რაც მე არ ვიცი


რაც მე არ ვიცი




                                    

მატეო გალიაცო  დაიბადა ქალაქ პადოვაში (იტალია), 1970 წელს, სადაც მისი მშობლები საცხოვრებლად გენუადან გადავიდნენ. წერა მას ბავშვობიდან უყვარდა, კითხულობდა ყველაფერს, რასაც ოჯახის ბიბლიოთეკაში პოულობდა. მოთხრობების გამოქვეყნება ახალგაზრდა ასაკში, სტუდენტურ და ადგილობრივ ჟურნალებში დაიწყო. იმ პერიოდში შეხვდა მარკო დრაგოს, რომელიც გენუას უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა და თან ლიტერატურულ ჟურნალ „მალტეზე ნარაციონის“ ხელმძღვანელობდა. მათ შორის მეგობრობა მაშინვე ჩამოყალიბდა და ნაყოფიერ თანამშრომლობასაც საფუძველი ჩაეყარა. მატეო გალიაცო მალე ამ ჟურნალის რედკოლეგიის წევრი გახდა და ნაწარმოებების სისტემატურად გამოქვეყნების საშუალებაც მიეცა.

საგამომცემლო სახლებთან ურთიერთობა რომ დაემყარებინა, მწერალმა, 1995 წელს, მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ახალი დამწერლობის ლაბორატორია“, რომელიც ემსახურებოდა რეჯო ემილიაში ჯერ კიდევ უცნობი მწერლების აღმოჩენას: ახალბედა მწერლებს საკუთარი ნაშრომები ცნობილი მწერლებისა და კრიტიკოსების წინაშე ხმამაღლა უნდა ეკითხათ. სწორედ აქ შეხვდა ის ალდო ნოვეს, ჯულიო მოცის, ფაბრიციო ვენერანდის, პაოლო ნორისა და სხვებს, რომლებთანაც მერე თანამშრომლობა უფრო ნაყოფიერი გახადა.

საინტერესოა იმ პერიოდში შედგენილი კრებული „კანიბალი ახალგაზრდობა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა არც მწველი კრიტიკა არ ასცდენია. მასში შეტანილ საუკეთესო მოთხრობად მატეო გალიაცოს „რაც მე არ ვიცი“ დასახელდა. ნაწარმოებში საუბარია გოგონაზე, რომელსაც მშობლები იეღოვას მოწმეები ჰყავს და რომელიც კილერს წერილს სწერს. წერილში ის მკრეხელური თეოლოგიის ჩამოყალიბებას გეგმავს, ბოლოს კი თავად კილერი ქრისტედ გამოჰყავს.

მატეო გალიაცოს ეკუთვნის შემდეგი მნიშვნელოვანი რომანები: „ანესთეზიის განაკუთრებული ფორმა, სიკვდილად წოდებული“ (1997),  „კარგო“ (1999),  „სამყარო დაღმართზე დგას“ (2002) და სხვ.

 

 

 

ძვირფასო ხოსე!

მთელი დღე ვიჯექი დღეს ტელევიზორთან და გიყურებდი. ყველა საინფორმაციო გადაცემამ შენზე ილაპარაკა და სასამართლო პროცესი გააშუქა. თავი ბრძენივით გეჭირა, ლამაზად იღიმებოდი და ყველაფერს მეფისებური სიდინჯით ისმენდი. შენზე ლაპარაკობდნენ... ბრალად გდებდნენ ბავშვების გაუპატიურებას, მკვლელობასა და შენი დების ცხედრებთან სექსს, მაგრამ შენ დანაშაულს ყოველგვარი სინანულის გარეშე და სიმშვიდის შენარჩუნებით აღიარებდი.

მიყვარხარ! არც კი გიცნობ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?! შენი არსებობა და შენგან მომავალი ენერგია მაინც ყველაფერს კრავს, ყველაფერზე ძლიერია; იმაზე მეტიც, თუ რა შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს სიტყვის მეშვეობით გადასცეს. ვერაფერი მოერევა შენს შინაგან ძალას. ჟურნალისტები ბრალდებებით მახეში გაბმას გიპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ დიდი ხარ და ძლიერი. ასეთი რამ შენს ბრწყინვალებას არ უნდა აბრკოლებდეს. მე აუცილებლად უნდა შეგხვდე. უნდა გაგიცნო, ისე ვერ გავძლებ.

 

დედა და მამა ყოველდღე დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს საინფორმაციო პროგრამებსა და პრესას. სიახლეებს მშივრებივით ეძებენ, ცუდი უფრო აინტერესებთ და ყველგან არმაგედონის მოახლოებას ხედავენ. კარგ ამბებს რომ ისმენენ, არ სიამოვნებთ, იმედი უქრებათ. მას შემდეგ, რაც ბირთვული ომის საშიშროება აღმოიფხვრა, ისინი უფრო განერვიულდნენ. კიდევ კარგი, ამ ბოლო დროს, გაზეთებსა და ტელეჟურნალებში ცუდი ამბები გადმოიცემა, და მათმა ნერვიულობამაც იკლო. როცა რამე კარგ ამბავს გაიგონებენ, ცდილობენ, არ ენდონ, არ დაიჯერონ, მის სინამდვილეში ეჭვი შეიტანონ; მთელ საკომუნიკაციო სისტემაში შეთქმულებები და შეფერხებები წარმოიდგინონ. თავს ირწმუნებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გავრცელდა.

ყოველთვის, როცა რაღაც ხდება, თუნდაც კატასტროფისმაგვარი, მე ჩემს მშობლებში სიღრმისეულ ბედნიერებას ვხედავ, რომელიც გარედან, ზედაპირულად არ ჩანს, მაგრამ წლების განმავლობაში დღის სინათლეზე გამოდის და იშიფრება. გულში ვეღარ იტევენ სიხარულს და მათი სურვილი წვეთებივით გარეთ იწყებს ჟონვას. მე ამ წვეთებს ვხედავ... ყოველი ომის გამოცხადებაზე, შიმშილზე, ჭირზე, სასტიკ კრიმინალზე, გავრცელებულ უკანონობაზე, მიწისძვრაზე, ნგრევაზე, ბირთვული რადიაქტორების აფეთქებაზე, ნავთობის გადამტანი გემების ჩაძირვაზე, დედამიწის მოწამვლაზე და ყველა ასეთ ამბავზე, ვხედავ, მათი სულიერი მისწრაფება წვეთ-წვეთად როგორ გადმოედინება. სასიამოვნო ამბავს რომ ისმენენ, ეს ყველაფერი ქრება და სრულიად განსხვავებული ვითარება იქმნება, თითქოს არ სჯერათ, არ უნდათ კარგი ამბის მოსმენა და ტელეწამყვანის, ან თუნდაც, მისი ტექსტის შეცვლის სურვილი უჩნდებათ. ასე გაიგეს შენი ამბებიც, ხოსე, და ეჭვიც არ შეჰპარვიათ რამეში.

მშობლების მიმართ ურჩობა (2 ტიმოთე 3:2) - კიდევ ერთი ნიშანია, დამატებული სხვა დანარჩენს, რომელიც, მათი აზრით, არმაგედონის მოახლოებას მოასწავებს. დარწმუნებული ვარ, დედა და მამა სადმე, ისეთ ადგილას რომ აცხოვრონ, სადაც ტელევიზორი და გაზეთი არ იქნება, რწმენას ნამდვილად დაკარგავენ; უფრო ნერვიულები გახდებიან, რადგან ვერაფერს დაეყრდნობიან და იმ მინიშნებებსა და მითითებებს ვეღარ დაინახავენ, სამყაროს დასასრულს გამუდმებით რომ ხედავენ შიგ.

 

ელიას მადონას ქანდაკების შექმნა უნდა; აი, იმისა, სისხლი რომ სდის. ბევრია ასეთი, გეცოდინება. წმინდა ადგილებში სარგებლობენ მისით და სასწაულმოქმედ ზეთსა და ყოვლისშემძლე რელიკვიებს ყიდიან, ზოგჯერ ბუტერბროდებსაც და სასმელებსაც (როგორც აწყობთ...). ქანდაკებას, რომლის შექმნაზეც ელია ფიქრობს, თვალებიდან და ხელებიდან  სისხლი არ უნდა სდიოდეს, მხოლოდ მენსტრუაცია უნდა ჰქონდეს. მისი წარმოდგენით, უამრავი მორწმუნე ადამიანი შეიკრიბება ამ ქმნილების წინაშე და აღტაცებით მიაჩერდება მისგან გადმომავალ წმინდა სითხეს. ამასობაში, მოულოდნელად, ქანდაკების თავზე ნეონის ნათურით განათებული წარწერა გამოჩნდება, რომელზეც სპონსორის დასახელება დაიწერება - „ლინეს“ (ჰიგიენური საფენების გამომშვები ფირმის სახელი). ხალხის ინტერესი უფრო მოიმატებს და ერთიანად შეისრუტავს ამ სანახაობას. მოიმატებს ასევე გაყიდული ნივთების რაოდენობაც. მერე ელიას დააპატიმრებენ, ქანდაკებას აიღებენ და იმ ადგილებში, ყველაფერთან ერთად, მორწმუნეების მსვლელობაც შეწყდება.

 

დედა და მამა ახლა 95-ე ფსალმუნს მღერიან: “ოჰ, მოდით, ვადიდოთ და თაყვანი ვცეთ; დავიჩოქოთ ჩვენი მქმნელის, იეჰოვას წინაშე“.

 

ჰო, იეჰოვა.  YHWH. არავინ იცის, როგორ წარმოითქმება ეს სახელი. „იეჰოვა“ ერთი-ერთია ყველა სხვა წარმოთქმათა შორის. საქმე ისაა, რომ სიტყვის შიდა ხმოვნები უცნობია. ზოგი Yahweh-საც კი წარმოთქვამს, მაგრამ ყველაფერი ვარაუდია. სინამდვილე არავინ იცის და არც არავის ეცოდინება. დავუშვათ, სიტყვაში მხოლოდ ორი ხმოვანია და თუ გრამატიკაში არსებულ ხუთ ხმოვანს მონაცვლეობით ჩავსვამთ, ღმერთის ოცდახუთ სახელს მივიღებთ.

აი, ესენიც:

 

YAHWAH      YEHWAH      YIHWAH       YOHWAH     YUHWAH

YAHWEH      YEHWEH       YIHWEH       YOHWEH      YUHWEH

YAHWIH       YEHWIH       YIHWIH        YOHWIH       YUHWIH

YAHWOH     YEHWOH      YIHWOH       YOHWOH     YUHWOH

YAHWUH     YEHWUH      YIHWUH       YOHWUH     YUHWUH

 

როგორც ხედავ, YEOHWAH არსად წერია. სიტყვაში სამი ხმოვანი რომ დავუშვათ, ღმერთის ას ოცდახუთ სახელს მივიღებთ; მათ შორის YEOHWAH-საც; მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთი YHWH-ის ას ოცდახუთი შესაძლებლობიდან. ჩვენ მხოლოდ სამი ხმოვანი ავიღეთ ხუთიდან, მაგრამ სხვა ენების ფონეტიკაში კიდევ უფრო მეტი არსებობს ის და თანაც უამრავი, ტუჩისმიერი წარმოთქმით; ისე, როგორც, შვიდი ნოტი და ხუთი ფერი კი არა, უამრავია; საბოლოოდ, თუ დავუკვირდებით, ღმერთის სახელის უსასრულო რიცხვს მივიღებთ.

ესე იგი, ოცდახუთი, ას ოცდახუთი და ექვსას ოცდახუთი კი არა, ღვთის სახელის უსასრულო რაოდენობა გამოგვდის, ამიტომაც არავის შეუძლია ამქვეყნად მისი სწორად წარმოთქმა.

 

დედა და მამა ტრაბახობენ, ღვთის ნამდვილი სახელი ვიცითო, მაგრამ მე ვერ დამარწმუნებენ; არავინ იცის და იმიტომ; არც არასდროს ეცოდინება ვინმეს.

 

მე და ელიას ახალი რელიგიის ჩამოყალიბება გვინდა. ამ საკითხს ჯერ კიდევ ვსწავლობთ. იეჰოვა ჩვენ არ გვწამს ისე, როგორც ჩვენს მშობლებს, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვაჩვენებთ მათ, რადგან ასე გვაწყობს; ძუძუებში ჩამძვრალი გველებივით ვართ. ელიას მამა იმ ადგილის ზედამხედველად მუშაობს, სადაც ჩვენ ბიბლიის შესასწავლად ერთმანეთს ვხვდებით.

იეჰოვას მოწმეების მიერ ბიბლიის კითხვის იოლი მეთოდი ჩვენ არ გვაკმაყოფილებს - თითქოს უბრალო წერილი იყოს და დაფიქრებას არ საჭიროებდეს. მათი განმარტებით, ეს არის ერთგვარი ბრტყელი დოქტრინა, რომელიც მხოლოდ სიტყვებს ეკვრის და პირდაპირ განსაზღვრებას იძლევა. ჩვენი აზრით კი ის ასე უფრო მიწიერი და მატერიალური ხდება, ბავშვურიც კი. აი, სწორედ რომ ბავშვურია და საბავშვო წიგნების ილუსტრაციებივით იოლი ასახსნელი, რაც მანამ არის საკმარისი, სანამ პატარა ხარ. თუ ბავშვად დარჩენა გადაწყვიტე, გამოგადგება, მაგრამ თუ გინდა დიდი იყო, უნდა მოშორდე, მოწყდე, სხვანაირად ახსნა, გადაიტანო, გაწმინდო, გამოიგონო, შექმნა და განაახლო; გონებით უნდა იმოგზაურო, შეხედო სხვა ადგილებს, გადახედო სხვა აზრებს და ასე, ნაწილ-ნაწილ ააშენო რაღაც ისეთი, რაც მოგიცავს და მთელი ცხოვრება გაგყვება.

 

ჩვენ მშობლებს ჰგონიათ, რომ მე და ელია დავქორწინდებით. მართალია, ელია ჩემი საუკეთესო მეგობარია, მასთან თავს კარგად ვგრძნობ და მის ადგილას სხვას ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენ, მაგრამ როცა აბანოში ვმასტურბირებ და თვალებს ვხუჭავ, მასზე კი არა, შენზე ვფიქრობ, ხოსე!

 

იეჰოვას მოწმეებს არ სჯერათ, რომ იესო ჯვარზე აცვეს. მათ ჯვარცმა გამოგონილი ამბავი ჰგონიათ. სწამთ, რომ იესო ჯვარზე კი არა, ერთ უბრალო ბოძზე მოკვდა, რომელზეც ის ზევით აღმართული ხელებით იყო მიჭედებული. არ ვიცი, რატომ სჯერათ ასე, ჩემი მშობლებისთვის არც არასოდეს მიკითხავს. ალბათ მარკეტინგის ერთ-ერთი განსხვავებული ფორმაა და იმიტომ, როგორც მისი სახელი - იეღოვა, სხვაგან არსად რომ არ წარმოითქმება. მარკეტინგია ნამდვილად!

 

სიმართლე გითხრა, ყველა ცდება. იესო არც ჯვარზე გაუკრავთ და არც ბოძზე. ის აი, ამ მეთოდით მოკლეს: კამეჩის ტყავის სველი ქამრები მთელ ტანზე შემოახვიეს და მაგრად მოუჭირეს. მერე მისი სხეული მზის გულზე დადეს. ქამრები რომ გაშრა და შევიწროვდა, ისე ძლიერ მოეჭირა, რომ პირიდან ნეკნები გადმოუვიდა. მას მთელი შინაგანი ორგანოები გადმოჰყვა, ნაწლავებიცა და ფილტვებიც გადმოაღებინა. ასე მოკვდა იესო ქრისტე. მე ვიცი, იქ ვიყავი. კაცად ვიყავი მაშინ დაბადებული და იოათამი მერქვა, მღებავად ვმუშაობდი. მე და ჩემი ცოლი სეფორა ბავშვებთან ერთად მივედით იქ, სამი საათიდან ცხრა საათამდე მაინც ვიდექით და ყველაფერს ვუყურებდით. ყოველთვის, როცა ვინმეს აწამებდნენ, ბავშვები მიგვყავდა, მათაც რომ ესწავლათ ღვთის შიში. ჩემი პირველი შვილი რობოამი მქადაგებელი გახდა და იერუსალიმის დაპყრობამდე გარდაიცვალა, 70 წლის ასაკამდე. ის მართლა გააკრეს ჯვარზე, მაგრამ იესო ისე მოკვდა, როგორც გითხარი. მე მას სახეში ვუყურებდი, რომ კვდებოდა, და სიკვდილის მერეც. ხუთ საათზე მეტხანს მაინც ვიყავი იქ. შენი სახე ჰქონდა მას, ხოსე! შენ იყავი. გუშინდელივით მახსოვს ყველაფერი. მართლაც ძლიერი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა ჩემზე, ათასობით წლის შემდეგ ასე კარგად რომ მხსომებოდა ყველაფერი. ახლაც ისე განვიცდი ნანახს, რომ აქ, აბანოში, შენ წარმოგიდგენ ტყავის ქამრებით შეხვეულს და სადომაზოხისტური ვნებებით შეპყრობილი თითებს სწრაფად ვამოძრავებ ჩემს სხეულში...

 

პირველი ბრალდება - ინცესტი. ელია იესოს „უბიწოების შიგადამკარგველს“ უწოდებს, რადგან მშობიარობის დროს ნამდვილად შიგნიდან ჩახია მან დედამისის ჰიმენე. ამის გაკეთება არცერთ მამაკაცს არ შეძლებია დღემდე; და ეს მოახერხა პატარა, ახალდაბადებულმა ბავშვმა. ესე იგი, იესოსა და დედამისს შორის ინცესტს ჰქონია ადგილი. ამას ამბობს ელია და ჩვენ თუ არ გვინდა, შეგვიძლია, მისი აზრი არც გავიზიაროთ. 649 წელს, ლატერანული შეთანხმებით მარიამის მარადიული უბიწოება დამტკიცდა - „Ante partum, in partu, post partum“. მშობიარობის შემდეგ ქალიშვილად დარჩენა შეუძლებელია, რადგან ბავშვმა გამოსვლისას ჰიმენე უნდა გაარღვიოს, ამიტომაც იფიქრეს, რომ იესო იმ ადგილს არც კი შეხებია, ისე გამოიარა.

 

ყოველ შემთხვევაში, შენ, ხოსე, არ ინერვიულო. ინცესტთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად გაქვს და ღვთის კანონებში ჯდება. მე და ელიამ ბიბლია კარგად წავიკითხეთ და მასში ინცესტის საწინააღმდეგო ვერაფერი ისეთი ვერ აღმოვაჩინეთ.

და კიდევ, სულ გვასწავლიდნენ, რომ ყველა და-ძმა ვართ, ადამისა და ევას შთამომავლები. ღმერთმა ედემში ორ-ორი კი არა, ადამიანისა და ყველა ჯიშის ცხოველის თითო-თითო წყვილი შეიყვანა. ესე იგი, ინცესტი გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, რისი შედეგიც ჩვენ ვართ დღეს; თუ არა და, კი ვიქნებოდით უკვე კარგა ხნის გადაშენებულებიც. გამოდის, სიყვარული და სექსი და-ძმას შორის შეიძლება. ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია, მნიშვნელოვანი არაფერი დაგირღვევია. ბიბლიაში განსხვავებული არაფერი წერია იმასთან შედარებით, რაც შენ გააკეთე.

 

ზოგი ჩემი ნათესავის, უილიამ მილერის მიმდევარი იყო.

უილიამ მილერი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და პროფესიით ფერმერი იყო. ის დადიოდა და სამყაროს დასასრულს წინასწარმეტყველებდა, რაც, მისი აზრით, 1843 წელს უნდა მომხდარიყო. რომ არაფერი მოხდა, მომდევნო თარიღი 1844 წლის 23 ოქტომბრისთვის გადაიტანა და ისე იაქტიურა, რომ ხალხი მართლა დაარწმუნა თავის ნათქვამში. ყველა ამ დღისთვის ემზადებოდა. უარი თქვეს ქორწინებაზე, მკურნალობაზე, მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნაზე და თუ რამე ჰქონდათ, ყველაფერი ღარიბებს დაურიგეს. ბოლოს, არავის გახარებია, 23 ოქტომბერს მზის ამოსვლა რომ დაინახეს, პირიქით ყველამ მოიწყინა. უნდა გახარებოდათ, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ჰქონდათ წინ მიმალული უილიამ მილერის მოსაძებნად და მისთვის ძვალ-რბილის გასაერთიანებლად.

სინამდვილეში, ზოგმა მაინც დაიწყო ლოდინი. ახალი თარიღი 1854 წლისთვის ითქვა, მერე 1874 წლისთვის გადაიტანეს და ბოლოს, 1914 წელზე შეჩერდნენ.

მათ შორის, ვინც 1914 წელს სამყაროს დასასრულს ელოდა, იყო ჩარლზ ტეიზ რასელიც - პიტსბურგის ერთი მსხვილი მეწარმის შვილი. რასელი ხალხს ურჩევდა, მასთან ერთად დალოდებოდა ამ მოვლენას, რაც მილიონობით ადამიანს სჯეროდა უკვე, მაგრამ ამ წელს დედამიწაზე სიცოცხლე კი არ დასრულებულა, ომი დაიწყო. მილიონობით ადამიანმა ნახა, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ მაინც განაგრძეს არმაგედონის დღისთვის ლოდინი. რასელი 1916 წლის 31 ოქტომბერს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მომდევნო თარიღი დადგენილ იქნა ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდის მიერ. „მოსამართლე“ - ასე უწოდებდნენ მას, რომელმაც 1918 წელი არმაგედონის მოვლენად დაასახელა, მაგრამ ამ წელს ომი დამთავრდა მხოლოდ. მაშინ რუტეფორდმა 1920 წელი სცადა, მაგრამ არც ახლა გაუმართლა. ბოლოს დარწმუნებით თქვა, სიცოცხლის დასასრული დედამიწაზე 1925 წელს დადგებაო და ხალხმაც ცდა განაგრძო. ბევრი დღემდე ელოდება და არავინ ფიქრობს, რომ 1925 წელი კარგა ხანია ჩამოტოვებული გვაქვს.

ასეთი ადამიანები აქაც არიან, ამ სახლში; სასტუმრო ოთახში სხედან ახლა და იცდიან. ისინი ჩემი მშობლები არიან -  იეჰოვას მოწმეები.

 

ეკლესია, რომელიც მე და ელიას გვინდა დავაარსოთ, არ იქნება დაფუძნებული ღვთის სიყვარულზე. დღეს ბევრი ადამიანი ათეისტია, მაგრამ სინამდვილეში, არ უარყოფენ ღვთის არსებობას. უარყოფენ უბრალოდ, მისი სიყვარულის სურვილს, რადგან ღმერთი არსებობს თუ არა, სიყვარული ჩვენი მხრიდან სულაც არ არის აუცილებელი.

ჩვენ დავკმაყოფილდებით ღვთის არსებობაზე, მაგრამ იმის ძიებას არ დავიწყებთ, კარგია ის თუ ცუდი. ჩვენთვის მაინც შეუძლებელია აქედან, ქვევიდან ამის გარკვევა. ვფიქრობთ, რომ ადამიანები ვერ შეძლებენ ამას, იმიტომ კი არა, რომ უძლურები არიან, არამედ იმიტომ, რომ აქედან ის შორსაა. ჯერ იმის გაგებაა ძნელი, ადამიანი კეთილია თუ ბოროტი, და მითუმეტეს - ღმერთი. ეს იგივე იქნება, სამი თვის ემბრიონი რომ დაფიქრდეს, დედა მზადაა თუ არა, მანქანის მართვის მოწმობის აღებისთვისო.

ღმერთის თვისებების გაანალიზება ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის იქნება არასასიამოვნო, თუმცა ყველა დაიწყებს იმის თქმას, რომ ის კეთილია, მაგრამ მაინც, თუ კეთილია, გაანალიზებაა ჯერ საჭირო.

 

სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დედასა და მამას კარდაკარ დავყვებოდი, არმაგედონის მოახლოებაში რომ დაგვერწმუნებინა ხალხი. მათ ვგავდით, თეატრში მსახიობებს რომ უკაკუნებენ კარზე, სცენაზე გასვლის დრო მოვიდაო, და მერე მსახიობების დიდ ნაწილს რომ უკვირს, რა თეატრზე და როლზეა საერთოდ ლაპარაკიო. არც კი აინტერესებდათ გაგება...

ბავშვი ვიყავი და მომწონდა ასე სიარული, თუმცა ყველა ცუდად გვეპყრობოდა. მე ანგელოზს წარმოვიდგენდი, ჩვენს შემდეგ რომ მივიდოდა მათთან და ოფიციალურად შვიდჯერ ჩამოჰკრავდა კარზე ზარს. მეშვიდე ზარზე ვინც არ უპასუხებდა, თავისთან მიჰყავდა. ვცდილობდი, მათი სახე წარმომედგინა იმ წუთებში და მიხაროდა, რომ ჩვენ მართლები ვიყავით.

დღეს ელიასთან ერთად დავდივარ კარდაკარ. ახალ აღთქმაზე ნაკლებად ვსაუბრობთ, არ ვაღრმავებთ ამ თემას. ისე, ზოგჯერ მარტოც მიწევს სიარული. კარს ახალგაზრდები მიღებენ, რომლებთან ერთად სექსითაც კი ვკავდები. ხალხს სწორედ ეს სჭირდება, სექსი, და სხვა რამ ნაკლებად აინტერესებს.

 

კიდევ ერთი, რაც იეჰოვას მოწმეებს აინტერესებთ და მოდაშია, არის „1914 წლის თაობა“. მნიშვნელოვანია ეს წელი, რადგან მაშინ დაიწყო იესოს ძალის გავრცელება მთელ ცაზე და დემონების დედამიწისკენ გამოდევნა. ესე იგი, ამ წელს დემონების მთელი წვიმა წამოვიდა დედამიწაზე. ისინი აქ, ჩვენთან, ქვევით გადმოსახლდნენ; და ეს უძღვის წინ არმაგედონს, მაგრამ რამდენი ხნით, ამის გაგება შეუძლებელია. ის კი ვიცით, რომ დღესაც არსებობს იმ თაობიდან ერთი ადამიანი, რომელიც არმაგედონის დადგომამდე ცოცხალი იქნება. ამ ფაქტზე მათემაც ისაუბრა (24:34).

იესო თავის მოსწავლეებს სამყაროს დასასრულზე ესაუბრება, მაგრამ მთელი მისი საუბრიდან ვიგებთ, რომ ეს დიდი ხნის მერე უნდა მოხდეს, მისი დროიდან დიდი ხნის მერე, ჩვენიდან კი - ახლოს. მაგალითად, როცა იესოს სალოცავი ტაძარი აჩვენეს, თქვა: „ქვა ქვაზე აღარ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“. იმის თქმა მინდა, რომ ის არ გულისხმობდა ორი ათასი წლით შემოფარგლულ პერიოდს, თორემ ასე არ იტყოდა, რადგან ტაძარი ორი ათასი წლის განმავლობაში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით დაინგრეს, და ეს მოხდეს სამყაროს დასასრულამდეც კი.

ასეა, მაგალითად, ვინმემ ტოტს ყვავილი რომ მოსწყვიტოს და თქვას, ამ ყვავილს ფურცელი ფურცელზე ჩამოსყდებაო. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა. ორი ათასი წლის შემდეგ იარსებებს თუ არა სამყარო, ყვავილს ფურცლები მაინც აღარ ექნება შემორჩენილი. თუგინდ რომელიმე მთაზეც მიეთითებინა იესოს, წარმომიდგენია, მაინც ასე იტყოდა: „ხედავთ, იმ მთას? - აღარ იარსებებს“.

ამის შემდეგ, ის ერთ საშინელ ფრაზას წარმოთქვამს: „სინამდვილეში, გეტყვით, რომ ამ თაობას ეს მოვლენა არ ასცდება“. ვინმემ ერთხელ მაინც რომ წაიკითხოს მისი ნათქვამი, გაიგებს, რომ ის თავის მოწაფეებს სამყაროს დასასრულში არწმუნებდა; ესე იგი, თაობა, რომელზეც ლაპარაკობდა, იყო სწორედ მათი, მოწაფეების. თუ არადა, მომავალ თაობას არ ასცდებაო, ასე იტყოდა. ლუკასაც მოჰყავს ეს წინადადება თავის სახარებაში (21:29), მაგრამ ჯერ იერუსალიმში შესვლაზე მოგვითხრობს, რაც ქრისტეს შემდეგ, 70 წელს მოხდა.

ყოველ შემთხვევაში, ასეა თუ ისე, იეჰოვას მოწმეები დარწმუნდნენ, რომ იმ თაობის ადამიანები, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, 1914 წელს ცხოვრობდნენ; და არმაგედონის პროცესი მაქსიმუმ ოცი წლით შემოიფარგლებოდა. ახლა იმის გაგებაა საჭირო, თუ რამდენი ცოცხლობდა მაშინ და რამდენი - დღეს.

 

დროის დაჩქარების მიზნით, ელია ფიქრობდა, კარდაკარ ევლო და სიცოცხლეს გამოესალმებინა 1914 წლამდე დაბადებულები, მაგრამ დღესდღეობით ჯერ კიდევ ბევრნი არიან ისინი. ცოტა ხანში უფრი იოლი იქნება ამის გაკეთება, მოთმინებაა ოღონდ საჭირო.

აი, მაშინ კი დაგვჭირდები შენ, ხოსე!

 

რელიგია, რომლის ჩამოყალიბებასაც ჩვენ ვგეგმავთ, სიმეტრიაზე იქნება დაფუძნებული. ყველაფრის სიმეტრიაზე, უფრო მეტად დროის ანუ დროის ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაზაზე - გაფართოებასა და შევიწროებაზე. საქმე შეეხება ღმერთის ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას.

მე და ელიას გვჯერა, რომ ჩვენი რელიგიის მიხედვით სამყარო განივრცობა, გაფართოვდება და მიაღწევს გარკვეულ წერტილამდე, მერე კი დაიწყებს უკან დაბრუნებას, შევიწროებას, საწყის მდგომარეობაში ჩადგომას. არმაგედონი ჩვენთვის მხოლოდ ის მომენტი იქნება, როცა ყველაფერი აიკრიბება, აღიგვება, შევიწროვდება, როცა სამყაროს არსებობის ისტორია საწყის წერტილს დაუბრუნდება.

დეტალურად რომ ავხსნა... სამყარო ღვთის ფილტვებივითაა და თავში, საწყის წერტილზე დგას. ის მხოლოდ ერთგანზომილებიანი ელემენტია, რომელიც მოულოდნელად იწყებს ნაწილებად დაყოფას - ორად, ოთხად, რვად და ა.შ. ამ ელემენტებიდან გაჩნდა სამყარო, ვარსკვლავები, გალაქტიკა. ყველაფერი ივრცობა, ერთიდან მეორე წარმოიქმნება და თანადათან ფართოვდება. საბოლოოდ, როცა მაქსიმალურ დისტანციას აღწევს, პროცესი ჩერდება, წყდება, და ღვთის  ფილტვები წყვეტენ ამოსუნთქვას. მერე იწყება ჩასუნთქვა. მთელი გალაქტიკა მოიწევა, ელემენტებს შორის დისტანცია შემცირდება. ისინი ორ-ორად, ერთმანეთს შეერწყმიან და მათი რიცხვიც შემცირდება. ორი ელემენტიდან ერთი გაჩნდება და მერე ისიც მეორე ასეთივე ელემენტს შეუერთდება; საბოლოოდ, რიცხვი თექვსმეტზე დავა, შემდეგ რვაზე, ოთხზე, ორზე, სანამ არ დაუბრუნდება საწყის წერტილს; და ამგვარად, სამყარო გახდება ერთი წერტილი.

მერე ისევ თავიდან დაიწყება. ასე დაუსრულებლად მიმდინარეობს ეს ციკლი, რომელიც თავის თავთან კრავს წრეს ყოველთვის. ყოველი ციკლის დასაწყისი ისეთივეა, როგორც წინა, როგორც პირველი. გალაქტიკა არ ივრცობა განსხვავებულად, არამედ სულ ერთნაირად. პლანეტები, მათზე არსებული ცივილიზაცია არ მოევლინება განსხვავებულად, არამედ ზუსტად ერთნაირი ფორმით. ასე მეორდება ცალკეული სიცოცხლე რამდენიმეჯერ, უსასრულოდ, და ეს დამოკიდებულია ღვთის ყოველ ამოსუნთქვა-ჩასუნთქვაზე.

დედამიწაზე ადამიანის ცხოვრების ისტორია იწყება გაჩენით და მთავრდება აპოკალიფსით. უკეთესად რომ ვთქვა, ეს ორი მოვლენა პირველი ფაზის (ამოსუნთქვის) ორ უკიდურეს წერტილს წარმოადგენს ანუ გავრცობიდან არმაგედონამდე. საწინააღმდეგო ფაზის აღწერა კი აღარაა საჭირო, რადგან ის პირველის სიმეტრიულია, მისი გადაბრუნებული სახეა.

 

ელიას უნდა დიდკარიანი ეკლესიის აშენება, რომელშიც არ იქნება სკამები და სვეტები, და იქნება მხოლოდ დიდი სივრცე; ხალხმა მანქანებით რომ შეძლოს შიგ შესვლა და წირვაზე დასწრება - საჯარო შეკრების ადგილი, ასე რომ ვთქვათ.

 

განმარტება, თითქოს ევოლუცია ქმნილებას ეწინააღმდეგება და პრობლემებს წარმოშობს, არასწორია. ამას მეცნიერებიც ამბობენ. და პრობლემა არ არსებობს, თუ ადამიანი და ნებისმიერი ჯიშის ცხოველი ისე შეიქმნა, როგორც დღეს გვაქვს, ან დროთა განმავლობაში გენეტიკის გადაგვარებით ფორმა შეიცვალა. ეს მხოლოდ დროის საკითხია. დრო კი შეზღუდული გვაქვს. ყველაფერს დაკვირვებით რომ გადავხედოთ და მთელ დროს თვალი გადავავლოთ, მივხვდებით, რომ ეს განმარტება არასწორია.

ღმერთმა დროთა განმავლობაში ისწავლა, რომ ჯერ უსულო და მარტივი საგნები უნდა შეექმნა - ქვები, ვარსკვლავები, სისტემები, ატმოსფერო, ბაქტერიები; მერე თანდათან უფრო რთულ რამეებზე გადავიდა - მცენარეები, ცხოველები და ა.შ. ბოლოს კი ადამიანი შექმნა.

ლეონარდო ექვსი წლის ასაკში ვერ შეძლებდა ჯოკონდას დახატვას, და ამაში ცუდი არაფერია. ოთხი წლის ბეთჰოვენიც ვერ მოახერხებდა მეცხრე სიმფონიის შექმნას. ყველაფერი თანდათან ისწავლება, თანდათან ვითარდება, ყოჩაღობაც, მონდომებაც. ასე ისწავლა ღმერთმაც და გახდა უფრო ყოჩაღი და გამოცდილი მისი ხელქმნილებებით.

თუ გვინდა, მივიღოთ ეს განმარტება, თუ არადა, სხვანაირადაც შეგვიძლია ვიფიქროთ, სხვა დასკვნა გამოვიტანოთ. მაგალითად, რომ ღმერთს ისეთი ადამიანის შექმნა კი არ უნდოდა, როგორიც დღეს არის, არამედ ისეთის, ევოლუცია რომ განეცადა მუდმივად და დროის პრობლემა მისთვის არ ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, დღესდღეობით ცხოველებიც არსებობენ, ადამიანებიც, და რა განსხვავებაა ისეთი? მხოლოდ დროის საკითხია, მეტი არაფერი. შექმნის პროცესი შეიძლება უწყვეტლივ მიმდინარეობდეს, და ერთ წამს კი არა, მთელ დროს იკავებდეს.

 

რა მოხდება არმაგედონის შემდეგ, არავინ იცის ჯერ, ადრეა ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ, ქალები და კაცები გამრავლების მაგივრად შემცირდებიან. სექსით აღარ გაჩნდებიან შვილები. ისინი დაწყვილდებიან, დაქორწინდებიან და გარდაიქმნებიან ერთ სხვა ადამიანად. ეს ადამიანი დაწყვილდება ასევე მათ მსგავსად წარმოქმნილთან და გაჩნდება კიდევ ერთი ადამიანი. ასე გაგრძელდება ბოლომდე. ასე მოხდება ცხოველებს შორისაც. საბოლოოდ ქალებისა და კაცების რიცხვი ისე შემცირდება, როგორც ფეხბურთის გუნდები შესარჩევი თამაშების დროს - მეთექვსმეტედები, მერვედები, მეოთხედები, ნახევრადფინალები და ფინალები. ის ორი ადამიანი, ბოლოს რომ დარჩება, იქნება ერთი ქალი და ერთი კაცი, რომლებსაც ერქმევათ ადამი და ევა. ამის შემდეგ, ღმერთი ისე დაშლის მათ, როგორც შექმნა. მერე ისევ დაიწყება აღმავლობა - შეიქმნებიან, დაქორწინდებიან, შევლენ ედემში, თანაც მხოლოდ ორნი, რადგან ჩემი აზრით, იქ სივიწროვე იქნება და მთელი კაცობრიობის დატევა ან თუნდაც მისი ნაწილის, შეუძლებელი გახდება. მათთან ერთად, ყოველი ჯიშის თითო წყვილ ცხოველსაც შეუშვებს უფალი. მერე ისევ დაითანხმებს გველი ადამსა და ევას ვაშლის ჭამაზე და ა. შ.

აი, ასე!

 

საინტერესოა, როგორ დახოცე შენი მშობლები, ხოსე! სამწუხაროა, რომ ისინი 1914 წლის მერე იყვნენ დაბადებულები. სასტუმრო ოთახში, სკამზე მიაბი ორივე და აიძულე, ეყურებინათ, როგორი სექსი გქონდა შენს პატარა დასთან... ამასობაში კი, ინფარქტით გარდაიცვალნენ. სექსოფობები ყოფილან! გული კი არ წაუვიდათ მხოლოდ, როგორც ლიფტში გაჩხერილებს ემართებათ კლაუსტროფობიით, არამედ პირდაპირ მოკვდნენ. ისე, რომ დავუკვირდეთ, მართლა სასწაულად დაბადებულხართ შენ და შენი დები. შენი მშობლები უბიწოები ყოფილან სიკვდილამდე, ასე გამოდის. სექსი ამხელა გავლენას თუ ახდენდა მათზე!.. აი, ზუსტად შენ ყოფილხარ სხვანაირად გაჩენილი, და არა ისე, როგორც ზემოთ ავხსენი იესოს დაბადებაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდა შემთხვევით, და რომ შენ სულაც არ ხარ დამნაშავე მათ სიკვდილში, არ ხარ მათი მკვლელი, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან მერე რაც გააკეთე, ისაა საქმე!

კიდევ, ჩემი მიზანი არაა შენი უდანაშაულობის დამტკიცება. არ აქვს მნიშვნელობა, რა არის კარგი და რა - ცუდი. მე არ მაინტერესებს ესენი. მე არ მჯერა კარგისა და ცუდის; არ მჯერა კეთილი და ბოროტი ადამიანების; არ მჯერა, რომ ერთ მხარეზე კარგები დგანან, მეორეზე - ცუდები; და რომ ეს ყველაფერი დაფაზე დახაზული სქემასავით იყოს,

ყველაფერს მედალიონივით ორი სახე აქვს, და მათი გაყოფა არ შეიძლება. ერთი შეხედვით, შეიძლება ყველაფერი ნათლად ჩანდეს, მაგრამ თუ ღრმად დავუკვირდებით, გავიგებთ, რომ ვცდებით. შეუძლებელია იყო მხოლოდ კეთილი ან ბოროტი; შეუძლებელია იყო სხვაზე კარგი ან სხვაზე ცუდი. შეიძლება ერთი ადამიანის ან ჯგუფის წინაშე მოახდინო ასეთი შედარება, მაგრამ არა - მთელი კაცობრიობის წინაშე. შეუძლებელია იყო ყველასთვის კარგი, ამიტომაც ღმერთი არც კარგია და არც ცუდი.

მე თუ დავქორწინდები, ამას გავაკეთებ ერთ ადამიანთან. ქორწინება ლამაზი, სასიყვარულო ქმედებაა, და მე სიყვარულს იმ ადამიანის მიმართ გამოვხატავ მხოლოდ, რომელთან შეუღლებასაც ვაპირებ, მაგრამ ამავე დროს, უარს ვამბობ სხვებთან ქორწინებაზე, ანუ ვამჟღავნებ სიყვარულის საწინააღმდეგო განცდას კაცობრიობის დარჩენილი ნაწილის მიმართ. მე თუ ვინმე მიყვარს, ნიშნავს, რომ მის გარდა სხვა არავინ მიყვარს. ეს იგივეა, რომ მძულდეს ყველა, ერთის გარდა. და აი, სრული უწონასწორობაც!

არაფრით არ შეიძლება იყო მაღალი და იმავდროულად, სხვები არ იყონ დაბლები ან იფრინო ისე, რომ სხვები ქვევით არ დატოვო, არ აგრძნობინო მათ თავი დაბალ საფეხურზე; არ შეგვიძლია გავხდეთ მდიდრები და ამავე დროს, დანარჩენები არ იყონ ღარიბები ან პირიქით, ვიყოთ ღარიბი და სხვები - მდიდრები.

მე არ მჯერა, რომ არსებობენ კეთილი და ბოროტი ადამიანები, რადგან არ არსებობს სიკეთე და ბოროტება ცალ-ცალკე, რადგან ერთის უკან ყოველთვის მეორე იმალება. თუ ერთ ადამიანს მივანათებთ სინათლეს, დანარჩენები ბნელში მოხვდებიან. შეუძლებელია ყველას შეყვარება. მაქსიმალური, რასაც შეგვიძლია მივაღწიოთ, არის, ვიყოთ ყველას მიმართ გულგრილი, თუმცა ეს მაინც ასეა, გარდაუვალია. საბოლოოდ, ვრწმუნდებით, რომ ღმერთი გულგრილია ჩვენ მიმართ, და ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც მის მიმართ.

მაგრამ მხოლოდ ეს არაა. თუ ჩვენ სახლში სტუმრად მივიწვევთ ვინმე მკვლელს, მაგრამ არ ვიცით, რომ მკვლელია, მან კი მხოლოდ გვცემა და სახლი გაგვიქურდა, ვიტყვით, ბოროტმოქმედი ყოფილაო. მკვლელი თავის ქმედებებს პირიქით, კარგად ჩათვლის, რადგან არ ჩაუდენია მისთვის ჩვეული სისასტიკე, ანუ ის, რაც წარსულში გაუკეთებია სხვებისთვის - არ მოვუკვლივართ, არ უწამებია ჩვენი პატარები, არ გაუუპატიურებია ჩვენი ცოლი. აბსურდია იმის თქმა, რომ ღმერთი კეთილია ან ბოროტი, რადგან არ გაგვაჩნია სხვა შესადარებელი სიტყვა. ვინ იცის, როგორ მოექცა ის სხვა ადამიანებსა და ცხოველებს ჩვენგან განსხვავებულ სამყაროში, სხვა პლანეტებსა და ცივილიზაციაში. ვინ იცის...

 

ასე რომ, ხოსე, მე შენი დაცვა არ მაინტერესებს, არც მინდა. შენი სურვილითაც რომ მოგეკლა, ვერ გაგაკრიტიკებ მაინც, რადგანაც იმით, რაც გააკეთე, იმ წუთიდანვე, შენდა საწინააღმდეგოდ, ყველა კეთილად გარდაგვქმენი, ყველა ადამიანი კარგად წარმოაჩინე, მთელი კაცობრიობა, ანუ ისინი, ვისაც მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია; ხოლო ვისაც მანამდე მოუკლავს და შენზე მეტი ცუდი გაუკეთებია, გახადე ნაკლებად ბოროტი, მაგრამ ამით ადამიანის ხერხემალი და სამყაროს ბარიცენტრი, რომელზეც ყველაფერია დაყრდნობილი, ერთი მილიმეტრითაც არ გადაწეულა, არც შენძრეულა, ხოსე; მაშინ, რაღაა საწუწუნო?!

 

უამრავი რამის თქმა შეიძლება, უამრავი აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ შენ, რაც მთავარია, ადამიანების დადებითად წარმოჩენით შეამსუბუქე მათი ცოდვები და ტვირთისაგან გაათავისუფლე მათი სულები. შეიძლება ითქვას, რომ შენ ქრისტე ხარ, ხოლო ის, ვინც ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ცხოვრობდა, იყო ანტიქრისტე, რომელმაც მთელი თავისი სიკეთით, ყველა ბოროტი გაგვხადა. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამაზე.

შენ და ის ერთი ხართ, ერთი და იგივე ადამიანები. მე ვიცი, რადგან იქ ვიყავი. მთავარი ისაა, რომ შენ დროის ორივე მონაკვეთზე წონასწორობა გამოამჟღავნე და ქმედებით - სიმეტრიულობა; და თუ კეთილი ადამიანი იყავი ჯერ და მერე - ბოროტი ან პირიქით, მნიშვნელობა არ აქვს.

ეს ნიშანია. ნიშანი იმისა, რომ მოვლენები უკვე შემოტრიალდა, რომ უკვე ჩასუნთქვა დასრულდა და ამოსუნთქვა იწყება.

 

რა თქმა უნდა, საქმე ასე იოლად არაა. ბევრი დეტალი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ მე და ელიას დრო ჯერ კიდევ გვაქვს ამისათვის. საბოლოოდ, ყველაფერი მექანიზმივით აეწყობა, ვიცი. მაგალითად, შენ რომ ქრისტე იყო, არმაგედონიც მოთავებული იქნებოდა და ადამიანებს შეწყვეტილი ექნებოდათ გამრავლება.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება ერთიანად არ მოხდება, ერთ რაღაც მომენტში არ იქნება, არამედ დროთა განმავლობაში, საფეხურეობრივად. თანდათან რაღაცები გარდაიქმნება, შეიცვლება; მაგალითად, ჯერ - ადამიანები, მერე - სხვა დანარჩენი. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ შენ პირველი იყავი ასეთი. აი, როგორც იესო იყო სრულიად კეთილი, შენ ხარ მისგან საპირისპირო - სრულიად ბოროტი ადამიანი.

რა ბოროტება ჩაიდინე ასეთი?! მინდა ვთქვა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე იქნება ვიღაც, ვისაც შენზე მეტი ცუდი ექნება გაკეთებული; და მერე, რა გააკეთა იესომ? კი, გაამრავლა პური და თევზი. კარგი ხაბაზი იყო და წვალებით მოკვდაო, შეიძლება ასეც ვთქვათ, მაგრამ ერთადერთი ხომ არ იქნებოდა?! აქაც, მთელი ისტორიის მანძილზე მოიძებნება ისეთი ადამიანი, მასზე მეტი რომ ექნება გაკეთებული. ასე რომ, სიმეტრია დაცულია. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი გამოსწორდება. ხალხმა წარსულში უამრავი სისულელე დაიჯერა ხსნაზე, სიკეთეზე, ბოროტებაზე, მამაკაცზე, ქალზე, ცხოველზე, საკუთარ თავზეც კი.

 

ყველაფერი სხვა უმნიშვნელოა. მე შეიძლება, არც კი ვარსებობდე და ვერც ვერავინ დაამტკიცებს, რომ ვარსებობ, ვერც სამყარო და ვერც ღმერთი. ყველაფერს რწმენით ვაკეთებთ ჩვენს წარმოდგენაში. იმის დაჯერება, რომ ერთი რამ არსებობს და მეორე - არა, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ. კრეატიულობა ფანტაზიის შედეგია და ჩვენ იმის შექმნა გვინდა ყოველთვის, რასაც წარმოვიდგენთ, მაგრამ ხალხს თუ ფანტაზიის უნარი არ აქვს, მაშინ ბევრ რამესაც დაიჯერებს.

 

ვინ დაუკრავს ბოლოს სამართლის საყვირს? მაილს დევისი? და რას დაუკრავს? ჯაზს?

 

შენი პატარა დები რომ დაახრჩვე... კაენმა, მაგალითად, საკუთრი ძმა რომ მოკლა, ყველა შეშფოთდა; მაგრამ აბა, ვინ უნდა მოეკლა, დედ-მამის გარდა სხვა არავინ იყო, და! მშობლები რომ მოეკლა, ამაზეც შეშფოთდებოდა ყველა. ჰოდა, მითხარით აბა, ვინ უნდა მოეკლა, კმაყოფილი რომ დარჩენილიყავით?!

შენი დების ცხედრებს სასტიკად კი მოექეცი... ბასრი დანით საშო გადაუშალე, სადაც მხოლოდ ერთი უბიწო კანი იყო, მეტი არაფერი, და შიგ გაათავე. მათი სხეულების რა ნაწილზეც მოგიხერხდებოდა, იქ აქცევდი თესლს, თითქოს ყველგან საშო ყოფილიყო.

 

მართალია ისე, ჩვენი სხეულის ორგანოები, ცოტა არ იყოს, არაა კარგად განაწილებული, მოუხერხებლადაა განლაგებული და ეს განსაკუთრებით კარგად იგრძობა, მანქანაში თუ გაქვს სექსი. არ ვიცი, მაგრამ შეიძლებოდა მამაკაცის სასქესო ორგანო გენეტიკურად ხელზე ყოფილიყო, ქალის კი - ყურში. ისე ვამბობ, მაგალითისთვის. ჰო, თუმცა, მაშინ მანქანები არც იყო გამოგონებული.

 

ელია იესოზე ამბობს, ფერმერი იყოო, რომელმაც ადამიანის რასა გამოიყვანა და ისიც, მხოლოდ თავისთვის, როგორც თავად სურდაო; ამბობს ასევე, რომ კაცობრიობის მიზანი მთელი ისტორიის მანძილზე იესოს გამრავლებააო. იესო თავისი დამახასიათებელი და განსაკუთრებული თვისებებით ღმერთის რჩეული ადამიანი იყო. ღმერთმა ის მის საუკეთესო ასაკში შეარჩია. მართალია, მერე მოაკვლევინა, მაგრამ თავისთან კი წაიყვანა ცაში, რომ შეეჭამა ალბათ.

 

ბოლოს, რომ აღარ აინტერესებდა დედამიწაზე არსებული ადამიანის სახეობა, სხვა პლანეტაზე გაფრინდა, იქაურ მოსახლეობას რომ დაკვირვებოდა, და სადაც იესო ჯერ კიდევ უნდა დაბადებულიყო. ასე შექმნიდა ღმერთი სიცოცხლეს სხვა პლანეტებზეც, და შესაფერის დროს თავისივე მოწეულ ხილს აიღებდა. ეს ხილი კი, ადამიანის სახით, იესო იქნებოდა. აღარაფერი გვაკავშირებს ღმერთთან უკვე.

 

ჟურნალისტი გეკითხება: „ასე რამ გიბიძგათ, თქვენი ორი და, ასე პატარები, რომ გააუპატიურეთ და მერე მოკალით? რა იყო ამის მიზეზი?“

შენ პასუხობ: „ პატარა გოგონები ლამაზები არიან, ლამაზი კანი აქვთ. არ აქვთ ზედმეტი თმა და განსაკუთრებით, არ აქვთ ცელულიტი. მე ვერ ვიტან ცელულიტს!“

 

უამრავი თეორია არსებობს კიდევ, მაგრამ ვერ გამოვიყენებთ მე და ელია, რადგან ვერ ვუთანხმებთ ერთმანეთს. ბევრი კიდეც გამოვრიცხეთ. აი, მაგალითად, კაცობრიობის გაჩენა და აპოკალიფსი შეცდომით ცვლიდა ერთმანეთსო, და რომ ადამი და ევა ჯერ კიდევ უნდა დაბადებულიყვნენ ან დაიბადნენ, მაგრამ არა - ადამიანებად, ან თითქოს ჩვენ არ ვიყავით ადამიანებიო. მოკლედ, ამ თეორიის მიხედვით ადამსა და ევას ჩვენთან არაფერი საერთო არ უნდა ჰქონოდა.

ერთი იყო კიდევ, რომ ამბობდა, თითქოს ევოლუცია კი არა, მისი საწინააღმდეგო რამ მოხდა, რომ ედემში მყოფი ადამიანებისა და ცხოველების წყვილები არაფრით ჰგავდნენ დღევანდელებს და მათი ჯიშებიც შეერივნენ ერთმანეთსო. ეს იმიტომ, რომ როგორც ადრე გითხარი, იქ თითო-თითო წყვილი იყო ყოველი ჯიშის ცხოველის, და ღვთის შიშის გამო ინცესტის დაშვებას ეწინააღმდეგებოდნენ. მაშინ გამოდის, ადამი ევას მაგივრად დედალ შიმპანზეს შეჯვარებია ან შეიძლება სხვა რამესაც. ასე მოქცეულა ევაც. არავის გაუთვალისწინებია წყვილთა წესები, რამაც ჯიშების აღრევა გამოიწვია.

მერე? - არაფერი. ესეც გადავდეთ გვერდზე. სხვა მხრივ, შეგვიძლია ვიყოთ ტრანსგრესიულები და ვაღიაროთ, რომ ინცესტი ძალიან კარგი რამეა. სამწუხაროდ, ერთადერთი შვილი ვარ; და არც მამა და არც დედა არ აღმაგზნებენ.

იშვიათობაა, იეჰოვას მოწმეებს ერთი შვილი ჰყავდეთ მხოლოდ. ჩვეულებრივ, ოჯახები მრავალშვილიანები არიან, რადგან არ შეიძლება კონტრაცეპტივების ხმარება, როგორც ირლანდიაშია. ვფიქრობ, დედა ჩემზე მშობიარობის შემდეგ გახდა სტერილური.

 

მე და შენ დავქორწინდებით, ხოსე! შევუღლდებით, როგორც კი ჩამოხვალ აქ. შევერწყმებით და გარდავიქმნებით ერთ სხვა ადამიანად, თუნდაც მამად ან დედად, რომლებიც თავის დროზე სხვა ვინმესთან შეერთდებიან. მე და შენ, ხოსე, ვიქნებით პირველები, პირველი წყვილი, როცა ღმერთი ერთი წამით შეიკრავს სუნთქვას ამოსუნთქვის დაწყებამდე.

 

მაშინ დაგადანაშაულეს, ახლა კი სიმეტრიის წესის მიხედვით, უნდა გაგამართლონ. გაგათავისუფლებენ, რადგან ახლა დამნაშავე ხარ.

იმ შემთხვევაში, რომ არ გაგამართლონ, ვიცი, ორი ანგელოზი ჩამოვა, მოგკიდებენ ხელს და ჩემთან წამოგიყვანენ. ორი თეთრი ანგელოზი იქნება; ალბათ ისინი, მაშინ რომ იყვნენ. მე დავინახე. იქ ვიყავი იმ დროს. დავინახე, ციდან რომ ჩამოვიდნენ, ქვა გადააბრუნეს და შიგ შევიდნენ. მერე სამივე ერთად გამოხვედით. სამივე ჩრდილებივით იყავით, მაგრამ ბრწყინავდით და შორს, ცისკენ მიიწევდით. რაც უფრო შორს მიდიოდით, მით უფრო ილეოდით. მიწასთან სანამ იყავით ახლოს, მე ქვემოდან ვუყურებდი თქვენს ფეხებს, რომლებიც თანდათან მშორდებოდნენ; და თქვენ მიმავალ ჩრდილს ჰგავდით, ლამპიონით რომ ანათებს უკან.

ასე იყო.

 

იტალიურიდან თარგმნა მაია ტურაბელიძემ

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE