სიზმარი 3,141
ჩემო,
(იყო)
როგორ გამრუდდი, ყოფნავ, მოგყვები!
(და)
ცხოვრება ცხადად ნიშნავს რაღაც სხვას
(არა)
გამოუთქმელს ან აუხსნელს ან რა საჭიროა.
(იყო)
შენ კი დატოვე სამოსელი
(რა)
შემოდი, მაგრამ უკან ვერ გახვალ.
სიზმარი 3.1415
როცა გაგიჭირდება, ორასწლიანი, მარტო მდგომი, მსხმოიარე კაკლის ხის ჩრდილქვეშ ჩამოჯექი, გამიფიქრე და მაშინვე შენთან გავჩნდები. მაგრამ გახსოვდეს: არამც და არამც არ ჩამობერტყო ხე და არ გასინჯო ნიგოზი. თუ ნედლი კაკლის უმცირეს ნამცეცსაც კი დააგემოვნებ, უბედურებას ეწევი.
ანგელოზები სულს უბერავენ ნიგვზის ხის ფოთლებს
მე ვუსმენ მათ ხმას, ვხედავ მათ სხეულს,
მათი სიმშვიდის მწვანე სიკვდილებს
(სიკვდილი ნიშნავს ფორმას, რომელიც
უნივერსალურ სულს გამოხატავს)...
ისე ტკბილია სულების ეს სათუთი ცეკვა, ისე დამღლელი,
როგორც მესიზმრე ცაზე ახელა გონების. ვიკვლევ
ფრთების შრიალით გაღვიძებულ აბსტრაქტულ ნიშნებს
ვივიწყებ გვამებს, პოეზიის ხილულ ორეულს - ლექსების ჩრდილებს,
ანარეკლებს, მკვდარ მზეს სიტყვების
ჰაერში ლღვება პოეზიის ახალი სივრცე
კაკლის ხე მიღმა სამყაროს ფიქრობს…
ტრუიზმი ყმუის
მოიდიოტო პოეტების ვრცელ საფლავებთან
ამოდის მთვარე. შეშლილი სული გაჰკივის ზღვასთან
ღამე კოშმარებს ვარსკვლავებად აანალიზებს
ელექტრონული არქივების უსაზღვრო წყება
კვებავს ჩატბოტებს რომლებიც ალბათ დაწერენ “ლექსებს”
(!!!)
კუდიანები!
კუდიანები მიაჭენებენ შიშისფერ ცოცხებს
კუდიანები მიაქროლებენ შიშისფერ ცოცხებს
ჩატბოტი
მთვარე
ტრუიზმი
ყმუის
კაკალი
სკდება
შეშლილი სული გაჰკივის ზღვასთან
კუდიანები მიაჭენებენ შიშისფერ ცოცხებს
კუდიანები მიაქროლებენ შიშისფერ ცოცხებს
მთვართვალა, მზეთვალა, საზარელი, ლეგა ცოცხები
იდორბლებიან, ხუჭავენ თვალებს
ჩატბოტი
მთვარე
ტრუიზმი
ყმუის
კაკალი
სკდება
სიკვდილი ნიშნავს...
სიზმარი 3,14159
(სიბრძნე,)
შენი!
სხეულის გადამდები, ლურჯი სურნელი
თავს ესხმის ხშირად, ჩემს სენსორულ მექანიზმს ეს ალუზია
(სიუხვე,)
მოლიერთან თუ გადაგისვრის, ცოლებთან... ქვასთან,
თავი გაირთე, მოემზადე, გათავისუფლდი.
(სიმდიდრე,)
რაღაც ისეთის თქმას ვაპირებ!
რაც ახლა უფრო აღსანიშნია ვიდრე ამბავი
(სიყმე და)
რომ სენსორული პუნქტუაციის შესწავლას ვიწყებ
დღეიდან რადგან სხვაგვარად ვერ განგიმარტავდი
პირველ სიტყვასთან მოხმობილი ძახილის: შენი და თავისთავად,
(მოცალეობა.)
სასვენ ნიშნებთან ეს მოპყრობა, მათით თამაში,
სახალისოა. ისევე როგორც კორაბლევას პერფორმანსის თეატრი, მაგრამ
(ენა,)
სხვა სათქმელი მაქვს!
არც კი ვიცი როგორ გაგანდო
(გონება,)
რადგან თუ გეტყვი მიყვარხარ, მსურხარ! ვშიშობ რომ აზრი შენი მოსვლის
ჩემთან დარჩენის განიდევნება ტრანსცენდენტური უარყოფის მესიზმრე ცასთან
(დათმობა,)
მესიზმრე ცასთან (ისმის ხარხარი) მესიზმრე ცასთან (ხარხარებს ისევ)
მესიზმრე ცასთან (ისევ ხარხარი) მიჯაჭვულ მთვარეს
(მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.)
მზისგან, გონისგან მეტი სინათლე როცა დასჭირდა (ხარხარი შეწყდა. პაუზა. სეტყვა!!!)
უარყოფილის ძიების ძალა კიდევ ერთ აღმართს შეუდგა სიზმრად.
სიზმარი 3,141592
მკათათვე ძალებს იკრებდა წყალში
პოსტპანდემიურ ტრავმებს ტოვებდა
“საბრალო დედაბრისასა
თაგვნი ყანასა მკიანო”
მის სუსტ სხეულზე მოელვარე მწვანე ხალები
ტრანსფორმირებულ შეცდომებს ჰგავდნენ
და ანათებდნენ თვალისმომჭრელად. ცხრა მთას იქით კი
“ლომნი უგრეხენ ულოსა
და ვეფხვნი შეუკვრიანო;”
ჯაჭვით გადაბმულ ბანჯგვლიან დევებს წრე შეეკრათ მთვარის გარშემო
კბილთა ღრჭიალით შეხვნეშოდნენ მინდორზე მშვიდად მთვლემარე მთვარეს
“დევნი ურემსა უბიან
ირემნი ძნასა ჰყრიანო;”
სული სწყუროდათ, გარს უვლიდნენ
მათ ლაჯებშორის თვალის ახელას ვეღარ ასწრებდა დამხრჩვალი მიწა
“შველნი კევრებში შებმულან,
კალოს გარს დარბენიანო;”
მათ ნატერფალში დაჭყლეტილი ბალახის წვენი
სისხლივით ჩქეფდა. ღრენა-ღრიალით აზანზარებდნენ
ქვესკნელს, მთებს, კლდეებს.
“ზედ ანგელოზნი უსხედან
ტკბილ ხმაზედ დასძახიანო”
მთვარე ითვლიდა წითელ ვარსკვლავებს მესიზმრე ცაზე
სუნთქავდა მდორედ
“ჭინკები მარდად უქცევენ,
ყანასა გაჰფორცხიანო;”
დევებს დორბლები სდიოდათ ცრემლად ჭინკაკალიებს ისრესდნენ ტანზე
აურზაურით, ყაყანით, ვნებით იზელდნენ ყვერებს! ცხრა მთას აქეთ კი
“ტახნი მისწევენ კალოსა
მელები კუდით ჰგვიანო,”
დედიშობილა მკათათვე წყლიდან ამოდის როგორც ვარსკვლავი ცისკრის
გრძელ მაგისტრალურ გზას დაადგება კონსუმერიზმის დასამარცხებლად
“წერონი ანიავებენ
და ბატნი დაჰკაზმიანო;”
ბეტონის მყიფე კონსტრუქციები ჭრიალებს ყველგან
ქალაქში სადაც სისასტიკე პოეტებს ხოცავს
“დათვებს ჰკიდიათ ტომრები
ორმოში პურსა ჰყრიანო,”
ავტომობილებს აკივლებენ გვამები გზებზე
რობოტოყოფა რუტინული ქაოსით ღელავს
“მგლები წისქვილში გაგზავნეს,
პურს მალე დაუფქვიანო;”
როგორც ჭაობი - სეტყვისას! ქარში ქალაქი მკვდარი
იდეის ხსოვნა ქალაქი სარკე ნეხვთა ოხშივრით,
“შაშვი ფქვილს მტკიცავს, გნოლი ჰზელს
კაჭკაჭნი ამოჰქნიანო;”
სიკეთის მხოლოდ ციფრული კვალი
როგორც თამაშის შესაძლებლობა
“მტრედნი ჩააკვრენ ლავაშსა
და გვრიტნი ამოჰყრიანო;”
თხზავს პერსპექტივას. ცხრა მთას იქით კი
დევები უფრო გაშმაგებით ბრუნავენ წრეზე
მოუთმენლობა ჯაჭვებით ნასერ კანად ასკდებათ
“ვარიები ამზადებენ,
იხვნი სუფრასა შლიანო;”
იგრიხებიან, დუჟი სდით, ყარან
და მთვარე იცდის
“ზეცას ტოროლა გაგზავნეს,
სტუმრები მოჰკრიბიანო;”
და აი დგება! დილის სურნელი. ცაზე სხივების გუნდი აზროვნებს
მთვარე იღვიძებს, მხრებში იშლება ფინჯანს მზის შუქით აავსებს, დალევს
“შენს მადლსა, ჩხიკვნი ნუ გვინდა
სუფრასა აგვიშლიანო;
სილამაზითა ხოხობი
შუაში ჩაისვიანო,”
იქცევა მწყემსად, იღიმის, ხარობს და მის გარშემო შემოვლებულ ცხვრის ფარას
უმზერს. მკათათვე მკვდარი ქალაქის ქუჩებს ბოლთას სცემს. ეძებს
“ბულბული გალობისათვის
სულ თავსა დაისვიანო;
საწყალი ბერი ქედანი,
ბოლოში მოიგდიანო;”
მწყემსებს რომლებიც მზის სინათლეს
მწყემსებს, რომლებიც მზის სინათლეს
მწყემსებს, რომლებიც მზის სინათლეს ფინჯნიდან სვამენ.
“ერთად სმენ, სჭამენ, ლხინობენ,
“ჰარალეს” დასძახიანო.”
სიზმარი 3,1415926
შენი დახრილი ხელები სუნთქვასა და სუნთქვას შორის
ასხივებენ ცისარტყელას
ასხივებენ ცისარტყელას
(თქვი ეს ხმაურით:
ასხივებენ ცისარტყელას!)
/გზას დაადექი თავფარავნელი მოვისპერანგა/
მეფინება მთელ სხეულზე, თვალებიდან მეღვრება ჩემი დამუხტული
კანის აცეკვებად /მე კი მოვკალი
ის ბებერი ავსული უკვე
მის თავისქალას შეგინახავ საჩუქრად რადგან/
ჩემი ცრემლები წერილებია, სულის ძახილი, განახევრება, როცა ახლოს ხარ
მაგრამ ვერ გხედავ.
/მუდმივად გხევდა, აგლეჯინებდა ორბებს შენ გულებს/
შემომიფრინდი პეპლებად შიგნით გამოგაქვს სისხლი
მაფერწერადებ
სხვა საკუთარ თავს ფრთების მოსმებით
საკუთარ კანზე.
სიზმარი 3,14159265
შენი სხეული პოეზიის არქიტექტურა -
ჩამავალი მზის კეთილ სინათლედ
იკმევა
ცაზე. ჩაის დაორთქლილ პავილიონებს მიღმაღრუბლეთით
ანათებს
წერო ყვავილებს
ჩაცრის
ნისკარტსაცერით. ღამის თაღებს თავს
შეაფარებენ
ვარსკვლავებად გადარჩენილი მცენარეები.
ათასფრთიანი. იასუნარი. კაგუია. ბამბუკი. ღამის
ფანჯრებთან. ზღაპრულ. პოეზია. მისტიკა. კოტო
დღის ცაზე ჩამდგარ გუბეს ჰგავს ღამე. თოვლი წითელი აბრეშუმივით
გეფინა ტანზე შენი სხეული ქცეულიყო სამყაროს სულად იისფერ მზეებს გიწნავდი თმაში ვსუნთქავდით ლექსებს ღრუბლების სველი კუნძულებივით
ფეთქავდა
გული!
სიზმარი 3,141592653
ლექსის დასასრულს, პოეტი მშვიდად დაიჭრის ფრჩხილებს
და მაგიური სიზმრის მხილველად გადაიქცევა
და პოეზია ნიშნავს:
არ იხილო მკვდარი ლექსები
(მზარავს უზრდელი მაღვიძარა, დღეს მილაწუნებს)
ნიშნავს შეაღო იისფერი სინტაქსის ზღვები დინჯად კანმშვიდად
არ გეშინოდეს, შეგიძლია თუ არა ცურვა
(რა დამღლელია ეს ქალაქი სიცხისგან ლპება)
რადგან ტალღების, მაგიური ტალღების თაფლი გარდასახვაა
ხანგრძლივი, წმინდა
(გადაჭედილი გზები, ტრანსპორტი)
და პოეზია ნიშნავს:
ნაბიჯდებოდე წვიმაში ისე
ჟანტი ხარ თქორი თავსხმობდე თვლიდე
(ანგარიშიდან მოვხსენი თანხა, ვიყიდე პური)
თითქოს ამ წყლებად გადაესხი ქალაქის ქუჩებს
ცაიერადი, მამაცი, შლიდე
(დავლიე ღვინო. მოვწიე. თოკი.)
ახალი საფლავის მიწისფერ ლანდებს
როდესაც გბადებს
! მრუდე ფრჩხილებში განივთებულ ყოფიერებას
სარკეში ვხედავ !
მაქვემდებარებელ კავშირად ზეცა,
პოეზია ხარ
რომელიც ახდი.