ცხოველები ხატავენ ფიროსმანს


ცხოველები ხატავენ ფიროსმანს




ანდრეი სენ-სენკოვი დაიბადა 1968 წელს. დაამთავრა იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტი. მუშაობს ექიმად. გამოცემული აქვს 12 პოეტური და პროზაული კრებული. აღებული აქვს პრემია "Московский счет", არის ნომინანტი „ტურგენევის ფესტივალისა“ მცირე პროზაში, შესულია ანდრეი ბელის პრემიის შორტ ლისტში. მისი პოეტური კრებულის Anatomical Theater ინგლისური თარგმანი დასახელდა the Northern California Book Award 2015 შორტ ლისტში და ამავე წელს აიღო the PEN USA ჯილდო თარგმანის ნომინაციაში. მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ლიტერატურულ ფესტივალში, ვიზუალური პოეზიისა და ექსპერიმენტული მუსიკის პერფორმანსებში. მისი ტექსტები თარგმნილია 21 ენაზე. ცხოვრობს მოსკოვში.

2017 წლის ნოემბერში ანდრეი სენ-სენკოვი იყო „ახალი საუნჯის“ ნომრის ავტორი.

 

 

ნაკიანი ნიცშე

 

თუკი დიდხანს უყურებ თებერვალს       

მაშინ თებერვალიც ყურებას დაგიწყებს

 

პირველ რიცხვებში მხოლოდ დაგაკვირდება

ათ რიცხვებში თვალს არ მოგწყვეტს           

ოც რიცხვებში გაგაცამტვერებს

 

ოცდამეცხრე კი                                                         

მარტის თეთრ თოკს დაგრაგნის და                         

პულსირებადი საყელოს ყულფზე

ჩამოკიდებს

შენს გულისცემას

 

 

Yesterday მაკკარტნიმ დაწერა

 

იოკო მის გამოფენაზე გაიცნო ჯონმა

 

იქ იყო ერთი ნამუშევარი

რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავდი                         

თუკი გასაშლელ კიბეზე აძვრებოდი

და გამადიდებელი შუშის მიღმა

აღმოაჩენდი პაწაწინა სიტყვას

yes

 

მომაკვდავისთვის, სისხლისაგან რომ იცლებოდა,

მხოლოდ ერთი შეკითხვის დასმა

მოასწრო ექიმმა – Are you John Lenon?

yes უპასუხა მან

 

იმავე ღამეს

ამ ორი yes-ის ხორციან ნაჭრებს

ღმერთი თავის ენაზე იდებს

თითქოს მუსიკას

ადებდეს სიტყვებს

 

 

მიხეილ ლარიონოვის ლურჯი ღორი, 1910 .

 

ღორს თავის აწევა არ შეუძლია

რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც ცა დაინახოს

 

ანატომია ბედისწერაა                                               

 

კეთილ გლეხს სურს რომ ღორს დაეხმაროს

დაიჭერს და ზურგზე დააგდებს

 

მაგრამ ღორი

შიშისაგან მთელი ძალით დახუჭავს თვალებს

და ამ ერთადერთ შანსს დაკარგავს –

ის დაინახოს რისი დანახვაც დიდხანს უნდოდა

 

როცა საძილე არტერიას გადაუჭრიან

ცა – არეკლილი სამართებელზე –

ტექსტთან ახლოს აისახება

 

 

თითოეულ ჩვენგანში არსებულ ბავშვს თავისი მეტრო აქვს

 

გოგონა ნაჭრის თათებს აწყვეტს

დათვის ბელს

მგლის ლეკვს

ვეფხვის ბოკვერს

 

ბავშვური სისასტიკის ვარდისფერ ვაგონში

ქრება შუქი

და ძლივსღა ისმის

„ფრთხილად ხახები იხსნება“          

 

 

წვიმა ქალაქს ფეხს არ აკარებს        

 

გასული საუკუნის დასაწყისში

ცათამბჯენს რუსეთში ღრუბელმჭრელს ეძახდნენ

 

მაშინ მას ხასიათი გააჩნდა

ცას კი არ ებჯინებოდა სასოწარკვეთილი მსხვერპლივით –

 

ღრუბლებს ულმობლად აჭრიდა მაჯებს

და წვიმის შავ წამწამებს

 

მერე რაღაც შეიცვალა

როგორც შუშის სიუჟეტში ფილმის

და კარზე ცუდად მიჭედებული ცხრიანი               

ექვსიანად გადაიქცა                         

თავად შენობაც შეცდომით შევიდა თავის თავში როგორც ოთახში

და სველი მოსკოვი გაატკაცუნა

 

 

ასე ახლოს და ასე შორს

 

                უმცროს ალექსეი ცვეტკოვს

 

