მსსრ, მზიური წალკოტი და დავილონის აბსტრაქციონიზმი


მსსრ, მზიური წალკოტი და დავილონის აბსტრაქციონიზმი




ცალას გაერთიანებული თეატრი-არენა საზღვრებს გარეშე

 

   მომავლის მზიური ქალაქის საზოგადოება მოულოდნელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. შემთხვევით ცეროდენა არიცია თავისი ჯადოსნური ჯოხით ზოოპარკში დაბმულ ორ ვირსა და ერთ ჯორს - ტლინკას, მერანასა და კალიგულას ადამიანებად გადააქცევს და ისინიც მაშინვე ერთ თარგზე გამოჭრილ სტილიაგებად (საბჭოთა ტერმინია, შეესაბამება დასავლეთის სამყაროს ჰიპსტერს) და ხულიგნებად მოგვევლინებიან. ქალაქის მოსახლეობა მათ ქარიფანტიებს შეარქმევს. უბედურება ის იქნება, რომ ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ქარიფანტიებს მიბაძვას დაუწყებს. საგაზეთო სტატიების ავტორები ცდილობენ უფრო კარგად გაგვარკვიონ შექმნილ სიტუაციაში და იტყობინებიან, რომ: „ქარიფანტიები არიან შერეკილები, ლენჩები, ნაძირალები, ქარაფშუტები, პიჟონები, მროშველები, დამთხვეულები (უკრ. ვისლუგანები), პიტეკანტროპები, პაჭანიკები, ფლოქვიანები”. ბოლოს საქმე იქამდე მივა, რომ ქარიფანტიები უკვე მოდის ტენდენციებსაც კარნახობენ საზოგადოებას და კულტურაზეც დიდ გავლენას ახდენენ. ამის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს თეატრის რეჟისორი ცალა, რომელმაც საკუთარი ორიგინალური თეატრი ჩამოაყალიბა.

 

   “ახალ გავლენას ვერც თეატრი ასცდა. როგორც კი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თეატრალური რეჟისორი ფართო მოყვითალო-მომწვანო მოდურ შარვალსა და ფოჩიან ჭრელ ბერეტში გამოეწყო, მაშინვე თქვა, თეატრი მუზეუმი როდიაო, ის ცხოვრებას არ უნდა ჩამორჩესო, და თუ ახლა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ კეთდება, როგორც საჭიროა, თეატრშიაც ყველაფერი თავდაყირა უნდა გაკეთდესო. თუ წინათ მაყურებლები დარბაზში ისხდნენ და მსახიობები სცენაზე თამაშობდნენ, ახლა, პირიქით, მაყურებლები სცენაზე უნდა მსხდარიყვნენ და აქტიორებს მაყურებელთა დარბაზში უნდა ეთამაშათ. სწორედ ასე გააკეთა ამ რეჟისორმა, რომელსაც ცალა (შტუჩკინი, ოინა) ერქვა, მან სცენაზე სკამები გააწყო და მაყურებლები ზედ დასვა, მაგრამ, ვინაიდან სცენაზე ყველა არ დაეტია, საზოგადოების დანარჩენი ნაწილი ისევ მაყურებელთა დარბაზში მოათავსა და მსახიობები მათ შორის - შუა ადგილას ათამაშა. - ასე უფრო უცნაური იქნება, - უხაროდა რეჟისორ ცალას, - წინათ მაყურებლები ცალკე ისხდნენ და მსახიობებიც ცალკე თამაშობდნენ, ახლა კი მსახიობები მაყურებლებს შორის იქნებიან. რასაკვირველია, ხალხით გარშემორტყმულ არცერთ მსახიობს არ შეეძლო ისეთი სისწრაფით შემობრუნება, რომ მისი სახე ყველასთვის დასანახი ყოფილიყო, ამიტომ ზოგი მხოლოდ მსახიობის სახეს უყურებდა და ზოგიც კეფას. დეკორაციების განლაგებაც სულელური იყო, მაყურებელთა ერთი ნაწილი მსახიობებსაც ხედავდა და დეკორაციებსაც, მეორე ნაწილი კი ვერც ერთსა და ვერც მეორეს, ვინაიდან დეკორაციები მათ მხარეს ზურგით იყო მობრუნებული და მსახიობებსაც ეფარებოდა. ასეთი არასაინტერესო სანახაობის ცქერა რომ არ მოსწყენოდათ, რეჟისორმა ცალამ რამდენიმე მსახიობს უბრძანა წარმოდგენის დროს მთელ დარბაზში ერბინათ, მაყურებლებისათვის ფერადი ნახერხი შეეყარათ და თავში ტკაცუნები და ჰაერით გაბერილი ბუშტები ერტყათ. საზოგადოებას მაინცდამაინც არ მოსწონდა ეს თეატრალური ოინები, მაგრამ რეჟისორმა ცალამ თქვა, სწორედ ასეა საჭიროო, რადგან თუ წინათ კარგ სპექტაკლად ის სპექტაკლი ითვლებოდა, რომელიც მაყურებელს მოსწონდა, ახლა, როცა ყველაფერი უკუღმა კეთდება, კარგ სპექტაკლად ის უნდა ჩაითვალოს, რომელიც არავის არ მოსწონსო” (ნ. ნოსოვი, “არიცია მზიურ ქალაქში”, 1958, მთარგმნ. ალექსანდრე გაბესკირია).

 

   თუ გავიხსენებთ, რომ მოქმედება ხდება მომავლის კომუნისტურ საზოგადოებაში ნიკოლოზ ნოსოვის რომან-ზღაპრიდან „არიცია მზიურ ქალაქში” (1958 წ.), მაშინ ამ ათვლის წერტილის ირგვლივ ქარიფანტიების კულტურის პარალელებსაც დავინახავთ, როგორც 1990-იანი წლებიდან, ისე მანამდეც, 1920-იანი წლების ე. წ. ნეპის (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის) პერიოდში.

  

   უახლესი შედარებისთვის - 1990-იანი წლები:

 

   „მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრი თავიდანვე მოწოდებულია კოლექტიური დადგმებისკენ. ეს არის პერმანენტულად ცვლადი, პროცესუალური კოლექტივი, სადაც რეჟისორის ფუნქცია განისაზღვრება, როგორც სიტუაციის კურატორის. საბაზო ენა ჩვენი მუშაობისა არის თამაში პარალელურ სცენებს შორის (ჩვენი თეატრი იყენებს 2 პარალელურ, ოპოზიციურ სცენას და 1 არენას მათ შორის). ტექსტის მხოლოდღა მუსიკალური მიზნებით გამოყენება ჩვენი სადადგმო ფილოსოფიის ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანია. თეატრი მუშაობს წარმოდგენებზე შემთხვევითი მონაწილეებით. ახალი მგრძნობელობის თეატრი ამბავს კი არ გვიყვება, არამედ გვრთავს ამბავში” (მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრი, ბუკლეტი “მარგო არენა-2”, 1995).

 

 

   ქარიფანტიების კულტურის ადრეული გამოვლინებისთვის - 1920-იანი წლები:

 

   1927 წელს ტფილისის სახელმწიფო ოპერის დირექციამ პარიზიდან მოიწვია რეჟისორი ეიხენვალდი, რომელმაც დადგა ორი ოპერა: „მაზეპა” და „სამსონი და დალილა”. ამ უკანასკნელი ოპერის დადგმა იმით გამოირჩეოდა, რომ სცენაზე 200-მდე ტიტველი ქალი და ვაჟი იქნა გამოყვანილი... 1929 წელს მუშათა კლუბში (პლეხანოვის #123) დაიდგა ოპერა „აბესალომ და ეთერი” და ბალეტში თითქმის სავსებით ტიტველი ქალი გამოვიდა...

 

   იმავე პერიოდში მოსკოვიდან თბილისში საგასტროლოდ იყო ჩამოსული ვსევოლოდ მეიერხოლდის ბიომექანიკის თეატრი წარმოდგენით „ტყე”, თუმცა, მაყურებელი სცენაზე ტყეს ვერსად აღმოაჩენდა, ხოლო კინოთეატრ „სოლეიში”, ზემელზე, უჩვენებდნენ ფილმს „აბრეკ ზაური”, რომელიც მიბაძვის შედეგად იწვევდა აურზაურს როგორც დარბაზში, ისე ქუჩაში. ვანქის ეკლესიის გალავანში (ბარათაშვილის 12) კი ყოველდღე იმართებოდა დიდი სახალხო ბაზარი და ბალაგანი, რომელშიც ბაბილუგის ქუჩის (შემდგომში პაპანინის, დღეს - ვანო სარაჯიშვილის ქუჩაა ზემელზე) ადგილობრივი და სოფლიდან ჩამოსული ჯიბგირებიც დიდ მონაწილეობას იღებდნენ. აგარაკებზე მიმავალ მატარებლებს ხალხმა “რქიანი მატარებელი” შეარქვა, რადგან ის ხშირად იყო მიზეზი ცოლ-ქმრის ღალატისა და ოჯახური არეულობის, ხოლო მზის აბაზანების პარალელურად ხმარებაში შემოვიდა ტერმინი “მთვარის ვანები”, რაც შეყვარებულთა გვიან ღამით მთვარის შუქზე შეხვედრებს გულისხმობდა. პლეხანოვის პრ. #121-ში, სადაც დღეს საქველმოქმედო სახლი “კათარზისია”, საერთო საცხოვრებელი იყო გახსნილი და მსმენელები ყველა საგნებზე უფრო სწავლობდნენ რომანტიზმს. ქალების მიღწევა ამ მხრივ საუცხოვო იყო: თითოს ორი შეყვარებული მაინც ჰყავდა... (იმდროინდელი პრესის მასალების მიხედვით). ალბათ, ამ გარემოებას ასახავს იეთიმ გურჯის ლექსი “ჩვენი დროის სიმღერა” (1927):

 

სანამ დრო მაქვს ვიპარპაშო,

ხან ჟენია, ხან კი მაშო.

სანამ ჯერ არ გაუგიათ,

შენ დაუკარ სათამაშო...

 

   ...მთვარეზე კი, ქალაქ დავილონის ერთ-ერთ ღამის თეატრში დაშვებული იყო დამპალი ვაშლების სროლა მსახიობებისთვის. თუმცა, მთვარის კულტურის გარკვეულ ასპექტებს ჩვენ ცოტა ქვემოთ შევეხებით.

 

 

როდესაც საზოგადოებას კაკაფონია იპყრობს

 

   მზიურ ქალაქში თეატრალებს არც მუსიკოსები ჩამორჩნენ და კაკაფონიური კონცერტების გამართვას მიჰყვეს ხელი.

 

   „რამდენიმე ქარიფანტია საკონცერტო დარბაზში შეიპარა და დიდძალი საზოგადოების წინაშე მოშლილი და გაფუჭებული მუსიკალური საკრავებით გამართეს კონცერტი. ეს ისეთი მუსიკა იყო, რომელსაც ყური ვერ უძლებდა; მაგრამ ქარიფანტიებმა ხმა დაყარეს, ყველაზე მოდური მუსიკაა და მას კაკაფონია ეწოდებაო. კაკაფონია მთელ ქალაქში გავრცელდა. მალე კიდევ რამდენიმე ორკესტრი გაჩნდა, რომლებიც დამტვრეულ და მოშლილ საკრავებზე უკრავდნენ. იმ დროს მოდაში იყო კაკაფონიური ორკესტრი „ქარაფონი” (“Ветрофон”), რომელიც სულ ათიოდე ცეროდენისაგან შედგებოდა. ერთი მათგანი კონსერვის ქილაზე უკრავდა, მეორე მღეროდა, მესამე წრიპინებდა, მეოთხე წკმუტუნებდა, მეხუთე სრუტუნებდა, მეექვსე კნაოდა, მეშვიდე ყიყინებდა; დანარჩენებიც სხვადასხვანაირ ხმას გამოსცემდნენ და ტაფებზე უკრავდნენ. მუსიკის მოყვარულები, რომლებსაც ამ მოდური კონცერტების შემდეგ ყურში აღარაფერი ესმოდათ, ხელებაპყრობილები სწყევლიდნენ ყოველგვარ კაკაფონიას, ქარაფონიას და თავიანთი გაჩენის დღესაც კი” (ნ. ნოსოვი, “არიცია მზიურ ქალაქში”, 1958, მთარგმნ. ალექსანდრე გაბესკირია).

 

   რაც უფრო გაუგებარ სახეს იღებდა ეს ყველაფერი, მით უფრო მოწინავედ და პროგრესულად ცხადდებოდა მსგავსი სიახლეები ქარიფანტიების მიერ. თავიდან არავინ იცოდა, თუ როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ თავსდატეხილ უბედურებას, მაგრამ ცოტა ხანში პროფესორმა ქინქლამ გაზეთში საკუთარი თეორია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ეს თავხედი ცეროდენები ორ სახეობად იყოფიან - ნამდვილ ან მიბაძვით წარმოქმნილ ქარიფანტიებად. თუ ე. წ. ნამდვილ, დაბადებით ქარიფანტიებს მათ კუთვნილ ვირის იერს დავუბრუნებთ, მაშინ მიმბაძველ ქარიფანტიებს მაგალითი აღარ დარჩებათ და ნელ-ნელა თავის ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდებიანო. ამ თეორიამ გაამართლა - ტლინკა, მერანა და კალიგულა ისევ ვირებად გადაიქცნენ და ჩვეული წესრიგი ქალაქში მალევე აღდგა.

 

 

მსოფლიო რესპუბლიკის არქიტექტურა

 

   მზიურ ქალაქში, სადაც არიცია და მისი მეგობრები - ჭიკარტა და თხუპნია ჭრელჭრულა 1958 წელს აღმოჩნდებიან, მაღალი ფაზის კომუნისტური წყობა სუფევს. აქ ისინი ნახავენ მბრუნავ სახლებს, სადაც მზის სინათლე დღის განმავლობაში ყველა მხრიდან თანაბარად ნაწილდება, ბინები ავტომატური სასადილოებითაა აღჭურვილი და სპეციალური ლიფტის ღილაკების გამოყენებით საუზმისა თუ სადილის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ყოველგვარი საფასურის გარეშე. ქუჩებში ასევე სრულიად უფასოდ ავტომატურად მართული ტაქსები მიმოდიან, რომელთაც პროგრამულად დამახსოვრებული აქვთ ქალაქის ყველა შესაძლო მარშრუტი და ტრანსპორტის მართვა ფიქრითაც - ტვინიდან მომავალი მიმართულების იმპულსების დამჭერი სენსორის საშუალებით - შესაძლებელია. უკვე არსებობს აუდიოწიგნი, რობოტი მტვერსასრუტი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი და მრავალი სხვ., რაც ჩვენთვის დიდი ხნის შემდეგ გახდა ცნობილი. ტექნიკას მთლიანად შეუცვლია ადამიანის შრომა. უნივერსალური წრიული თვითმავალი კომბაინები ცირკულინა (ფარგალა), პლანეტარკა (ცთომილა), ექსცენტრიდა, კონცენტრინა, ხრახნია და სხვ. დისტანციურად იმართებიან რადიოლარიიდან, ყოველგვარ სახნავ-სათეს სამუშაოს ითავსებენ და ამით წლიურ მოსავლიანობას რამოდენიმეჯერ ზრდიან. მილიციას კი მხოლოდღა ქვეითთა საგზაო კონტროლისა და ავტოინსპექციის ფუნქციები დარჩენია, რადგან აღარც ისეთი ქმედება გვხვდება მეტად, რასაც დანაშაული შეიძლება ეწოდოს.

 

 

დავილონის აბსტრაქციონიზმი სახალხო ბედნიერების წინააღმდეგ

 

   მზიური ქალაქის შემდეგ არიცია, ფუნთუშა და დანარჩენი ცეროდენები მათ მიერვე აგებული კოსმოსური ხომალდებით “ადფ” (არიციასა და ფუნთუშას საპატივცემულოდ) და “პდქ” (პატარძალასა და ქაშაყას - ხომალდის კონსტრუქტორების საპატივცემულოდ, თუმცა კი, ხომალდის აგების სამუშაოებში დიდ მონაწილეობას იღებდა ინჟინერი მოქლონაც) მთვარეზე გაფრინდებიან და მის სიღრმეში არსებულ კაპიტალისტურ ცივილიზაციას აღმოაჩენენ. აქ ისინი გაეცნობიან მთვარის ცნობილ დიდ ქალაქებს: დავილონს, ცარცვენბერგს, როშვენბერგს, სან-კოღოსს, ლოს-ღოროსს, ლოს-ტახოსს, ლოს-უხამსოსს, ფანტომასს, სოფლებს - უპურეთს, შიმშილეთს, უჭმელეთსა და ასევე სულელთა კუნძულს. მთვარეზე მრავალფეროვანი პერიოდული გამოცემები გამოდის - „გაზეთი სულელებისთვის”, „გაზეთი ჭკვიანებისთვის”, „დავილონური იუმორესკები”, „გაზეთი დაწოლილ მდგომარეობაში კითხვის მოყვარულთათვის” და სხვ. აქ ყველაფერს კაპიტალისტები კრაბსი, კრიჟენფილდი, ხარბინგი, ბინძურინგი, ძუნწინგსი, ბაღლინჯობსი, შტერსი და მათთან ერთად კრიმინალები - ჟულიო, ხამხამსი, ანტიკვარი და სხვ. განაგებენ.

   არიცია ქალაქ დავილონში აბსტრაქციონისტულ ნახატს წააწყდება და ვერაფერი გაუგია, თუმცა მისი ახლადშეძენილი მეგობარი ბეკეკა, რომელსაც ასეთი ნახატები ადრეც უნახავს საპნის ერთი მდიდარი მეფაბრიკის, გვარად ბინძურინგის სახლში, შეეცდება ის ყველაფერში გაარკვიოს:

   „არიცია ხშირად უყურებდა კედელზე ჩამოკიდებულ სურათს გაუგებარი ხვეულებითა და კლაკნილებით და ცდილობდა გაეგო, თუ რა იყო მასზე გამოსახული.

   - შენ, ძმობილო, სჯობს ამ ნახატს არ უყურო, - ეუბნებოდა მას ბეკეკა. ტყუილად ნუ იმტვრევ თავს. შეუძლებელია მასში რაიმეს გაგება. ჩვენთან ყველა მხატვარი ასე ხატავს, რადგანაც მდიდრები მხოლოდ ამგვარ ნახატებს ყიდულობენ. ერთი ასეთ კლაკნილებს დაჯღაბნის, მეორე რაღაც გაუგებარ კულულებს გამოსახავს, მესამე წყლიან საღებავს ერთიანად გადაასხამს ტილოს და მთელ შუაგულს დაფარავს, რაც ბოლოს რაღაც გაუგებარ, უაზრო ლაქად იქცევა. შენ კი შესცქერი ამ ლაქას და ვერაფერი გაგიგია - მხოლოდღა რაღაც უმსგავსობაა! მდიდრები კი უყურებენ და აქებენ კიდეც. „ჩვენ, ამბობენ, არც გვჭირდება, რომ ნახატი გასაგები იყოს. ჩვენ სულაც არ გვინდა, რომ რომელიმე მხატვარი რაიმეს გვასწავლიდეს. მდიდარს მხატვრის გარეშეც ყველაფერი ესმის, ღარიბს კი არაფრის გაგება არ სჭირდება. იმიტომაც არის ღარიბი, რომ არაფერი არ უნდა იცოდეს და სიბნელეში უნდა ცხოვრობდეს”. აი, როგორ მსჯელობენ ისინი”.

(ნ. ნოსოვი, „არიცია მთვარეზე”, 1964, თარგმანი წერილის ავტორის)

   და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთვარის ქალაქ დავილონში თეატრში მსახიობებისთვის დამპალი ვაშლების სროლაც დაშვებული იყო.

 

   კონტრ-შედარებისთვის:

   საქართველოში 1930-იან წლებში მოქმედებდა კლუბებთან არსებული სახალხო თეატრები, საკოლმეურნეო და სასოფლო მოძრავი თეატრები, სანიტარული კულტურის თეატრი. 1934 წელს თბილისში თოჯინების და ლანდების სახელმწიფო ქართული თეატრი დაარსდა. 1928 წლიდან მოქმედებდა მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომელსაც თავისი ნორჩი მაყურებლების მომსახურებისათვის ავტობუსიც ჰყავდა და სხვადასხვა საბავშვო კერებიდან ავტობუსით მოჰყავდა ბავშვები თეატრში...

   ჩვენ კი შეიძლება გვგონია, რომ დედამიწაზე ვართ და არიცია და მისი მეგობრები აქედან გაეშურნენ მთვარეზე სამოგზაუროდ, მაგრამ, საქმე პირიქითაა - ჩვენ დღეს სწორედაც რომ კაპიტალისტურ მთვარეზე ვიმყოფებით და არიცია მხოლოდღა ცოტა ხნით ჩამოდის სტუმრად ჩვენთვის უკვე სადღაც არსებული ადამიანთა დედამიწიდან.

 

 

თბილისი - ამაზონების მზის ქალაქი ათასი წლის შემდეგ და სახელმწიფოს გაქრობა

   თუ გვსურს თვალნათლივ ვიხილოთ, თუ როგორ განხორციელდება მზიური ქალაქის ფუტუროლოგიური იდეები ათასი წლის შემდეგ, ივანე ყიფიანის რომანს „ამონი ანუ ტფილისი ათასი წლის შემდეგ” (1936) უნდა გავეცნოთ, რომელიც საბჭოთა ფანტასტიკის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს წარმოადგენს.

   შავი ზღვის აუზის ადგილას ახალი სახელმწიფო ამონი წარმოქმნილა, სადაც პირველი ამონელები ქართველები ყოფილან, თუმცა, ახალი საერთაშორისო ენის, პოლიტიკური წყობილებისა და კულტურის გავლენით სხვადასხვა ერი ბუნებრივად გაერთიანებულა. „...ის ხანა, როდესაც სხვადასხვა ერი არსებობდა დედამიწაზე, არასოდეს არ დაბრუნდება. მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევებმა ჩვენ გაერთიანებას ხელი შეუწყო. დღეს დედამიწაზე არცერთი ერი აღარ არსებობს, ყველა ისტორიის ბორბალს გადაჰყვა... თქვენი წარმოდგენით ეროვნება ყვავილს ან რომელიმე საკრავ იარაღს წარმოადგენდა. ჩვენ კი გვგონია, რომ ძველი ეროვნება იყო კედელი, იგი სხვადასხვა ხალხს უშლიდა ერთმანეთთან დაახლოებას, ერთმანეთის გაგებასა და სათანადო დაფასებას”.

   აქ საუბარია მომავლის მსოფლიო სახელმწიფოს შესახებ, რაც სახელმწიფოს საერთოდ გაქრობასაც გულისხმობს. მსგავსი მსოფლიო რესპუბლიკის შექმნის იდეას ლევ ტროცკის ან ე. წ. გლობალისტებს მიაწერენ, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. 1922 წლის 30 დეკემბერს საბჭოების I ყრილობაზე სსრ კავშირის შექმნის შესახებ მოხსენების დროს სტალინმა პირველად წარმოადგინა მსოფლიო სახელმწიფოს - მსოფლიო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (მსსრ) იდეა და მის პირველსახედ ახლადშექმნილი საბჭოთა კავშირი დაასახელა. ამ ფორმულირებამ შემდეგ სსრ კავშირის შექმნის შესახებ დეკლარაციაშიც გადაინაცვლა, ხოლო 1924 წელს საბჭოთა კავშირის პირველ კონსტიტუციაში იქნა შეტანილი.

   პოეტ ივანე ყიფიანის მოცემულ ფანტასტიკურ რომანში საუბარია კაცობრიობის ერთ საყოველთაო ენაზე:

   „ეროვნებათა გაერთიანების პროცესი საერთო ენის შემოღებამაც გამოიწვია. კაცობრიობა უკვე ერთ ენაზე ლაპარაკობს, რომელსაც ამონთა ენა ჰქვია”...

   (იხ. ფუტუროლოგიური თეზისი ახალი საერთაშორისო ენის შესახებ, რომელიც სტალინის მიერ დაყენებული იქნა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) XVI ყრილობაზე და შემდგომ შეტანილი იქნა ნაშრომში „მარქსიზმი და ენათმეცნიერების საკითხები”, 1950).

   რომანი „ამონი ათასი წლის შემდეგ” არიციას მზიურ ქალაქში მოგზაურობას მოგვაგონებს. ამონის უდიდესი მზე-ქალაქი სტომი აგებულია ინჟინერი-პოეტის მიერ, ქუჩები წრიულად და რადიუსებითაა განლაგებული და ავტომატურად მოძრაობს, რადიალური ქუჩები მზის სხივებს მიაგავს. ამინდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების მიხედვით რეგულირდება. ქალაქის ქვეშ, 2 კილომეტრის სიღრმეზე ე. წ. მეორე სტომია გაშენებული თავისი ხელოვნური მზით და აქ განლაგებული ფაბრიკა-ქარხნები დისტანციურად იმართება. შრომის პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია და მუშების მაგივრობას მანქანები სწევენ. სპეციალური ტექნიკით მიწა პირდაპირ საჭირო ნედლეულად გარდაიქმნება და ასეთი დაჩქარებული მეთოდით სულ რამდენიმე წუთში მიიღება აბრეშუმი, ბამბა და სხვა ნებისმიერი აუცილებელი პროდუქცია.

   მართლაც, გასაოცარია ივანე ყიფიანის დროთა საზღვრების გადამლახავი წინასწარგანმჭვრეტი სურათები 1930-იან წლებში - ამონის ახალი ქვეყნის დიდი ქალაქების, სტომისა და ტფილისის მოსახლეობა მზე-სადგურებითა და რადიოტელეფონებით სარგებლობს. წიგნები ელექტრონულად იბეჭდება და პატარა პერანგის ღილისა თუ შაურიანისოდენა ფირფიტებზე ინახება. ქაღალდი აღარც ჟურნალ-გაზეთების დასაბეჭდად გამოიყენება, მათ მაგიერ მიმოქცევაშია მუდამ განახლებადი, უზარმაზარი მოცულობის ელექტრონული გაზეთი „სამყარო”, თემატიკის სურვილისამებრ შერჩევით თითოეული მკითხველის მიერ. არც ხელით წერა ან ბეჭდვა ესაჭიროება ვინმეს, რადგან სპეციალური საწერი მანქანები არსებობს, რომლებიც კარნახით ბეჭდავენ და ასწორებენ კიდეც ტექსტს.

   ფაბრიკა-ქარხნებიდან ავტომატურად წარმოებს სხვადასხვა საჭირო ნივთების დარიგება-განაწილება. მოსპობილია სასაქონლო წარმოება, საქონელმიმოქცევა და სავაჭრო საქონელი, როგორც ყიდვა-გაყიდვის საგანი. მის ადგილს ესა თუ ის ნივთი, მოხმარების საგანი და პროდუქტგაცვლის წესით განაწილება იკავებს. ფულიც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, აღარ არსებობს ფულადი ბრუნვისა და ფულადი სახსრების მოპოვების საშუალება. გაუგებარია რაიმე ჯილდოს აღება შრომისათვის. პრინციპით „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის” პიროვნებისა და კაცობრიულის საქმე განუყოფელი გამხდარა. ყოველდღიური შრომა მოთხოვნილებას წარმოადგენს და მისი სამაგიერო საზომი მხოლოდღა სიტყვით გამოთქმული უბრალო სურვილია. მოქალაქეები წარმოებული პროდუქციის სანაცვლოდ იღებენ არა ფულს, არამედ მათთვის აუცილებელ ნაწარმს. „ყველასგან რამდენიც გვინდა, ყველას სურვილისდა მიხედვით” - განვითარებული ტექნოლოგიების წყალობით, თუნდაც მთელი კაცობრიობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისია ადამიანმა დღეში, საშუალოდ, სულ დიდი ერთი საათი იშრომოს. ამიტომაც, საზოგადოების წევრებს რჩებათ საკმაო თავისუფალი დრო ფიზიკური და გონებრივი უნარის განვითარებისა და ყოველმხრივი განათლებისათვის. დაწესებულია საყოველთაო-სავალდებულო პოლიტექნიკური სწავლება, რათა საზოგადოების ყველა წევრისათვის უზრუნველყოფილი იქნას საკმაო განათლების მიღება იმისათვის, რათა ისინი მთელ სიცოცხლეში მიჯაჭვული კი არ იყვნენ ერთ რომელიმე პროფესიაზე, არამედ თავისუფლად აირჩიონ პროფესია.

   კომუნიზმის დაბალი ფაზის სოციალისტური ფორმულა “თვითეულისგან - მისი უნარის მიხედვით, თვითეულს - მისი შრომის მიხედვით” შეცვლილია კომუნიზმის მაღალი ფაზის ფორმულით “თვითეულისგან - მისი უნარის მიხედვით, თვითეულს მისი მოთხოვნილების მიხედვით”.

   (იხ. ი. სტალინის მესამე ფუტუროლოგიური თეზისი ნაშრომში „სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები სსრ კავშირში”, 1952).

   აღარც სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი აპარატი არსებობს თავისი ჯარებით, ეკლესიითა და ადმინისტრაციით. აღარავის ასამართლებენ, რადგან თვით დანაშაული გამქრალა. ამონის ქვეყანაში ჯერ ყოველის მმართველობა - ჰეკასტოარქია დამყარდა, მას კი ბუნებრივად მოჰყვა უმართველობა, რაც მხოლოდ კომუნიზმის მეორე საფეხურზეა შესაძლებელი. ვერსად შეხვდებით ორ მსგავს პიროვნებას, თუმცა, ყველა ემორჩილება საზოგადოებას და მის წესებს. აღარ არსებობს კლასობრივი განსხვავებები, გათანაბრებულია ქალაქი და სოფელი თავიანთი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-ყოფითი მნიშველობით და გათანაბრებულია გონებრივი და ფიზიკური შრომა. 

   „დღეს მთელ სისტემაზე არის პიროვნების თავისუფლება. მან არ იცის ძალადობა ადამიანზე, საზოგადოების ერთი კლასისაგან მეორე კლასის დაჩაგვრას, რომელსაც ადგილი ჰქონდა უშორეს წარსულში, დღეს ადგილი აღარ აქვს, რადგანაც საზოგადოების კლასად დაყოფა დიდი ხანია მოისპო. დღეს ყოველი ადამიანი არის თავისი მთავრობა, ის თავის საქმეებს განაგებს ისე, როგორც მას უკეთ მოუხდება, მაგრამ არა სხვების საზიანოდ”.

   ეს იდეები მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს რომ არ განეკუთვნება, იმითაც ჩანს, რომ გაივლის დიდი დრო და 1970-იან წლებში ძალზე პოპულარული გახდება ცნობილი დასავლეთელი ქარიფანტიის, ჯონ ლენონის ზუსტად ასეთივე შინაარსის მქონე სიმღერა სახელწოდებით “წარმოიდგინე”.

   ამონის ახალი სახელმწიფოს იდეოლოგიაში შეგვიძლია დავინახოთ აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძისთვის ძვირფასი ლოზუნგი „ძმობის, ერთობისა და თანასწორობის”, რომელიც დეკაბრისტებს ეკუთვნით და რომელიც საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდგომ ალბათ არცთუ შემთხვევით სახეცვლილი „ძმობის, თავისუფლებისა და თანასწორობის” ფორმით შემორჩენია თანამედროვე ევროპას.

   მაგრამ, ჩვენ უფრო ფუტუროლოგიური კუთხე გვაინტერსებს და არა იდეოლოგიური, როგორიცაა, ვთქვათ, კოლექტიური თუ ცალკეული თავისუფლების შეპირისპირება. ამიტომაც, ივანე ყიფიანის ფანტასტიკური რომანის საკითხთა მხრივ უფრო საინტერესო იქნებოდა 1920-იანი წლების ერთი ქალაქური ჭორიც გაგვეხსენებინა, რომ თითქოსდა მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის #7-ში მდებარე ტფილსაზკვების ტრესტის რესტორან „ორიანტიდან” (შემდეგ აქ „ინტურისტის” სასტუმრო განთავსდა, მოგვიანებით კი - მხატვრის სახლი) ფუნიკულიორზე არსებულ განთქმულ რესტორან „ედემამდე”, სადაც ღია ადგილას მოედანზე მოსადილეებისთვის მუსიკოსების ანსამბლიც უკრავდა, საბაგირო გზა უნდა გაეჭიმათ და ორივე რესტორნის მენიუ თანაბრად ხელმისაწვდომი გაეხადათ კლიენტებისათვის.

 

 

ეგვიპტური მზის ქალაქი შუასაუკუნეების ევროპაში

 

   როგორია მზის ქალაქებისთვის დამახასიათებელი ის საერთო ატრიბუტიკა, რაც სხვადასხვა ეპოქების ლიტერატურულ ნაწარმოებებს თანაბრად განმსჭვალავს?! გარეგნულად ყველა მზის ქალაქი წრიული ფორმისაა, რაც, პირველ რიგში, ადამიანთა თანასწორობაზე, ძმობასა და კომუნაზე მიუთითებს. მართლაც, მეცნიერული სოციალიზმის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე ეს მახასიათებელი მკაფიოდ ჩანს იტალიელი ფილოსოფოსის, თეოლოგისა და პოეტის, ტომაზო კამპანელას 1623 წელს გამოცემულ წიგნში `მზის ქალაქი”, სადაც მცხოვრებლები ერთდროულად მდიდრებიც არიან და ღარიბებიც, რადგანაც, ყველაფერი აქვთ, რაც სურთ, თუმცა კი, პირად საკუთრებაში არაფერი გააჩნიათ. კერძო საკუთრებასთან ერთად გაუქმებულია მონოგამიური ოჯახიც, რადგან ისიც ყოველგვარი დანაშაულისა და მანკიერების მთავარ მიზეზად მიიჩნევა. „მზის ქალაქის” ფილოსოფია ჰგავს როგორც პლატონის „სახელმწიფოს”, ისე საბჭოთა კომუნას მის საწყის ეტაპზე. ყველა თანასწორად შრომობს და ფიზიკური შრომის შემთხვევაში სამუშაო დღე 4 საათს არ აღემატება. დანარჩენი დრო მეცნიერებას, სწავლას და განვითარებას ეთმობა, რასაც ტექნიკის სიახლეები და ეზოტერიკული მეთოდებიც (მაგ., მოსავლის მოყვანის დაჩქარების მეთოდი) ეხმარება. ვისაც არაფრის კეთება არ შეუძლია, ჯაშუშად მუშაობს. ქალაქის მოსახლეობა კომუნებად ცხოვრობს, რათა არავინ აღმოჩნდეს უკანონო სქესობრივი კავშირის დამყარების ცდუნების წინაშე. დიდ მანკიერებად ითვლება სიამაყე, უმადურება, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, ოხუნჯობა, სიცრუე და სიბრაზე. ქალაქის მმართველს მზე და მეტაფიზიკოსი ეწოდება. ის წარმოადგენს როგორც მეფის, ისე უმაღლესი მღვდელმსახურის ხელისუფლებას და მას თორმეტი ქურუმისაგან შემდგარი კოლეგია ეხმარება. რელიგიას მთლიანად ცვლის მეცნიერება და ეგვიპტური მაგია, ხოლო ჯადოქარ-ქურუმები ხალხს მუდმივი ბედნიერებით, კეთილდღეობითა და სათნოებით უზრუნველყოფენ.

 

 

კომუნიზმი შუასაუკუნეების საქართველოში „ვეფხისტყაოსნის” მაგალითზე

 

   ძმობის, ერთობისა და თანასწორობის და კომუნისტური მოწყობის ადრეულ მაგალითს „ვეფხისტყაოსნის” ბოლო-თქმაშიც ვხვდებით:

 

1664

ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,

ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,

ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,

შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

 

   „ვეფხისტყაოსნის” მსოფლმხედველობის მიმართ ეკლესიის დაპირისპირების გამო ეპილოგის დამაბოლოებელ 1666-ე სტროფში თამარის სახელი შეცვლილი იქნა დავითის სახელით, რათა პოემისათვის თამარის საეკლესიო აღიარების მქონე შარავანდედი ჩამოეცილებინათ. მეორე მხრივ, შუასაუკუნეების მისტიკურ ტრადიციაში თამარის სახელი შეესატყვისებოდა ხურმის ხის სიმბოლოს, რაც თავის მხრივ ორმუზის, ჰერმესის, არმაზის, არმას და, ზოგადად, ჰერმეტისტული ცოდნის აღმნიშვნელი იყო.

 

1665

გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.

გარდახდეს, გავლეს სოფელი, - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა! -

ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.

ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

 

1666

ქართველთა ღმრთისა თამარის, ვის მზე მსახურებს მარებლად,

ესე ამბავი გავლექსე მე მათად საქებარებლად,

ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს შუქთა მარებლად,

ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა გამახარებლად.

 

რაც შეეხება ე. წ. ვითომდა დამაბოლოებელ 1667-ე სტროფს, როგორც ეს დიდი ხნის წინ გამორკვეული იქნა პავლე ინგოროყვას მიერ, ის მთლიანად ყალბია და მოგვიანებითაა დართული.

 

 

პირიმზის მარადიული იდეალი - რტო სიმშვიდის და სათნოების

 

   თამარის, იგივე პირიმზის იდეალი პირველად არგონავტების თქმულებით ჩვენამდე მოღწეულ აიეტიდა მედეას - მზის მეფე აიეტის დიდებული ქალიშვილის სახეში ჩნდება, მე-20 საუკუნეში კი მარადიული ღმერთქალის ქართული სახე სანდრო შანშიაშვილმა შთამბეჭდავი შტრიხებით მოგვცა პოემაში „ლატავრა” (1926), რომელიც ზაქარია ფალიაშვილის იმავე სახელწოდების ოპერის ლიბრეტოს დაედო საფუძვლად. ლატავრა მზის ქალიშვილია, პირიმზის გამომჟღავნებაა და სილამაზით კიდეც სჯობნის მას, იგი სახეა იდეალისა და ხალხის უმრავლესობის ნების გამომხატველია. მის ქვეყანაში ყველანი მზის შვილები არიან და მზეს ადიდებენ, იქ ყოველი დღე მზისაა და სახალხო დღესასწაულია. მზე წარმართავს ლატავრას გზას და თავადვე ყველა ღვთაებას აღმატებული, მზეს ეთაყვანება ისიც:

  

მზეო, მზეო, გვასულდგმულებ,

მარად ჰბადებ სურვილ-ნებას!

შენს წინაშე წარმომდგარვარ,

ხალხთან ერთად გიძღვნი ქებას.

შენ გადიდებთ, ჩაუმქრალო,

მხურვალეო, მხურვალეო,

ოქროს თვალო!

დღისით მეფევ, ღამით სიძევ!

ბრწყინვალეო, გარდუვალო!

 

   ლატავრას ჰყავს ქალთა ამალა, მსგავსად მედეასი, რომელსაც ასევე მუდამ თან ახლდა არტემიდეს საიდუმლო მისტერიებში ხელდასხმული თორმეტი ქუთაისელი წმინდა ქალწული. შეუძლებელია ლატავრას თვალი მოსწყვიტო, მისი შემხევდვარე - „ძალას იკრეფენ მოხუცებულნი, იმედს ჰპოვებენ გულგატეხილნი, დავრდომილები ჯანსაღდებიან, სასტიკი ლბება, მრისხანე ცხრება, ვნებადამშრალი ინთება გრძნობით”. იგი თავის საკუთარ ხალხს წინ უდგას, როგორც სულის სარკე და წარმოაჩენს ყოველივე კარგს, რაც მათშია. როდესაც მუშათა სახელოსნოებს ესტუმრა, მას შემდეგ “აღარცერთს დარდი არ მოსწოლია, მუდამ იმედი უცხოველდებათ, მუშებმა შეჰქმნეს მისდამი ჰიმნი და ყველა გულში იმას ღიღინებს”. მუშებმა და ლატავრას ქვეყნის მცხოვრებლებმა დაანგრიეს ცივი კერპები და სანაცვლოდ ხალხის ნამდვილ და თავდაპირველ საუნჯეს, სულის კეთილშობილ მისწრაფებებს და ლატავრას დაუდგეს ტახტი, რომელსაც „სიამოვნების ოქროს ფლოსტი ფეხზე ჩაუცვამს, ხელში უჭირავს რტო სიმშვიდის და სათნოების”.

   შემდეგ მოდის სახე ბოროტებისა - ინკუბუსი. ის უდარდელი კუპლეტების სიმღერით შემოდის სცენაზე:

 

ჩემთან ასულო! ჩემთან ლამაზო! ჩემთან იცეკვე!

დილავ რანინა, დილავ რანინა, დილავ რანინა, ჰო!

დილ-დილა დილავ რანინა, დილ-დილა დილავ რანინა, დილ-დილა დილავ რანინა, ჰო!

 

   თუმცა, მოჩვენებით გულუბრყვილობასთან ერთად ინკუბუსი სიმართლესაც ამბობს და უცხოელ ბატონთა დაპირებებით გაბრიყვებულ მზიური ქვეყნის გამყიდველებსაც დასცინის შეფარულად:

 

ერთ კაცს ჰყავდა დიდყურა,

წელზე ფიჩვი ეხურა,

აზიდვინეს ქვაკირი,

ვერ გაბედა გაჰქირი,

რადგან მოუქონებდნენ,

ეძახოდნენ გმირთა-გმირს,

ზედაც შეაჯდებოდნენ

პატიოსანს პირს!

ქონდრის კაცი პატარა,

თავს აწონებს ლატავრას

და რომ გახდეს პირველი,

არის გასაკვირველი

თუ ოდესმე გაბედავს,

მას ბატონი დაბეგრავს,

ლაგმით აუკრავენ პირს

ჩოჩორიკა ვირს.

 

   ლატავრას შორეული სახე კოლხეთის მზიურ ქალაქ აიას, იგივე სურიას ადრინდელ ხატებაში ჩნდება, რომელსაც მოგვიანებით მზის ციხე - არდის ციხე - ვარდციხე ეწოდა, სადაც მდინარეები ყვირილა (ფაზისი) და რიონი ერთმანეთს ხვდებიან, სადაც „ოქროს დარბაზში ჰელიოსის სხივები ალაგია” (მიმნერმე, სტრაბონი) და მის სიახლოვეს „ბრწყინვალე, წითელი ფერის ბეწვი” (დრაკონცეუსი), „ჩამავალი მზის სხივებით ანთებული ღრუბლის მსგავსი ოქროს საწმისი” (ვალერიუს ფლაკუსი) ძევს.

   მედეა ჩამომავალია ჰელიოსისა, მზის შვილიშვილია. მისი ძმა აბსირტოსი მზის ეტლს, ფაეტონს მართავს, ხოლო აიეტის და - გრძნეული კოლხი ღმერთქალი კირკე, თმა ცეცხლის ისრებივით რომ ადგას თავზე და მისი სუნთქვა კი ირგვლივ ნათელს აფრქვევს, მისტერიების წმინდა ჭალაკ აიაიას, იგივე კირკეონის ველს განაგებს, სადაც მან საღორიას ტყის მიდამოებში ოდისევსის მეგობრები ღორებად აქცია. პლინიუსი ფაზისზე აგებულ ქალაქს კირკეს სახელს აკუთვნებს და კირკეუმს უწოდებს. აქ აისის სასახლიდან აღმოსვლას იწყებს მზე, რომლის სახელსაც ქართველთა შორეული წინაპარი ხეთები მეფეებს არქმევდნენ, რადგან მათი ქვეყანაც მზის ქვეყანა იყო.

   მზიურ ქალაქ აიას ქართული ღმერთქალი კირკე, იგივე ცირცეა სათავეს უდებს როგორც მომდევნო მზის ქალაქებს, ისე საერთოდ რელიგიურობისა და ეკლესიურობის იდეასაც. მისი სახელიდან გამომდინარეობს ისეთი სიტყვები, როგორიცაა კირხე (გერმ., ეკლესია), ცერკოვ (რუს., ეკლესია, церковь), ცირკულარულობა (წრებრუნვა), წრიულობა, გარსშემოვლება (მაგიური წრე, საკრალურობა) და ანტიკურობის აკრობატული თამაშების მოედანი - ცირკი, ღვთაებრივისა და ადამიანურის დამაკავშირებელი არენა. ტერტულიანეს თანახმად პირველი საცირკო თამაშები ქალღმერთმა კირკემ დადგა და ისინი საკუთარ მამას, მზის ღმერთ ჰელიოსს მიუძღვნა.

   კირკესია კავკასიის ადრეული სახელიცაა და ეს სახელი დღემდე ჰქვია ძველი ჩრდილო-კოლხური კულტურის ქვეყანას - ჩერქეზეთს (კირკესია, ჩერქეზია). საყურადღებოა ისიც, რომ მზიურ ჩამომავლობასთან ერთად კირკე ძველი საქართველოს უმთავრესი მთვარის ღვთაებაცაა. ქრისტიანულმა ხანამ იგი თანდათანობით ჩაანაცვლა ჯერ ვითომდა ოდესღაც არსებული მამრობითი სქესის მთვარის წარმართული ღმერთით, გიორგით (ივანე ჯავახიშვილის დაკვირვების თანახმად), შემდეგ კი ქალღმერთ კირკეს უძველესი რელიგია და მასთან ერთად ოქროს საწმისის მცველი დრაკონის კულტი მთლიანად შეცვალა დრაკონთან მებრძოლი წმინდა გიორგის ქრისტიანული ხატებით. ამ იძულებითი მეტამორფოზის კვალი დარჩენილია თურქულ ენაში, სადაც გიორგი იწერება და წარმოითქმის სწორედ როგორც კირკი. ასევე, ამ სინთეზისა თუ ჩანაცვლების ამსახველი მართლაც იშვიათი სცენაა შემონახული შავი ზღვის (იგივე პართენოსის ანუ ქალწულის ზღვის) სიახლოვეს, - სადაც ოდესღაც ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი მეფე პითიადორა მართავდა კოლხიდის ქვეყანას და რომლის სახელიც ასევე თითქმის ამოშლილია ისტორიიდან, - გურიაში, აჭის ეკლესიაში არსებულ ფრესკაზე, რომელზედაც წმინდა გიორგი, ტრადიციული იკონოგრაფიის საწინააღმდეგოდ, დრაკონს კი არ გმირავს შუბით, არამედ საბელით სასეირნოდ მიჰყავს იგი.

 

 

ყველასთვის კარგად ნაცნობი წესიერი რობოტი

 

   „არიციას მოგზაურობა მზიურ ქალაქში” 1957 წელს დაიწერა. 1957 წლიდან კოსმოსისა და წყალქვეშა სივრცის დაპყრობას ქართული მულტიპლიკაციის გმირი ხელმარჯვე ოსტატი (იგივე სამოდელკინი, ჭანჭიკა, ხრახნილა) იწყებს, რომელიც რეჟისორმა ვახტანგ ბახტაძემ და მისმა მეუღლემ, სცენარისტმა ნინა ბენაშვილმა შექმნეს. ეს პერსონაჟი ისეთი პოპულარული გახდა, რომ უცხოეთიც დაიპყრო და მნიშვნელოვანი ჯილდოებიც მოიხვეჭა (მაგ., სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 1960 წელს), მოსკოვში კი მაშინვე „მხიარული კაცუნების კლუბში” გააწევრიანეს (სადაც ასევე შედიან არიცია, ბურატინო, ჩიპოლინო, პეტრუშკა, გურვინეკი, დიუიმოვოჩკა და ლურჯთვალა) და ფანქარასთან (კარანდაშთან) ერთად ხელმძღვანელი პოზიციაც არგუნეს. 1957 წელს საბჭოთა კავშირი თავისი პირველი ხელოვნური თანამგზავრით „სპუტნიკ-1” მართლაც იწყებს კოსმოსის დაპყრობას, ქალაქების მცხოვრებლებისთვის კი ავტომატ-სასადილოების კულტურა ფართოდ ინერგება. ბავშვებისთვის „ნორჩი ტექნიკოსის” სპეციალიზებული მაღაზიები იხსნება. თბილისში ასეთი მაღაზია სანაპიროზე, ქორწინების სახლის გვერდით მდებარეობდა. იქვე იყო საბავშვო კინოთეატრი „ნაკადული”, სადაც ხელმარჯვე ოსტატისა და კარანდაშის თბილისის „მხიარული კაცუნების კლუბიც” ფუნქციონირებდა აბონემენტებით დასასწრებად უქმე დღეებში.

   1957 წლის დასაწყისიდან გაზეთი „ნორჩი ლენინელი” ნორჩ ტექნიკოსთა ცენტრალურ სადგურთან ერთად წარმოგვიდგენს ხრახნილას სასწავლო-საწარმოო კომბინატ „ხელმარჯვეს”, სადაც ექიმ წამალასაც (პილიულკინს) შევხვდებით „არიციას თავგადასავლიდან” - პოეტ კუკური გოგიაშვილის (შალვა კარმელის ძმის) შესანიშნავ საბავშვო ლექსში „საახალწლო მიღება ექიმ პილიულკინთან”. დასასრულს, მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ ლექსს, მითუმეტეს, რომ ექიმ წამალასთან ვიზიტი სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნებით არც დღეს აწყენდა ბევრს, მთვარის კაპიტალიზმისა და დავილონის აბსტრაქციონიზმის პირობებში:

 

თქვენ მკურნალი ხართ, ძმობილო,

ჩვენც მოგვდის თქვენი ამბები,

გთხოვთ აქაც გამოიყენოთ

თქვენი ცნობილი აბები.

 

ვისაც მოგიყვანთ, ექიმო,

წამლით აუწვი ყანყრატო,

თქვენი ცნობილი აბები

გთხოვთ ყველას ბლომად აყლაპოთ. -

 

პირველად მგელი შევიდა,

რომ უყვარს აყალ-მაყალი.

ნემსი უჩხვლიტეს ჩხუბისთავს

გრძელი და ახალთახალი.

 

ექიმმა უთხრა: - მგელუკა,

ცუდ სახელს შენ რად ატარებ?

მოგარჩენს ჩემი წამალი,

ვეღარ დაჩაგრავ პატარებს.

 

შემდეგ მელია შებრძანდა

ცრუ და თვალების მნაბავი:

ექიმს შესძახა: - გავიგე,

თქვენი ჩამოსვლის ამბავი.

 

როგორ ბრძანდებით, ძვირფასო,

აქ მოუთმენლად გელოდით,

თუ არ ვხარობდე, რომ გხედავთ,

გულზე დამედოს მე ლოდი!

 

- მლიქვნელო, - უთხრა ექიმმა, -

აქ არ გაგივა ფანდები!

მე კარგად ვიცი ვინცა ხარ

და რა შვილიცა ბრძანდები.

 

ვერ გადურჩები ჩემს წამალს,

თავს იკატუნებ ძალიან,

ტყუილის გუდა შეგარქვეს,

ფლიდო და ქათმის პარიავ!

 

თქვა და აბები აყლაპა,

კარგი აღმოჩნდა შედეგი,

კარებისაკენ გასძახა:

გთხოვთ შემოუშვათ შემდეგი! -

 

ერთად შევიდნენ ფრინველნი,

თუთიყუში და კაჭკაჭი.

ექიმმა როგორც შეხედა,

მყის მიხვდა იმათ გასაჭირს.

 

- შენ, თუთიყუშო, რად გიყვარს

ნათქვამის გამეორება?

სხვას ჰბაძავ, თვითონ არ ცდილობ

აამუშაო გონება.

 

რად გიყვარს გაზვიადება,

კაჭკაჭო, ენატანიავ?

ორ ნაბიჯზედაც ამბავი

სწორედ ვერ მიგიტანია!

 

შემდეგ კურდღელი მოიხმეს

და ციყვი მეტად პრანჭია,

ექიმმა მათთვის წამალი

იქ დიდხანს როდი არჩია.

 

ციყვს უთხრა - ზედმეტს კოპწიობ, -

ყურცქვიტას: რად ხარ მშიშარა? -

ჩქარა, დალიეთ წამალი,

დალიეთ, არა გიშავთ რა!

 

იმ ფეხმოჩორთილ დათუჩას

ზარმაცს ეძახდნენ მეტწილად,

ეძებეს, ნახეს, უქნარა:

რიგში იწვა და ეძინა!

 

- ეგ შენი გამოფხიზლება

სწორედ რომ გითხრა, მადლია,

დე, სწავლაც ისე გიყვარდეს,

ვით ხის ფუღუროს თაფლია! -

 

უთხრა ექიმმა დათოს და

კვლავ მიუბრუნდა ყველასა:

- გახსოვდეთ, ჩემი წამალი

გარგებთ ციყვს, მგელს და მელასაც.

 

   1982 წელს ნოდარ დუმბაძის ინიციატივით პიონერთა ქალაქი-პარკი “მზიური” თბილისშიც - მდინარე ვერეს ხეობაში გაიხსნა ვაკეში, იქიდან კი საბავშვო მატარებლის ხაზის გაყვანაც იგეგმებოდა... წარსულის ისტორიული ძეგლისკენ - ბეთანიისკენ. ეს პროექტი ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE