღავდა, რუსაპეტა ნაბიჭვარი, რუსაპეტა ნაბიჭვარიო...  ფირუზა პირველი მოკლა ჭირმა. ეგ მოთრეული გვიკეთებს ჯადოს. ჩემ ბალღსაც ეგ ეთამაშებოდა გუშინ...“ - ყვიროდა მენახირე კაკო თინიკაშვილი.

„იმ ქალაქელმა ექიმმა თქვა, ეგ ჭირი ძროხებმა მაიტანესო...“ - გამოსძახა მეზობელმა ქალმა.

„ქალაქელმა ექიმმა რა იცის. ქალაქელმა ექიმმა ხო არ იცის, რა ჭინკასა ვზრდით აქა. აბა, გულო, ფირუზას ცოლი რისთვისა ხარ? თქვი, ხო ეჯავრებოდა ფირუზას ეგ ბალღი? ხო მაგას უნდოდა ფირუზას მოკვლა?“ - აგრძელებდა მენახირე.

ეჭვში ჩავარდა დაზაფრული სოფელი და შეაშინა ობოლმა რუსის გოგონამ მრავლისმნახველი დედაბრები.

„დაიცათ, ხალხო, იქნება ეშმამ შეურყია გონება ბალღსა. ლოცვით მოვაბრუნოთ. მკვდრებს ძალაობით მაინც ვერ გავაცოცხლებთ.“ -  ბრბოდან იყვირა ამბროსამ. ამბროსა ამბობდა, მამაო ვარო, მარა არაფერი უგავდა მღვდელს. არც წვერი და არც ბიბლია.

„რა ვიცით ამბროსა ძიავ ჩვენა ლოცვისა, ჰა?!“ - გაიცინა სოფლელმა ბიჭუნამ.

„ეგრე უნა დაუძახო მღვდელსა?!“ - დატუქსა ბებიამ.

„მე გასწავლით, შვილო... მე რო ვიტყვი, ყველა ამყევით. განერიდე ჩვენსა რუსსა, ნუ თავხედობ ეშმა... პირი გიყოს ალაზნისა მწვანე წყლიან პეშვმა!“ - დაიწყო მამა ამბროსამ.

„გაანერიდე ჩვენსა რუსსა, ნუ თავხედობ ეშმა... პირი გიყოს ალაზნისა მწვანე წყლიან პეშვმა!“ - გაიმეორა სოფელმა.

„ბალღი წმინდა სულის არი, ბალღსა არა რა აქ ავი...  ბნელო ძალავ, ნუ დასტანჯავ, უმალ დაანებე თავი!“ - აგრძელებდა ამბროსა.

„ბაააალღი წმინდა სულის არი, ბალღს არა რა აქ ააავი...  ბნელო ძალავ ნუ დასტანჯავ, უმალ დაანებე თააავი!“ - კვლავ იმეორებდა სოფელი.

 

„ხალხო, რა დედითქვენისასა სჭამთ, სუ გაცეტდით? რა ლოცვები და ღამის თევა აგიტყდათ, დრო აღარ უნდა გავახალტუროთ.  წამო დავიჭიროთ. წაამოოო...“ -  არ ისვენებდა მენახირე.

ხალხი დაიღალა გამოგონილი ლოცვების კითხვით და მარტოდმარტო დააგდო სასოწარკვეთილი ამბროსა.

წინ გარბოდა მენახირე. წკეპლას ამზადებდა გოგოს საცემად. უკან სოფელი მიჰყვებოდა, სიცილიური პროცესიასავით.  ფიწლებით და ცულებით. დაბნეულები და გაბრაზებულები.

 

*  *  *

დღეს მგონი ხუთი ლიტრა ყავა დავლიეო - სამუშაო დღის ბოლოს მოსთქვამდა თელავის მერიის თანამშრომელი ია სიდამონიძე.

სიცილით კვდებოდა ბანკისთავა, ყველაფერი პირდაპირ ესმოდა და იმიტომ. ბანკისთავა გიჟი არ იყო, მაგრამ ოდნავ მაინც უქროდა.  ვისაც ოდნავ უქრის, ზოგჯერ ყველაფერი პირდაპირ ესმის. ამიტომ ბანკისთავა ხარხარებდა და იმეორებდა - „ნუტუ  გვინო გეგონა... ნუტუ გვინო გეგონა... ალბატ რამდენს ივლი ტუალეტში... ჰაჰა... “

ია სიდამონიძემ თავი დამცირებულად იგრძნო, გიჟი დამცინისო და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ბედნიერ ეროფეევას ჰკითხა - შენ ხუთი ლიტრა ღვინო დაგილევიაო?

ვალენტინა უეცრად ჩაქრა. თვალზე ცრემლი მოადგა.  არაო, არ დამილევიაო. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამდენი ღვინის დალევა შეუძლიაო. მერე სახლისკენ გაიქცა. სწრაფი სიარულისას თავზე ბანკა ულაყლაყებდა, მაგრამ არასდროს უვარდებოდა. საოცრად ჰქონდა დამაგრებული.

 

*   *  *

დაბნეული სოფელი ვერ ბედავდა გოგოს დაჭერას. პატარას მხოლოდ მენახირე მოათრევდა ტალახში. მაგრად ექაჩებოდა მის ლამაზ ქერა თმას და ნერვები ეშლებოდა, რომ ამ თმასთან შეხება სხვა სიტუაციაში ვერ მოახერხა. გოგონა ვერაფერს ხვდებოდა და ყვიროდა - ამ კაცს ცოლად არ გავყვებიო. თქვენი საქმე არ არიო. რუსაპეტას ეგონა, სოფელი აიძულებდა, ბებერ მენახირეს მისთხოვდიო. ეხლა კაი დროსიაო, ვიღას უნდა მეორე მკვდარი ცოლიო - ფიქრობდა გაბოროტებული მენახირე. გოგო სოფლის ცენტრში ჩამოათრია, როგორც ორი დღით ადრე გარდაცვლილი ქალიშვილი ვიოლა. ზუსტად მაგას ყვიროდა, ჩემი ვიოლა როგორც მოკალი, ისე უნდა გაგტანჯო შე მოთრეულო ნაბუშაროო. 

„შეშები მაიტაათ... შეშა მაიტააათ...“ -  ჩამოურბინა მენახირემ წრეში უმოქმედოდ დამდგარ თანასოფლელებს.

რამდენიმე ახალგაზრდა შფოთმა აიყოლია და სოფლის ცენტრში მალე უამრავი ნაფოტი გაჩნდა.

„არ გინდა, კაკო. ვილოცოთ და გაუვლის. რა ცეცხლი? მაგხელა შვილი გყავს, არა გცხვენია?!“ - ფეხებში უვარდებოდა მენახირეს ამბროსა.

„ლოცვა არა, ტანცაობას დავიწყებ აქა... ამხელა ბალღი რო მყავ და ამაზე პატარაც რო მყავდა და აღარა მყავ, მაგიტო უნდა დავწვა!“ - კაკომ ამბროსას ხელი აუქნია.

 

„არ მინდა! იმიტომ მკლავთ, რომ გატხოვება არ მინდა?“ - ატირდა გოგონა, რომელიც კვლავ ვერაფერს ხვდებოდა.

„რაღაცას იძახის ბალღი...“ - ჩაილაპარაკეს ქალებმა.

„ალბათ საბოლოო წყევლას გვიგზავნის, სანამ მოკვდება...“ - ყველას ერთმა უპასუხა. არავის ესმოდა, რას ამბობდა ობოლი სინამდვილეში.

„ეხლა ნახეთ. ეხლა მიყურეთ, როგორ უნდა...“ - ხელებს იფშვნეტდა კაკო თინიკაშვილი.

„დაანებეთ ბალღს თავი, ბიჯო. მაგას რას უსმენთ, გიჟია ეგა...“ - ატირდა სოფლის სკოლის დირექტორი თედო ვარსიმაშვილი.

„ახლო არ მოხვიდე თედო ძია, თორეე, შენც შიგ შაგაგდებ. ეხლა იგრე ვარ, ჭკუა არ დამიშლის!“ - ბრაზობდა მენახირე.

 

ახალგაზრდებმა ცეცხლი დაანთეს. ნავთმა ალი კიდევ უფრო გააძლიერა. გეგონებოდა, აკურას  წითელი ზეცა გადაეფარაო.

მენახირე რუს გოგონას ცეცხლისკენ მიათრევდა.

„ნუ მეძალავები. ჩემი ბალღი რო მოკვდა?!  შენ არ მოკალი?! შენ არ უნდა დაიტანჯო?! წააამოო, წააამოოო!!!“ - ყვიროდა მენახირე.

დაბნეული გოგონა ისტერიულად ყვიროდა და ფეხებს ურტყამდა მენახირეს.

„დაიცა, კაკო. ხელი გაუშვი მაგას.  მე გადამედო ის ჭირი ქალაქში. მე ჩამოვიტანე აქა...  მე მოგიკალ შვილი!“ - დაიბრალა  რუსაპეტას შეყვარებულმა ნიკომ. შემთხვევით რომ შეესწრო სატრფოს წამებას.

 

 

*  *  *

„რო გამაივლის, ჯერ დაიცა და მერე უცებ.“ - ჩურჩულებდა თელაველი ბიჭი.

„ჰო, ჩავკრამ და გასძვრება ეგრევე... ჰეჰე...“ - აჰყვა მეორეც.

ბანკისთავა კვლავაც რუმიანაში ამოვლებული მონარნარებდა. გაფოლორცებული ქალი იყო ვალენტინა ეროფეევა. ქალაქის ცენტრში უყვარდა ყოფნა. ძალიან მოსწონდა ფერადი კაბების გამოჩენა. ფიქრობდა, რომ თელაველ ლამაზმანებს მისი შურდათ და ეს ძალიან სიამოვნებდა.

გზად კვლავაც ხვდებოდნენ საძულველი თელაველი უსაქმურები, რომლებიც დასცინოდნენ ხოლმე. ახლა თითქოს არავინ იყო მის ხასიათზე. ყველა ჩუმად ათვალიერებდა. ბანკისთავა თავს მშვიდად გრძნობდა, მაგრამ გულიც სწყდებოდა.  არ უყვარდა, როცა ყურადღებას არ აქცევდნენ. უყურადღებობას დაცინვა ერჩია.

მაგრამ ის, რაც ვალენტინას უყურადღებობა ეგონა, ხაფანგი ყოფილა. თავიდან ვერაფერს მიხვდა ეროფეევა. შეშინებული და გაფითრებული უყურებდა მისკენ მიტრიალებულ და ატირებულ თელაველებს მას შემდეგ, რაც სკოლიდან გამოპარულმა უზრდელმა ბიჭებმა  მის ბანკას ჯოხი მოარტყეს.

ვალენტინა მუხლებზე დაემხო და ბანკის ნამსხვრევებში ქვიშის მსგავს მასას დაუწყო შეგროვება. ცდილობდა,  სულ ხელის გულში მოექცია. შემდეგ ვნებიანად ჰკოცნიდა, ასფალტზე დარჩენილსაც და ხელში დაგროვებულსაც.

 

„ნიკო, ჩემო სიცოცქლევ. მოი დარაგოი. ისევ აგარ ხარ... აპიაწ პატერიალა...“ -  დასტიროდა ვალენტინა შეყვარებულის ფერფლს.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE