ერთ დროს ისეთი მოდური მიმდინარეობები, როგორიცაა ფუტურიზმი და დადაიზმი, 1930-იანი წლების ბოლოსთვის საქართველოში მართალია სრულიად აღმოიფხვრა, მაგრამ სინამდვილის სუმბურულ-ნატურალისტური ფორმალისტური ასახვა აქა-იქ მაინც წამოჰყოფდა ხოლმე თავს. ამიტომაც, ჟურნალ “ნიანგს” საჭიროდ მიუჩნევია ხელოვანთა მსგავს გატაცებებზე მკითხველისთვის პერიოდულად მიეწოდებინა სხვადასხვა სახის შარჟი და შიგადაშიგ თვალსაჩინო ნიმუშებიც დაერთო. ფუტურისტული პოეზიის ეტალონად წარმოდგენილი იყო ნიკოლოზ ჩაჩავას ლექსი 1925 წელს გამოცემული კრებულიდან “ლიტერატურა და სხვა”:
მკერდი
ხერდი
ქონდარს წიბური
ეგდო
ხენდრო
ერდო წიდური...
(უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზ ჩაჩავას თითქმის ასეთივე ფუტურისტული ხასიათის ლექსი “კომში, კომში, კომარა” საფუძვლად დაედო ანსამბლ “მზიურის” პოპულარულ საბავშვო სიმღერას, რომელსაც 1970-იან წლებში ქეთინო დეკანოზიშვილი ასრულებდა).
ვნახოთ, როგორი განმარტება აქვს აბსურდს. აბსურდი - ცნებაა, რომელიც მოგვაგონებს იმ მოსწავლეთა პასუხს, რომელთაც გაკვეთილები არ მოუმზადებიათ.
ცხადია, მკითხველი ამას ვერ გაიგებდა, მკითხველს კი არა, თვით ავტორსაც გაუჭირდებოდა თავისივე ნათქვამის მიხვედრა. ამიტომ, ეს შენიშვნა ნიკოლოზ ჩაჩავას გაუთვალისწინებია და 1940-იან წლებში სულ სხვა ხასიათის და სრულიად გასაგები ლექსი, სათაურით “ჩელუსკინელთა ხიდი”, დაუწერია ბავშვებისთვის.
ჩელუსკინელთა ხიდი
რა ფართეა და დიდი.
ზედ ავტო დასრიალებს,
ჩვენი ტრამვაიც დაჰქრის.
შორიდან მოსჩანს კოშკი
ასბინიანი სახლის.
მძაფრ კრიტიკას იმსახურებდა საბავშვი წიგნებში არარეალისტურად შესრულებული ნახატები. ჟურნალ “ნიანგის” ერთ-ერთი ნომრის გარეკანზე დახატულია ცხოველთა საპროტესტო დემონსტრაცია, სადაც ცხოველებს მოაქვთ ტრანსპარანტები: “მოვითხოვთ ბოლო მოეღოს ჩვენს დამახინჯებას”, “დაგვხატეთ როგორიც ვართ”, “ძირს ხალტურა!”.
იმ დროს, როდესაც მწერალთა სასახლეში ფორმალიზმის წინააღმდეგ გაცხარებულნი კამათობდნენ, ტფილისის სამკერვალო ფაბრიკები ხელოვნების ამ მოდური მიმდინარეობით პირიქით ძალზე დაინტერესებულან - წელში ძლიერ ვიწრო ტანსაცმელს კერავდნენ, ქვედა საცვლებსაც სულ რაღაც 60-70 სანტიმეტრი სიგანისა ჰქონიათ წელი. მაგრამ წერწეტი ფორმის ტანსაცმელს ვინღა ჩიოდა, როდესაც მამაკაცის ფეხსაცმელიც ქალის “პლეტიონკას” ჰგავდა:
გადავწყვიტე შემეძინა
ფეხსაცმელი ერთი წყვილი.
პედაგოგი, დახეული
ფეხსაცმელით ხომ არ ვივლი?
გამოვედი სიამაყით,
ცოლს ვახარე საქმე ხელად.
ფეხსაცმელი ლამაზია,
მენანება ჩასაცმელად.
შემდეგ ყველაფერი სავალალოდ ვითარდება, რადგან ფეხსაცმელი მალევე გადამსკდარა:
გაკვეთილზე შევედი და...
თითი ისე სჩანდა ტუფლში,
ახალ მოდის ტუფლებს ჰგავდა
(ქალებს ეცვათ ამ ზაფხულში).
ფორმალიზმის კრიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა 1946-1948 წლებში. თუ 1936 წელს მსგავსი მოვლენების მიმართ არსებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას ჯერ კიდევ დაჰკრავდა მსუბუქი იუმორისტული ელფერი, საქმე სულ სხვაგვარად შემობრუნდა ანდრეი ჟდანოვის მოხსენების შემდეგ ჟურნალების “ზვეზდისა” და “ლენინგრადის” შესახებ სკპ (ბ) ცეკას 1946 წლის 14 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე. მასში ხაზგასმული იყო, რომ: “ამხანაგმა სტალინმა ჩვენს მწერლებს ადამიანის სულის ინჟინრები უწოდა და ამიტომაც საბჭოთა ლიტერატურაში არ შეიძლება ადგილი ექნეს დამპალ, უშინაარსო, უიდეო და უხამს ნაწარმოებთ. ლიტერატურა ვალდებულია განავითაროს ხალხის გემოვნება, კიდევ უფრო აამაღლოს მისი მოთხოვნილებანი, გაამდიდროს იგი ახალი იდეებით, წინ წაიყვანოს ხალხი. უნდა განდევნონ ლიტერატურიდან უიდეობა და უხამსობა... პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა დახურა ჟურნალი “ლენინგრადი”, რომელიც მიჩნეულ იქნა რეაქციული ბნელეთის მოციქულობისა და პორნოგრაფიის ჭაობად. ეს ჟურნალები მიჩნეულ იქნა დამპალ ადგილებად, რომლებსაც დეზორგანიზაცია შეაქვთ ჩვენს ახალგაზრდობაში, სწამლავენ მას. “უკან შუასაუკუნეობრიობისაკენ” - ასეთია მანდელშტამის, ანა ახმატოვასა და აკმეისტების იდეალი. უკან მაიმუნისაკენ - ეხმაურება მათ ზოშჩენკო...”.
ამავე ჟურნალებს ბრალი დასდეს ე. წ. “უსამშობლო კოსმოპოლიტიზმის” იდეის პროპაგანდისთვის ჯანსაღი ინტერნაციონალიზმის სანაცვლოდ.
მალევე, ფორმალიზმის კრიტიკამ მუსიკაშიც გადაინაცვლა. 1948 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნდა საკავშირო კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის ისტორიული დადგენილება ვანო მურადელის ოპერის “დიადი მეგობრობის” შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ: “საკავშირო კ. პ. (ბ) ცენტრალურ კომიტეტს მიაჩნია, რომ ოპერა “დიადი მეგობრობა” (მუსიკა ვ. მურადელისა, ლიბრეტო გ. მდივანისა), რომელიც სსრ კავშირის დიდ თეატრში დაიდგა ოქტომბრის რევოლუციის 30 წლისთავის დღეებში, როგორც მუსიკალური, ისე სიუჟეტური მხრივ, მანკიერი, ანტიმხატვრული ნაწარმოებია. ძირითადი ნაკლოვანებანი უწინარეს ყოვლისა მდგომარეობს ოპერის მუსიკაში. იგი ბუნდოვანი და დისჰარმონიულია, აგებულია მთლიან დისონანსებზე, ყურთასმენის წამღებ ბგერათშეთანხმებაზე. ცალკეული სტრიქონები და სცენები, რომელთაც მელოდიურობის პრეტენზია აქვთ, უეცრად სწყდება უაზრო ხმაურით, რაც სრულიად უცხოა ნორმალური ადამიანის სმენისათვის და დამაღონებლად მოქმედებს მსმენელებზე... კომპოზიტორმა ვერ ისარგებლა ხალხური მელოდიების, სიმღერების, ჰანგების, საცეკვაო მოტივების სიუხვით... მურადელის ოპერის ჩავარდნა არის შედეგი საბჭოთა კომპოზიტორის შემოქმედებისათვის ყალბი და დამღუპველი ფორმალისტური გზისა, რასაც ამხ. მურადელი დაადგა... ფორმალისტურმა, ანტიხალხურმა მიმართულებამ თავისი უაღრესად სრული გამოხატულება ჰპოვა ისეთი კომპოზიტორების ნაწარმოებებში, როგორიც არიან ამხანაგები დ. შოსტაკოვიჩი, ს. პროკოფიევი, ა. ხაჩატურიანი და სხვ., რომელთა შემოქმედებაშიც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ წარმოდგენილია ფორმალისტური დამახინჯებანი, ანტიდემოკრატიული ტენდენციები მუსიკაში. დამახასიათებელია ატონალობის, დისონანსისა და დისჰარმონიის ქადაგება, რომლებიც თითქოს წარმოადგენენ “პროგრესისა” და “ნოვატორობის” გამოხატულებას მუსიკალური ფორმის განვითარებაში. გატაცება უაზრო, ნევროპათიული ბგერების შეთანხმებით, რომლებიც მუსიკას კაკოფონიად, ბგერების ქაოტურ გროვად აქცევს. ამ მუსიკას ძლიერ ასდის ევროპისა და ამერიკის თანამედროვე მოდერნისტული ბურჟუაზიული მუსიკის სუნი, რომელიც ასახავს ბურჟუაზიული კულტურის მარაზმს, მუსიკალური ხელოვნების უარყოფას, მის ჩიხს... საბჭოთა კომპოზიტორების კავშირის საორგანიზაციო კომიტეტი (ამხ. ხაჩატურიანი) არსებითად აქეზებდა საბჭოთა ხალხისათვის უცხო, ფორმალისტურ მიმართულებას. აქ შეიქმნა დამპალი ატმოსფერო... დაგმობილ იქნას ანტიხალხური მიმართულება... გატაცება მონოტონური უნისონური მუსიკითა და სიმღერით, ხშირად უსიტყვებოდ, რაც წარმოადგენს ჩვენი ხალხისათვის ჩვეული მრავალხმოვანი მუსიკალურ-სასიმღერო წყობის დარღვევას, და მუსიკის გაღარიბებასა და დაცემას იწვევს”.
რაც შეეხება შოტსაკოვიჩს, მისი შემოქმდება ჯერ კიდევ 1936 წელს იქნა გაკრიტიკებული ანტიხალხური, ფორმალისტური დამახინჯებებისთვის (ოპერა “მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი”). როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ასეთ კრიტიკას საფუძველი ნამდვილად გააჩნდა, რასაც ცალსახად ადასტურებს შოსტაკოვიჩის მიერ ქართული პოპულარული სიმღერის, “სულიკოს” მოტივზე შექმნილი უაღრესად ცინიკური და უგემოვნო ნაწარმოები “ანტიფორმალისტური სამოთხე”, რომლის გამომზეურებაც მან სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაბედა.
დიმიტრი შოსტაკოვიჩი განაწყენებული ჩანდა სატირისა და იუმორის რუსულ ჟურნალ “კროკოდილზე” (ნიანგზე) და ალბათ ამიტომაც დაწერა “ხუთი რომანსი” ჟურნალ “კროკოდილის” ტექსტებზე 1965 წელს. ცხადია, ანტი-ფორმალისტურ კამპანიაში ქართული ჟურნალი “ნიანგიც” იღებდა მონაწილეობას, რომელიც ამ აურზაურით თვითონაც ძალზე ნერვებმოშლილი გახლდათ. მაგალითად, 1948 წლის თებერვალში ჟურნალი “ნიანგი” გამოეხმაურა კომპოზიტორების ჭრიჭინობელის, ღრიანკელის, რახუნაშვილის, წივილაშვილის, ყვირილაიას, კაკო ფონიას და ქართველი კაკოფონისტების შემოქმედებას და მათ სპეციალური სერიაც მიუძღვნა სათაურით “ისმენდიან, გაჰკვრიდიან, რა აყვირდის - ატირდიან”. აი, როგორ დიალოგებს წააწყდებოდით ჟურნალის იმდროინდელი ნომრების გვერდებზე:
- რატომ არ გინდა დღეს სიმფონიის მოსასმენად წამოსვლა?
- იმიტომ რომ ხვალ ნერვების ექიმთან წასვლა არ მინდა!
- კომპოზიტორი ღრიანკელი ხალხური მუსიკიდან არის გამოსული.
- ეგ შესანიშნავია!
- დიახ, იმდენად შორს არის გამოსული, რომ მას ხალხისა არ ესმის არაფერი და ხალხს კი - მისი!
(რადიო)
- რა ხშირად ხრიალებს, კიდევ გაფუჭდა?
- არა, ოპერიდან ახალი სიმფონიის გადმოცემაა!..
1930-იან წლებში, საშველი რომ არსაით ჩანდა, ფორმალიზმის გააფთრებული შემოტევებისგან თავდაცვას ზოგჯერ თხოვნა-მუდარითაც ცდილობდნენ:
პარახოდმა მოიტანა ნავები,
რად დაგვჩხავით თავზე როგორც ყვავები.
პარახოდმა მოიყვანა ტურები,
მაგ ხალტურამ გაგვიჭედა ყურები.
პარახოდი თუ არ დგება, ჩერდება, -
თქვენ გაჩერდით, შეგვისრულეთ ვედრება!
1935
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლავრენტი ბერიასადმი მიძღვნილი ერთადერთი ნაწილობრივ შემონახული სიმღერა “მკაცრი ღირსების ერთგული რაინდი” (სერგეი მიხალკოვის ტექსტზე, დავით გამრეკელის შესრულებით, 1946 წ.) სწორედ ვანო მურადელს ეკუთვნის. ფორმალიზმში დადანაშაულების შემდეგ არამ ხაჩატურიანმა 1949 წელს დაწერა მუსიკა ფილმისთვის “სტალინგრადის ბრძოლა”, ხოლო დიმიტრი შოსტაკოვიჩი 1950 წელს მიწვეულ იქნა კომპოზიტორად მსოფლიო კინოს ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად აღიარებულ (როგორც ეს სულ ახლახან, 2012 წელს ცნობილმა კულტუროლოგმა და ფილოსოფოსმა სლავოი ჟიჟეკმაც დაადასტურა) მიხეილ ჭიაურელის ფილმში “ბერლინის დაცემა”.
ახალი ესთეტიკის დამკვიდრება, რომელიც დევიზით “ფორმით ეროვნული, შინაარსით კაცობრიული” გამოიხატა, 1932 წლიდან იწყება. საბჭოთა საქართველოს პოეზიაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ჩამოყალიბებას. მის ერთ-ერთ პირველ განმსაზღვრელ ნიმუშად იოსებ დავითაშვილის ლექსი “სამშობლო” (1881 წ.) შეიძლება იქნეს მიჩნეული, კერძოდ კი ამ ლექსის ადაპტირებული ვერსია კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის იმავე სახელწოდების სიმღერისათვის. საბჭოთა პერიოდში საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის გადაცემები სწორედ ამ სიმღერის მელოდიით ან თვით სიმღერით იწყებოდა.
სამშობლო, სამშობლო, ჩემო ლამაზო,
ზურმუხტო, ზურმუხტო ანუ ალმასო!
ვიდრე შენს მკერდზე მე დავდივარ,
გთხოვ მწარე რომ არ მასო, გთხოვ მწარე რამ არ მასო!
(იოსებ დავითაშვილი, “სამშობლო”, სასიმღერო ტექსტის ვარიანტი)
ახალი ქართული საბჭოთა პოეზიის ასეთივე წინსწრებულ ნიმუშად ახალგაზრდა სტალინის ლექსი “დილა” (1895 წ.) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ვერსიფიკაციულად იმითაც არის საინტერესო, რომ დამაბოლოებელ სტროფად მასში ბულბულის ციტატაა მოცემული, რაც ლირიკული თხრობის ავტორისეულ ხაზს სრულად ენაცვლება და მის სიმულტანურ - თუ არ სიმულაკრულ - გადაფარვას წარმოადგენს.
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვევოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა-ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით გალობდა,
ბულბულიც გახარებული
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
“აჰყვავდი, ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ქართველთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო”.
1920-იანი წლების დასასრულამდე ხელოვნებაში რადიკალური მემარცხენე ესთეტიკა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ინარჩუნებდა წამყვან პოზიციებს, მაგრამ მალევე დეკადენტურ და სიმბოლისტურ განწყობილებებთან ერთად საბოლოოდ იქნა გვერდზე გადადებული, როგორც სოციალისტური ქვეყნის ამოცანებისთვის შეუსაბამო და უშინაარსო მიმართულება. თუმცა, იმავე პერიოდში, ყოველგვარი უარყოფების გარეშე და სწორედ ფუტურისტული ესთეტიკის ბაზაზე იწყებს გამოვლინებას ახალი მიმართულება სოციალისტური რეალიზმისა პოეზიაში, რომლის მკაფიო მაგალითიცაა სანდრო შანშიაშვილის 1927 წელს ქვეყნის ელექტროფიკაციისადმი მიძღვნილი ლექსი “ელექტროს არმაზი” - თუნდაც, ამ ლექსის ცალკე აღებული სათაურიც კი.
ძმებო! წარსული საუკუნის რღვევის ეპოქებს
ვეტყვით: მშვიდობით! და ახალთან მივალ ალავერდს.
...ძველად არაგვი, ალაზანი მტკვართან სტიროდნენ,
დღეს მანქანებით აზრიალდნენ მთვარის ღილებად,
დასხდნენ თბილისზე ფერიებად და ეღიმებათ!
ზემო-ავჭალა! ძველი მცხეთა - ქართლის ცხოვრება
კვლავ ნათელს იღებს და ირთვება სხივით გავაზი!
და გამარჯვება საქართველოს ეამბორება!
ყველას ახარებს დღეს ელექტროს ცეცხლი - არმაზი -
დიდი ზაჰესი - საბჭოს ფესვი - ქართლის ცხოვრება!
1920-იანი წლების ბოლოსთვის გამოკვეთილი სახით იწყებს გამოჩენას გამარტივებული ფორმისა და სათქმელის კონტურები, მაგრამ გალაკტიონ ტაბიძის ქვემოთ მოყვანილ მაგალითში შინაარსობლივად ჯერ კიდევ ჭარბობს უკვე დიდი ხნის წინ განხორციელებული რევოლუციის საგანმანათლებლო აპოლოგეტიკა, ვიდრე გამარჯვებული სოციალიზმის ყოფა-ცხოვრების სურათების აღწერა.
იმიტომ ხდება რევოლუცია,
მისთვის გაისმის ტყვიის ზუზუნი,
რომ პოეტების არ გაისმოდეს
უიმედობა, კვნესა, წუწუნი!
სასოწარკვეთა, უსასოობა,
ძველ ხანას ჩვენთვის რომ მოუცია,
უნდა გადიწვას და აღიგავოს,
ამიტომ ხდება რევოლუცია.
(“იმიტომ ხდება რევოლუცია”, 1928)
ასეთივე შინაარსი იმდროინდელ ხალხურ პოეზიაშიც იყო მოცემული, შესაძლოა უფრო მეტი საგანმანათლებლო დატვირთვითაც კი, როგორც მაგალითად ეს ნიმუში, რომელიც ბურჟუაზიის საიმედო და ბოლო დასაყრდენს - სოფლის საშუალო გლეხებს, სხვა წვრილმესაკუთრეთ და წვრილმოვაჭრეთ წარმოაჩენდა და ცოტათი დასცინოდა კიდეც:
შუშანია, გვრიტინია,
აწილია, ბაწილია:
სთქვით: - ლენინიზმს და თქვენ შორის
კვლავ რამდენი მანძილია?
1927
1930-იანი წლებიდან კი ადგილს იმკვიდრებს სოციალისტური რეალიზმის პოეზია - ლექსები, რომლებიც განადიდებენ საბჭოთა მშრომელებს, მფრინავებს, კოლმეურნეებს, მეპარაშუტეებს... მაგალითად, სევერიან ისიანის პოეზიაში ბუნებრივად იმკვიდრებს ადგილს ინდუსტრიალიზაციის თემა:
როცა შეტევის ცეცხლი ჩაღდება,
როცა წინსვლაა ჩვენი ფუნქცია, -
ტრანსპორტი ითხოვს გაჯანსაღებას,
ტრანსპორტი ითხოვს რეკონსტრუქციას.
უმოქმედობას მახვილი დასცხე,
როცა ტემპისთვის ფრონტზე ომია,
გახსოვდეს მუდამ საწვავ და საცხებ
მასალის მკაცრი ეკონომია.
(სევერიან ისიანი, 1932)
სიყვარულისა და ახალი რომანტიზმის მოტივებია მოცემული გიორგი ქუჩიშვილის ლირიკულ ლექსში “ტრფიალება”:
ახალსოფლელი ბიჭი ვარ,
მიწის მუშა, მხნეო;
მე რომ ერთი გოგო მომწონს,
სჩანს კოლმეურნეო.
მოხდენილად მართავს საჭეს
ახალ ტრაქტორზეო;
ვდნები, როცა მინდვრად გასულს
კოცნას უწყებს მზეო.
ერთი სოფლელი ბიჭი ვარ,
მიწის მუშა, მხნეო;
მე რომ გოგო მომეწონა,
სჩანს კოლმეურნეო.
დილდილობით, ვიდრე სოფელს
შუქს მოჰფენდეს მზეო, -
ის უკვე მინდვრად გასული
მღერის ტრაქტორზეო.
მისივე ლექსი “პირველი აჭარელი პილოტი გოგონა” (1939) საწვრთნელი ფრენის დროს დაღუპულ მფრინავ ქალს, ფადიკო გოგიტიძეს ეძღვნება:
ნეტავ იგი ვინ არის,
მხედრულად რომ აცვია;
სიმამაცის მჩინარი
ქალია თუ კაცია?!
სწორედ ქალიშვილია -
გოგიტიძე ფადიმე,
მას ცა დაპყრობილი აქვს,
მას მზე ჰყავს მონადიმე!
სულ თვრამეტი წლისაა
ეს პილოტი გოგონა,
გული კი ცეცხლისა აქვს,
აჩენს ჭიაკოკონას!
ეს პირველი ქალია
საბჭოთა აჭარიდან,
ვინც დალეწა გალია,
ვინც აისხა ფრთანი და...
ლაჟვარდ ცის კამარიდან
ვინც სალამს გვიგზავნიდა!
ალექსანდრე ქუთათელი მეპარაშუტე ქალის სურათს გვიხატავს:
გუშინ ისევ ჩამოვეშვი
მანქანიდან პარაშუტით,
ვით ყაყაჩო მეპყრა ხელში
ქოლგა მზისგან განაშუქი.
გიორგი შალვაშვილის ლექსი “ორთქმავალი # 431” (1951) მემანქანე გოგოს ეძღვნება:
ჯართს და რკინას მოაქანებს
მოჰქრის მოეჩქარება,
გამიცინებს მემანქანე
გოგო ცისფერთვალება.
გიშრის თმები მხრებს უმშვენებს,
გმირულ შრომით ამაყობს,
ყველას უყვარს, ყველა ეძებს
მიზეზს სალაპარაკოს.
როცა არ სჩანს მისი კვალი,
ვწუხვარ, მეტად ვღელდები,
თვალწინ მიდგას ორთქმავალი
ოთხას ოცდათერთმეტი.
ილია სიხარულიძე კი თავის საბავშვო ლექსს “დედაჩემი ვატმანია” (1951) უკვე არა ორთქმავლის, არამედ ტრამვაის ვატმანს უძღვნის:
მე ტრამვაით სეირნობა,
იცით, რატომ მიყვარს?!
დედაჩემი ვატმანია,
მას ტრამვაი მიჰყავს.
და ტრამვაის როგორ ზუსტად,
როგორ კარგად მართავს!
წკრრ-წკრრ... მოსწევს საჭეს,
ელექტროდენს ჩართავს.
წაიყვანს და გააქროლებს,
ხალხიც ბევრი მიჰყავს!
დედაჩემი ვატმანია,
მე ის ძლიერ მიყვარს!
ლექსები ეძღვნება რკინიგზას:
რკინის გზამაც ლიანდაგით შეაერთა თანდათანა,
ბროწეულა წყალტუბოსთან და ტფილისი სოხუმთანა,
ჩვენს სოფლებს და ჩვენს ქალაქებს რომ უვლიდით განდაგანა, -
ეხლა ყველგან გაგვიხშირდა ორთქმავალი და მანქანა.
(კოლექტიური ლექსი “საბჭოთა საქართველოს მშრომელთა წერილი ხალხთა ბელადს დიდ სტალინს”, 1936)
- თვითმფრინავებსა და გემებს:
მიწაა, ზეცაა, ზღვაა თუ სხვა არი,
ვინ იცის, პოლუსი რა არი, რა!
იქ მარად ცივია სივრცე და ჰაერი,
ხშირია ღრუბლების ბურვა და ძვრა.
მიდიან... ვერ ხედვენ მთებსა და ჩანჩქერებს,
მიდიან... ჰაეროს ქარი ხრის, სცემს;
ვერც ყინვა, ვერც თოვლი, ვერც ნისლი აჩერებს
წინმავალ საბჭოთა ყინულმტეხ გემს.
(ვარლამ ჟურული, “ყინულმჭრელი “კრასინი”, 1928)
- მეტროს:
მიმოქრიან ელმავლები
და ლამაზი ვაგონები,
აღარ ჩანან არც სახლები,
აღარც მწვანე მთაგორები.
გვიხარია, შიგ რომ ჩავალთ
ჩვენებურად აღარ ვცეტობთ (ლექსი საბავშვოა, - რედ. შენიშვნა).
გვიხარია, დედა-თბილისს
რომ ამშვენებს ახლა მეტროც.
(ლადო სულაბერიძე, “სიმღერა მეტროზე”, 1966)
ლექსები ეძღვნება საბაგირო გზასაც. ასეთია, მაგალითად, თინათინ კვირიკაძის ლექსი “აღმა-დაღმა”, 1960:
ჩემისთანა სამგზავრო გზა
ვის უნახავს, აბა, ვისა?
არც ფრთები აქვს თვითმფრინავის,
არც ბორბლები მანქანისა.
რონოდა ვარ საბაგირო,
შემეტყობა განა დაღლა!
რკინის თოკზე გამობმული
დავსრიალებ აღმა-დაღმა.
და სამგზავრო და საბავშვო მატარებლებს:
ხალხით სავსე ბაქანი,
ვინ სად მიდის - ვინ იცის.
ლიანდაგზე ჩამოდგა
“ქუთაისი-თბილისი”.
...შორაპანს და ძირულას,
ხარაგოულს, მარელისს
მატარებლის სარკმლიდან
ვუცქერთ ფართე თვალებით.
გავიარეთ ხაშური,
აგარა და ქარელი,
გვესალმება გზისპირზე
მწიფე პურის თაველი.
რა ხანია გვესმოდა
გორის ციხის სახელი,
თურმე ბევრის მომსწრეა,
თურმე ბევრის მნახველი.
...გავიარეთ დიდუბე,
ზაჰესი და ავჭალა,
ჩქარი მატარებელი
მიგვაქროლებს ჩქარ-ჩქარა.
...გორგასალის ქალაქი
მზის სხივებში კიაფობს,
რასაც ვნახავთ, ჩამოვალთ
და ყველაფერს გიამბობთ!
(ლილი ნუცუბიძე, “მატარებელი ქუთაისი-თბილისი”, 1979)
ან:
ჩვენო პატარა “გუგულო”,
პატარა მატარებელო,
მთელი ბორჯომის ხეობის
ბავშვების გამხარებელო!
პატარა მატარებელო,
ჩვენო კოპწია “გუგულო!”
გვინდა, რომ დილა-საღამოს
შენს ავლა-ჩავლას ვუყუროთ.
ქშენით მიაპობ ფიჭვ-ნაძვნარს,
გულში გიხუტებს ხეობა,
შენი ავლა და ჩამოვლა
ზეიმია და დღეობა.
(თამარ აბაშიძე, “პატარა მატარებელი”, 1954)
საგზაო მოძრაობას და ავტოინსპექტორ გოგონას:
...გაღმა-გამოღმა - ხალხის და ავტომობილთა მდინარე!..
შუაში - მილიციელი, გოგონა ქვითარმჩინარე!
მინდა მისვლა და მილოცვა, მის სახეს ვხედავ მცინარეს,
მაგრამ ვერაფრით გადაველ ამ ადიდებულ მდინარეს!
(ზაურ ბოლქვაძე, “მოგილოცავთ ახალ 1975 წელს!”, 1974)
ცხოვრების ახალ წეს-ჩვეულებებს:
მაგრამ მე ვიყავ ერთ ქარხანაში
სადაც ახალი რამ შევამჩნიე,
სადაც ნაცნობი მყავს ამხანაგი
მუშა და ქეიფს იყო ნაჩვევი, -
გულგასარკულად გაშალეს სუფრა,
არა ძველებურ ყანწით და ბოთლით,
შეხვდნენ მუშები ახალ წელიწადს,
რძიანი ჩაით და ბუტერბროდით.
(ფრიდონ ნაროუშვილი, “ყოფა-ცხოვრებიდან”, 1929)
ვხვდებით ე. წ. სანიტ-სამეულის, პოეტური სანიტარული ტროიკის ანტი-კლერიკალურ პოეზიას:
ჩვენს ეკზარხოსს მოესურვა
ძველებურად ტაბლის ჭამა.
ადგა, ჯვარი გადისახა
და ახსენა ზეცის მამა.
იხმო ღვდლები... უთხრა: ვნახოთ
რამე ღონის ძიებაო,
თორემ სიმშილ-წყურვილითა
დაგვემართა ციებაო.
ეკლესიის საკურთხებლად
გვპატიჟობენ სვირშიაო,
კომუნისტებს აღარ სცნობენ,
ყველა იმათ ძვირშიაო.
-
ეკლესია აკურთხეს და
თანაც იძღეს მუცლებიო
და იქედან მხიარულნი
გამობრუნდნენ ხუცებიო.
ქუთაისში რომ მოვიდნენ
შეეგებათ იმათ ჩეკა;
ნუ იფიქრებთ - გაუკეთეს
ან “ობისკი” ან და ჩხრეკა.
ტკბილად უთხრეს: კურთხეულნო,
ვეღარ გავძლებთ ჩვენ უღვთოთო
და ამიტომ გევედრებით
ჩეკაც უნდა გვიკურთხოთო.
-
მოუსმინეს, უკან გაჰყვნენ
ყველა ჩეკის საკურთხებლად;
აკურთხეს და იგი ბინა
იმათ დარჩათ საკუთრებად.
(ანონიმური, “კურთხევა - ხალხური ახალი სიმღერა”, 1924)
მედროვეობის ამსახველ შარჟებს:
სურამელი ხახამი -
უშტატოდ რომ არ დარჩეს,
სხვა ხელობას ჰკიდებს ხელს,
როგორს? - ამას არ არჩევს.
ზის ხახამი და ფიქრობს:
- ვარ მე პიონერიო,
თორაში ვლოცულობ და
ქუჩებში კი ვმღერიო...
ნეტა როს-ღა მოვესწრა -
გავხდე კომცომოლაო...
ან როს-ღა გავიარო
მე პარტიის სკოლაო!
მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე
არადროს... - ნათქვამია...
უნდა დროს “შეეხორცო” -
ასე ჩემო ძამია!..
(სეზმან ერთაწმინდელი, “ხახამი - “პიონერი”, 1930)
ცალკე ადგილს იკავებენ რევოლუციონერები და პოლიტიკური მოღვაწეები. ალექსანდრე აბაშელის ლექსში “უხსენებელი” (1938) მკითხველთან ინტერაქტიური პარადიგმის ფორმითაა მოცემული ლევ ტროცკის სახელი.
და დაძრწის მხეცი პირდაღრენილი,
და მიწას სცხვენის მისი ტარება.
სინათლისაგან ყველგან დევნილი
ბნელ ჯურღმულებში მოიპარება.
ალბათ, იქ მიწაც ზიზღით ხურდება
და მუდმივ დენას აჩერებს დროც-კი,
სადაც გაივლის ღამის ქურდივით
პირსისხლიანი იუდა - -
აქ კი ეს რითმა თვითონ გახსენით, -
ვეღარ დასწერა ის ჩემმა ხელმა:
ლექსში ამ სახელს მე ვერ ვახსენებ,
რომ არ იწივლოს სტრიქონში გველმა.
კალე ფეოდოსიშვილის ლექსში ასეთივე ფორმით არიან დასახელებულნი რევოლუციური და პარტიული მოღვაწეები მიხა ცხაკაია და ფილიპე მახარაძე:
იცი მუშებმა თუ რამდენი სისხლი დაღვარეს,
ჩვენი მამები მიყვებოდნენ რომელ ბილიკებს,
რისთვის იბრძოდნენ? რად დამარცხდნენ? რად გაიმარჯვეს?
ამაზე გეტყვის ბელადების დიდი ტომები,
ცოცხალ საუბრებს გაგიმართავს მიხა, ფილიპე.
- და საშა გეგეჭკორი იეთიმ გურჯის ლექსში, რომელიც საინტერესოა იმითაც, რომ ავტორის ხელისმოწერასთან ერთად, რომელიც აშუღური, ზეპირი ტრადიციებიდან გამომდინარე ყოველთვის ლექსის ბოლოს თავსდებოდა, იქვეა მოცემული მიძღვნაც:
ჩვენი იყავ და ჩვენი ხარ
შენსა სახელს ქება, ვაშა
იეთიმ-გურჯიც გიმღერის
გეგეჭკორო, ჩვენო საშა.
საერთაშორისო მასშტაბით სოციალისტური რეალიზმი და კომუნისტური იდეები გამოძახილს პოულობს ავანგარდისტული, მემარცხენე ესთეტიკის მქონე ხელოვნების წამყვან წრეებში, ისეთ ცნობილ პოეტებთან და მხატვრებთან, როგორებიც არიან პაბლო ნერუდა, პოლ ელუარი, ლუი არაგონი, ჟორჟი ამადუ, პაბლო პიკასო, პიერ პაოლო პაზოლინი, ანდრე სტილი, ტრისტან ტცარა, თეოდორ დრაიზერი, მარგარეტ დიურასი, ლენგსტონ ჰიუზი და სხვ. აი, მაგალითად, პაბლო ნერუდას ერთი ლექსის ფრაგმენტი, რომელიც ეხმიანება უოლტ უიტმენის უნივერსალიზმის მოტივებს და ამავე დროს ქრონოლოგიურად მნიშვნელოვნად უსწრებს წინ ამ ესთეტიკაზე დაფუძნებულ ბიტნიკების პოეტიკას:
შენ - არკანზასში, აჩრდილივით მდგარო გოგონავ,
ვესტ-პოინტელო ახალგაზრდავ, ოქროსთმიანო,
შენც, დეტროიტში რომ მისტირი დღეებს, ხარატო,
და ძველ ორლეანს რომ აკვდები, ტვირთმძიმე მუშავ, -
თქვენ გეუბნებით, გიმეორებთ კიდევ ათასჯერ:
ნაბიჯი მტკიცედ! მოუსმინეთ, ქვეყნიერების
ხალხი რას ამბობს, რაზე ფიქრობს ადამიანი!
არა ჭაბუკი უსაქმური, ქუჩას რომ სტკეპნის,
არც აქციების მესაკუთრე გაცოფებული, -
გესაუბრებათ მეგობარი, ძმა და პოეტი,
შორ სამხრეთიდან აქ, ჩრდილოეთს გადმოხვეწილი.
პატაგონიის რკინიგზაზე დავტოვე მამა,
სხვის სამსახურში ათენებდა უძილო ღამეს.
ვარ თქვენი კაცი და თქვენსავით ამერიკელი,
ანდის მთიანი ჰაერივით თქვენთან მყოფელი.
ვაი, რომ ახლა დევნილი ვარ მშობელ მიწიდან,
სადაც კვლავ მეფობს საპყრობილე, გვემა წამება
(იქ უცხოელი სოვდაგრების ჯიბეებს ავსებს
კრიალა ნავთი ოქროსფრად რომ სდის დედამიწას!).
შენ კერპი არ ხარ, ცალ ხელში რომ ოქრო უჭირავს
და მეორეში - ჩუმად ბომბა აქვს ჩაბღუჯული.
შენ ის ხარ, რაც მე, რაც ვიყავი, რაც ახლა გავხდი,
რისთვისაც ორთავ ბრძოლა გვმართებს ამ ქვეყანაზე;
ჩვენ ამერიკის მიწა-წყალზე, უბრალო ხალხთან, -
ჩვენსავით ხალხთან საერთო გვაქვს გზაც და მიზანიც.
იქ, შორს, ჩემი ძმა სხვისთვის ჰკერავს მოსირმულ ჩექმას.
შენი ძმა ჯონიც თავწახრილი სხვისთვის მუშაობს.
ჩემი ჰუანა, - საყვარელი და, უბედური,
როგორც შენი და, სხვის ნასუფრალს მისჩერებია.
და მეც იმავე სისხლისა ვარ, როგორც შენ, ძმაო,
როგორი სისხლიც აქვთ ქვისმთლელებს, მემაღაროებს.
როგორი სისხლიც მეზღვაურებს უდუღთ სხეულში....
(“დაე, მეისრემ გამოიღვიძოს”, 1948, თარგმანი ილო მოსაშვილისა)
გამოჩენილმა ფრანგმა ავანგარდისტმა პოეტმა პოლ ელუარმა პაბლო ნერუდას მსგავსად თავისი ლექსი “იოსებ სტალინი” სტალინის 70 წლის იუბილეს მიუძღვნა. იგი თავადვე კითხულობს ამ ლექსს საკუთარ ფილმში “სტალინი, ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარს” (Staline, l'Homme que nous aimons le plus, 1949).
იბადებოდა ხალხი მრავალი,
ჰქრებოდა ბევრი თავდადებულად,
სწუხდნენ, ეტრფოდნენ ოქროს მომავალს,
ცხოვრობდნენ, მაგრამ ნისლი ებურათ;
მიწის ბრუნვა თუ მნათობთა ქროლვა
მიაჩნდათ ღვთისგან დამტკიცებულად.
მსგავსნო კაცისა, გაჰქრით ძლიერნი,
მონობამ რისხვად გადაგიარათ,
ცხოვრება გსურდათ სვებედნიერი,
როგორც ნათელი სარკე კრიალა,
შიგ რომ სახე სჩანს ადამიანის.
გამოჩნდა კაცი მარქსის სახელით,
მილიონებთან დადგა ლენინი,
დიდი მომავლის გამომსახველი,
სტალინი მხსნელად გვყავს მოვლენილი,
კაცი მსოფლიოს გონების ტოლა -
ადამიანი, მარადისობა.
მისგან არ ვიცით, რაა ზამთარი,
სტალინი მუდამ ახლად იწყება,
ვცხოვრობთ იმედის ფიქრით გამთბარი,
ვქმნით მომავალს და ჩვენი იქნება.
ამ დღემ ხვალისთვის კარი გაგვიხსნა,
დგას განთიადი მომავალისა.
სტალინი ხალხთა გულში ანთია,
ადამიანი და თმაჭაღარა,
გვათბობს, ანთია, განთიადია,
სტალინი ხალხთა შორის ჩამდგარა.
დიდი სიამე დიდ შრომაშია, -
გვითხრა, მივყვებით, ვუსმენთ, ვიწამეთ,
ხალხმა სტალინი ამოირჩია
ხალხთა იმედად დედამიწაზე!
(თარგმანი გიორგი ქავთარაძისა)
ნებისმიერი ლექსი - როგორც versus - მიუხედავად იმისა, ფორმალისტურია ის თუ რეალისტური, მუდმივ უკან დაბრუნებას ნიშნავს. თუმცა, უკან დაბრუნება აუცილებელი არაა, რომ მაინცდამაინც ლექსის ფორმით განხორციელდეს, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვერსიფიკაციამ ახალ ხერხებსაც მიმართა და თავის ნაცად პოეტიკურ იარაღთან - ფიგურასთან ერთად უკვე სრულიად პროზაული, ესეისტური ნაწარმოები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც პოეტური ფიგურა. ეს კი შეიძლება უკვე ჩვეულებრივ ფორმალიზმზე მეტიცაა. მაგრამ, იმგვარადვე, როგორც უბრალო ადამიანური შრომა ყოველთვის იყო და დარჩება კიდეც ადამიანისათვის, როგორც არა მხოლოდ არსებობის წყარო, არამედ როგორც ცხოვრების საზრისის პოვნისა და თვითგამოხატვის საშუალება, ამგვარადვე, ლექსიც, სხვადასხვა ფორმით, გადაინაცვლებს სხვადასხვა დროში, რათა შემოინახოს და გააცოცხლოს ისტორია და მისი მთავარი დანიშნულებაც სწორედ ამ მოვალეობის აღსრულებაში მდგომარეობს.