ეს ქალი ალაგებს ჩვენს კლინიკას

მერე მირბის და ალაგებს

თეატრს ტაგანკაზე

მერე ისევ მირბის სადღაც

მერე ისევ

უქმეების და დღესასწაულების გარეშე

ძალიან იღლება

 

ეს სამსახურები მისთვის ისეა

როგორც ქალიშვილები ფრაუ გებელსისათვის

 

არ იცის პირველი რომელი მოკლას ლოგინის ბუნკერში

სადაც წვანან ქრონიკულად გამოუძინებელი

არდაბადებული ბავშვები

 

 

დაბალი სიმაღლის მუსიკა

 

მამა იგებს რომ მის ექვსი თვის ბავშვს

სმენა აკლია

 

ძალისხმევას არ იშურებს ბიჭუნასათვის

მთელი ეს უსასრულო ვარჯიშები სმენის გამოკეთების       

 

შედეგი თითქმის ნულის ტოლია

 

ერთ საღამოს მამა ჩერდება

ამოიოხრებს

ბავშვს ხელში იყვანს

და ფირსაკრავზე ჯონ კოლტრეინის

ძველ ფირფიტას დებს

ხმას აუწევს მაქსიმალურად

ალბომს ჰქვია Giant Steps

 

ბავშვი სულს ნაბავს

მას ცხოვრებაში პირველად ესმის

ფეხშველა როგორ დაბაკუნობენ ლილიპუტები

 

 

დილის ცხრა საათი

 

ისევ შეუნდობს კაცი

ისევ აპატიებს ქალს ყველაფერს

სურს დაუკოცნოს ფეხის თითები

ნელა ფრთხილად

ერთიმეორის მიყოლებით

ღრმად ჩაისუნთქავს

თითქმის გადაწყვეტს

გაჩერდი უცებ ეუბნება საკუთარ თავს

აი ათამდე დავითვლი და...

 

ქალს ერთი ნეკა თითი აკლია

 

 

ალბათ კარგია რომ მათ შვილი არასოდეს ეყოლებათ

 

ღამის პირველ საათზე

აივნიდან

ვუყურებ უკანასკნელ ავტობუსს

ძალიან ნელა და ნაღვლიანად

რომ არტყამს წრეს და

მიდის იქ სადაც

შეუძლია ფეხზე მდგარმა

ტკბილად იძინოს                              

 

იწყება წვიმა

და ავტობუსის რკინის ზურგზე

გამჭვირვალე ნაცრისფერ წვეთებთან ერთად

ხტუნვას იწყებენ

ორი გრძელი „ვინტოვკიდან“ დამიზნებული ნაპერწკლები

ტროლეიბუსის

რომელსაც ლამაზი მიკროავტობუსი

ჩამოაშორეს

 

 

მეორედ მოსვლა

 

კაცს ხელში ჩაქუჩი უჭირავს

კბილებით კი - ლურსმნები

ერთ-ერთს შემთხვევით გადაყლაპავს

 

„შლიაპიანი“ პატარა ჭკვიანი გასტროსკოპი

ყველაფერს დაინახავს

გაოცდება

ყველაფერს ზუსტად დაიმახსოვრებს

როცა მუცლიდან ამოიღებენ

გაიხსენებს დავიწყებულ ლეგენდებს იმის შესახებ

რომ ოდესღაც სამყარო ლურსმნებს ეკუთვნოდათ

და ერთხელ ადამიანებმა მათთვის თავიანთი ღმერთი გაიღეს მსხვერპლად

 

თავისიანებთან რომ დაბრუნდება

და უამბობს სინამდვილეში თუ რა აქვს შიგნით ადამიანს

არ დაუჯერებენ

 

წმინდა წყალს აპკურებენ 

და ჩვენ დავიჟანგებით

 

 

ქალი მერე ცოლად გაყვება უხმოუსიტყვო კაცსულვაშიანს

 

ქალს სარდაფიდან ფისოს ტირილი ესმის

მიაქვს თევზის კონსერვი

ფისო არ ჩანს

დილით კონსერვის ქილა ცარიელია

რამდენიმე კვირა ყველაფერი მეორდება

ახალი ქილა ცარიელი ქილა კიდევ ერთი ქილა უხილავი ფისო

თითქმის თამაშია

 

ბოლოს ქალი ამჩნევს

რომ ტირილის ხმა იმ პირველი დღის შემდეგ აღარ გაუგონია

 

ვირთხებს ფისოს გემო დიდი ხანია რაც დაავიწყდათ

თევზი კი

ცუდი ნამდვილად არაა

 

 

კარებისხელა გასაღები

 

ტომაშ პეჟჰალას

 

ერთ პოლონურ ფილმში ქალი

დიდხანს ეძებს გასაღებს

რადგან

ცხოვრებაში

პირველად დადო თავის ადგილზე     

 

მარტოხელა ადამიანებისთვის

გასაღების მეორე ასხმა ბიბლიოთეკის უცნაური ფორმის წიგნია

სულ ხელზე რომ აქვთ დაკიდებული                                                         

 

ბოლოს

მისი წაკითხვის დრო როცა მოდის –

კარის ყუაზე

ფინალური ტიტრები ჩნდება

და ქაღალდის კინოდარბაზში ქრება სინათლე

 

 

საზღვრის გადაკვეთასაზღვარი ალცჰაიმერის დაავადების სიგრძისაა

 

თავიდან ავიწყდებათ ნაცვალსახელები

მერე – არსებითი სახელები

მერე – ზმნები

მე შენ მიყვარხარ -დან

დარჩება მიყვარს

 

და მერე ისიც გაქრება

არა

ბოლოს სიტყვა უცებ დაიწყებს

უახლოესი ჭუჭრუტანის ძებნას და

შეძვრება უგონობაში

როგორც მესაზღვრე თეთრი სპეცტანსაცმლით –

თოვლში რომელიც მას არ ეკუთვნის

 

ყველაფერი დამშვიდდება

როცა ჩემს გაყინულ ჯარისკაცში       

უკანასკნელი თბილი ასო

გაიხრაშუნებს

 

თუმცა მოასწრებს შენს გახსენებას

 

 

მიღების საათები დასრულდა

 

ალიონა ბეშიჩს

 

ქალაქ ნოვი სადის მთავარ საათზე

წუთის ისარი ------- მოკლეა

საათის ისარი კი – გრძელი

 

ასეთი ისრები = ადამიანისთვის ცნობილი ერთადერთი საშუალებაა

ტუჩებზე რომ დრო წაიკითხოს

 

 

შესაქმემერვე თავთან ახლოს

 

ნოე კიდობანში ათავსებს სტეგოზავრებს ტირანოზავრებს პლეზიოზავრებს

ბრონტოზავრებს არქეოპტერიქსებს ტრიცერატოპსებს

პატარები არიან იღიმებიან

ყველა დაეტევა

ყველა ერთად მშვიდობით გაცურავს

 

დიდხანს იქნება საჭირო ცურვა

 

ქათქათა პტეროდაქტილი

კიდობნიდან გამოფრინდება

და პირით მწვანე რტოს მოიტანს დაბრუნებისას

ესე იგი ჰოლივუდის ნაპირი სადღაც აქვეა

ესე იგი ყველა რატომღაც გადარჩება

 

რტოს ჩაბღაუჭებული ღმერთი

წრიპინებს როგორც სათამაშო ლეკვის კბილებში

 

 

ცხოველები ხატავენ ფიროსმანს

 

გოგონა ჟირაფი

 

თეთრი ქართული ჟირაფი

            იმპორტულ ვიწრო შავ ფეხსაცმელში

            ფეხებზე საახალწლო გირლანდის შავი ციმციმით

მაღალ ქუსლებზე მოხდენილად გაივლის და

საზეიმოდ წაიბორძიკებს მამალი ჟირაფებისკენ

 

 

ქოლგა რომელიც ვირს არ ეკუთვნის

 

ვირზე მჯდარ ადამიანს ქოლგა უჭირავს

რომ სიცხიანი გაციებული უკურნებელი სენით დაავადებული ღმერთი

მოულოდნელად არ დაეწვეთოს

მაგრამ ღმერთი ჯერ არ უნახავს

ასე ცხოვრობს

ავად არ ხდება

ჩვენსავით

 

 

ბილიარდის ბატკანი

 

კრავის თავზე დაფრინავს ორი ანგელოზი

მარცხენა მხარეს რომელიცაა უფრო მსხვილია

ბილიარდის იმ თეთრი ბურთივით

რომლითაც შლიან დანარჩენ ბურთებს

 

პროფესიონალი ღმერთის ხელით

შალის კიას ახლა ცარცით გამოშიგნავენ

 

 

წიწილა რომელიც იჩეკება

 

ეს წიწილა ბოლომდე ჯერ არ გამოჩეკილა

კვერცხს ხსნის და ხურავს

როგორც საკეტს ოვალური კინოკამერის

რომელიც იღებს უმოწყალო მშვენიერებას   

თეთრი ნაჭუჭის ცის ზედაპირზე

 

 

ჯინსის შველი

 

შველი თეთრი დუნდულებით

და – ბობ დილანი რომ ატარებს – თეთრი ჯინსებით

რომლის უკანა მარცხენა ჯიბიდან

გადახაზული კუდი მოჩანს

ლექსის პირველი მოკლე სტრიქონის

 

რუსულიდან თარგმნა ნენე გიორგაძემ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE