„დაბრუნება, ადამიანები და სხვები“


„დაბრუნება, ადამიანები და სხვები“




ზოგადად ახალი სამყაროს გამოგონება ადვილი ჩანს, მაგრამ მხოლოდ ჩანს. სინამდვილეში საკმაოდ ძნელი რამ არის და ამის მიზეზი, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ადამიანის სრულფასოვნებაა. ძნელია გამოიგონო არსება, რომელიც ადამიანზე მეტად დახვეწილი, უცნაური და მასშტაბური იქნება. რაც არ უნდა ვითარდებოდეს ფენტეზის ჟანრი, ეს კი ბოლო ორი საუკუნის უწყვეტი ტენდენციაა, სიუჟეტები, პერსონაჟები, ძირითადი მიგნებები მაინც ერთმანეთის მსგავსი რჩება და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანი სამყაროს საუკეთესო პროექტია.

ამიტომ ყოველთვის დასაფასებელია, როდესაც მწერალი ფენტეზის ჟანრში წერს და ახერხებს, კიდევ ერთხელ შექმნას ახალი, მიმზიდველი სამყარო.

ნატო დავითაშვილის „დაბრუნება - ადამიანები და სხვები“ „ქარჩხაძის გამომცემლობამ“ ორი წლის წინ დაბეჭდა. მე დაახლოებით წლის წინ გადავაწყდი. წიგნში ოთხი მოთხრობაა შესული: „პეპლების მტვერი“, „დაშლილების მეფე“, „გინდათ მოგიყვეთ ზღაპარი?“ და „ავეჯის გადაზიდვის სერვისი“.

იროელის ქრონიკების შემდეგ წერის ასეთი სტილი ნატოსთვის ახალია. აქამდე მისი ტომეულები ქართულ მითოსზე იყო დაფუძნებული და პერსონაჟებიც შესაფერისი ჰყავდა: გველისფერი, ლილე იროელი, დევი, მთა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

წიგნი „დაბრუნება“ თანამედროვე და კლასიკური ფენტეზის ჩარჩოებში ჯდება. თუმცა, აქა-იქ საქართველოსაც „წამოკრავ ფეხს“. მაგალითად, მოთხრობაში „დაშლილების მეფე“ მთავარი გმირი გოგი ბედიაა, პილოტი-ასტრონავტი, რომელიც ერთ მიყრუებულ პლანეტაზე ძველი კოსმოსური ხომალდების დაშლა-აწყობით არის დაკავებული. პლანეტაზე მარტოა, სანამ შემთხვევით ერთ-ერთ ხომალდში ჩარჩენილ პატარა ჰუმანოიდს არ გადაეყრება.

მოთხრობა „პეპლების მტვერი“ კი ორ ადამიანზეა, რომელთა ტვინსაც ერთი პეპლის სხეულში ჩატვირთავენ და პლანეტა აფრიაზე ჯაშუშად შეგზავნიან. ეს პლანეტა პეპლებითაა დასახლებული და დანარჩენი კოსმოსისგან იზოლირებლად არსებობს. უცხოპლანეტელებისთვის, მათ შორის, ადამიანებისთვის, აფრია შეუღწეველია. დედამიწიდან გაგზავნილი ჯაშუშები აფრიაზე რჩებიან და ახალ ცხოვრებას იწყებენ.

ხანდახან ასეც ხდება - ადამიანი ყველაზე კარგად იქ გრძნობს თავს, სადაც მისნაირები არ არიან. ამ მოთხრობებში კარგად ჩანს კიდევ ერთი ტენდენცია, რის გამოც მწერლები, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად სხვა პლანეტებზე წერას იწყებენ, რეჟისორებს კოსმოსზე დაწერილი სცენარები კინოში გადააქვთ, სხვებს კი ამ ყველაფრის კითხვა თუ ყურება უყვართ - დედამიწა ხშირად ღლის ადამიანებს და მათ მოსწონთ ისეთი სამყარო, სადაც ცოტა ხნით მაინც ძალიან შორს და სრულიად მარტო იქნებიან.

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE