1.
ქალაქში, სადაც ხდება ხეების გადაბელვა,
სადაც არ ხდება ხოლმე, იმას სჯობია ბევრად.
ერთმანეთს მიებმება ამბორები და ვნება,
ზეცას გაკაწრავს ხომლი, ვარსკვლავების ბრებს - ელვა,
სივრცეს რომ ავსებს ფერფლით, ძერის რომ მიჰგავს ბრჭყალებს,
განწირულია მსხვერპლი, ცრემლები უბრჭყვიალებს.
მალულად დაატარებს ბრმათა სევდიან მზერას,
მზის დისკოც გამოჩენას აგვიანებს და წელავს.
ბორგავს, არაფერს ზოგავს, დაუდგრომელი წყალი,
შხეფებს მიმოღვრის ზოგან, სადაც მისწვდება თვალი,
წრეზე ტრიალებს, მორევს ხაზავს რადიუსებად
და კოსმიური მტვერი იფრქვევა ვირუსებად.
ღრუბლები წვანან მდორედ, მსგავსად ბლანტ მედუზების.
ქარი მიხვეტავს ფოთლებს, სხვა ლაშქარს მიუძღვება,
რიჟრაჟსაც ეგონება, ვარსკვლავებს მივუსწრებო,
ლერწმებიც ყალყზე დგანან, ვით წვრილი გიურზები...
ზღურბლს არ აგიტალახებთ, კარს არ ავეტუზებით,
გამოსავალი ვნახეთ ალტერნატიურ გზებით.
გზა მაშინ ავირჩიეთ, ყრმობის ადრიან წლებში,
ხელებს რომ ვიკაწრავდით ეკლებზე და ანწლებში.
დღესაც იმ შქერებს ველტვით, ნუ დაგვადევნებთ მდევარს,
დევნულთა უგრძეს გზებზე სიცოცხლის ბოლომდე ვართ
და სამართლიანობაც ვრცელ ქვეყნიერებაზე
ვერ აღწევს მთლიანობას, სახლს მიჰგავს მშენებარეს.
ყოველი მჭმუნვარეა, სულდგმულთა სევდა-ურვა,
იმქვეყნიური შვება, ამქვეყნიური ზრუნვა.
სოფელი იყოს ჩვენთვის, როგორც ვირისთვის ხურმა
და წესიც გვქონდეს ერთი - ვიცხოვროთ, როგორც მდგმურმა.
2.
შიათ კატებს და ძაღლებს, გთხოვთ, ადამიანებო,
მშიერთა გამოკვებას თავი არ მიანებოთ!
იქ კეთროვანი ვნახეთ, ნაპრალს უგავდა სახე,
დღეს რომ წყალობას ითხოვს, სადღა იქნება ხვალ-ზეგ.
ნაწვნევი ჰქონდა ბევრჯერ თავის საკუთარ ტყავზე
მოძმეთა ზურგშექცევა, ცხოვრების სიჩათლახე,
უნდოდა, ძმად ვეგულეთ და თანამეინახედ,
გვთხოვა, რომ სიკვდილს მისას, არ მივცეთ გლოვის სახე...
-ნეტავ შეწყვეტდეთ ჩივილს, სურვილი გექცათ ჩიხად!
მე თავდახრილი ვივლი, სადაც თქვენ ამაყნი ხართ!
ქვეყნად რა მიზნით ვცხოვრობ? დავფიქრდი ამასწინათ,
ნუთუ გამჩენმა მხოლოდ სევდისთვის გამაჩინა?
ფსკერის მნახველი, ქვეყნად, მხოლოდ გაღწევას ლამობს
და ნუღარ გაიკვირვებთ ჩვენ მზერას, უღიმღამოს.
არც ვცდილობთ ჩვენი განცდა სხვებსაც გავუზიაროთ,
მაინც ვერ გაგვიგებენ მრავალ მიზეზთა გამო.
ის რაც თქვენ გიხარიათ, მე აღარ მიხარია!
მშობლები რა ხანია, აღარ მყავს, იქ არიან! –
იძახდა ამეებს და ხელს ზემოთ აიშვერდა,
სტანჯავდა მონატრების პირველყოფილი სევდა.
3.
უნაყოფოა ზეცა და ვირუსებით სავსე,
როგორც დაფერთხილ ზეწარს, მიწას დაჰყურებს თავზე.
ქვებს შორის იდო შარა, მისახვევ-მოსახვევით,
უფსკრულებს მიჰყვებოდა და თავდებოდა ხევით.
ნეფე და პატარძალი ქვიშაში სეირნობდნენ,
შეძლეს, მცირე ხნით მაინც დაშორებოდნენ სოფელს.
ფარფატა ტანი ჰქონდათ და სახეები ფრესკის.
ბევრი აეღოთ სესხი, ქორწილის წინა დღეს კი
შეეგრძნოთ სიხარული მთელი პეწით და ეშხით,
უეცრად მრეშ უდაბნოს ოაზისი რომ შეცვლის,
მოღუშულ გარემოდან ისე აღმოჩნდნენ მზეზე.
ვინც ხელისმომკიდეა დაეძებს ორქიდეებს
და რახან ვერ პოულობს, რაღაცას იმიზეზებს.
ღმუილი გააქვს გზებზე სატვირთოს ორხიდიანს...
სიძე, ჩაცმული სადად, მალე გაჭაღარავდა,
სანამ ცოლს შეირთავდა, ახოვან ჭაბუკს ჰგავდა...
4.
განრიგს იცავდა, წესი იცოდა, მიჩოჩდებოდა ტელევიზორთან.
ეორთქლებოდა სათვალე სქელი, სურდა, ერთბაშად ეანგარიშა.
რამდენი გოლი გაჰქონდა პელეს, ანდა რამდენ ფინტს ფლობდა გარინჩა.
თუმც დაემსგავსა სახლი სათაგურს, ბევრი კაპრიზი ჰქონდა თაგუნას,
თაიგულების თრევით გათანგულს, ცხოვრებამ მხოლოდ ზრუნვა არგუნა.
ქალს ჰყვარებოდა კომფორტი ფრიად და საქმროები საამქროებით.
თვლიდა, რომ ბედი რასაცა ჰქვია, თუ უმართლებდა, მხოლოდ დროებით.
ხოლო როდესაც სტუმრობდა მაზლი, თავის ბასრი და უცვლელი რაზმით,
ემსგავსებოდა მაშინვე წაშლილს და უხდებოდა სიტყვები მკაცრი.
ცოტა რჩებოდა კაცს საოცნებო, მივაშურებო სიცხეში ცაცხვებს,
რომლის ვარჯებქვეშ ძოვდნენ ბოცვრები და წასასვლელიც არ იყვნენ სადმე.
მაგრამ ახლახან ჰქონდა ქორწილი, სამაგალითო ქცევა მართებდა
და აგრძელებდა გრძელ გზას ქოშინით, ღამეებს სხვაგან აღარ ათევდა,
არავინ იყო კდემამოსილი, პატიოსნებით რომ იღლებიან.
არც გახედავდა ქალებს ვნებიანს, ბაღჩებს რომ ჰგავდნენ ხეივნებიანს,
კოშკებს რომ ჰგავდნენ აივნებიანს, თავის ქოთნიან-ყვავილებიან,
წვალობდა კაცი და გულისწორის წუწუნისათვის რომ არ ესმინა,
ჭაპანსა სწევდა მონური შრომის, ბოლოს დაღალა ყოფამ შეშლილმა...
5.
იმ გენიალობას გაუმარჯოს, სულ ორ სიტყვაში რომ გამოითქმის.
დროს და ენერგიას რაში ვხარჯავთ, თუკი არაფერი გვრჩება თითქმის?
ჩვენ თუ სიკვდილისთვის ვიბადებით, რაღას ჩამოგვტირის სიფათები?
და თუ სიცოცხლისთვის ვიბადებით, მაინც საცდურებში ვიხლართებით
და არა გვტოვებენ ხიფათები, ჩვენ რომ გამოვიხმეთ დაბადებით.
დავდივართ ეკლებით და ბარდებით, როგორც დაკარგული ცხვრები.
ჩვენ თუ სიკვდილისთვის ვიბადებით, მაშინ სიცოცხლისთვის ვკვდებით...
ერთფეროვნებისგან დასაღწევად კაცი მონასტრისკენ გაეშურა.
გადაწყვეტილებით კმაყოფილი მალე გადააწყდა ასეთ სურათს.
ნახა ვიღაც, ჯოხზე დაყრდნობილი, მხრები ბერივით რომ აეწურა,
მჭლე და უქონელი იყო, მაგრამ სევდას უღიმოდა კაეშნურად.
6.
დგას და გამხმარ ხეებს ზვერავს, უცებ ეგუება გვალვას,
მხიარულად უკრთის მზერა, როგორც სხივი მსჭვალავს ალვას,
თუ სასტიკი ღვართქაფია, ჩირადაც არ აგდებს ღვართქაფს.
ასკეტი თუ გამხდარია თავის სიფაქიზე გასთქვამს.
სოფლის ტაძარს ჰყავდა ხიზნად და მრევლს დიდხანს ებოდიშა:
-გამომრჩა, რომ აღმენიშნა, დღეს ხსენება ებოდისა.
ხელით ბევრჯერ გადაწერა ფსალმუნი და აღთქმის სიბრძნე,
ზეციური მხარდაჭერა წმინდა წიგნთა კითხვით იგრძნო.
ჯვარი ზიდა გარჯით, ჯავრით, ქოხი გადახურა ყავრით.
იქადაგა: - ძველ გზებს, ჩავლილს, უკან ნუ მიუბრუნდებით,
არ გაუვა ნათელს ყავლი, ვერ იმეფებს უკუნეთი.
გოლიათი გალიითაც წარმოჩნდება ბუმბერაზად,
გალია თუნდ გალეულმა ქონდრისკაცმა ჩაურაზოს.
ჩათვლემს, როგორც იძინებენ მაწანწალა წიწილები.
ჩაქრებიან მაშხალები დასველებულ ფითილებით.
გზაწვრილს ჰგვანან ვარსკვლავებიც, ბუნდოვნად რომ ანათებენ...
სალოსები თუ გამოჩნდნენ, ნუ გადასცემთ ანათემებს.
კოშკებიდან შორს არიან, კომშებიც კი კოშმარია,
კრამიტებს რომ აცვივიან, ხოშკაკალას ნაწვიმია.
წარჩინებულ სალონებთან ჩერდებიან სალოსები,
დაღლილები ჩანან ერთობ ღვაწლითა და გაროზგვებით.
თავს ძენძებით იწონებენ, გაჟღენთილი კალოშებით,
ტანსაცმელიც ნოტიო აქვთ, თითქოს მოსულიყვნენ ზღვებით.
არ ეძებენ სახეიროს, ბაგის ნაცვლად ხახები აქვთ
მწყალობელი სიტყვებისთვის, მოწოდებად რომ გაისმის:
-არაფერი გეშველებათ, გოლიათს თუ არ გაუშვებთ!
ფლიდი კაცი, სხვებს რომ ერჩის, რას შეწვდება ცამდე მართალს?
საპასუხოდ აუტეხენ კრულვასა და ლანძღვას უშვერს,
სალოსი კი დაუჩოქებს და მათ ჩურჩულით მიმართავს:
-მზის სიფიცხით ვირუჯებით, რას დაგვაკლებს ვირუსები?
ყოფა არითმეტიკაა - პლიუსები, მინუსები...
მოიმარჯვეთ ხერხი ხელში, გრძელ ფიცართა იწყეთ რანდვა,
ამ მასალით ჯვრები ჩორკნეთ, ეშაფოტებს ნუ აღმართავთ!
7.
ჩვენთან გასაგებია, მცირე შუქს ხომ მთვარეც შობს,
არისტოკრატ ტეტიას უპატიოდ ხვდებიან.
ეს აღმოსავლეთია - სალოსთა სათარეშო,
ბევრი შარახვეტია დადის კანონგარეშე...
სადღაც იტალიაში იღვწის სხვა ჯეელობა.
და გაისმის გნიასი, კამათი და მსჯელობა.
მიმართავენ ერთ მათგანს, როგორც წინასწარმეტყველს,
მასხრად ისე იგდებენ, ზომას გადაამეტეს.
ეძახიან ფერდინანდს, მიიჩნევენ გენერლად.
ძველი წლისა დალიეს, მიულოცეს დამდეგი.
მან თქვა, გულით ცხოვრება ცოდვილობის მერეა,
არასოდეს ვყოფილვარ თრობის წინააღმდეგი! -
მოსაწევი მოწია და ხილვა აქვს ფერდინანდს:
-ორიათას ოცია, სხვა ფაზაში შევდივართ!
ბრბო
-შენ ბრძენი ხარ, ფერდინანდ, ჩვენ კი ბრიყვნი გახლავართ!
ხსნილში უხვად მოგართმევთ კონიაკს და ფახლავას,
ეშხი გვიპყრობს გალეშვის, შენთან ერთად, ფერდინანდ,
თითქოს ერთ მდინარეში მეორედაც შევდივართ!
ფერდინანდი
-ალი შეტორტმანდება, თუ შეინძრა კანდელი,
არც თქვენა ხართ ბრიყვები, ბრძენი არც მე ვბრძანდები!
მაგრამ თუკი ერთურთზე წყენა დიდხანს მიგვყვება,
მაშ ყველანი ვქცეულვართ სანიმუშო ბრიყვებად!
ბრბო
-შენ ხარ ჩვენი ლიდერი! ჩვენი ნავის მესაჭე!
მუდამ ზურგში მიგდევდით, ბედს რომ არ დავესაჯეთ!
შენი შემხედვარენი სიცოცხლის გზას ვიგრძელებთ!
შენ კი არ იზარებდი და აფრქვევდი სიბრძნეებს!
წინაპრების საძვალე, ხომალდების სიძველე
და გრძედი და განედი ღრმა შინაარსს იძენენ,
როცა გისმენთ! თუმც გვინდა, სხვა სიტყვთ გვანუგეშო,
იმედით რომ განგვაწყო, თორემ შიშმა დაგვზაფრა!
ვატყობთ, ისე ვიქცევით, ვით გველები უბეში,
მაგრამ როგორ განვსაზღვროთ ცის და მიწის განზრახვა?
ფერდინანდი
-იმდენი ქვითარია, რამდენიც მდიდარია,
სადაც ვერ ხეირობენ, მხოლოდ გავლით არიან!
ბრბო
-ისევ სხვა რამეს ამბობ! ეგ არ გვაკმაყოფილებს!
ჩვენ ხომ შენი სახელი მთელ ქვეყანას მოვფინეთ!
ფერდინანდი
-გარეთ ევკალიპტები და შიგნით კელაპტრები,
მოყვასად ჩავითვლებით, მტერს თუ ზედ შევაკვდებით.
გვალვა ჩამოწოლილა, შორს, ბერთა სენაკებთან,
წვიმის მომყვანებელი მლოცველი ენატრებათ!
8.
ხმა კვლავ ჩააწყვეტინეს და მოქაჩეს უდიერ,
თითქოს ვერც კი იცნესო მათ წინაშე მდგომარე;
-ალიორა! - შესძახეს - ოეე, სად გაუტიე!
შენ ნამდვილი ბერი ხარ, წვერცამეტა ხომ არა! –
საზოგადოდ ამხელდნენ, არ გვაქვსო პირადი,
მაშინ დარბაისლურად წარსდგა წინ ფერდინანდი,
სახე ჰქონდა ქვაბულთა და ორმოთა ბინადრის,
თითქოს ღვინო ჰქონოდა დალეული წინანდლის.
9.
-შემინდეთ, თქმას რომ ვბედავ, უბრალო მეტყევე ვარ!
სად შემიძლია, ნეტავ, წინასწარმეტყველება,
გვალვა, ხომ კარგად ხედავთ, ვერაფერს აკლებს კედარს?
ნუ მიეცემით სევდას, ორი მხარე აქვს მედალს.
გარემო გახლავთ ფონი, სალოსი არ გეგონოთ!
მე ყოველ სიტყვას ვწონი და ამას გეტყვით ბოლოს:
-მშვიდობა იტალიას! ზღვით გარშემორტყმულ მხარეს!
სამყაროს ფირუზია და მარგალიტის თვალი,
წარმტაცი იყო მუდამ და კვლავაც გაიხარებს!
მშვიდობა ყველას, ვინც კი მის სადღეგრძელოს დალევს!
ვერ ვგუობ მგლოვიარეს და აქვე დავძენ ბარემ,
სანამ ზეიმის ნიშნად კვლავ შემოვკრავდეთ ზარებს -
გაისპეტაკეთ გული, ნუ შექმნით ილუზიას,
რომ ქვეყნის დასასრული კორონავირუსია...