ორი მოთხრობა


ორი მოთხრობა




მთვრალის სონატა

 

პახმელიისფრად გათენდა. მეტროსა და ავტობუსებში ქოთი დადგა, ხოლო რკინიგზის ვაგზლის ბინძურმა კუთხეებმა კვლავ ბიჩოკებით დაიწყეს გავსება. საწოლიდან ცალი თვალით ვათვალიერებ ოთახს და გულ-მუცელში მძმარავს. აქ სითბოს და დიასახლისს პლიტის ერთი სპირალი და ფართოდ თვალებდაპრუწული კატა ცვლის. ბუხარში ორი დღის წინ ჩამოყრილი შპალერი და ბათქაში ყრია. სიგარეტის ნამწვის სუნი და გასახეხი გაზი თავბრუს მახვევს. ცივი უნიტაზი, რომელსაც წყლიანი ტაშტით ვრეცხავ. 23 წლის ასაკისთვის შენი სივრცე თუ გაქვს, ამ ყველაფერს აღარც აქცევ ყურადღებას.

გუშინწინ მარილიანი და კარამელიანი თხილი ერთმანეთში ავურიე და ზედ ანანასის წვენს ვაყოლებდი. მგონი ამ ასაკში შენს თავზე რაც შეიძლება მეტი ექსპერიმენტი უნდა ატარო, მაგალითად, 7 დოქი ჭაჭა დალიო და მეორე დღეს გაღვიძებას შეეცადო. რამდენი არ ვცადე, მაინც სულ მეღვიძება, ოღონდ ამ სურათში, რაც ახლა გარშემო მაქვს და ჩემი სახლი ჰქვია.

მე და პიანკა ქოშინით მივდივართ. პიანკას ეშინია და ლამისაა, მხრიდან კაპიშონში ჩამიძვრეს. ჩემი პომპონჩიკიანი ქუდი თითქმის გადამაძრო და ნაქსოვ ჟაკეტსაც კლანჭებით მიწიწკნის. საჭმელი ვუყიდე და 50 თეთრი დამრჩა. სულ ვიძახი მარტოსული ვარ და ვერავინ მიგებს-მეთქი, არადა მე თვითონ, იცოცხლე, ყველას გაგება შემიძლია - თუმცა ნერვები არასდროს მყოფნის. ჩემი მარტოსულობის დაძლევაზე აქტიურად მუშაობს ჩემი ლოთი სამეგობრო, ჩემი არც მთვარის და არც ცის შეყვარებული, № საავადმყოფოს საწყობის გამგე და პიანკა. რაც შეეხება ჩემს გაგებას, მალე მე თვითონ ვეღარ გავუგებ აზრებს. აზრები კი ამ ეშმაკის მანქანა ტვინის ნაჩალიჩარია. სულ ახალს და ახალს იფიქრებს, მე კი სულ ვახრჩობ. ვცდილობ, ჩემი ცხოვრება წარმატებული, ფულიანი და მოცინარ-მოქეიფე ხალხისას დავამსგავსო, მაგრამ ეშმაკუნები არ მანებებენ. ყველას ხომ მფარველი ანგელოზი დაჰყვება, მე სულ ეშმარიკუნები მეტორღიალებიან. შემოვდივარ შუკაში, ხრაწ! ნათურა მოხრახნილია, კუთხეში კი, ოო, ბნელ კუთხეში სიგარეტის ნამწვის შუქში ეშმარიკუნები ხითხითებენ. სხეულის მოშვება ტვინს არ შველის.

„არი რამე?“ - სულშეგუბებული ყვირილით შემოდის ნახატების გალერეაში ღმერთისა - აგნოსტიკი ვარო და ერთთავად ოშოს და იუთუბის სწავლებებს ქადაგებს. სიკვდილი დიდი მედიტაციაა და ემზადება. შინაგანად ეშინია, აქ ბევრს აგროვებს, მაგრამ იქაურობის სილაჩრე დასდევს ბარგად. რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, მის ლაპარაკს აზრით ვერ ვიხსენებ - რაღაც დროის მერე ერთი და იმავეს ტკეპნა აზრს აკარგვინებს იდეას.

თურქულად მოლაპარაკე აჭარელი ნერვიულად დადის და ნახატებში ფულს ეძებს. „ჩემს მდგომარეობაში, ბიჭო, რამდენი გარეკავდა, გააფრენდა, ბიჭო. მე არ ვტყდები გესმის?.. აუ, ბიჭო, დედას მოვუტყნავ, რა, რა უნდა, ბანკომატთან ერთს ვრეკავ და ეგრევე დავაგდებ, ფული უნდა ვიშოვნო, რა“. ესეთებს ამბობს და მერე თურქულად ჩხუბობს ტელეფონში. არაა, სულ არ აჰყოლია ნერვებს და არ გაგიჟებულა.

ყველაზე მეტად მე ვცდები, ამათთან რომ ვარ და თითქმის ყოველდღე ვუსმენ. სახლის მარტოსული სიცივე რთული ასატანია მაინც, მით უმეტეს, თუ პასტით წერ - აგერ სკოლის მერე რომ არ გაკარებიხარ ფურცელს და მოლაპარაკედ პიანკა გყავს, რომელსაც თამაში, ჭამა და ძილი ჩაუსვია ცხოვრების რეჟიმში.

ეშმარიკუნები კი მოსაწევებს, მჟავებს და მორფის წვეთებს მაწვდიან. არის კაფეები, რომლის ტუალეტების კედლებს ყურები დაუხშვიათ, ხოლო დამლაგებლების სველ ტილოებს ჭუჭყის გაწმენდა აღარ შეუძლიათ. ამ ტუალეტებში კარგი ბიჭები ცუდ კაცებთან ერთად შედიან და დაგლეჯილ ვენებს, მშრალ ნესტოებს და გაჭვარტლულ ბრონხებს იბინძურებენ. სამსახურებში შეფები უმოწყალოდ გხმარობენ და სულ უკმაყოფილებას გამოხატავენ. მთვრალი მეეზოვე ძმობას გეფიცება და შენს სიგარეტს ეწევა. კეთილი ხალხიც მოდის და თავის ამბებს გიყვება - ზოგი ამ ამბებში გხვევს კიდეც.

შენ კი, შე მთვრალო სულო პოეტისა, უარს ვერ იძახი, ზოგი გეცოდება, ზოგის გესმის, ზოგი გაშინებს, მაგრამ ვერ გიმორჩილებს და მაინც, ვინც გიტევს, მათში მხოლოდ ყალბი ღიმილით და ტკბილი ხმით გამორჩეული ხალხი იმარჯვებს შენზე.

მეგობრები გაჭმევენ, ცხელ აბაზანას გიწყობენ, გასმევენ მქრქალ ფერებად განათებულ ბარებში და თავიანთ გემოზე გარიგებენ - მათ უყვარხარ, სანამ მათი მოსმენა გინდა. შენ ყველა გიყვარს, განსაკუთრებით, ვინც პირდაპირ გაწამა და გატკინა - ისინი რეალურები არიან. მათ მისწვდები და თუ კაცად მოგაქვს თავი, გალახავ კიდეც, ღიმილიანებს კი ვერას უზამ.

ჩემი ეშმარიკუნები, ჩემი ტკბილი საწამლავები - მწარე წამლებს რომ აჯობეს. ჩემი დამღუპველები და მათი მონათესავე სულები. ჩემი ცხოვრება და ჩემი სახლი. ჩემს სახლში ღორებს არ შემოვუშვებ, მე წმინდა სისხლი მაქვს, მორფით გაწმენდილი.

 

Introibo ad altare dei

 

“Есть вещи и похуже морфия, но лучше нет” - Михаил Булгаков

 

კილიმანჯაროს თოვლიან მწვერვალზე, კაცმა რომ არ იცის, ის ლეოპარდი რამ აიყვანა, ისე დავბოდიალობ ყველგან.

“дурной у тебя характер” - მეუბნება იგარიოკი - “и поэтому жизнь так и складывается. живёшь сегодняшним днём, как будто счастливы, а в итоге на всех твоих купюрах заповедь - "пропёшь" - а ты уже почти бросил.” იგორა ,,ფილიპ მორისს” ეწევა, ცოტას ხვდება, ცოტა იცის და გაურეცხავი მაისური აცვია.

სტამბაში სულ ახალგაზრდები ვიყავით. წინ და უკან, ზოგი მელნით დასვრილი, ზოგი ქაღალდის მტვერში - ყველას ერთად კი შებოლილი მუყაოს სუნი აგვდის. ერთ-ერთ დამლაგებელს, ჩემხელა გოგოს, მზის პირველ სხივთან ერთად სტამბის მტვრიან იატაკზე სიწმინდე შემოაქვს. თავს ცოცხალი თავით არ წევს, თვალს არ გვისწორებს, როგორც პატიმარი სავალდებულო სამსახურში. უხმაუროდ, უსიტყვოდ დადის ხის დაზგებს შორის და ახალდადებული თოვლის სიმშვიდეს ტოვებს. ჩვენს სექტორზე 10-15 წუთი თუ უწევს ყოფნა. არ მინდა თავი ჩახრილი ქონდეს. იურას ვანიშნებ, რა ჰქვია-მეთქი. არ იცის, მაგრამ თბილად ეღიმება და გვერდულად მიყურებს. მივდივარ და ხელსახოცში შეხვეულ შოკოლადს ვაწვდი - ისე მალულად ვუტენი ხელში და ვტრიალდები, ვერც მოასწრებდა გააზრებას. გამიღიმა - ტანში ერთი გაიარა და მკვდრის სიმშვიდე დამეუფლა - ყველაფერი სულერთია, იდეალდაკარგული. იმის შეგნება, რომ არარაობა, სამყაროს რიგითი მტვრის ნაწილაკი ხარ - გცლის, მაგრამ როცა შენზე ასეთი არსება ზრუნავს, სველი, რბილი ნაჭრით გიღებს ხელისგულში - ბარის დახლიდან, სკამის საზურგედან, მაგიდის კიდიდან - მშვიდდები. ყოველ ნახვაზე ველაპარაკები. ჩვენი სექტორიდან გასულს შუშის მწმენდავი აჩერებს. წარბების ქვემოდან მისი ორი ცოცხალი თვალის ცეცხლს ვგრძნობ - ჩემი მკვდარი მზერა სარკეა, ფრაერო, შენს ენერგიას ჩემი სარკისებრი თვალები დაგიბრუნებენ, შენს ეჭვებს თავად ჩახედე თვალებში. გოგო უცებ რაღაცას მიუგდებს ახსნასავით და ისევ თავის საქმეს აგრძელებს დინჯად, თავმდაბალი სიამაყით. იურა დახლს იქიდან ყავას ჩაშტერებული ხმადაბლა მელაპარაკება - ნაღდი გოგოა, შუაში არ ჩააყენა.

შუშაბანდიდან ზამთრის მზე შემოდის და მთელი ღამის მტვერი მის სხივებში ირეკლება. როგორც ზმანება, თვალებში მოციმციმე ატომმოლეკულების მირაჟში შემოდის - თავჩახრილი, თითქოს დედამიწა უკუღმა კიდია და ამის გარდა ყველანი სადღაც ქვევით ვიყურებით. თმა სწორი და შეკრული, ცხვირის მოძრაობა მშვიდი, ხმელი ტანი სალამურის ჯოხებზე შემდგარი, კანი თეთრი, მკრთალი, არისტოკრატული, თავმდაბალი და კორპის ანათალივით სიფრიფანა. მის კოლეგებს - იატაკის მწმენდავებს, შუშის გამპრიალებლებს, შავი პარკების მატარებლებს თვალში არ მოვუდივართ და ახლოს ჩავლისას მათ დაძაბულ ენერგიას ვგრძნობ. მე სვეტების ჩრდილებსა და სხივების რეკურსიაში მოცეკვავე სიმშვიდეს ვუყურებ. რაც უფრო მიზიდავს მისი სისპეტაკე, მით უფრო ვგრძნობ ჩემი ხორცის ყროლს. ხმა ცოტა მერყევი, თუმცა მშვიდი აქვს. ბალერინას კაბა, შიშველი თხელი წვივები, დამტვრეული ფეხის თითები - იაპონური კერძების ოსტატი ყაბაყის დაჭრისას საჩვენებელ თითს აყოლებს და წვრილ-მსხვილ წითელ წვეთებს უყინავს მზერას საჭრელი დაფის მეტალის ზედაპირზე.

ბრეკეტები წიწილების გალიის გისოსებს არ მიუგავს. ძალიან ადვილად ვუშინაურდები, ნდობაში შევდივარ. ისე, ნამუსის ამბავია, ასეთი რამეები რომის დამაარსებელ ნაძირლებს არ შეაწუხებდათ - ცეზარი კი ქათმის სალათას დაარქვეს. სამსახურიდან მალევე მაგდებენ. მზერა მკვდრის მაქვს, შეკრული თმის ბოლოები დენგავლილივით ამეწეწა და ვბრაზდები, რატომ დილითვე არ მომისროლეს.

ანგარიშგაუწევლად მივდივარ აცრის გასაკეთებლად. მომხმარებლებს არ უკეთებენ, უბრალოდ, აქ ის უცხო, ნერვული, ჩაცვენილი - თუმცა ფართოდ შეშფოთებული ცისფერი თვალებით, აშკარად ღამის მორიგეობაგამოვლილი მედდა ჭკუას მარიგებს, ოხრავს, წუხს - მრცხვენია, თუმცა მისი ზრუნვა მსიამოვნებს.

ვიწრო ცალმხრივ, დამრეც ქუჩაზე კარალიოკის ხეა - ზედ სიმწიფისგან დახეთქილი ხურმები კიდია, აქა-იქ ყვავის ამოკორტნილი.

“ну вот, что ты говоришь никогда не достаточно, но всегда чересчур получается” - ფილოსოფიურად იყურება სადღაც ტრაკში, ორ თითს შორის მოქცეული “ფილიპ მორისით” და “ზედაზენს” სვამს.

 ყვითელ ფოთლებს მოყოლილი, აბსურდის ჰანგებს მიმღერის ქარი - მოეშვი, დაიძინე, ძილი გამოგაფხიზლებს… მე ვუდარაჯებ შენს ძილს, დღეიდან ჩემს თავიდან მოშორებასაც ნუღარ შეეცდები.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE