პასპორტი


პასპორტი




 

ბიუროკრატიზმს,
ყელს მგელივით
გამოვღადრავდი.
არაფრად მიღირს
ერთი ქაღალდიც!
დე გახდეს ყველა
ეშმაკის კერძი.
მხოლოდ ეს ერთი...

ჩამწკრივებულან
კუპეები,
კაიუტები,
ფრონტის გრძელ ხაზზე
ჩინოვნიკი მოძრაობს დინჯად,
სინჯავს პასპორტებს
და მეც ვუწვდი
მეწამულ წიგნაკს...

აქ -
ზოგი პასპორტი
არ უღირთ არაფრად,
ღიმილით ბაგეზე
ხვდებიან ზოგს,
ასე მაგალითად -
დიდი მოკრძალებით -
ყდაზე წამოწოლილ
ინგლისურ ლომს!

მლიქვნელის გამოხედვით
და რევერანსებით
და როგორც სამოწყალოდ
გაწვდილი ხელებით,
იღებენ პასპორტებს,
ვით ქირას ლაქიები,
ამერიკელების!

პოლონურს უცქერენ
როგორც თხა აფიშას
ან პოლიციური
სიჩლუნგის გამოჩენით,
თვალებდაკარკლულებს
ჰგონიათ პოლონეთი
ახალი
გეოგრაფიული აღმოჩენა!

ნული ემოცია!
თავსაც არ იწუხებს
და არც კი შეხედავს ზედ,
ისე ჩამოართმევს
პასპორტს დანიელს
ან კიდევ
ვიღაცა შვედს!

და უცებ -
თითქოსდა დამდუღრული,
სახემოღრეცილი ხსნას გთხოვს,
ეხება
ბატონი ჩინოვნიკი
ჩემს
წითელკანიან
პასპორტს!

იღებს
ვით ყუმბარას,
ვით ზღარბს, ვით ორმხრივად
ალესილ სამართებელს - ხამი!
როგორც ორმეტრიან
გველგესლას, რომელმაც
ოცივე ჯირკვლიდან
ანთხია შხამი.

მრავალმნიშვნელოვნად
თვალს გიკრავს
მებარგული,
თითქოსდა თქვენს ბარგს
სულ მუქთად წაგიღებთ
სახლსიქით,
ჟანდარმი
ეჭვით უყურებს მაძებარს,
ხოლო მაძებარი
პირიქით.

ეს კასტა ჟანდარმთა
როგორი აღტყინებით
მაცვამდა ჯვარზე და
მომჭამდა
ფერდს,
რადგანაც ხედავენ,
ჩემს ხელში,
პასპორტზე -
ურო და ნამგლიან
საბჭოთა
გერბს!

ბიუროკრატიზმს,
ყელს მგელივით
გამოვღადრავდი!
არაფრად მიღირს
ერთი ქაღალდიც,
დე გახდეს ყველა
ეშმაკის კერძი.
მხოლოდ ეს ერთი...

ვიღებ!
წონადი ტვირთის
დუბლიკატს
ჯიბიდან შარვლის -
ფართოდგაშლილის,
შეხედეთ!
გშურდეთ!
მე ვარ მოქალაქე!
მე ვარ  მოქალაქე -
საბჭოთა
კავშირის!

 

რუსულიდან თარგმნა ნინო ქოქოსაძემ

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE