როსტომ ჩხეიძის „შეუვალი სამყარო“


როსტომ ჩხეიძის „შეუვალი სამყარო“




სულ მებრძოლებზე წერს, გაუტეხლებზე, ვალმოხდილებზე – უცნაურ გამარჯვებულებზე, უცნაურად თავისუფალ ხალხზე. აბა, როგორი გამარჯვებაა, გზაზე რომ დაგხვრეტენ, უწამლოდ და უექიმოდ რომ მოკვდები, ციმბირს რომ მოგატარებენ, სამშობლოდან რომ გაგაძევებენ და მოგკლავენ, აშენებულს რომ დაგინგრევენ, დაწერილს რომ დაგიხევენ... არამხოლოდ წერს, ისე მოხდა, რომ თარგმნითაც სულ ასეთი ხალხის ტექსტებს თარგმნის, როგორც მანიფესტებს, თითქოს ფორმულები გამოჰყავს: „ამას“ პლუს „ეს“ პლუს „ის“ უდრის თავისუფლებას, უდრის დამოუკიდებლობას, უდრის მარადიულობას – ტანჯვასაც, ღალატსაც, ტკივილსაც, ყველაფერ ადამიანურს – და მაინც, უდრის გამარჯვებას!..

როსტომ ჩხეიძე ახლა ოცდამეცხრე ბიოგრაფიულ რომანს ამთავრებს – მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების ქრონიკა „კალამი გოლგოთაზე“. დღემდე გამოცემული აქვს „ბურჯი ეროვნებისა: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ქრონიკა“, „კომიკოსი ტრაგედიაში: გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების ქრონიკა“, „მოციქული: თედო სახოკიას ცხოვრების ქრონიკა“, „აგვისტოს შვილები: მამაჩემი ოთარ ჩხეიძე“, „ყაზბეგიანა“, „ბედი პავლე ინგოროყვასი“, რომელიც სამჯერ დაიბეჭდა და სხვა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემური ენების განყოფილება. მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებაში, შემდეგ კი ამავე ინსტიტუტის გალაკტიონოლოგიისა და ტექსტოლოგიის სამეცნიერო ცენტრებში. იყო ჟურნალ "ომეგასა" და გაზეთ "ჩვენი მწერლობის" მთავარი რედაქტორი, "ჩვენი მწერლობა" მოგვიანებით ჟურნალად გადაკეთდა.როსტომ ჩხეიძეს დაწერილი აქვს მრავალი მონოგრაფია, ლიტერატურული ესე და სტატია ქართული და უცხოური (უმთავრესად ინგლისური და ამერიკული) მწერლობის თემატიკაზე; არის მხატვრულ-დოკუმენტური წიგნების ავტორი; თარგმნილი აქვს ინგლისური და ამერიკული ლიტერატურული თუ პოლიტიკური ესეები და არაერთი სხვა თხზულება.

როსტომ ჩხეიძის წიგნები, ლიტერატურული და სამეცნიერო კვლევები, მისი ტექსტები სოციალურ ქსელებსა და ჟურნალ-გაზეთებში, მისი გადაცემები ტელევიზიასა და რადიოში თითქოს გზამკვლევია იმ სააზროვნო სივრცეში, სადაც მთავარი ლიტერატურაა, სადაც მთავარი ის ხალხია, ვინც ლიტერატურას ქმნის, ვისაც ლიტერატურა უყვარს...

ვინც როსტომ ჩხეიძესთან „ორბელიანის საღამოებს“ არ დასწრებია, შეუძლია წარმოიდგინოს 90-იანი წლების თბილისი და ლიტერატურის ინსტიტუტის ერთი პატარა დარბაზი, სადაც ისე ციოდა, ისე ციოდა, რომ პალტოსაც არავინ იხდიდა. 1995 წლიდან აქ კვირაში ერთხელ ასე ჩაფუთნილი ხალხით ივსებოდა მთელი დარბაზი და დაღამებამდე არავინ ტოვებდა იქაურობას: ახალი წიგნები, ახალი ავტორები, ახალი რეცენზიები, აუდიტორია და ასპარეზი ავტორიტეტიანი თუ დამწყები ავტორებისთვის. სასწორის ეს ერთი პატარა პინა თითქოს ყოველთვის გადასწონიდა ხოლმე მეორეზე დახვავებულ სიცივეს, უსინათლობას, უსამართლობას,  ომს და ნგრევას... თითქოს აწონასწორებდა.

...ამიტომაც და ალბათ, ბევრი სხვა რამის გამოც, როსტომ ჩხეიძეს დღეს  შეუძლია თქვას: "მქონდა ჩემი შეუვალი სამყარო -  თავისი ტერიტორიით, ენით, ემბლემით, დროშითა და კონსტიტუციით!.." 

 

როსტომ, მოდი, იმით დავიწყოთ, რაც ახლა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, დედამიწაზე; რის გამოც ეს „წერილობითი ინტერვიუ“ გვაქვს და რამაც ჩვენი გეგმები და რეალობა თავდაყირა დააყენა. რას აკეთებს როსტომ ჩხეიძე „პოსტპანდემიური ხანის მოლოდინში“ და როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ეს ხანა – ჩვენთვის, სამყაროსთვის?

– შემთხვევით არ შექმნილა ეს ტერმინი: პოსტპანდემიური ხანა. ეს მართლაც ახალი ეპოქისმაგვარი რეალობა იქნება, რადგანაც კაცობრიობამ ერთსულ და ერთხორც განიცადა ეს კიდევ ერთი ჟამიანობა, რამაც გაამძაფრა გრძნობები და დიდი სულიერი მღელვარებაც გამოიწვია, რადგანაც ადამიანს გაუძნელდა ამ მოულოდნელ ცვლილებებთან შეგუება, არანაკლებად შემძვრელი გარდამტეხ პოლიტიკურ მოვლენებსა და კატაკლიზმებზე.

რაღაც ამგვარს უთუოდ მოველოდით – თან არ გვჯეროდა, მაგრამ თან გვჯეროდა.

მწვავე მოლოდინი ახალი ჟამიანობის მოახლოებისა, გამოხატული ათასგვარი უცნაურობით, მფრინავი თეფშების, უცხო პლანეტებიდან მოსული სტუმრების, მკითხავების, მჩხიბავების, კუდიანი ვარსკვლავის გაუთავებელი ხსენებით, რაღაც ამგვარად უნდა აღსრულებულიყო.

სასაცილოდ არ გვყოფნიდა ბევრს ეს ყოველივე?

აბა, ახლაც თუ ვართ სიცილის გუნებაზე!.. და თუ ვართ, უფრო იმიტომ, თავი რომ დავიმშვიდოთ და ვინუგეშოთ, თორემ ძალზე მძიმე რეალობა გადავიტანეთ თუ ჯერაც გადაგვაქვს და შევდივართ სწორედ იმ პოსტპანდემიურ ხანაში, რომელიც არ ვიცით, რას გვიქადის.

დიდი ფსიქოლოგიური წნეხი განვიცადეთ და შესაბამისად – ფერისცვალებაც ჩვენს ფსიქიკაში.

მაგრამ თუ განვიცადეთ ფერისცვალება ჩვენს ზნეობაშიც – კაცობრიობამ საერთოდ და ქართველებმა კერძოდ?

თავს ვირწმუნებთ – და ღმერთმა აგვიხდინოს ეს რწმენა – სასიკეთო ზნეობრივი ფერისცვალების მოწმენი შევიქნებითო, მაგრამ ნეტა რა როგორ მოხდება ყოფით რეალობაში?

ისე, თუკი მართლა ვირწმუნებთ და ილუზიებს არ გამოვედევნებით, კიდეც უნდა მივაღწიოთ მისაღწეველს, ჟამიანობამ გამოგვაფხიზლოს და დაგვიბეჯითოს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ფორმალური არსებობა ბევრს არას ნიშნავს, თუ მართლაც არ შევიგრძენით თავი საქართველოს სახელმწიფოს შვილებად და ყველაფერი, მსხვილმანი იქნება თუ წვრილმანი, ამ გადმოსახედიდან არ გავიაზრეთ და შევაფასეთ.

და თუ რაიმეს ვისურვებდი უპირველესად:

პოსტპანდემიურ ხანაშიც ისევე შეგვენარჩუნებინოს კაცობრიობასთან სულიერი სიახლოვე, როგორც ჟამიანობამ გადაგვაჯაჭვა ერთმანეთს. უბრალოდ – იძულება სულიერ ძაფებად გარდაისახოს, აღარასოდეს რომ აღარ გაწყდება.

 

ამბობენ, რომ ეს პანდემია ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა. ბევრი რამ გამოჩნდა: სტრატეგიული შეცდომები მეცნიერებისა თუ განათლების მიმართულებით, ხელისუფალთა არასწორი გადაწყვეტილებებიც; ადამიანური სისასტიკის მაგალითებიც დავინახეთ და თავგანწირვისაც. თქვენ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას, რა იყო და არის ყველაზე თვალშისაცემი? და ეს დრო ჰგავს სხვა დროს? ეპიდემიები იყო იმ დროშიც, რომელზეც თქვენ გიმუშავიათ და დიდ ინფორმაციას ფლობთ.

– მეტ-ნაკლები ცვლილებანი თუ შემოტრიალებანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოველთვის თამაშობს ლაკმუსის როლს, უკიდურესად მწვავე ვითარებანი ხომ ლაკმუსია და ლაკმუსი -  ჩვენი დროება როგორიც აღმოჩნდა.

სახელმწიფოებრივი წყობის – მოშლა არ მინდა ვთქვა – დაქანება უკვე ისე თვალნათლივ ჩანდა ყოველი გონიერი ადამიანისათვის, ჟამიანობა სულაც არა სჭირდებოდა სტრატეგიული შეცდომების, უფრო კი დანაშაულთა, აღმოჩენას მეცნიერებისა და განათლების მიმართულებითაც და ხელისუფალთა სხვა არასწორი გადაწყვეტილებების სავალალო შედეგებშიც.

ან რომელ გადაწყვეტილებებზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ხელისუფლება აზროვნებს პარტიულად და არა სახელმწიფოებრივად.

აქ არის ჩაბუდებული მთავარი მიზეზი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის სულ უფრო და უფრო დეგრადირებისა, რასაც არაფერი ეშველება, ვიდრე პარტიული აზროვნება წარსულს არ ჩაბარდება და ვიდრე ყველა არ გავისიგრძეგანებთ, რომ ქვეყანა უპირველეს ყოვლისა კულტურაა.

ნიშანდობლივია, რომ კულტურის სამინისტრო ფორმალურადაც აღარ არსებობს და განათლების სამინისტროს შეურწყეს დანამატად – ვითომ რომ სუნთქავს, მაგრამ ეს რა სუნთქვაა, სულთმობრძავის ხელოვნური სუნთქვისა არ იყოს.

ლაკმუსს რომ ახსენებთ, უთუოდ გულისხმობთ, რომ ის, რაც ბევრისათვის – მაგრამ არა ყველასათვის – გახლდათ ცხადი, აწ უკვე საყოველთაო საწუხარი შეიქნა.

ამ მხრივ ამ ჟამიანობის როლი უსათუოდ აღსანიშნავია. თუმც ხელისუფლებამ სცადა მისი პოლიტიზება და ექიმების ჩაყენება თავის სამსახურში, მაგრამ საბედნიეროდ მთლად ასეც არ აეწყო საქმე, რადგანაც ადამიანთა სულში მიმდინარე პროცესები უფრო ძალუმი გამოდგა და გადაფარა და შთანთქა პანდემიის მორგება პოლიტიკაზე.

სულში მიმდინარე პროცესებმა კი გამოიწვია ნაცრისფერი რეალობიდან ამოვარდნა და ადამიანის კეთილ თუ ბოროტ თვისებათა გამკვეთრება, ის, რაც საერთოდაც ხდება ხოლმე ჟამიანობისას – სნეულებისაგან იქნება გამოწვეული თუ პოლიტიკური მისწრაფებებისაგან. კიდევ უფრო ამოზიდა ზემოთ ის ბოლშევიკური სული, რაც ასე დაუფლებია ხელისუფლებას, რომლის მმართველობის სტილი, სიცრუესა და სიყალბეზე ამოზრდილი, ვეღარც განგვისხვავებია ბოლშევიკურ-კომუნისტური ეპოქისაგან.

ადამიანებს შორის კი აშკარად გაიზარდა თანაგრძნობა, ყურადღებიანობა, შეწევნის სურვილი, დაინტერესება ერთმანეთის ყოფით.

მთლად ისეთი მასშტაბური დახმარება არ მომხდარა, როგორც თუნდ შავი ჭირის გადავლისას აღმოუჩენდა თვისტომთ ალექსანდრე ორბელიანი, მაგრამ იმ კეთილშობილური საქმის ანარეკლები ხომ იჩენდა თავს და ესეც ცოტას არ ნიშნავდა.

 

ახლა რა გზა დარჩა მწერალს, როგორ უნდა იმუშაოს, გამოაქვეყნოს? როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც წერას აგრძელებს? თქვენ რა შეცვალეთ და როგორ მუშაობთ? ერთია ონლაინსივრცე, სადაც მხოლოდ ტექსტები კი არა, ლამის მთელი დედამიწაა "შესახლებული" და მეორე - ცოცხალი ლიტერატურული პროცესი რეალურ თუ ბეჭდურ სამყაროში და რა ელოდება ამ მეორეს?

– ერთ-ორთვიან დაბრკოლებას ნუ გავაზვიადებთ, ამგვარი დაბრკოლებანი ლიტერატურული პერიოდიკისათვის ერთიან სამწერლო პროცესს განა ისეთს რას დააკლებდა, მითუმეტეს, წიგნების გამოცემა არ შეწყვეტილა. ტემპმა მოიკლო, როგორ არა, მაგრამ მთლადაც ხომ არ გაყინულა.

თან კომპიუტერულმა ცივილიზაციამ ისედაც ონლაინყოფაზე გადააწყო მწერლის ცხოვრება და პანდემიური ხანა მხოლოდღა დაემატა ამ რეალობას, რომელსაც მწერალი უკვე შეჩვეულია და შესაფერისადაც მოქმედებს.

მწერლის გამოკეტვა ისედაც ბუნებრივი მოვლენა გახლდათ ყოველ დროში, მისი ჩაძირვა მდუმარებაში და ხალხისაგან გარიდებულად, რათა იმავე ხალხს ასე მოუტანოს სულიერი საზრდოც და განძიც.

და ახლა კომპიუტერის წინაშე მჯდარს გამოკეტილი აღარც კი ეთქმის, იმავე წამსვე რომ შეუძლია გააცხადოს უამრავი ადამიანისათვის ახალი შემოქმედებითი ნაყოფი.

ბეჭდვას ეს ვერ შეცვლის?

ანკი რატომ უნდა შეცვალოს. უბრალოდ, სულის მოსათქმელად შველის და მკითხველი აუდიტორიის განწყობილების გამოსარკვევად.

ყველაზე მძიმეც და ყოვლად აუხსნელიც აღმოჩნდებოდა ბიბლიოთეკებისა და წიგნის მაღაზიების ჩაკეტვაც.

ეს მეც კი მწვავედ ვიგრძენი, უმდიდრესი საოჯახო ბიბლიოთეკა რომ მაქვს, და რაღა უნდა ითქვას იმ მწერლებსა და მეცნიერებზე, რომელთათვისაც თუნდ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მეორე ოჯახად ქცეულა.

გამომცემლობებს კი ხელოვნურად გაურთულეს ცხოვრება იმ ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილებით – ახლა შეიძლებოდა თუ შეიძლებოდა წიგნების გავრცელების დაჩქარებაც და გააქტიურებაც, შინ დარჩენილთაგან ბევრმა რომ აღმოაჩინა თავის თავში მკითხველი და კიდეც დაეწაფნენ წიგნებს მთელს მსოფლიოში. ჩვენთან კი გზა ჩაეხერგათ ახალი წიგნებისაკენ ასეთ ადამიანებსაც, თორემ მკითხველი ხომ დაიჩაგრა და დაიჩაგრა.

ერთი სიტყვით:

მწერალი ისე ძალიანაც არ დაზარალებულა, და ვისაც წერის უნარი მოჩლუნგებია, პანდემიას ნუ გადააბრალებს, თავის თავში ეძებოს მიზეზები, თორემ ყოფითი წინააღმდეგობანი არასოდეს დაილევა და თუ ყველაფერი ლამის გადაულახავ დაბრკოლებად მივიღეთ, ვეღარაფერი გაგვიკეთებია და ეგაა.

 

როსტომ, მოდი, ახლა ერთი საუკუნით უკან დავბრუნდეთ – წარსულში, საქართველოს 20-იან წლებში და თქვენი ოჯახის 20-იან წლებში. თქვენ შესწავლილი გაქვთ ეს წლები, ის ხალხი, ვინ იმ დროს ცხოვრობდა და კვდებოდა, კლავდნენ. ალბათ, ერთია, როცა ამის შესახებ ისტორიის სახელმძღვანელოში (და გვაქვს კი ასეთი სახელმძღვანელოები?) კითხულობ, სამეცნიერო კვლევებს ეცნობი და მეორეა, როცა ეს საკუთარი ოჯახის ისტორიაცაა. რა მოხდა იმ დროს საქართველოში, რა დაემართა ქვეყანას და რაც მთავარია, ხალხს – ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. რა შეუშლის ხელს, რომ იგივე არ განმეორდეს?

– ისტორიის სახელმძღვანელოები აღარ მიხსენოთ. ძალზე ცუდ გუნებაზე მაყენებს მათი გაცნობა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ავტორები ჯერაც იქ არიან დარჩენილები – საბჭოთა ეპოქაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის თავგადასავალი წარმოდგებოდა და შუქდებოდა ყოვლად ზედაპირულად, ის კი არა – ყალბადაც, მიკერძოებულადაც, უკუღმართადაც.

კოსმეტიკურად გადახედილია მაშინდელი შეხედულებანი, ალაგ-ალაგ შეფეთქილია და ზოგჯერ მართებული მოსაზრება თუ დაკვირვებაც გაიელვებს, მაგრამ ეს რას უშველის იმ მთლიან პანორამას, რომელიც დაცილებულია და ძალიანაც დაცილებული ისტორიული რეალობისაგან.

სიყალბე იქით იყოს, უფრო უინტერესო საკითხავს, ვიდრე სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი ჩვენი ერის თავგადასავალია, ბევრს ვერ იპოვით.

ეს ყოველივე მხოლოდ დააშორებს ყმაწვილებს მათი მოდგმისა და ქვეყნის ნამდვილ წარსულს, მაშინ როდესაც უფრო შთამბეჭდავი ისტორიის სახელმძღვანელო ბევრ ერს არ შეიძლება მოეპოვებოდეს, საქართველოს ისტორია რასაც გაწვდის და მეტი რაღა უნდა სურდეთ ისტორიკოსებს, სახელმძღვანელოს ავტორებს, რომელთაც უხვავებს უზღვავ მასალას შემძვრელი ამბებისა და პერსონაჟთა შთამბეჭდავი გალერეისა. და ამ სიმდიდრის წახდენა დანაშაულია ჩვენი ერის წინაშე, რადგანაც იმ წარსულში ჯეროვნად ჩაწვდომის, ღრმა გააზრების გარეშე ვერასოდეს შევითვისებთ სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ურომლისოდაც ჩვენი არსებობა სულთმობრძავის ღინღილი თუღა იქნება.

ჩემთვის წარსული, შორეულზე შორეულიც, სადაც მზერა ბუნდოვანდება, ცოცხალ განცდაში არსებობს, ეს ცოცხალი განცდა კი შემათვისებინა სწორედ ჩემი ოჯახისა და საერთოდაც, ჩხეიძეთა სახლეულის თავგადასავალმა, ჩემი წინაპრები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცხოვრების შუაგულში რომ ტრიალებდნენ და სასიკეთო კვალსაც აჩნევდნენ ქვეყნის განვითარებას.

სავსებით ბუნებრივია, 1918-21 წლების დამოუკიდებლობისასაც უშუალო მონაწილეობას რომ იღებდნენ ქვეყნის აღმშენებლობაში, რევაზ ჩხეიძე კი, პაპაჩემი, რომელიც 1917 წლის თებერვლის რევოლუციისას პეტერბურგში იმყოფებოდა და მღელვარებაშიც აქტიურად მონაწილეობდა, 1921 წლის თებერვლის დღეებში იარაღით ხელში იცავდა 26 მაისის მონაპოვარს.

და ისიც სავსებით ბუნებრივია, 1924 წლის აჯანყებისას ისიც, მისი ძმა დიმიტრიც და ბიძა ერმალოზიც რომ შეეწირნენ დამოუკიდებლობის ამოგების ტრაგიკულ და ჰეროიკულ მცდელობას.

რაც თვალი გამოვახილე ქვეყანაზე, აგვისტო-სექტემბრის იმ მღელვარე დღეების სუნთქვით ვიზრდებოდი და ხელშესახებად რომ განვიცდიდი იმ დღეებს, ძალდაუტანებლად ამიტომაც შევიგრძენი ცოცხალ რეალობად ქართული ერის მთელი თავგადასავალი.

ამოსაგებად არ გაგვიხდებოდა საქმე და 70 წლიან ბოლშევიკურ უკუნში სასიარულოდ, უთაური ხელისუფლება რომ არა გვყოლოდა მენშევიკური პარტიის სახით, გონებადაბინდული მარქსისტული იდეებისაგან, ნაკლებ ველურები, ვიდრე ბოლშევიკები, „ინტელიგენტურად“ რომ ერჩივნათ ეროვნულობის წინააღმდეგ ბრძოლაც და ეკლესიისაც, კოსმოპოლიტებს დიდად რომ არც ანაღვლებდათ ეროვნული სახელმწიფო და იოლადაც ამიტომ დათმეს.

მიხეილ ჯავახიშვილმა კიდევ უფრო განაზოგადა მარცხის მიზეზები და თეიმურაზ ხევისთავად გაასიმბოლოვა, არანაკლებ დამნაშავე რომ არის მარგო ყაფლანიშვილის მძიმე ხვედრსა, ანუ საქართველოს ტრაგედიაში, ვიდრე ჯაყო ჯივაშვილი.

თეიმურაზის სახის შექმნა გახლდათ თვითგასამართლება, ნამდვილ მწერალს რაც მოეთხოვება ასეთ სასტიკ, ლამის გამოუვალ ჟამს.

ბოლშევიკებმა აუშვეს ველური ინსტინქტები, ლამის პირწმინდად მოსპეს გონიერება და ზნეობრიობა და თავდაყირა დააყენეს ქრისტიანული მორალური კოდექსი, რაც ნიშნავდა ფსკერის გაბატონებას.

იმხანად დასავლეთს არ აღმოაჩნდა ის ძალა, დაგვხმარებოდა და დავეხსენით რუსულ-ბოლშევიკური ძალმომრეობისაგან, დღესდღეობით რაც მოეპოვება ევროპასაც და ამერიკასაც და მათი თანადგომის იმედად ვინარჩუნებთ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, თუმც ეს არა კმარა და ძალიანაც არა კმარა, რადგან თუ ჩვენს არსებაში არ მოვიძიეთ შესაფერისი ძალ-ღონე, სხვისი მოიმედენი ადრე თუ გვიან კისერს წავიტეხთ... და თუ კისრის წატეხვისაგან უფალი დაგვიფარავს, ჩვენს არსებობას სრულფასოვანი არსებობა მაინც არ დაერქმევა.

 

"ოთარ ჩხეიძე – 100 ამბავი" ძალიან დიდ ინფორმაციას აძლევს მკითხველს იმის შესახებ, რაც ქვეყანამ, თქვენმა ოჯახმა, რაც მწერალმა ოთარ ჩხეიძემ გამოიარა. ახლა ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რას განიცდის 4 წლის ბავშვი, რომელსაც მამას, ოჯახის წევრებს დაუხვრეტენ, მას კი, რომ გადარჩეს, გადამალავენ. მერეც სულ კედლებს და ყორეებს აწყდება, მის ირგვლივ რომ აშენებენ. ხედავს მამის მკვლელებს, მათ შთამომავლებს – დაივიწყა? აპატია იმ ხალხს? მისი და მასზე დაწერილი ტექსტების მიღმა, როგორი იყო ოთარ ჩხეიძე – ოჯახში, შვილებთან?

– ოთარ ჩხეიძის ცხოვრების წესიც და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობაც არის თვალსაჩინო ნიმუში, რომ თვით ჯოჯოხეთურ პირობებშიც შეიძლება შეინარჩუნოს მწერალმა ღირსეული სახე და შეძლოს ჭეშმარიტი მხატვრული ღირებულების შექმნა, ღირებულებისა, რომელიც იმთავითვე დაუპირისპირდა მარქსისტულ-კომუნისტურ რეჟიმსა და იდეოლოგიას – და ეს ხდება მთელი კავშირის მასშტაბით. რასაც ვერა ბედავდნენ რუსი მწერლები, რომელნიც ჩვენთან შედარებით სასათბურე პირობებში იმყოფებოდნენ, ოთარ ჩხეიძემ მართლაც შეუძლებელი შეძლო და შეეხალა კომუნისტურ მმართველობას.

იგი წარმოგვიდგება ილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის სულიერ მემკვიდრედ, მათი ტრადიციის უშუალო გამგრძელებლად, არც ალეგორიას რომ არ ამოეფარებოდა, არც არავითარ პირობითობას, ზღაპარსა და მითოსს და წარმოსახავდა თანადროულ სინამდვილეს ისეთს, როგორიც მართლა გახლდათ – წარმოსახავდა სატირიკოსის კალმით, ბოლომდე რომ გადმოშლიდა და გადმოაფარჩავებდა ბოლშევიზმის შემზარავ არსს.

ასე მიაგებდა შურისძიებას მამა-ბიძების მკვლელ რეჟიმს – ოჯახის სახელითაც, გვარის სახელითაც და მთელი მოდგმის სახელითაც, იმ მოდგმისა, რომელსაც უამრავი უბედურება და ტრაგედია გამოევლო და ამ ჯოჯოხეთსაც მოინელებდა, თუკი თავისი ცალკეული შვილები გამამხნევებლად ეყოლებოდა, თავზეხელაღებულ პროტესტანტებად, სულიერებისა და ზნეობრიობის უწყვეტობას რომ შეუნარჩუნებდნენ ქვეყანას.

ოთარ ჩხეიძე სულაც არ მიიჩნევდა, რომ მისი კვეთება იმპერიასთან ჰეროიკული სწრაფვა გახლდათ, უბრალოდ ვერ წარმოედგინა, ბოლომდე არ გაეშიშვლებინა სიმართლე და რაიმე ეთქვა სიმართლის გარდა.

ამიტომაც არის მისი 24 წიგნიანი რომანების სერია, და საერთოდაც, მთელი მისი ლიტერატურული შემოქმედება, ისტორიული მატიანეც, გარდა მხატვრული ძალმოსილებისა.

ეს შეუპოვარი, უდრეკი კაცი ოჯახშიც, ნათესავებშიც, ნაცნობ-მეგობრებშიც ძალზე რბილი ხასიათისა იყო, დამთმობი და მორიდებული – და მგონი ზედმეტადაც. არ მახსოვს შინ მისი ხმამაღალი სიტყვა, გაწყრომა, რაიმეს თავზემოხვევა ჩემთვის თუ ნატოსათვის. სულ პატარები რომ ვიყავით, მაშინაც ისე გველაპარაკებოდა, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებებს.

ჰქონდა ძალიან დიდი განათლება და იყო ერთი საუკეთესო მთხრობელიც და ორატორიც, ნატომაც და მეც, შეიძლება ითქვას, სორბონის, კემბრიჯისა თუ ოქსფორდის უნივერსიტეტები დავამთავრეთ მისი საუბრების წყალობით, თითქოს – ან რაღა თითქოს – ხელისგულზე რომ ედო არამარტო ქართული ლიტერატურა, არამედ მსოფლიო მწერლობის მონაპოვარი. ამასთანავე მისგანვე ვიცოდით საქართველოს ნამდვილი ისტორიაც – იატაკქვეშეთს შეფარებული. და ბევრი კულუარული ლიტერატურული, სახელოვნებო თუ ისტორიული ამბავიც.

როდესაც საიდუმლო არქივები ასე თუ ისე გაიხსნა, უამრავი რამ დოკუმენტურად დადასტურდა, რასაც მამა გვიყვებოდა, და მოსალოდნელია ისიც დადასტურდეს, რაც ხვალ თუ ზეგ უსათუოდ ამოვა მზის სინათლეზე.

ნიშანდობლივია, რომ 80 წელს საგრძნობლად გადაცილებულმა შეინარჩუნა მხატვრული ოსტატობა და XXI ასწლეულის დასაწყისის რომანებშიც თვალნათლივ და ექსპრესიულად წარმოსახა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა დინება და, როგორც საერთოდაც სჩვეოდა, ამჯერადაც იწინასწარმეტყველა არაერთი ისეთი რამ, რაც მისი გარდაცვალების შემდგომ მოხდა.

 

ვიდრე თქვენს პირველ წიგნამდე მივიდოდეთ, პირველ ტექსტზე ან ტექსტებზე ვთქვათ. ზოგჯერ შვილებს პროტესტი უჩნდებათ და თავს შორს იჭერენ მშობლის სამყაროსგან, პროფესიისგან, შეიძლება ამის მიზეზი „ტვირთის“ და „ჩრდილის“ საფრთხე იყოს, შეიძლება საქმეების მიერ „წართმეული მშობლებიც“. როგორ იპოვეთ „თქვენი“ წიგნები, გახსოვთ ეს ტექსტები? მშობლები გირჩევდნენ, რა უნდა წაგეკითხათ?

– წიგნების გარემოცვაში გავიზარდე და ჩემთვის წიგნი იმთავითვე ცოცხალი არსებასავით იყო. ჯერ კითხვა არც ვიცოდი, როდესაც ხელში ვიღებდი, ვათვალიერებდი – ილუსტრაციებს სულაც არ დაგიდევდი – და ველაპარაკებოდი კიდეც... მერე და მერე ხომ ყოფითი რეალობა ლიტერატურას გაუიგივდებოდა და ლიტერატურა – ყოფით რეალობას. და სამყაროც ჩემს თვალშიც სხვა არაფერია, თუ არა გრანდიოზული ტექსტი, რომლის წიაღშიც ერთნაირად მოქმედებენ და აგრძელებენ სიცოცხლეს ისტორიული და ლიტერატურული პერსონაჟები.

მოგვიანებით ამიტომაც აღმოჩნდებოდა ჩემთვის ასე მახლობელი გივი მარგველაშვილის მხატვრული სამყარო, პერსონაჟების მესიაობას რომ ითავებდა და ისევე ლაღად იქროლებდა მხატვრულ ტექსტებში, თითქოს ყოფით სინამდვილეში დაიარებოდა.

იმ ყმაწვილურ განცდას შემდგომშიაც შევინარჩუნებდი და სიტყვა ყოველთვისაც დარჩებოდა ჩემთვის მაგიური ძალის მქონედ – სიტყვა წარმოთქმულიც და სიტყვა დაწერილ-დაბეჭდილიც.

ამიტომაც ვაკვდები თვითეული სიტყვის შერჩევას, ჯერ მარტო ლიახვის ხეობის ქართულის ამოურწყავი სალაროდან რომ შემითვისებია, და კვლავაც გულდასმით რომ ვუკვირდები ჩემი თანასოფლელების – ყელქცეულელთა – მეტყველებას, უდახვეწილესი მანერითა და უმდიდრესი ლექსიკით რომ ლაპარაკობენ და ისე აფრქვევენ სტილურ, ლექსიკურ თუ იდიომურ მარგალიტებს, ვერც კი ხვდებიან, რამხელა განძს ფლობენ.

ჩემთვის მათი მეტყველებაც არ განირჩევა ნაბეჭდი ტექსტისაგან.

წერა-კითხვა დედამ მასწავლა, მარიამ ზაუტაშვილმა, და მანვე შემაყვარა, სულ რაღაცას რომ მიამბობდა და მიკითხავდა. საჭმელს ისე ვეღარ ვჭამდი, თუკი დედა წიგნს არ გადაშლიდა. თვითონ საუკეთესო ქართული იცოდა და მთხრობელიც იშვიათი გახლდათ, გიორგი შატბერაშვილის დედისა არ იყოს, მისი მეტყველებისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად თავის „თვალადური ქართულის ჭაშნიკს“ მეორენაირად „დედას ლექსიკონსაც“ რომ შეარქმევდა.

მამა სხვათა შორის და მოიარებით თუ მირჩევდა ამა თუ იმ წიგნის წაკითხვას. სულ ორად ორჯერ მოხდებოდა, დავალებასავით რომ დამიდებდა წიგნებს: აუცილებლად უნდა წაიკითხოო.

მესამეკლასელს – პლუტარქეს „პარალელურ ბიოგრაფიებს“

და მეხუთეკლასელს – ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადსა“ და „აი ისტორიას“.

ერთი სიტყვით: წიგნების შერჩევისას ჩემს ნებაზე ვიყავი და თანდათან ჩემით გავარჩევდი დიდებულსა და სუსტს, კარგსა და ავს, დიდძალი მაკულატურა რომ მაქვს წაკითხული, თუმც ოდნავადაც არა ვნანობ და დაკარგულ დროდ სულაც არ მიმაჩნია. პირიქით – ისეთი გამოცდილება შემძინა, რასაც მხოლოდ ბრწყინვალე და ჩინებული წიგნები ვერ შემძენდა.

და ასე ვაგრძელებ ცხოვრების უშველებელი ტექსტის წიაღში, მონაცვლეობით – ხან ავტორად, ხან პერსონაჟად, ხანაც მკითხველად.

 

როგორი იყო და როგორ იცვლებოდა დრო, ქვეყანა და თავად როსტომ ჩხეიძე პირველი წიგნ(ებ)იდან ჯერჯერობით ბოლო წიგნამდე – რა ნიშანდობლივი, მასშტაბური, დამანგრეველი ან სულაც აღმაფრენის და იმედის მომტანი ეტაპები გაიარა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ დროსთან და ქვეყანასთან ერთად, ან იქნებ სულაც ცალკე?

– ჩემთვის გასაგებია თქვენი შეკითხვის რიტორიკულობა – დამადასტურებინოთ ის, რაც ისედაც ცხადია ყველასათვის.

ჩემი ბუნების – არც ვამბობ: რანგის – მწერალი უშუალოდაა გადაჯაჭვული თავისი ქვეყნის ცხოვრების მდინარებას და მის გულზე გადადის ყველა საქვეყნო სიხარულიც და ტკივილიც, მწუხარებაც და აღმაფრენაც, წვრილმანიც და მსხვილმანიც, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა შემოტრიალდეს და წვრილმანი გამსხვილმანდეს და მსხვილმანი გაწვრილმანდეს. თუ მწერალი ხარ, ესეც უნდა შეატყო იმთავითვე – ალღოთიც, ლოგიკური განსჯითაც, და თითოეულს კიდეც მიუჩინო ის ადგილი, რაც ადრე თუ გვიან საყოველთაო შეხედულებად გადაიქცევა.

ჩემს ქვეყანასთან ერთად:

მეც ვიმყოფებოდი გაყინულ დროში.

ჩემს ქვეყანასთან ერთად:

მეც ვიცხოვრე 80-იანი წლების მიწურულს რამდენიმე ეპოქასა თუ საუკუნეში.

ჩემს ქვეყანასთან ერთად:

მეც მივისწრაფი სრულფასოვანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ.

სულიერი ცვლილებანი პირველი წიგნიდან ჯერჯერობით ბოლო წიგნამდეც განვიცადე ის, რასაც განიცდის ნებისმიერი შემოქმედი – მეტი გამოცდილების შეძენა, თვალსაწიერის მეტად გაფართოება, მეტი ლტოლვა სიღრმესა და სიღრმეში ჩასაღწევად...

სხვა მხრივ კი:

ალექსანდრე ჭავჭავაძისა არ იყოს,

მეც იგივე ვარ მარად და მარად!..

თუ რაიმეს ვერა ვგრძნობ, ასაკის სიმძიმეს, და ხან თავი ისევ სტუდენტი მგონია.

და თუმც დრო იმჟამად გაყინულიყო, ოჯახიდან მობერილი შინაგანი თავისუფლების წყალობით არ განმიცდია ერთი ბეწო დათრგუნულობაც და ისეთი გრძნობაც მიჩნდებოდა, რომ:

მქონდა ჩემი შეუვალი სამყარო – თავისი ტერიტორიით, ენით, ემბლემით, დროშითა და კონსტიტუციით.

ამ შეგრძნებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი პაატა ჩხეიძესთან ერთად ინგლისური და ამერიკული ესეების თარგმნამ, თავისუფლების უმაღლეს მწვერვალზე რომ იმყოფებოდნენ და იქიდან გაიაზრებდნენ და აფასებდნენ ყველასა და ყველაფერს.

წაკითხვით ამას ისე ვერასოდეს განიცდი, როგორც თარგმანის წყალობით – სიტყვის ყველა ნიუანსსა და ელფერს, ფრაზის ყოველგვარ ქვეტექსტს რომ წვდები და გულისგულამდეც აღწევ და გიხარია, რომ ამ ყველაფერს შენს ხალხს გააცნობ და ამ სულისშემძვრელ სააზროვნო სივრცეში ჩართავ.

 

როგორ იწყებთ ბიოგრაფიულ რომანზე მუშაობას: როგორ "გეძახით" პერსონაჟი და თქვენ როგორ "გამოიძახებთ" ხოლმე? რამდენად რთულია "ავტორიტეტების გაცოცხლება"? წყაროები, ისტორია, ბალანსი – როგორი სამუშაოა ეს? და თუ არის "პერსონაჟი", რომელზეც არასდროს დაწერთ?

– ბიოგრაფიული რომანი ჩემი საყვარელი ჟანრი გახლდათ სიყმაწვილიდანვე. მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ყველა ჟანრიც და განსაკუთრებით მაინც ეს – ქართულადაც რომ მოგვეპოვებოდა არაერთი დიდებული ნიმუში.

და ჯერ კიდევ როდიდან – გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული რომანია, რომელიც ამოზრდილია ახალი აღთქმის თხრობაზე – იესო ქრისტეს ცხოვრების ქრონიკაზე, ოთხ ვერსიად რომ შემოგვრჩენია, რომელნიც ერთმანეთს ავსებენ და მოციქულთა ეპისტოლეებთან ერთად ასეთი ბრწყინვალე ფორმით წარმოგვიდგებიან.

სახარებას ამ თვალით მაშინ დავინახავდი და გავიაზრებდი, როდესაც მე თვითონაც ჩავუჯდებოდი ამ ჟანრს, ჩემთვის ასეთი მშობლიური რომ გახდებოდა და რომანები ისეთი სისწრაფითაც მიჰყვებოდა ერთიმეორეს, ლამის ამოსუნთქვის დროც აღარ დამრჩებოდა.

არადა, თვითონ ისტორიული პერსონაჟები – მწერლები თუ საზოგადო მოღვაწენი – ამაჩქარებდნენ, თავს ვასილ ბარნოვივით რომ მაგრძნობინებდნენ. როგორც იმას შემოხვეოდნენ ხილვასა თუ ყოფით რეალობაში ისტორიული პირნი და ემუდარებოდნენ წიგნისმიერ გაცოცხლებას, ისე მეც შევიგრძნობდი ჩემი რომანების მომავალი გმირების მხურვალე სწრაფვას, ბიოგრაფიული ქრონიკის გარსით შემოსილიყვნენ... და აბა მათ თხოვნას ძირს ხომ ვერ დავუშვებდი!..

XIX-XX საუკუნეებით შემოვიფარგლებოდი, როგორც ჩემთვის მაინც ყველაზე მახლობელი ხანით, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლითა და გამარჯვებით რომ აღბეჭდილიყო და – ისტორიული ქრონოლოგიის თანახმად – ჩემი რომანების ციკლს ალექსანდრე ბატონიშვილი ამიტომაც უდგას სათავეში („მზის რაინდი“), ღირსეულ და თავდადებულ პიროვნებათა გვერდით იასე ფალავანდიშვილზეც რომ მომიწევდა რომანის დაწერა („იასე იანუსი“), 1832 წლის შეთქმულების გამცემზე (ამჟამად ასეთ ადამიანებს ამ ფორმულას რომ უსადაგებენ: გამოძიებასთან ითანამშრომლაო), იმისთანა ახალი მასალები რომ აღმოჩნდებოდა მისი ბიოგრაფიის დაფარულ ხანაზე, ხელიდან როგორ გავუშვებდი.

ცხოვრების მღელვარებას გააჩნია, თორემ ბიოგრაფიული რომანი უღირს ადამიანზეც ისევე შეიძლება დაიწეროს, როგორც ღირსეულზე. ამიტომაც არ არსებობს ისეთი ისტორიული პერსონაჟი, რომლის ბიოგრაფიის აღწერასაც მოვერიდებოდი – მთავარია, შესაფერისი მასალები მოიძიებოდეს და კომპოზიციურ ქარგასაც მივაგნო, იმ ძარღვს, რომლის გარშემოც დატრიალდება თხრობა.

პირველი ნიმუში ჩემი ბიოგრაფიული სერიისა აღმოჩნდებოდა „ბედი პავლე ინგოროყვასი“, რომელიც მოგვიანებთი საკმაოდ შეივსებოდა ახალმოპოვებული მასალების კვალობაზე, ოღონდ ბიოგრაფიული რომანის სერიის გზაზე მიმიძღოდა არა პავლე ინგოროყვასი, არამედ სოლომონ დოდაშვილის სახება.

სიყმაწვილეში მისი პიროვნებით მოხიბლული ვოცნებობდი, რომ სრულად წარმომეჩინა მისი ცხოვრების ქრონიკა. რას წარმოვიდგენდი, ამდენი რომანის დაწერა თუ მომიწევდა, ერთ, ერთადერთ ბიოგრაფიულ რომანს ვვარაუდობდი და იმ ერთადერთის მთავარი გმირი 1832 წლის შეთქმულების ეს მთავარი იდეოლოგი უნდა ყოფილიყო... მაგრამ ისე მოხდებოდა, რომ მასზე წიგნს მაშინღა შევქმნიდი, როდესაც 18 ისტორიული პირის ცხოვრების ქრონიკას მოვათავსებდი.

და მაინც, მისი სახება დაადგებოდა შარავანდად მთელს სერიას, იმ სოლომონ დოდაშვილისა, რომელსაც ილიამდელ ილიად მოვიხსენიებდი.

სულისკვეთებას კი ამ სერიისა განსაზღვრავს ის ბიბლიური სული, ის ეთიკურ-ზნეობრივი მრწამსი, მათთვის ძვირფასი პიროვნებების ცალკეული ნაკლისა თუ არცთუ სასახელო ეპიზოდების წარმოჩენასაც რომ არ ერიდებოდნენ. სხვა თუ არაფერი, თითქოს იმის თქმას მაინც უნდა მორიდებოდნენ, დავით წინასწარმეტყველი ქმრიან ქალს რომ გაუმიჯნურდებოდა და ქმარს ღალატით მოაკვლევინებდა, რათა ბერსაბე დაენარჩუნებინა.

მაგრამ ეს ისევეა დავით მეფის ცხოვრების ნაწილი, როგორც ფილისტიმელი გოლიათის დამარცხება ორთაბრძოლაში და ისრაელის სამეფოს ძლევამოსილების მიღწევა. და მისი ცხოვრების აღმწერი – იმისდა მიუხედავად, რამდენიმე გვერდზე გადმოსცემს ამ ბიოგრაფიულ ქარგას თუ რომანად გაშლის – ვალდებულია მზერა არ მოარიდოს ურია ხეთელის სისხლიან აჩრდილსაც.

ბიოგრაფიის თუნდ ოდნავი შელამაზება თუ გადაკეთება საქმეს წაახდენს და ძალიანაც წაახდენს. ამიტომ ძირისძირობამდე უნდა ამოიზიდოს ყველაფერი, ხელშესახები გახდეს მათი სულიერი წინააღმდეგობანიც და სისუსტე-ნაკლოვანებანიც, რათა გულისჭიდილი თვალნათლივ გადაეშალოს მკითხველს, რომელიც უშეღავათოდ მოითხოვს სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა.

 

როსტომ, მწერლის და პოლიტიკის ამბავიც მითხარით, შეუძლია მწერალს პოლიტიკოსი იყოს ან პოლიტიკოსის მხარდამჭერი? ერთხელ თქვით, რომ კულტურის მინისტრობას არ დათანხმდით. რა აჩვენა ჩვენმა ისტორიამ ან რა გვასწავლა: უნდა მოერიდოს და არ „გაისვაროს“, თუ ჩაერიოს და შეცვალოს, მისცემს კი პოლიტიკა ჩარევის შესაძლებლობას? სად უნდა იდგეს მწერალი: მხოლოდ ტექსტებით იბრძოდეს თუ სამოქალაქო აქტიურობაც აუცილებელია?

– აქ რაიმე წინასწარი რეცეპტი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია მწერლის სულიერ წყობასა და ყოფით რეალობაზე.

პლატონი თუ ხარ, ან დანტე ალიგიერი, ან ლორდ ბაირონი, ან ვიქტორ ჰიუგო, ვერც გაძლებ პოლიტიკაში ჩაურევლად, და ეს იმისდა მიუხედავად, შენს ქვეყანაში როგორი რეალობაა – გარეგნულად მაინც მშვიდი თუ უკიდურესად გამწვავებული, იარაღის აღებაც მოგიწევს ხელში თუ მხოლოდ სახელმწიფო საქმეთა მოგვარება გევალება.

თუ ჟან-პოლ სარტრი ხარ ან ალბერ კამიუ, ომის ქარცეცხლი გჭირდება გარშემო, რათა წინააღმდეგობის მოძრაობაში გადაეშვა, ოღონდ ეს კი წარმოუდგენლად მიგაჩნია, გერმანელთა მიერ დაპყრობილ პარიზში მხოლოდ შენს მხატვრულ თუ ფილოსოფიურ ფიქრებს მისცემოდე.

ჯონათან სვიფტი, როგორც სასულიერო პირი, არც გაჰკარებია იარაღს, მაგრამ იმხელა ზეგავლენა ჰქონდა ირლანდიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ერის მამას რომ შეჰფერის და ინგლისელებს ბევრჯერ აწყევლინა თავბედი თავისი შეუპოვრობითა და მათი მზაკვრული პოლიტიკური ფანდების მხილებით.

არც ემილ ზოლა გაჰკარებია იარაღს, მაგრამ სამართლიანობის დასამკვიდრებლად იმხელა საქმეს წამოიწყებდა უკანონოდ დასჯილი ებრაელი ოფიცრის, დრეიფუსის დასაცავად, რაღა სამოქალაქო ომის გამოწვევა და რაღა მისი მწვავე პამფლეტი „ბრალს ვდებ“.

არც უილიამ ბატლერ იეიტსს აუღია ხელთ იარაღი, მაგრამ ირლანდიის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას კი სწორედ იგი უნდა ჩადგომოდა სათავეში.

ჩვენშიც – ირლანდიისა არ იყოს – ვერც ვერასოდეს გაერიდებოდი მწერალი პოლიტიკას და ნიშანდობლივია, პავლე ინგოროყვა შოთა რუსთველის ბიოგრაფიის აღდგენისას მას ერის მამად რომ გამოჰკვეთდა, ისევე, როგორც მოგვიანებით სულხან-საბა ორბელიანს სწორედ ამ სახელით რომ იხსენიებდნენ სიცოცხლეშივე: ყველა ქართველისათვის იგი მამა გახლდათ.

XIX საუკუნემ ხომ საბოლოოდ განსაზღვრა ქართველი მწერლის ხვედრი, როგორც პოლიტიკური მოღვაწისაც, სოლომონ დოდაშვილით რომ დაიწყებოდა ეს გაიგივება და ილია ჭავჭავაძე საბოლოოდ დააკანონებდა. და სავსებით ბუნებრივია, ილიას მიერ ჩაყრილ საძირკველზე სახელმწიფო მწერალმა რომ ამოიგო და ამოაშენა – ზვიად გამსახურდიამ.

ამ სახელმწიფოს იმხელა ძალისხმევა სჭირდება საერთაშორისო ასპარეზზე სრულყოფილად დასამკვიდრებლად – თანაბრად სხვა ერთა შორის, წარმოუდგენელია ქართველი მწერალი ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს გაერიდოს და უშუალო მონაწილე არ შეიქნას ამ მართლაც გადამწყვეტი ბრძოლისა და გარჯისა საკაცობრიო ცხოვრების შუაგულში მოსახვედრად ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეროვნული მეობისა და კულტურის გადასარჩენად მწვავე გლობალიზაციის პირობებში.

მთავრდება გლობალიზაციის ხანა.

წკიპზეა მოსათავებლად უღმერთობის ჟამი.

და ამ დროს მაყურებლის – თანაც შეშინებული და ვიღაცის მფარველობის კალთის მომლოდინე მაყურებლის – როლი არ უნდა ვიკმაროთ და ჩვენც შევაშველოთ ხელი ზნეობრივ-სულიერი რეალობის დამკვიდრებას საერთაშორისო სივრცეში.

და როგორ შეიძლება თავს ნება მისცე მწერალმა, შენი მხატვრული ხილვების იქით არ გაიხედო.

ცხადია, შენი სულიერი და პიროვნული წყობის კვალობაზე იაქტიურებ – ან ძალიან, ან ნაკლებად, მაგრამ გაყუჩდე, გაირინდო და შენი დუმილი დაამადლო თვისტომთ, ნაცვლად იმისა, კეთილ მრჩევლად შენვე დაუდგე, აბა, რა საკადრისია...

ჩემო ელისო, კულტურის მინისტრობაზე ჩემი შესაძლო დანიშვნა გულისხმობდა, რომ თანადროულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე ანუ 90-იანი წლების რეალობაზე მეწერა ისე, როგორც ედუარდ შევარდნაძეს ენება – შეცვლილად, შელამაზებულად, მის პოლიტიკურ შეხედულებებზე მოსარგებად, და არა ისე, როგორც ვწერდი ძველი რომაელებივით – ყოველგვარი მიკერძოებისა და მრისხანების გარეშე, რათა სინამდვილეს თვითვე გამოეხატა თავი ისე და მხოლოდ ისე, როგორიც გახლდათ.

ასე რომ:

როდესაც უარი ვთქვი მინისტრის მოსალოდნელ პორტფელზე, არჩევანის წინაშე არც კი ვმდგარვარ.

კომპრომისი, დათმობა, დიპლომატია არამცთუ სასურველი, აუცილებელიცაა ადამიანისათვის, მაგრამ ზნეობრივი კომპრომისი ყოვლად გაუმართლებელია, რადგანაც ამის ჩამდენი სასიკეთოს მერე უკვე ვეღარაფერს გააკეთებს.

 

ვინ არიან, „რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურა“? და როდის დგება „ცეცხლისპირული ჩაფიქრებანის“ დრო? „მთვარის ნაპერწკლები“, „სახელდახელონი“, „დროის იეროგლიფები“ და სხვა – როგორ იწერება ეს სერიები, რომელთაც ფეისბუკზეც აქვეყნებთ ხოლმე. ხომ არ აპირებთ ამ სერიების წიგნად გამოცემას და აქვე გკითხავთ, ახლა რაზე მუშაობთ, რა ელოდება თქვენს მკითხველს, და როგორ მუშაობთ, რა პირობებია ამისთვის საჭირო?

– სოციალურ ქსელებს მაინცდამაინც დიდი პატივით არ ვეპყრობოდი და... როგორც აღმოჩნდა – სულ ტყუილად. იმდენი საქმე მეყარა ყოველთვის თავზე, კომპიუტერისაკენ აღარც ვიხედებოდი. და თურმე ესეც იმ საქმეთა განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო, ურომლისოდაც თანამედროვე ადამიანს, მითუმეტეს მწერალს, აღარც გაეძლება.

ცხადია არ უნდა დაემორჩილო და იქით დაიმორჩილო.

და მაშინ იგრძნობ თუ იგრძნობ მის აუცილებლობას.

ჯერ მარტო სოციოლოგიური კვლევისათვის გამოგადგება. ამგვარ კვლევას ჩვენში დიდად არავინ ენდობა, რაკიღა წინასწარგამიზნულად ხდება, დამკვეთის სურვილის კვალობაზე. ამიტომაც შენ თვითონვე უნდა გადადო დრო ამისათვის და ყურადღებით ადევნო თვალი ფეისბუქმონაწილეთა გამოხმაურებებს – მათი გუნება-განწყობილების ცვალებადობას, რათა სწორი, დაუბინდავი წარმოდგენა გქონდეს იმწამიერ ინტერესებსა და განწყობილებებზე.

მწერალი, რასაკვირველია, არ უნდა მოერგოს არც ამ ინტერესებს და არც ამ განწყობილებებს და იქით სცადოს სასიკეთო გავლენის მოხდენა, მაგრამ ჩაფიქრება და გათვალისწინება კი საჭიროა.

თუ რაიმეა დღესდღეობით აუცილებელი, უთუოდ სტერეოტიპთა მსხვრევა.

ტელევიზიები უმეტესწილად მომართულია საიმისოდ, რომ ან ეს სტერეოტიპები შეინარჩუნონ, და ან ახალი სტერეოტიპებით ჩაანაცვლონ. და თუ არ გვინდა ამ ცრუგემოვნებას დავემორჩილოთ, სოციალური ქსელები მისწრებაა – ანალიტიკურ განსჯათა კვალზე ყველაზე სწრაფად ის დაგაყენებს და ძირითად მოსაზრებათა დასამკვიდრებლადაც ტელევიზიებზე ნაკლები ძალა არა აქვს ფეისბუქს, აგერ ინტერნეტტელევიზიებისკენაც რომ იხრება სულ უფროდაუფრო მაყურებლის, მსმენელის ინტერესი, თორემ ინტერნეტგაზეთი და ინტერნეტჟურნალი ხომ უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩვენშიც.

თქვენ რამდენიმე ციკლი რომ ჩამოთვალეთ, მათგან „დროის იეროგლიფებსა“ თუ „მთვარის ნაპერწკლებს“ ისედაც ვწერდი და დავწერდი, მაგრამ „ცეცხლისპირული ჩაფიქრებანიც“, „სახელდახელონიც“ და „რომელთაც ძლიერ უყვართ ლიტერატურაც“ უშუალოდ ფეისბუქის მონაპოვარია – ან არ დავწერდი, ანდა სულ სხვაგვარად დავწერდი, არადა ასე ძალიან მოიხდინა.

ცხადია ყველა ეს ციკლი ცალკე წიგნია – ზოგი მოზრდილი და ზოგიც მცირე.

მთავარი კი ის იყო ჩემთვის, რომ ეს სივრცეც ლიტერატურად გარდამექმნა, შემეჩვია მკითხველი ამ და ამგვარი სერიების აუცილებლობისთვისაც და მახარებს იმის ხილვა, არაერთი მიმდევარი რომ გამიჩნდა ამ კუთხითაც.

როგორც ყოველთვის, ამჟამადაც რამდენიმე ჩემი წიგნი დგას ერთდროულად რიგში გამოსაცემად, მაგრამ განსაკუთრებული მღელვარებით მაინც ორ წიგნს რომ ველოდები.

ერთია მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების ქრონიკა „კალამი გოლგოთაზე“ – ჩემი 29-ე ბიოგრაფიული რომანი.

და მეორე კი ერთობლივი იქნება: „ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის გზამკვლევი“ – სადაც თავი მოიყარა ოთარ ჩხეიძის, პაატა ჩხეიძისა და ჩემმა ესეებმა და ნარკვევებმა, რაც კი სხვადასხვა დროს დაგვიწერია ინგლისელ და ამერიკელ მწერლებზე.

წიგნი საკმაოდ დიდტანიანი გამოვიდა – 1100 გვერდზეც მეტი. და თუმც ამგვარი განზრახვა არასოდეს გვქონია, აღმოჩნდა, რომ ჩვენი წერილების ეს სერიები თითქმის მთლიანად მოიცავდა ამ ორ ლიტერატურას და სახელმძღვანელოდაც გამოდგებოდა.

გამომცემლობა „ინტელექტმა“ რომ შემოგვთავაზა ამგვარი წიგნის მომზადება, ესეების ერთი ნაწილი უკვე საგანგებოდაც დაიწერა ამ სახელმძღვანელოსათვის, ცალკეული ნიმუშები „ცეცხლისპირული ჩაფიქრებანის“ სერიაშიც რომ ჩაერთო.

საერთოდ როგორ ვმუშაობ და...

რაღაც განსაკუთრებული პირობები სულაც არ მესაჭიროება ამისათვის. სულ ვკითხულობ და სულ ახალ-ახალ მასალებს ვაგროვებ, განუწყვეტლივ და ფეხჩაუფერხებლად. ვაჟასებურად რომ მოგახსენოთ: სიზმარშიც ამას ვდუდუნებ.

დაწერით მერე, შესაძლოა, ორ-სამ თვეშიც დავწერო რომანი, მაგრამ ნაფიქრი დიდი ხნისაა და მასალებიც უხვად მაქვს მომზადებული, თუმც წერის პროცესშიც იმდენი ახალი მასალა ჩნდება, წინასწარვე რომ იცოდე, შესაძლოა ხელიც აღარ მოჰკიდო რომანის წერას. ასე რომ, კარგია, როდესაც ბოლომდე არ იცი, რას გადაგყრის ახალი თხზულება.

ისე, რა საინტერესოა:

ხან მარტო რომ ვარ, არამცთუ ჩემი კაბინეტის კარი უნდა დავხურო, არამედ ყველა ოთახის კარიც, სრულიდ მდუმარება რომ დასადგურდეს.

ხან კი გარშემო ჟრიამული და ლაპარაკი თუ არ მესმის, შესაძლოა წერა გამიძნელდეს.

ნეტა თითოეულმა ჩვენგანმა ვრცლად თუ მოკლედ აღწეროს, თუ როგორ წერს – შემოქმედებითი პროცესის ეს მხარე საგულისხმო იქნება ბევრგვარი თვალსაზრისით და საკითხავად ხომ უკეთესი რაღა გვინდა. მოსალოდნელია, რომ არაერთი ასეთი ნიმუში ნოველასავითაც გაიშალოს და კრიტიკასაც ახალი სულიერი საზრდო გაუჩნდეს მათი საგანგებო შესწავლით.

 

მთელი ეს წლები, ერთი მხრივ, იყო მწერლობა და მეცნიერება და, მეორე მხრივ, მედია – რადიო, ტელევიზია საავტორო გადაცემებით, ჟურნალებისა და გაზეთების რედაქტორობა; და არის „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება“, საიდანაც ბევრმა ახალგაზრდა ლიტერატორმა და მწერალმა დაიწყო წერა. ეს ახალი სახელები, ახალი წიგნები, ჟურნალ-გაზეთების ახალი ნომრები და ახალი გადაცემები, საღამოები, განხილვები – როგორი იყო ეს საქმე თქვენთვის, ლიტერატურული პროცესისთვის, ეს ახლაც „თქვენი“ საქმეა?

– ჩემი ბუნების კაცი ვერასოდეს გამოიკეტება სენაკში და ვერასოდეს ჩაიძირება მხოლოდ თავის თავში. რაკიღა სამყარო ჩემთვის ისედაც ერთი გრანდიოზული წიგნია და ლიტერატურისაგან არც გამერჩევა, რედაქტორობა იქნება, სატელევიზიო თუ რადიოგამოსვლები ან საჯარო ლექციები და ლიტერატურული თავყრილობანი, ჩემთვის ეს ყოველივე იგივეა, რაც წიგნის კითხვა და გააზრება, რაც უშუალოდ შემოქმედებითი პროცესი.

საერთოდაც სამწერლო პროცესს ლიტერატურული შეხვედრები ჰქმნის, მწერლისა და მკითხველის ამგვარი ურთიერთობაც, თორემ არა კმარა მარტოდენ სიმყუდროვეში, ყველასაგან გარიდებულად წერა თუ კითხვა.

პირადად ნათქვამ სიტყვას ის თავისებურება, ის ხიბლი და ძალა აქვს, რასაც წიგნი ვერ ჩაენაცვლება.

პირადად – საჯარო გარემოში, ტრიბუნიდან თუ ლიტერატურულ კულუარებში, რაც ჩემთვის ძალიან და ძალიან ძვირფასია და თეატრალური კულუარების დარი, ბევრი რამ ისეთი აქ და მხოლოდ აქ რომ შეიძლება გაცხადდეს ახდილად და მინიშნებითაც, ხან მთქმელისთვისაც მოულოდნელად – თავსაც რომ არ უმხელდა და... უეცრად შეიძლება გულალალად გაგიმჟღავნოს.

ლიტერატურულ პროცესებს სწორედ ეს სივრცეები ჰქმნის, ის ცალკეული ოაზისები, რასაც კერძო ადამიანები განსაზღვრავენ, თორემ ჩვენს ხელისუფლებას საამისოდ არა სცალია, რათა ამ ყოველივემ ისეთი მიზანმიმართულება შეიძინოს, რაც შეიძლება დროულად ჩავერთოთ საერთაშორისო სამწერლო პროცესებში – მოჩვენებითად კი არა, აქამდე როგორც ხდებოდა და ხდება, არამედ მართლაც, და ეს უმძიმესი ტვირთი მხოლოდ ცალკეული ადამიანების ასაწევი არ იყოს.

ადრე თუ გვიან სრულუფლებიანი მონაწილენი მაინც შევიქნებით მსოფლიო ლიტერატურული გარდატეხებისა, მაგრამ არაფერი დაშავდება, ეს პროცესი თუ დაჩქარდება და ნებისმიერი ხელისუფლება შეიგნებს, რომ:

სახელმწიფო უპირველესად კულტურაა და ლიტერატურა, და მთელ ძალისხმევას აქეთ მიმართავს.

ეს ისე, ყოველი შემთხვევისათვის ითქვა.

მთავარია, ვისაც საამისო უნარი მოგვეძევება, თავი არ დავზოგოთ და ლიტერატურული ცხოვრება ნამდვილი სიცოცხლისუნარიანობით ავაჩქეფოთ – ჩვენშიც და საზღვარგარეთაც, ბოლოსდაბოლოს იმ რანგის მწერლები გვყავს ყველა ჟანრსა და ყველა თაობაში, ნებისმიერ ქვეყანას რომ დაამშვენებენ, და დაე იმ ქვეყნებმაც იცოდნენ, ჭეშმარიტი ლიტერატურით რომ წარვდგებით მსოფლიოს წინაშე.

 

როსტომ, ერთ ინტერვიუში თქვით, მწერლობა სხვისი ცოდვის საკუთარ თავზე აღებაცააო, კიდევ რა არის მწერლობა, რა ძალა აქვს, რა მიზიდულობა? დღეს რისი შეცვლა შეუძლია მწერალს და მის წიგნს, ლიტერატურას, თუ ეს არც ისე შესამჩნევი ცვლილებაა, თვალის მიდევნება რომ შეიძლებოდეს?

– ეს მწერლის უშუალო მოვალეობაა, ამქვეყნიური მისია:

ყველა ცოდვა თავის თავზე აიღოს.

ნაცნობისა თუ უცნობის, თვისტომისა თუ მთელი კაცობრიობის.

და მწერლის რანგიც და სიმაღლეც იმით განიზომება, რამდენად იტვირთებს ამხელა ცოდვა-ბრალს.

გოლგოთის მაგალითი თვალნათლივ წარმოსახავს მწერლის ამ მისიასა და მოვალეობას. თუმც იესო ქრისტე თვითონ არა წერდა, მაგრამ მისი იგავები და შეგონებანი პირდაპირ ჩაიწერა ოთხთავში, მათეც, მარკოზიც, ლუკაც და იოანეც სტენოგრაფისტების როლსაც რომ ასრულებდნენ, თუმც თავიანთი მწერლური ნიჭის გამომჟღავნებაც მოუხდებოდათ, რათა მაცხოვრისა და მოძღვრის ცხოვრების ქრონიკა წარმოესახათ ისე, მისაწვდომი და საცნაური ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის, რომელიც თანდათანობით მსოფლიო ქრისტიანულ საზოგადოებას შეჰქმნიდა.

გოლგოთის ეს მაგალითი ვრცელდება ყველა მწერალზე – რა რჯულისაც უნდა იყოს, რადგანაც სიმბოლურად უკეთესი რაღა გვინდა მწერლის მისიის თვალსაჩინოებისათვის.

ეგეც არის:

ერთბაშად და უცებ გვინდა სასიკეთო ზეგავლენის მოხდენა და აღარ დაგიდევთ, ზემოქმედება ნაწერისა იდუმალი რომ არის და სულის ყველაზე ფარულ ხვეულებში მიიკვლევს გზას – უნარჩუნებს ადამიანს აბელურ სულს, ანუ რომანტიკისა და ბავშვობის შეგრძნებას, რის წყალობითაცაა, რომ კაცობრიობა ინარჩუნებს თავს და აგრძელებს ცხოვრებას, თორემ ბოღმასა და სიძულვილში, მტრობასა და სისხლში ჩაიხრჩობოდა.

ჩვენ კი არა, აგერ ჯონათან სვიფტი ვერ ეგუებოდა, რომ მისმა „გულივერის მოგზაურობამ“ ერთბაშად ვერ გამოასწორა ადამიანი და ყოფითი რეალობა ძველებურად მოშლილი რჩებოდა, დაგვირგვინებული ყოვლად უსამართლო სასამართლო სისტემით. მაშინვე სურდა შესაფერისი გამოძახილი, მაშინვე სურდა სასიკეთო ცვლილებანი, მაშინვე ესწრაფოდა ახალი მიწისა და ახალი ზეცის ხილვას და... გარეგნულად რომ ვერ ამჩნევდა სასიკეთო ნიშნებს, დაჭრილი ნადირივით ამიტომაც აწყდებოდა აქეთ-იქით.

არადა, აბა, წარმოვიდგინოთ კაცობრიობა „გულივერის მოგზაურობის“ გარეშე!..

მისგან გამოწვეული უღრმესი სასიკეთო ცვლილება-ფერისცვალების გარეშე!..

ამიტომაც არ უნდა გავუტყდეთ ყოფით რეალობას, კვლავინდებურად ვიტვირთოთ ყველა ადამიანური ცოდვა-დანაშაული და იმ რწმენით მივისწრაფოდეთ ჭეშმარიტების გზით, როდესაც ჰერმან ჰესეს შეგონების კვალობაზე გვჯერა, რომ:

ჭეშმარიტების საპირისპირო გზაც შესაძლოა ჭეშმარიტი იყოს!..

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE