წინამდებარე მიმოწერის გამოქვეყნებაზე ადრეც მიფიქრია, მაგრამ თავს ვიკავებდი ერთადერთი მიზეზით: მისი გამოქვეყნების აზრს ვერ ვხედავდი. ვერ ვიტყვი, ახლა მეტი ოპტიმიზმით ვარ დამუხტული მეთქი, მაგრამ რაკი სხვადასხვა თაობის ლიტერატორებს შორის კულტურული დიალოგი (და არა ურთიერთგამომყენებლური კომუნიკაცია, რომლის ნაკლებობა არასდროს იგრძნობოდა და არც დღეს იგრძნობა) ყოველთვის უხვია საგულისხმო დეტალებით, ეს ორი წერილიც არ იქნება ინტერესს მოკლებული ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდა მკითხველისთვის. მიმოწერას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტი: 1999 წლის 14 ივლისს ჟურნალ “მნათობის” რედაქციაში ოთარ ჭილაძისთვის გადასაცემად დავტოვე ჩემი ლექსების და ესსეების კრებული “შეჯამების უარყოფა” წარწერით: “ბატონ ოთარს, შეკითხვით და ღირსეული პასუხის მიღების გასარკვევი იმედით”. იქვე აღნიშნული იყო ჩემი ბინის მისამართი. წიგნი შეხვეული იყო აფიშაში, რომელიც მიუთითებდა წიგნის სარეალიზაციო ობიექტებს (ძირითადად, საზოგადოებრივ ტუალეტებს). ანალოგიური გზავნილი უფროსი თაობის კიდევ რამდენიმე აღიარებულმა მწერალმაც მიიღო, მაგრამ სწორედ ოთარ ჭილაძე აღმოჩნდა მათ შორის ერთადერთი, რომელმაც უხეშ გამოწვევას დუმილით არ უპასუხა ანუ იგი ისე მოიქცა, როგორც ძლიერი ადამიანები იქცევიან. ჩემი წარწერის ფორმა რომ არაადექვატური და ჩემი პიროვნული წყობისთვისაც უცხო იყო, ამაში მალევე გამოვუტყდი ჩემს თავს, მაგრამ ის, რაც ამ ფორმამ შემოინახა, 90-იანი წლების სისასტიკეა: უფროსი თაობის ძლევამოსილ ლიტერატორთა მიერ იგნორირებული და უარყოფილი, მზაკვრული მავნებლობების მრავალფეროვნებას შეტოვებული ახალი თაობის უხეში, მაგრამ გულწრფელი ხმა. სწორედ ამ ხმამ ააღელვა მაშინ დიდი მწერალი და ამით არის ჩემთვის ძვირფასი მისი პასუხი, რომელიც მანქანაზე ნაბეჭდ სამ გვერდს შეადგენდა და საქართველოს ფოსტით იყო გამოგზავნილი, შტამპით “შეკვეთილი”. 20 აგვისტოს დაწერილი ეს წერილი მე მხოლოდ 11 სექტემბერს მივიღე (დღესდღეობით ამ დროს ანდომებს დაზღვეული თუ დაუზღვეველი წერილი გერმანიიდან საქართველომდე მანძილის დაფარვას). მაშინვე ვუპასუხე და შემდეგ გავიცანი კიდეც ჩემთვის ძვირფასი მწერალი. ვისაუბრეთ დიდხანს და – მხოლოდ არსებით საკითხებზე. მაგრამ ეს უკვე სხვა თემა და სხვა სათქმელია.
დათო ბარბაქაძე
ჩემო ძვირფასო დათო!
არ ვიცი, რამდენად სწორად გავიგე თქვენი “შეკითხვა” – ალბათ ჩემი აზრი გაინტერესებთ თქვენს წიგნთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ასეა. და თუ მართლა ასეა, ჯერ მადლობას გიხდით, ნდობისთვის, მერე კი – ბოდიშს, თუკი ჩემი ცოდნა-განათლებით ვერ შევძლებ თქვენი სურვილის დაკმაყოფილებას. ამას კი იმიტომ ვამბობ, თქვენი ესსეების კითხვისას თითქმის ხელიდან რომ არ გამიგდია უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რაც, რასაკვირველია, უმალ ჩემს გაუნათლებლობაზე მეტყველებს. თუმცა, ჩემი თვალსაზრისით, სიტყვა არ შეიძლება უცხო იყოს. სიტყვა შეიძლება იყოს გაუგებარი, უჩვეულო, უხამსი, ამოუხსნელი, საინტერესო, უინტერესო, მოდალი, მამაცი, ლამაზი, უშნო... მოკლედ, ყველანაირი, უცხო კი – არავითარ შემთხვევაში. თქვენი ნაწარმოებების კითხვისას კი, უპირველეს ყოვლისა, სიტყვების გაუცხოების შეგრძნება მეუფლებოდა, რის გამოც, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, დავიძაბე, თითქოს ჯადოქრობასთან მქონდა საქმე – მესმოდა, რასაც ვკითხულობდი, მომწონდა კიდეც ცალკეული ადგილები, მაგრამ დავხურავდი თუ არა წიგნს, ყოველგვარი კავშირი წყდებოდა ტექსტთან, არა მხოლოდ ვიზუალური, აზრობრივიც, გრძნობისმიერიც, სულისმიერიც... თითქოს არც არაფერი ყოფილაო. დიახაც რომ ჯადოქრობაა – არსებობს ტექსტი, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს და არაფერს ამბობს – მაგრამ შეგნებულადაა ეს გაკეთებული თუ უნებურად გამოდის ასე, ორივე შემთხვევაში, ისეთი მოვლენის მოწმენი ვართ, რომელიც ლიტერატურას შეიძლება გავს, მაგრამ აშკარად განსხვავებული ბუნებისაა.
მიუხედავად ათასნაირი მიმდინარეობისა, თეორიისა, თვალსაზრისისა, სურვილისა თუ აჩემებისა, ლიტერატურის უცვლელი დანიშნულებაა (ყოველშემთხვევაში, ასეა ჰომეროსიდან მოყოლებული დღემდე), აუცილებლად თქვას რაღაცა. რამდენად მნიშვნელოვანია მისი ნათქვამი, ეს სხვა საკითხია. მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რას გვეუბნება, რას გვაუწყებს, რას გვიმხელს, რას შემოგვჩივის, ბოლოს და ბოლოს.
სიტყვა ერთადერთი და საკმაოდ ბნელი გვირაბია, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ვუკავშირდებით, ჩვენი არსებიდან თავდაღწეულნი, და რომლის მეშვეობითაც ისევ ჩვენ არსებაში ვბრუნდებით მარად ამოუცნობი სამყაროდან. ამჯერად, ეს პროცესი შეფერხდა და, როგორც უკვე აღვნიშნე, შევშფოთდი. სიტყვის უარყოფა თავისთავად დიდი საშინელებაა (პირადად ჩემთვის), მაგრამ უარყოფის ამგვარი ფორმა, ესე იგი, გაუცხოება იმისა, რის გარეშეც ყოვლად წარმოუდგენელია არა მარტო ჭეშმარიტი ბუნების გამოხატვა-გამომზეურება, არამედ ელემენტარული ცოდნის მიღებაც, რაღა თქმა უნდა, უკვე “კაცობრიობის მოდგმის აღსასრულის მაუწყებელია”. და მაინც, ეს კი არ არის მთავარი, არამედ – ჩვენი სურვილი: გვინდა თუ არ გვინდა მოხდეს ის, რაც მაინც მოხდება, გვენდომება თუ არ გვენდომება ჩვენ. ესე იგი, მთავარია ვიცოდეთ, რა შემთხვევაში, უფრო სწორად კი, რა მიზნით უნდა მივმართოთ სიტყვას: როგორც წამალს, სიცოცხლის თუნდაც ერთი წამით გასაგრძელებლად, თუ, როგორც საწამლავს, თუნდაც სულთმობრძმავის სიკვდილის დასაჩქარებლად. ეშმაკმა იცის, რა უფრო ძნელია, რა უფრო ღირსეული საქციელია მწერლისა და საერთოდ ადამიანისა. ეს უაღრესად რთული საკითხია და უაღრესად სახიფათოც. ადვილი შესაძლებელია, ერთი გინდოდეს და მეორეს აკეთებდე, თანაც, შენდა უნებურად. მართალი ბრძანდებით: “ყოველ ახალ დღეს ახალი სუსხი ახლავს” და ახლავს, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, ჩვენ რომ ვერ გაგვირკვევია, რისი ცოდნა გვსურს და, ცოდნის სურვილს აყოლილნი, პირველ რიგში, ცოდნის წყაროს ვახშობთ, ისევ ჩვენდა უნებურად...
არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვლაპარაკობ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, ძალიან კარგად მესმის თქვენი. თუმცა, კატეგორიულად არ ვეთანხმები თქვენს სარეკლამო განცხადებას – თქვენი წიგნი ნამდვილად არ იმსახურებს ამას – რაც მთავარია, ამგვარი თვითრეკლამა, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილობაა დღეს და ნაკლებად ეფექტურიც, ვთქვათ, ოციან წლებთან შედარებით. თქვენ ჯერ ახალგაზრდა ხართ და ეჭვი არ მეპარება, გუნებაში მაინც დამეთანხმებით როდისმე. დიახ, ადამიანი საკუთარი უმწეობითაა ძლიერი და ჭეშმარიტი მისი სიმდიდრე მისივე სიღატაკეა. ხოლო, საკუთარი ნამოღვაწარის აბუჩად აგდებით ბევრს ვერაფერს მიაღწევს. უფრო სწორად, ყველაფერს დაკარგავს, რაც თუნდაც მხოლოდ საკუთარი უმწეობითა და სიღატაკით მოუპოვებია. ამიტომ არ ვეთანხმები იმ კრიტიკოსებსაც, რომლებიც ნებისმიერ ნაწარმოებს ავტორის მსოფლმხედველობის, ანდა, სულაც ბილწსიტყვაობის გამო აკრიტიკებენ მხოლოდ. ეს, ერთის მხრივ, აბნევს ნამდვილ მკითხველს, მეორე მხრივ კი, ამრავლებს მკითხველის ახალ სახეობას, რომელსაც “განათლება” მხოლოდ იმისთვის ყოფნის, მამაკაცის ან დედაკაცის სასქესო ორგანოს ხალხური სახელწოდება ამოიკითხოს დამარცვლით. კრიტიკოსი ამა თუ იმ ნაწარმოების მხატვრულ დონეს, მის ლიტერატურულ ხარისხს ადგენს, ხოლო, მწერალმა მის იმედზეღა დარჩენილ მკითხველს დედაკაცის ან მამაკაცის სასქესო ორგანო კი არ უნდა დაანახვოს, არამედ ადამიანური ცხოვრების მაგალითი. ესე იგი, ხელახლა (უთვალავჯერ!) “განმარტოს”, რას ნიშნავს საერთოდ ადამიანობა, ვთქვათ, დღევანდელი თვალსაზრისით – ისევ იმას, რისი არაერთი მაგალითიც უკვე არსებობს მსოფლიო ლიტერატურაში, თუ, ასე ვთქვათ, ძველბიჭობამანობისა და ნარკომანობის საკმაოდ უფერულსა და უსიცოცხლო ნაზავს, რაც თავისთავად გაუგებრობაა ჩემთვის, რამდენადაც გაურკვეველია, რას გულისხმობს: ბავშვის გახრწნას, ბებრის აბუჩად აგდებას, ღატაკის გაძარცვას, ბრმის გაბრიყვებას, ხეიბრის დაჩაგვრას, ტრის დუდუკზე ცეკვას, მოძრაობის წესების დარღვევას საკუთარ ქალაქში, უზრდელობას, უვიცობას, უცხოეთში გადაკარგვას, სამშობლოს ფეხებზე დაკიდებას თუ მშობლის გაუპატიურებას... ასე რომ, დიდი შრომა ელის ხვალინდელ ქართულ მწერლობას, რომლის ერთერთ საყურადღებო წევრადაც თქვენ წარმომიდგენიხართ, თუკი, რასაკვირველია, ნიჭს მოაქცევთ თქვენს ჭკუაზე და თქვენ თვითონ არ მოექცევით იმის დაუნდობელ, დაუდგრომელ, დაუოკებელ დინებაში... ამოუწურავ, მომხიბვლელად მაცდურ წარმოსახვებში... როგორც ნებისმიერი სიმდიდრე, არასწორად გამოყენებული, ნიჭიც სახიფათოა. ჩემი აზრით, თქვენ პოეტად ხართ გაჩენილი და ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გამართლდება განგების ეს ჩანაფიქრი. ამიტომ, გიხდით რა მადლობას ერთხელ კიდევ, პირველ რიგში, გისურვებთ სიმტკიცესა და კეთილგონიერებას, არა მხოლოდ ამ წერილის წაკითხვისას, არამედ საერთოდ, ცხოვრებაში.
პატივისცემითა და გაცნობის სურვილით
ოთარ ჭილაძე
20 აგვისტო, 1999
* * *
ძვირფასო ბატონო ოთარ,
არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ, როგორ გაუწყოთ სიხარულის ის განცდა, რომელიც თქვენი პასუხის მიღებამ გამოიწვია არა მხოლოდ ჩემი სულის, ჩემი შეგნების სადღეისო მდგომარეობაში, არამედ – მთელს ჩემს გამოცდილებაში. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ჩვენს მტკივნეულ, მაგრამ ფაქტობრივად უბადრუკ, საზოგადოებაში, სადაც თაობებს შორის ღირსეული დიალოგი პრაქტიკულად გამორიცხულია მრავალი გასაგები და მიუღებელი თუ გაუგებარი და მაინც მისაღები მიზეზის გამო, და სადაც პირადად მე, როგორც ახალგაზრდა მწერალმა, ვისთვისაც ხელოვნება სუნთქვის ფორმაა, მივმართე ნანატრი დიალოგის ძიების უკიდურეს, დიახაც რომ არაკეთილგონიერების ზღვარზე გამავალ ხერხს, რაღაც იმაზე მეტი მოვიპოვე ამ გულწრფელი ძიების ფასად, ვიდრე საბოლოო ხელისჩაქნევის და გადამწყვეტი მწარე ღიმილის აქტი იქნებოდა. იქნებ ამიტომაც, მე შევეცდები მაქსიმალური სიმშვიდით, სიტყვის წინაშე პასუხისმგებლობის ჩემმიერი გაგების საფუძველზე, არაბუნდოვნად და არაორაზროვნად, ვისაუბრო ჩემი სიხარულის განცდის შინაარსზე; ჩათვალეთ, რომ სწორედ ეს არის თქვენს პასუხზე ჩემი პასუხის მიზანი, - გაგიზიაროთ თქვენს პასუხთან დაკავშირებული ჩემი სიხარულის ანუ ჩემი ნდობის, თქვენდამი ნდობის შინაარსი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკადრისი უნდა მიეზღოს “ინტიმურ” ფაქტორს: თავხედურ და თავხედური ფორმით დასმულ კითხვაზე პასუხი გამცა მწერალმა, რომლის შემოქმედება ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, განსაკუთრებით ღირებულია; რომლის რომანებზე(მხედველობაში მაქვს თქვენი პირველი სამი რომანი) ღამეები მითევია, ცრემლიც მიღვრია; რომლის შემოქმედებამ ჩემი ესთეტიკური გემოვნების, ენობრივი შეგნების, პიროვნული სახის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, და, რაც მთავარია, რაც ამ შემთხვევაში არსებითია, ეს ხდებოდა ჩემი სასკოლო ასაკის იმ პერიოდში, რომელსაც სიმწიფის პერიოდს უწოდებენ და როცა მთლიანად, შესაძლოა გადამწყვეტი ნიშნებითაც კი, ყალიბდება მოზარდის მტკიცე ორიენტირები, მისი მენტალური წყობის ძირითადი მახასიათებლები, მისი შემოქმედებითი მიდრეკილების როგორობა. მაგრამ, ამჯერად, ჩემთვის არსებითად მნიშვნელოვანია ამ ფაქტის სხვა ასპექტი: უფროსი თაობის ქართველი მწერალი, რომელიც მიღებული წიგნის ალაგ-ალაგ გადაკითხვითაც კი იოლად მიხვდებოდა, რა ტიპის და სიმტკიცის პიროვნებასთან ჰქონდა საქმე, იღებს გამოწვევას და ნაბიჯს დგამს გულწრფელი დიალოგისკენ, აცხადებს უმცროსი თაობის არამორჩილ და არაგახედნილ მწერალთან საუბრის ნებას, რითაც, ფაქტობრივად, ღალატობს ათწლეულობით(თუ მეტით არა) დამკვიდრებულ “კეთილგონივრულ” ტრადიციას, - მომდევნო თაობებისა თუ პიროვნულ ბედთა დაოკებაზე, გახედვნაზე, მომწყემსვაზე და მორჩილ, ჩლუნგ, ერთგულ ყმებად მათ ჩამოყალიბებაზე უფროსი თაობის ზრუნვას; მრავალფეროვნების სახელით ერთფეროვნების დამკვიდრება-განმტკიცებისთვის მათ მუხლჩაუხრელ გარჯას; განსხვავებულის ნიველირებას ან, აუცილებელი აქტიური რეაქციის შემთხვევაში, მისაღებ ფორმებამდე და წესებამდე ამ განსხვავებულის დაყვანის ვნებას, ამ მიმართულებით ბიუროკრატიული სისტემის გეგმაზომიერ მუშაობას. თუ თქვენი ნაბიჯის ჩემმიერი ინტერპრეტაცია მეტ-ნაკლებად სწორია, მაშინ ყველაზე უფრო ლოგიკური უნდა ყოფილიყო, გამოგეთქვათ ჩემი პასუხის მოსმენის სურვილიც, და ასეც მოხდა, - თქვენ ინებეთ ჩემი გაცნობა. შესაძლოა, ამ ფაქტმაც წამაქეზა, - მოსალოდნელი გაცნობისთვის წამემძღვარებინა წერილი და ამჯერად უკვე მთლიანად გამეხსნა, განმემარტა ის მეტაფორა, რომელსაც საუწყებო აფიშასა და ამ აფიშაში გახვეულ პოეტურ კრებულს შორის მოთავსებული ჩემი შეკითხვა წარმოადგენდა. ამიტომ, ნება მიბოძეთ, დაუყონებლივ საქმეზე გადავიდე.
დავიწყებ იმით, რაც თქვენც კარგად მოგეხსენებათ: ჩვენ ვართ სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პიროვნული ბედის, სხვადასხვა სათქმელით ატანილი ადამიანები. ხოლო რაკი ჩემი დაკვირვების საგანი ეს განსხვავებებია და არა ის “ჰუმანური” პათოსი, რომ ჩვენ, ყველანი, მწერლები, ერთ სათქმელს ვამბობთ, ერთი მიზანი გვაქვს და ა. შ., მსჯელობასაც სწორედ ამ მიმართულებით განვავითარებ. მე ვფიქრობ, ამა თუ იმ კონკრეტული მწერლის ვინაობას სიტყვის წინაშე მისი პასუხისმგებლობის როგორობა განაპირობებს; არა პასუხისმგებლობა (რაც, თავისთავად, იგულისხმება), არამედ – ამ პასუხისმგებლობის როგორობა. სიტყვის წინაშე თქვენი და ჩემი პასუხისმგებლობა, დამეთანხმებით, ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც – ის დრო, რომელშიც თქვენი ტექსტები იქმნებოდა და ის დრო, რომელშიც ჩემი ტექსტები იქმნება; ლიტერატურული ურთიერთობების ის წესი, რომელსაც თქვენ ერთგულებდით და ლიტერატურული ურთიერთობების ის წესი, რომელსაც მე ვერთგულებ; თქვენი პიროვნული გამოცდილება და ჩემი პიროვნული გამოცდილება; წიგნები, რომლებსაც თქვენ კითხულობდით და წიგნები, რომლებსაც მე ვკითხულობ (არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, კლასიკურ ლიტერატურას, რომლის ცოდნა ნებისმიერი სერიოზული მწერლის კულტურული ფორმირების ანი და ჰაეა). ასე რომ, განსხვავებების მთელი სპექტრია. ნება მომეცით, გკითხოთ: არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი? აქვს თუ არა ამ განსხვავებებს მნიშვნელობა? აქვთ თუ არა უფლება ამ განსხვავებულებს, იყონ განსხვავებულები? მხოლოდ მე ხომ არ განვსხვავდები თქვენგან, თქვენც ხომ განსხვავდებით ჩემგან? მხოლოდ ჩემი ტექსტები ხომ არ განსხვავდებიან თქვენი ტექსტებისგან, თქვენი ტექსტებიც ხომ განსხვავდებიან ჩემი ტექსტებისგან? ნუთუ, ეს სულ არაფერს ნიშნავს? ხოლო თუ დროში წინსწრება ან ხარისხია გადამწყვეტი, მაშინ ხომ ისიც შეიძლება მორიდებით გავიხსენოთ, რომ არც ისტორია იწყება მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლებით და არც კულტურული სივრცე შემოიფარგლება ამ პერიოდის ქართველი მწერლების განსახლების რადიუსით? ლიტერატურას, რარიგ მძიმეც უნდა იყოს ნებისმიერი უმცროსი თაობის ნებისმიერი წარმომადგენლის მიერ ხაზგასმით აღნიშვნა, ქმნის არა თქვენს მიერ მოხსენიებული ზოგადი განმარტება, რომ ლიტერატურის დანიშნულებაა ესა და ეს, ემსახურება ამასა და ამას, და ა. შ., არამედ – ამ დანიშნულებისა და მიზნის სრულიად განსხვავებული, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ინტერპრეტაციები, ფორმები, რომანები, პოემები, ლექსები და ა. შ. რითაც თქვენ კმაყოფილდებით (ზოგადი, საერთო ნიშნების მითითებით), მე ის არ მაკმაყოფილებს და ეს ჩემი არაორაზროვნების ერთი მთავარი მახასიათებელია. რა თქმა უნდა, მიმართების ამ ორი ვექტორის არსებობას აქვს თავისი მიზეზები (და მიზნები), რომლებიც არ დაიყვანება მხოლოდ თაობათა შორის განსხვავების უწყინარ კონსტატაციამდე. ვიდრე ამ მიზეზებს შორის ამ შემთხვევაში ერთ-ერთ აქტუალურზე ანუ იმაზე ვისაუბრებდე, თუ რას ემსახურა უშუალოდ ჩემი წინამორბედი თაობა და რა შინაარსისაა ჩემი არაკეთილგონიერება, შევნიშნავ ერთ ფუნდამენტურ სხვაობას, რომელიც სევდიანად გამოკვეთს იმ სიუცხოვეს, რომელიც ზუსტად გვიჩვენებს სხვადასხვა გამოცდილებათა შინაგან წყობას და გახსნილობის, ღიაობის განსხვავებულ ხარისხს, შინაგანი სუნთქვის ხასიათს. ეს არის თვით განსხვავებულის დანახვის უნარი; არა აუცილებლად მიღების და გათავისების, არამედ – გარკვეული ფენომენის (ამ შემთხვევაში – ესთეტიკურის) დანახვის, ამოკითხვის უნარი მისივე შინაგანი კანონზომიერებებიდან გამომდინარე, ამ კანონზომიერებებთან მისი შესაბამისობის საკითხის დასმა, რაც ყოველთვის გაცილებით რთული სამუშაოა, ვიდრე – ტექსტის წაკითხვა, ვერგაგება და განზე გაწევა, თვალის ერთი გადავლებით ისეთი დასკვნების გამოტანა, რომლებიც შეთვალიერების აქტით ვერ მოიპოვება და არცა აქვთ ძალა. განათლებასთან დაკავშირებული თქვენი ირონიის გავლენით ვიტყვი: თქვენი ტექსტების სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მე შემიძლია მათით ტკბობა, მათი შინაარსის, მთლიანობის, სათქმელის წაკითხვა; ჩემი ტექსტების სისუსტეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ მოახერხეთ მათით ტკბობის მიღება, მათი შინაარსის, მთლიანობის, სათქმელის წაკითხვა.
