ამოცანა გვეკითხება


ამოცანა გვეკითხება




ამოცანა გვეკითხება

 

რა აუტანელია         

ეს შუაღამის ღამე.

ვზივარ თვალებდაჭყეტილი

და მეზარება,

მოციმციმე საათს

რამე ბნელი გადავაცვა.

რა ძვირფასია მეგობარი,

რომელმაც გამყიდა

ოთხმოცდათოთხმეტ წიწილად,

ხუთ ძროხად და ერთ თხად

და მეგობარი,

რომელიც გაიცინებს

ამ სიტყვების კითხვისას.

თითქოს ჭია

ვარ სატყუარა

და ირგვლივ დაცურავენ

ღამის თევზები,

მშვიდად, მშვიდად.

როცა ყველაფერ მშვენიერს

და ყველაფერ ავს,

ქარს გავატან,

წავალ ჩემს მდინარესთან

და ის ძველებურად,

ძაღლივით გამილოკავს ცხვირ-პირს.

მე კი გავწვები თეთრი,

შიშველი ძვალივით

და გავუღიმებ

ცაზე ღრუბლის მარიამს

და ღრუბლის კატას.


 

* * *

 

თოკზე რომ გავკიდო პერანგივით

ეს გაიძვერა ჩემი თავი,

ხო სირცხვილია?

რა წესია? - იტყვიან.

მეც ვიცი წესები -

ხალხის წინ

პირზე ია უნდა დაიფინო,

წარბები გაშალო მერცხლებივით.

ბოლო დროს

სულ ჩიტებზე ვლაპარაკობ,

ბრაგუნაგულიან,

მშიშარა ჩიტებზე.

თოფით ჩასაფრებულ ბიძაჩემს კი,

არც ვახსენებ.

მეც კაი მხდალი ვარ.

მირჩევნია,

ვიჯდე ასე მყუდროდ

და უდარდელ სიტყვებს ვარიგებდე,

თითქოს არც გამეგოს

ზღვაში გადაყრილების ყვირილი.

კიდევ რა უნდა მოხდეს?

ნეტავ მშვიდობიანად ჩავამთავრებდე

ამ ცოტა სიცოცხლეს.

ნეტავი მართლა ჩიტი ვიყო

და მახსოვდეს -

მელის სადღაც

პატარა გოგო,

ხელი რომ ამიქნიოს

და გადამარჩინოს.

 

 

კატები არ ტირიან

 

რა ვიცი

ცრემლების შესახებ?

ბარტყია ტკივილი,

მე რომ შევიყვარე.

როცა ვტოვებ თოვლზე ნაკვალევს,

ანდა კრიალა ცას ვუთვალთვალებ,

შეიძლება

გამახსენდეს ჯვარზე გაკრულიც

და კეთილი ღელეც ლიფსიტებით.

შემიძლია

ისე მშვიდად გავაცილო

ამბის მომტანი -

მტრედი, ან ჰელიოსი,

როგორც გავაგორებ

მტვრიან თავისქალას

და წვიმაში გამოსულ

ჭიაყელებს ვეტყვი -

სალამი!

ყველა მესალამურემ მიატოვა

თავისი ქალაქი

და ქალებმა მიატოვეს ქუჩები

და მეჩვენება,

თითქოს თვალში ყინული ჩატყდა,

თითქოს სიტყვებს შორის

თაგვს ვმალავ.

 

 

* * *

 

"ამოიღე იგი და განაგდე!" -

მითხრა, ღმერთივით მეგობარმა.

და ვინ ჩავსვა უკეთესი

ცარიელ ფოსოში?

ჰა, ცეცხლს შევუკეთე სიტყვები,

ხახვის ფურცლებივით,

რადგან ვერც გზა მასწავლეს

და ვერც ცრემლი.

ეს მოშინაურებული წურბელაც

დავუბრუნე წყალს.

მაგათ რომ ჰგონიათ,

თაფლაკვერებით ვიტყუებ ქარ-ჩიტებს,

როგორც უღრანის ჯადოქარი,

ან ძაღლივით

საკუთარი კუდის ირგვლივ ვტრიალებ,

სინამდვილეში,

ღრუბელივით ვისრუტავ სინათლეს,

სინამდვილეში,

ჩემს გვერდით გაკრულ

ავაზაკებს ვიწყალებ.

 

 

* * *

 

როგორ დავწერო ისეთი ლექსი,

რომ მოეწონოს იმ ბიჭს,

რომელიც მე მომწონს,

ან იმ ცოტათი გარეკილ გოგოს,

ან თქვენ -

უხიწვო სიტყვებით რომ დაპრიალებთ,

სამ დროზე ჰყვებით, ოთხ სეზონზე.

ღიაა ყველა სახლის კარი,

ოღონდ ფეხზე უნდა გავიხადო.

ჩემი ტალახიანი, მარცხენა ფეხსაცმელები,

ათასი საავადმყოფო რომ მომატარა

და ჩამიყვანა ვატიკანში - ჩემს ანგელოზთან

და ჩიტების ღმერთთან - ფლორენციაში

და მაინც უკან მაბრუნებს,

იმ შეშლილი პოეტივით, ფერადი მძივებით

ქვასავით მძიმე ბგერებს

რაღაც ჯადოქრობით

ჰაერში გამოკიდებულ

ფრანად რომ აქცევს,

თუ ჩიტად,

თუ ვარსკვლავად.

 

 

რომ შემეძლოს

 

წავშალო

ეს ზამთრის შიშები,

როგორც მელია შლის

თოვლზე კვალს

ფაფუკი კუდით,

ხის ნაპობივით

კოცონს შევუკეთო,

კვამლივით ცას.

დავივიწყო,

როგორც განწირული ჭყივილი

ღორების კვლის დღესასწაულზე.

რომ შემეძლოს,

ვიყო ისე ბედნიერი,

როგორც გომბეშო გუბურაში,

როცა წვიმს,

ან როცა თოვს,

ვთქვათ, სადმე აფრიკაში

და შავი და ტყავი ბავშვები

თეთრ ფიფქებს დასდევენ

და ისეთი სევდიანი,

როგორც მაშინ,

როცა მამაჩემმა გამიყვანა

გვერდით ოთახში

და მაჩვენა ერთი ხელი

ახალი ტანსაცმელი

და მითხრა:

- ეს შენ, როცა დაბრუნდები

და მე არ დაგხვდები.

 

 

 

* * *

- რა ხდება ბეტონის კედლებს იქით?

- გაზაფხული მიდის!

- დედა, დედა, დედა! -

მეძახიან.

- სხვები რად მემალებით?

ბევრი ხელი მაქვს,

რომელიც ვერ მოგეხვევათ,

გახმება.

- ბატონო, მომიყევით

როგორ დაბრმავდით.

"ათას ერთი ღამიდან" არა,

არც "...მოღალატე ცოლებიდან".

მეც გეტყვით,

რომ თოვლი გაცივდა

და აღარ მიყვარს

და რომ მჩატე ხელისგულზე

იოლად მეტევა

მდინარის ნარჩენები.

ჩემი საუკეთესო მეგობარი კი

გალოთდა

და მე შევეჩვიე,

რომ ზოგჯერ მოდის

და არყის ფულს მთხოვს,

მაგრამ ვერასდროს ვუთხარი:

- ჩემო მკვდარო,

შენ, ჩემს ცხოვრებას ანათებ!

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE