ლეოპარდი


ლეოპარდი




როცა ლეოპარდიმ ტასოს საფლავი ნახა, ატირდა, რადგან საფლავი ღარიბული იყო. ამასთან, ტასოს სიდიადესა და მის უბრალო აზრებს შორის კონტრასტი ლეოპარდისთვის ამ სიდიადის ნაწილი იყო. იგივე განცდა გვეუფლება, როცა ლეოპარდის ღარიბულ ცხოვრებასა და მის ხელოვნებას გადავავლებთ თვალს. ფაბრიკის ხმაურითა და რომის დიალექტით სავსე სატვირთო გზა ტასოს საფლავს ჩაუვლის და სანტ ონოფრიოსკენ მიემართება. ლეოპარდისა და მისი ლექსებისკენ სავალი გზა სატვირთო გზაა. მან თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი სოფელში გაატარა. მისი კარის წინ სოფელი იშლებოდა, სახნავი მიწა და ვერანი მინდორი. ხეები, ვაზი, ლელიანი, ყველგან ლელქაში, ჭილში ამოზრდილი იისფერი მანანით აქა-იქ დაფარული გორაკები. როცა სამუშაოდან თავს ასწევდა, როცა სეირნობდა, მიწას და ცას ხედავდა. ხედავდა ხნულთა მოციმციმე ძაფებით დასერილ მიწას, გადახნული მინდვრების მართკუთხედებს, ოფლით გაჟღენთილს, მოსავლით კურთხეულს. ხედავდა ბნელი, წარმართული გრძნობით გათანგულ მიწას. ან იმას ხედავდა, როგორ ცოცხლდებიან და გიზგიზებენ უხსოვარ დროს გაქვავებული ცეცხლის ენები. გლეხი მიწას ჰგავს – მიწას, რომელშიც უხვად და თანაბრად ან მწირად და უსწორმასწოროდ არის ჩაყრილი თესლი. აქ იშვიათია გლეხი, რომელიც სარჩოს საკუთარ მიწაზე მოიწევს. აქ უმრავლესობა დღიური ჯამაგირის შემყურე დაქირავებული მუშაა და სხვადასხვა საქმით ირჩენს თავს. მაგრამ თითქმის ყოველ მათგანს აქვს პერგოლა და რამდენიმე ხე. ტოტებს ხერხმომარჯვებულები ათვალიერებენ და ყოველი ნასკვი დათვლილია. აქ ადამიანი ძონძებით შემოსილი ბრინჯაოა – კაცი ა ლა Dონატელლო. მიდის, მიწაზე მიაბიჯებს, მხარზე სამუშაო იარაღი აქვს გადებული, მუშტში ხელკეტი უჭირავს. ლეოპარდი ხედავს, როგორ მოედება შავ მიწას მეწამული განთიადის ბნელი სხივი, ღამე გადაივლის და დღის კონტურებიც მოირღვევა. კიდევ ცოტა და... ჩიტებს სძინავთ, ფოთლები შრიალებენ. უხილავი ბორბალი ჭრიალებს. მიწა ცვარს სვამს. სამუშაოზე შეყოვნებული მუშა შინ გვიან ბრუნდება, მიაბიჯებს და მღერის. ვიღაც მარტოა და მუშის სიმღერა ესმის, გული ეკუმშება, უხმოდ მღერის გამშრალი ყელით, შეგვიანებული მუშის სიმღერას ეხმიანება, რომელიც მხოლოდ მის გულში გაისმის ექოდ. ლეოპარდისთვის მისი ათეიზმი ვერაფერი ნუგეში იყო. ის არც იმ დროის ოპტიმიზმს მოუტყუებია, რომელშიც ცხოვრობდა. ის ჭვრეტდა ძველის გროვებსა და ახლის ილუზიებს შორის მომწყვდეული ადამიანების ბედს, თავად მას კი, საითაც არ უნდა ებრუნა პირი, ზურგში მისძახოდა ბედი ერთსა და იმავეს: “შეჩერდი! დაბრუნდი!”

ადამიანი, სისხლისა და ხორცისაგან შემდგარი, მიწის წიაღიდან ამოღებული მადანია, რომელსაც ხმა აქვს. ჩვენს წინაშე სკულპტურაა. მისი რკინის პირიდან კი სიმღერა იღვრება. ჩვენ გვგონია, რომ გვესმის ქარის ფშვინვა, შუქის ციალი, ჩრდილის სიამე, ლოცვის ჩურჩული, მშვიდობის ღუღუნი. ამ დროს კი შეპყრობილები ვართ “რყევით, კვნესით, იძულებით, წყვეტით, ნამდვილი ვნებით”. ასე მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია კვნესა და კანკალი. დღე და ღამე ბუნების მთავარი სიდიდეა – უბადლო, უებრო, ყოვლის განმსჭვალავი და, უწინარეს ყოვლისა, ყოვლის დამფარავი. ლეოპარდის ცხოვრებაში მოქმედებს ძალა, ისეთივე ერთიანი და ურთიერთგამომრიცხავი, როგორიც ცეცხლთან შედუღებული ყინულია, რომელიც განაგებს მის უწყვეტ სვლას ნაკლებისგან არაფრისკენ და – პირიქით. ეს არის თავში ჩარტყმული ურო, გულისრევა, რომელიც მთელ შინაგანს შეძრავს. აქ ერთ-ერთი ჩვენგანი დგას – ის, ვინც დაიბადა იმისთვის, რომ სიცოცხლე არ ჰყოფნიდა და ეს ეთქვა. მისი ყოველი სიტყვა მიუსაფრობისკენ გადადგმული ნაბიჯია, ახდილი ჭერია. არავითარი დაცულობა, ჰერმეტულობა, მეტისა და ნაკლების თანმიმდევრობა, არავითარი ისტორიული პროგრამა და არტისტული სივრცე, ფორმისა და მატერიის არჩევა. და არავითარი თავისუფლება ცხოვრებაში, ისევე, როგორც თეორიასა და ისტორიაში, “შემოქმედებითი თავისუფლების” დეკლარირება და ამ განაცხადით თეორიასა და პრაქტიკაში შეჭრა, მათი ფორმირების მცდელობა. ლეოპარდი არის ის, რასაც “შემდგარი ფაქტი” ეწოდება. რასაც ჩვეულებრივ განთიადის ნათელი ჰქვია, მისთვის ნოემბრის ნისლიანი დილა იყო, მეორე ღამის დასაწყისი. ლექსი და სიმართლე მასიურ მთლიანობას ქმნიან. ყოველი ლექსის თემა და დინამიკა ისეთივე მკაფიოა, როგორც – მთა და ველი, როგორც – ზღვის ნაპირი. მისი ხელიდან არ გამოდის რთული სახელოვნებო ტექნიკით შექმნილი ლექსი. აქ აკაკუნებს გასაჭირი, ტკივილი უფრო დიდი ოსტატია. თავგანწირული დარტყმებით იქმნება რაღაც – ისეთივე პირდაპირი, როგორიც მიზნისკენ გასროლილი ისარია, როგორიც გულისთქმაა, როგორიც არის “წადილის სიმღერა, შეუცვლელი მელოდია”.

მისი სკოლის თაღებს სვეტები ამაგრებს. სვეტებს სახელები ჰქვიათ: პინდარე, პეტრარკა, პარინი, დანტე, ტასო, ფოსკოლო. საკმარისია. ლეოპარდი ფილოლოგი იყო. სიტყვების დიდი ნიაღვარი, რომელმაც მისი უმართავი შესაძლებლობიდან ამოხეთქა, არასდროს დაშრეტილა და ხელოვნების ენა გრძნობების ენას დაექვემდებარა. მისი შესაძლებლობების ველი ყველაფერს იტევს: ამაღლებულიდან იდეალურამდე, ინტიმურიდან აპოსტროფულამდე, რიტორიკიდან პასტორალამდე, ამაღლებული ტრაგიზმიდან რეჩიტატივამდე. ამასთან, მისი სიმღერების წიგნი (ჩანტი) და ამ წიგნში შეტანილი ყოველი სიმღერა სავსეა უბრალოებით. ამ თვისებას ინარჩუნებს დიდი, უხვად დეკორირებული, ჩამწვდომი ჟღერადობის წინადადებებიდან მოკლე, ცოცხალ, მოქნილ ფრაზაზე ყოველი გადასვლა. ტაეპთა უმრავლესობა თერთმეტმარცვლიანია, ხშირად გადადის რვა და შვიდმარცვლიანში. მათი ძუნწი რითმა, მკაცრი წყობის გარეშე, თავისთავად გრაციოზულია. იგი გაურბის ენის “წყალობას”, გარბის ხელშესახებ ქმნადობაში მაშინ, როცა შინაარსი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. იტალიური პასტორალის რითმა პირველქმნილთან არის ნაზიარები, რაც იმას ადასტურებს, რომ იტალიელი პოეტი უფრო ახლოს დგას დასაბამთან. რითმა შინაარსის სიღრმიდან მოდის და არა გარსიდან, არა ნაჭუჭიდან. ლეოპარდის ლექსიც ასეთია. ლექსის წყობა და წინადადების წყობა მის პოეზიაში ორგანულად ერწყმიან ერთმანეთს, შეთანხმებულად მოქმედებენ. სტილი უზადო და დახვეწილია, პირველსახე შენარჩუნებულია. ტემპერამენტი აყალიბებს ჟღერადობას, შინაარსი _ ტაქტს, სინტაქსი განაგებს როგორც გრძელ და მძიმე, ასევე მოკლე და მსუბუქ კონსტრუქციებს, წინ არ ეღობება ჭეშმარიტებას, არ აშენებს სიცარიელეში. ასე იქმნება ჰარმონია. “ის ამაღლდება და გაქრება, აივსება და მიიქცევა”, მოძრაობა მუდამ სახეზეა, მას ძირისძირში ვხედავთ. გრძელ, დახლართულ, მუდამ თავიდან წამოწყებულ, ვნებით ზემიმართულ მონაკვეთებს ცვლის მოკლე, ერთმარცვლიანი, ყოველი ცალკეული მოტივის შესაბამისი პერიოდები. ყოველი ლექსი კი თითქოს ნაზავია მტკივნეული თვითგანცდის მატერიალური წინაპირობისა და – უნივერსალურში, როგორც ისტორიულში, ასევე იდუმალ დასაბამში მოხეტიალე ფიქრებისა, რომლებიც ავტოპორტრეტს სამყაროს სახედ აქცევენ. ასეთია მათგან შემდგარი წიგნი. მელოდიურობის, თანხმიანობის, სისავსის, მოქცევისა და მიქცევის მშვენიერება ერთნაირად აყალიბებს სტროფის ზომასა და რითმულ რიგს. ეს ჰარმონია, თანხმიანობა ყველგან ჩაგვესმის, ამ ლექსთაგან თითოეულში: “მიძღვნა დის, პაულინას, ქორწილისადმი”, “გაზაფხულისადმი”, “საფოს უკანასკნელი სიმღერა”, “პირველი სიყვარული”, “მარტოსული შაშვი”, “უსასრულობა”, “საღამო დღესასწაულის მერე”, “მთვარისადმი”, “სიზმარი”, “მარტოობა”, “შეყვარებულს”, “სიმშვიდე ჭექა-ქუხილის მერე”, “მწყემსის ღამეული სიმღერა აზიის მიწაზე ხეტიალისას”, “უქმე დღე სოფელში”, “სიყვარული და სიკვდილი”,, “წარწერა ძველი საფლავის ქვაზე”, “ლამაზმანის პორტრეტისადმი”, “მთვარის ჩასვლა”, “მანანას ყვავილი”.

ლეოპარდიმ, ბურჟუაზიული და ინდუსტრიული რევოლუციის თანამედროვემ, განჭვრიტა, რომ სამყაროს კარიკატურა მის ნამდვილ სახედ იქცევა და ამ სახით განაგრძობს არსებობას. ძველი, მირონცხებული, შენიღბული, მანტიამოსხმული ძალაუფლების ადგილს დაიკავებს არანაკლებ გამანადგურებელი ძალა – მანქანები, ინდუსტრიული საქონლის მწარმოებლები და მომხმარებლები. მათი იდეალების დასამკვიდრებლად ახალი ომები დაიწყება, ახალი განსაცდელი მოვა. კულტურპესიმისტმა სწორად დაინახა და იწინასწარმეტყველა. ადამიანის გენია ანუ საუკეთესო მასში მოიკვეთა და განიდევნა. მსხვერპლის შელახული ღირსება და მისი ტკივილი არავის ეხება, არავის ესმის.Lლეოპარდის ცნობიერებას არა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრებისეული გასაჭირი და წარსულის ნგრევით გამოწვეული განცდა განაპირობებს. თვით მომავალი არის ხელყოფილი და შერყვნილი. ეს მისი კრიტიკული ცნობიერებაა. კრიზისის განცდა ლეოპარდის უფრო ადრინდელ ფოსკოლოსთან აკავშირებს, თუმცა ის არ იზიარებს ამ უკანასკნელის იმედებს. “მეცნიერება მხოლოდ სიცარიელეს აძლევს გასაქანს” – ასე ჟღერს მისი კრიტიკული ხედვა ავტობიოგრაფიული ხასიათის სიმღერაში “ანჯელო მეისადმი, როცა მან აღმოაჩინა ციცერონის ხელნაწერი “რესპუბლიკის შესახებ”. ამ ოდაში ლეოპარდი გარდაცვლილ წინაპართა სულებს მოუხმობს: დანტეს, პეტრარკას, კოლუმბს, არიოსტოს, ტასოს, ალფიერის. მეისადმი მიძღვნილი ოდა მის სხვა ოდებთან ერთად – “იტალიას”, “დანტეს ძეგლისადმი”, “ბრუტუს უმცროსი”, “ჰიმნი წინაპრებს”, “გრაფ კარლო პეპოლის”, “პოლინოდია მარკიზ ჯინო კაპონის” – ლეოპარდის პოლიტიკური ანდერძია.

ლეოპარდი ცხოვრობდა განცდით, რომ ამქვეყნიურ სიცოცხლეში სიცოცხლე მოსტაცეს და მხოლოდ ტანჯული სხეული, არა ტორსო, არამედ…ტრონცო დაუტოვეს. ცხოვრების დასაწყისიდანვე მოწყლული, ფილოლოგიამ კიდევ უფრო მგრძნობიარე გახადა. სიყვარულით სნეულმა მსოფლიო ლიტერატურა შეიყვარა. ორი წუხილი აშთობდა მის არსებას. საკუთარ ცხოვრებას აღიქვამდა, როგორც საპყრობილეს, იმ დროს კი, რომელშიც ცხოვრობდა, – როგორც სასჯელს. აღარაფერს ელოდა. მისი ხმა გრგვინავდა, როგორც მორევი, როგორც კლდეებს შორის გამომწყვდეული აბობოქრებული წყალი. “სიმღერათა წიგნში” ლეოპარდიმ თავისი ტკივილი აკურთხა და კანონიზებულ სიწმინდედ აქცია. მწუხარე ჟინი მას კატასტროფად ექცა და ყოველ ჟამს თითო ვარსკვლავის სიკვდილს უჩვენებდა. სიყვარული და სიკვდილი მის გულში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და ყველა იმედს ქელავდნენ. გამარჯვება სიკვდილმა მოიპოვა. თუმცა ლეოპარდი იმასაც ხედავდა, როგორ უყვარდათ იგი მეგობრებს. ხედავდა სიყვარულს, რომელსაც შეეძლო მწუხარების საპირწონედ ქცეულიყო. მაგრამ “დაუნდობლობის ციხეკოშკში გამომწყვდეულს” აღარ სურდა – სიყვარულს დანებებოდა. ისღა დარჩენოდა, გარდაცვლილთა სიმშვიდე შეშურებოდა და მხოლოდ ის ენატრა, მეგობრების სიყვარული მის სიცოცხლეზე ხანგრძლივი ყოფილიყო და მისი ფერფლისთვის მოეფინა ნათელი. ბოლოს მხოლოდ შემწყალე აღსასრულს ითხოვდა. ის მოკვდა საზარელი ვეზუვის ძირას, სადაც ხეც არ ხარობს და სადაც არემარეს მხოლოდ შავთავას ყვავილები ამკობენ.

 

გერმანულიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
NEWSAUNJE.GE