იმაკოლატას მიწა


იმაკოლატას მიწა




ფელისიან მარსო ლუი კარეტის ფსევდონიმია. დაიბადა 1913 წელს, ბელგიაში, გარდაიცვალა პარიზში, 2012 წელს. არის პიესების, რომანების, კინოსცენარების ავტორი. ბელგიაშიც წერდა, მაგრამ ნამდვილი სამწერლო საქმიანობა 1953 წლიდან დაიწყო, როდესაც იტალიური ნოველები გამოაქვეყნა. 1959 წლიდან არის საფრანგეთის მოქალაქე. ეს სტატუსი დე გოლმა მისცა, რადგან 1946 წლიდან ჩამორთმეული ჰქონდა ბელგიის მოქალაქეობა: გაასამართლეს და თექვსმეტწლიანი სასჯელი მიუსაჯეს ბრიუსელის რადიოგადაცემებში მოკავშირეების მიერ ბელგიის გათავისუფლების მეთოდების კრიტიკის გამო.

1975 წლიდან არის საფრანგეთის აკადემიის წევრი.

ნოველების კრებულში "კარგი ბუნებისანი" ცოტა მკბენარე, მაგრამ მაინც ლმობიერი იუმორით აღწერს ნეაპოლის ცხოვრების სურათებს.

გარდაიცვალა 2012 წელს, 99 წლის ასაკში.

 

მარი’ანტო!

შუადღის ძილით ღრმად ჩაძინებულს, ყვირილი მესმის და მაღვიძებს. ვბუზღუნებ, გვერდს ვიცვლი. ამაოდ. ამაოა კვლავ ჩაძინების მცდელობა. როდესაც იმაკოლატა შვილს ძახილს უწყებს, ის ოცწუთიანი მაინცაა. შემოწმებული მაქვს. დაახლოებით ოცდაათი დაძახება მაინცაა საჭირო, რომ ან მარი’ანტომ გაიგონოს, ან დედამისი შეწუხდეს და მის საძებნად წავიდეს.

- მარი’ანტო!

ხმა ერთი ტონითაც არ იწევს. თითქოს იმაკოლატა მექანიკურად ყვირის, ისე, უსაზმოდ. ფანჯრიდან ვხედავ კაქტუსებით, ველური ყვავილებით, ფორთოხლისა და ლეღვის ხეებით გადავლილ ვიწრო ეზოს. ჭახჭახა მზეა. გადამხმარ მიწაზე ჩრდილები დანით გადაჭრილებს ჰგვანან. არაფერი იძვრის. თვით მარი’ანტოც, ვის პატარა წითელ კაბასაც ძაღლყურძენას უკან ვხედავ, განაგრძობს თამაშს. სხვათა შორის, ზუსტად დედამისივით, რომელიც თავის სამზარეულოში განაგრძობს ყვირილს, ქვაბების ხეხვას ან დაწნული ჩალის მარაოთი დანიავებას, რომელსაც ნაღვერდლის გასაღვივებლადაც იყენებს ხოლმე. აქ რაღაც უსიტყვო გასაუბრების მსგავსთან გვაქვს საქმე. ორივემ, დედამაც და შვილმაც, კარგად იცის, რომ ეს ძახილი მხოლოდ რაღაც ფორმალობას წარმოადგენს, განკუთვნილს...

- მარი’ანტო!

...განკუთვნილს თითქმის უცვლელ ფინალურ რიტუალამდე მისაღწევად: იმაკოლატა იფეთქებს, წყევლა-კრულვით ეშვება ეზოში, ერთი კარგად წაუთაქებს მარი’ანტოს, მარი’ანტო ატირდება და იმაკოლატა კვლავ უბრუნდება სამზარეულოს ცას და დედამიწას იმოწმებს, შეჰღაღადებს ფორთოხლის ხეებსა და ძაღლყურძენას ბუჩქებს, რომ ეს ბავშვი მისი ჯვარცმაა, რომ ნამდვილად ის მოუღებს ბოლოს. რაღა თქმა უნდა, ეს უბრალოდ სიტყვის მასალაა, ლაპარაკის მანერაა. იმაკოლატა აღმერთებს თავის ნაბოლარას, ყველა ჭირვეულობას, ცელქობას პატიობს. იმ დღეს მარი’ანტომ დახია ფურცლები, რომლებიც ჩემს საწერ მაგიდაზე ნახა. დედამისი ძალიან გაუწყრა, მაგრამ წამსვე დაამატა, რომ სხვა პატარა გოგონა ნაგლეჯებს ნამდვილად მთელ ოთახში მიმოაბნევდა, მარი’ანტომ კი მშვენიერ პატარა გროვად დაყარაო. მართალი იყო, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, ეს მშვენიერება ამცდენოდა.

უეცრად რაღაცამ განმაცვიფრა: იმაკოლატა აღარ იძახდა. მარი’ანტომ გაუგონა? არა, ისევ იქაა, ვხედავ მის კაბას ძაღლყურძენას გრძელ მტევნებს უკან. აქედან უნდა დავასკვნა: იმაკოლატამ ფარ-ხმალი დაყარა. ეს, მაგალითად, სიახლეა. იმაკოლატა სუსტია, მაგრამ ჯიუტი. თავისი ჩანაფიქრი, თუნდაც უმცირესი, ბოლომდე მიჰყავს. ოხვრა-კვნესით მიიწევს წინ, მაგრამ უკან არასდროს იხევს. ისიც მართალია, რომ ამ ბოლო ხანს იმაკოლატა ვერაა კარგად. რაღაც შეუჩნდა, ხრავს, აწუხებს. ვიცი, რაც. მელაპარაკა ამის თაობაზე. მისი მიწის ნაკვეთის ამბავია. გრძელი ისტორიაა. დიდი ხნის წინანდელი.

აქ უნდა ითქვას, რომ ერთ დღეს, ასე, ათიოდე წლის წინ, იმაკოლატამ ძმისგან მემკვიდრეობა მიიღო. იქამდე მშვიდად, ღარიბულად ცხოვრობდა თავის ხუთ შვილსა და ქმართან ერთად. განზრახ ვახსენე ქმარი ბოლოს. ახლა ის გარდაცვლილია, მაგრამ ცოცხალიც ყველაზე ნაკლებ ანგარიშგასაწევი იყო მთელ ოჯახში. იმაკოლატა სრულად ბატონობდა. მხოლოდ შესახედაობითაც კი. ქალიშვილობაში ალბათ გამხდარი და ნარნარა იქნებოდა, მაგრამ რაც მე ვიცნობდი, სულ უზარმაზარი იყო, კაბაში ძლივს ეტეოდა, თმა სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი, სულ ხმამაღლა ლაპარაკობდა. Qმარი - პირიქით, პატარა, კაფანდარა, მშვიდი, თავაზიანი კაცი იყო. ხელობით დურგალი. და, განსაკუთრებული სახასიათო ნიშანი ჰქონდა, სულ დანტე ადგა პირზე. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ნაწყვეტებს ამბობდა ზეპირად, არამედ წამდაუწუმ  ახსენებდა, იმოწმებდა: «დანტეს უნდა ენახა ეს.» ან  «დანტე უკეთ ვერ იტყოდა» ან კიდევ, უფრო მარტივად, «ეს დანტესეულია.»

მოკლედ, იმაკოლატას ჰყავდა ძმა, მოხუცი ფაბიო, სოციალური მდგომარეობით მეწარმე, მის განკარგულებაში ოთხი კალატოზი და ხუთი თუ ექვსი მოხუცი ქალი იყო, სრულიად ნამდვილი გამოთაყვანებულები, რომელთაც თავზე შემოდგმული კალათებით ნესვებს აზიდვინებდა, რაც ძალზე მოხერხებული მანერა იყო გადასახადებისგან თავის დასაძვრენად. ეს ფაბიო ერთ დღეს მოკვდა და იმაკოლატას მთელი თავისი ქონება დაუტოვა: ბინა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი რაღაც სამშენებლო მასალა. მასალა წამსვე გაყიდა იმაკოლატამ და მისმა ოჯახმა დაიკავეს ბინა. ეს უკანასკნელი უზარმაზარი შენობის ნაწილი იყო, ოდესღაც მონასტერი ყოფილა, შემდეგ მეფე მიურატის ჯარისკაცების ყაზარმა და მერე ორმოციოდე ბინად დაყოფილი სახლი, სრულიად მოუვლელი, მაგრამ სქელი, ერთი მეტრი სისქის კედლებით და კიბით, სადაც ექვსი ცხენი გვერდიგვერდ თავისუფლად გაივლიდა. შუაში დიდი ეზო იყო, სადაც სამი ბებერი, სპილოს თათებივით დამსკდარი პალმა იდგა.

მემკვიდრეობის მიღებიდან თხუთმეტიოდე თვის თავზე იმაკოლატამ ქაღალდი მიიღო, რომელზეც მიწის გადასახადი იყო მითითებული, რომელიც უნდა გადაეხადა. რაღა თქმა უნდა, ასეთი რამ ჯერ არასდროს შემთხვეოდა. ძალიან გაამაყდა ამით, სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ამაზეღა ელაპარაკებოდა მეზობლებს, კარგ ტონად მიაჩნდა თავი შეწუხებულად მოეჩვენებინა ამ გადასახადის გამო, ზუსტად ამბობდა თანხას, რომელსაც მისგან მოითხოვდნენ და ბოლოს გადაიხადა კიდეც, ისე რომ ქაღალდი წესიერად არც კი წაუკითხავს და, რასაკვირველია, ქმრისთვისაც არ უჩვენებია. ეს უძრავი ქონება მხოლოდ მას ეკუთვნოდა და მასვე უნდა ემართა.

მომავალ წელს, როგორც მოსალოდნელი იყო, ისევ მოვიდა ქაღალდი. იმაკოლატას ენთუზიაზმი ცოტა შენელდა. ფურცელი უფრო ყურადღებით გადაიკითხა და მიუხედავად გარკვეული გონებაჩლუნგობისა, შენიშნა, რომ აქ საქმე მიწის ნაკვეთს ეხებოდა, რომელიც ვია კაპოდიმონტეს ნომერ 17-ში მდებარეობდა და რომელზეც აქამდე არაფერი სმენოდა. აღელდა, რამდენიმე კვირა იფიქრა ამ საკითხზე და ბოლოს დაასკვნა, რომ როგორღაც ზარალს აყენებდნენ მის მემკვიდრეობას. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსს ეწვია და ძალზე გაცხოველებული საუბრის შემდეგ, ამ კაცმა ძლივძლივობით და ხელის ხელში გაყრით, როგორც იქნა, დაარწმუნა, რომ მემკვიდრეობის გადაცემის ოპერაციები სრულიად მოწესრიგებული იყო და საქმე სავარაუდოდ ადმინისტრაციულ შეცდომას ეხებოდა. იმაკოლატა კრუხივით აჯდა ამ პრობლემას რამდენიმე კვირის განმავლობაში, რის შედეგადაც შეხსენება მიიღო, რომელმაც გადასახადების შემკრებთან მიიყვანა. ეს კაცი ოფიციალური აღმოჩნდა: შესაძლოა, იყო შეცდომა, ის არ უარყოფდა ამ ჰიპოთეზას, მაგრამ ჯერ გადახდა იყო საჭირო.

- მიწის ნაკვეთისთვისაც?

- მიწის ნაკვეთისთვისაც.

- კი, მაგრამ ის ჩემი არაა...

- ჯერ უნდა გადაიხადოთ. იმავდროულად, მე ყურადღებით ჩავინიშნავ თქვენს საჩივარს. თუ ეს შეცდომაა, შიში ნუ გექნებათ, თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

- მაგრამ...

- ასეთია წესი.

ამ მკაცრმა კანონმა ააღელვა იმაკოლატა. გადაიხადა.

გადასახადების ამკრეფი ბრწყინვალე კაცი იყო. მაგრამ უაღრესად ლათინური უცნაურობა სჭირდა: პრეტენზია ჰქონდა, რომ უკვე მანამდე იგებდა საქმის არსს, სანამ აუხსნიდნენ. რა თქმა უნდა, სულ თავდაყირა შეადგინა საჩივარი. აქ კიდევ ახალი ადმინისტრაციული შეცდომა იქნა დაშვებული. კვლავ იმედგამაცრუებელი პასუხი მოდიოდა. ათი თვის თავზე, იმაკოლატამ წერილი მიიღო, რომელიც აცნობებდა, რომ მისი საჩივარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული, რადგან ზემოხსენებული გადასახადის ნიხრი  სრული სიზუსტით იყო ნაანგარიშები. და, ორი თვის შემდეგ, კიდევ ახალი ფურცელი: მიწის ნაკვეთი იქ ისევ მოიხსენიებოდა კუთვნილ ბეგარასთან ერთად. იმაკოლატამ ისევ მიმართა გადასახადების ამკრეფს. ისევ შეადგინეს ახალი საჩივარი და, პასუხის მოლოდინში, ისევ გადაიხადა.

ასე გავიდა ერთი წელი. გადასახადის ახალ ფურცელს ცოტა ხნის შემდეგ წერილიც მოჰყვა, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ ერთი წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი პირნათლად იხდიდა ბეგარას; საიდანაც ასკვნიდნენ, რომ იმ მომენტისთვის ის იყო ამ მიწის მფლობელი; და თუ, შემდეგ მიწა გადავიდა სხვის ხელში, საჭირო იყო, რომ გადამხდელს ეცნობებინა მიმღების სახელი და წარედგინა გაყიდვის აქტის ასლი.

აქ იმაკოლატამ თავშეკავება დაკარგა. ისე დაუმძიმდა გული, რომ დარდი ქმარსაც კი გაუზიარა. ამ უკანასკნელმა ერთი შესძახა და მდგომარეობას დანტესეული კვალიფიკაცია მიანიჭა. მაგრამ ეს არ იყო გამოსავალი. საკონსულტაციოდ ერთ მეზობელთან, პენსიაზე გასულ კარაბინერების სერჟანტთან წავიდნენ, რომელსაც უბანში გარკვეული წონა ჰქონდა. სხვა მეზობლებიც მოიხმეს მაშველებად. საუბარმა მალე თავბრუდამხვევი მიმართულება მიიღო და ყველაზე გასაოცარი აზრები იქნა გადმოსროლილი ხალიჩაზე. ამ ღრიანცელში იმაკოლატას ქმარი ცდილობდა, თავისი აზრი გამოეთქვა.

- რომ წავსულიყავით და გვენახა ეს მიწა?

მაგრამ გამტყუნებული დარჩა, წყნარი კაცი იყო და მხოლოდ ერთხელ მოახერხა სათქმელის თქმა. კაციშვილმა არ უგდო ყური. სხვები უთავბოლო კამათში იყვნენ თავით გადაშვებულნი. სერჟანტს რაც შეეხება, მას მიაჩნდა, რომ უნდა გადაეხადათ და ადმინისტრაციას უნდა მინდობოდნენ.

- ჯერ გადახდა!

ეს ავტორიტარული პრინციპი მას მოსწონდა. ერთმა, უფრო გაქნილმა, თქვა, რომ გადახდის ძალით, ხანდაზმულობის ვადით შეეძლოთ ეთამაშათ და ერთ მშვენიერ დღეს დიდი სარგებელიც ენახათ. მესამემ უფრო შორს შეტოპა და თქვა, რომ რახან იმაკოლატა იხდიდა, ხვალვე სრული უფლებამოსილებით შეეძლო წასულიყო და მიწა დაეკავებინა. სერჟანტმა წამოიყვირა:

- სად არის მფლობელობის საბუთი?

ამ სეჟანტს სწორი ცხვირი და გამოცარიელებული მზერა ჰქონდა, რომელსაც ძირითადად რომაელი იმპერატორების ბიუსტებში ვხვდებით ხოლმე. ეს მის სიტყვებს განსაკუთრებულ წონას მატებდა. თავყრილობა გრძელი წერილის შედგენას შეუდგა, სადაც თითოეულმა თავისი აზრი შეიტანა და რამაც ის საკმაოდ უთავბოლოდ აქცია. დიდი გულმოდგინებით თუ ჩაუკვირდებოდით, შეიძლებოდა ამოგეკითხათ, რომ, თუ იმაკოლატამ გადაიხადა პირველი წლის გადასახადი, ეს მისი დარდისა და დაბნეულობის  ბრალი იყო; რომ ამ ნიადაგზე, სხვათა შორის, არასდროს შეუდგენია საჩივარი; რომ მისი დავა შეეხებოდა მხოლოდ მომდევნო წლებს; რომ თუ ადმინისტრაციის ნება ასეთია, იგი მზადაა გახდეს მიწის მფლობელი, მაგრამ რადგან არასდროს ყოფილა მეპატრონე, მას ძალზე უჭირს, მიუხედავად კეთილი ნებისა, გაყიდვის აქტის წარდგენა.

კეთილი. მაგრამ ქმარს უარი არ უთქვამს თავის აზრზე. მეორე დღეს ის მიწის მოსაძებნად წავიდა.

ვია კაპოდიმონტე პატარა ქუჩაა, ძალიან მოკლე, მშვიდი და ქალაქის მეორე მხარეს მდებარეობს. დასაწყისში ძველი უხეში ქვის ყორეებია ბუგენვილეებით გადავლილი, რასაც პატარა სახლები მოჰყვება. ქმარი ყურადღებით აკვირდებოდა ნომრებს. N14 იყო დაბალი, ჭყეტელა ვარდისფრად შეღებილი სახლი. წირთხლზე პატარა გოგონა იჯდა, ძალზე დაკავებული ნაფოტზე ძაფის შემოხვევით. N15-ს დაბზარული ფასადი ჰქონდა და მიტოვებულს ჰგავდა. N16 უფრო დიდი სახლი იყო, ფანჯრებზე შეუფერებლად გამოფენილი სარეცხი მრავალი დამქირავებლის ყოფნას მიუთითებდა. N15 და N16 ნომრების შემდეგ ვია კაპოდიმონტეს სხვა ქუჩა კვეთდა, ქვიანი და აღმავალი. ქმარმა გადაკვეთა, გულაძგერებულმა. ჰა და ჰა, მივიდოდა ამ ყბადაღებულ მიწამდე. მაგრამ პერპენდიკულარული ქუჩის იქით მხოლოდ სახლები დახვდა. შეხედა ნომრებს: პირველი სახლი N1 იყო, სახლი მის პირდაპირ - N2. მუნიციპალიტეტის კოპწიაობის წყალობით ნომრები მწვანე მაიოლიკის ფირფიტებზე შავად იყო გამოყვანილი და კედლებში მყარად ჩასმული. დღესავით ნათელი იყო, რომ N17 არ არსებობდა. ქმარი N2-ის ფანჯარაში გამოჩენილ ფაშფაშა ქალს შეეკითხა. არა, ვია კაპოდიმონტე მეორე მხარესაა. აქ ვია ნაპოლია. ქმარი გამობრუნდა. ცხადი იყო, რომ ვია კაპოდიმონტე N15-ით და N16-ით მთავრდებოდა. არავითარი კვალი N17-ისა არ ჩანდა. და არავითარი მიწა თვალსაწიერზე.

გამარჯვებული ქმარი შინ დაბრუნდა. ძალზე გამარჯვებული. იმაკოლატას უკვე მიაჩნდა, რომ ქმარი ძალზე გადაჭარბებულად იყო დაკავებული მისი ადგილ-მამულის ქონებით, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას სულაც არ ეხებოდა. მისი მოტანილი ახალი ამბავი დამატებითი მიზეზი გახდა იმისთვის, რომ იმაკოლატას ბედი დაეწყევლა.

- თუ მიწა არ არსებობს, როგორ დამტკიცდება, რომ ის ჩემი არაა?

სხვათა შორის, საკმაო მიზეზი მქონდა მეფიქრა, რომ იმაკოლატა გულის კუნჭულში ელოლიავებოდა აზრს ამ მიწაზე და თავის უფლებებზე ამ მიწის მიმართ. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ის მორჩილება, რითაც ის განაგრძობდა გადასახადების გადახდას და ის იმედგაცრუება, რომელიც განიცადა იმის გაგებისას, რომ მიწა არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში ქმრის თხოვნა-მუდარით მაინც გაუგზავნა ადმინისტრაციას ახალი წერილი, რომ ახალი გარემოება ეცნობებინა.

პასუხი იგვიანებდა. ამჯერად კარგი მიზეზი ჰქონდათ: ომი დაიწყო. იმაკოლატას ქმარი ჯარში გაიწვიეს. მისი არყოფნისას, ერთ დღეს იმაკოლატა სხვათა მსგავსად მიწვეულ იქნა მერიაში თავისი საკვები ბარათების მისაღებად. იქ მისულმა გაიგონა განცხადება, რომ მიწის მფლობელებს, მათ, რომელთაც შეეძლოთ დაემუშავებინათ ან დაემუშავებინებინათ მიწა, არ ჰქონდათ ბოსტნეულის ბარათის მიღების უფლება. ეს ამბავი იმაკოლატას ლახვარივით ეძგერა პირდაპირ გულში. ბოსტნეული არ ეკუთვნის? და მისი შვილები? ეს უკვე მეტისმეტი იყო! ირბინა (არა, იმაკოლატას არასდროს ურბენია. გონება შეიძლება გადარეოდა, მაგრამ არა ფეხები. მისი ზორბა ტანი აიძულებდა მშვიდ სიარულს), და ასე, ის მივიდა გადასახადების ამკრეფთან. ამ უკანასკნელმა ჯერ ყურებს არ დაუჯერა. მიწა, რომელიც არ არსებობს?! არა, ძალიან ხეპრული ხრიკი იყო, თეთრი ძაფით ნაკერი. შეიძლება შეცდე მიწის მფლობელის ვინაობაში, ასეთი მაგალითები არსებობს, მაგრამ მიწა, რომელიც არ არსებობს... იმაკოლატას საპროტესტო წივილ-კივილის წინაშე აღმოჩენილმა, ბოლოს ის კადასტრში გააგზავნა. წავიდა იმაკოლატა კადასტრში. მის წინაშე დიდი ფურცელი გაშალეს. მოსამსახურის საჩვენებელმა თითმა ერთხანს იხეტიალა იისფერი ხაზის ზემოთ.

- აი, თქვენი მიწა...

რაღა ექნა, ის იქ იყო. კარგად აღნიშნული. მზრუნველად შემოხაზული. მოგრძო ტრაპეციის ფორმის და ბოლოში მეზობელ ნაკვეთზე გადაბმული.

ამ დარტყმას ბოლო უნდა მოეღო იმაკოლატასთვის.  ან აღეშფოთებინა მაინც, ანდა ქადაგად დავარდნილიყო, რაც ასე კარგად გამოსდიოდა, და მძვინვარებიდან მოხერხებულად წუწუნზე გადასულიყო. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ამ საჩვენებელ თითზე, ამ ტრაპეციაზე გადახრილი იმაკოლატა მოჯადოვდა. Mაშ, ის არსებობდა, ის მიწა. ფორმაც კი ჰქონდა. უიმედობაში ჩავარდნის ან გაბრაზების ნაცვლად დიდი შვება იგრძნო.

- გმადლობთ, - თქვა მან.

მუნიციპალიტეტიდან გამოსვლისას, მოედანზე კარაბინიერების სერჟანტი შეხვდა.

- მე ვცდებოდი თურმე მიწასთან დაკავშირებით, - უთხრა იმაკოლატამ, - ნამდვილად მე მეკუთვნის.

სერჟანტის ისედაც დიდებული გამომეტყველება კიდევ უფრო გამედიდურდა. მან ხომ ძალზე კარგად იცოდა, რომ ადმინისტრაცია შეუძლებელია შეცდეს.

- აი, ხომ ხედავთ! - თქვა მან.

და იმაკოლატამ გზა განაგრძო, გარდასახულმა.

თავის ქმარში ეჭვი არ ეპარებოდა. უმნიშვნელო, მაგრამ მაინც სერიოზულ კაცად მიაჩნდა. თუ ადგილის დათვალიერებისას ვერ იპოვა მიწის ნაკვეთის ნიშანწყალი, ესე იგი მიწის ნაკვეთი არ არსებობდა. ან იმ ადგილას არ იყო. მეორე მხრივ, როგორ უნდა შეგპარვოდა ეჭვი კადასტრში? ეს ხომ სერიოზული რამაა, კადასტრი. მასხარები კი არ არიან. ის ხალხი კი არაა, ვინც თავის შესაყოლიებლად ტრაპეციებს ხაზავს, თუ არაფერი არსებობს. თუ მიწის ნაკვეთი დატანილია მათ ფურცლებზე, ესე იგი, ის არსებობს. ალბათ სხვა ადგილას. მაგრამ საბოლოოდ მას იპოვიან.

სერჟანტის, დიდი მოლაპარაკისა და სულ კაფეში დაყუდებულის წყალობით ეს ახალი ამბავი მსწრაფლ მოედო უბანს. იმავე საღამოს მეზობლები მისალოცად ეწვივნენ იმაკოლატას. მან ისინი ყალბი თავმდაბლობის გარეშე მიიღო.

და ამგვარად შევიდა მიწა მის ცხოვრებაში. იმაკოლატა მიეჩვია მასზე ლაპარაკს. ოჰ, ამპარტავნების გარეშე. ისე, რომ ამით არავის ამდაბლებდა. პირიქით, ფრთხილად უსვამდა ხაზს, რომ ქონების მატებამ საკმაო საზრუნავი გაუჩინა. ეს მიწა ძალზე კარგი იყო, მაგრამ როგორ გამოეყენებინა? დამუშავება სჯობდა თუ გაქირავება? აჰ, ვარდებით არაა მოფენილი მეპატრონის გზა. აგრეთვე ხშირად ლაპარაკობდა კადასტრზე, ქებას ასხამდა ამ ადმინისტრაციულ ორგანოს. ან კიდევ სამზარეულოში ჩამომჯდარი ოცნებობდა თავის მიწაზე. საბრალო მიწა! სად შეიძლება იყოს? და რა მდგომარეობაში? იმ ხნიდან მოყოლებული, რაც მიტოვებულია, ალბათ ქვებით და სარეველა ბალახითაა სავსე. ამგვარი უთაურობა არაა აღმაშფოთებელი? იმაკოლატა უფრო და უფრო შედიოდა მეპატრონეობის ეშხში.

რამდენიმე თვის შემდეგ მიატოვა ძველი საცხოვრებელი და სხვაში გადავიდა, მიწისპირა სართულში, სადაც ახლაც ცხოვრობს. რას შეესაბამებოდა ეს ქმედება? ვეჭვობ, ამით იმაკოლატამ მონახა საშუალება, კიდევ მეტად შეეგრძნო მიწის მეპატრონეობა. თავისი ძველი ბინა უბრალო ხალხს მიაქირავა, რომელთა დატერორებაც თავის გემოზე შეეძლო ხოლმე, როდესაც მოზომილი კეთილმოსურნეობით და გარკვეული ქედმაღლობით ესტუმრებოდა ხოლმე მათ. მისი თვალსაზრისი რაღაც-რაღაცებზე შეიცვალა. ადრე საკმაოდ პროგრესული შეხედულებები ჰქონდა. ახლა სიამოვნებით აღნიშნავდა, რომ თუ დიდ მეპატრონეებს თავისი ვალდებულებები აქვთ, მასაც აქვს უფლებები, რომელთაც საკმარის ყურადღებას არ აქცევენ.

- ამგვარად, ჩემი მიწის ნაკვეთით...

მისი წყალობით უფრო გავლენიანად, უფრო ძლიერად გრძნობდა თავს. ქმრის სიკვდილმა ცოტათი დაამწუხრა, მაგრამ ამან ვერ შეარყია მისი ახლადშეძენილი თავდაჯერებულობა.

- საბედნიეროდ ეს მიწა მაქვს, შავი დღისთვის...

ამ მითმა საკმაოდ ხელსაყრელად გაათხოვებინა უფროსი ქალიშვილი, რომელიც ცხრამეტი წლის მოიყარა. ისე რომ ოფიციალურად არავითარი ვალდებულება არ აუღია, მძახლებს სიტყვა გადაუკრა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ეს მიწა თავისი ქალიშვილისთვის გადაეცა. აგრეთვე გარკვეული დროის მანძილზე ელოლიავებოდა აზრს, რომ ამ მიწაზე ჰიპოთეკური სესხი აეღო, რაც სულაც არ ჩანდა შეუძლებელი. თავისთავად ცხადია, კვლავ განაგრძობდა გადასახადის გადახდას ყოველწლიურად, და ვფიქრობ, დიდი სიამოვნებითაც.

ყოველივე ეს გასულ თვეს ერთი წერილის მოსვლით დაინგრა. ადმინისტრაციული წერილი იტყობინებოდა, რომ მისი საჩივრების კვალდაკვალ, ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ გადაცდომას და შესაბამისად. მას უკან  დაუბრუნდებოდა უმართებულოდ გადახდილი გადასახადი. საკმაოდ დიდი თანხა იყო, მაგრამ რა არის ფული დამსხვრეული ოცნების პირისპირ? ამის მერე იმაკოლატა დასუსტდა, დაჭკნა. გუშინაც ვნახე, სახლს რომ ალაგებდა: დაკარგული აქვს მხნეობა და სიტყვათა სიცხოველე. აღარც კი წუწუნებს. უხალისოდ მოძრაობს და, ვხედავ, როცა მარი’ანტო მის დაძახილზე არ პასუხობს, მალევე შეეშვება ხოლმე. ბაზარზეც ვერ ბედავს გამოჩენას. თავის მიწაზე დაელაპარაკებიან და რა უნდა უპასუხოს?

 

*

მაგრამ ყოველთვის ცდები, როცა ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას აფასებ. ახლახან, ბაღში ჩასული გადავაწყდი იმაკოლატას. კვლავ მშვენივრად გამოიყურებოდა, ქათინაური ვუთხარი. ვილაპარაკეთ ამ მთისა იმ ბარისა, შვილიშვილზე, რომელიც ეყოლება, მომავალ არჩევნებზე...

- ოჰ, ეს რესპუბლიკა! - თქვა საკმაოდ მწარე კილოთი.

- რაო, იმაკოლატა, არ გიყვართ რესპუბლიკა?

- ამ რესპუბლიკამ, - განაგრძო მან, - ამ რესპუბლიკამ მიწა წამართვა.

ახალი მითი იწყება. ახალი ოცნება. ახალი საფუძველი სიცოცხლისთვის.

 

ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE