არაპოპულარული ლექსების ავტორი


არაპოპულარული ლექსების ავტორი




ჰანს პრომველი  დაიბადა 1986 წლის 6 მარტს, ნიუ-იორკში. მთელი ბავშვობა გაატარა ბრუკლინში. დადიოდა ებრაულ სკოლაში. სკოლის გუნდში წარმატებით თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს და რომ არა უმძიმესი ტრავმა, პროფესიონალ ფეხბურთელობაზე სერიოზულად ფიქრობდა. 2008 წელს, ტრავმის მოშუშების შემდეგ აბარებს კოლუმბიის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და საცხოვრებლად  გადადის ბრუკლინიდან მანჰეტენში, რამაც მის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. ორ წელიწადში, ხშირი გაცდენების გამო, უნივერსიტეტიდან რიცხავენ. სწორედ ამ პერიოდში იწყებს ლექსების წერას. მისი ლექსები ათამდე ენაზეა თარგმნილი. პრომველი გაურბის ჟურნალისტებთან და ფოტოგრაფებთან ურთიერთობას და მისი  მხოლოდ ერთი ფოტოა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. 2013 წელს გამოდის მისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ლექსების კრებული „შემოდგომა მანჰეტენზე“.

 

ჰანსი  არაა!

 

„არაპოპულარული ლექსების“ უკვე საკმაოდ პოპულარული ავტორი ჰანს პრომველი პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ქართულ სივრცეში, მერე ორიგინალსაც მივაკვლიე და ასე იქცა ის ჩემ სადესკტოპო (შდრ: სამაგიდო) პოეტად.  

მისი პოეტიკა, როგორც არაერთი ამერიკელი პოეტისა, უიტმენის, კორსოსა და კერუაკის ესთეტიკის გავლით ყალიბდება. მაგრამ არც ესაა ზუსტი შეფასება: პრომველი იმდენად თვითმყოფადია, რომ ის უკვე საკუთარ თავსაც კი არ ჰგავს.

გარეუბნული გეტოებისა და ცენტრალურუბნური გლამურის კოიტუსით ავტორი სტილთა შერევის საინტერესო მოდელს გვთავაზობს, ხოლო სასაუბრო ენის სტილიზაციით  პროლეტარული ელიტიზმის განცდას გვიქმნის. სულაც არ მინდოდა, პოლიტიკური საფანელით დამეტვირთა პრომველის პოეზია, მაგრამ, როგორც ჯონ ეშბერიმ ჩემთან საუბარში აღნიშნა, სერ ჰანსი ჰედონისტი პოეტია, ტკბობათა და სიამოვნებათა მომღერალია; სიამოვნება კი, მოგეხსენებათ, სერიოზული პოლიტიკაა. სადაც პოლიტიკაა, იქვეა ჰანსიც, ხოლო სადაც ჰანსი არაა, იქ შანსიც არაა.

                                                                                                                                                                   პაატა შამუგია

 

 

არაპოპულარული ლექსების ავტორი

 

მე არ ვარ პოპულარული ლექსების ავტორი

და ამაზე გული ძალიან მწყდება

ჩემს ლექსებზე გოგოები არასოდეს დასველდებიან

მათ იაფფასიანი ლირიზმი და ყალბი არტისტულობაც აკმაყოფილებთ.

 

ჩემი ლექსები ყვირიან

ჩემი ლექსები ჩხუბობენ

ჩემი ლექსები სიყვარულს ითხოვენ

ჩემი ლექსები ვერ იტანენ პუნქტუაციას

და საშინლად ეგოისტები არიან

ჩემი ლექსები ვერანაირ ლიტერატურულ ჩარჩოში ვერ ჯდებიან

ჩემი ლექსები ხანდახან იგინებიან კიდეც.

 

რატომ არ უყვარს ხალხს ფიქრი?!

ვამბობ მე საშინლად მთვრალი

და იმედგაცრუებული.

რატომ არ აქვთ მათ გემოვნება?!

იქნებ მე არ მესმის მათი?!

 

მე ახლა ნიუ-იორკის რომელიმე სუპერთანამედროვე მუზეუმის

ჰოლში უნდა ვკითხულობდე ლექსებს

და ამბოხებული ახალგაზრდების კერპი უნდა ვიყო

მე კი ვზივარ სახლში

ამ მოსაწყენი ზამთრის მიწურულს

ვუყურებ მანჰეტენის ცას

და ვფიქრობ ვარსკვლავებზე

პოეზიის ვარსკვლავებზე

მკითხველებით განებივრებულ ონავარ პოეტებზე

და მათ მოსაწყენ ლექსებზე და უფრო მოსაწყენ ცხოვრებაზე

და ახლა ძალიან ძალიან მინდა

ერთ-ერთი მათგანი ვიყო.

 

 

მე გადავრჩი

 

იყო დრო როცა მე ვიყავი ძალიან ლირიული

და გოგოებს ვუხსნიდი სიყვარულს

მიტაცებდა უოლტ უიტმენი

სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი ტომას ელიოტსა

და სკოტ ფიცჯერალდს

და მჯეროდა დიადი ამერიკული ოცნების.

მერე რაღაც მოხდა ჩემში

და მე შევიცვალე …

მე მივატოვე სკოლა და მეგობრები

მე ისინი აღარ მჭირდებოდნენ

ისინი პატარები ჩანდნენ...

ისინი იყვნენ ძალიან პატარები.

 

მე ახლა მეცინება ამ ყველაფერზე

მაგრამ მაშინ ძალიან მტკიოდა.

მე ვიყავი საშინელ დეპრესიაში

მაგრამ გადავრჩი

და ამით ვამაყობ

და მივხვდი

თუ მე სამყაროში ყველაზე სუსტმა ადამიანმა

ჰანს პრომველმა შევძელი ბრძოლა

და გადავრჩი

რათა ვაკეთო ის რაც მინდა

ის რაც მჭირდება

ის რაც სუნთქვის საშუალებას მაძლევს

თქვენ ყველანი შეძლებთ ამას

ჩემო მეგობრებო

ჩემო პატარა კლასელებო.

 

ერთხელ მარბელ ჰილზე სეირნობისას

ჩემი ყოფილი კლასელი ენი პრაიზი

შემხვდა

და მითხრა

შენ ჰანს პრომველი არ ხარ, ჩემი კლასელი ?

და მე მას ვუთხარი

- ჰანს პრომველი მოკვდა.

ენიმ ვერ გაიგო

ენის არაფერი ესმოდა

პატარა საცოდავი ენი პრაიზი

რომელსაც უფროსკლასელი მამიკოს ბიჭები ხმარობდნენ.

ნეტავ სად არის ახლა ?

 

 

შემოდგომა მანჰეტენზე

 

მე მესმის ხეების სუნთქვა

და მარტოობით დაღლილი ადამიანების კვნესა.

„ყველაფერი რასაც ვგრძნობთ ოდესმე გაქრება“

ამბობს ჩემი ბავშვობის მეგობარი დინ ლამბერტი

და ლუდის ბოთლს ზეცისკენ იშვერს.

ის ფატალისტია და უყვარს მეტაფორებით ლაპარაკი

განსაკუთრებით მას მერე რაც მეგობარმა გოგომ მიატოვა.

მას სითბო და სიყვარული აკლია.

 

მოსაწყენია შემოდგომა მანჰეტენზე

როცა არავინ გიყვარს

და ვერ ხედავ ჰოლივუდურფინალიან სიზმრებს.

მაგრამ ასჯერ უფრო ცხადად ხედავ

მარტოობით დატანჯულ ადამიანებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებსა და იაფფასაინ ბარებში

სადაც ისინი საკუთარი აუტანელი ცხოვრების დასავიწყებლად მიდიან

ისინი დაივიწყეს

მათ არაფრის იმედი არ აქვთ

ისინი ყოველ ღამე თვითმკვლელობაზე ფიქრობენ.

სად გაქრა მათი მიზნები და ამბიციები?

ნუთუ ყველაფერი რასაც ვგრძნობთ

ოდესმე მართლა გაქრება?

 

მე არ ვიცი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი

მაგრამ მგონია რომ ცუდად დამთავრდება.

 

 

დაკარგულები

 

სად წახვალ შენ

როცა გზები არსად მიდის

ალბათ იქ სადაც

იხვები მიფრინავენ ტბების გაყინვის შემდეგ.

სად შეიძლება მიდიოდეს

გზა იმისა

ვინც დაკარგა გზა

ვინც გზამ დაკარგა

ვინც თავად იქცა გზად

ვინც იქცა დიდ გამოცანად

საკუთარი თავისთვის

ვინც მიხვდა, რომ ამერიკული ოცნება

მარტივია,

როგორც ერთუცნობიანი განტოლება,

და X – ყველაფერი იმის კეთებაა

რაც სიამოვნებას განიჭებს

და მოსაბეზრებელ ყოველდღიურობაზე მაღლა

გაყენებს,

რადგან ხანდახან მაინც

ვიგრძნოთ

რომ ადამიანად ყოფნა ბედნიერებაა.

 

ჩვენ ერთმანეთში დაკარგულები

და ჩვენ სამყაროში დაკარგულები

და ჩვენ მანჰეტენზე დაკარგულები

ჩვენ ვინც ვეძებთ სიმშვიდის ნაპირებს

სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან

ჩვენ ვინც აუხდენელ ოცნებებზე ვწუხვართ

რადგან ვგრძნობთ, რომ ყოველთვის რაღაც გვაკლია

რადგან შეგუება რთულია

რადგან შეგუება შეუძლებელია.

 

სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან

ხელს არ გაგიშვებ.

 

 

უცნაური ამბავი დიდი ხნის განმავლობაში

 

მე ვიყავი არაპოპულარული ლექსების ავტორი.

და ვიყავი მარტო...

და ვფიქრობდი აღარ მეწერა ლექსები..

და ხელახლა ჩამებარებინა უნივერსიტეტში,

იურიდიულ ფაკულტეტზე.

მერე რატომღაც

ჟურნალებმა დაიწყეს ჩემი ლექსების ბეჭდვა,

და უამრავი მკითხველი გამიჩნდა,

და ყოველდღიურად

უამრავი სასიყვარულო ბარათი მომდის...

გოგონები გიჟდებიან ჩემს ლექსებზე...

ბიჭები გიჟდებიან ჩემს ლექსებზე.

ლიტერატურული კრიტიკოსები გიჟდებიან ჩემს ლექსებზე...

 

ჟურნალები ბეჭდავენ სტატიებს:

„ჰანს პრომველი – ამერიკული პოეზიის მარგალიტი...

ის სუფთა ჰაერივითაა...

ის ახალი ხმაა...

ის ჰარლემული რენესანსის შვილია,

ის გვიანი ბიტნიკია,

ის დაკარგული თაობის გამოძახილია“

ამის მსგავსი სისულელეები...

 

რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა დამირეკა

და მითხრა

„- ყოჩაღ ჰანს

შენზე მთელი სამეზობლო საუბრობს,

ამდენი ხნის განმავლობაში მამაშენი

პირველად ვნახე ბედნიერი.

მგონი სწორი ქენი უნივერსიტეტი

რომ მიატოვე.“

 

ეს ძალიან სასაცილოა.

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.

და მე მივხვდი

რამდენად მცირეა მანძილი

ჩემი ჭუჭყიანი ბინიდან

ამერიკის VIP ლიტერატურულ ჟურნალებამდე...

 

 

წმინდა არის

 

Everything is holy! everybody’s holy! everywhere is holy! everyday is in eternity! Everyman’s an angel!

Allen Ginsberg

 

წმინდა არის ჩემი სხეული, წმინდა არის ჩემი ენა, წმინდა არის უძინარი თვალები.

წმინდა არის მარტოობა და სუიციდის მცდელობები.

წმინდა არის ყველა იმედგაცრუებულის მზერა, რომელთა თვალებში სიკვდილმა დაისადგურა.

წმინდა არის მანჰეტენი და ბრუკლინი, სადაც დავიბადე.

წმინდა არის რესპუბლიკელი ბაბუაჩემი დერეკ პრომველი და მისი ფსიქოპატური იდეები წმინდა არის.

წმინდა არის ჩემი ბავშვობის მეგობარი დინ ლამბერტი.

მისი შიშები და აპათია წმინდა არის.

წმინდა არის ამერიკის პრეზიდენტი და რუსეთის იმპერატორი.

წმინდა არის ღვიძლდაშლილი ჯეკ კერუაკი და მისი მოგზაურობა ამერიკის გარშემო.

წმინდა არის იური გაგარინი და მისი მოგზაურობა მთვარის გარშემო.

წმინდა არის ჩე გევარა და მისი მოგზაურობა სამხრეთ ამერიკის გარშემო.

წმინდა არის ჰანს პრომველი და მისი მოგზაურობა საკუთარი თავის გარშემო.

წმინდა არის იტალიური ნეორეალიზმი.

წმინდა არის ფრანგული ავანგარდიზმი.

წმინდა არის ჯონ ლენონი.

წმინდა არის ნენსი და მისი ყოველი ამოსუნთქვა ჩემს მკერდზე.

წმინდა არის სულის ტკივილი და სხეულის უმოქმედობა.

წმინდა არის ამერიკული მოდერნიზმი.

წმინდა არის უოლტ უიტმენი.

წმინდა არის სუდანელი ბავშვი, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ელოდება.

წმინდა არის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა

და გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“

და კონტინეტი აფრიკა

სადაც გაურკვეველ ექსპერიმენტებს ატარებს.

წმინდა არის სევდა და მოწყენილობა.

წმინდა არის ამერიკა, ჩემი სამშობლო,

რომელსაც ნავთობი  და სისხლი სჭირდება მსოფლიოში დემოკრატიის დასამყარებლად.

წმინდა არის ერთფეროვნება და ჩემი ოთახის კედლები.

წმინდა არის ტელეშოუებზე გაზრდილი თაობა, რომელთაც ყოველწლიურად უქვეითდებათ აზროვნების უნარი.

წმინდა არის თავისუფლების ქანდაკება, რომლის ჩირაღდანს ცეცხლი დიდი ხანია ჩაუქრა.

წმინდა არის ყოველდღიურობაში ჩაკარგული ადამიანების ყმუილი,

რომელთაც დიდი ხანია სახე დაკარგეს

და ახლა პოსტტრავმულ სიზმრებში გვეცხადებიან

შეშლილი ანგელოზების სახით.

 

წმინდა არიან ისინი!

 

მანჰეტენური ჰაიკუები

 

 

* * *

წვიმიანი დღე მანჰეტენზე.

ადამიანები სამსახურებში მიიჩქარიან.

მე წვიმას ვუსმენ.

 

* * *

საკუთარ თავში მშვიდად მოვთავსდი.

დიდი ხანია

არაფერი დამიწერია.

 

* * *

ცენტრალური პარკი. ჩვენ ვსხედვართ გრძელ ლურჯ სკამზე.

შენ გიდევს თავი ჩემს მკერდზე.

აი, ეს არის ბედნიერება.

 

* * *

ამ ბარში ილეშებოდა ჰემინგუეი  ამ ბარში ილეშებოდა ფიცჯერალდი

ამ ბარში ილეშებოდა გინსბერგი ამ ბარში ახლახან გაილეშა ჰანს პრომველი

მგონი მშვენიერი ადგილია ლუდის დასალევად.

 

* * *

შემოდგომა მანჰეტენზე.

საუკეთესო დრო

ლექსების საწერად.

 

* * *

ყოველთვის მინდოდა უოლტ უიტმენის მსგავსი ბაბუა მყოლოდა.

დერეკ პრომველი მოსამართლეა, რომელიც რესპუბლიკელებს უჭერს მხარს

და მხოლოდ „ნიუ-იორკ თაიმსს“ კითხულობს.

 

* * *

ჯეკ ლონდონის შემოქმედება

პირველი სექსივითაა,

არასოდეს გავიწყდება.

 

* * *

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ვიღაცა ამ ბუდეს

მთელი ცხოვრება აშენებდა.

 

* * *

როცა მონატრება ანადგურებს

ჩემს ნერვულ სისტემას მე ვგრძნობ, რაოდენ

დიდია ჩემი სიყვარული.

 

* * *

ხშირად როცა ვერაფერს წერ

სულაც არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი გაქვს

უბრალოდ საჭირო მომენტი ჯერ არ დამდგარა.

 

* * *

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

უბრალოდ ადამიანები იმედგაცრუებებისგან დავიღალეთ

და ლოდინი არ შეგვიძლია.

 

* * *

მე ვდუმვარ.შენ დუმხარ.

თავისუფლების ქანდაკებაც დუმს. ისინი ყაყანებენ.

მათ არაფერი აქვთ სათქმელი.

 

* * *

მე ყოველთვის მშურდა ლორენს ფერლინგეტის

მას ყველაზე უკეთ შეეძლო ეწერა საყვარელ ქალზე.

მერე შენ გაგიცანი და შური აორთქლდა ჩემი სხეულიდან.

 

* * *

იქ სადაც მე და შენ ვხვდებით ერთმანეთს.

ანუ იქ სადაც დანარჩენი სამყარო მთავრდება,

იწყება ჩემი კომფორტის ზონა.

 

* * *

არასდროს იფიქრო იმაზე რომ სამყარო

შენ წინააღმდეგ არის განწყობილი, უბრალოდ ზედმეტი

 ოცი დოლარი არ გაქვს ლუდისა და სიგარეტისთვის.

 

* * *

როცა მე მიჭირს

გრძნობების გადმოცემა, ვიცი, რომ

ეს არცაა აუცილებელი.

 

* * *

ახლა, როცა ვუსმენ 40-იანი წლების ჯაზს

მანჰეტენის მშვიდ საღამოს, მახსენდები შენ

ჯეკ კერუაკ -ახალი ამერიკის მამავ!

 

***

 

როცა ყველა კერპი დაიმსხვრა ჩემში

და დავრჩი საკუთარ სხეულში მარტო, მივხვდი, რომ

ყველაფერი სწორედ მაშინ დაიწყო.

 

 

* * *

 

ეს იყო ჩვეულებრივი მანჰეტენური საღამო,

არა ეს ჩვეულებრივ მანჰეტენურ საღამოზე მეტი იყო,

რადგან შენ სახლში მელოდებოდი.

 

* * *

 

ყველა შეცდომა. ყველა ტკივილი. ყველა იმედგაცრუება.

ყველა მარტოობაში გატარებული ღამე…

დამეხმარა ჰანს პრომველად გახდომაში.

 

 

სიტყვები

 

poem is a naked person….Some people say that I am a poet.”

 Bob Dylan

 

ხანდახან ვფიქრობ

რომ სიყვარულის მარაგი

უბრალოდ ამოიწურა

და ადამიანებმა შეწყვიტეს ოცნება.

 

მე არაფერს ვამბობ იმაზე

რომ ფსკერზე ეშვები...

შენ მარტოობამ გამოგათაყვანა...

შენ პოსტმოდერნისტი ღმერთი ხარ,

უბრალო და მოხერხებული,

სევდიანი და სიახლეებზე დაგეშილი...

მაგრამ ჩიხში მოექეცი.

ალბათ ეს ასეც უნდა ყოფილიყო...

ან არ ყოფილიყო

და გეწერა ლექსები მანჰეტენურ საღამოებზე...

 

როცა ენაზე მომდგარი სიტყვები

გონებაში არჩევენ დარჩენას

მე ვხვდები, რომ მათ ეშინიათ დაბადების...

მათ ეშინიათ სამყაროსი

რომელსაც სიყვარულის მარაგი ამოეწურა...

 

 

მარტოობის მანიფესტი

 

have no money, no resources, no hopes. I am the happiest man alive.”

Henry Miller

 

შენ ხარ მარტო,

ქუჩის კუთხეში მდგარო,

Hot Dog-ების გამყიდველო, მსუქანო ქალბატონო.

შენს თვალებში შიშია.

შენ ცხოვრობ სადღაც 69-ესა და 21-ეს კუთხეში,

იაფფასიან ბინაში,

სადაც ყოველღამე ტირი,

რადგან ხმის გამცემი არავინ გყავს.

 

შენ მარტო ხარ

N127 ავტობუსის მექსიკელო მძღოლო,

შენ ყოველდღე იწერ პირჯვარს

წმინდა პეტრეს კათოლიკურ ეკლესიასთან,

და გჯერა, რომ ზეცაში ვიღაც

აუცილებლად შეისმენს ლოცვას

და მშიერს არ დატოვებს შენს

მრავალშვილიან ოჯახს.

 

შენ მარტო ხარ

დინ ლამბერტ,

ჩემო ბავშვობის მეგობარო.

შენს პატარა ბინაში

ყოველდღე ანძრევ,

და ძალიან ბევრს სვამ

და გგონია რომ არავითარი პერპსექტივა არ გაგაჩნია.

დინ ლამბერტ,

შენ მარტოობის ანგელოზი ხარ

და მალე გაფრინდები

იმ წყეული ბინიდან.

 

შენ ხარ მარტო

ნენსი, ჩემო გოგო.

ყველა ფიქრს საკუთარი თავის სიძულვილისკენ მიყავხარ,

რადგან შენი მოქმედებები უშედეგოა,

რადგან ვერაფერს ცვლი,

რადგან ცვლილებები დაგვიანებულია.

 

მარტო ხართ თქვენ

ნიუ-იორკელო პოეტებო,

მარტო საკუთარ მარტოობაში,

თქვენ კითხულობთ სევდიან ლექსებს მანჰეტენის

იაფფასიან ბარებში,

ილეშებით იაფფასიანი ალკოჰოლით

და გჯერათ,რომ სამყარო ოდესმე შეიცვლება.

 

მარტო ხარ, შენ ღმერთო,

სადღაც ღრუბლებში და სადღაც არსად,

საიდანაც ყოველდღე საინფორმაციო გამოშვებებივით

უყურებ შენს დაკარგულ შვილებს,

რომლებიც მარტოობისთვის გაწირე.

 

და მარტო ხარ შენ ჰანს პრომველ,

არაპოპულარული ლექსების ავტორო,

რომელსაც მარტოობა დეენემში გაქვს,

შენ მარტოობას თავს ვერასოდეს დააღწევ,

ამიტომაც საკუთარი თავი განაწყვე

უარესის მოლოდინისთვის.

 

 

ვარდისფერი ბუშტი

 

ჩვენ ვგავართ დიდ ვარდისფერ ბუშტს

„არიზონული ოცნებიდან“

რომელიც მანჰეტენის ცაზე დაფრინავს.

კორპუსებზე და ადამიანებზე მაღლა,

ყოველდღიურ რუტინაზე მაღლა,

პოლიტიკოსებსა და მათ სულელ ამომრჩევლებზე მაღლა,

და ის არასოდეს გასკდება ან დაიკარგება,

სანამ ჩვენ გვაქვს ძალა ვიბძოლოთ

და შევინარჩუნოთ სწორი ორიენტირი

და ერთმანეთი.

სანამ ჩვენი ოცნებები ცათამბჯენებზე მაღლა დაფრინავენ.

იმ ვარდისფერი ბუშტივით

რომელიც სიზმარშიც არ გვანებებს თავს.

 

ჩვენ არ ვსაუბრობთ

რადგან ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე.

და სათქმელიც არაფერია.

ერთმანეთი შევისწავლეთ, როგორც სკოლაში

გამრავლების ტაბულა.

და ახლა ერთმანეთის შიშებზე ვფიქრობთ,

რომლებიც არ უნდა ახდნენ,

რადგან რეალობიდან არ უნდა გავირიყოთ.

 

შენ დგახარ გზაზე.

შენ სულ გზაში ხარ

და ყველა გზა შენი დაღლილი სხეულისკენ მიემართება,

რადგან ყველა ხსნა შენშია

და ეს შენ იცი,

და დარწმუნებული ხარ იმაშიც,

რომ სანამ აურზაურის ტალღები გადაივლიან,

ხელს არ გაგიშვებ...

ეს შენ გაძლიერებს.

ეს მე მაძლიერებს.

ეს დიდ ვარდისფერ ბუშტს აძლიერებს,

რომელიც დაფრინავს მანჰეტენის რუხ ცაზე

და ბრძოლისთვის ძალას აძლევს

ყველა უიღბლოსა და იმედგაცურუებულს.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE