სერიოზული ჩიტი


სერიოზული ჩიტი




აგვისტომდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი, როცა ლიცეუმის ერთ-ერთ ამხანაგს შევხვდი. მის სახელს არ ვიტყვი, პირობითად კი მატეო მანის დავარქმევ.

მე და მატეო ლიცეუმში სწავლისას ვმეგობრობდით, უნივერსიტეტში კი უფრო დავახლოვდით, მაგრამ მერე სამსახური, შეძენილი ნაცნობები... ქალებმა ხომ მთლად დაგვაშორეს! ერთი სიტყვით, ისე ჩანდა, თითქოს ვეღარაფერი ამოავსებდა ამ დიდ და ღრმა ათ წელიწადს. უკვე აღარც კი ვეხმიანებოდით ერთმანეთს. ბოლო დროს, ფეხბურთის თამაშისას თუ შევხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს სპორტდარბაზში; და სულ ვაპირებდით სადმე გავლას, მაგრამ... როგორც იქნა, ამდენი დაპირების შემდეგ, გადავწყვიტე, მეკითხა მისთვის, თუ რა ჰქონდა საზაფხულოდ დაგეგმილი.

- გინდა, ახალი ამბავი გითხრა? - მეუბნება მატეო, -  ვფიქრობ, არსად წავალ და რომში დავრჩები. ბოლოს და ბოლოს, მინდა დავტკბე ამ ქალაქით. სამსახური და მთელი წლის განმავლობაში აქეთ-იქით სირბილი არ გაძლევს საშუალებას, ნორმალურად იცხოვრო. აგვისტოში შეგიძლია, ველოსიპედით ისიამოვნო, მუზეუმები და ეკლესიები ათვალიერო, საღამოს კონცერტზე წახვალ, პიცას მიირთმევ...

უცებ ლიცეუმის გამოცდები გამახსენდა, სექტემბრისთვის რომ გადაიდებოდა და მე თავს რომში დარჩენით ვიმშვიდებდი. ჩემი აზრით, ქალაქში დარჩენა მაინც არ არის კარგი, რაღაც პრობლემა აუცილებლად გამოჩნდება - უფულობა, დეპრესია, სწავლის პრობლემები, საყვარელი, ცოლთან ჩხუბი... მატეოს გეგმა კი ძალიან მომეწონა. ის და მისი ცოლი შესანიშნავი წყვილი იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდნენ ხალხის თვალში. ქმარი - არქიტექტორი, ცოლი კი ინტერიერის დეკორატორი იყო. ორივეს ხელოვნება და სამზარეულო იტაცებდა. არასდროს ჩხუბობდნენ. ბავშვები არ იყოლიეს, ასე გადაწყვიტეს.

- შვილები არ გაძლევენ ნორმალური ცხოვრების საშუალებას. მათთვის უნდა იცხოვრო, ქორწინებას ანგრევენ და თან სიყვარულს კლავენ. - ამბობდა მატეო.

მახსოვს, ასჯერ მაინც გაიმეორა სპორტდარბაზის გასახდელში, რომ ის და მისი ცოლი (პირობითად მარას დავარქმევ) ძალიან ჰგავდნენ რაფტინგის წყვილს, ლე პონტს და ვინეს, რომლებიც, ზუსტად არ მახსოვს თარიღები, მაგრამ ყველა შეჯიბრში იმარჯვებდნენ.

- ერთად ყოფნის საიდუმლო ურთიერთგაგება, ერთი მიმართულებით ხედვა და ერთი ობიექტივისკენ სწრაფვაა.

მაგრამ როცა მითხრა, მარა შვებულების გასატარებლად სპერლონგაში მიემგზავრებაო, მივხვდი, რომ  რაღაც ისე აღარ იყო მათ შორის.

ჩვენი ბოლო შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, სპორტდარბაზში გუნდის მეკარემ მითხრა, მატეო საავადმყოფოში დაუწვენიათ, ორთოპედიულ განყოფილებაში, სახლში მომხდარი გაურკვეველი ინციდენტის გამოო.

მაშინვე გავიქეცი მის სანახავად. თავიდან ფეხებამდე შეხვეული იყო. არ აკლდა ბაწრები და გირები. თვალები უსიცოცხლო ჰქონდა.

- რა არის ეს? რა მოხდა? - ვკითხე შეშფოთებულმა.

ჯერ არ უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ მერე, მიუხედავად გატეხილი ყბისა, მაინც მომიყვა - სპერლონგაში არ წასულა და რომში დარჩენა გადაუწყვეტია, რადგან ცოლთან და მის ოჯახთან ერთად ყოფნა მოყირჭებოდა...

ჰოდა, ღვთიურადაც ატარებდა აგვისტოს სახლში, მშვიდად... კონდიციონერი, სატელიტი, ოლიმპიადა, შემწვარი კარტოფილი... ყველაფერი ფანტასტიკურად მიდიოდა, სანამ ერთ დღეს, სუპერმარკეტში შემთხვევით არ შეხვდა ანჟელას. უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც სადიპლომო ნაშრომს იცავდა იურიდიულ ფაკულტეტზე. საუბრისას აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. ერთი აზრის იყვნენ გაყინულ პროდუქტზე, ღვინოზე, შემაწუხებელ სიცხეზე, ფილმებზე...

- ვერ წარმოიდგენ, როგორი თვალწარმტაცი სილამაზის იყო ანჟელა, - წარმოთქვა ემოციურად. - საჯდომი და მკერდი  ჰქონდა ისეთი!.. მაგარი ელეგანტური ტიპი იყო!

კარგი, უკვე მიხვდით...

მატეოს სახლში რომ მივიდნენ, დალიეს ორი ბოთლი აველინოს ფიანო და მთელი ღამე ჟიმაობას მოუნდნენ.

- გავგიჟდი, ასეთი თამამი და აღგზნებული ადამიანი მე ჯერ არ მინახავს. ქალი რისხვა!.. აბსოლუტურად ყველგან ვიჟიმავეთ. ძაღლებივით ვიხოხეთ მთელ სახლში. კარგი, საკმარისია. ფიქრიც აღარ მინდა.

დილით მატეომ თავის საშინელი ტკივილით გაიღვიძა, გატარებული ღამე გაახსენდა, ყველაფერი თვალწინ წარმოუდგა... ანჟელა აღარ იყო. სამზარეულოს მაგიდაზე წერილი დაეტოვებინა, რომელშიც მრგვალი ასოებით ეწერა: „ყოჩაღ! მაგრად გავერთე. შენი ჩიტი მართლაც რომ სერიოზულია! გკოცნი. ა.“

არ მინდოდა, მაგრამ მატეომ მაინც ამაღებინა ტუმბოზე დადებული საფულე. შიგ წერილს ინახავდა. საკუთარი თვალებით წავიკითხე ანჟელას სიტყვები...

იმ დილით მატეოს მანინის ინდაურივით გასიებოდა თავი, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ ასეთი შეხვედრები ადამიანს ელემენტებს უტენის, თავს ისევ შემძლე ახალგაზრდად აგრძნობინებს და  ზოგჯერ საჭიროა, რომ განახლდე დიდი ხნის ქორწინების შემდეგ... მოიდუღა ყავა, დაჯდა და დაფიქრდა, რა დღეაო. ცოლს ჰქონდა ნათქვამი, ერთ დღეს დავბრუნდები საქმეების მოსაგვარებლად და იაპონურ რესტორანში წავიდეთ ტრასტევერეზეო.

- დღეს ხომ არ ჩა... - ტანში დაუარა.

ჩახედა დღიურს და მიხვდა, რომ ზუსტად დღეს ბრუნდებოდა ცოლი - „ 17 სთ-ზე - მარა რომში. რესტორან „ჰირო სუკიში“ შეკვეთა.“

ვაჰ!.. - თავში შემოირტყა ხელი.

შვიდი საათი ჰქონდა დრო, რომ ყველაფერი მიელაგებინა და ღალატის კვალი გაექრო.

საწოლს თეთრეული გადააძრო და ნაგავში ჩაგდება დააპირა, მაგრამ გაიფიქრა, ეს მოქმედება მარას დააეჭვებსო და შეჩერდა. მატეოს მთელ თავის ცხოვრებაში თეთრეულისთვის ხელი არ უხლია, არც გასარეცხად და არც გამოსაცვლელად. უჯრებსაც არ კეტავდა, თეფშებსაც არ რეცხავდა და ღორივით ბედნიერად ცხოვრობდა ნაგავში. სხვა თეთრეული რომ ყოფილიყო, გამოცვლიდა, მაგრამ ესენი მარას დეიდამ აჩუქა, როცა ბალიდან ჩამოვიდნენ.

მატეომ ცხვირი დაადო საწოლს და ძველი სუნამოს მაგარი ტკბილი სურნელი იგრძნო.

- ანჟელა...

მაშინ დაიწყო ღალატის სხვა ნიშნების ძებნაც. სასტუმრო ოთახში  სასმელის გუბეები იდგა, ყველგან სიგარეტის ნამწვები ეყარა. სამზარეულოში ნახმარი თეფშები ეწყო. ბალიშები  სიგარეტის ფერფლით იყო დასვრილი. აბაჟური ისე მოქცეულიყო, გეგონებოდათ სატვირთო მანქანა დაეჯახაო. დერეფანში კლასიკური ლიტერატურის წიგნები ძირს ეყარა. პარადოქსალურად, უიმედობისა და დანაშაულის გრძნობა ვერცხლისწყალივით იწევდა მასში, მაგრამ, ამავე დროს, სიამოვნებდა, რომ წინა ღამით ასე წარჩინებით წარადგინა თავი. კი, მაგრამ რა დაემართა?! იმ ასოთხმოც კვადრატულ მეტრში ადგილი არ იყო, რომ არ ეჟიმავა. არც თარო დაუტოვებიათ...

სასწრაფოდ უნდა მოეწესრიგებინა სასტუმრო ოთახი, სადაც ყველაზე მეტი არეულობა შეიმჩნეოდა. შეუდგა საქმეს, მაგრამ ფიქრმა შეაწუხა, - მარა რომ მოვიდეს და ყველაფერი დალაგებული ნახოს, ხომ დაეჭვდება და მიხვდება, რაც მოხდა! ისეთი მონაცემები აქვს, ინტერიერის დეკორატორად რომ არა, გამომძიებელ პოლიციელად მაინც იმუშავებდა. კონიეში მომხდარი დანაშაულის გახსნას სამ წუთს მოანდომებდა და თანაც, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. ახლაც, საკმარისი იქნება ერთი რაღაც ნიშანი და საქმეს მაშინვე დასკვნას გამოუტანს.

ეს დასკვნა კი მატეოსთვის გამანადგურებელი იქნებოდა...

ახლა მთავარი იყო სახლის დალაგება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სრულყოფილად არა. სცენოგრაფივით ან არქეოლოგივით ყველაფერი ისე უნდა მოეწესრიგებინა, როგორც ცოლმა დაუტოვა, ანუ სანამ ეს გიჟური ტალღა გადაუვლიდა სახლს.

ჯერ ბალიშები დააწყო დივანზე, თითქოს ტელევიზორს უყურებდა; და როცა ჩაღრმავებული და ამოწეული ადგილების მონტაჟი დაიწყო, საზურგეზე ერთი ღერი ქერა თმა შეამჩნია. მაღლა ასწია და დაუკვირდა. ქერა იყო, მაგრამ ძირიდან ორ სანტიმეტრამდე შავი ჩანდა. შეღებილი, წამოზრდილი თმა... დაუკვირდა დივნის ცისფერ საფარს და ნახა, ბევრი იყო ასეთი ზედ. სხვაგანაც შეამჩნია... ან თმა დააგლიჯა ამ ქალს და ან თმისცვენის რაღაც მწვავე დაავადება სჭირდა. აიღო მტვერსასრუტი და დიდი რაოდენობით გააქრო, მაგრამ ყველაფერზე იყო მოდებული. უცებ, ეჭვმა შეიპყრო - იქნებ, მარას თმასაც ისრუტავდა? ისიც ქერა იყო, მაგრამ ბუნებრივად არა, შეღებილი. თმა რომ ვერ ნახოს სახლში, ყველაფერს მიხვდება, იმდენად ცბიერია.

- უჰ, რა სისულელეს ჩავდივარ!.. - გაიფიქრა.

გაიქცა სამზარეულოში, ამოიღო მტვერსასრუტიდან ტომარა, გახია, გადმოყარა მაგიდაზე და დაიწყო თმის გადარჩევა. რთული სამუშაო იყო, მაგრამ ბოლოს ორი მუჭა მაინც შეაგროვა. ცოლის თმა ოთახებში მიყარ-მოყარა...

ამასობაში შუადღეც წამოვიდა. კიდევ ხუთი საათი რჩებოდა.

მთავარი პრობლემა საწოლი იყო. რა უნდა ექნა თეთრეულისთვის?! ერთადერთი გამოსავალი იყო, მასზე შერჩენილი სუნამოს სურნელი რაღაც უფრო მკვეთრი სუნით დაეფარა. საწოლზე რამე რომ დაექცია? აი, ზუსტად! გამოიღო საყინულედან პომიდვრიანი ღვეზელები და დადო ტაფაზე გასაცხელებლად.

- მშიოდა, ღვეზელები შევწვი და საწოლზე ჭამის დროს ზეწარზე გადმომეყარაო. - ბოლოს და ბოლოს, ამას იტყოდა.

შეწვა დაამთავრა თუ არა, გადმოაბრუნა ტაფა და გადააქცია ლოგინზე თავის ცხელ ზეთთან ერთად. თითქმის დაიწვა ლეიბი, გაშავდა და ოთახში შავი ორთქლი დადგა. სამაგიეროდ, ანჟელას სუნი გაქრა.

 - მარა იფიქრებს, ეს მთლად გამოშტერებულაო. ჰოდა, ძალიან კარგი! - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა მატეომ.

უცებ, მისი ყურადღება ერთმა ლაქამ მიიპყრო, საწოლის გვერდით, კედელზე. მიუახლოვდა და დაუკვირდა. ლაქა ყავისფერი იყო, მრგვალი, ხუთი ცენტისხელა.

 - რა თქმა უნდა, სპერმაა. - არც დასჭირვებია დიდი ხნის ფიქრი.

მალე უნდა მოეშორებინა, ამიტომ ზედ სველი ნაჭერი გადაუსვა, მაგრამ თხუთმეტ წუთში ეს ლაქა გაფართოვდა ოცდაათ სანტიმეტრზე მაინც, შეეზილა კედლის  თეთრ ფერს და თხილისფრად გადაიქცა. პანიკაში ჩავარდა მატეო. გული მატარებელივით უძაგძაგებდა. ხელსაწყოების ყუთში ზუმფარა მოძებნა და ფრთხილად ზედ გადაუსვა. ლაქა თითქმის გააქრო, მაგრამ საუბედუროდ, კედელი დაზიანდა და ბათქაშის ნატეხი მის ფეხებთან დაეცა. ახლა? ახლა, რა უნდა ექნა? შეწუხებული ნახევრადდამწვარ ლოგინზე დავარდა. რაც უფრო ცდილობდა ნაკვალევების დაფარვას, მით უფრო მოჩანდა ისინი. უცებ, სახე გაუნათდა... ადრე მარას ზუსტად ამ ადგილას კარის ჩასმა უნდოდა, რომ საწოლი ოთახიდან სამუშაო ოთახში პირდაპირ გასულიყო. ისე, გადაწყვეტილი კი არ ჰქონდა, უბრალოდ, იდეა იყო მისი. ახალი კარი - ამაზე უკეთეს სიურპრიზს რას დაახვედრებდა ქმარუკა! საკმარისი იყო კედელი გაენგრია და ხერხით ამოეჭრა კარის ფორმა. ხერხს კი რკინეულობის მაღაზიაში იყიდიდა. საკუჭნაოში მხოლოდ ერთი მსხვილი ჩაქუჩი ნახა. გამოსწია კედელთან დადგმული ტუმბო, ღრმად ჩაისუნთქა და მთელი ძალით დასცხო. თაბაშირის კედელი უცებ ჩამოიშალა. მოულოდნელად, ჩაქუჩს თავი წასძვრა და მეორე მხარეს გავარდა, სადაც შვიდი ათას ევროდ ნაყიდი მუსიკალური ცენტრი ჩაამტვრია. ლითონის და მინის ნაწილები ყველგან მიმოიფანტა. მატეო იმ ოთახში გავარდა. საშინელ ტკივილს გრძნობდა სულში, ამ მუსიკალური ცენტრისთვის მთელი წელი ზოგავდა ფულს, ძლივს იყიდა. მაგრამ ახლა მოწყენის დრო არ ჰქონდა. აბაზანისკენ გაემართა, რომ რამე ნაჭერი აეღო. სარკესთან გავლისას, საკუთარ თავს მოჰკრა თვალი, უკან დაბრუნდა და დაუკვირდა. სახე ელექტროშოკ მიღებულივით ჰქონდა ალეწილი, მაგრამ ეს უმნიშვნელოდ ჩათვალა, რადგანაც ყელზე ერთი ლაქა შენიშნა, რომელმაც ისეთ შიშში ჩააგდო, თითქოს სიმსივნის რაიმე ნიშანი ყოფილიყო. უფრო მიუახლოვდა სარკეს და მიხვდა - ნაწოვი ადგილი. იმ საზიზღარს ყველაფერთან ერთად კანიც ამოუწოვია. წასკდა მატეოს ტირილი და სიმწრისგან კედელს თავი მიარტყა. ახლა? ახლა რა უნდა ქნას? სიმართლე უნდა მოუყვეს ცოლს, მაგრამ მერე რა მოხდება? მომავალს ვეღარ ხედავდა, მხოლოდ ტკივილი და სიბნელე!.. ერთი ჟიმაობისთვის ჰაერს ატანდა ათი წლის ქორწინებას. დაშავებულ ადგილზე მალამო „ოილ ოფ ოლაძ“ გადაისვა, იმ იმედით, რომ რაღაც მაგიური ძალა გაუქრობდა, მაგრამ არაფერი. მაშინ განადგურებულმა აიღო ზუმფარა და ყელი ენერგიულად დაიხეხა.

ცოლისთვის შეეძლო ეთქვა, ლოგინს ცეცხლი წაეკიდა და მისი ჩაქრობისას რაღაცას გამოვედეო. მერე თავით გავამტვრიე კედელი და მუსიკალური ცენტრიც გამიტყდაო. ეს გეგმა კარგი იყო, მაგრამ ამ ყველაფრისთვის ერთი წითელი ლაქა არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ აიღო უთო, დახუჭა თვალები, ასეც მოგიხდებაო, თქვა და მთელი ძალით ისე მიირტყა ყბებში, რომ ტვინი კინაღამ შეერყა. თავის ქალა ნაწილებად იგრძნო, ყბები და კბილები - ჩამტვრეულად. ძლივს შეიკავა ყვირილი, თუმცა სარკეში რომ ჩაიხედა, ნახა, არაფერი მოსვლოდა.. გაგიჟდა... და კიდევ და კიდევ მიირტყა უთო სახეში. მეოთხე დარტყმაზე გონება დაკარგა და ძირს დავარდა. როცა გამოფხიზლდა, თვალების გახელა სცადა, მაგრამ მხოლოდ ერთის შეძლო.

- ვიქტორია! - გაუხარდა.

ძლივს წამოდგა. ნახევარი სახე ისე ჰქონდა გასიებული, გეგონებოდათ, გოლიათ ჰალკს დაურტყამსო. ერთი მჭრელი კბილიც აკლდა. ძალიან კარგი... ასე მარა ვერაფერს იეჭვიანებდა. დახედა საათს, ოთხის ნახევარი სრულდებოდა. ერთი საათი მაინც ყოფილა გონებადაკარგული. ახლა შეეძლო, საკმაოდ მშვიდად მოეწმინდა იატაკი და მერე გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება. გასასვლელისკენ რომ წალასლასდა, შეამჩნია, ტელეფონის პატარა შუქი ციმციმებდა. თურმე სანამ გონებადაკარგული ეგდო, ტელეფონს დაურეკავს. დააჭირა ჩაწერილი შეტყობინებების ღილაკს თითი და ხმაც ალაპარაკდა: „ბოდიში, რომ გირეკავ. ანჟელა ვარ... ამ ღამით რომ შენთან... მგონი, აბაზანაში ხელსაბანზე საყურე დამრჩა. არაფრად ღირს, შეგიძლია გადააგდო. მინდოდა გამეფრთხილებინე, თუ შენი ცოლი... ერთი სიტყვით, გესმის, რასაც ვამბობ. გემშვიდობები, ბოდიში...“

მატეომ სიბრაზე, რომელსაც აქამდე შიშის და დანაშაულის ქვეშ ფარავდა, ცუნამივით ამოხეთქა. მოგლიჯა ტელეფონი კედლიდან და მთელი ძალით მიანარცხა დე კირიკოს ლითოგრაფიას.

- საყურეც!.. ეს საზიზღარი ქალი!..

შევარდა აბაზანაში და ნახა, საყურე იქ იდო, ონკანთან. ერთი სპილენძის ნაკეთობა იყო, მარგალიტის თვლებით მორთული.

- უჰ, ერთი რამ მაინც მოგვარდა! - ამოისუნთქა მატეომ და სტაცა ხელი საყურეს, მაგრამ მოულოდნელად ხელიდან გაუსრიალდა  და ხელსაბანის მილში  ჩაუვარდა. გაბრაზებულმა ფეხი დასცხო ხელსაბანს. საშინელი ტკივილი იგრძნო ცერა და საჩვენებელ თითს შორის. შეჩერდა. ნერვიულობისგან ღებინება დაეწყო საცოდავს. სულ სასმელის მწარე გემოს გრძნობდა პირში. აანთო სინათლე. არც ჰქონდა იმედი, რომ საყურეს გაჩხერილს ნახავდა მილის ჯვარედინ ნაწილზე. ასეც იყო... ხელსაბანი მოხსნა და სიფონის სიღრმეში ჩაიხედა. შიგ ყველაფერი იყო საყურის გარდა: კბილის პასტის თავსახურები, თმა (ნეტა, ვისი?), ორგანული ლორწოები... აუვარდა ტირილი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ჩაქუჩი აიღო და დასცხო კედელს. ჩაამტვრია კაფელი და გამოყარა წყლის მილები. წყალმა უზარმაზარი წნევით იწყო ამოხეთქვა, დაახლოებით, სამი ათასი ლიტრი საათში. დაიტბორა ყველაფერი. გამწარებულმა ჩაიმუხლა და იმ თვალით, რომელშიც მხედველობა შემორჩენოდა, დაბლა ჩამავალ მილებში ჩაიხედა. მაინც ვერაფერი ნახა. გამოვიდა აბაზანიდან. მთელი დერეფანი წყლით იყო სავსე. ჩავიდა ქვედა სართულზე და დაუკაკუნა მარინეტის. ეს იყო ოთხმოცდაათი წლის ინვალიდი ქალი, რომლის ოჯახი დასასვენებლად გაემგზავრა ბორკა დი კადორეში. მას კი საჭირო შემთხვევისთვის დაუტოვეს დახმარებისთვის გამოსაძახებელი აპარატი „სალვალავიტა ბეგელი“. მატეოს ათი წუთი მაინც დასჭირდა, რომ ქალი დაერწმუნებინა კარის გაღებაში. ერთმანეთს ვერ უგებდნენ, ნახევრადჩამტვრეული სახით ვერ ახერხებდა სიტყვების წარმოთქმას, მხოლოდ მარცვლავდა, ამიტომ მოხუცს ყაჩაღი ეგონა. ბოლოს, ქალმა კარი მაინც გააღო, მაგრამ მის დანახვაზე შეშინდა, სტაცა ხელი აპარატს და ყვირილი მორთო, - მიშველეთ, სისხლში ამოსვრილი შიშველი არსება ჩაქუჩით ხელში მემუქრებაო.

მატეომ გადააბიჯა ქალს, შევარდა მის აბაზანაში და დაიწყო მტვრევა.

როცა მარა დაბრუნდა (ეს იყო ზუსტად  ჩვიდმეტი საათი), წინამდებარე ბინასთან სასწრაფოს და სახანძროს მანქანები დაინახა. ეზო დატბორილი დახვდა. უცებ, ერთი კაცი მის ქმარს მიამსგავსა, ორ პოლიციელს მოჰყავდა ხელებზე ბორკილდადებული და თან გაუგებრად რაღაცას ყვიროდა.

თურმე მარა რომში იმიტომ დაბრუნებულა, რომ მატეოსთან სერიოზულ საკითხზე ნდომებია მოლაპარაკება. უნდოდა, წერტილი დაესვა მათი ქორწინებისთვის, რომელსაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ცოლ-ქმარს შორის, უკვე დიდი ხანია, ურთიერთგაგება აღარ იყო. მარას სპრელონგაში გაუცვნია ერთი მამაკაცი, ფილოსოფიის მასწავლებელი, რომელთანაც ბევრი საერთო აღმოუჩენია...

სანამ საავადმყოფოდან წამოვიდოდი, მატეო საცოდავად მომაჩერდა და ამოიოხრა: - ყოველ შემთხვევაში, ისე გამოვიდა, რომ მე არც კი მიღალატია.

 

2007 წ.

 

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE