სამსახურის დაკარგვა


სამსახურის დაკარგვა




***

ადამიანების და ღმერთების სამსჯავროა ფეისბუქი,

წეღან აქ ქრისტე შემოიყვანეს,

დღესვე  ჯვარზე უნდა გააკრან,

ვიმალები,

არ მიცნოს ვინმემ:

- შენც იმისი მეგობარი ხომ არა  ხარ?

 

იცი, რასაც ვუპასუხებ,

ღმერთო!

შენთან  რომ მოვდიოდი,

ჩემს უსახლობას ვწუწუნებდი 

და სამსახურს გევედრებოდი,

ამიტომ ხან სახლმმართველად წარმოგიდგინე,

ხან მინისტრად,

ვერასოდეს იმად - ვინცა ხარ.

 

- შენც იმისი მეგობარი ხომ არა ხარ?

შენი პოსტები გამხელენ:

გწამს სიცოცხლე  სიკვდილის შემდეგ,

ჰა ჰა ჰა ჰა,  აღდგომის გჯერა?!

 

ამ ხალხს ხომ იცნობ,

მწიგნობრებს, კარგ მოქალაქეებს,

თუ მომაკრეს ბნელის სახელი,

ვერასოდეს მოვიშორებ!

 

ან ვის მოვუყვე,

ვინ დაიჯერებს,

მეც სიზმარი მგონია: ერთხელ

მართლა შევეხე  შენი თხელი სამოსლის ფესვს?

ჭასთან მართლა ვლაპარაკობდით?

მკვდარი  მართლა  გამაცოცხლე,

და  მითხარი - „წადი, მშვიდობით“?!

 

პილატეს ეზოა ფეისბუქი,

წეღან აქ ღმერთი შემოიყვანეს,

დღესვე ჯვარზე უნდა გააკრან.

მე ვიმალები.

 

 

სამსახურის დაკარგვა

 

სიმართლე ისაა,

რომ იმ დილით მართლა ვნახე

მოედანზე,

ღია თაღში,

ბიჭებთან იდგა,

გარუჯული,

ბათინკებში დადუდევრად ჩაკეცილი შარვლითა და

განუყრელი  შავი პერანგით.

 

მივედი და მოვეხვიე

მაღალ კისერზე,

რომლის მომშვილდვას

ხან კვიცისას ადარებენ

ხან - ღმერთკაცისას...

 

„ბატონ მინისტრს!

სამსახურში მომავალი 

გურამს შევხვდი, რჩეულიშვილს -

ვწერდი ახსნა-განმარტებით ბარათში -

იმ ბიჭს, თქვენი მისაღების თეთრ კედელზე

თოვლიანი მწვერვალიდან  რომ ეშვება

და  მაღალი/უმაღლესი რანგის სტუმრებს

მარადისობის  ნაქროლით ბინდავს.

დამაგვიანდა,

გთხოვთ, მაპატიოთ...“

 

ერთი ღერი თმაც  არ გვცვივა,

თუ სამყარო ამ დანაკარგს არ ეთანხმება,

მაგრამ ღმერთო, მაინც  ველი ექოს, რომელიც

ჩემმა ცრემლმა უნდა გამოსცეს.

 

როცა ვიხრჩობი -

როცა ვეღარ უნდა გათენდეს,

ვეღარ უნდა ამოვისუნთქო...

მაშინ მოდის,

გამორბის ჩემკენ,

ჩამჭიდებს თვალებს ნაპირიდან,

და  კუპრისფერ ზღვაში ეშვება.

 

სულ ასეა:

მე გადავრჩი,

გურამი - ვერ.

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE