ყოველ საღამოს, ასე, შვიდი საათისთვის, მე და ჩემი მეგობარი ფიორე ვილა პამფილიში ვსეირნობთ, სიგარეტს ვეწევით და თან ჯილიოს ტბის დასუფთავების პროცესს ვუყურებთ.
ამ დღეებში, მგონი, ნუტრიების დაჭერას და კასტელ ჯუბილეოს ჰესის იქით, მდინარე ტევერეში მათ გადაყვანას აპირებენ. ტბის ეკოსისტემას აზიანებენო, - ერთმა მუშამ მითხრა.
წლებია, რაც ამ ადგილას დავდივარ და საკვები დამაქვს ნუტრიებისთვის (ბაბუასაც მოვყავდი ადრე). ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მათი აქედან წაყვანა. იმედი მაქვს, გადაიფიქრებენ...
სამი თუ ოთხი კანაფის მოწევის შემდეგ, ცოტა რომ მოვფხიზლებულიყავი, ორჯერ შემოვირბინე პარკი. თითქმის გათიშულმა ფიორემ კი მოხუცების თავშეყრის ადგილისკენ გასწია ბოულინგის სათამაშოდ.
უჰ, ცოტა ამოვისუნთქეთ და აზრზე მოვედით, გონება აგვეხილა.
მთელი შუადღე ვილა პამფილიში.
მინდორში, ერთ მოტვლეპილ ადგილას, სკამზე ვიჯექი და ვცდილობდი, ცოტა რამ გამეყიდა, თან ვიფურთხებოდი, სულ ავავსე იქაურობა ქაფით; სიმღერაც გამოვიგონე და იმდენჯერ წავიღიღინე, არ ვიცი, თუ ოდესმე მოვახერხებ მის დავიწყებას: „შენს თვალებს რომ შევხედე, მივხვდი... ახლა ვიცი, რას მივდევდი მაშინ, იმ ბნელ წლებში, როცა მეძინა და ცუდ სიზმრებს ვხედავდი...“ წარმოვიდგინე, თითქოს კონცერტებს ვმართავდი რომის პარკებში. „სასიამოვნო ტურები ვილებში“, ასე ვუწოდე ჩემს გამოსვლებს. ვილა პამფილი ხალხით იყო სავსე, თითქოს ბომბის აფეთქებასავით ელოდნენ, როდის დავიწყებდი.
სახლში დაბრუნებისას, პარკის კედელთან ორ დეგენერატს ჩემი შეთითხნილი წამალი მივყიდე. „ბარილას“ წვრილი მაკარონით მქონდა გაკეთებული და მარკერით შეფერადებული. აუ, რა შტერებივით წამოეგნენ!
დილით ადრე აუზზე ფიორესთან ერთად.
ქოლგის ქვეშ წამოწოლილებმა ტატუებზე ვილაპარაკეთ. მე ჩემი გამოგონილი სიმბოლოს ტატუირებას ვფიქრობ მკლავზე, ფიორეს კი მორიელი უნდა, რომ დაიხატოს მუცელზე, ელენთაზე. იმდენი ვილაპარაკეთ ამ საკითხზე, რომ მართლა გადავწყვიტეთ ტატუს გაკეთება, თანაც ჩვენი ხელით, ელექტრომაგნიტური აპარატითა და ბუნებრივი პიგმენტების შემცველი მელნით.
შედეგი: საბოლოოდ, მხოლოდ მე გავიკეთე, ფიორეს შეეშინდა და თავი დაანება.
მთელი საღამო სულის ბერვაში გავატარე, საშინლად მეწვოდა მკლავი. ფიორეც მიბერავდა ჩრდილოეთის ქარივით, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა. მერე სკოლის ძველი, სქელი დღიურების ქნევაზეც გადავედით.
ერთ-ერთში კაილ მაკლაქლენს ვუცხადებ სიყვარულს (რა საშინელებაა!): „კაილ მაკლაქლენ, ვინ ხარ შენ? მაინცდამაინც ჩემ თვალწინ უნდა გაგეთავებინა? არ სჯობდა, როგორც კარგ კაცს შეეფერება, შენი საქმე სადმე სხვაგან მოგეგვარებინა?! არა, ჩემ გასაღიზიანებლად მოიქეცი ასე. მე გამიკეთე. მე, რომელიც მოწყენილი ვიჯექი ტელევიზორის წინ და „ტვინ პიქსის საიდუმლოებს“ ვუყურებდი, რადგან მშობლები გარეთ არ მიშვებდნენ“.
დაუჯერებელია! ეტყობა, მაშინ გაჟონვა მქონდა ტვინში. ეს ის პერიოდი იყო, როცა ერთი წვეთი ლუდის დალევაც კი არ შემეძლო, ვერ ვინელებდი, გონებას მირევდა.
დღესდღეობით მაიკ ტაისონზე ვგიჟდები, ჭკუა მეკეტება. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლია ამ კაცს, მხეცად გადაიქცეს და ყველა დააფრთხოს... მიყვარს!
ბნელი პარანოია.
მთელი დღეა „მეტალიკას“ ვუსმენ. ხმა ბოლომდე მაქვს აწეული და ლუდის ბოთლებს კედელზე ვახეთქებ. შიშველი ვარ და ხან ჯეიმს ჰეტფილდივით ვაკეთებ მოძრაობებს, ხან - ესპანელ გიტარისტ კირკ ჰემეტივით, ხან კი ბატერისტი ლარს ულრიხი გამომყავს ჩემი თავი. სამართებლით მთელი ტანი დავისერე: მკლავები, მკერდი, ფეხები; და ჩემი სისხლით კედლებიც მოვთითხნე.
ერთი გრამი შაბოც მოვწიე, იმ ნაგავი ფილიპინელისგან რომ ვიყიდე. ახლა კი ისე ცუდად ვარ, ქაფი მდის პირიდან და ვტირი.
გული რომ გადამეყოლებინა, ჯერ ჩემი ფოტოები დავათვალიერე (ერთ-ერთში ეტიკეტზე დახატულ სიკვდილის სიმბოლოს ვგავარ - თავის ქალა და ძვლები), მერე კი ვინილის დისკის რეცენზია გადავიკითხე. მასში შეკრებილი ყველა მელოდია მე მეკუთვნის და ვუკრავ კიდეც. ნაკრებს „შეივდ პიგს“ ჰქვია და 1990 წელს შევქმენი.
აი, ეს:
„რრრროოოონნნნ. ძძძძძძ. რრროოონნნნ. ძძძძძძ. რრროოონნნ. ძძძძძძ. რრროოონნნ. ძძძძძძ. ფრსსსსსსსსს ტაკ. ეჰ! ფრსსსსსსსსსტაკ...“ აჰ! ერთი მხარე დასრულდა. იმედი მაქვს, ნემსის წვერი არ დაზიანებულა. რა ვქნა ახლა? გადავაბრუნო მეორე მხარეზე თუ ყავა მოვიდუღო? ყავას ავირჩევ, მაგრამ ჯერ მინდა, ამ თემაზე დაგაფიქროთ: „გაპარსული ღორები მართლა არსებობენ თუ?..“
ნაბიჭვრები!
არ მჯერა, რომ შეყვარებული ვარ!
410 წამი ვუყურე სულ და მოხარშულ კვახად გადავიქეცი, ისე შემიყვარდა. ეს ის დროა, როცა მაიკ ტაისონმა ფრენკ ბრუნო დასცა. იცით, როგორია მოხარშულ კვახად ყოფნა? დამიჯერეთ, ნამდვილად არ არის სასაიამოვნო მდგომარეობა. ჟიურის წევრებო, როგორ შეიძლება არ დასაჯოთ ეს მონსტრი, რომელმაც ამ დღეში ჩამაგდო?!
არავის ეცოდები, რა!
სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. ვილა პამფილიში ვიჯექი სკამზე და მშვიდად ვუსმენდი „ნირვანას“ ისტერიულ მუსიკას, შენ რომ გამოჩნდი... გადაპარსულ თავზე მხოლოდ ერთი კულული გქონდა და ისიც სახეზე გეკიდებოდა, ფეხზე კი ფოლადის წვეტიანი ფეხსაცმელები გეცვა... დაუჯერებელია მართლაც!
როგორც კი დაგინახე, „ნირვანა“ ეშმაკს მივუგდე, სიმშვიდე დავკარგე და შენით ჩავითუთქე.
რამდენი რამ მომიყევი მაშინ! მითხარი, რომ ცნობილი მუსიკოსი იყავი, რომ ალბომი გქონდა გამოცემული, სახელწოდებით „შიტ ფორ ბრაინს“, და რომ სამი ხუთსანტიმეტრიანი ნემსი გქონდა ტვინში ჩასობილი, რადგან დედაშენი ვიღაც მკერავთან გტოვებდა, სამსახურში რომ მიდიოდა.
მოხარშული კვახივით ვარ უკვე, განადგურებული და ჩრდილად დარჩენილი.
ბოლოს და ბოლოს, დამირეკავ თუ არა?
ჩაო... მე ის ვარ, ვილა პამფილიში გიტარით რომ დადის, მუსიკოსი, და მთელი სხეული რომ აქვს დასერილი. როგორც ხედავ, წერა ვამჯობინე ტელეფონით დარეკვას. მეზიზღება ტელეფონი! სხვა რამეებიც მეზიზღება, მაგრამ მგონი, ეს არ არის ის თემა, რაზეც ვისაუბრებდით. თუ გინდა, გიამბობ, რაც მომწონს. ასე ჩემ გაცნობას უკეთ შეძლებ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მაინც ვერავის გაიცნობ.
ესე იგი: ძალიან მომწონს ჩემი კომპოზიცია „მარჩა დურა მეტალოზა ენდ მარტორიატა“, იმიტომ რომ მასში ჩემი ხასიათი გადმოიცემა.
მომწონს ჩემი ჯავშნიანი ჩექმები.
მომწონს ვილა პამფილი.
მომწონს ჩემი ძაღლი ბლექი, მიუხედავად იმისა, რომ მკვდარია უკვე.
მომწონს რეკლამა... მე მჯერა რეკლამის, რადგან მხოლოდ ის გპირდება რაღაცას და ოცნებებში გაგდებს; მხოლოდ მასში ჩანან ფოტომოდელებივით შესანიშნავი აღნაგობის დიასახლისები და არა, მსუქან-მსუქანი, თმა-წვერიანი დედები, რომლებსაც მუდამ ჩამოსტირით სახე ნარკომანი შვილების გამო ან კიდევ მოწესრიგებული, გაკოხტავებული, მოღიმარი გლეხის ქალები, ტრაკები რომ აქვთ დაჟეჟილი ყანებში მუშაობით.
ჰო, კიდევ ერთი: მე მინდა დიდხანს ვიცოცხლო, ძალიან დიდხანს და თუ იქნება შესაძლებელი, არ მოვკვდე.
ახლა უკვე რაღაც იცი ჩემზე, აზია, და გთხოვ ყურადღებით წაიკითხო ეს წერილი.
კარგად! ნიკოლასი.
PS: ძალიან მომწონს შენ მკლავზე ტატუირებული U, ნახევარმთვარისა და ვარსკვლავების ფორმის; მაგრამ რას ნიშნავს?
ჩაო.
ძვირფასო ნიკოლას!
ახლახან მივიღე შენი წერილი და ფანჯარას მივვარდი, რომ დამენახე. ხელით მოიტანე? ფოსტის ბეჭედი არ აქვს დარტყმული...
როგორც ვატყობ, კონვერტის მარკებიც გეზარება და საფოსტო ყუთებიც... კარგი, კიდევ ერთი რაღაც შევიტყვე შენზე.
როგორ ხარ? იყავი მას მერე ვილა პამფილიში?
რაც სკოლა დამთავრდა, სულ მოწყენილი ვარ. დღევანდელი დღე მანიკურების კეთებასა და ბებერი დოსტოს კითხვაში გავატარე. „დანაშაული და სასჯელი“ ჩემი ფავორიტი ნაწარმოებია.
შენ ალბათ, უკეთეს დროს ატარებ. საინტერესოც იქნება შენი ცხოვრება. ჩემი მართლა საზიზღრობაა, დამიჯერე!
მეც მოგწერ რამეს, უკეთ რომ გამიცნო.
ესე იგი, მქვია აზია და ვარ 18 წლის (თითქმის). სულ რამდენიმე თვის წინ, კრისტოფერ ლამბერტივით მქონდა თმა შეჭრილი. ხომ იცი, ვინაა ლამბერტი? - ფილმიდან „საბვეი“... თმას ვიღებავდი წყლის ზეჟანგის, არყის, ლიმონისა და გვირილას შეზავებული ნაყენით. მერე მომწყინდა და გაზრდა გადავწყვიტე. ახლა, ძირებში უფრო მუქი ფერის წამომივიდა და ძალიანაც მომწონს.
გავიზარდე „პისტოლის“ რძით, „კლაშის“ ყველითა და „ბუზკოკის“ ფაფებით. მერე, თანდათან სხვა მარკებზე გადავედი.
სურნელი მომწონს ჰაშიშის, შროშანის, მთის ყვავილებისა და ლეღვის ხის ფოთლების.
კერძები: კუსკუსი, კრემ-კარამელი, გასპაჩო, სპაგეტი ყველანაირი საწებლით, ზღვის მცენარეები, სუში, არაგოსტა, კრევეტები (ძალიან ვწუხვარ ამ ბოლოების გამო, მაგრამ...).
სამი თვე კრივზე ვიარე სინიორ მარიოსთან, მაგრამ დეკემბერში ფული დასჭირდა, გააუქმა სპორტდარბაზი და ტაქსიზე მუშაობა განაგრძო.
სხვა რა მოგწერო?
წინა ზაფხულში მეზღვაურის მოწმობა ავიღე; და ერთ დღეს, ჩემს მეგობარ ფიორესთან ერთად სადმე, შორს ვფიქრობ გამგზავრებას, ალბათ იემენში.
P.S. ჩემს მკლავზე გაკეთებული ტატუ - U, უტოპიას ნიშნავს.
დღეს რაღაც შეიცვალა.
მთელი ღამე შამფურზე წამოგებულივით ვიტრიალე ლოგინში. 9 საათზე ავდექი და აზიას სახლისკენ წავედი, არც დამირეკავს, ისე. თითქმის მთელი დილა ვიჯექი სადარბაზოს წინ, კიბის საფეხურზე და ველოდი მის ჩამოსვლას. რომ დამინახა, გაუკვირდა.
თავისი წერილი გადმომცა, და ფეხით გავუყევით გზას ვილა პამფილისაკენ, სადაც მთელი შუადღე გავატარეთ. საღამოსთვის, როგორც იქნა, სკამზე ჩამოვჯექით. დავაძრე ჩემი შაბოც და ცოტა შევათბე. კრისტალები ფერფლად რომ გადაიქცა, ჩიბუხში ჩავყარე და ორივემ მოვწიეთ.
ვფიქრობ, მისთვის პირველად იყო...
როგორც იქნა, დღეს ნიკოლასი ვნახე.
სახლიდან გავედი, წერილი რომ წამეღო; და ჩავედი თუ არა დაბლა, სადარბაზოს კართან დამხვდა, ეწეოდა. წერილი გადავეცი, და მან ჩემ თვალწინ დაიწყო კითხვა (ისე, ცოტა კი შემრცხვა...). მერე ვილა პამფილის ხრეშმოყრილ გზაზე გავისეირნეთ, თან ვსაუბრობდით. ნიკოლასმა თავისი კონცერტების შესახებ მომიყვა. თქვა, რომ ერთხელ ის სცენიდან ჩამოაგდეს, რადგან გიტარაზე დამაგრებული მაშხალები შუა კონცერტის დროს გაუვარდა და ორ ტიპს მოხვდა, რომლებსაც ტანზე სარდინიელი მწყემსების ჟილეტები და ფეხებზე ბერების ფეხსაცმელები ეცვათ.
ყოველ ორ წუთში მისახელებდა გზაში დანახულ ფრინველებსა და ცხოველებს: წეროები, გედები, იხვები, ჩრდილოამერიკული კუები, წყლის ქათმები... დაუჯერებელია, ყველაფერი იცის!
როცა შეღამდა, ამოიღო მარილის კრისტალების მსგავსი ნივთიერება და შეთბობა დაიწყო. ეს შაბო იყო... იაპონელი კამიკაძეები ხმარობდნენ მას მეორე მსოფლიო ომის დროს. მისი მოწევისას, ისე მომემატა ძალა, რომ სულ თავისუფლად შევძელი ვილა პამფილიზე ათი წრის შემოვლა.
მთელი შუადღე აზიასთან ერთად.
მზე იყო ისეთი, რომ ქვას ხეთქავდა. ზოგჯერ მდინარე ტევერეს ნაპირზე ჩამწკრივებულ ბებერ ჭადრებს ვეფარებოდით და ისე ვეწეოდით. ბაზრის შესასვლელთანაც მოვწიეთ ცოტა და მერე გაბრუებულები ინგლისელების არაკათოლიკურ სასაფლაოსკენ წავედით, დედაჩემის საფლავის ნახვა გვინდოდა.
ისე, დედაჩემი იქ არ არის დასაფლავებული, ვერანოშია, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ინგლისელების სასაფლაოზე მარხია, ასე მომწონს და ამიტომ.
აზიას ცრემლი მოერია და ერთი ვარდი ჩემთვის უცნობი ქალის საფლავზე დადო, რომელსაც ლინდა მაკკენძიე ეწერა. მოვინახულეთ შელის ფერფლიც და კიტსის ძვლებიც. ბაირონის საფლავთან კი ერთმანეთს ვაკოცეთ. სანამ იქაურობას დავტოვებდით, გრამშის საფლავს მივაფურთხე, მაგრამ აზიას არ დავანახე, მგონი, მემარცხენეებს ეკუთვნის...
აღარაფერი მესმის.
არ ვიცი, კვამლის სუნი ამდის თუ ნიკოლასის, ალბათ ორივესი...
ყოველთვის მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას და მერე, მაიმუნივით ერთად გაბოლებას. მის გვერდით შემიძლია შეუჩერებლად ვიარო, სანამ ფეხები მატარებენ.
დღეს, როგორც იქნა, მოხდა...
არაკათოლიკეების სასაფლაოზე, საფლავებსა და ფიჭვებს შორის, ცნობილი ადამიანების ფერფლების წინაშე ერთმანეთს ვაკოცეთ.
ეს იყო ზერომანტიკული განცდა!
ერთი ვარდი დედამისის საფლავზეც დავდეთ, რომელიც თურმე მოცეკვავე ყოფილა და საგზაო ავარიაში გარდაცვლილა, რის გამოც მამა სამი თვის განმავლობაში კომაში ჩავარდნილა. დღეს კი გამოჯანმრთელებულია და ზღვის სანაპიროზე აშენებულ სახლში ცხოვრობს, სადაც ყვავილების მოვლითა და საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაშით გაჰყავს დროო, მითხრა.
ნიკოლასი ჩვეულებრივ დოკ მარტენსის მარკის ფეხსაცმელებსა და ლევისის შარვალს იცვამდა, ტანზე კი - ერთ უბრალო, შავ, გამოხუნებულ მაისურს. და როცა მისი ენა ჩემს პირს შეეხო, კვამლისა და სისხლის გემო ვიგრძენი, ოფლისიც... რაღაც ცუდი, არაჯანსაღი გემო, მაგრამ უსაშველოდ კი აღმაგზნო მაინც.
დღეს ერთი პატარა ინციდენტი მოხდა.
აზია შეწუხდა ვილა ტორლონიაში, სადაც ერთი ტიპის სანახავად მივედით, რომელსაც ფული უნდა მოეცა ჩემთვის, თან სასეირნო ადგილის შეცვლაც გვინდოდა...
ერთბაშად დაკარგა ფერი სახეზე, გაფითრდა და ცივმა ოფლმა დაასხა. თითქმის გონებადაკარგული წაიქცა სკამზე და თვალები გადაატრიალა. მე, რაც ძალა და ღონე მქონდა, ყვირილი მოვრთე. ორი სპორტულად ჩაცმული მამაკაცი მოვარდა და მათი დახმარებით, აზია უმბერტო პრიმოს საავადმყოფოში წავიყვანე. იქ ექთნებმა ინვალიდის ეტლში ჩასვეს და ერთ ოთახში შეიყვანეს, სადაც წნევა გაუზომეს და გულის მუშაობა შეუმოწმეს. ერთმა პერსონალმა, მისი ყურადღება რომ სხვა რამეზე გაემახვილებინა, მოუყვა, თუ როგორ მიიყვანეს ერთხელ ამ საავადმყოფოში კურტ კობეინი, რომელიც როიპნოლის ზედოზირების გამო, კომაში იყო ჩავარდნილი...
ცოტა სედატიური საშუალებები გაუკეთეს აზიას და როგორც იქნა, გონს მოვიდა. მე ნერვიულობისგან კბილებს ვაღრჭიალებდი და ექიმებს ფეხებში ვებლანდებოდი. კარგი შესახედავი ნამდვილად არ უნდა ვყოფილიყავი.
ცუდი შუადღე.
დღეს ისე, უბრალოდ, ვილა ტორლონიაში წავედით.
მესამე თუ მეოთხე მოწევის შემდეგ, როცა ნიკოლასი ერთი მოხუცი ქალის, ჯეტ ფირებირდის შესახებ მიყვებოდა, ვიგრძენი, გულმა როგორ დამიწყო ცემა, ყურებამდე ამომივარდა და თვალები დამიბინდდა... რომ გავახილე, ინვალიდების ეტლში ვიჯექი. ექიმები და ექთნები სტეტოსკოპით თავს დამტრიალებდნენ და პულსს მისინჯავდნენ. უკან ნიკოლასიც იდგა - ფერმკრთალი, გამხდარი და თვალებგადმოცვენილი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ძალიან ნერვიულობდა.
ცოტა ხანში, ვიღაცამ კურტ კობეინის ამბავი მომიყვა, რომ ერთ საღამოს, საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიუყვანიათ ცოცხალ-მკვდარი. დახეული ჯინსის შარვალი ეცვა თურმე, ტანზე კი - კუნთებდახატული თეთრი მაისური; მარცხენა ხელის მაჯაზე „როლექსის“ ოქროს საათი ჰკეთებია, მარჯვენაზე - „კარტიერის“.
24 საათის შემდეგ მოსულა გონს, და მაშინვე სიგარეტი და ჩიპსები მოუთხოვია.
მე კი არაფერი მინდოდა, ნიკოლასის კოცნის გარდა...
აზიას დღეობა - 18 წელი.
პატარა კუბო ვუყიდე შიგ ბარბის თოჯინით. ვარდისფერია და მოღიმარი გოგონა ჩანს გულისმაგვარი ფორმის სახურავიდან. უკვე გამზადებულია ბარბის სასაფლაოზე დასამარხად. კუბოში ჩასადები ვარდისფერი ბალიშიც ვიყიდე, ვარდისფერი ნიჩაბი მიწის ამოსათხრელად და ყვავილების გვირგვინიც.
აზიას, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა ასეთი საჩუქარი, მაგრამ ეტყობოდა, მაინც კმაყოფილი დარჩა, რადგან მთხოვა, მის სახლში მივსულიყავი ამ დღის აღსანიშნავად. მშობლები არ იყვნენ და ჩვენც კარგად გავერთობოდით...
სანამ მასთან მივიდოდი, ფილიპინელის ნახვა მოვინდომე, ცოტა მოსაწევი რომ მეყიდა, მაგრამ ვერსად ვნახე. მაშინ ერთი გრამი კოკაინი გამოვართვი ტიპს უბანში და აფთიაქში შევიარე ორი ერთმილიმეტრიანი ინსულინისა და წყლისთვის.
მერე წავედი აზიასთან.
დიდი დღე!
დრო კოკას წევაში და იმის კეთებაში გავატარეთ, რაც მთელი ჩემი არსებით მინდოდა კარგა ხანია.
ნამდვილი გარყვნილება!
დაუჯერებელია, მე თითქმის გავაუპატიურე ნიკოლასი ჩემი მშობლების საწოლში... მათი სახელები, არნალდო და ჯუზეპინა დავირქვით და როლებიც მათივე შევასრულეთ.
გასაგიჟებელი იყო ნამდვილად! ნიკოლასმა გათავება ვერ მოახერხა, მაგრამ დამპირდა, რომ მომავალში ორჯერ იზამდა.
მგონი, მართლა ჩათლახივით მოვიქეცი... შეიძლება კოკას ბრალიც იყო, მოვწიეთ და ვენაშიც გავიკეთეთ ცოტა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მე აწყვეტილივით ვიყავი და თავს ვეღარ ვიკავებდი.
საღამოს ფიორემ დამირეკა. კარგა ხანია, არ მილაპარაკია მასთან, ათი ან თხუთმეტი დღე მაინც. მკითხა, რა გჭირს, ასეთი ხმა რატომ გაქვსო, მაგრამ მე ვერაფერი ვუპასუხე, ნიკოლასი მაწვალებდა თითით მუცელზე, მკლავებზე, მთელ ტანზე... ფიორემ, ეტყობა, მოთმინება დაჰკარგა და ყურმილი დამიგდო.
ნაბიჭვრები! ხელისშემშლელები!
დღეს სიურპიზი გაგვიკეთეს.
ჩემთან მივედით სახლში „შიტ ფორ ბრაინის“ მოსასმენად (ჩემი დისკია), სიჟიმაოდ და ჩვენს საიდუმლობებზე სალაპარაკოდ. მე აზიას მტრედების ამბავი მოვუყევი, წინ მდებარე ბინაში რომ გავანადგურე ჰაერისმსროლელი პისტოლეტითა და პლასტმასის ბურთებით. ის კი მომიყვა, რომი-ლ’აქუილას არხში რომ უნდოდა გადახტომა და თავის დახრჩობა, როგორც ერთი ოჯახი განადგურდა გასულ ზამთარს...
მერე ქვევით ჩავედით. ვეღარ ვაზროვნებდით, ისე ვიყავით ანფეტამინის ზემოქმედების ქვეშ. აი, სწორედ მაშინ ვნახეთ სიურპრიზიც:
საავადმყოფოს გაეგებინებინა აზიას ოჯახისთვის მომხდარი ამბავი და ახლა მამამისი ქვევით გვიცდიდა შემოსასვლელთან.
რა სანახავი იყო!
თმა ზოროსავით ჰქონდა შეკრეჭილი და ბეწვის საყელოიანი ქურთუკი ეცვა. ულვაშები ვილი დევილივით გაწკეპოდა. მეკობრეების ფილმიდან გეგონებოდათ გამოსული... ფუ, გულისამრევი!
ქათამივით იყო შემომჯდარი თავის „ჰარლეი სპორტსტერ 1200“-ზე და მათვალიერებდა ფეხის თითებიდან თმის ძირამდე, თან სიგარეტს აბოლებდა.
ტრაგედია.
განადგურებული და დაცლილი ვარ ნამდვილად...
ლაპარაკიც არ შემიძლია.
ყოველივე კარგი რატომ უნდა დამთავრდეს სულ?!
ყველაფერი წესრიგში იყო. საქმე კარგად და ლამაზად მიდიოდა...
ნიკოლასის სახლშიც ვიყავი ნამყოფი. სად არ გვქონდა სექსი - პიცის გაციებულ ნაჭრებზე, ჰამბურგერის ნარჩენებსა და სასმელების დაჭყლეტილ ლითონის ქილებზე... მისი პირველი დისკიც მოვისმინე, გიტარაზე რომ უკრავდა დამაყრუებლად და რიტმგარეშე... ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ გამოჩნდა ის ყლე მამაჩემი, საქმე რომ გაგვიფუჭა.
მეზიზღება! მეზიზღება! მეზიზღება! აღარ მომცემს ნიკოლასთან შეხვედრის უფლებას... ამას მირჩევნია, სარდაფში ჩამოვიხრჩო თავი. მერე მნახავს თავგასიებულსა და ენაგადმოგდებულს... აი, ნახავს, ასე თუ არ გავაკეთებ!
მთელი შუადღე ვილა პამფილიში.
კოკას გასაკეთებლად სასადილოს ყოფილი შენობის ტუალეტში შევედი, თან მუშებს ვუყურებდი ფანჯრიდან, სპეციალური ბადეებით როგორ იჭერდნენ ნუტრიებს.
როცა გალიების მოთავსება დაიწყეს მანქანაში, ავყვირდი და ნივთები დავუშინე მათ. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ სამუშაო უნიფორმაში ჩაცმული ორი ტიპი არ მომვარდა და არ გამაშორეს იქაურობას, თან პოლიციაში ჩივილით დამემუქრნენ.
პირზე ქაფმორეული პარკიდან გამოვედი და აზიას სახლისკენ გავწიე. რომ მივედი, ქვევით დავიცადე.
ჩამოვიდა თუ არა, ქანავ-ქანავით მივუახლოვდი მას, მაგრამ ის ვირთხა, ვილი დევილი ჩვენს შორის ჩადგა და ნაბიჭვარი მიწოდა.
ისე გადავედი ჭკუიდან, რომ პირდაპირ სახეში დავცხე და დავცხე მამამისს; სულ სისხლში ვაბანავე, და ძირს დაგდებული და ცხვირჩამტვრეული მივატოვე იქვე.
დასრულდა ნამდვილად.
დღეს ნიკოლასმა ცხვირი ჩაუმტვრია მამაჩემს და წიხლები დასცხო სახეზე.
ცოფიანი ძაღლი გეგონებოდათ... თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და დორბლი ჩამოსდიოდა ნიკაპზე.
ჩემს მშობლებს ფიცი მივეცი, რომ აღარ შევხვდებოდი.
დავპირდი მათ, რომ ანალიზებს ავიღებდი და თუ საჭირო იქნებოდა, სარეაბილიტაციოდ დეტოქსიკაციით მკურნალობასაც გავივლიდი.
სიტყვა მივეცი მათ, რომ ფიორესთან ერთად გავემგზავრებოდი ლონდონში, თუკი ნიკოლასს არ უჩივლებდნენ.
გავიღვიძე.
ფოლადის ერთ წყლიან ბაკში ჩავაფსი და ახლა ვზივარ აგერ, სკამზე, ოთახში და საღებავაქერცლილ კედელს მივჩერებივარ.
მთელი ღამე ვურეკავდი აზიას, მაგრამ მამამისი მპასუხობდა და არ მალაპარაკებდა. ბოლოს ალბათ, საერთოდ გამორთო ტელეფონი.
ოთხი საათისთვის აზია ჩემთან მოვიდა სახლში. დასამშვიდობებლად მოსულიყო...
ჩახუტება მინდოდა, მაგრამ თავად არ ისურვა. დივანზე დაჯდა.
მითხრა, რომ ფიორესთან ერთად ლონდონში აპირებდა წასვლას სწავლის გასაგრძელებლად.
მე ვუთხარი, რომ შემეძლო გავყოლოდი, და რომ იქ კარგ დროს გავატარებდით, ბედნიერებიც ვიქნებოდით, თანაც მისი მშობლები არ შეგვაწუხებდნენ.
მან კი, მამაჩემი გიჩივლებს, თუ მომიახლოვდები, და ჩვენი დაშორება აუცილებელიაო.
მითხრა, რომ მოწყენილი იქნებოდა ჩემ გარეშე, არასოდეს დამივიწყებდა და ა.შ.
მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი, წამალს ვიკეთებდი...
ყვითელი ქურთუკი ეცვა, ზედ გაღიმებული სმაილი ჰქონდა დახატული, შიგნით კი - თეთრი გაუუთოვებელი მაისური.
ლაპარაკი რომ დაასრულა, დავიხარე და შავი, შელახული ბუდიდან გიტარა გამოვაძვრე...
აზია სანამ გონს მოვიდოდა, აღვმართე გიტარა მის თავზე, და რაც ძალა და ღონე მქონდა, ჩავარტყი და ჩავარტყი... კიდევ და კიდევ... კიდევ... კიდევ.
ვურტყამდი მანამ, სანამ მოძრაობა არ შეწყვიტა.
მერე ტანზე გავიხადე და დაქცეული სისხლის წმენდას შევუდექი.
გიტარის სიმებს შერჩენილი თმაც მოვაშორე.
ძალა რომ მომმატებოდა, რაც კოკა მქონდა, სულ ვიხმარე. მეტალურ მუსიკასაც რამდენიმეჯერ მოვუსმინე. სარკის წინ მოქმედებებს ვასრულებდი. ფეხებს ვიქნევდი, როგორც ფრანგულ ბოქსშია (კრივში?) და გიტარის სიმებს მაგრად ვქაჩავდი, თან ველურ ხმას გამოვცემდი - ნნნნიიიაააუუოოონნნნ!!!
მერე ნაგვის დიდ ცელოფნის პარკში ჩავდე აზიას ცხედარი და თავი მოვუკარი. გამთენიისას მანქანა გავაღე, სკამი საჭემდე ამოვწიე და ეს ცელოფანი უკან ჩავაკუჭე; ჩავჯექი მანქანაში და კასტელ ჯუბილეოს ჰესისკენ გავემართე.
მივედი თუ არა, გადმოვათრიე მანქანიდან და წავათრიე მდინარე ტევერეს ჯებირისაკენ. ყბები ამოკეტილივით მქონდა და კუნთები მიცახცახებდა.
გავხსენი ცელოფანი და მისი სხეული წყალში ჩავაცურე.
როცა ვაწვებოდი, წარმოვიდგინე, როგორ ცურავდა აზია თევზებს, თაგვებს, ხის ღეროებს, ტოტებსა და მძღნერს შორის.
იქაურობას არც ვილა პამფილის ნუტრიები აკლდნენ.
იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