მთის ენა


მთის ენა




მოქმედი პირნი:

ახალგაზრდა ქალი

მოხუცი ქალი

სერჟანტი

ოფიცერი

დაცვის წევრი

პატიმარი

კაპიუშონიანი კაცი

დაცვის მეორე წევრი

 

 

1.

ციხის  კედელი

ქალების  რიგი.  მოხუცი ქალი ხელებს ისრესს. ფეხებთან კალათა უდევს. ახალგაზრდა ქალს  მოხუცისთვის ხელი აქვს გადახვეული.

შემოდის  სერჟანტი, რომელსაც ოფიცერი მოჰყვება. ოფიცერი ახალგაზრდა  ქალზე უთითებს.

 

სერჟანტი: სახელი!

ახალგაზრდა ქალი:  უკვე ვთქვით.

სერჟანტი: სახელი!

ახალგაზრდა ქალი: ვთქვით უკვე.

სერჟანტი: სახელი!

ოფიცერი (სერჟანტს):  მორჩი ამ ყლეობას! ( ახალგაზრდა ქალს)  რაშია საქმე?

ახალგაზრდა ქალი: დაკბინეს.

ოფიცერი: ვინ?

პაუზა.

ვინ დაკბინეს?

ახალგაზრდა ქალი: ეს დაკბინეს. ნატკენი აქვს ხელი. შეხედე! ხელზე უკბინეს. აგერ, სისხლი!

სერჟანტი: (ახალგაზრდა ქალს): რა გქვია?

ოფიცერი: მოკეტე!

 

ოფიცერი  მოხუც ქალთან მიდის.

რა დაგემართა  ხელზე?  მართლა გიკბინეს?

 

 

2.

მოხუცი  ქალი ნელა  შლის ხელს. ოფიცერი აკვირდება.

ოფიცერი: ვინ გიკბინა?

ახალგაზრდა ქალი: დობერმან პინჩერმა.

ოფიცერი: რომელმა?

 

პაუზა.

რომელმა თქო?

 

პაუზა.

სერჟანტო!

 

სერჟანტი   ერთი ნაბიჯით წინ დგება.

 

სერჟანტი:  გისმენთ!

ოფიცერი:   შეხედე  აბა ამის ხელს!  მე მგონი,  სადაცაა ფრჩხილი მოძვრება. (მოხუც ქალს)  ვინ გიკბინა?

 

მოხუცი ქალი  ოფიცერს  აშტერდება

 

ვინ  ქნა თქო ეგ?

 

ახალგაზრდა ქალი:  დიდმა ძაღლმა.

ოფიცერი: რა ერქვა?

 

პაუზა.

 

რა ერქვა?

 

პაუზა.

ყველა ძაღლს  თავისი სახელი აქვს. ისინი სახელების მიხედვით გპასუხობენ!  სახელებს კი  მშობლები არქმევენ. ჰოდა, ვიდრე გიკბენენ, ისინი თავიანთ სახელებს გეუბნებიან! ეს  უბრალო ფორმალური პროცედურაა. ჯერ სახელებს გეუბნებიან და მერე გკბენენ.  ჰოდა, რა ერქვა?  თუ  მეტყვი, კონკრეტულად რომელმა ძაღლმა უკბინა  მაგ ქალს, იქვე გავაგორებ.

 

დუმილი

 

ახლა კი ყურადღება!  სიჩუმე და ყურადღება!  სერჟანტო!

სერჟანტი:  გისმენთ!

ოფიცერი:  კითხე ერთი, რა აწუხებთ.

სერჟანტი: რამე გაწუხებთ?  გაწუხებთ რომელიმეს რამე?

ახალგაზრდა ქალი:  გვითხრეს, რომ  9-ზე აქ უნდა ვყოფილიყავით.

სერჟანტი:  გასაგებია.  9-ზე, დილით.  სრული სიმართლეა. შენ რა გაწუხებს?

ახალგაზრდა ქალი:  დილის ცხრიდან აქ ვართ. ახლა  ხუთია. 8 საათია აქ ვყურყუტებთ, თოვლში. თანაც  შენი ბიჭების დობერმან პინჩერმა ძალიან შეგვაშინა. აი, ერთმა  ქალი დაკბინა აგერ.

ოფიცერი: ძაღლს რა ერქვა?

ქალი ოფიცერს  უყურებს.

 

ახალგაზრდა ქალი:  არ ვიცი.

სერჟანტი: ნებას მრთავთ?

ოფიცერი: მიდი.

სერჟანტი: თქვენი ქმრები, თქვენი შვილები, თქვენი მამები, მოკლედ, კაცები, ვის გამოც  აქ დგახართ,  ხელისუფლების მტრები არიან ეგ მშიშარა ნაბიჭვრები!

 

ოფიცერი  ნაბიჯს დგამს ქალებისკენ.

ახლა ყურადღებით მომისმინეთ! თქვენ მთის ხალხი ხართ. ხვდებით, ხომ? თქვენი ენა მკვდარია. აკრძალულია. ჰო, აკრძალულია  მკვდარ ენაზე აქ საუბარი.  დაუშვებელია თქვენს კაცებს საკუთარ ენაზე ესაუბროთ. ეს ყოვლად დაუშვებელია.  ხვდებით, ხომ?  უფლება გაქვთ მხოლოდ სახელმწიფო ენაზე ისაუბროთ. ეს ერთადერთი  სამეტყველო ენაა, რისი გამოყენების უფლებაც გაქვთ.  იცოდეთ, საშინლად დაისჯებით, თუ აქ, ამ სივრცეში, საკუთარ ენაზე ალაპარაკდებით. ეს  კანონში წერია. ვიმეორებ, თქვენი ენა კატეგორიულად აკრძალულია. მკვდარია.   ჩათვალეთ, აღარ არსებობს.   კითხვები ხომ არ გაქვთ?

 

ახალგაზრდა ქალი: მე არ ვსაუბრობ მთის ენაზე.

 

დუმილი. ოფიცერი და სერჟანტი  წრეში მოიმწყვდევენ ქალს. სერჟანტი  ქალს უკანალზე ადებს ხელს.

სერჟანტი: რა ენაზე საუბრობს შენი ტრაკი?

ოფიცერი:   სერჟანტო, ამ ქალებს არანაირი სახის   დანაშაული  არ ჩაუდენიათ.

სერჟანტი:   იმის თქმა გინდა, რომ სრულიად უცოდველები არიან?

ოფიცერი: არა,  არა.  რა სისულელეა.

სერჟანტი: სამაგიეროდ, ამას კარგი ტრაკი აქვს.

ოფიცერი:  ჰო, თან არ საუბრობს ეგ მთის ენაზე.

 

ახალგაზრდა ქალი სერჟანტის ხელისგან თავისუფლდება და კაცებს თვალს არიდებს.

 

ახალგაზრდა ქალი:  სარა ჯონსონი მქვია. აქ ქმრის სანახავად მოვედი. ამის სრული უფლება მაქვს. სადაა ჩემი ქმარი?

ოფიცერი: მაჩვენე  დოკუმენტი.

 

ქალი მას ფურცელს აწვდის.  ოფიცერი დახედავს და სერჟანტს მიუბრუნდება.

მგონი ეგ ტიპი მთიელი არც უნდა იყოს. უბრალოდ, ცუდ წრეში მოხვდა.

 

სერჟანტი:  არც ეგ ქალი არაა მთიელი. დედისმტყვნელად ინტელექტუალის სიფათი აქვს.

ოფიცერი: შენ არ თქვი, ამას ტრაკი უთახთახებსო?

სერჟანტი:  ჭკვიანი ტაკოები საუკეთესოდ თახთახებენ.

 

ბნელდება.

 

 

2.

მიმღები ოთახი.

პატიმარი  ზის. მოხუცი ქალიც ზის, კალათით. მათ უკან  დაცვის წევრი დგას.

პატიმარი და მოხუცი ქალი  ძლიერი  აქცენტით საუბრობენ.

დუმილი.

 

მოხუცი ქალი:  პური მაქვს.

დაცვის წევრი ჯოხს მიუშვერს.

დაცვის წევრი:  აკრძალულია! ეგ ენა აკრძალულია

მოხუცი ქალი  დაცვას  გახედავს.

დაცვის წევრი: აკრძალულია. (პატიმარს)  უთხარი,  სახელმწიფო ენაზე ილაპარაკოს.

პატიმარი:  არ შეუძლია.

 

დუმილი.

ვერ ლაპარაკობს.

 

დუმილი.

 

მოხუცი ქალი: ვაშლებიც მაქვს.

დაცვის წევრი ქალს უხეშად ეხება.

 

დაცვის წევრი (ყვირის):  აკრძალულია! აკრძალულია! აკრძალულია-მეთქი! (პატიმარს) ხვდება, რასაც ვეუბნები?

 

პატიმარი:  ვერა.

დაცვის წევრი: ვერა?

 

დაცვის წევრი ქალისკენ იხრება

 

დაცვის წევრი:  ვერ ხვდები?

 

ქალი  დაცვის წევრს აშტერდება.

 

პატიმარი:  მოხუცია. ვერ ხვდება.

დაცვის წევრი: ვისი ბრალია მერე?

 

იცინის.

ჩემი ხო არა. მოდი, გეტყვი რაღაცას. მე ცოლი და სამი შვილი მყავს. შენ კი ვინ ხარ? არარაობა.

 

დუმილი.

პატიმარი: მეც მყავს  ცოლი და სამი შვილი

დაცვის წევრი: რაო?

 

დუმილი.

რა თქვი?

დუმილი.

გაიმეორე რა მითხარი?

დუმილი.

კრეფს ნომერს.

სერჟანტო!  ლურჯ ოთახში ვარ.  ჰო...   სერიოზული დამნაშავე დაგვითრევია.

 

განათება  კლებულობს. პატიმარი და მოხუცი ქალი  სტატიკურად სხედან. ისმის მათი ხმები.

 

მოხუცი ქალი: შვილი გელოდება.

პატიმარი:  დაუკბენიხარ.

მოხუცი ქალი:  ყველა  შენ გელოდება.

პატიმარი: (თავისთვის)  იმათმა დედაჩემი  დაკბინეს.

მოხუცი ქალი: ერთი სული გვაქვს, როდის დაგვიბრუნდები. ყველა შენ გელოდება. ყველა.

 

სცენა  ისევ ნათდება.

შემოდის სერჟანტი.

 

სერჟანტი: აბა, სად არის დამნაშავე?

 

ბნელდება.

 

 

3.

ხმები სიბნელეში.

 

სერჟანტის ხმა:  ვინ იყო ის დედამოტყნული ქალი?  აქ რას აკეთებდა, მაგის დედას რომ შევეცი?  რომელმა  ყლემ  შემოუშვა ამ დედამოტყნულ  შენობაში?

დაცვის მეორე წევრი:  მაგის ცოლია.

ნათდება.

დერეფანი.

კაპიუშონიან კაცს დაცვის წევრი და სერჟანტი მიათრევს. ახალგაზრდა ქალი იქვე დგას.

სერჟანტი:  რა ამბავია აქ, სასტუმროს მისაღებია?

ქალს უახლოვდება.

სერჟანტი:  ბოდიშს გიხდით ადმინისტრაციული ხარვეზისთვის. ჩემებს კარები აერიათ.  შეცდომით სხვაგან მოხვდით. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. სხვა რით შემიძლია დაგეხმაროთ, ჩემო ძვირფასო?

 

სინათლე კლებულობს. ყველა პერსონაჟი შეშდება. ისმის მხოლოდ ხმები.

 

მამაკაცის ხმა:  გიყურებდი, როგორ გეძინა. მერე როგორ გაიღვიძე.  შემომხედე და გამიღიმე.

ახალგაზრდა ქალის ხმა:  შენ გამიღიმე. როგორც კი თვალი გავახილე, გამიღიმე.

კაცის ხმა: ტბაზე ვართ.

ახალგაზრდა ქალის ხმა: გაზაფხულია.

კაცის ხმა: გეხები. გათბობ.

ახალგაზრდა ქალის ხმა: როგორც კი თვალს ვახელ, მიღიმი.

 

სცენა ისევ ნათდება.  კაპიუშონიანი კაცი ეცემა.  ახალგაზრდა ქალი ყვირის.

 

ახალგაზრდა ქალი:  ჩარლი!

სერჟანტი თითებს ატკაცუნებს.

დაცვის წევრი  მამაკაცს გაათრევს.

 

სერჟანტი:  კარები აგერია-მეთქი. თუ რაიმე სახის ინფორმაციის მიღება გინდა,  ტიპი მოდის აქ ოფისში სამშაბათობით, წვიმიანი ამინდის გარდა.  შეგიძლია მას მიმართო. დოუკსი ქვია. ჯოსეფ დოუკსი.

 

ახალგაზრდა ქალი:  შემიძლია, მასთან ვიტყნაურო?  თუ  მე მასთან ვიტყნაურებ, ყველაფერი მოგვარდება?

სერჟანტი: რა თქმა უნდა.

ახალგაზრდა ქალი:  მადლობა.

ბნელდება.

 

4.

 მიმღები ოთახი

დაცვის წევრი. მოხუცი ქალი.  პატიმარი.

 

დუმილი.

პატიმარს სისხლიანი სახე აქვს.  კანკალებს. მოხუცი ქალი სტატიკურად ზის. დაცვა  ფანჯრიდან იყურება. შემდეგ  ტრიალდება და ამათ გახედავს.

 

დაცვის წევრი:  ჰო, მართლა,  რა უნდა მეთქვა. წესები შეიცვალა. შეუძლია უკვე  თავის ენაზე საუბარი.

პატიმარი:  შეუძლია?

დაცვის წევრი:  ჰო იქამდე, ვიდრე კიდევ რამე არ შეიცვლება.

პაუზა.

პატიმარი: დედა, შეგიძლია მელაპარაკო.

პაუზა.

დედა, შეგვიძლია თავისუფლად ვისაუბროთ, გესმის? საკუთარ ენაზე.

 

ქალი კვლავ სტატიკურად ზის.

 

მელაპარაკე!

 

პაუზა.

დედა, გესმის ჩემი?   დამელაპარაკე!

 

პაუზა.

ეს ჩვენი ენაა.

პაუზა.

გესმის?

ქალი ხმას არ სცემს.

დედა!

დაცვის წევრი:  უთხარი, შეუძლია უკვე ლაპარაკი. ახალი წესის თანახმად.

პატიმარი: დედა!

 

ქალი არ რეაგირებს.

პატიმარი   უკვე ინტენსიურად ცახცახებს. სკამიდან ვარდება, მუხლებზე ეცემა და  საშინლად კანკალებს.

 

შემოდის სერჟანტი .პატიმარს გახედავს.

 

სერჟანტი (დაცვას): უყურე შენ! პროჭზე სკდები, ოღონდ ამათ რამით დაეხმარო და ყველაფერში გიჯვამენ!

 

ბნელდება.

 

მთარგმნელის მითითება:  სპექტაკლის პრემიერა (თავად ჰაროლდ პინტერის  რეჟისორობით!) შედგა  ნაციონალურ თეატრში, 1988 წლის 20 ოქტომბერს.

 

ინგლისურიდან თარგმნა გუგა მგელაძემ

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE