უკანასკნელი სინანულის სიმღერა


უკანასკნელი სინანულის სიმღერა




უკანასკნელი სინანულის სიმღერა

 

1.

ჩემი ოთახი. შენი სუნი. ცივი ქალაქი.

       და ოცნებები, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი,

ვიდრე ცხოვრება. დრო ყველაფერს მაინც ალაგებს,

გვინდა თუ არა. მეც გავქვავდი, რა ამატირებს.

 

იქნებ, შენამდე არც ვყოფილვარ, სწორედ ამიტომ

აღარ გამომდის უშენობა, ყველგან შენა ხარ.

დღეს ასე სუსტს და ასე დაღლილს თუკი ამიტან,

იმედები თუ გაგიცრუო, აღარ მენახო!

 

ვისწავლი კიდეც, როგორ მსურდე აუჩქარებლად,

გავხდები კიდეც, შენ რომ გინდა, სწორედ ისეთი,

რომ ვეღარასდროს ვერ წამრეკონ ვეღარც ქარებმა

და აღარც თავი არ შეგძულდეს შენდობისათვის.

 

შენ - ის მერცხალი თეთრი გულით, ჩემში რომ ცხოვრობს,

ჩემში რომ იწყებს გაზაფხულს და ჩემში ზამთრდება...

ბევრი ვიფიქრე ლექსებზე და მხოლოდ და მხოლოდ

შენს გასათბობად შემიძლია ცეცხლის დანთება

 

ყველა ნატანჯი სტრიქონით. შენც იქნებ იმიტომ

მოდიხარ ჩემთან - სიცივისთვის არ გემეტები

და ვიღაც გიყვარს უფრო შიგნით... უფრო შიგნიდან...

გთხოვ, ცოტა ხანს ნუ დაიღლები სენტიმენტებით.

 

2.

გახსოვს, სიბნელე, სიბნელეში ზოგჯერ გაბმულად

რომ ვქვითინებდი, შენ უსიტყვოდ ცრემლებს მიშრობდი?

ამ ჯოჯოხეთში, ღმერთო ჩემო, რამ დაგაბრუნა!

იქნებ, ეს მხოლოდ დედებს ძალგიძთ. როგორც ღვთიშობელს

 

ბევრჯერ გინახავს ჩემი ჯვარცმა, ჩემი ხელითვე

რომ ვიჭედებდი საკუთარ თავს რაღაც უმიზნო

იდეებისთვის. მიყვარხარ და ისევ ვერ ვითმენ.

სხვები ამბობდნენ, ცოტა ხანში გადაუვლისო...

 

3.

გახსოვს, სიბნელე, სიბნელეში შენს მუცელზე რომ

ვწერდი "მიყვარხარ" და მორკალულ მთვარეს ვხატავდი?

იქნებ საჩემო სიხარული სადმე ეწეროს,

სულ რომ იყო და არასოდეს რომ არ გათავდე.

 

სხვა გზა არა მაქვს, ამ ერთი გზის უნდა მჯეროდეს,

სულ რომ უარმყო, შეეფარო სულ სხვა ქალაქებს.

დღეს შეიძლება ძალა არ მაქვს შესაჩერებლად,

გვინდა თუ არა, დრო ყველაფერს მაინც ალაგებს.

 

4.

გახსოვს, სიბნელე? და სიბნელის გარდა ახლა რომ

იმ წარსულიდან ვეღარაფერს ვეღარ გახსენებ.

და მზად ვარ, შენ წინ თავი ისე დაბლა დავხარო,

არც დასარჩენი არ მქონდეს და არც წასასვლელი.

 

ყველა ეჭვის და შიშის გამო შენს "მიყვარხარ”-ზე,

როგორც არასდროს, რადგან ახლა ვიცი, გიყვარვარ,

სიტყვა არ მითხრა სიყვარულზე, სანამ სახავსე

იმედით ვცხოვრობ. ოღონდ ჩემთან... ჩემთან იყავი.

 

 

***

 

მე კი იქ ვდგავარ, სადაც ღმერთი აღარ კარნახობს

გზას. გზებიც ახლა უცნაურად დანისლულია.

მე ჩემს ღიმილზე ამოვდივარ, როგორც ბალახი

და სულ მარტივი გულწრფელობა ისე მწყურია,

რომ ღუმელს ვანთებ და ვაცხელებ წინა დღის კერძებს

და სოფლის სუნი, გაკვირტული ნუში, ტყემალი,

ჩათვალე, მოვკვდი და მკვდარი კი აღარსად გეძებ

და უშენობას მაინც ვერსად ვერ დავემალე.

არც პოეზია, არც დედის ხმა, არც ძმის ძახილი.

დღეს ყველაფერი სულერთია, როგორც მონეტა

ასროლის მერე. ასე შორი, ასე დაღლილი,

ვიცი, რაიმე სასიკეთოს ვეღარ მომიტან.

და მაინც გიცდით მე და ჩემი ერთი ძმაკაცი,

ვდგავართ ვაჟაზე. მიწას ვუმზერ, თუმცა ცა მიყვარს.

ასე მგონია, ვინმე მოვა და ხელს დამტაცებს,

სადმე ბედნიერ ცხოვრებაში ძალით წამიყვანს.

 

 

***

ნელ-ნელა შორდება განგაში ჩემს ოთახს

და თითქოს ელევა სურნელი ლავანდას

კვლავ შიშით ვუყურებ ჩაკეტილ ჩემოდანს

ჯერ ისევ ავად ვარ ძალიან ავად ვარ

ჯერ კიდევ რაღაცის ოდნავ თუ მჯეროდა

დღეს ღიმილს სიხარულს თავი რომ გავართვა

მთელ სხეულს დავიხმარ და რაღაც ციმციმებს

ჭერზე სულ ოდნავ და ლამის და წერტილად

შენ ფრთხილად იყავი მე ახლა ვიძინებ

სიზმარში მითხარი რამე თუ გეტკინა

 

    

***

ზღვისკენ გაიხედა დანანებით

ქალმა გადმოჰყარა დალალები

ჩვენ კი ქალებისთვის არ გვეცალა

ჩვენ ხომ მუხიანში მივდიოდით

როგორც მშვენიერი გარეწარი

მშვიდად ვიღიმოდი სიდიადეს

 

ჩვენ კი ქარებისთვის არ გვეცალა

გულში ჩუმად სევდას ვღიღინებდით

 

 

***

 

როცა შენი თავი აღარ გეყოფა

როცა ყვავილები აღარ გეყოფა

როცა შენი წარმატებული ცხოვრება აღარ გეყოფა

როცა ვეღარსად დაეტევი

გაგახსენდები მე

ჩემი მისამართი კი ყოველთვის იგივე იქნება

ყოველ ჯერზე შეგიძლია მოხვიდე და არ მაპატიო       

 

 

***

 

იმ ადამიანებს ვუყურებ

სულ აქ რომ უნდა იცხოვრონ

ერთ ადგილზე

ერთ სახლში და მეზობლებსაც არასოდეს გამოიცვლიან

თითქოს რაღაცაში მაჯობეს

თითქოს ჩემზე უკეთ შეძლეს ღმერთის სიყვარული

ჩემი ხედები ხომ სულ იცვლება

ზოგი მათგანიც კი ჩემთვის ახლა აკრძალულია

არც მარკეტები არც სკვერები

არც ყვითელ ავტობუსში გახსენებული ლოცვა

არაფერს მიცვლის

ახლა მარტო იმ დროზე ვფიქრობ

როცა აქ ცხოვრება შემეძლო

რა ბედნიერი ვიყავი თურმე

 

 

***

 

კუბოა ძმაო ჩვენი სახლი აქ აღარ მოვლენ

ჩვენი ლამაზი შეყვარებულები

მეგობრებიც იშვიათად გამოივლიან

აქ როგორც შენ თქვი ღმერთიც არ იჭერს

აქ ყველაფერი მოსაწყენია

მხოლოდ

ღვინის ბოთლები და წამლის ფლაკონები

მხოლოდ ჩვენი საერთო ქურთუკები

მხოლოდ ჩვენი ლექსები და

გადასახადები იმისათვის

რაც არ გვიცხოვრია

 

 

 

 


 


 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE