რა მოსდის აღმნიშვნელს


რა მოსდის აღმნიშვნელს




(წინასიტყვაობა პიერ გიიოტას რომანისთვის "ედემი, ედემი, ედემი", გალიმარი, 1970)

 

"ედემი, ედემი, ედემი" თავისუფალი ტექსტია: ყოველგვარი სიუჟეტისგან, ყოველგვარი ობიექტისგან, ყოველგვარი სიმბოლოსგან თავისუფალი: იგი დაწერილია იმ ორმოში  (ხრამსა თუ შავ ხვრელში), სადაც დისკურსის ტრადიციული შემადგენლები (ის, ვინც ლაპარაკობს, რასაც ჰყვება, როგორც ჰყვება) ზედმეტი იქნებოდა. შედეგად, დაუყოვნებლივ ვიღებთ იმას, რომ კრიტიკა, რომელიც ვეღარც ავტორზე, ვეღარც სიუჟეტსა და ვეღარც სტილზე ვეღარაფერს ამბობს, სრულიად უძლური რჩება ამ ტექსტის წინაშე: გიიოტას ენაში უნდა "შეხვიდე": არათუ უბრალოდ გჯეროდეს მისი, ან იყო ამა თუ იმ ილუზიისა თუ ფანტასმაგორიის თანამონაწილე, არამედ მასთან ერთად შექმნა ეს ენა, მასთან ერთად მოაწერო ტექსტს ხელი.

ენაში ყოფნა (როგორც ამბობენ: საქმის კურსში ყოფნა): ეს შესაძლებელია, რადგან გიიოტა ქმნის არა მანერას, ჟანრსა თუ ლიტერატურულ ობიექტს, არამედ ახალ ელემენტს (იქნებ იგი კოსმოგონიის ოთხი ელემენტისთვის დაგვემატებინა?); ეს ელემენტი არის ფრაზა: სიტყვის სუბსტანცია, რომელიც ჰგავს ქსოვილს, საკვებს; ერთადერთი ფრაზა, რომელიც არ მთავრდება და რომლის მშვენიერება მოდის არა "გადასროლიდან" (რეალობიდან, რომელშიც მან წესით უნდა გადაგვისროლოს), არამედ მისი სუნთქვიდან, შეკრული, განმეორებული სუნთქვიდან, თითქოს ავტორი ცდილობდეს, წარმოგვიდგინოს არა წარმოსახვითი სცენები, არამედ თავად ენის სცენა, იმგვარად, რომ ამ ახალი მიმესისის მოდელად იქცეს არა ამა თუ იმ გმირის თავგადასავალი, არამედ თავად აღმნიშვნელის თავგადასავალი: ის, რაც მას მოსდის.

"ედემი, ედემი, ედემი" წარმოადგენს (ან უნდა წარმოადგენდეს) ერთგვარ ბიძგს, ისტორიულ შოკს: აქ, უწინდელი მოქმედებები - აშკარად გაორებული, მაგრამ უფრო და უფრო რომ ვამჩნევთ მათ შორის თანხვედრას – სადიდან ჟენემდე, მალარმედან არტომდე, არის თავმოყრილი, გადაადგილებული, ეპოქის გარემოებებისგან განწმენდილი: აქ აღარც "წერილია", აღარც "ცდომილება" (ეს უთუოდ ერთი და იგივეა), აქ მხოლოდ სურვილი და ენა რჩება, არა ერთიმეორის გამომხატველი, არამედ თანაზიარ, განუყოფელ მეტონიმიაში მოთავსებული.

ამ მეტონიმიის ძალა, რაც უზენაესია გიიოტას ტექსტში, მოასწავებს მძლავრ ცენზურას, რომელიც თავის ორ ჩვეულ საკვებს – ენასა და სექსს – აქ ერთად იპოვის; თუმცაღა იგივე ცენზურა, რაც უნდა მრავალფეროვნად და მძლავრად გამოიხატოს იგი, დაუყოვნებლივ გამოაშკარავდება: ან როგორც გადაჭარბებული, რადგან სექსსა და ენას ერთდროულად აკრძალავს, ან როგორც თვალთმაქცური, რადგან აკრძალავს მხოლოდ სიუჟეტს და არა ფორმას ან პირიქით: ორივე შემთხვევაში, იგი საკუთარ ცენზურულ სახეს გამოაჩენს.

ამასთანავე, როგორც არ უნდა განვითარდეს ინსტიტუციური პერიპეტიები, ამ ტექსტის გამოქვეყნება მნიშვნელოვანია: მთელი რიგი კრიტიკული თუ თეორიული სამუშაოების მიუხედავად, რაც მას შეიძლება მოჰყვეს, იგი ყოველთვის მოგვხიბლავს: ერთდროულად დაუშტამპავი და უტყუარი, როგორც ახალი ორიენტირი და წერის სათავე.

 

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE