შუაღამის კატეხიზმო


შუაღამის კატეხიზმო




(ტრუისტული ენციკლოპოემა)

 

იცით თუ არა რომ 

ადამიანი ათას რამეს იგონებს

თავი რომ არ შესძულდეს

და სიცოცხლე განაგრძოს,

ისე, ვითომც ბავშვები უაზროდ არ იხოცებოდნენ

უფროსებს ტვინი არ გვერეცხებოდეს

და მომავალი ბუნდოვანი და სახიფათო არ იყოს.

იცით თუ არა რომ

ხელოვნება სწორედ ამიტომ არსებობს -

ცოტა ხნით მაინც გვეგონოს რომ

ცხოვრებას აზრი აქვს,

ხოლო სიკვდილი, არც ესაა დასამალი,

გადავადებულია გაურკვეველი დროით.

იცით თუ არა რომ 

სიკვდილზე მხოლოდ ის ხალხი ლაპარაკობს

ვისაც მისი გამოცდილება არ აქვს, 

და ვინც უკვე გამოსცადა

ისინი საეჭვოდ დუმან.

დაე, ცოცხლებმა ილაპარაკონ თავიანთ ცოცხლებზე - 

ვინ იტყოდა ამას, არ ვიცით

რადგან 

იცით თუ არა რომ

ავტორი როლან ბარტმა მოკლა, 

ხოლო თავის მხრივ როლან ბარტი მოკლა 

ავტომობილის მძღოლმა 1980 წელს, 

რომელიც თავის მხრივ მოკლა უფალმა ჩვენმა, 

რომელმაც ასევე მოკლა 400 ათასი ადამიანი სირიაში 

და 15 ათასი ადამიანი აფხაზეთში,

და ყოველი შემთხვევისთვის, სამაჩაბლოშიც მოკლა რამდენიმე ათასი.

იცით თუ არა რომ

ჩარლზ მეორემ სიკვდილის წინ მოიბოდიშა, 

ასეთ შეუფერებელ დროს რომ კვდებოდა.

იცით თუ არა რომ

სიკვდილისთვის შესაფერისი დრო საერთოდ არ არსებობს.

იცოდა ეს ჩარლზ მეორემ? 

იცით თუ არა რომ  

სიკვდილი საერთოდ არ არსებობს.

ის ენობრივი კაზუსია, 

რეალობაში შეცდომით გადმოცოცებული, 

პროგრამული ერორი.

მართალია, ადამიანების კვდომის სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს, 

მაგრამ ეგ რაღაც ხრიკი უნდა იყოს,

ყურადღების გადასატანი სოციალური ინჟინერია.

იცით თუ არა რომ

სიკვდილისა არ იყოს, 

არც ცისარტყელა არსებობს

შენ კი არ უყურებ ცისარტყელას,

უყურებ შენს გონებას

რომელმაც ცისარტყელა გამოსახა

თუმცა ლამაზია, ხომ ასეა? 

იცით თუ არა რომ

ზოგიერთი სიკვდილი შეიძლება იყოს ლამაზი.

მეტიც, მეგობარმა თქვა, რომ

აუცილებელიც კია ლამაზი იყოსო.

ის ვერ იტანდა შეუხედავ სიკვდილებს,

დაუგეგმავს და შემთხვევითს - 

თითქოს ქუჩაში ფეხი წამოგეკრას დაცემული ბავშვისთვის.

თვითონაც ძალიან ლამაზად მოკვდა - ხალხი კმაყოფილი იყო.

იცით თუ არა რომ 

კმაყოფილება ბედნიერების პატენტია, 

რომელსაც სამყარო გვაჩეჩებს,

როგორც ნამდვილს და პირველადს.

ბედნიერად ყოფნის ინსტრუქციები უნდა გადაიწეროს.

რეალობა უნდა აირიოს.

განა ამისთვის ვიდექით ქარში და წვიმაში!

იცით თუ არა რომ

შესაძლოა ისეთებიც გამოჩნდნენ, 

ჩვენი არეული რომ არ მოეწონებათ, 

მაგრამ მათზე უკვე იზრუნა 

ფოლკლორულმა გამოთქმამ,

რომლის მაგივრად მრავალწერტილს სვამენ ხოლმე 

ზომიერი მწერლები.

იცით თუ არა რომ

ყველა წერტილს აქვს უფლება 

იყოს მრავალწერტილი

და მთქმელსა და სათქმელს შორის ამოზრდილ ნაპრალს

გველივით მოქნილი პაუზა შეუყუდოს...

განა ეს გვიხსნის უხერხულობისგან

სათქმელით გადავსებული სიჩუმეებისგან

მაგრამ მაინც კარგია -

აბსურდის შეგრძნებას დათესავს,

როგორც საარჩევნო რეკლამა - ფილმის შუაში,

რომელიც არც არაფერს მოასწავებს,

მაგრამ დიდად არც არაფერს აშავებს. 

იცით თუ არა რომ

თუ “სეიფგარდით” დაიბანთ,

თქვენი კანი ბავშვის ტაკოსავით რბილი იქნება,

ხოლო „ნოშპა ფორტე“ დაგეხმარებათ სპაზმისგან გათავისუფლებაში

(გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას).

იცით თუ არა, რომ 

სენეკა ლუცილიუსს სწერდა გარე რეკლამაზე. 

ის აღშფოთებული იყო გაუთავებელი ჭაჭყანით,

როცა გამყიდველები ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ

და გასაყიდი საგნების სახელებს

ხმამაღლა გაჰკიოდნენ.

მარკეტინგი ანტიკურ დროში! 

ვინ იფიქრებდა!

იცით თუ არა რომ 

ვყიდი ლექსების

კრებულს 99 ლარად და 99 თეთრად, 

ბონუსად მოჰყვება ქართული პოეზიის ანთოლოგია.

პოეზიის დაბადება კოლექტივის სულიდან.

იცით თუ არა რომ

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, 

არის 20 მარტი - ჩემი დაბადების დღე,

კიდევ ოთარ ჭილაძის, 

ჰენრიკ იბსენის,

დენიელ კორმიეს 

და გუჯა მექვაბიძის 

დაბადების დღე

(რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა გამხდარიყო 

ჩემი რომელიმე ლექსის გმირი,

ამიტომ მასზე აღარ შევჩერდები).

და რაც მთავარია,

არის კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბით და 

კარანტინი და

თვითიზოლაცია და

ეკონომიკური კრიზისი არის

და პიროვნული კრიზისი ხომ არის და არის 

და არის ყველაფერი, 

რაც ასე ძალიან არ უხდება 20 მარტს.

შეჩერდა წამი, დრო შედედდა, 

შეგიძლია ხელი მოჰკიდო და ფორმა მისცე, 

და თავი მისცე დროის მოხელთების ბედნიერ ილუზიას.

იცით თუ არა რომ 

ბედნიერებას შიგადაშიგ უჩნდება ამბიცია, შეგვეყაროს, 

მოგვიცვას და მოგვათვინიეროს, 

მაგრამ ჩვენ ამის უფლებას იოლად არ მივცემთ,

ხომ მეთანხმებით. 

ბედნიერი ხალხი მოსაწყენია 

თუმცა ერთს კარგად მოიწყენდა კაცი!  

ღმერთმანი!

იცით თუ არა რომ 

მოსაწყენი მწერლები ქართველებსაც გვყავდა,

მაგრამ ნობელი მაინც ვერ ავიღეთ. 

შეიძლება სხვა რამეც არის საჭირო. არ ვიცი. 

იცით თუ არა რომ

კარგ ნაწარმოებში კარგად დასმულ პრობლემას

შეუძლია აბსოლუტური მატერიალიზება - 

ჰამსუნის “შიმშილის” კითხვისას შევჭამე სამი ხაჭაპური 

ერთი გობი ლობიო 

ორი კახური შოთი

და ისევ მშიოდა.  

იცით თუ არა რომ

მსოფლიოში მილიარდ ადამიანამდე შიმშილობს.

მე არ ვარ წინააღმდეგი აიკრძალოს შიმშილი,

საკმაოდ უსარგებლო მოვლენაა.

იცით თუ არა რომ 

საბჭოთა კავშირის პრობლემა ის იყო, რომ 

ყველაფერი აკრძალული იყო, 

პოსტსაბჭოთა პრობლემა კი ის არის, რომ 

ყველაფერი სავალდებულოა, 

მაგალითად: არჩევნებზე მისვლა, 

სამოქალაქო პასუხისმგებლობის ქონა,

მორალური თამასის კენწეროზე ასვლა 

და იქიდან ცერად გადმოხედვა

სავალდებულოა აგრეთვე გმირად ყოფნა, 

ასე, კვირაში ერთხელ მაინც,

რაც ცოტა დამღლელია, მაგრამ მერე და მერე ეჩვევი. 

იცით თუ არა რომ

არსებობენ ყოფილი გმირები

ახლა აღარავის რომ არ სჭირდება,

ყოფილი შეყვარებულებიც არსებობენ -   

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. 

იცით თუ არა რომ 

ჭიპი არის ყოფილი პირი,

რომლიდანაც საკვებს ვიღებდით მუცელში ყოფნისას. 

ვფიქრობ, მას საერთოდ არ ვაფასებთ,

როგორც სხვა ყოფილ რამეებს ან ვინმეებს - 

მწერლები მასზე სიტყვასაც არ დაასველებენ

და არც ზურაბ წერეთელი აღმართავს გრანდიოზული ჭიპის ძეგლს

რომელიმე პოეტის სახელობის გამზირზე. 

იცით თუ არა რომ

ყოფილმა პოეტმა დაამუღამა

სიტყვებს შორის პაუზების დაბინავება

და სწორედ მაშინ უღალატეს სიტყვებმა,

როცა მეტაფორები გადატენა

და მკითხველის გადაცხრილვას აპირებდა.

ვერავის ენდობი ადამიანი. 

იცით თუ არა რომ

90-იანებში,  ცნობილი ქართველი მწერალი 

საყვარელთან სახეობის გადარჩენის სპეცოპერაციას ატარებდა,

როცა ქმარი დაადგა 

და იმის შემდეგ 

მხოლოდ მაშინ ახერხებს

ამ კეთილშობილური აქტის ჩადენას,

როცა გამძვინვარებულ ქმარს მოელის. 

საბრალოა ადამიანი

და მაშინ, როცა საბრალოა

უბრალოა ადამიანი

Misera plebs. ჭეშმარიტად Misera plebs, მეგობრებო,

მით უმეტეს, რომ 

“არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი

— საღამოთი თუ შუაღამისას, 

მამლის ყივილზე თუ განთიადისას” [მარკოზი, თავი 13]

რაც იმდენად სევდიანს ხდის ამ ამბავს, რომ 

ცოტა სასაცილოც კია.

იცით თუ არა რომ

ადამიანმა თუ გააცნობიერა, თავადაც რა სასაცილოა,

სხვების დაცინვისას მოზომილი იქნება.

ამიტომ იყავი ღმერთივით თანამლმობი, 

მაგრამ თავს ნურავის გააღმერთებინებ -

ჯვარცმას იწვევს.

იცით თუ არა რომ

ვინმეს გაღმერთება ისეთივე გაუაზრებელი ჩვევაა, 

როგორც  გაზიანი სასმელი ნაბახუსევზე -

არაფერს ცვლის, მაგრამ მაინც იღებ.

იცით თუ არა რომ 

კოკა-კოლა რომ შეანჯღრიო და აბაზანაში ჩაასხა,

ყვითელი ნადები არ გაიწმინდება - 

ეს ემპირიული დასკვნაა. 

იცით თუ არა რომ

ასევე ემპირიული დასკვნაა რომ 

ადამიანი დიდხანს უძლებს უწყლობას, შიმშილს, სიყვარულსაც კი. 

იცით თუ არა რომ 

სიყვარული ძლებს სამ წელიწადს.

მეტსაც ძლებს, მაგრამ რომანია ასეთი.

ხოლო, თავის მხრივ, რომანი არის ჟანრი, რომელიც

მეთხუთმეტე საუკუნეში გამოიგონეს და დღემდე გაძლო,

საქართველოში კი მეოცეში შემოვიდა, 

რაც სულაც არაა კარგი საქციელი.

იქნებ მასონებმა შეუშალეს ხელი?!

გვაქვს ამაზე საუბრის უფლება?

იცით თუ არა რომ 

მასონებისგან დაფინანსებულს მიწოდებდა ყვითელი პრესა?

იცით თუ არა რომ 

მე ამაზე ძალიან ვბრაზობდი, 

რადგან დღემდე ვცხოვრობ სტუდქალაქის გეტოში,

სადაც ლიფტიც კი არ მუშაობს

(უნდა გამოვტყდე, ზოგჯერ მუშაობს, 

განსაკუთრებით - ახალ წლებზე,

თან ჩვენ ხომ ორი ახალი წელი გვაქვს. 

მით უკეთესი ლიფტისთვის)

იცით თუ არა რომ 

საკუთარ თავზე ასე წერა მოძველებული ხერხია,

და ამ ხრიკს ახლა მხოლოდ უნიჭო პოეტები მიმართავენ,

რათა აუდიტორიას გული აუჩუყონ

და სოციალური კაპიტალი გამოსძალონ.

ამას სიღარიბეზე კაპიტალიზება ჰქვია. 

იცით თუ არა რომ

შეგიძლია ძვირად გაყიდო შენი სიღარიბე. ოქსიმორონი -  

იცით ეს სიტყვა? 

საეჭვოდ ბევრი რამე იცით!

ვინ ხართ?!

იცით თუ არა რომ

ვინ ვარ მე? - ეს არის ერთადერთი ფილოსოფიური კითხვა

სხვა ყველაფერი მანიპულაციაა.

მაგრამ ამაზეც პასუხი ჯერ არ გაუციათ.

შესაძლოა არ ვიყოთ მზად ამისათვის. 

შესაძლოა საკუთარ თავს გვიმალავს ფილოსოფია,

გვზოგავს, რომ იტყვიან. 

იცით თუ არა რომ

ჩვენთან ახალი წელი ორჯერ აღინიშნება, 

(ამიტომაც მეც ორჯერ ვახსენებ)

მაგრამ თუ არ გაგიმართლა და არ ხარ ქართველი,

შეგიძლია სხვა ხერხსაც მიმართო:

სიდნეიში აღნიშნო ახალი წელი 

და მერე გადაფრინდე ჰონოლულუში,

რომელიც სიდნეიზე 12 საათით უკან არის. 

ასე აღნიშნავ ორჯერ ახალ წელს. 

თუმცა სტანდარტული ადამიანისთვის 

ერთი ახალი წელიც საკმარისია.

იცით თუ არა რომ

სტანდარტულ ადამიანს აქვს 46 ქრომოსომა,

ხოლო სტანდარტულ კარტოფილს - 48.

ევოლუციური დასკვნების გაკეთება არაა საჩქარო,

თუმცა კარტოფილი ყოველთვის კარგია - 

ზომიერად დაბრაწული,

რეჰანით და პიტნით შეზავებული,

მოთუშული ხახვით და ტყემლით შეპატიოსნებული.  

ადამიანი კი ყოველთვის არაა კარგი - 

თუნდაც ზომიერად დაბრაწული იყოს.

იცით თუ არა რომ

ზომიერების მნიშვნელობა გადაჭარბებულია,

ვფიქრობ ამ სიტყვას ლექსიკოგრაფები ლობირებენ. 

განა კარგია - პირი ქვისკენ მიქნია და - ზომიერად ნიჭიერი მწერალი?! 

ან ზომიერად მკვდარი ადამიანი,

რომ არაფერი ვთქვათ ზომიერად ცოცხალზე!

იცით თუ არა რომ

სანტა კლაუსი არ არსებობს.

გეცოდინებათ.

ასეც ვიცოდი. 

იცით თუ არა რომ 

”როცა მოიჭრება უკანასკნელი ხე, 

მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, 

დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი, 

თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმევა.” - ტატანკა იიოტაკე

იცით თუ არა რომ 

ჩემი სამშობლო -  

ევროკავშირის სუბსიდიების მომლოდინე,

მსოფლიო ბანკის სუბსიდიების მომლოდინე,

აშშ-ის კონგრესის სუბსიდიების მომლოდინე, 

მშიერი ბავშვებით სავსე,

თავიანთი ცარიელი ჯიბის 

და გამომხმარი კუჭის სიმაღლიდან მომზირალი პოეტებით სავსე,

პოლიტიკოსებით სავსე, 

ტოიოტა პრიუსებით და ადამიანური სევდებით სავსე,

აწესებს საარსებო მინიმუმს - 199 ლარს, 

რაც პატიოსანი ძაღლის საარსებო მინიმუმადაც კი ვერ გამოდგება,

მეტაფორულად რომ ვთქვათ, რასაკვირველია. 

იცით თუ არა რომ 

არის მეტაფორები, რომლებიც 

გადაურჩა რომელიმე ლექსში მოხვედრას,

და ისინი ცალკე ლექსიკონებს იმსახურებენ,

ენა რომ გავივარჯიშოთ.

იცით თუ არა რომ 

ენის ანაბეჭდი არ მეორდება,

ზუსტად ისე, როგორც ხელის ანაბეჭდი. 

რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ

ყოველი სიტყვა ყოველი პირიდან გადმოსული

უნიკალურია და პატივისცემას იმსახურებს. 

თუმცა შეიძლება ამას არც ნიშნავდეს, 

წერის ლოგიკა სად მიგვიყვანს

არავინ იცის.

იცით თუ არა რომ 

ხელით წერისას სხვანაირად ფიქრობ,

ხოლო კომპიუტერზე აკრეფისას - სხვანაირად.

აბსოლუტურად ერთი და იგივე აზრი

აბსოლუტურად  სხვანაირად იკვრება ფურცელზე

და აბსოლუტურად სხვანაირად - ეკრანზე. 

(მედიუმის დიქტატურა!)

იცით თუ არა 

რომ პოეტებს ყველაზე მეტად აღიზიანებთ კითხვა: რატომ წერთ? 

განა კიბოიანებს ეკითხებიან, რატომ აქვთ კიბო?

იცით თუ არა რომ 

პოეზია არაა პროფესია, 

დაავადებაა, პრაქტიკულად, პათოლოგია

(ავადმყოფობა ყოფილა, ბიჭო)

და არანაკლებ მურტალია, 

ვიდრე კოვიდ-19,

ფანატიკოსი მორწმუნე

ან ელექტროსკამი.

იცით თუ არა, რომ 

ელექტროსკამი კბილის ექიმმა გამოიგონა,

ხოლო თავად კბილის ტკივილი - უფალმა ჩვენმა,

მანვე გამოიგონა თავის ტკივილი

ღვიძლის ტკივილი

გულის ტკივილი

კუდუსუნის და 

სუპინატორული კუნთის ტკივილი

ასევე მეტაბოლიზმის დარღვევის შედეგად გამოწვეული ტკივილი, 

და რასაკვირველია, თირკმლის ტკივილი

იცით თუ არა რომ

ღმერთი რომ არ არსებულიყო,

ის უნდა გამოგვეგონებინა

და რაკი გამოვიგონეთ,

ესე იგი არ არსებობს.

იცით თუ არა რომ

მინიღმერთებად ვიქეცით

მარსის ათვისებას ვაპირებთ

და პარალელურად, ჩინეთის სოფელში ვიღაცამ ღამურა ჭამა

და დედამიწის დაკეტვა მოგვიწია. 

იცით თუ არა რომ

საცოდავია ადამიანი

საკუთარი თავის სახელდებაც არ შეუძლია

ვინმემ რომ გვკითხოს თუ ვინა ვართ

რა უნდა შევაგებოთ დუმილის მეტი?

ან სევდიანი სიცილის მეტი?!

იცით თუ არა რომ 

სიცილის დროს

მეტი ჟანგბადი შედის სხეულში,

ვიდრე ჩვეულებრივი სუნთქვისას.

მაშდამე, ვიცინოთ:

ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა,

ჰეჰეჰეი

ჰეი

ჰეი, თქვენ, არაგველებო,

იცით თუ არა რომ 

ქრისიპე ბერძენი სტოიკოსი ფილოსოფოსი იყო, 

რომელსაც, გადმოცემის თანახმად,

ისე გაეცინა საკუთარ ხუმრობაზე, რომ მოკვდა... სიცილისგან.

არასტოიკოსური საქციელია! 

იცით თუ არა რომ

იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის

ხოლო 

ბოლოს

იცინის

ღმერთი.

 

იცინის

იცინის

კვდება 

სიცილით.

 

20 მარტი, 2020 წელი

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE