მარად ახალგაზრდა დარჩება
ქალი
თუ უყვარს ქალი.
მენტორი და სტუდენტი
ერთმანეთს კვებავენ
ბევრ გოგონას
ჰყოლია მოხუცი მამიდა
რომელიც ბიჭებს არ აკარებდა ახლო
და სახლში კეტავდა,
ერთად თამაშობდნენ ბანქოს
ან ტახტზე კოტრიალობდნენ და
ერთმანეთს ეხებოდნენ და ეხებოდნენ.
ნორჩი მკერდი - დამჭკნარ მკერდზე...
კაბა მხრებზე ჩამოიცურე,
მომიახლოვდი, შენს ასლს შეეხე,
რადგან წვიმის იმედად დავრჩი,
რადგან სამი იპსილანტელი ქრისტე მივატოვე,
რადგან ენ-არბორის ძილქუშიდან გამოვედი.
და ეკლესიის ხვიარები კუნძებად იქცა.
ზღვა მონასტრის კედლებს დაშლის,
რადგან ახალგაზრდა პოლიტიკოსები კვდებიან.
კვდებიან, მაშ, მომეხვიე, ძვირფასო, ქორფავ,
ჩამეკარი.
დანაცრდება ერთ დღეს ყვითელი ვარდი
და დაეცემა ნიუ-იორკი ჩვენზე ადრე,
მაშ, მომეხვიე, ქორფავ, ძვირფასო,
მომეხვიე.
თეთრი მკლავები კისერზე შემომაჭდე
შენს გულს ყვავილივით ავიტაცებ
არ დავუშვებ რომ აყვავდეს და დაიფურცლოს.
მინდა დაგირღვიო
აბლაბუდასავით თხელი კანი
მოვუსმინო და სიშავე ამოვტუმბო.
ოსტატობის კვალი გაგდევს ნორჩ ბაგეზე
დაბურთული ტუჩი ჩემთვის გაიმეტე
სანაცვლოდ კი ანგელოზის ცეცხლსაც მოგცემ.
ჩვენ ვართ ფთილა ღრუბლები და
მინის ბოთლში ვირეკლებით
ჩვენ ვართ ლაღი ჩიტები
და ერთ სარკეში ვბანაობთ.
ალალმართლად ვთამაშობდით
და გვაფრთხობდა ამოთხრილი ორმოები
ჩვენ ვართ ძლიერები.
ჩვენ ვართ სათნოები.
ჩვენს დანახვას ნუ ეცდებით -
ერთად ვწევართ სიმწვანეში
ვით გუბის სარეველები.
მომეხვიე, ძვირფასო, ქორფავ,
ჩამეკარი.
ხელის შეხებით ამოწმებს ფაქიზ საათს
თითოეული და
ბარბითის ჰანგებზე ცეკვავენ
ორივენი.
ჭაობის ხავსივით აზიზობენ და
მთელი დღე ენისმოჩლექით
თამაშობენ.
მარად
ახალგაზრდა დარჩება ქალი,
თუ უყვარს ქალი.
უხსოვარ დროს ბოროტმა ჯადოქარმა გააშენა ბაღი
ევას ბაღზე ბევრად წარმტაცი და
მოჰყავდა პატარა ლიფსიტასავით სტაფილო,
გომბეშოსავით გაბერილი პამიდორი
გულივით ღრმად ფესვგადგმული ხახვი,
დელფინივით მომღერალი ყაბაყი
მაგრამ ავსულის მთელი ჯადოსნობა თავმოყრილი იყო
მაჩიტაში - ბოლქვში, რომელიც კაცს
ეგონება სამყურა ან სალათის ფესვები
და არის პენიცილინზე უფრო ძლიერმოქმედი.
ასე იზრდება - ფოთოლს ამოსდის ახალი ფოთოლი
კანს ემატება ახალი კანი,
ისეთი თავნებაა და დაუდგრომელი, როგორც აისედორა დუნკანი.
ბაღის ჭიშკარს არასოდეს ხსნიდა ჯადოქარი,
მაგრამ იქვე მცხოვრები ფეხმძიმე ქალი
ყოველ დილას მაჩიტას ხარბად შეჰყურებდა
და ეჩვენებოდა, რომ
თუ არ შეჭამდა, მოკვდებოდა.
ქმარს შეეშინდა, ქალი სურვილს არ გადაჰყოლოდა
და ბაღში გადაძვრა
ცხოველმყოფელი ბოლქვის მოსაპარად.
აჰა! - დასჭყივლა კუდიანმა,
რომელსაც სინამდვილეში დედილო გოტელი ერქვა.
ქურდო, მოემზადე სიკვდილთან შესახვედრად!
მაგრამ კაცმა კუდიანთან მოლაპარაკება მოახერხა.
(იმ დროს კმაროდა სიტყვიერი შეთანხმებაც.)
და თავისი ჯერარშობილი შვილი შესთავაზა.
ასე რომ, როგორც კი ბავშვი დაიბადა,
კუდიანმა გოგონა თავისთან წაიყვანა
და დაარქვა რაპუნცელი -
ცხოველმყოფელი ბოლქვის მეორე სახელი.
ლამაზი გოგო გამოდგა რაპუნცელი, და ამის გამო
დედილო გოტელისთვის ის შეიქნა განძი ფასდაუდებელი.
როცა გოგონა წამოიზარდა, კუდიანმა აიკვიატა:
ვერ ავიტან, ჩემ გარდა მას თუ ვინმე შეეხება ან ნახავს.
და გოგონა ტყეში, მაღალ კოშკში გამოკეტა. კოშკს არც კარი ჰქონდა,
არც კიბე. ჰქონდა მხოლოდ ერთი ფანჯარა.
როცა დედაბერს კოშკში შესვლა ეწადა,
რაპუნცელ, რაპუნცელ, თმა ჩამოუშვი! - ასძახებდა,
და რაპუნცელი თმას ცისარტყელასავით გადმოფენდა.
თმა ჰქონდა რაპუნცელს ბაბუაწვერას ყვავილივით ყვითელი
და ძაღლის დასაბმელი ჯაჭვივით მტკიცე.
დედილო გოტელი თმას ხელზე
მეზღვაურივით დაიხვევდა
და კოშკის ქვასავით ცივ ოთახში,
სადაც ისე ციოდა, როგორც მუზეუმში,
კიოდა: ჩამეხუტე ქორფავ, ძვირფასო, მომეხვიე,
და ის და რაპუნცელი
ენისმოჩლექით თამაშს იწყებდნენ.
,
წლების შემდეგ, ერთხელ, როცა რაპუნცელი მღეროდა,
შემთხვევით იმ ტყეში მოხვდა ერთი პრინცი
სიმღერამ გულში გაუარა და დაკოდა როგორც ვალენტინი,
მაგრამ რადგან ქალთან ასასვლელი გზა ვერ იპოვა,
ხეებს შორის გაინაბა ქამელეონივით
და ნახა ავსული თმას რწევა-რწევით როგორ აჰყვა.
მეორე დღეს პრინცმა დაიძახა:
რაპუნცელ, რაპუნცელ, თმა ჩამოუშვი.
ასე შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და
პრინცმა გაუმხილა თავისი სიყვარული.
რაპუნცელს გაუკვირდა - ნეტავ, ეს რა მხეცია,
ისე დაჰბერვია კუნთები მკლავებზე,
თითქოს ტომსიკა ედოს გველებით სავსე,
ან ეს რა ხავსი მოედო ტანზე?
ან რა ეკალიანი მცენარე უფარავს სახეს?
ან ძაღლივით ბოხი ხმა რად ამოსდის??
პრინცმა რაპუნცელს თვალი მოსჭრა კითხვებზე პასუხით,
პრინცმა რაპუნცელს თვალი მოსჭრა ნარნარა ჯოხით.
ისინი ერთად მოყვითალო ძაფებზე დაწვნენ,
და გაცურეს ლაღად, როგორც ცურავენ
წყალმცენარეებში ჭიჭყინები
და პაპივით ცად აღავლინეს ლოცვები.
ყოველდღე მიჰქონდა კაცს აბრეშუმის ძაფის გორგალი
და რაპუნცელი ქსოვდა კიბეს კოშკიდან გასაქცევად.
მაგრამ დედილო გოტელი მიუხვდა შეთქმულებას
რაპუნცელს და თმა ყურებამდე შეუკვეცა
და მოსანანიებლად ტყეში გააძევა.
მეორე დღეს, როცა პრინცმა კოშკს ისევ ასძახა,
კუდიანმა რაპუნცელის თმა კაუჭზე მოიბა
და კოშკიდან გადმოფინა.
პრინცმა რომ ვეღარ იხილა რაპუნცელი,
ფანჯრიდან გადმოეშვა ვით ხორცის ნაჭერი,
ის კოშკის ძირას, ჩირგვებში ჩავარდა,
ეკლები ლურსმნებივით ჩაესო თვალებში და დაბრმავდა.
მას მერე ტყე-ღრეში დიდხანს დაეხეტებოდა
ოიდიპოსივით უსინათლო პრინცი,
ვიდრე მის ყურს არ მისწვდა სიმღერა,
რომელმაც ისიც ისე დაკოდა,
როგორც ერთ დროს ვალენტინი.
და როცა პრინცმა რაპუნცელს აკოცა, გოგონას ცრემლები
თვალებზე დაეცა და მყისვე დაუბრუნდა თვალისჩინი.
როგორც თქვენც ხვდებით,
ბედნიერად ცხოვრობდნენ
პრინცი და რაპუნცელი
და დაამტკიცეს, რომ დიდ გოგოებს
არ იტაცებთ თამაში ენისმოჩლექით
ისევე, როგორც პარასკევობით სადილზე თევზი,
ისევე, როგორც სამთვლიანი ველოსიპედი.
როგორც ამბობენ, სამყარო
შედგება წყვილებისგან.
ვარდს უნდა ჰქონდეს ღერო.
რაც შეეხება დედილო გოტელს -
მას გული ქინძისთავის ზომამდე შეეკუმშა
და მომეხვიე, ქორფავ,
ჩამეხუტე, აღარასოდეს უთქვამს
ოღონდ, თუ ესიზმრებოდა გრძელი ოქროსფერი თმა
მთვარის სხივი პირში უძვრებოდა.
ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