თქვენი პასუხი, ფაქტობრივად, ჩემი ნაწარმოებების კითხვისას სიტყვების გაუცხოების თქვენმიერი შეგრძნების ხაზგასმით დაიწყეთ და ამ შეგრძნების საფუძველზე იმ დასკვნის გამოტანა სცადეთ, რომ ეს ტექსტები არაფერს ამბობენ. საკმაოდ საყურადღებო განაჩენია! უფრო საყურადღებო და საინტერესო კი ის ფაქტია, რომ თქვენ თქვენი შეგრძნებით დაკმაყოფილდით და უფრო შორს წასვლა აღარ ისურვეთ. აი, ამ ფაქტის მიზეზებს მინდა ჩავუღრმავდე და, იქნებ, ძიების პროცესმა უკეთ გამოკვეთოს, რამდენად ეფექტური და სარგოა ჩემს მიერ მონიშნული თქვენი მეთოდი (ანუ საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობით გარკვეული, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების მიღება), ან – სად უნდა ვეძიოთ თქვენი მეთოდის საფუძვლები? ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ თქვენ შეგეძლოთ, პირველ რიგში, ჩვენს შორის, როგორც სხვადასხვა პიროვნული და ესთეტიკური გამოცდილებების მატარებელ ადამიანებს შორის, განსხვავებები მოგენიშნათ, ამ განსხვავებების გათვალისწინებით გემსჯელათ და ამ გზაზე ერთხელ მაინც, თუნდაც ხუმრობით, დაეჭვებულიყავით: იქნებ, არის რაღაც ისეთი, რასაც საკუთარ თავს ჯიუტად უმალავთ? რისი აღიარებაც ჯიუტად არ გინდათ? იქნებ, ჩემი ტექსტების და ამ ტექსტებში გამოთქმული შინაარსების მიმართ თქვენი დამოკიდებულების სათავეები თვით თქვენი ესთეტიკური დიაპაზონის საზღვრებში, პიროვნული ბედისა თუ სოციალური გამოცდილების სიღრმეებში მოგეძიათ (თუნდაც, დაშვების დონეზე). თქვენ სხვა გზა აირჩიეთ, - ირონიას მიმართეთ და საკუთარი თავი გაუნათლებლობაში დაადანაშაულეთ (ვერ გადალახეთ წყენა ვერც იმის გამო, რომ პასუხის გაცემა გთხოვეს რაღაც ისეთზე, რაც არათქვენეულია, განსხვავებულია, სულ სხვა ესთეტიკურ-ექსისტენციალური ტრადიციით საზრდოობს, და – ვერც იმის გამო, რომ შეკითხვა არამოკრძალებული ფორმით დაგისვეს). ეს, რა თქმა უნდა, ირონია იყო, ვინაიდან თქვენ რომ მართლაც გაუნათლებლობაში ადანაშაულებდეთ თქვენს თავს, უკრიტიკო არ იქნებოდით იმ დამსახურებული აღიარების მიმართ, რომელიც მოიპოვეთ… თქვენში რომ სხვა შუქზე ამ შემთხვევის დანახვის მოთხოვნილება ყოფილიყო, ეს ირონია არ გაჩნდებოდა. მაშინ ჩემი ტექსტების მიმართ, სულ მცირე, იმ დამოკიდებულებას აირჩევდით, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თქვენ მოითხოვთ თქვენი ტექსტების მიმართ. არა მგონია, მოგწონებოდათ, მითოლოგიასა და ფოლკლორში ანდა სულაც “ძნელი” ლიტერატურის სპეციფიკაში ჩაუხედავ (თუნდაც, თავისთავად, ნიჭიერ) კრიტიკოსს ან რიგით მკითხველს ჯადოქრობასა და სათქმელის უქონლობაში რომ დაედანაშაულებინეთ. ნუთუ, ასე სათაკილოა იმ ანბანური ჭეშმარიტების აღიარება, რომ არსებობს არა მხოლოდ ის კონტექსტი (ისტორიული, კულტურული, სამართლებრივი, პიროვნული), რომელშიც თქვენი ტექსტები იქმნებოდა, არამედ – სხვა კონტექსტიც, რომელშიც ჩემი პოეტური, პროზაული თუ თეორიული ტექსტები იქმნება. რა უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, თუ თქვენ ამ კონტექსტს არ იცნობთ, თუ არ შეგიძლიათ ამ სხვა კონტექსტში შექმნილი ამა თუ იმ ნაწარმოებით ტკბობია მიღება. ფორმების ამოუწურავ სამყაროში რაღაც ხომ არსებობს ისეთი, რაც შეიძლება თქვენი გაგებისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს და, ამის გამო, არ გაიწიროს არაფრისმთქმელობის განაჩენისთვის. ნუთუ, სიტყვასთან ჩემი სიუცხოვის სამტკიცებლად საკმარისი საბუთი აღმოჩნდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირადად თქვენ გაგიძნელდათ მთლიანობაში ჩემი ტექსტების მოაზრება? მე მესმის, რომ თქვენ მხოლოდ თქვენი შთაბეჭდილება დააფიქსირეთ (თქვენი პირადი ესთეტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე). ამის წინააღმდეგ რა უნდა ჰქონდეს გონებრივი განვითარების თუნდაც დამაკმაყოფილებელ დონეზე მყოფ ადამიანს?! მაგრამ მე ყურადღებას ვამახვილებ სხვა ასპექტზე: იმაზე, რომ თქვენ ეს თქვენი სუბიექტური შთაბეჭდილება ლოგიკურ დასკვნას გაუტოლეთ. ვამბობ, ყურადღებას ვამახვილებ მეთქი და არა – მიკვირს ან მაოცებს მეთქი, ვინაიდან ამ ფაქტის საფუძვლად მდებარე მიზეზთაგან ერთ-ერთი თვალში საცემი მიზეზი საუბრის, მსჯელობის, განაზრების ავტორიტარულ ცნობიერებაზე დამყარებული წყობაა. თქვენი მსჯელობა აპრიორულად თქვენვე გგულისხმობთ იმ უპირობო ინსტანციად, რომელსაც სიტყვასთან ისეთი იდეალური ურთიერთობა აქვს, რომ თუ მას არ ესმის მავანის სათქმელი, აქედან აუცილებლობით გამომდინარეობს, რომ ამ მავანს სათქმელი არაფერი აქვს. მეორეს მხრივ, ეს არის თქვენივე პიროვნული გაუცხოება განსხვავებულისგან (ოღონდ, დროში თქვენს შემდგომ არსებული განსხვავებულისგან, და არა – თქვენი წინმსწრები განსხვავებულისგან; ეს მნიშვნელოვანი დეტალია), და – რაც ნიშანდობლივია, მრავალფეროვნების ქვეცნობიერი შიში, უკეთ, იმის შიში, რომ მრავალფეროვნების ფაქტობრიობას წერტილი არ დაესვა მაინც და მაინც თქვენთან; რომ არსებობს თქვენგან განსხვავებულიც, რომელიც სხვა ტრადიციიდან მოდის (განა, ლიტერატურა, ყველაფერთან ერთად, ურიცხვი ტრადიციის მთლიანობაც არ არის?)... თავის დროზე, თქვენი პროზაც ძნელად საკითხავ ლიტერატურას განეკუთვნებოდა, მაგრამ გავიდა სულ რაღაც ორი ათწლეული და დღეს, როცა მართლაც ე. წ. “ძნელი” ლიტერატურისკენ მკითხველს გზა გაეხსნა, როცა მუზილი, პრუსტი, ფოლკნერი, ბორხესი, ფრანგული ახალი რომანი და თანამედროვე ინტელექტუალური რომანი თავისუფლად იშოვება და ლიტერატურაზე “აცრილი” ადამიანებისთვის სასიამოვნო საკითხავია, როცა ფილოსოფიასა და ლიტერატურას შორის რეალური კავშირები ჩვენი მკითხველისთვის უფრო უკეთ გამოიკვეთა, უკვე უხერხულად გამოსჩანს იმის სიძნელეზე საუბარი, რაც ადრე ძნელი ჩანდა... ვითვალისწინებ ჩვენი გამოცდილებების სხვადასხვაობას (რაც აუცილებელს ხდის ბევრი ისეთი საკითხის დაზუსტებას, რაც დასაზუსტებელი არ მექნებოდა ჩემი ან უფროსი თაობის უცხოელ ავტორებთან საუბრისას) და დავაზუსტებ იმას, რამაც უნდა აკრძალოს შესაძლო გაურკვევლობაზე დამყარებული შესაძლო კონტრკრიტიკა: გთხოვთ, ნუ იფიქრებთ, რომ ჩემთვის ლიტერატურა სიძნელის უფრო და უფრო გაუმჯობესებული ფორმების მარათონია; აქ საქმე ეხება მხოლოდ გარკვეული ტიპის და სპეციფიკური ფორმების მქონე ლიტერატურას, რომელშიც – ასევე – სხვადასხვა ესთეტიკური ხარისხის მრავალი ტექსტი იქმნება და როცა, ვთქვათ, ინტელექტუალური რომანის ხარისხის შეფასება სურთ, მას დეტექტივს ან ბულვარულ რომანს კი არა, ისევ და ისევ სხვა ინტელექტუალურ რომანს ადარებენ...
რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ლიტერატურის მარადიულობაზე, ნამდვილი ლიტერატურის უკვდავებაზე, ნებისმიერი ტექსტი, რომელიც მერე ხანგრძლივ დროს გადასწვდება ხოლმე, კონკრეტულ დროში, კონკრეტულ გარემოში, კონკრეტულ სოციო-კულტურულ კონტექსტში იქმნება (და ეს კონკრეტული გარემოებები თავის დაღს ასვამენ ნებისმიერი ტექსტის ფორმასაც და შინაარსსაც, რასაც ღირსეული მწერლები არასოდეს მალავენ), ამ ტექსტის დამწერს კი აქვს გამოკვეთილი კონკრეტული ინტერესები, უპირატესობას ანიჭებს ერთ სფეროს, განზე სწევს მეორეს, უარყოფს მესამეს და ა. შ. ამიტომ, მწერლის სათქმელის გასაგებად, სულ მცირე, გარკვეული მნიშვნელობა ნამდვილად აქვს იმ კონტექსტს, რომელთანაც თავის ურთიერთობას არკვევს მწერალი. თქვით გულწრფელად: ორი მკითხველიდან, რომელიც თანაბარილიტერატურული გემოვნებით, თანაბარი სულიერებით, გაგების და სერიოზული ლიტერატურის დაფასების თანაბარი ნიჭით ხასიათდება, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას, რომელს ჩათვლიდით, მაგალითად, თქვენი პირველი რომანის უფრო მომზადებულ მკითხველად, - იმას, ვისაც ეცოდინებოდა არგონავტების მითი თუ – იმას, ვისთვისაც ეს მითი უცნობი იქნებოდა? რა თქმა უნდა, თქვენი ზოგადი დასკვნის თანახმად, ლიტერატურასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა გვესმის, რას გვაუწყებს, რას გვეუბნება ლიტერატურა, მაგრამ, ნუთუ, სულ არა აქვს მნიშვნელობა იმის მზაობის ხარისხს, ვინც ისმენს ამ ნაუწყებს? ნუთუ, სასხვათაშორისოდ მაინც არ უნდა დასვას საკუთარი მზაობის საკითხი ამ დროს მკითხველმა? და თუ არ დასვამს, გულწრფელად თქვით, აღნიშნული ორი მკითხველიდან ვინ უკეთ გაიგებს თქვენს სათქმელს, ვინ უკეთ ჩაწვდება თქვენი რომანის შინაარსს?
სიტყვა არ შეიძლება უცხო იყოსო, ბრძანებთ, და სავსებით გეთანხმებით. მაგრამ რატომ არ სვამთ კითხვას: ვისთვის არ შეიძლება სიტყვა უცხო იყოს? ჩემი ღრმა რწმენით, თქვენთვის ასეთი კითხვის დასმა მიუღებელია იმიტომაც, რომ ყველა შემხვედრ პრობლემას იმთავითვე ერთადერთი ურყევი, უეჭველი დოქსით უდგებით: თქვენთვის სიტყვა არ შეიძლება უცხო იყოს, ხოლო თუ თქვენთვის სიტყვა უცხო აღმოჩნდა, ეს სიტყვა ყალბია; იგი მხოლოდ რაღაც მსგავსია სიტყვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არაა სიტყვა. აი, ამას ვუწოდებ სიტყვასთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც ავტომატურად აყალიბებს ადამიანებთან, სტრუქტურებთან, ლიტერატურასთან მიმართების ასეთსავე გარკვეულ ფორმას. ნუ მიწყენთ, თუ სიტყვასთან ურთიერთობის იმ ფორმას, რომელიც თქვენი წერილიდან გამოსჭვივის, ავტორიტარულს ვუწოდებ (გნებავთ, საბჭოურს, როგორც ავტორიტარულის ერთ-ერთ გამოვლენას). მე არ ვამბობ, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა. მე ვამბობ, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ის გარკვეული ფორმა, რომელიც უახლოვდება ჩემს მიერ “უზნეობის მსხვერპლში” გაანალიზებულ და არა დაგმობილ (როგორც არასწორად გაიგეს) ფორმას. ჩემი რწმენით, სიტყვასთან მწერლის ურთიერთობის შინაარსი (არა კარგი ან ცუდი, არამედ – გარკვეული შინაარსი) მისი ცხოვრების წესში უნაკლოდ მჟღავნდება. და – პირიქით: არსად ისე კარგად არ იჩენს თავს მწერლის პიროვნული ცხოვრების წესი, მისი კონკრეტული ბედი და ნება, როგორც – თაურსიტყვასთან მისი მიმართების ობიექტივირებულ ნაყოფში ანუ ტექსტში. შეიძლება ადამიანმა თავი მოიტყუოს და იფიქროს, რომ ყოფითი პირობითობები წარმავალია, წვრილმანია, და რომ მთავარი შემოქმედებაა; რომ მთავარია, ყველა ყოფითი შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას მარადიულში დასამკვიდრებლად, ტექსტის შესაქმნელად, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მწერალს ღმერთი არ პატიობს ასეთ ცრურწმენებს, დაფარული მაინც არ რჩება ასეთი კომპრომისი: პიროვნულ პასუხისმგებლობაზე თავისარიდება ან ამ პასუხისმგებლობის საკითხის გამარტივება პირდაპირ გავლენას ახდენს შემოქმედების შინაარსზე... ერთი ნიუანსიც: რასაც თქვენ, ჩემთან დაკავშირებით, სიტყვას უწოდებთ, ის სიტყვების ჯამია, სიტყვების მთლიანობაა, წინადადებებია, წინადადებების თანმიმდევრობაა, ერთი სიტყვით, ტექსტია. ტექსტი კი, არც ერთი თავისი მახასიათებლით, (რა თქმა უნდა, ჩემი აზრით) სიტყვა არ არის. აზროვნებისა და წერის ჩემეული ფორმა თქვენ არ მიიღეთ და ეს, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, საკმაო საფუძვლად აქციეთ, რომ სათქმელის არქონაში დაგედანაშაულებინეთ (მოგვიანებით შევეცდები, ავხსა თქვენი ბრალდების არაშემთხვევითი ხასიათი თვით თქვენი ექსისტენციალური, ყოფით-ცოციალური ადგილიდან გამომდინარე, და ამას ჩავიდენ ძალიან ფრთხილად, ზომიერებაზე განსაკუთრებული ფიქრით, თითქმის შეფარვით, მაგრამ არა ბუნდოვნად და არა ორაზროვნად)...
ბრძანებთ, თქვენი ესსეების კითხვისას ხელიდან არ გამიგდია უცხო სიტყვათა ლექსიკონიო, ეს კი, რასაკვირველია, ჩემს გაუნათლებლობაზე მეტყველებსო. ნება მომეცით, ამ ირონიის უზუსტობის დასამტკიცებლად, შედარებით ვრცლად შევერო საკითხებს, რომლებსაც თქვენი შენიშვნა უკავშირდება. დიახ, საქმე ესსეებს ეხება, თეორიული ხასიათის ნაშრომებს, ერთგვარ მინიტრაქტატებს, რომლებშიც მაქსიმალურად მჭიდროდ და ლაკონურად გადმოცმულია ჩემი შეხედულებები, დაკვირვებები სწორედ პოეტურ სიტყვასთან დაკავშირებით, გაანალიზებულია სიტყვისა და ენის, პოეზიისა და პოეტური ცნობიერების ურთულესი საკითხები (რა თქმა უნდა, ესეც დავაზუსტოთ, საკითხთა სირთულე გამოკვლევის ღირსებების მაჩვენებელი სულაც არაა); შემოთავაზებულია ჩემი, უშუალოდ ჩემი რამდენიმე კონცეპცია და ნაცადია არა მხოლოდ შიშვლად, იდეების დონეზე თეთრი ფურცლისთვის მათი შეტოვება (როგორც მოგეხსენებათ, იდეების და მათი კომბინაციების ნაკლებობას არც ქართული კულტურის ისტორია განიცდის), არამედ – ამ იდეათა მოტივირების მცდელობა. ხოლო რაკი ეს ესსეები არ წარმოადგენს სპონტანურ ფილოსოფოსობას ცხოვრებაზე, ადამიანურობაზე, სიკეთეზე და ა. შ. (ანუ, არ წარმოადგენს გაიოლებულ, გამარტივებულ საქმეს), მე უნდა გამეთვალისწინებინა ჩემს მიერ საკვლევ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ისეთი, ჩემთვის ხელმისაწვდომი გამოკვლევები, რომლებშიც იგივე პრობლემებია დამუშავებული. ჩემი ეს ესსეები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წარმოადგენს არა ცარიელ სივრცეში ხელების ფათურს, არამედ – კონკრეტულ საკითხებზე კონკრეტულ ავტორებთან და კონკრეტულ შეხედულებებთან დიალოგს და ამ დიალოგში ჩემი საკუთარი შეხედულებების მანიფესტირება-მოტივირებას. ასეთი დიალოგი კი, როგორც იმ ქვეყნებში მოეხსენებათ, სადაც მოიგონეს სიტყვები “დიალოგი”, “კულტურა”, “ანალიზი”, “ფილოსოფია” და ა. შ., შეუძლებელია შესაბამისი ტერმინოლოგიური და კატეგორიული აპარატისა და რიტორიკული მოდელების გამოუყენებლად, შესაბამის თემებზე უკვე წარმოებულ განაზრებებთან საკუთარი განაზრებების შეუჯერებლად, ხოლო თუ ამ საქმეს ერთი მკვლევარო უფრო ნათლად და მკაფიოდ ახერხებს, ვიდრე – მეორე, ამის საფუძველზე სიტყვასთან მათი სიშორე-სიახლოვის, სათქმელის ქონა-არქონის საკითხის დასმა არ უნდა იყოს მართებული.
თავს უფლებას მივცემ და ვიმედოვნებ, რომ ცოდვად არ ჩამეთვლება არც პროფესიული ფილოსოფიული განათლება, არც – ლინგვისტიკის და სემიოტიკის საკითხების მიმართ თხუთმეტწლიანი სერიოზული ინტერესი, არც – თანამედროვე ევროპელ ფილოსოფოსებთან, ლინგვისტებთან და კულტუროლოგებთან ინტენსიური შინაგანი დიალოგი, რასაც, მერწმუნეთ, ბოროტად სულაც არ ვიყენებ. ნუთუ, ლინგვისტური ან ანალიტიკური ფილოსოფიის ტერმინოლოგიაში თქვენი გაუთვითცნობიერებლობა შეიძლება ან თქვენი გაუნათლებლობის ან ჩემი ჯადოქრობის საბუთად ჩაითვალოს? ნუთუ, აუცილებელია იმ ლიტერატორთა მრავალრიცხოვანი სიის ჩამოწერა, რომლებიც ერთდროულად მწერლებიც იყვნენ (და არიან) და – ლინგვისტებიც, ფილოსოფოსებიც და სხვა რომელიმე დარგის წარმომადგენლებიც? ნუთუ, მათ არ უნდა ვაპატიოთ მათი პროფესიული გამოცდილების საფუძველზე და გამოყენებით ამა თუ იმ საკითხის ანალიზი?.. თუ, ბოლოსდაბოლოს, თქვენთვის მართლა ასე მკაფიო და გასაგები იქნება და არა მხოლოდ უცხო სიტყვათა ლექსიკონი, არამედ უამრავი სხვა ლექსიკონი და საცნობარო ლიტერატურა არ დაგჭირდებათ პოეტიკისა თუ ლინგვისტიკის, ენის ფილოსოფიისა თუ კულტურფილოსოფიის რომელიმე ავტორიტეტის (და არა, ჩემსავით, სათქმელის არმქონის) თუნდაც ყველაზე უფრო მარტივად დაწერილი შრომის გასაგებად (და არა მხოლოდ გადასაკითხად და თავისუფალი, სპონტანური ფიქრებისთვის იმპულსების მისაღებად), მე დავთმობ ჩემს “სიშლეგეს” და თქვენი შენიშვნის სამართლიანობას გავიზიარებ.
ჩემს ამ სამ ესსეში კონცენტრირებულია მთელი ჩემი სულიერი, შემოქმედებითი, პიროვნული გამოცდილება. ამ სამ ესსეში მანიფესტირებულია მთელი ჩემი პოეტური სუნთქვის მეტაფიზიკა, ჩემი მსოფლმხედველობის ყველა ძირითადი ასპექტი. ამ სამუშაოს წინ უძღოდა სულ სხვა – წინარესამანიფესტაციო, წინარესაკონცენტრაციო – სამუშაო: 1994 წელს თსუ-ის სააქტო დარბაზში ჩატარებული ლექციების კურსი (11 ლექცია), - როცა თითოეული ლექცია საათნახევარს, ხოლო ლექციის შემდგომ დამსწრე საზოგადოებასთან ბჭობა-კამათი ორ საათს მაინც გრძელდებოდა ხოლმე (შევნიშნავ, რომ ქართული ლიტერატურის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მწერალი აუდიტორიის წინაშე საკუთარი ლიტერატურულ-ესთეტიკური სისტემით წარსდგა). ამ ლექციების მომზადება კი გამორიცხავდა უპასუხისმგებლობის ქართულ, თქვენთვისაც და ჩემთვისაც კარგად ნაცნობ ფორმებს, და – მინდოდა თუ არ მინდოდა – მოასწავებდა ქართულ სალიტერატურო სამყაროში მწერლის ახალი ტიპის შემოსვლას, პიროვნული და მწერლური პასუხისმგებლობის ახალი ფორმების დამკვიდრებაზე ზრუნვას და პირადი მაგალითით ამ ჩანაფიქრის რეალიზებას (რაკი ცრუ, ორაზროვანი თავმდაბლობის შემოტევებით არ გამოვირჩევი, არც საკუთარ თავზე ასეთი თავხედური საუბარი მერიდება; მით უმეტეს – საქართველოში, სადაც თავმდაბლობისკენ მოწოდებას არანაირი სერიოზული კავშირი არა აქვს ზრდილობასთან, ზნეობასთან და კეთილგონიერებასთან; ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ არ მინახავს თავმდაბლობისკენ მომწოდებელი ქართველი მწერალი, რომელიც კულტურაში თავისი უტყუარი მდგომარეობით დაადასტურებდა თავის გულწრფელობას). ნუთუ, მართლა ფიქრობთ, რომ შეიძლება ადამიანს სათქმელი არ ჰქონდეს და ასე გაისარჯოს? საზოგადოება ხომ, განვითარების რა საფეხურზეც უნდა იდგეს, ამ დროს არ ტყუვდება (სხვათაშორის, გარკვეული თვალსაზრისით, მაშინ არც მწერალთა კავშირის წევრები მოტყუებულან; მიუხედავად იმისა, რომ “ლიტერატურულ საქართველოში” არა მხოლოდ აღნიშნული სალექციო კურსის შესახებ უწყება გამოვაქვეყნე, არამედ – თითოეული ლექციის თემის დასახელებაც, ისინი ანკესს სულაც არ წამოგებიან; იყო ორად ორი გამონაკლისი: ბ-ნი ჯემალ აჯიაშვილი და ბ-ნი როსტომ ჩხეიძე, რომლებიც ზოგიერთ ლექციას დაესწრნენ)...
მოხდა ისე, რომ ჩემთვის იდეალურ და მისაბაძ პიროვნებად და შემოქმედად (ცოცხალთა შორის) იქცა არა ქართულენოვანი ქართველი მწერალი, არამედ – გერმანულენოვანი ქართველი მწერალი. ეს მწერალია ბ-ნი გივი მარგველაშვილი. ჩვენ, შესაძლოა, სხვადასხვა აზრი გვქონდეს მისი შემოქმედების მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს არ არის არსებითი. რატომ იქცა ჩემთვის სწორედ ეს პიროვნება და არა საქართველოს მწერალთა კავშირის რომელიმე ნიჭიერი წევრი ღირსეული და უკომპრომისო ცხოვრების მაგალითად? არა მხოლოდ იმიტომ, რომ განათლებული მწერლის ყველა კრიტერიუმს უპირობოდ აკმაყოფილებს. არც – მხოლოდ იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია მხოლოდ მუზის იმედად ყოფნას, ათასგვარ მარაზმულ საქმიანობაში დროის ფლანგვას და ფლანგვის ასეთი “კულტურის” რაციონალიზაცია-რომანტიზაციას. პირველ რიგში – იმიტომ, რომ ბ-ნ გივი მარგველაშვილს ყოფითი საკითხების მოგვარების მიზნით კომპრომისი არასდროს დაუშვია; მას არასდროს, თავისი ცხოვრების არც ერთ მონაკვეთში, ორაზროვანი ცხოვრებით არ უცხოვრია; არასდროს ჩაუგდია თავი ისეთ მდგომარეობაში, როცა მწერალი იძულებულია, ათასნაირ მდაბიურ ხერხს მიმართოს, ათასნაირი უხეში ხრიკი მოიფიქროს ამა თუ იმ საქციელის გასამართლებლად. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ჩვენ, შეიძლება, სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს ამ პიროვნების შემოქმედებაზე. მაგრამ თუ რაღაცას ნიშნავს გერმანიაში თქვენი რომანების გამოცემის ფაქტი, რაღაცას ისიც ნიშნავს, რომ უმოკლეს დროში იმავე გერმანიის საუკეთესო გამომცემლობებმა ბ-ნი გივი მარგველაშვილის რომანების (თითოეულის მოცულობა 400-500 გვერდზე ნაკლები არაა) პირველი ათეულის გამოცემა უკვე განახორციელეს. და თუ ამ პიროვნების პრეცედენტი თქვენთვისაც მნიშვნელობს, მაშინ აღვნიშნავ, რომ მისი ლინგვისტური და ფილოსოფიური სქელტანიანი შრომები ჩემს ესსეებზე (სულ მცირე) ათჯერ უფრო ძნელად საკითხავია. და ეს იმაზე მიუთითებს, რომ იგი ჯადოქარია?..
ამის მერე, ნება მომეცით, ერთობ სქემატურად და გამარტივებულად, იმ ესსეს ძირითადი სათქმელი მოგაწოდოთ, რომელსაც “სიტყვის შეუძლებლობა” ჰქვია და რომელსაც, თქვენი ინტერპრეტაციის საპირისპიროდ, სიტყვის უარყოფასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
ჩემი პოეტური მითოლოგი(კ)ა ეფუძნება ცრურწმენას (ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველა ჩვენი მკაცრად არგუმენტირებული მსჯელობებიც კი ასეთ პირველად, შეუმოწმებად და რწმენით, შინაგანი ხედვით მიღებულ “ცრურწმენებზე” დაიყვანება), რომ არსებობს პირველსიტყვა, თაურსიტყვა, ღმერთის სიტყვა, რომელიც მატერიალურ სამყაროში უდანაკარგოდ ვერ შემოაღწევს; მას მერე, რაც სამოთხე უკან მოგვრჩა, დედამიწაზე სრულყოფილი და უნაკლო არც ადამიანი უნახავს ვინმეს და არც – ადამიანის ნამოქმედარი. ასეთივეა ადამიანური მეტყველება და ენა, რომლებსაც პრაგმატული ფუნქციები აკისრია და უაღრესად რთული სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაც გამოიყენება, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად (სხვათაშორის, ენის ცვალებადობის ფაქტობრიობა, დროში მისი მუდმივი ფერისცვალება – და არა განვითარება – ამის მაჩვენებელია). მას, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, საკომუნიკაციო დანიშნულება აქვს. კომუნიკაციას მე მოვიაზრებ, როგორც მოხმარების, პრაგმატულ-უტილიტარული საქმიანობის პროცესში ჩაბმული ადამიანების საქმიანობას (და ასეთ საქმიანობას ვერც ერთი სულიერი, ვისაც საზოგადოებაში ცხოვრება სურს, ვერ გაექცევა). მაგრამ ამ ნაკლულ სამყაროში, ამ კომუნიკაციურ და მომხმარებლურ სივრცეში არსებობს სამოთხის ხსოვნაც, ხოლო ამ ხსოვის მატარებლები, ისევ და ისევ, სამოთხიდან გაძევებული ადამიანები არიან. არ არსებობს ადამიანი, რომელშიც უჩუმრად ან ხმამაღლა, ეს ხსოვნა არ ღვიოდეს. მაგრამ ადამიანთა ამ მილიარდობით სიმრავლეში დროდადრო ჩნდებიან პიროვნებები, რომლებსაც აქვთ უნარი, აღადგინონ კავშირი თაურსიტყვასთან და თავიანთ ამქვეყნიურ არსებობას სწორედ შემოქმედებითი, არაუტილიტარული და არასაკომუნიკაციო ფორმებით შეახსენონ ეს სამოთხე, შექმნან ამ თაურსიტყვაზე ნოსტალგიის მყარი ფორმები, მარადიული მეტაფორები: “ოდისეა”, “ფაუსტი”, “ეფემერა”, “ექიმი ჟივაგო” და ა. შ. მაგრამ ისინი ამას აკეთებენ არა უმრავლესობისთვის, არა სხვებისთვის, არამედ – იმიტომ, რომ თავად გადარჩნენ, არ შეიშალონ; რომ ისინი გამოუთქმელმა არ დაიტანოს, თუნდაც ფიზიკურად არ გაანადგუროს. ჩემს ესსეში საუბარია, ვთქვათ, “ექიმ ჟივაგიზე” ან სხვა რომანზე, როგორც თაურსიტყვასთან დაბრუნების წყურვილზე და ამ სწრაფვის შედეგად შექმნილ “სიტყვაზე” (და არა სიტყვაზე), ანუ საუბარი მაქვს “სიტყვაზე”, როგორც, თაურსიტყვის ემანაციაზე (იძულებული ვარ, მაქსიმალურად გავაღარიბო ამ ესსეს შინაარსი, რათა დაგარწმუნოთ, რომ მე მქონდა სათქმელი, და განზე ვტოვებ ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებს). ასე რომ, ჩემთვის პირველადია არა ენა, არამედ – სიტყვა. სიტყვასთან კავშირი აქვთ მხოლოდ პოეტებს (“პოეტი” და “მოლექსე”, მოგეხსენებათ, ცხვადასხვა კატეგორიის ცნებებია): ქრისტეს, ლაო ძის, ვაჟა-ფშაველას, ფლობერს...
რაც შეეხება “ანტი-შტაინს”(სადაც დიდ ამერიკელ პოეტს, გერტრუდა სტაინს, საკმაოდ მრავალმხრივ გააზრებული ესთეტიკური მოსაზრებით, მისივე სტილის მიჯნაზე მოქმედი მეტყველებით ვეკამათები), მასში სიტყვისა და ენის დეფინიცია კერძო კვლევის საგანი ხდება; აქ ერთმანეთისგან ვმიჯნავ სექსისა და ეროტიკის სფეროებს; სექსის სფეროს ვახასიათებ და აღვწერ, როგორც ნაკლული არსებობის მოდუსს, პერმანენტული ურთიერთმოხმარებისა და ურთიერთძალადობის, უსახობისა და ჩანაცვლებადობის სფეროს; ხოლო ეროტიკულ სფეროს, ამის საპირისპიროდ, ვახასიათებ, როგორც სულიერით გაშუალებული შეხების, თაურსიტყვისკენ და ღმერთისკენ გულმიპყრობილი ქმედებისა და მოძრაობის სფეროს; ამ ესსეში სექსის სამყარო სექსუალურ-გრამატიკულ განზომილებად იწოდება (თუნდაც ბლანკები, საეტიკეტო წარწერები, ოქმები და სარეკლამო აქტები...), სიტყვა კი წარმოდგენილია, როგორც ამ გრამატიკის პერმანენტული ნგრევა, რომელიც ამ საქმისთვის ირჩევს ერთეულებს. ირჩევს, რათა ეს საქმე გამოაჩინოს, შექმნას მყარი, წარუვალი მეტაფორები (პოეტური ტექსტები).
გეორგ თრაქლის შემოქმედების თეორიული გააზრება კი ჩემთვის მხოლოდ საბაბი იყო, რათა მეჩვენებინა მატერიალური, სწორედაც სექსუალურ-გრამატიკული კონტექსტის, არაპოეტური რეალობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. ჩემთვის უცხოა რეალობის გმობა, გაკიცხვა და ბრალდება ამა თუ იმ ბედის ნგრევის გამო. ეს ყველაფერი – შიმშილი, სიგიჟე, დევნა, ძაღლური ყოფა – პოეტისთვის მხოლოდ მასალაა, და “მთვრალ ხომალდსაც”, “წმინდა გონების კრიტიკასაც”, “ჯაყოს ხიზნებსაც” მოვიაზრებ, როგორც მადლიერებას, გამოხატულს რეალური სინამდვილის მიმართ (რაოდენ ტრაგიკულიც უნდა იყოს “ჯაყოს ხიზნებში” აღწერილი რეალობა, თვით “ჯაყოს ხიზნები”, როგორც ესთეტიკური მთელი, არის ზეიმი, შემოქმედების ზეიმი, თაურსიტყვის შეუძლებლობის ანუ თაურსიტყვისკენ სწრაფვის შესაძლებლობის დადასტურება). სხვათაშორის, არც ერთი ჩემი საყვარელი მწერალი მატერიალურად უზრუნველყოფილი და დალხენილი არასოდეს ყოფილა... თუმცა, არანაკლები ტკბობა განმიცდია იმ ავტორთა ტექსტების კითხვით, რომლებსაც სიცოცხლეში ცივი ნიავი არ შეხებია...
რაოდენ დასანანია, რომ აფიშამ, რომელშიც ჩემი წიგნი შევფუთე, მხოლოდ იმ აზრისკენ გიბიძგათ, თითქოს ამ ფორმით თვითრეკლამას მივმართე. “ამგვარი თვითრეკლამა, ცოტა არ იყოს, გულუბრყვილობაა დღეს და ნაკლებად ეფექტურიც, ვთქვათ, ოციან წლებთან შედარებით”. დაგეთანხმებოდით, ჩემი ასეთი ქმედების მიზანი მართლაც თვითრეკლამა რომ ყოფილიყო. ხატზე დავიფიცებ, რომ თვითრეკლამასთან ჩემს ჩანაფიქრს არაფერი ჰქონდა საერთო. უკვე სამ თვეზე მეტია, ჩემი ეს კრებული სარეალიზაციოდ ტუალეტებსა და ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებშია გამოფენილი, მაგრამ არც ერთი ნაცნობი ჟურნალისტი ამ აქციის გასახმაურებლად არ შემიწუხებია. მიუხედავად იმ ფორიაქისა, რომელიც ჩვენს უბადრუკ სალიტერატურო გარემოში ჩემი სახელის ირგვლივ სუფევს და რომელიც არა იმდენად ჩემი ექსცენტრულობის, რამდენადაც ამ მოკალმე-პოლიტიკოს-პატრიოტ-უსაქმურთა ზნეობრივი წყობის ზუსტი სურათის მაჩვენებელია, მე ვცხოვრობ ჩუმი და მარტოსული ცხოვრებით და ვცდილობ ვერიდო ზედაპირული ეფექტების დიდოსტატებსაც და ინტრიგების დიდოსტატებსაც. ეს არაა პოზა, არაა მანერა, ეს ჩემი არსებობის წესია. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ სალიტერატურო ურთიერთობების ის წესი, რომლის დამკვიდრებაც პირადი მაგალითით მოვინდომე, მწერალთა კავშირის არც ერთი წევრის ინტერესების სფეროში არ აღმოჩნდა. მაგრამ მე რევოლუციონერთა რიგიდან არ გახლავართ. ამიტომ, ჩავიდინე ის, რაც არც ერთი ოფიციალური ქართველი მოკალმის გულს არ მოეფონებოდა: დავაფიქსირე ჩემი დამოკიდებულება იმ სალიტერატურო რეალობის მიმართ, რომელსაც კბილებით იცავენ ოფიციალური “შემოქმედები”, და გავიარე. ჩემი ეს ქმედება არ ყოფილა ნაკარნახევი ბოღმით, ღვარძლით, ზიზღით. იგი ნაკარნახევი იყო ადამიანების, ლიტერატურის, სიმართლის სიყვარულით. არასდროს არაფერი მქონია გასაყოფი რომელიმე ქართველ მწერალთან. ჩემთვის, საერთოდაც, უცხოა ბოღმა, ღვარძლი, შური. არა იმიტომ, რომ ძალიან კეთილი ვარ. უბრალოდ, მე მაქვს ბევრი საქმე და ამ ვნებებისთვის არ მცალია... დავუბრუნდები ჩემს საინფორმაციო აფიშას. ეს აქცია მოკლებული იყო რამენაირ ეშმაკობას, თვითრეკლამის სურვილს, ეპატაჟს; ნაკარნახევი იყო იმ ობიექტებში მომუშავე ადამიანებისადმი, ცხოვრებაში ბედით მიჩენილი მათი ადგილისადმი გულწრფელი თანადგომით. ამ აქციით მე აღვნიშნე ჩემს ცნობიერებაში დიდი ხნის წინ გაცნობიერებული ფაქტი: რომ ამ ადამიანების შრომა დიდი შრომაა, ამ ადამიანების დრამა ცხოვრების წინა ხაზზე თამაშდება. ჩემი აქციით მე ამ ხალხთან ახლოს მივედი, გავიცანი ისინი, მათთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო გამოდგა. აი, ესაა არსებითი: საინტერესო გამოდგა. მე მათი ბედით ვცხოვრობ, ესაა ჩემი ჩუმი პირადი ცხოვრება, მოკლებული რამენაირი ყვირილის ვნებას. დამერწმუნეთ, იქ უფრო მეტი სიწმინდე და სისუფთავეა, ვიდრე – იმ მწერალთა კავშირში, რომლის წევრიც თქვენ ბრძანდებით, რომლის კედლებშიც დღემდე აწარმოებენ ორაზროვნებას სწორედ თქვენი და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მწერლის სახელით. როცა “უზნეობის მსხვერპლს” ვწერდი, მე ამ სიბინძურისადმი ჩემი პოზიციის ჩვენება მინდოდა და ეს იყო ჩემი სიმართლე. მოხდა ისე, რომ მავანმა და მავანმა ისარგებლა ჩემი ამ წერილით და პოლემიცა სულ სხვა მიმართულებით გადაისროლა. მერე მე მომიხდა (საჭიროდ მივიჩნიე) ამ ერთწლიანი უღირსი ომისადმი ჩემი დამოკიდებულების კიდევ ერთხელ დაფიქსირება, ჩემი პოზიციის კიდევ ერთხელ ხაზგასმა. როცა ტუალეტებში ჩემი კრებულები შევიტანე გასაყიდად (მე იქ პოეზია კი არა, წიგნები შევიტანე, მატერიალური საგნები), მინდოდა, პრაქტიკულად გამომეცადა, რა ხდება, როგორ არსებობენ იქ, სადაც საქმე აქვთ არა სულიერ, არამედ მატერიალურ სიბინძურესთან, როგორია ამ სიბინძურესთან ყოველდღიურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანების ხმა, თვალის ფერი; მე ამ აქციას მას მერე მივმართე, როცა ჩემი პროფესიის ადამიანების თვალები, ხმა და საქციელი ნანახი მქონდა; როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ისინი სიკეთეს და სიმართლეს არ ემსახურებიან, რომ ისინი თავიანთი უგუნურებით, მატერიალურ ყოფაზე სამუდამო მიჯაჭვულობით, აქტიურად ღუპავენ საქართველოს. თქვენ, რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით: “მწერალმა მის იმედზეღა დარჩენილ მკითხველს დედაკაცის ან მამაკაცის სასქესო ორგანო კი არ უნდა დაანახვოს, არამედ ადამიანური ცხოვრების მაგალითი”. დამერწმუნეთ, ჩემი ცხოვრების და შემოქმედების კრედო სწორედ ეს არის. რატომ დაიწერა “ბედნიერი ერი”? რატომ დაიწერა “ჯაყოს ხიზნები” და “კვაჭი კვაჭანტირაძე”? “ტრფობა წამებულთაც” ამ მიზეზით არის დაწერილი. მაგრამ, ნუთუ, მეტი არაფერი დამიწერია? თქვენ ხომ არ ისურვებდით, რომელიმე თქვენი რომანის მთლიანობა მის რომელიმე ეპიზოდზე დაეყვანათ, რომელიმე უხეში სცენის თქვენმიერ აღწერაზე დაყრდნობით დაესკვნათ, რომ თქვენ მხოლოდ ამ ტენდენციას ამკვიდრებთ. თქვენ ხომ ასეთ კრიტიკას პასუხის ღირსად არ ჩათვლიდით. ჩემი შემოქმედებაც ასეთი მიმდინარე მთლიანობაა, და პერმანენტულად შევსებადი ამ მთლიანობის მხოლოდ ერთი, უაღრესად მნიშვნელოვანი, ნაწილია “ტრფობა წამებულთა”.
დაბოლოს, უმთავრესის შესახებ. იმ სათნოებებიდან, რომლებიც მისურვეთ და რომლებიც გულწრფელი მადლიერებით მივიღე, არ შემიძლია ჩემი ფიქრი და ტკივილი არ გაგიზიაროთ ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომლის თქვენმიერი განმარტებაც ამ სათნოების თქვენმიერსავე გაგებას უფრო ხელშესახებს გახდიდა ჩემთვის. საქმე ეხება კეთილგონიერების ცნებას, რომლის მრავალგვარი გაგება და განსაზღვრება მოეპოვება საკაცობრიო კულტურას, მაგრამ რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში მაინც მიწყივ განსხვავებულად გაიგება ხოლმე (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ განსხვავებული გამოცდილების ადამიანები განსხვავებულ შინაარსს დებენ ტევადი მოცულობის ამ ცნებაში). კრიზისულ სიტუაციებში, როგორც იცით, ადამიანები ხშირად კარგავენ ორიენტირებს და მათს ცნობიერებაში ჯერარსულს სასურველი ენაცვლება ხოლმე. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ სოციალურ (არ მინდა ვთქვა, კულტურულ-მეთქი) ვითარებაში ჯერარსული ისე აღიგვება ხოლმე პირისგან მიწისა, რომ ახალ თაობებს ხელისცეცებით, დიდი შინაგანი ძალისხმევით უხდებათ ჯერარსულთან კავშირის აღდგენა. ამის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი, მიზეზი ისიც გახლავთ, რომ ჩვენში, არასრულყოფილ, ცოდვილ ქმნილებებში (იქნებ, მხოლოდ მე ვარ ასეთი?) ამ დროს შეიძლება სულ იოლად გაჩნდეს იმის მოთხოვნილება, რომ საგულდაგულოდ გადამალული ჯერარსის ნაცვლად გაბატონებული უბადრუკობა და სიბეცე, ჩვენს მიერ ნაცოდვილარ-შეკოწიწებული “რეალობა” ჩვენს ირგვლივ მყოფებს იდეალურ ინსტანციად თუ არა, მისაბაძი სტანდარტების ერთობლიობად მაინც დავუსახოთ და ამ გზით გადავმალოთ თვით ეს “რეალობა”. დამეთანხმებით, საქმის ასეთი ვითარება საზოგადოების დიდ ნაწილზე დამღუპველად მაშინ მოქმედებს, როცა მსგავს “კეთილშობილურ” მოღვაწეობაში ებმებიან მწერლები, სულიერების რაინდები. და – არც მხოლოდ ამ დროს. უფრო – მაშინ, როცა ამ საზოგადოებაში ასწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულია რწმენა სულიერი მთლიანობის შენარჩუნების საქმეში მწერლობის განსაკუთრებული მისიის შესახებ. ჩემი ღრმა (და, ალბათ, უსაფუძვლო) რწმენით, ჩემზე უფროსი და ზეუფროსი თაობის თითქმის ყველა ქართველმა მწერალმა თავისი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჯერარსულის გადამალვაში და, სულ მცირე, ისურვებდა თუ არ ისურვებდა, პარალელური აქციის სახით ისიც “მოახერხა”, რომ მომდევნო თაობების ვერც ერთი წარმომადგენელი (ამ შემთხვევაში, მწერალი), რომელიც სადღეისოდ თუ სამომავლოდ შეეცდება თავისი ქცევა, სურვილები და მოთხოვნილებები კეთილგონიერების იმ გაგებას შეუფარდოს, რომელიც ქრისტიანობაშია მოცემული, სანიმუშოდ ვერ გაიხდის უფროსი თაობის წარმომადგენელ მწერალთა ცხოვრებისა და ურთიერთობების, ზნეობრივ ნორმებთან თუ სულიერ ორიენტირებთან მათი მიმართების წესს, რომელიც შეიძლება მხოლოდ დღეს – სიბნელეში – არ ჩანდეს. თუ აღნიშნულ მწერალთა სიმრავლეში (თუ ფენაში, თუ კასტაში) მწერალთა ოფიციალური კავშირის წევრებს ვიგულისხმებთ, ჯერარსულის წასაშლელად მათი თავდაუზოგავი შრომის უტყუარ დოკუმენტაციას ისე სრულად ვერსად მოვიძიებთ, როგორც – მათი ერთობის მთავარი სალიტერატურო ორგანოს “ლიტერატურული საქართველოს” გვერდებზე. მოგეხსენებათ, საქართველო მითების და ლეგენდების ქვეყანაა, რეალობა ჩვენში ნაკლებად დაფასებულია და მხოლოდ განსაკუთრებული სისასტიკით უნდა გამოვლინდეს ეს რეალობა, რომ ქართველებს მცირე ხნით მაინც შეახსენოს თავი, მერე კი, მომავალ მკაცრ გამოვლენამდე, სასწრაფოდ მივიწყებას მიეცემა ხოლმე, ხოლო როცა უმრავლესობიდან მეტ-ნაკლებად გამორჩეული ინდივიდები ცდილობენ, მათ (ამ უმრავლესობას) ეს რეალობა არ დაუკარგონ, მაგალითად, ილიას მკვლელობის რეალობა, ჩვენს ისტორიაში მომხდარი სხვა სასტიკი რეალობები, ამ ინდივიდების მეცადინეობა წარმატებით თითქმის არასდროს გვირგვინდება, ამის მიზეზი კი, შესაძლოა (მხოლოდ შესაძლოა?), ის იყოს, რომ თვით ისინი, ეს ინდივიდები, ღალატობენ სიტყვას... საქმით! რაც, დარწმუნებული ვარ, უსწრაფესად აისახება ხოლმე მათსავე მეტყველებაში, მსჯელობის წყობაში, ნაწერებში... სიტყვა მწერალს არ პატიობს ღალატს და სასწრაფოდ ამხელს ხოლმე... სხვათაშორის, თანამედროვე დასავლურ სალიტერატურო კრიტიკაში მთელი მიმდინარეობა არსებობს, რომელიც ამ ღალატის ფორმებს იკვლევს არა სადმე სხვაგან, არამედ – მოღალატეთა ტექსტებში. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ამ მეთოდით ქართველი მწერლების ანალიზი მარტივია, ვინაიდან მათ, თავიანთი ინფორმაციული სიმწირის გამო, წარმოდგენა არა აქვთ ამ ახალ ტექნოლოგიებზე და, განსხვავებით “გაეშმაკებული” დასავლელი მწერლებისგან, მათი ტექსტები ერთობ ნაივური და “უმანკოა” ამ თვალსაზრისით (არ დაგიმალავთ და აქვე შევნიშნავ, რომ პირადად მე, ამ ტექნოლოგიების გათვალისწინებით – და არა მიბაძვით – სადღეისოდ ვსწავლობ ე. წ. გაჩუმების, თვალის დახუჭვის, ხმის ამოუღებლობის, წაყრუების, ვითომვერშემჩნევის, ვითომგანზედგომის, ვითომჩაურევლობის ფენომენთა გრძელ რიგს; ვინაიდან ქართულ ნიადაგზე მასალის ნაკლებობას არ განვიცდი, თითქმის უფასოდ მოპოვებული ნედლეულის გადამუშავებით და დახარისხებით ვარ დაკავებული)... ერთი სიტყვით, სწორედ მხილებული ამ სამხილის მოძიება ხდება შესაძლებელი იმ მითების მიღმა, რომლებითაც, როგორც ბურუსით, მოცულია ჩვენში ყველა “დიდი ადამიანი”, ხოლო რაკი ფილოსოფიურ კულტურაზე ორიენტირებული ადამიანი ბრმად და უკრიტიკოდ არავის სიდიადეს არ აღიარებს, მისთვის მსგავს სამხილს ოქროს ფასი აქვს. ამ ჭრილში, “ლიტერატურული საქართველოს” ბოლო ათწლეულის (ანუ პოსტკომუნისტური ერის) თითოეული ნომერი უნიკალურია: მის სალიტერატურო ხარისხს, ორიენტაცის, სათქმელს, საფიქრალს, ბრძოლის ხერხებს და მეთოდებს უკვე ხელს აწერს მწერალთა კავშირის თითოეული წევრის თავისუფალი ნება (განურჩევლად ამ მწერალთა პროფესიული სისუსტე-სიძლიერისა). რატომ თავისუფალი ნება? იმიტომ, რომ ამ ათწლეულის მანძილზე მაინც, მათი ერთობა ნებაყოფლობითია და გაპირობებული არ არის ნაირ-ნაირი სასიკვდილო საშიშროებით, ნებისმიერი საქციელის გამამართლებელი ნებისმიერი მიზეზით, ასე რომ, იდეალური სიზუსტით წარმოაჩენს აღნიშნული ერთობის წევრთა პასუხისმგებლობის ხარისხს. არ ვიცი, კეთილგონიერების თქვენმიერი გაგება რა მანძილით არის დაშორებული ჩემსას, მაგრამ, კეთილგონიერების ჩემმიერი (და, რა თქმა უნდა, უმალ ჩემს მცდარობასა და გზააბნეულობაზე, თავხედობასა და უფროს-უმცროსობის არცოდნაზე მეტყველი) გაგებით, პიროვნება პასუხისმგებელია იმ ერთობის ნებისმიერ ნაბიჯზე, რომლის ნებაყოფლობით წევრადაც წარმოუდგება საზოგადოებას, ხოლო თუ მისი პოზიცია და ცხოვრების წესი არ თანხვდება ხსენებული ერთობის წევრთა მოღვაწეობის კურსს და სტრატეგიებს, მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულების წესს, ეს პიროვნება მოვალეა, - მკაფიოდ, არაორაზროვნად, არასოფისტურად, არა “სიმბოლურად” და არა მინიშნებებით დააფიქსიროს თავისი განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება (ოჰ, ეს ბორატი სიტყვა – “განსხვავება”, - რომელშიც რაღაც ერთობ ვერაგულს და მზაკვრულს ამოიკითხავს უფროსი თაობის მწერალთა, ე. წ. “მამათა” შიში) კოლექტივის მოქმედების, მუშაობის, ბრძოლის წესთან. აი, რატომ არის საძნელო და საპასუხისმგებლო საქმე თუნდაც სამ-ოთხკაციანი ოფიციალური სტრუქტურის წევრობა პოსტკომუნისტურ სივრცეში, - როცა იძულებითი ერთობის საჭიროება მოხსნილია და პიროვნებას თავისმართლების ნაირ-ნაირი საშუალება აღარ გააჩნია. მაგრამ ეს საქმე რთულია პასუხისმგებლობისა და კეთილგონიერების ჩემმიერი, მეტად მწირი და უკეთური, არაპოლიტიკურ-არალავირებად-არასტრატეგიულ-არაგამჭრიახი გაგებიდან გამომდინარე, და ის გულისხმობს კოლექტივში შესაძლო გაერთიანებას და მასში დარჩენას არა იმდენად ყველა ძეხორციელისთვის საჭირო სიამეთა მიღების ჟინით, რამდენადაც – საკუთარ თავზე გარკვეული ვალდებულებების აღების მიზნით. თქვენთვის ძნელი წარმოსადგენია, გაწბილებისა და იმედგაცრუების როგორი მდგომარეობისთვის გაწირავთ ადამიანს, რომელიც მისი ესთეტიკური გემოვნებისა და ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბების საუკეთესო ასაკში რვეულებს ავსებდა თქვენი რომანებიდან გადმოწერილი გვერდებით და მერე ამ გვერდებს თავისი კლასელების წრეში საათობით კითხულობდა და აანალიზებდა, თუ არ დამეთანხმებით, რომ ქართველ მწერალთა ოფიციალური ერთობის წევრთა გადამწყვეტ უმრავლესობას ვალდებულების მაღალი გრძნობა არა მხოლოდ დაჩლუნგებული აქვს, არამედ არც ჰქონია ოდესმე. ბატონო ოთარ, ქართული სალიტერატურო ახალთაობის წარმომადგენელთა “მამებს” დიდი და რთული შრომა მოუწევთ იმ სიმართლის გასაცნობიერებლად, რომ თუ მათი ცხოვრების წესისგან, მათი ორაზროვანი არსებობიდან რამეს ვერ ისწავლის ახალთაობა, ეს გახლავთ სწორედ კეთილგონიერება. აი, ამ მწარე სიმართლემ დამაწერინა “უზნეობის მსხვერპლი” და ჩემი ქმედება იმართებოდა კეთილგონიერების იმ გაგებით, რომელიც მწერალთა ოფიციალური ერთობის, ე. ი. მწერალთა კავშირის, გამოცდილებაში არ მოიპოვება. “უზნეობის მსხვერპლი” ის ხმა აღმოჩნდა, რომლის დისკრედიტირება, მიჩუმათება ან ლინჩის წესით გასამართლება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამ წერილს ხელს აწერდა მათგან განსხვავებული ადამიანი (განსხვავებულობის ეს შინაარსი უნდა შეავსოს ჩემმა შემდგომმა ცხოვრებამ იმ პასუხისმგებლობისადმი ერთგულებით, რომელიც “უზნეობის მსხვერპლით” ოფიციალურად გამოვაცხადე). ახლა, როცა ამ სიტყვებს ვწერ, გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ, შესაძლოა, თქვენ ბრძანდებით იმ უმცირესთაგანი, ვისაც ჩემი ეს უხეში და თავხედური სიტყვები გულისგულში გაახარებს და მართლა იმედით აღავსებს...
ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ჩემი ურცხვი დაკვირვებით, სწორედ “უზნეობის მსხვერპლმა” და იმ კამპანიამ, რაც ამ წერილს მოჰყვა, დააბნია და ააფორიაქა ბ-ნი აკაკი ბაქრაძე (ვისი ლექციების მოსასმენადაც, უკვე მე-6-მე-7-ე კლასის მოსწავლე, სკოლიდან ვიპარებოდი), წონასწორობა და კარგად ნაწრთობი სიფრთხილე დააკარგვინა და აიძულა, “უზნეობის მსხვერპლის” პუბლიცირებიდან სულ რაღაც წლინახევრის მერე მწერალთა კავშირი იმ საბაბით დაეტოვებინა, თითქოს 25 ლარიანი ყოველთვიური პენსია დამამცირებლად და მწერლის მათხოვრული ყოფის დაკანონებად მიეჩნიოს. სინამდვილეში, ამ აქტით, თავად მან, საჯაროდ და ოფიციალურად, გამოაცხადა, რომ ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვარი აღნიშნული პენსიის დაწესებამ გაავლო და თუ აქამდე ბ-ნი აკაკი ბაქრაძე მწერალთა კავშირის წევრი ბრძანდებოდა, იმიტომ, რომ იგი მწერალთა კავშირის ვერც ერთ აქამომდელ “ღონისძიებასა” და “პოლიტიკაში” უზნეოს და მათხოვრულს ვერაფერს ხედავდა...
აი, ეს ყველაფერიც უძღოდა წინ ჩემს სატუალეტო ოდისეას, და იგი გამოწვეული იყო ჩემს გულში (და არა ტვინში) არსებულ მრავალ უპასუხო კითხვაზე პასუხის ძიებით ცხოვრების კიდევ ერთ ფრონტზე, და ჩემი ეს “აქცია”, მათთან ურთიერთობის ეს მოთხოვნილება, დროში დიდად როდია დაშორებული იმ მწარე გამოცდილებას, რომელიც უფრო ადრე მწერალთა კავშირის ერთ “კეთილშობილურ” სიცრუესთან, სიყალბესთან ჩემი შეხვედრით და ურთიერთობით შევიძინე. ეს იყო ჩემი ოცდაცამეტწლიანი ცხოვრების შეგნებულ პერიოდში ჩემი ყველაზე უფრო ბრიყვული ცრურწმენის შედეგად მიღებული გამოცდილება. ამ ცრურწმენის შენაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ ვენდე სიტყვას, ქართველი მწერლების ოფიციალური ერთობის მთავარი ორგანოს გვერდებზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც სახალისოდ იუწყებოდა, რომ ცხადდება კონკურსი ილია ჭავჭავაძის პრემიის მოსაპოვებლად ბოლო ორ-სამ წელიწადში შექმნილი ნაწარმოებებისთვის, და რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი მწერლების საკონკურსო ტექსტები უნდა წარმოადგინონ გამომცემლობებმა, რედაქციებმა, შემოქმედებითმა კავშირებმა, ასოციაციებმა, ცალკეულ ლიტერატორთა ჯგუფებმა... და ამ განცხადებას ვკითხულობდი მე, რომელიც ამ ფაქტამდე რამდენიმე თვით ადრე მთელი ჩემი შეგნებით ვამტკიცებდი და ვასაბუთებდი, რომ ჯერჯერობით არც ერთ ქართველ მწერალს პრემია არ მიუღია, რომ მათთვის ოდესმე მინიჭებული ყველა ე. წ. პრემია, სინამდვილეში, არის ჯილდო (თუ, რა თქმა უნდა, დავეყრდნობით “პრემიისა” და “ჯილდოს” არა ძალისმიერ, არამედ ცნებისმიერ განსაზღვრებებს, რასაც ღირსეულად თუ უღირსად დაჯილდოებული ან ჯილდოს მომლოდინე არც ერთი ქართველი მწერალი ნებაყოფლობით არ აღიარებს). დიახ, დამსახურებული, დაუმსახურებელი ან არალიტერატურული დამსახურებისთვის დამსახურებული, მაგრამ მაინც – მხოლოდ ჯილდო. როგორ არ გამაბრიყვებდა ასეთი სენსაციური სიახლე! აი, ამ სიბრიყვემ მიმიყვანა მწერალთა კავშირის სამდივნოში, სადაც ჩემი შეცდომა დაუყონებლივ “გაასწორეს” და ამიხსნეს, რომ პრემიის (პრემიის!) ლაურეატის ადგილი უკვე დაჯავშნულია, და ლაურეატის გვარიც გამანდეს (თქვენი გვარი იქ არავის უხსენებია; მერე, უბრალოდ, იძულებულნი გახდნენ, ეს პრემია თქვენთვის გაეყოთ); ამიხსნეს, რომ ჩემი დროც მოვიდოდა და ა. შ. ბატონო ოთარ, თქვენ თუ წამით მაინც ჩააყენებთ თქვენს თავს ჩემს მაშინდელ მდგომარეობაში, იმ ახალგაზრდა ლიტერატორის მდგომარეობაში, რომელიც მწერალთა კავშირის მჩქეფარე კულისებსმიღმური ცხოვრებისგან, ისე, როგორც მისი სასცენო ცხოვრებისგან, ძალიან შორს დასახლებულა და ხსენებულ სამდივნოში მიღებული პასუხით რაღაც მნიშვნელოვან საიდუმლოს ეხება, ვერ გაიგებთ, რატომ უნდა მიმეჩნია შეურაცხყოფილად, სწორედ მწერალთა ამ ძლევამოსილი კასტის, ფენის თუ რაღაც ამგვარის – მრავალი საჭიროების ირგვლივ გაერთიანებული წარმონაქმნის – მიერ შეურაცხყოფილად ჩემი თავიც და ის ხალხიც, რომელსაც ქართველი მკითხველი ჰქვია. მწერალთა ასეთი ერთობა ხომ ერთი უზარმაზარი ორაზროვნების პერსონიფიცირებული სიმბიოზია, რომელიც თავის ბეჩავ მკითხველს, ქართველ მკითხველს, ასე უღვთოდ ატყუებს და აცუცურაკებს, ასე უღვთოდ ამცირებს ამ თავისი ვითომდა უწყინარი საქციელით და ურიცხვი სხვა კეთილგონივრული ორაზროვნებით... გავიდა დრო და “უზნეობის მსხვერპლის” მერე სულ სხვა დინებით გადასროლილ “პოლემიკაში” სამდივნომ გაიხსენა ჩემი საკონკურსო ვიზიტი, მკითხველს კი ამ ვიზიტის ყალბი ვერსია წარუდგინა. ერთის მხრივ ლოგიკასთან, ხოლო მეორეს მხრივ წესიერებასთან ახლომყოფი ნებისმიერი მკითხველი ამოიკითხავდა ამ გახსენებულ და “რეკონსტრუირებულ” ფაქტში ჩემთან დაკავშირებულ რეალურ სიტუაციას თუ ვერა, მწერალთა კავშირის სიმდაბლისა და “კეთილგონიერების” რამდენიმე სამხილს მაინც, მათ შორის მთავარს: “საპოლემიკო” სტატისი ამ მონაკვეთიდან ირკვეოდა, რომ სამდივნოს წარმომადგენელმა მართლაც დაუსახელა სტუმარს პრემიის (!) ლაურეატები (არადა, მოგახსენეთ, იქ მხოლოდ ერთი, არა თქვენი, გვარი დასახელდა, რომელიც მე არსად წამომცდენია ამ სამარცხვინო ჩაშვებამდე) კონსურსის (!) შედეგებამდე დიდი ხნით ადრე, და ახალგაზრდა კაცი, რომელიც საჯაროდ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მივიდა, უკან გააბრუნა... და, მიუხედავად ამ მწარე და ნაღვლიანი გამოცდილებისა, “უზნეობის მსხვერპლი” არა “წყენამ” (რომელიც “ლიტერატურული საქართველოს” გვერდებზე მართლაც რომ წარუმატებლად დასახელდა), არამედ ამ შემთხვევისგან დამოუკიდებელი, უშუალოდ “ლიტერატურული საქართველოს” გვერდებიდან ამოკითხული შემზარავი რეალობის განზოგადების მოთხოვნილებამ წარმოშვა, და რამენაირ “წყენამდე” მისი დაყვანა მხოლოდ მწერალთა კავშირის დირიჟორებს შეიძლებოდა მოფიქრებოდათ, ისე, როგორც მხოლოდ ჩემი პიროვნების არმცოდნე ან მცდარად შემფასებელ ადამიანებს შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ ჩემი წერილით ისარგებლებდნენ და მწერალთა კავშირს თავიანთ ანგარიშებს გაუსწორებდნენ... ნუთუ, ამის მერე, შეიძლება თბილისის საზოგადოებრივი ტუალეტებისკენ მიმართული ჩემი მზერა დეზორიენტირებული ადამიანის ქმედებად ან თვითრეკლამის მცდელობად იქნას მიჩნეული?..
აქ შეიძლება წერტილიც დაისვას. თუ თქვენთვის ღირებულია არა მხოლოდ თქვენი რომანების ნებისმიერი პერსონაჟი, როგორც განსხვავებული, და თქვენი რომანები, როგორც განსხვავებულები, არამედ – სხვა ცოცხალი ადამიანიც, როგორც განსხვავებული, შეუძლებელია ამ წერილმა არ დაგარწმუნოთ, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თქვენს შვილებზე უმცროსი თაობის წარმომადგენლისთვის, რომ სწორედ თქვენთვის გამეზიარებინა ეს ტკივილი, ეს შინაარსი, ეს სათქმელი ჯერ “შეჯამების უარყოფის” მორთმევით, ხოლო მერე, როცა თქვენი წერილით ჩემთან დიალოგის და ჩემი გაცნობის სურვილი გამოთქვით – ამ საპასუხო წერილითაც. ახლა, როცა ჩემი ეს წერილი უკვე არსებობს, გაცილებით უფრო მშვიდად ვარ, ვიდრე – მაშინ, როცა ჩემი “შეჯამების უარყოფა” გამოგიგზავნეთ (რომელთან დაკავშირებული ჩემი ამბიციები უზომოდ დიდია, რაც, თუ მხოლოდ ჩემი ილუზიაა, ჩემთან ერთად გაქრება ისევე უწყინრად, როგორიც ახლაა). როგორც ჩანს, მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთ აქტუალურ მორალურ თუ სალიტერატურო საკითხთან დაკავშირებით შენი მტკივნეული ფიქრების გაზიარებას შენთვის ძვირფასი ადამიანისთვის. ამ პასუხს უდავოდ მოითხოვდა გულწრფელობისა და სერიოზულობის თუნდაც ის წილი, რომელიც ჩემში აუცილებლად არის თქვენი შემოქმედებიდან.
როცა ჩემი ეს პასუხი უკვე არსებობს, შემიძლია მშვიდად და უზომო სიხარულით გამოვთქვა თქვენი პირადი გაცნობის მოკრძალებული სურვილი და იმედი, რომ თქვენს მიერ გამოთქმული საამისო სურვილიც ძალაში რჩება.
სიყვარულით და მოკრძალებით, დათო ბარბაქაძე
12–13.09.1999
P.S. წერილთან ერთად გიგზავნით აქ ნახსენებ საკითხებთან უშუალოდ დაკავშირებული რამდენიმე პუბლიკაციის ქსეროასლს. დარწმუნებული ვარ, მათ წასაკითხად უცხო სიტყვათა ლექსიკონის მომარჯვება არ დაგჭირდებათ. აგრეთვე, გიგზავნით ესსეების კრებულს, რომელშიც თავის დროზე შევიდა “ტრფობა წამებულთა”, და – ჩემი ლექსების ორ სხვა კრებულს.