წმინდანის მახე


წმინდანის მახე




1

წლინახევრის იყო, მეზობელმა რომ შეაშინა. დედამისს ჰგავდა სახით ძალიან და მოდი, პატარავ, უნდა მოგეფეროო, ბავშვი ხელში აიყვანა, შეათამაშა. ქალის სახეს მიშტერებული დანიელი ტირილისგან მალევე ჩაბჟირდა, დედა ვინც ეგონა, სხვა აღმოჩნდა. არადა ხმაც თითქოს მისი ჰქონდა. ურთიერთსაპირისპირო გრძნობების ერთდროულ არსებობას დიდები გამოჰყავს წონასწორობიდან და ჩვილს რას დამართებდა?

 ხუთი წლის ასაკში, მშობლებთან ერთად ბორჯომში როცა ისვენებდა, უფრო დიდი შიშის ზარი დაეცა. ერთმა მატრაკვეცამ თეატრალური წარმოდგენის დადგმა გადაწყვიტა და სხვა დამსვენებლები აიყოლია. არავინ აღმოჩნდა ისეთი, შემოქმედებით წვაში მყოფისთვის რომ ეკითხა:

“- რა გინდა, ამხანაგო? რა სანდრო ახმეტელობა აგიტყდა? ვინ ხარ, სტანისლავსკი ხარ? რომელი სპექტაკლის გათამაშებას აპირებ? რად გაითეთრე მთელი სახე? ავ სულს ითავისებ “ტყის მეფიდან”? იქნებ ჰამლეტის მამობა გსურს რომელიმე უნიჭო დადგმიდან, ანდა სულაც სიკვდილის როლს ირგებ “მეშვიდე ბეჭდიდან”? ამასაც არ კმარობ, თეთრ ზეწარში ეხვევი და რეპეტიციებს შორის, ხუთი წლის ბიჭუნას სანატორიუმის დერეფანში უხტები წინ, გაშლილი ხელებით, ბარბაცით და შამანური ზმუილით. ბავშვი ვერ ასწრებს შენს ხელში ანთებული სიგარეტის დანახვას და ნესტოებიდან გამოსულ კვამლსაც დემონურ იარაღად აღიქვამს, - ამიტომაც ქვავდება შეშინებული ასე საცოდავად.”

ამ ამბის მერე პატარა დანიელი თვეზე მეტი ვერ ლაპარაკობდა, დიდი-დიდი, ბლუკუნებდა და პატარა ხმაურზეც თვალებს ხუჭავდა ისე, რომ კარგა ხანი აღარ ახელდა. საფრთხისას თვალების დახუჭვა - გარე სამყაროს მყისიერი მოკვეთისა და საკუთარ შიდა სამყაროში ჩაბრუნების მცდელობა, ანუ ხსნის იმიტაცია, - ის ინფანტილური ქმედებაა, რომელიც ადამიანებს ჭეშმარიტი სახით წარმოაჩენს, თვალსაჩინოს ხდის მათ უპირობო მოწყვლადობას და ზოგში სიბრალულს ბადებს და ზოგში ულმობელობას  თვალდახუჭულისადმი.

ჰო, სიტყვების ამოთქმა უჭირდა, მაგრამ ერთხელ გულიანად იცინა. ღამის ქოთანზე იჯდა საძინებელში, სოფელში, შეღებულ კარსუკან, და ყაყას შვრებოდა, როცა იმ მეზობელმა გოგომ შემოიჭყიტა, დანიელს რომ მოსწონდა. ორი წლით უფროსი კუდრაჭა ღამის ქოთანზე მჯდომს ზემოდან დააცქერდა, კარგად დააკვირდა და მერე კისკისით გაკურცხლა. ბავშვი ქოთანზე დარჩა. აღარ დგებოდა, სანამ დედამ არ მოაკითხა. ახლა აქ ვინ შემოირბინა, ნინო იყოო, ჰკითხა დედამ. ჰო, ჰოოოო, უპასუხა დანიელმა. დედა მიუხვდა გულისტკივილს და უთხრა: მერე ვერ ადექი, ვერ უთხარი, მე მოვრჩი, ახლა შენი ჯერია, დაჯექი და ქენიო. ბიჭუნას ჯერ გაეღიმა, მერე სიცილი აუვარდა - დიდხანს კისკისებდა გოგოსავით. ქალური მაღალი ტემბრი მას მთელი ცხოვრება დაჰყვება, მის ხმას თუ ერთხელ მოისმენ, გონებაში ჩაგიჯდება და არავისში აგერევა. საღამოობით დედა დამამშვიდებელ ნაყენს ასმევდა ხოლმე. 

ბავშვობისდროინდელ სისუსტეებს ადამიანი ადვილად პატიობ საკუთარ თავს. შემდეგ კი ყველაფერი გაცილებით რთულდება. დიდობაში ლაჩრის დამღის მოშორება ცნობიერების შეცვლით ხერხდება: ან შურისძიების სისხლში უნდა განიბანო, ანდა წმინდანის შარავანდედი დაიდგა. თავის მხრივ, ერთმანეთისგან პოლარულად განსხვავებული ეს ორი პროცესი ვერ იტანს სიყალბეს და დაუსრულებლობას. ვერშემდგარი წმინდანი, რომელიც მოულოდნელად მიწიერ ვნებას შეუპყრია - სიბრალულს ბადებს. მაგრამ სასტიკი უარისა და იმედგაცრუების შემთხვევაში შეიძლება შურისმაძიებლად იქცეს. Mაშინ, როცა მუხლმოდრეკილი მსხვერპლის შეცოდება შურისმაძიებელს წმინდანად ნათლავს. გახსოვდეთ, ორივე შემთხვევაში, ახალ, უფრო რთულ მახეში გაბმის საშიშროება არსებობს.

სილაჩრიდან თავის დაძვრენის პროცესში სხვისი სისუსტე და გასაჭირი მალამოსავით გვედება და მდგომარეობას გვიმსუბუქებს. დანიელისთვის ასეთი მალამო მილსა და კედელს შორის გაჭედილი ლეო იყო. ო, როგორ საშინლად გაიჭედა ლეო... დანიელი ვერ ივიწყებდა მის დაკლაკნილ სხეულს, მის მიმიკას, მის დორბლს... მილსა და ლეოზე ოდნავ ქვემოთ.

დანიელი იმხანად მცხეთასთან ცხოვრობდა და სკოლაში მისასვლელად ტყის გავლა უწევდა. ისინი სწორედ სიღრმეში, პატარა ბილიკთან დაუხვდნენ და შეაშინეს. თექვსმეტი წლისამ ეს ხიფათი სხვაგვარად აღიქვა, არა ისე, როგორც მაშინ, დერეფანში, თეთრსახას წინ. ეს გაცნობიერებული შიში იყო, ეს იყო სიმხდალე. თუ გაიქცეოდა - დაეწეოდნენ. შეიძლება, ვერ დაწეოდნენ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ დაეწეოდნენ და ამგვარად, საკუთარი მცდარი დასკვნების მახეში გაბმულს რაღა დარჩენოდა: გაშეშება, მიწაში ჩარჭობა, ხელის ვერ აწევა, სახეზე ვერ მოსმა, ლაპარაკის უნარის წამებში დაკარგვა, მეგობრის, გუჯას შეგონების ვერგახსენება:

“- ეგრე ნუ შეშდები, დანიელ! გაბრაზდი, გაცოფდი, არმატურა აიღე, თავი მოიგიჟიანე! არა, კი არ მოიგიჟიანო, მართლა გააფრინე! გესმის?! გააფრინე, დაიღრიალე! დაიღრიალე და თუ არ შეგეშვებიან, დასცხე ყველაზე ახლო მდგომს, იმ ძაღლიშვილს! აი, ასე! აი, ასე!”

სამიდან ორს იცნობდა, მისი სკოლელები იყვნენ, ერთი წლით უფროსები: ჯანაშია, ზიბზიბაძე. ხურდა ფული სულ წაართვეს. ეგ კიდევ არაფერი, დაინახეს, რომ კანკალებდა... და მეტი რა უნდოდათ, მადა იქვე გაეხსნათ: ჯანაშიამ ხელი ყურში წაავლო, საშინლად მოუგრიხა, ქვემოთკენ დაქაჩა და სანამ საკუთარი ფეხსაცმელი არ დაადორბლინა, მანამდე არ შეეშვა.

არ დაფრთხეთ, ჩვენი თხრობის მიზანი სასასტიკის ნატურალისტური ჩვენება არ არის. ეს უბრალოდ სტრუქტურაა, რომელსაც მკითხველმა უნდა მისდიოს და რადგან კაცობრიობა ამ საკითხში დიდი გამოცდილების მატარებელია, რამდენიმე სიტყვა-მინიშნებაც საკმარისია, რომ ადამიანმა ყველაფერი თვალნათლივ წარმოიდგინოს და გონებაში, პარალელურ რეჟიმში, გულის სიღრმეში სათუთად შენახული საკუთარი ჩაგვრის ვერმონელებული დეტალების პროექცირება მოახდინოს.

იმ დღიდან დანიელს საყრდენი გამოეცალა. ქვეცნობიერში ყოველთვის გრძნობდა, რომ ასეთი რამ ადრე თუ გვიან მოხდებოდა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, უეჭველი ჩაგრულთა რიგებში აღმოჩნდებოდა. არც საქმის გამრჩევი ძმაკაცები ჰყავდა და არც ნაციხარი ბიძები. ჩაგვრისგან თავი რომ დაეღწია, სკოლაში არ უნდა ევლო, ეზოში არ უნდა ჩასულიყო, გარეთ ცხვირი არ უნდა გაეყო და ეს ან იხსნიდა კიდევ და ან არა.

დიადი მიზნები არ ჰქონია, მაგრამ თექვსმეტი წლის ყმაწვილკაცს პატარა ოცნებები, გეგმები და სურვილები, ყველაფერი ნისლად ექცა, უაზრობად. უკიდურესად საჭირო დროს სილაჩრის გამო ვერგამომუშავებული ძალისხმევა ყველა სხვა საქმეში ჩასადებ ძალას ფარავდა, აბუნდოვანებდა, ამუხრუჭებდა. ადამიანების ისედაც ეშინოდა, ახლა უკვე ტყისკენაც ვეღარ იყურებოდა, სიღრმეში მიმავალ იმ ბილიკზე ფეხს აღარასოდეს დადგამდა. დღის ის მონაკვეთიც კი შესძულდა, სამმა არაკაცმა როცა დაჩაგრა - დილა იყო.

როგორი სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს განთიადს დედამიწაზე. კაცობრიობა კი სწორედ ამ ნატიფი დროის შერყვნას ცდილობს მუდამ: ადამიანის სიკვდილით დასჯას ყოველთვის გარიჟრაჟს ამთხვევს.

ჯანაშიას საქციელსაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ალიონის სიძულვილიც ედო საფუძვლად. ღამით ჩადენილი სიავე ბოროტმოქმედების სტანდარტულ ვერსიას ეკუთვნის. აი, დილით განხორციელებული უკეთურება კი სიბოროტის უმაღლესი ლიგიდანაა. მას განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება. გარე დამკვირვებლისთვის ერთი შეხედვით რთულია, მოზარდის ქმედებაში ავისმნდომელობა აღმოაჩინოს. თუ მძინარე ჯანაშიას დავაკვირდებით, გაცილებით მამა აბრამის ბატკნად მოგვეჩვენება, ვიდრე დანიელი. ეს უკანასკნელი ძილში ბორგავს, კბილებს აღრჭიალებს და ცუდ სიტყვებს გაიძახის. ჯანაშია იღვიძებს, სიგარეტს უკიდებს, საუზმობს, დედას ლოყაზე კოცნის და დილის რვისთვის საყაჩაღოდ გადის. მან არ იცის, რომ ვუთვალთვალებთ, მაგრამ შარვალში დანის ჩადებას ისე ახერხებს, - ამას ვერ ვამჩნევთ. და მომავალშიც, რომელიმე ჩხუბისას, სწორედ ამ დანას ისე სხარტად და დაფარულად გამოიყენებს, ვერაფერს დავინახავთ, ვერც ჩვენ, ვერც ბარძაყში დაჭრილი მსხვერპლი და, მითუმეტეს, ვერც მოსყიდული პოლიციელი.

ჯანაშია დანიელში მზის ამოსვლის მაგიას ბილწავს. მის სამყაროს აფურთხებს და ბიჭის ცნობიერებიდან დილის მშვენიერებას შლის. ეს მისი ტყეა. აქ ბატონობს. ულმობელია, შეუვალია, ხვეწნა-მუდარას ყურს არ უგდებს.

იმ დღეს დანიელმა სკოლამდე ვეღარ მიაღწია, შინ დაბრუნდა. ვერც მეორე დღეს გაბედა სახლიდან გასვლა. მშობლებმა დატუქსეს, ყალთაბანდობას მოეშვი და ისწავლეო. რატომ, რატომ ვისწავლოო?! - წამოიყვირა დანიელმა. კაცი რომ გამოხვიდეო. კაცობაში რას გულისხმობთ, ინჟინრობასო? მამას ეწყინა და გაებუტა. ანუ დაჩაგრულს, ყურახეულს და ფეხსაცმლისმლოკველს იმავდროულად მამაც გაებუტა. სულ მოიშალა.

აი, სწორედ მაშინ გაიჭედა ლეო. ეს მცხეთაში, გუჯა სადაც ცხოვრობდა, იმ კორპუსში მოხდა. სადარბაზოს შესასვლელთან სილა ეყარა. ბიჭები მეორე სართულის ფანჯრიდან სადარბაზოს სახურავზე გადადიოდნენ და იქიდან სილაში ხტებოდნენ. ალბათ დღევანდელი ახალგაზრდობა ამ გართობით არ დაინტერესდება, ჰა-ჰა, შესაძლოა ერთხელ ან ორჯერ გადმოხტნენ და მორჩა. მაშინ კი ტელევიზიაში მხოლოდ სამი არხი იყო, - არანაირი კომპიუტერი, არავითარი მობილური და ამიტომ გადმოხტომებს ბოლო არ უჩანდა. ეშხში შესულებს ლეოც შეუერთდა. ის შეძლებული ოჯახიდან იყო და ბიჭები მას “ბურჟუას” ეძახდნენ. პუტკუნა ლეო კორპუსის შიგნით ჯერ ფანჯრის რაფაზე აძვრა, მერე კი იქიდან სადარბაზოს შესასვლელის სახურავზე გადმოცურდა-ჩამოხტა და კიდესთან მივიდა. ჰო, ქვემოდან იოლი ჩანდა, მაგრამ ზემოთ ბურჟუას სულ სხვა სურათი დახვდა. რომ არ ეგონა, ისეთ სიმაღლეზე აღმოჩნდა. რამდენჯერაც გადმოხტომა დააპირა, იმდენჯერ ვერ შეძლო. ქვემოდან ჯერ დასცინეს, მერე კეთილები აგინეს, მერე ისევ დასცინეს და საშინელი სტვენა ატეხეს. გუჯამ დაუყვირა, მიდი, უკან ადიო. ლეოს სირცხვილისგან თავი ეჭრებოდა. ხელის მკვრელიც არავინ იყო. ყოყმანის და წვალების მერე გაწითლებული ლეო უკან მიტრიალდა და ფანჯრის რაფაზე აძრომა სცადა... ძალები არ ეყო და ვერ აიწია. ხელს გაზის მილიც უშლიდა, კედელს რომელიც გასდევდა და ზომაზე მეტად იყო გამოწეული. ლეომ გადაწყვიტა მილსა და კედელს შორის გამძვრალიყო და შემდეგ უფრო ახლოდან აწეულიყო. ჰოდა, სწორედ იქ გაიჭედა. თავი და მხრები გააძვრინა, მაგრამ მუცელმა შეაკავა. ძალა დაატანა, ცოტათი აიწია და უფრო გაიჭედა. უკან ჩაცურება და გამოძრომა სცადა და საბოლოოდ გაეკვეხა. ბიჭებისკენ ზურგით მყოფი ბურჟუა მილსა და კედელს შორის უცნაურად იკლაკნებოდა და ქოშინებდა. ჩვეულებრივი პანიკა დაეწყო.

ატყდა სიცილი და მერე რა სიცილი, ფერდები ხელით ეჭირათ, ზოგი ქვიშაში გორაობდა. ლეო კი ატირდა. გუჯამ აირბინა, ფანჯრიდან გადმოეყუდა და ხელი მიაწოდა, მაგრამ როგორ აქაჩავდა? ამიტომ ჩახტა და ახლა ქვემოდან სცადა, მისწოლოდა და ეს უკვე კომედია იყო. ალბათ დანიელსაც გაეცინებოდა, ჯანაშია რომ არ ხსომებოდა ბოლო დღეები უწყვეტად. იქ ისეთი საცოდაობა ტრიალებდა, დანიელმა იფიქრა, ამ სანახაობას არ მოაკლდება, წესით საიდანღაც უნდა გამოჩნდესო და მიიხედ-მოიხედა. არა, ჯანაშია არ მოსულა, აქ რატომ უნდა მოსულიყო? დანიელის გაზვიადებული ფანტაზიის ნაყოფი იყო. ლეომ მის გარეშეც კარგად ჩაიჯვა, ოღონდ მართლა ჩაიჯვა, გუჯა იყო მოწმე. მერე კაცები მოვიდნენ და იმათმა ჩამოხსნეს.

ბურჟუა ეზოში აღარ ჩადიოდა. მალე ოჯახთან ერთად სხვა სახლში გადავიდა. დანიელს არასოდეს დავიწყებია ლეო. მის ჩასვრილ უკანალს არ განუცვიფრებია, ბურჟუას შეშლილმა სახემ გააოგნა, ვერაფრით ამოშალა გონებიდან მისი აჭარხლებული ოფლიანი თავი და პირში ჩამდინარე არაბავშვური ცრემლები და ჟღვლინტები.

დანიელი სახლში ვერ ჩაიკეტებოდა, ამიტომ მესამე დღეს ტყეს გვერდი აუქცია და გრძელი გზით წავიდა. დააგვიანდა. დამრიგებელმა უთხრა, ბოლო დროს ვერ გცნობო. იმ ავბედითი დღის მერე ერთმანეთს არც შეხვედრილან, მოშლილი ფსიქიკით მხოლოდ ახლა ნახა და “ბოლო დროს არ მომწონხარში” რა იგულისხმა, დანიელი ვერ მიხვდა. ბიჭმა შესაბამისი პასუხი მიუგო: “აი, დარდი, თუ არ მოგწონვარო.” “ხვალ მამას მოიყვან და ორივეს მაგრად დაგტუქსავთო” - დამრიგებელიც უცბად წამოენთო. რა მოთმინება, რის ემპათია, მასწავლებელი სინამდვილეში თავხედი ადამიანი იყო. წინ და უკან ატარა, სასწავლო ნაწილსა და დირექტორს შორის, დერეფნებში თავზე დასჩხაოდა. ჩხავილზე რომელიღაც კლასიდან სამხედროს მასწავლებელი გამოხტა, დამრიგებელს უთხრა, ოღონდ მითხარი და ისეთს მოვადებ, გავაფრენ “ფორტოჩკაშიო”. მოულოდნელად ყველას დაავიწყდა მისი კარგი მოწაფეობა, თითქმის ხუთოსნობა. ბიჭს ჯანჯღარი და წივილი აღარ ადარდებდა - ამათი აღარ ეშინოდა. სიბრაზემ აიტანა, ტანით დიდი რომ ყოფილიყო და თანაც თავხედი, სამხედროს მასწავლებელს იქით მისცხებდა სახეში. დანიელი დაბალი იყო, სულ რაღაც მეტრი და სამოცი. თანაც აქამდე არავისთვის გაურტყამს, არ იცოდა, ეს როგორ კეთდებოდა. მოკლედ, მეორე დღეს მამა მიიყვანა - ცალკე ახლა ის გაჯორეს. სახლში რომ ბრუნდებოდნენ, მამამ უთხრა, ქიმიის მასწავლებელმა რაღაც მითხრაო. რაო? - დაინტერესდა დანიელი. რაო და შენზე თქვა, იმ დღეს წითელი თვალები ჰქონდა და ხომ არ იჩხირავსო?

კლასში ერთი კაიფობდა, - გაბარაევი. გარედან ჩანთაზე დიდი შპრიცი ეხატა, შიგნით კი საერთოდ ვერაფერს იპოვიდი, ყოველთვის ცარიელი დაჰქონდა. დანიელს ჩანთაში ექვსი წიგნი ედო. გაბარაევმა იცოდა, რამდენი იყო ორჯერ ორი, მაგრამ სამჯერ სამი - უკვე აღარ. მიუხედავად ამისა, ამირან გაბარაევმა სკოლიდან წითელი დიპლომი გაიტანა, საკონსერვო ქარხანაში დირექტორის მოადგილედ იმუშავა 3 წელი, სანამ კლიენტი არ დაჭრა მუცელში დანით - 5 წელი მიარჭეს.

მთელი შემდეგი კვირა დანიელმა შემოვლითი გზით იარა, დიდხანს უნდებოდა, ტყის ბილიკთან შედარებით ეს გზა გაცილებით გრძელი იყო. სახლიდან ადრე უწევდა გასვლა და ახლა უკვე აღარ აგვიანებდა. ცოტათი დამშვიდდა, თავი ხელში აიყვანა. შემდეგ გრძელი გზით სიარული მობეზრდა. ორშაბათს ისევ მოკლეთი წავიდა... და კვლავ ჯანაშიას და ზიბზიბაძეს შეეჩეხა. ეწეოდნენ. მესამეც იყო, ოღონდ მაშინ რომ იყო, ის არა, ახალი მესამე.

ძველი შიში გაცოცხლდა, დანიელი ეგრევე უკან მიბრუნდა, მაგრამ დაუძახეს, შეაჩერეს. ზიბზიბაძემ ნამწვი ესროლა. დანიელმა სადილის ფული თავისი ხელით მისცა და სთხოვა, გამიშვით, სკოლაში მაგვიანდებაო. ჯანაშიამ უთხრა, ხვალ დილით 5 მანეთს მოიტანო. მაგდენი არა მაქვსო, უპასუხა დანიელმა. ხვალ 5 მანეთს მოიტანო. ვერა, არა მაქვსო... და სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, შუბლში ჯანაშიას მწარე სილა მოხვდა.

ზიბზიბაძემ ჰკითხა, ჰა, პირში ხომ არ აიღებდიო? დანიელს გული შეეკუმშა, სექსუალური აქტის ამ ფორმის უბრალოდ გაგონებაზეც კი რაღაც უცნაური ემართებოდა. ცამეტის იქნებოდა, როცა კობასგან პირველად მოისმინა, ქალს რამდენი კაცი ჟიმავდა.

- ქალს ერთდროულად სამი კაცი ჟიმავს: ერთი წინიდან, ერთი უკნიდან და ერთიც პირში აძლევს.

დანიელი გაოგნდა, ვერ წარმოედგინა, მამაკაცს თავისი სასქესო ორგანოს ქალის პირში ჩადება თუ შეეძლო. შემდეგ, როცა წამოიზარდა, აქტი თეორიულად გაითავისა და ახლა უკვე ძალიან საოცნებო ქმედებად ექცა. როცა მასტურბირებდა, ძირითადად ამ პოზას წარმოიდგენდა ხოლმე. პორნოსურათები დიდი იშვიათობა იყო, თუმცა ერთი შავ-თეთრი ფოტო ხელში როგორღაც მაინც ჩაიგდო: თვალმინაბულ ქალს პირში პენისი ედო. რამდენიმე წლის მერე კი ფროიდთან ამოიკითხა, პენისის წუწნა ბავშვობიდან მომავალი ქმედების, ძუძუს წოვის გაგრძელებააო. დანიელმა დაიჯერა და კომპლექსიც მოეხსნა.

მაშინ კი ტყეში დაბნეულმა, მორიდებული პასუხი გასცა: “არა, თავს შევიკავებდიო.” რას იზამდიო? - ჩაეკითხნენ. თავს შევიკავებდიო. ჯანაშია, ზიბზიბაძე და მესამე ახარხარდნენ და თან გაიძახოდნენ, ეს რა სირი ჰყავს გამჩენსო. ჯანაშიამ უთხრა, კარგი, წადი-წადი და ხვალ დილით აქ გელოდებითო.

მეორე დილით 5 მანეთი მიუტანა, მას მერე კიდევ 30. არ იკმარეს, ერთი წელი ტანჯავდნენ. ახლა სკოლაშიც აკითხავდნენ. შესვენების დროს, გაკვეთილების მერე. სადამდე უნდა გაგრძელებულიყო ასე?

ჩვეულებრივი ჩაგვრა იყო. მაგრამ თქვენ არ განიცადოთ, დანიელი თავს დააღწევს წნეხს, იმაზე უფრო ნატიფად, ვიდრე წარმოგვიდგენია. ხალხის სურვილით კი ლეგენდის სასტიკ ფინალს ვიხილავთ. ცოტაც მოითმინეთ, მისდიეთ შურისძიების სქემას, იხილეთ ადამიანის ტრანსფორმაცია და კმაყოფილნი დარჩებით.

როცა ჯანაშია სხვა სკოლაში გადავიდა, დანიელმა იფიქრა, დასრულდა, გადავრჩიო. მაგრამ - არა. დარჩა ნაშთი, მტანჯველი კვალი, აზრები, მოულოდნელად რომ ეწვეოდნენ და ადგილზე ყინავდნენ. დარჩა განმეორებადობის შიში, და ეს უხილავი უკუკავშირი უკეთურობას ხელახლა იზიდავდა, უკვე ჩავლილ საფრთხეს უკან აბრუნებდა - იმავე, ანდა სახეცვლილი ფორმით.

ჯანაშია წავიდა, მაგრამ დანიელის სიახლოვეს თავისი მეგობარი, ლელაძე დატოვა. შეურაცხყოფებმა განსხვავებული სახე მიიღო, ლელაძე ზესტაფონელი იყო და ჩაგვრის პერიფერიულ, სწორხაზოვან მეთოდებს იყენებდა. ნუ ჩავუღრმავდებით დეტალებს, ნუ გავქექავთ რაღაც ამაზრზენს.

ამასობაში წლები გავიდა, დანიელმა სკოლა დაამთავრა, საინჟინროზე ჩააბარა, ელექტრომექანიკოს-ელექტრიკოსი გამოვიდა, დიპლომი აიღო, მამა კვლავ შეურიგდა. გონება კი ვერაფრით დაიუნჯა. ელექტრიკოსი იყო და ძაბვასა და დენში საერთოდ ვერ ერკვეოდა, ახსოვდა, რომ ამ ორი სიდიდის შეფარდება წინაღობას ქმნიდა. წინაღობა და წვალება იყო როგორც გარე სამყაროში, ისე მის ცნობიერებაში. აბა, დაუკვირდით: დანიელი სწავლობდა იქ, სადაც არაფერი ესაქმებოდა, არ ჰყავდა შეყვარებული; შეყვარებული კი არა, ქალიც არ ჰყავდა და ამიტომ 22 წლის კაცი ისევ მასტურბირებდა; ჩაგრავდა ვიღაც ზესტაფონელი. თუ სადმე ერთმანეთს გადააწყდებოდნენ, ლელაძე ეგრევე ამ ფრაზას ჩასძახოდა სახეში: “ჰა, გინდა რამე, შენ გეკითხები, გინდა რამე?!” დანიელი არ იყო ნამყოფი არსად, მხოლოდ ბაქოში. როგორც იქნა გადადგა ნაბიჯი, პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, სარეჟისოროზე მივიდა, თემა დაწერა და გასაუბრებაზე კომპოზიცია დაუკრეს, რომელიც ვერ გამოიცნო. მერე ნახატი აჩვენს და ვერც ავტორი გამოიცნო. ადგა და მოსკოვში გადაფრინდა. იქ, “ვგიკში” ნახა ცოცხალი რიაზანოვი, მენშოვი და ხუციევი. რუსული მაშინ კარგად არ იცოდა და იქაც ჩაჭრეს. უკან გადმოფრინდა და მეორე დღესვე შეეჩეხა ლელაძეს.

- ჰა, გინდა რამე?! გინდა რამე, შენ გეკითხები?

მისით მხოლოდ მშობლები ამაყობდნენ. მამამ იმდენი აქო, სანამ ნათესავმა ქალმა სახლში დენის გაყვანა არ სთხოვა. მამა-შვილი ერთად მივიდნენ, კედლები დათხარეს, მავთულები ჩასვეს, ზოგან ჩატენეს, მიაერთ-მოაერთეს, თაბაშირით ამოლესეს და წასვლა დააპირეს. იქნებ ჯერ შეგემოწმებინათო, სთხოვა ნათესავმა. კარგიო, დაეთანხმნენ და ჩამრთველს დააწვნენ. დანიელმა და სხვათაშორის, მამამაც, მაშინ პირველად ნახეს, როგორ იწვოდა კედლები. დანიელი უფრო გაოცდა, ვერაფრით მიხვდა, როგორ შეიძლება აგურის კედელს ცეცხლი ეკიდოს.

თუმცა ამ ამბავს არ დაუსევდიანებია. სხვა დიდი რამ სტანჯავდა, იცოდა, რომ დამცირებული ვერაფერს შექმნიდა, ვერანაირ საქმეს ვერ წამოიწყებდა, ვერ გაიხარებდა, ლელაძე სადმე რომ გადაყროდა და ისევ დაეჩაგრა - თავს მოიკლავდა. ჰოდა, სულ მალე ჯანაშია დაბრუნდა.

 

 

2

ფილმში კი დანიის პრინცს ბიძამისი ჩაგრავდა. ტელევიზორში რუსული “ჰამლეტი” გადიოდა. ბოროტი ბიძის ლტოლვა დაქვრივებული დედოფლის მიმართ კარგად არ იკვეთებოდა და ქალის ღალატი დანიელს თავიდან მოუმწიფებელი ეჩვენა. დანია კი ხარობდა, დაქვრივებული დედოფალი ისევ თხოვდებოდა, მოსახლეობა სევდისა და სიხარულის შერეული გრძნობებით, ცრემლმორეული და იმავდროულად გაღიმებული, დღესასწაულისთვის ემზადებოდა, სულ მალე პანაშვიდი ქორწილში გადაიზრდებოდა. თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, დედოფლის ქარაფშუტობამ უკანა პლანზე გადაიწია - დანიელი ჰამლეტის პერსონამ მიიზიდა.

“აიღეთ ფლეიტა და დაუკარით! რატომ ვერ უკრავთ, არ შეგიძლიათ?! Aრადა, ჩემზე დაკვრა განგიზრახავთ, ვერ ეღირსებით!” - თქვა ჰამლეტმა.

“წინა ღამით მამაშენი აქ იყო, ის დაბრუნდა, უსასრულო და უკუნეთ სიბნელეში, აბჯარასხმული გამოგვეცხადა.” - უთხრა ჰორაციომ ჰამლეტს.

“ხომ არ გაგიჟდი, რაებსა როშავ?! ცოტა მაცალე, უნდა დავწყნარდე.”

“სიცოცხლეს ვფიცავ, ჩემო პრინცო, ეს სიმართლეა.”

“აგე ისიც, ძვირფასო ჰამლეტ, მამა მოვიდა, უფრო სწორად - მისი აჩრდილი. ნიშანი მოგცა, მიდი, გაყევი.”

პიესა დანიელს წაკითხული არ ჰქონდა, არც სპექტაკლი უნახავს მანამდე. ფილმის შინაარსმა ბოლომდე ჩაითრია. ჰამლეტი მასავით მარტო დარჩა. პრინცის შერწყმა სიგიჟესთან იმდენად ორგანული იყო, რომ თავიდან დანიელს ეწყინა კიდეც, ვერ დაიჯერა - ასე მარტივად როგორ გააფრინაო. რამდენიმე კადრის მერე ჰამლეტს თამაშში მიუხვდა და გააოცა განწირული ადამიანის სიმამაცემ და გონიერებამ, თავად რომ ემზადებოდა შეტევაზე გადასვლისათვის.  

სწორედ სიმამაცე აკლდა დანიელს. თავად სიკვდილის კი არა, არამედ სიკვდილის მერე შეუცნობელში გადასვლის შიში სტანჯავდათ მასა და ჰამლეტს. ყოფნაც სწორედ იმიტომ არჩია არყოფნას პრინცმა.

პირველი სერიის ბოლოს ჰამლეტის არამზადა ბიძასაც კი განსაცვიფრებელი რამ წამოსცდა საკუთარ თავზე და მინიშნება მისცა დანიელს:

“ბოროტებაში განმტკიცებულებს რად ვაპატიოთ, რატომ შევუნდოთ?”

მეორე სერია დაიწყო და აჰა, კიდევ ერთი მინიშნება, ჰამლეტმა დედას მიმართა:

“სარკეს დაგიდგამ, შიგ ჩაგახედებ, შენ თავს შეიცნობ, გეფიცები, ასე იქნება.”

ჰამლეტმა მამის თხოვნა შეასრულა, შური იძია. სამართლიანობის აღდგენით იყო მეტწილად მისი ქმედება განპირობებული. აი, დედის გადარჩენა კი პრინცმა ვერ შეძლო, მოწამლულმა რაპირამ ჰამლეტს სხეული დაუსერა. ბოლოში ყველა დაიღუპა: ოფელია, ოფელიას ძმა, ოფელიას მამა, ჰამლეტის დედა, ჰამლეტის ბიძა... ჯარისკაცებმა შუბებზე დაწვენილი ჰამლეტი ფრთხილად ასწიეს და ფეხაწყობილნი ნელა დაიძრნენ, კინოკამერა ბოლომდე მიჰყვა... ფილმი დასრულდა.

გადაცემები დამთავრდა, ტელევიზორში ფერადი ზოლები გამოჩნდა. მერე ისიც გამორთეს და გულისგამაწვრილებელი სიგნალი ჩართეს... დანიელი არ ინძრეოდა, იჯდა ჩაფიქრებული, როგორც შექსპირის პერსონაჟი თავის ქალით ხელში. ამ წამს დასრულდა მისი ცხოვრების ერთი ეტაპი, ჩაიწვა კარმა ხელმოცარული, გულუბრყვილო იდიოტისა - შეუცდომელმა მეისრემ ბედისწერის ლიანდაგები სხვა მიმართულებით გადაიყვანა. ზოგი იფიქრებს, რომ წინმსწრები მიზეზი შექსპირიდან მომავალი იდეა იყო, შემდგომში დანიელის ძალისხმევით განხორციელებული. ამ საქმეში ჩახედულნი არ დაეთანხმებიან ამ მოსაზრებას, იტყვიან, რომ ტრანსფორმაციას წინ სწორედ ტანჯვის ჩამთავრებული ეტაპი და გათავისუფლებული გონება უძღვოდა.

იქნებ მაშინ, ბორჯომშიც, “ჰამლეტის მამის” მოულოდნელი გამოჩენა დერეფანში და პატარა დანიელის შეშინება, სულაც არ იყო შემთხვევითი? იქნებ ბავშვში წინააღმდეგობის ალგორითმი ჩაიდო?

ძველი სპექტაკლი მოსაწყენი გახდა, დანიელს გულში ახალი პიესა შეუძვრა. თავიდან ეს სწორხაზოვან სურვილში გამოვლინდა - დანიელი იქით უნდა სწვდომოდა მტერს ყელში. თავად უნდა გამხდარიყო მჩაგვრელი. ხელში სწორედ ის რკინის მოგრძო ნაჭერი უნდა აეღო, გუჯას რომ ჰქონდა ბავშვობაში მისკენ გაწვდენილი. ო, როგორ მოუნდა კიდევ ერთხელ გუჯასთან საუბარი, რადგან ახლა უკვე გაუგო, როგორც იქნა, დაუჯერა. თუმცა მეგობარს ვეღარ დაელაპარაკებოდა: 80-იანების ბოლოს გუჯა მოკლეს ჯიხურთან, მცხეთაში, საკმაოდ ახლოს სვეტიცხოველთან. ვიღაცამ მოკლა, მკვლელი ვერ იპოვეს.

“არა, გუჯას ისტორია არ გამეორდება”, - გაიფიქრა დანიელმა, - “მე მასზე მშიშარა ვარ და ამიტომ უფრო ცბიერიც. უნდა ვიცოდე, სადამდეა ჯანაშია ჩაგვრისას შემტოპველი. რა უყვარს და როდის არის კეთილი? ჰამლეტის ბიძას სამეფოსა და ქალის ხელში ჩაგდება სურდა, მაინტერესებს, ჯანაშია როგორ ხეირობს ჩემი წვალებით? მორჩა, აღარ უნდა გავაიგივო თავი მუდმივ მსხვერპლთან, თავად უნდა ვიაზროვნო როგორც მოძალადემ, ჯანაშიას დავემსგავსო და მისი სიძულვილი გადამივლის. რისხვა ფიქრში ხელს ვეღარ შემიშლის”.

მოქმედების გეგმის მარტო ჩონჩხმაც კი შვება მოჰგვარა. დანიელმა განდგომა მოახერხა. მიხვდა, რომ დამკვირვებლობა შეეძლო, ეს კი გადარჩენის წინაპირობა იყო.

დათრგუნულ ადამიანს ათვლის წერტილიც ილუზორული აქვს. რასაც აანალიზებს, ხსნის, გეგმავს, რომ ვარგოდეს კიდეც, ყველაფერი მაინც მარცხისთვის განწირული და უაზრო ეჩვენება - ეს ჩიხია. ამ ჩიხური წრებრუნვიდან გასვლის დრო დადგა. Mმართალია, ჯანაშია დანიელის ჭკუის ყველა კუთხე-კუნჭულში იმალებოდა, სულ თან დასდევდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მის იქიდან გამოძევებას წინ რა აღუდგებოდა?!

უმთავრესი ამოცანა შიშის დაძლევა იყო. სწორედ ის, რაც ჰამლეტმა შეძლო. მან ხელი მოაწერა ქაღალდს, სადაც ეწერა: “ვებმები შურისძიებაში, არარა მაფრთხობს და სიკვდილისაც არ მეშინია.”

დანიელი ფეხზე წამოდგა და მზერა ტყისკენ მიაპყრო. სწორედ იმ ბილიკისკენ, სადაც ტუჩებში აფურთხეს და სიგარეტის ნამწვავები სხეულზე ჩაუქრეს. გზაზე მიმავალი სულმუდამ ველით, როგორ გამოგვიხტება ხეებიდან ვიღაც ყაჩაღი. გაქცევა ნაფიქრი გვაქვს ათასჯერ, უკან დახევა ზუსტად გათვლილი, ყვირილ-წივილში ნავარჯიშები ვართ შეუდარებლად... 

ის ტყეში შევა. თუმცა შევა არა როგორც მსხვერპლი, და არა როგორც სატყუარა, არამედ როგორც ავაზაკი. და ტყე, რომელიც ჯანაშიასი იყო, ახლა მისი გახდება.

თუ დანიის პრინცმა მოკავშირედ სიცრუე გაიხადა და მთელი სამეფო კარი საკუთარ შიზოფრენიაში ერთი ხელის მოსმით დააჯერა, ქართველ ინჟინერს ყაჩაღად ქცევა რატომ უნდა გასჭირვებოდა? “შეშლილი” ჰამლეტი ბოლომდე გულწრფელ ადამიანად დარჩა - ბლაგვი რაპირა შეაპარეს მოწამლულის წინააღმდეგ და ერთი არ დაუწუწუნია. ჰამლეტი არ გაბოროტებულა. დანიელის სცენარი კი ბეწვის ხიდზე სიარულს ნიშნავდა, წინ და უკან, დიდხანს.

აღარ სურდა, ვინმესი შინებოდა, ახლა მისი უნდა შინებოდათ - იმ წამს უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა. ამას ხელოვნურობით და ნახევარი ძალით ვერ მიაღწევდა. როლში უნდა შესულიყო. თუმცა არა ისე ძალიან, როგორც ეს ჰამლეტის როლის შემსრულებელმა, სმოკტუნოვსკიმ გააკეთა. ამბობენ, უკან გამოსვლა გაუჭირდაო. ჯანაშიას არაკაცური თვისებების შესრუტვა ხომ საბოლოო მარცხი იქნებოდა დანიელისთვის?

დაყოვნება აღარ ღირდა და დანიელმა ცხოვრებაში უმთავრესი თამაში წამოიწყო, სახელწოდებით “სიცრუის ჩანგალი”. ის მჩაგვრელად უნდა გარდაქმნილიყო. თუ აქამდე მას უსაფრდებოდნენ, ამიერიდან ის ჩაუსაფრდებოდა. საქართველო გადაჭედილი იყო ჭეშმარიტი ნაძირლებით, აბსოლუტური ავაზაკებით, რეალური მექრთამეებით, ნამდვილი უნამუსოებით... მაგრამ აი, ცრუ ავაზაკი  იშვიათობა იყო. იმ მომენტისთვის ილუზორული ყაჩაღის ფენომენი საერთოდ არ იყო შესწავლილი და ამ ავანგარდულ სვლას უნდა გაემართლებინა.

ნიღაბი, იარაღი, მოქმედების სისხარტე და შინაგანი დიალოგის შეწყვეტა - ეს არის ყაჩაღის აუცილებელი აღჭურვილობა და თვისებები. პაპამისის ნაქონი სახელობითი “ნაგანის” სასხლეტისთვის დიდი-დიდი, სამჯერ გამოეკრა საჩვენებელი, მეოთხეზე თითი ეღლებოდა. იმედია, საქმე ოთხ სროლამდე არ მივიდოდა. აი, დედის დაკემსილი, მაღალყელიანი წინდა კი თავზე ჩამოსაცმელად ვერ გამოდგებოდა. მეორე ცალიც დაკერებული იყო და მესამე - საერთოდ დაგლეჯილი. ახალიც იდო კარადაში, მაგრამ უხმარს ხომ არ გაუფუჭებდა, ამიტომ ნაქსოვი ქუდი ამოჭრა სამ ადგილას... ოფლი წამოუვიდა, სექტემბერი იყო. ყურების ადგილასაც ამოჭრა და შუბლზეც. გამოდის, ადამიანის სახის უმთავრესი დეტალი ცხვირი და ყვრიმალი ყოფილაო, გაიფიქრა. ქუდიდან გამოშვერილ პარტყუნა ყურებს შეეძლო მისი ბოროტმოქმედული იმიჯი შეესუსტებინა, ანდა პირიქით - გაეძლიერებინა.

ჯერ კიდევ ბნელოდა, სახლიდან რომ გავიდა, გზად ავძაღლიან ეზოს ჩაურა, ცხოველიც ეგრევე გამოუხტა და ჩუ, შენიო, - დაუყვირა დანიელმა. ჯიბეში რევოლვერი, და უფრო მეტად კი მიზანმიმართულობა, ძალას მატებდა. ტყეში გაცილებით რთული მოწინააღმდეგე ელოდა, ნიშნულმა აიწია და შესაბამისად, მგლების მგლეჯელი დიდი კავკასიური ნაგაზი დანიელს ქეციან ცუგად ეჩვენა.

სადღაც ნახევარი საათის შემდეგ ტყეს უკანა მხრიდან მიადგა. ნაბიჯი შეანელა, ხეებში შევიდა და კიდევ ხუთი წუთი იარა. ადამიანებს აქ იშვიათად წააწყდებოდი. ნიღაბი ჩამოიცვა და რევოლვერი ამოიღო... ასე იდგა, არ ინძრეოდა და სიჩუმეს აყურადებდა. თავიდან სიბნელეში ბევრს ვერაფერს არჩევდა, მერე თვალი შეეჩვია. “ღამესთან შერწყმა უნდა ვისწავლო”, - გაიფიქრა დანიელმა. ახლა შემთხვევით აქ ვინმე თუ გამოივლიდა, დანიელს ვერც შეამჩნევდა. თუ დაინახავდა და ეგრევე დაფრთხებოდა - დაბალი, ჯმუხი კაცი, რევოლვერით ხელში, გაშეშებული, სახით მისკენ. ამ დროს მსხვერპლი გარბის (შესაძლოა წივილითაც), ანდა ადგილზე იყინება (შესაძლოა იფსამს). დამთრგუნველი ეფექტის მოხდენის შემდეგ უფრო რთული ეტაპი იწყება - რა უნდა ქნას ამის მერე თავდამსხმელმა? დაუყვიროს, ფული მოიტაო? თუ ჩურჩულით დაუმარცვლოს, ჩუ, ნა-ბი-ჯი არ გა-დად-გა, ფუ-ლი მო-მე-ცი, არც ტვინს გაგასხმევინებ და ვერც ვერავინ გაიგებს, რომ ჩაიფსიო. წარმოთქმული სიტყვა ამ დროს შეიძლება ქმედებაზე სუსტი აღმოჩნდეს, საეჭვოა, ძალზე შეშინებული მსხვერპლი კიდევ უფრო შეშინდეს. მზად უნდა იყო, რომ ის უცბად გეცემა, იარაღის წართმევას მოინდომებს. რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს ცრუ ავაზაკმა? უნდა ესროლოს? უნდა დაჭრას? აბა, ხომ არ მოკლავს. დანიელი დასევდიანდა: რატომ უნდა დაჭრას? ვიღაც გამვლელი რატომ უნდა დაასახიჩროს? ვაითუ, შემოაკვდეს. გამოდის, რევოლვერი არასრულფასოვანი, სწორხაზოვანი იარაღია. იქნებ კეტი უფრო გამოსადეგია. ერთ ხელში კეტი, მეორეში რევოლვერი. მსხვერპლი კი საგანგებოდ უნდა შეირჩეს: ვინმე მოხუცი, ასევე ქალი, ანდა სუსტი, ჩია ტანის მქონე. გეგმაში ახალი არაფერი იდო, მაგრამ ახალს და ნოვატორულს ვინ ჩიოდა, კარგია, რომ რაღაც გამოსავალი იპოვა.

და მაინც, ეს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი გამარჯვება, ასეთი არჩევითი სახის თავდასხმები მას გამოააშკარავებდა. დანიელი შეშინდა, რომ მას გამოითვლიდნენ და დააპატიმრებდნენ. ქალებისა და მოხუცების ძარცვა მხოლოდ ლაჩარს შეეძლო. ლაჩარი, დაბალი, ასეთი სპეციფიკური ხმით, მცხეთაში ის იყო. რაღაც სხვა უნდა მოეფიქრებინა.

სანამ განსჯებში იყო, გაქვავებულმა, ტყეში რევოლვერით ხელში მდგომმა საოცარი შვება იგრძნო - ამ წუთას აღარ ეშინოდა. ერთმა აზრმა გაუნათა გონება, იქნებ საჭირო არ იყო თავდასხმა და ტყის მოჩვენების როლიც საკმარისი აღმოჩენილიყო ხალხის დასაშინებლად?

ცრუ ბანდიტმა ხელი უკან წაიღო და რევოლვერი ქამარში ჩაიდო. დაჭიმული თითები აამოძრავა და მიხვდა, რომ ხელთათმანები სახლში დარჩენოდა. “ხელთათმანები შემოდგომიდან”, - გაიფიქრა დანიელმა, - “თუ ყველაფერი კარგად წავიდა.”

მოჩვენებად ქცევა დიდ პრობლემას აარიდებდა - ლაპარაკი არ მოუწევდა. სიტყვას შეეძლო გაეყიდა, ხელოვნური გამოსვლოდა, სტილი არეოდა, ვერ ჩამოყალიბებულიყო: გამანადგურებელი ძალა ყვირილში ჩაედო, თუ დაყვავებაში? ალბათ ბანდიტს არსენალში ორივე უნდა ჰქონოდა: ზოგი გინებაზე ფუჭდება, ზოგი ალერსზე.

რიჟრაჟი იყო და თენდებოდა. დანიელი ფეხაკრეფით დაიძრა იმ ადგილისკენ, სადაც წლების წინ იყო ჩაგრული. შედგა. ჰო, აქ ბევრი არაფერი შეცვლილა, ბალახი გაზრდილა, ისიც თითქმის უკვე გამხმარა. აი, ის ხეც, ზიბზიბაძე რომელსაც ეყუდებოდა. დანიელი შეკრთა, თითქოს უკნიდან ვიღაც მიუახლოვდაო, მიტრიალდა... არავინ იყო. არა, ასე არ ივარგებდა, ეს უნდა დამთავრებულიყო - ასეთი შეხტომები. ისევ ამოიღო რევოლვერი, ბარაბანი მექანიკურად დაატრიალა, გადახსნა, ექვსივე ტყვია შიგნით იდო. სხვას ვერავის, მაგრამ ჯანაშიას და ზიბზიბაძეს ულაპარაკოდ ჩაცხრილავდა. იცოდა, რომ ადამიანის მოკვლას სინდისის აუტანელი ქენჯნა მოჰყვებოდა, მაგრამ გადაიტანდა. იწვალებდა, გაიტანჯებოდა და გადააგორებდა.

ახლავე პირველი ცოცხალი არსების შეშინება იყო საჭირო - ეს ყვავი აღმოჩნდა. ჰაიტ! - მიუხტა და გააფრინა. მიწაზე დაჯდა. უკან გადაწვა და უცბად ფეხის ხმა მოესმა: ნასვამი მამაკაცი გამოჩნდა, სოფელში ბრუნდებოდა ფეხარეული. ბევრი არ უფიქრია, ცრუ ავაზაკმა ნიღაბი ჩამოიფხატა, გაქანდა, ისკუპა და რევოლვერით ხელში წინ დაუხტა. რომ არა მოდუნებული გრძნობები და ინერტულობა, დანიელის ღრიალზე კაცს გული გაუსკდებოდა, ანდა სხეულში შაქარი აუწევდა კატასტროფულად. მსხვერპლი შედგა მყისიერად, მაგრამ ნასვამზე დამუხრუჭება ძნელია. დაფრთხალი უკან გადაქანდა, მერე ხელებიც გაასავსავა, ცდილობდა რამეს მოჭიდებოდა, არ გამოუვიდა, საბოლოოდ მაინც გადავარდა, თავიც სერიოზული ტრაექტორიით გადაიქნა და მიწას დასცხო. დანიელი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა, ეგრევე ზემოდან დააცხრა, ფეხი ყელზე დააბჯინა, მისკენ დაიხარა, რევოლვერიც თვალებთან მიუტანა და შეცვლილი ხმით დაუსისინა:

- ფული მომეცი, ფული მომეცი! მალე, მალე მალე!

ფული არ ჭირდებოდა, უბრალოდ არ იცოდა, სხვა რა უნდა მოეთხოვა? იარაღმა მთვრალი შეაშინა და ჯიბეები სწრაფად ამოატრიალებინა. სულ რაღაც შვიდი მანეთი და ხურდა აღმოაჩნდა. სახლში დაბრუნებული გვარიანად გამობრუჟებული სოფლელის გაძარცვა უხეირო ქმედებაა. დანიელი შეტრიალდა და ისევ ტყეში შევარდა. გაძარცვული კი წამოდგა და საიდანაც მოდიოდა, იქითკენ გაბარბაცდა, თითქოს წინ, სახლისკენ მიმავალი გზა სამუდამოდ გადაუკეტესო. თუმცა მალევე შეჩერდა, მოტრიალდა და სახლისკენ მოკურცხლა - შიში აფხიზლებს.

დანიელი აქ ვეღარ გაჩერდებოდა. გულამოვარდნილი იმ მიმართულებით გაქანდა, საიდანაც დილით მოვიდა. ნიღბით და “ნაგანით” სიარული უგუნური საქციელი იყო. ჩაიმუხლა და ერთ-ერთი ხის ძირში ორმოს თხრა დაიწყო. ნიჩბის გარეშე ღრმად როგორ ამოთხრიდა, ნახევარ მეტრამდე ჩავიდა, რევოლვერი და ქუდი-ნიღაბი შიგნით ჩაყარა, მიწა სწრაფ-სწრაფად მიაყარა და ტყიდან გავიდა. სჯობდა, არავის დაენახა. დილის 9 საათისთვის უკვე ლოგინში იწვა - დროდადრო თავს წამოწევდა და გარე ფაჩუნს აყურადებდა.

არა, მოქმედების ასეთი განვითარება ხეირს ვერ მოუტანდა და საერთო ჯამში არც აწყობდა. ისეთი შიში დაეუფლა, რომელიც მანამდე არ განუცდია - დაპატიმრების მოუსვენრობა. მთვრალის ბედ-იღბალი არ ადარდებდა, დიდი საშინელება არც ჩაუდენია. ის ლოთი გამოფხიზლდებოდა და აღარც ემახსოვრებოდა - ბუნდოვანი წარსული მალე ქრება.

იმ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, არც მეორე დღეს. დანიელი ტყეში წასვლას ვერ ბედავდა. ორი დღის მერე კი შფოთვამ გადაუარა და დანიელმა გადაწყვიტა ისევ ემოქმედა. იარაღისა და ნიღბის პოვნა გაუჭირდა, თუმცა მიაგნო და თან ახლა ხელთათმანებიც ჰქონდა. ორი მამაკაცი ისე გაატარა, არც გაფაჩუნებულა. შემდეგ კი სოფლელ გოგოს გადმოუხტა და გაქცეულს დაედევნა. გოგონა კივილით გარბოდა, ამიტომ სწრაფად უნდა დაწეოდა, დაეწია კიდეც და ფეხი დაუდო. გოგონა წინ გადავარდა, დანიელი უკნიდან დაახტა. გაუპატიურების იდეა წამებში მოუვიდა და ეგრევე ტანსაცმლის შემოხევა დაუწყო - განა თვითონ იცოდა, რას სჩადიოდა. მთავარი როლში შესვლა იყო, საკუთარი ლმობიერი ხასიათის შეცვლა, რაღაც ანტითეზისი, გაუხეშება, მეკობრეობა, გაბოროტება... რადგან სათნოება არ ჭრიდა, მაშინ ქაოსს დაბადებდა.

ქალიშვილი მკვირცხლი აღმოჩნდა, დანიელის ქვეშ პირქვე მომწყვდეული ისე სხარტად ამობრუნდა, თითქოს შეყვარებულზე ფიქრით უძილომ გვერდი იცვალაო. შემდეგ მოძალადეს ნიღაბში წვდა და ჩამოძრობა სცადა. დანიელმა თავი უკან გასწია და ქუდი გაიწელა. ცოტაც და მოძვრებოდა და ამიტომ დანიელმა მას სახეში რევოლვერიანი ხელი ჩაარტყა. გოგონა მოეშვა, ნიღბიდან ხელი ჩამოუვარდა და ძალზე საწყლად ჩაილაპარაკა, ვაიმეო.

- მალე გავათავებ, შენ ოღონდ არ იმოძრავო! - უთხრა დანიელმა.

ერთი ერთზე ქალის გაუპატიურება თითქმის შეუძლებელია, - თუ არ გათიშე, ანდა ძალიან თუ არ გაასავათე. გონებაწასულთან სექსი კი იგივეა, რაც მკვდართან - არც ისე სასიამოვნოა. “მალე გავათავებზე” ქალიშვილს ისეთი ძალები მიეცა, თითქოს სამყაროს გათავებისა და აპოკალიფსისის დრო მოვიდაო. დანიელი ეგრევე მოიშორა, წამოხტა და გაიქცა. ცრუ ავაზაკი აღარ დადევნებია, მაგრამ ეს წარმატებული მარცხი თავის სასარგებლოდ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოეყენებინა და გაქცეულს მიაძახა:

- ჯანაშიას ვერსად გაექცევი, ჯანაშიას!

თავისი დანაშაული მტერს მექანიკურად გადააბრალა, და ამან აღტაცებაში მოიყვანა. ეს ისეთი ფორმულა იყო, რომლიდანაც წაგებული არასოდეს დარჩებოდა: რასაც წარმატებად ჩათვლიდა, თვითონ მიიწერდა, წარუმატებლობას და სირცხვილს ჯანაშიას შეახოცავდა. ერთია იყო დამკვირვებელი და ალბათ უფრო რთული - იყო სხვა, ის, ვინც გძულს.

ამიტომაც მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გათამამდა, ჯერ ცოლ-ქმარს დაატყდა თავზე, მაგრამ რადგან მათი ერთმანეთთან შერცხვენა არ სურდა, მალევე გაუშვა. ძარცვის იმიტაცია იკმარა, “თავისი ვინაობა” აქაც გაუმხილა, ჯანაშია ვარ გვარად, ვიღაც არ გეგონოთო. შემდეგ ორი მამაკაცი და ერთი ყმაწვილი გოგონა შეაშინა ძალზე დამაჯერებლად.

დედის დაბადების დღეზე ვითომ დათვრა, ალიბი რომ ჰქონოდა, იმხიარულა, მამას ლოყაზე აკოცა, ყელზე ტყავი სიყვარულით გამოუწია, ასე პატარა რომ იყო, მამა თვითონ უკეთებდა ხოლმე. დედას მეგობარ ლამარას გემოვნება შეუქო, არადა ისეთი მძაფრი სუნამოს სუნი ასდიოდა, ძლივს ჩაისუნთქა. მექანიკურად გაიფიქრა, ერთი ამის თავი მომცა ტყეშიო. სტუმრებს მოუბოდიშა, ცოტათი წავიძინებო, თავის ოთახში ავიდა, საიდანაც ფანჯარაში გადაძვრა და ტყეში გაიპარა. ამ ქმედებით ის ზოროსაც კი დაემსგავსა.

ბილიკს ამაღლებული ადგილიდან უთვალთვალებდა, რაღაც შინაგანი ფილტრი ჰქონდა, ყველას არ აყაჩაღებდა. ახლაც მოხუცი ბებო პატარა გოგონასთან ერთად უვნებელი გაუშვა. თუ ვინმეს წესით არ უნდა ჰქონოდა ცხოვრება ცოდვებისგან დამძიმებული, ალბათ ეს ორნი იყვნენ - ასე გაიფიქრა. თუმცა დარწმუნებული ვერ იქნებოდა. იქნებ ბებოს ახალგაზრდობაში ექვსი აბორტი ჰქონდა გაკეთებული? დანიელი აბორტის მკეთებლებს მკვლელებად მიიჩნევდა, თუმცა ისინი არ სძულდა. აბა, ვის რაში სჭირდებოდა თუნდაც ის ბავშვი, ჯგუფური გაუპატიურების შედეგად რომ იბადებოდა?! მაგრამ როცა იცავ კნუტის უფლებებს, ხოლო ადამიანის ემბრიონისას არა, გამოდის, თვალთმაქცი ხარ. თუ ემბრიონი ცოცხალი არ არის, მაშინ როგორ იზრდება? - კითხვას სვამდა დანიელი.

ასე რომ, დანიელს მსხვერპლის შერჩევა მაინც უწევდა. გორაკი სტრატეგიულად სწორი ადგილი იყო: ის ყველაფერს ხედავდა, მას ვერ ამჩნევდნენ.

აი, შეზარხოშებული მღვდელი კი ყოველთვის კარგად ჯდებოდა სცენარში თუ პიესაში. ბანდიტები და ქურდები მორწმუნენი არიან. სხეულზე ჯვრები და ეკლესიის გუმბათები აქვთ ამოსვირინგებული. ისინი მღვდლებს არ ძარცვავენ, ეს მკრეხელობაა, შეიძლება საქმე უკუღმა წაუვიდეთ, და ამიტომ ღვთის მოშიშნი მოპარულ ფულს ეკლესიას იქით სწირავენ.

ცრუ ავაზაკისთვის კი სულერთია. რადგან მისთვის ყველაფერი თამაშია, მღვდელმსახურის დაყაჩაღებაც სცენარის ერთ-ერთი ეპიზოდია მხოლოდ. მსახიობს სინდისის ქენჯნა ვერ ექნება, მფატრავი ჯეკის როლსაც რომ ასრულებდეს.

ცრუ ავაზაკობით ცრუ მღვდლობა წამში იშიფრება. დანიელმა ღვთისმსახურს ჯერ ნათლობაში ნაშოვნი ფული წაართვა, მერე რევოლვერი გულზე მიაბჯინა და აიძულა, სიმართლე ეთქვა, თუ რატომ ეცვა ანაფორა. მღვდელმსახური სხვისგან იბარებს აღსარებას, მაგრამ თავად ვის აბარებს? - აი, ეს არის კითხვა. ანაფორიანმა შეჰყვირა, ღმერთი არ გაპატიებს, სამართალი პურს ჭამსო

- ხომ არ გგონია, რომ მაგ შენი სამართლიანობით ჭეშმარიტებას შეიცნობ? - ჰკითხა ცრუ ავაზაკმა ღვთის ცრუ მსახურს, - ხო, შეიძლება, სამართლიანობა აღდგეს, ჩემი თავი დააჭერინო, ყველა დააჭერინო, ქალაქში იდეალური წესრიგი აღადგინო, მაგრამ განა ამით ღმერთს შეიყვარებ?

თუ სიმართლეს მეტყვი, ვინ ხარ, არ მოგკლავო, უთხრა დანიელმა. მღვდელს მკვდრის ფერი დაედო, მერე თავი ხელში აიყვანა და არ მომკლაო, შეეხვეწა. სინამდვილეში ადრე პოეტი ვიყავი. ძალიან როცა გამიჭირდა, ანაფორა მაშინ ჩავიცვი, ეს ჩემი სამუშაოა, სამი ბავშვი სხვანაირად როგორ ვარჩინოო? თუმცა იცოდე, გულწრფელად ვლოცულობო. აქედან როცა წახვალ, მარტო შენს ოჯახზე ნუ ილოცებ, სხვებზეც ილოცეო, - ჭკუა დაარიგა ყაჩაღმა და იმანაც კაიო, თავი დაუქნია. პატიოსან სიტყვას გაძლევო და დედას გეფიცებიო. მგონი არ ტყუოდა. მატყუარა ღმერთს დაიფიცებდა, ამან კიდევ დედას გეფიცებიო. გაუშვა.

დანიელი სახლში გვიან ღამით დაბრუნდა. დაავიწყდა, სხვების ჭკუაში შუა ძილში რომ უნდა ყოფილიყო და პირდაპირ კარიდან შევიდა. ვერავინ ვერაფერს მიხვდა, ნასვამები იყვნენ. დედამ ჰკითხა, როგორ გეძინაო და კარგადო, უპასუხა დანიელმა. სუფრას მიუჯდა და სულ მალე სინდისის ქენჯნამ შეაწუხა: ვაითუ დაყაჩაღებულ მღვდელს სიკვდილის შიშმა ათქმევინა, ანაფორა შვილების გამო ჩავიცვიო და სინამდვილეში ჭეშმარიტი მორწმუნე იყო?

 

 

3

რამდენიმე კვირა დანიელი ტყეში აღარ დაბრუნებულა. იქაურობას პოლიცია ჩხრეკდა. მცხეთაში ხმა დაირხა, ტყეში მანიაკი დათარეშობსო. ძარცვები ერთსა და იმავე ადგილას, გაუმართლებელი ქმედება იყო. კვალისთვის რომ ვერ მიეგნოთ, რევოლვერის გარდა არაფერი დაჰქონდა. იმასაც მიწაში მარხავდა. არ ეწეოდა, ნამწვს ძირს არ აგდებდა, ტყეში არ ჭამდა, არ იფურთხებოდა, არც უსტვენდა, საკუთარ თავს არ ელაპარაკებოდა, ხელთათმანები ეკეთა. უკან დასახევი გზაც ნაპოვნი და დამუშავებული მქონდა. გარდა შემოვლითი ბილიკისა, ძველი ვიწრო გვირაბიც იპოვა, ტყიდან რომელსაც გაჰყავდა.

დანიელის ეშმაკობამ გაჭრა და ჯანაშია დაიჭირეს. თუმცა მალევე გამოუშვეს, ვერაფერი დაუმტკიცეს. ცრუ ყაჩაღი მაინც კმაყოფილი იყო, მისი გეგმა მუშაობდა. ძალიან კარგი, რომ ჯანაშია ციხეში არ გაუშვეს, დანიელს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან მას ტყეში დაიმარტოხელებდა და პირადად გაუსწორებდა ანგარიშს.

შურისძიების არაპირდაპირი, რაღაც კუთხით ირეალური შედეგი მალე გამოიკვეთა. ერთ დღეს სურსათის მაღაზიასთან დანიელს მისი ყოფილი კლასელი, ოთო ბებურიშვილი შეეჩეხა.

- ძალიან ცუდი ამბავი მაქვს, - უთხრა ბებურიშვილმა.

- რა ამბავი?

- ლენინგრადში ზიბზიბაძე მოუკლავთ, - თქვა ოთომ, - ძალიან დამნანდა.

- მე არა, - უპასუხა დანიელმა, - სინამდვილეში არც შენ დაგნანდა. მახსოვს, დედაშენს მაგრად აგინა, შენ კი ხმა ვერ ამოიღე.

- მთვრალი იყო, მერე ბოდიში მომიხადა.

- ტყუი, არ მოუხდია. როგორც ჩანს, სიკვდილის მერეც გეშინია მისი.

ბებურიშვილმა არაფერი უპასუხა.

- ლელაძე სად არის? - ჰკითხა დანიელმა.

- ლელაძე ზესტაფონში დაბრუნდა, - უპასუხა ოთომ.

ზიბზიბაძე პირდაპირ ავტობუსის გაჩერებიდან აუყვანიათ იქაურებს, მანქანაში ჩაუსვამთ და ლენინგრადის ნაგავსაყრელზე ყელი გამოუჭრიათ. ზიბზიბაძის ამბავს წესით ჯანაშია უნდა დაეფრთხო. ანდა პირიქით - გაებოროტებინა.

პოლიცია კი ტყის ჩხრეკას განაგრძობდა. სინამდვილეში ვის ეძებდნენ? ლელაძე ზესტაფონში იყო, ზიბზიბაძე - მოკლული, ჯანაშია დააკავეს და გამოუშვეს. დანიელი ცრუ ავაზაკი იყო, მას არ ეძებდნენ. ის მშვიდად იწვა ტახტზე თავის ოთახში და “ჰამლეტის” განმეორებით ჩვენებას ელოდა. მანამდე ტელევიზორში ფეხბურთი გადიოდა. დაბალი მექსიკელები გერმანელებს ამარცხებდნენ. გერმანელების მწვრთნელი ისე განიცდიდა, რომ საკუთარ ჟღვლინტს ჭამდა. ცხვირიდან გამოქონდა და პირში იდებდა. მეორე ხელს უკან, ტრაკში იყოფდა, იფხანდა იქ და ამოღებულ ხელს ყნოსავდა. “ჩემი საქმე არ არის, - ფიქრობდა დანიელი, - რაც უნდა, ის ყნოსონ, რაც უნდა, ის ჭამონ. Bბოლოს და ბოლოს ტრაკში ხელს ყველა იყოფს.” 

რადგან ჯანაშია მარტო დარჩა, დანიელი უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო. შურისძიება სულ სურდა, მაგრამ სანამ არ მოძლიერდებოდა, თავი შორს უნდა დაეჭირა. მალვამ აზრი შეიძინა, ის გეგმის ნაწილი გახდა. დანიელი სამსახურიდან წამოვიდა (რომელიღაც ბიუროში მუშაობდა ელექტრიკოსად), და ახლა ტყის სიახლოვეს არსებულ დასასვენებელ პარკში მოეწყო დამლაგებლად. ასე გაცილებით ახლოს იქნებოდა ტყესთან.

ორკვირიანი პატრულირების მერე პოლიციას მობეზრდა და წავიდა. დანიელმა კვლავ ამოთხარა რევოლვერი, ნიღაბი დაბერტყა და გაუცნობიერებლად, თუმცა კი გულწრფელად, ღმერთს შესთხოვა, სწორი გზა მიჩვენეო.

 

ბანდიტმა თამასის აწევა სცადა, რევოლვერით შეიარაღებული ორ ბრგე მამაკაცს დააცხრა თავს. როგორც ჩანს, ხელოსნები იყვნენ და საღამო ხანს მცხეთაში დედაქალაქიდან ბრუნდებოდნენ. ტანდაბალი ნიღბიანის დანახვაზე შეცბნენ, მერე იარაღს დააცქერდნენ. ერთს გაოცებისგან გაეღიმა, ოცი წელია, რაც ასე, სამუშაოდან სახლში ბრუნდებოდნენ და ამას როგორ წარმოიდგენდნენ, რომ სახლთან ახლოს ასე უპატივცემულოდ დააყაჩაღებდნენ.

დანიელი ხვდებოდა, რომ წიკვინი და ცმუკვა წამგებიანი ქმედებაა და ამიტომ მუშებს მშვიდად უთხრა:

- ფული.

პასუხი მთლად მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ სიუჟეტი იძაბებოდა:

- ფული არ გვაქვს.

- ფული! - გაუმეორა დანიელმა.

- რომ არ მოგცეთ, რა ფეხებს მოგვჭამ?! - ასეთი პასუხი მიიღო.

- გესვრი! - უპასუხა დანიელმა. რისხვა იპყრობდა. უიარაღოს ხომ ამცირებდნენ, ახლა გადატენილი რევოლვერი ეჭირა და მაინც აქეთ აწვებოდნენ.

- ვერ გვესვრი! - წამოიყვირა ერთ-ერთმა გამწარებულმა და ყაჩაღისკენ ნაბიჯი გადადგა. დანიელმა რევოლვერი ოდნავ ასწია და სახეში დაუმიზნა.

- მიდი, მესროლე! - დაუყვირა მუშამ.

- გესვრი! - დაიყვირა დანიელმაც.

- მიდი მერე!.. - და მამაცმა მუშამ დანიელს დედა შეაგინა.

ცრუ ავაზაკი ზღვარზე იყო... ცოტაც და სასხლეტს თითს გამოკრავდა და ამ ბრიყვი მუშის ხორცს ტყვია შეგლეჯდა, ძვალს შეუმტვრევდა. აქვე დასრულდებოდა მისი სიმამაცის პრაქტიკული მხარე და ვაჟკაცობა “გულადი მუშის” თქმულებაში დაიდებდა ბინას. თამაშს სისხლიანი რეალობა ჩაანაცვლებდა. გვამები დანიელის გეგმაში არ შედიოდა. აქ ბევრი ფიქრი საჭირო არ იყო, ცრუ ავაზაკმა ხელოსნებს ზურგი აქცია და გაიქცა. ტყის სიღრმეში შევარდა. იქნებ სისხლიანი დრამაც პიესის ნაწილი იყო? იქნებ სწორედ ასე უნდა განვითარებულიყო ტრაგედია? მან კი სცენარში ცვლილება შეიტანა. ფსევდოავაზაკი შიშობდა, რომ ყალბი სპექტაკლის უნიჭო მსახიობს ემსგავსებოდა უფრო და უფრო.

დანიელი შედგა. მიაყურადა, ხომ არ მომდევენო? იქნებ პოლიციამ ხრიკს მიმართა: ვითომ წავიდა და სინამდვილეში მეორე დღეა, ხის უკან იმალებოდა? არა, არა, რა სისულელეა?! ხის უკან არა, ხეზე არ გინდა?! წარმოიდგინეთ წაბლის ხეზე ამძვრალი, გატრუნული გამომძიებელი, ზემოდან დასცქერის, ფოტოებს უღებს, რაციით მეწყვილეს ესაუბრება ჩურჩულით:

“- ალო, ავაზაკს ვუთვალთვალებ, ჩემ ქვემოთაა, მან ვერ შეძლო მუშების გაძარცვა და გამოიქცა. ახლა ზემოდან დახტომას ვაპირებ, ველოდები, სანამ რევოლვერს მიწაში ჩაფლავს. დათრგუნულია, რადგან სიმამაცისთვის ჯერ ვერ მიუღწევია. იარაღის ტარება სროლას გულისხმობს, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ სილაჩრე კი არა, კაცთმოყვარეობა გიშლის ხელს? თუ არ გინდა, სათნოებამ შეგიპყროს, მაშინ ბანდასთან ერთად უნდა იარო. ჯგუფ-ჯგუფად ჩაგრო მუშები, ხელოსნები, ხუთოსნები, მსხვერპლს ურტყა რეალურ ჩაჯმამდე, სისხლის რწყევამდე, წმინდა ქართულად, მამაპაპურად.

 სევდით მოცული ეს ჩვენი გმირი თავის რევოლვერს უფრო ღრმად მარხავს. ხვალ წვიმა მოვა, ნაკვალევს წაშლის, ბანდიტისთვის ეს მისწრებაა. საუბედუროდ, თქეში ნიადაგს სულმთლად გაჟღენთს, ჩამარხულ ნივთებს ადგილს შეუცვლის და დანიელი იარაღს ვეღარ იპოვის, ვერც თავის ნიღაბს და უიმედობა ისევ განმსჭვალავს. საბედნიეროდ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება: ტყეში, ზემოთკენ, ჩანჩქერისკენ გაქცეული, აჩუყებული, იმ უცნაურ ჯუჯას გადააწყდება.

ამიტომ ზემოდან დახტომას აზრი არა აქვს, მითუმეტეს, უკვე წავიდა, ხეებში გაძვრა. თუ გინდა, შენი ხათრით მაინც ჩავხტები, ეჭვმიტანილის მაგივრად ზღარბს ანდა მთლად უკეთესი, გარეულ ღორს დავახტები. ჰა, ჰა, ჰა, არ გინდა? Kკარგი, მაშინ, ფრთხილად ვეშვები, მთავარია აპარატი არ გამიტყდეს, უთუსბირი ღირს...”

მონათხრობში ხეზე ამძვრალი გამომძიებლის გროტესკული სცენის ჩართვამ თითქოს გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეს ძალიან ასცდა. ხეზე ამძვრალი კაცი სინამდვილეში მიწაზე იდგა, დანიელისგან ას მეტრში. დამნაშავის გაფაჩუნებაზე პოლიციელმა ძაღლი აუშვა: ავზე ავი დობერმანი, უახლოეს წარსულში არაერთი გაქცეული ბოროტმოქმედის დამგლეჯი, დედალი მკვლელი, სახელად “ლედი”. 

ამტვრია და ლეწა დანიელმა ბუჩქები და ტოტები, ყელში მოწოლილი შიშისა და სისხლისგან გულს ბაგაბუგი გაუდიოდა. ამღვრეული გონებით და უსისტემოდ ირბინა 15 წუთი. ძაღლი კვალს წყალში კარგავს და შეტოპა დანიელმა ხევისძირში ჩამდგარ ჭაობში, ციცაბო ფერდობი იქითა მხარეს კისრისტეხით ორჯერ აირბინა, ერთხელ კი არა - ორჯერვე დაგორდა. ხევს იძულებით გაუყვა, წყალში მკერდამდე დასველდა, როგორც იქნა სადღაც აცოცდა. იარაღიც რომ ჰქონოდა, ასეთ დღეში ძაღლს ვერ მოკლავდა.

ტყეში ასე მაღლა, ამ სიშორეზე დანიელი არასოდეს ასულა. შედგა, სული მოითქვა, გაიტრუნა, მზერა მიმართა, ჩააცქერდა - პირდაპირ, სადღაც 10 მეტრში, ანუ ახლოს, ბუჩქების გვერდით, ხეების ძირში, ძაღლი კი არა, კაცი იჯდა, ძალზე პატარა, წელგამართული, სახით მისკენ, თვალდახუჭული, გაქვავებული.

“- ალბათ მკვდარია”, - გაიფიქრა დანიელმა, - “იჯდა და მოკვდა, ასე გაშეშდა, გასაკვირი არაფერია. რა პატარაა? ბავშვსაც რომ არ ჰგავს?”

“თუ ცოცხალია, დამინახავს, ყვირილს დაიწყებს, ერთ ამბავს ასტეხს, ძაღლებს მოიხმობს.”

ფეხს ფრთხილად დგამდა, ეპარებოდა, ლოტოსში მჯდომის ზედა კიდურებს აკვირდებოდა: არათითებით ცერებს ეხება, მტევნებით - მუხლებს. მკერდს დააცქერდა... შეუმჩნევლად, ოც თვლაში ერთხელ, მაგრამ მამაკაცი ნაღდად სუნთქავდა, ძალზე ნატიფად.

მკვდარი არ არის, ეს იოგია, კარგა მოხუცი, უცნაურია. აქ, მცხეთასთან ახლოს, თანაც როდის, საბჭოეთი როცა ინგრევა? განა მაშინ იოგები მედიტირებდნენ? თავზე იდგნენ და როცა უნდოდათ, მაშინ სუნთქავდნენ? ჩამუხლულმა ჯუჯას სახის წინ ხელი აუთამაშა: “იქნებ მოჭუტული აქვს დამაჯერებლად? ძაღლის ხმა ესმა, შორს დამინახა, თვალი მინაბა და გატრუნული მითვალთვალებს წამწამებიდან”.

“ცბიერს არა ჰგავს, ზის და იჯდეს, არ შევაწუხებ, იქვე დარჩეს, სადაც არის, სხვა სამყაროში.”

 და აქ უეცრად იოგს ღიმილმა გადაურბინა, თვალები ჭყიტა და ჩვეულებრივზე ფართოდ გააღო.

- აქვე ახლოს, გორაკს გადაღმა, ყაჩაღს ეძებენ, ხალხს ვინც ძარცვავს, აუპატიურებსო, ასე ამბობენ. არ გეშინია? - ჰკითხა მოხუცმა მოულოდნელად.

- აუპატიურებსო? - ჩაიცინა დანიელმა.

- შესაძლოა, აზვიადებენ, ამძაფრებენ, და ამგვარად - საკუთარ თავებს უკეთ იფრთხობენ.

- არ მეშინია, იარაღი მაქვს.

- იარაღი გაქვს?

- მქონდა...

- ჯიბით დაგქონდა?

- ახლა აღარ მაქვს, როგორც ჩანს, ამომივარდა, ვეღარ ვპოულობ.

- იარაღის ტარება აკრძალულია.

- ჰო, თავდასაცავად. თვითონ არ თქვი, ტყეში ავაზაკი დათარეშობს, პატიოსან ადამიანებს ძარცვავსო, - დანიელი ფეხზე წამოდგა, უკვე ინანა, ის რაც თქვა, და რაც წამოსცდა.

- რკინის ნაგლეჯს იარაღად თვლი?! სადღაც ჩამარხულს, სულ მალე დაჟანგებულს, ვეღარასოდეს რომ ვერ იპოვი, ვერც ამოიღებ, არათუ ისვრი, ვერც დაუმიზნებ.

“ღმერთო ჩემო, საიდან იცის? მითვალთვალებდა? ალბათ მაშინ, მიწას რომ ვთხრიდი, ფესვებს ვგლეჯდი ჩემი ფრჩხილებით, იქ მომეპარა, ვერ შევამჩნიე.”

- გითვალთვალებდი, მხოლოდ ერთხელ, ისიც შემთხვევით, - უთხრა იოგმა, ფეხზე წამოდგა. ცრუ ავაზაკზე დაბალი იყო ორი თავით ბებერი ჯუჯა, - ნუ შეშინდები, შენს  დაბეზღებას მე არ ვაპირებ.

და გაახსენდა დანიელს, რომ მეგობარი არცა ჰყოლია. გუჯა ჰყავდა ერთი და ისიც ჩაცხრილეს ეკლესიასთან. აქ კი ადამიანი, მესაიდუმლე ხელს უწვდის, გვერდში უდგება. გულზე მოეშვა, ცრემლი მოადგა, ვის მისტიროდა, ძმაკაცს? არა, საკუთარ თავს. ეს შეცოდება გამოგვდის ყველაზე ნაღდად, გულამოსკვნილად.

თავდაპირველად იყო მინდობა: უპირობო, აუხსნელი, თავისთავადი.

ცრუ ავაზაკი უცხოს მიენდო, თავი დახარა, ფიქრს რომ მორჩა, აი, ეს უთხრა:

- მიწაში ჩავფლე, ვეღარ ვიპოვე. თავსხმამ ნიშნები სულმთლად წაშალა და გამაშიშვლა.

- შენ ქალს მისდევდი, ვერ დაეწიე და ვერც ვერაფერს რომ ვერ გამორჩი, ვფიქრობ, იცრუე და მიაძახე სხვისი სახელი. რკინის ნაგლეჯიც მაშინ ჩამარხე. შეპყრობილს ჰგავხარ, წერას ატანილს. ორი წუთის წინ ძაღლი მოგდევდა. ასეთ ყოფამდე როგორ დახვედი?

დანიელი მიწაზე დაჯდა, ძალგამოცლილი, გამოჭერილი. ტყის კაცს უთხრა, უფრო თავისთავს:

- ალბათ მე ის ვარ, ვისაც ეძებენ.

იოგმა კი ეგრე მიუგო:

- რაღაც გადაგხდა, ჩანს დაგამცირეს, შურისძიებას ჰგავს შენი ქმედება. ასე წვალებით ვერაფერს წაშლი, გინდ კარგი იყოს, გინდა აუგი. წარსულს ივიწყებ საკუთარ ტვინში ქაოსის შექმნით. მე კი მგონია, თავად აღმოჩნდი მაგ შენს მახეში, - “წაშლილ წარსულში”.

- ჩემსას გავიტან, არ ვიცი - როგორ, მაგრამ არაკაცს ბედს ვაწყევლინებ. მანამდე კი ვერ მიპოვიან.

- გიპოვიან და წმინდათაწმინდა შურისძიებას, იცოდე, განზრახ მკვლელობაში გაგიტარებენ. ეს სულმთლად მოგშლის და შენს კაეშანს უსამართლობის განცდა მაშინვე თან დაერთვება. გვიან იქნება. განა ის გაწყობს, გამარჯვებულმა ციხე რომ ხეხო თხუთმეტი წელი? თავადაც ხვდები, მხოლოდ სურვილით სრულყოფილი წარმატება ვერ მიიღწევა. შენი მცდელობა სამყაროს ძალებს არც შეედრება. ჰოდა, ირწმუნე, ზერეალური რამ შეიგრძენი, შეეკარი, მუდამ გახსოვდეს: შენზე ზრუნავენ და გმფარველობენ  დაბადებიდან.

- ჩემზე ვინ ზრუნავს? არც არავინ. ჩემი დაჩაგვრა ადვილია, ყველას გამოსდის.

- ჰოდა, მისმინე, ისე იცხოვრე, რომ ძეხორციელს სურვილიც კი არ გაუჩნდეს შენი წვალების, არცერთი ფიქრი, ვეღარ დაუშვან, სიზმარშიაც არ დაესიზმროთ აღარასოდეს.

- ეგ როგორ, რაღაც ვერ ვხვდები მაგას.

- ხეზე მომთმენი და ბალახზე თავმდაბალი როცა გახდები - მაშინ მიხვდები.

- შენ მართალი ხარ, - თქვა დანიელმა, - ხეს ვინ დასცინებს, ვინ შეურაცხყოფს? გადამწვარი ბუნება ხომ ფერფლიდან დგება.

- ახლა ხომ მიხვდი? უნდა ამაღლდე, ჩაბუდებული რისხვის დემონი უნდა განდევნო მაგ გონებიდან.

- კარგი, მითხარი, როგორ მოვიქცე?

- ახლა წადი, მაგრამ ხვალ ღამით ისევ დაბრუნდი. წვიმის მერე ეციება, თუმცა ძალიან ბევრს ნუ ჩაიცვამ. დასაფენი წამოიღე, რამე თხელიც დასაფარებლად. მალე მაგასაც გადაეჩვევი. იქ, ზემოთ ახვალ, ხედავ, ბილიკი სადაც მთავრდება? ტყეში ღრმად შეხვალ, ღამეს გაათევ, ერთს, ორს, სამს, ოთხს... სადამდეც შეძლებ.

- იქ? იქ დათვები რომ იცის ხოლმე? მონადირენიც გაურბიან მაგ ადგილს რაც მე თავი მახსოვს.

- დათვი არ მოვა, და არც მგელი. ალქაჯი კი თავად გახდები, ტყის სულს შეიცნობ - ოცნებობდი და ნატვრა აგიხდა.

- კარგი, რას ამბობ?! ფიქრობ, მამშვიდებ, მაგრამ მაშინებ.

- არსად გაიქცე, უნდა გაუძლო. ნამდვილ გამოცდას ტყე ჩაგიტარებს. ლოცვას გადმოგცემ, უფრო სწორად, ძლიერ შელოცვას.

და ტყის კაცმა დანიელს დამცავი მანტრა გადასცა:

“მე წყლის გემო ვარ, მზისა და მთვარის შუქი, მე მარცვალი ვარ მიწაში და ზეცაში, თავად ომკარა, მე ვარ სურნელი თავდაპირველი, ცეცხლის სითბო, თავად სიცოცხლე. ასკეზა ვარ, რიტუალიც მე ვარ, მსხვერპლშეწირვა, სამკურნალო ბალახი, მე ვარ სამყარო, მოუწყვლადი, მე ვარ უკვდავი, დედა და მამა, სულიერი საგალობელი”.

აბა, გაიმეორეო, უთხრა ტყის კაცმა. დანიელმა თვალები დახუჭა და შელოცვის გამეორება იწყო, სიტყვასიტყვით, ბგერაბგერით, ინტონაციით: “მე წყლის გემო ვარ, მზისა და მთვარის შუქი...”

მანტრა წარმოთქვა ზედმიწევნით ზუსტად, არსად შეშლია - და ამიტომაც გაოცებისგან თავადვე შეკრთა, თვალი გააღო - მიმავალი იოგის ზურგს მზერა მიაპყრო, არ დაედევნა: “რადგან წავიდა, ჩანს, ყველაფერი მითხრა, რაც უნდა ეთქვაო”.

გულაღმა დაწვა, ხეებს ახედა. რწმენის აჩრდილი - ეჭვი, მუდამ თან გასდევს მწირის ცხოვრებას.

“ვაითუ ჩვეულებრივი იოგია, აღმოსავლეთმოვლილი, დღესდღეისობით ახალბედათა ინსტრუქტორი, შესაძლოა, კარგი ფულის მშოვნელიც, - ჩაფიქრდა დანიელი, - მუდამ მჯეროდა ჯადოქრების, ელფების, რაინდთა აჩრდილების, მოლაპარაკე კლდეების. არადა ახლა რა ეჭვმა შემიპყრო? რა სულელი ვარ ასეთი: შტერი, ურწმუნო?!”

სახლში დაბრუნდა. იბანავა. მშობლები მის გაუჩინარებებს, ფიქრიანობას, უჭმელობას - სიყვარულს მიაწერდნენ, დავაჟკაცების ხანას, ოჯახის შექმნის სურვილს. დედამ ჰკითხა მორიდებულად: “ჩვენც ხომ არ გაგვაცნობდიო?” ბიჭს იუმორი არ ღალატობდა: “აქ მოვიყვანო, თუ მასთან ტყეში წამომყვებითო?” დედა დაიბნა: “ტყეში ცხოვრობსო?” “რა ხუმრობაა ახლა ეგო?!” - კულისებიდან მამა ჩაერთო. ოჯახში ჯაშუში უფრო დედაა ხოლმე, მაგრამ აქ მამა იყო. ემოციები ღუპავდა აგენტს, დროზე ადრე გამორბოდა კაცი სცენაზე. “მისვლა ადრეა, აქეთ გვესტუმროს, ვაშლის ნამცხვარს გამოვუცხობ, ხომ მოეწონებაო?” - ჰკითხა დედამ. კარგიო, დაეთანხმა ვაჟი და შუბლზე აკოცა მშობელს. ხომ ვერ ეტყოდა: “დედა, იცი, ქალი არასოდეს მყოლია, არც მიკოცნია, ასე მგონია, არ შევხებივარ არცერთს, არც ლამაზს და არც უშნოსო.”

 

რაც უფრო ნაკლები სიამტკბილობა გაქვს ამ სამყაროში, მით ადვილდება განდეგილობა. თხელი ლეიბით, პატარა საბნით, ძველი მუთაქით, მეორე ღამით ცრუ ავაზაკი, რომელიც აღარ იყო ცრუ და არც ავაზაკი, ტყეში დაბრუნდა. ხევში ჩაწვა, მყუდრო ადგილას, მიაყურადა: ჭოტს უსმინა ერთხანს, მერე წამოდგა, ადგილი შეამოწმა, მიმოიარა, ისევ წამოწვა, ცოტა შესცივდა, საბანი წაიფარა, თვალი მილულა... თბილ ლოგინში ვერ იძინებდა, აქ კი სადღაც, სინესტეში, ფოთლებში, დიდი ბორგვის გარეშე მალე ჩათვლიმა. ფიქრები ჩაჰყვა:

“უცბად გამშიფრა. ამ ბრიყვული ჩიხიდან გზა დამანახა. რად მითვალთვალებს? დამინდო და პოლიციაში არ დამაბეზღა, მხეცს ჩემი თავი არ დააგლეჯინა. გამოცდა მომიწყო: “ტყეში ყაჩაღი დაძრწის, შენ ხომ არა ხარო?” ეს ნიშანია, ჩემიანია, უნდა მივენდო.”

ცოტა ეძინა. გაღვიძებულზე უკუნეთმა ისევ დააფრთხო. გულში შელოცვა გაიმეორა, თვალი და სხეული კვლავ შეაჩვია... და დაიძინა. ამჯერად დიდხანს... სიზმრის ბოლოს, ნეტარების მომგვრელმა, სახეზე ქალის ნატიფმა ხელის ჩამოსმამ ძილბურანში ისე მოთენთა, როგორც მაშინ - ბავშვობაში, თანატოლ გოგონაზე დიდხანს ფიქრისა და ხანგრძლივი ორგაზმის მერე.

ტყეში რომ იყო, ის გაახსენდა, შეკრთა და უცბად წამოჯდა, საბანი მოისროლა, შემდეგ წამოდგა. მის წინ ალქაჯმა ტოტები აათამაშა, ფოთლები ააფრიალა...

“ღმერთო!” - წამოიყვირა დანიელმა, - “მე წყლის გემო ვარ, მზისა და მთვარის შუქი, მე მარცვალი ვარ მიწაში და ზეცაში, თავად ომკარა, მე ვარ სურნელი თავდაპირველი, ცეცხლის სითბო, თავად სიცოცხლე. ასკეზა ვარ, რიტუალიც მე ვარ, მსხვერპლშეწირვა, სამკურნალო ბალახი, მე ვარ სამყარო, მოუწყვლადი, მე უკვდავი ვარ, დედა და მამა, სულიერი საგალობელი”.

დანიელმა მიაყურადა და სწრაფად დამშვიდდა: “ეს ხომ ხე არის, ძირმაგარი, უშიშარი, ტყის სიღრმეში ჩარჭობილი მთელი ცხოვრება, ჩივილსა და კვნესას გადაჩვეული.” საქმე გაკეთდა, დროა, სახლში დავბრუნდეო: საბანს სწვდა, გაქცევა სცადა, მაგრამ არა - ერთი საათი გათენებამდე, გამარჯვებამდე - ფეხს არ მოიცვლის, აქ დარჩება, თუ საჭიროა, მზის ამოსვლამდე, მის ჩასვლამდე, დაუსრულებლად... იმიტომ, რომ:

“...მე ასკეზა ვარ, რიტუალიც მე ვარ, მსხვერპლშეწირვა, სამკურნალო ბალახი, მე სამყარო ვარ...”

 

მთელი ერთი კვირა, ყოველ ღამით დანიელი ტყეში რჩებოდა, დილამდე. შემდეგ სახლშიც აღარ ბრუნდებოდა. ქალაქი გაუუცხოვდა. მისკენ მიმავალი გზები დამღლელი და უაზრო გახდა. ადამიანებთან ურთიერთობას აღარ ეძებდა, მითუმეტეს, ახლა უკვე არავის არაფერს ერჩოდა, მხოლოდ სწუხდა მათ გამო, წუთისოფელში გაბურდულნი, დაბეჩავებულნი, სასაცილოდ ამაყნი და გამაღიზიანებლად ქედმაღალნი რომ რჩებოდნენ.

დღე დღეს მიყვებოდა, თვე თვეს. ცოტას ჭამდა, ძლიერ გახდა, ჩამოხმა, თუმცა ძალ-ღონე არ დაუკარგავს, არც სისუსტე უგრძვნია. ერთი-ორი ნაყოფი, პურის ნაჭერი, ბალახ-ბულახი, ხან მოთუშული, ხანდა უმად, სოკოს გარჩევა თავისით ისწავლა, მანამდე კი მოიწამლა, ჰალუცინაცია ჰქონდა, ტყეში ეგდო, დიდხანს ეძინა, სანამ ირმის დრუნჩმა არ გააღვიძა. ხელი ასწია მოსაფერებლად, ქორბუდა გასხლტა, გაუჩინარდა, დანიელი ცოცხალი იყო, ისევ ჯანმრთელი.

როცა აცივდა, სოფელში ჩავიდა, საკვები თხოვნა-თხოვნით იშოვა. ისედაც არ ცნობდნენ და ახლა საერთოდ ვერ იხსენებდნენ. ცოტა კარტოფილი, ცოტა ბოსტნეული, მეტს არც ელოდა.

დაუჯერებლად შეიცვალა და მანამდე ვინც იცნობდა, მათ თვალში სულმთლად გარეკა. მის მშობლებს ურჩიეს, იქნებ სადმე დაგეწვინათ, შეგემოწმებინათ, იქნებ ჯერ კიდევ გვიანი არ არის და გონება დაულაგდესო. მშობლები მიხვდნენ, ვერ ეღირსებოდნენ მისგან შვილიშვილს... ჰა-ჰა, რა აბსურდია, ამას ჩიოდნენ? თუმცა საკუთარ პირმშოს შიზოფრენიისთვის ვერა სწირავდნენ... მართლებიც იყვნენ, დანიელს სულაც არ გაუფრენია – ცოტათი ხო, თავისებურად, არასაშიშად. როგორიც არის, ისეთი გვიყვარსო, თქვა დედ-მამამ. საბოლოოდ მშობლები ამ წუთისოფელში ბევრით ვერაფრით დატკბნენ, ერთ ზამთარს, ორივენი ერთად გარდაიცვალნენ: ჯერ დედა, მერე მამა ორი დღის თავზე. ორი ცხედარი, ორი კუბო ერთ ოთახში. მშობლები სადღაც სასაფლაოზე ვიღაცებს არ მიუწვინა, ტყეში დამარხა, თავის ბუნაგთან. მძიმე ქვები დაადო, ენატრებოდა, იხსენებდა ერთხანს, შეუმჩნევლად იცრემლებოდა.

ქარს ქვები არ გადაუგორებია, არც მეწყერი ჩამოშლილა, მშობლები და ნათესავები დანიელის გონებაში დავიწყებას მიეცნენ. არც განცდები, არათუ სინდისის ქენჯნა, სინდისის ქენჯნის არქონის გამოც არ ჰქონია სინდისის ქენჯნა.

ადამიანებს ბოლომდე გაემიჯნა, სამაგიეროდ, ტყის ცხოვრება შეიგრძნო, ცოცხალი ბუნება: ათასობით მცენარე, პატარა და დიდი მწერები, ხვლიკები, ტურები, ხეებიც ათასობით, ნაკადულები... ერთ დილით დათვს შეეჩეხა: დანიელი შეცბა, დათვიც შეცბა, ერთმანეთს გვერდი აუქციეს, თავთავიანთი გზით წავიდნენ. აქ ფლორა და ფაუნა მოძრაობდა. გორაკები და ხეები სუნთქავდნენ, ერთმანეთს ეხმიანებოდნენ, ანაყოფიერებდნენ, ოჯახებად ცხოვრობდნენ.

ერთადერთი სურვილი უკლავდა გულს, იოგის ნახვა სურდა კიდევ ერთხელ, მასთან საუბარი, სიხარულის გაზიარება. ვერ გადააწყდა, ვერსად ნახა, სად არ ეძება. მათი ერთადერთი შეხვედრის ადგილზე ზედიზედ სამჯერ ეძინა. აღარ გამოჩნდა. იმედით ცხოვრობდა. ისევ თუ გადაეყრებოდა, კითხვებს დააყრიდა, უფრო მეტ მანტრას მოსთხოვდა, გვერდიდან არ მოშორდებოდა.

დრო გადიოდა და დანიელი რწმუნდებოდა, რომ ის ჯუჯა თავად ტყე იყო. ჰო, რაღაც ისეთი ფორმით ეჩვენა, აღსაქმელად ადვილი რომ ყოფილიყო, სიტყვებით ელაპარაკა და არა ფიქრებით, დაარწმუნა... კომპლექსები მოუხსნა: ზოგს თავისზე ძლიერის და მაღლის სჯერა, უფრო გონიერთ იმის, რაც არ ჩანს, რაც გულის სიღრმეშია, უებარის, ყოვლისმომცველის.

გამოდიოდა, იოგი ყოველთვის გვერდით ჰყავდა, მისი ბგერები ჩაესმოდა, წარმოქმნილი შრიალიდან, წვეთებიდან, ქროლვიდან, ჩიტებიდან, ჩანჩქერიდან...

“როცა მომენდობი, მეც მოგენდობი, ყველა საიდუმლოს გაგიმხელ, გაგეხსნები, ჩემთან გაცხოვრებ, თავისუფალი იქნები. თუმცა გახსოვდეს, საშინლად ეგოისტი ვარ, შენგან სრულ, უპირობო ერთგულებას ვითხოვ. რა ვქნა, ასეთი ვარ.”

“სამაგიეროდ, როცა განმტკიცდები, ადამიანები თავად მოვლენ შენთან, შეგიყვარებენ, უფრო მეტიც, გაგაღმერთებენ, მთელ სამყაროს დაიპყრობ, აგერ ნახე, თუ არა.”

“- ეგ რომ არ მინდა?” - პასუხობდა დანიელი.

“- გინდა არ გინდა, ასე იქნება”, - პასუხობდა ტყე.

 

ქალაქში ხმა გავარდა, ხალხს რომ დასდევდნენ, ძარცვავდნენ და მოკლულებს ორალურად აუპატიურებდნენ, ის დრო დაბრუნდა, ტყეში ისევ გამოჩნდა მანიაკიო. თუ ადრე მსხვერპლნი ბანდიტის გარეგნობას როგორღაც მაინც აღწერდნენ, ახლა უჭირდათ ახსნა, კონკრეტულად რა აშინებდათ. ერთნი ამბობდნენ, ეს ჩვეულებრივი მანიაკი კი არა, ტყის ავი სულია, მისი დანახვა შეუძლებელიაო. დანარჩენებიც იმავე აზრზე იდგნენ, ტყე განაწყენდა, თავისი ალქაჯები და ჯუჯები თავისუფლებაზე გამოუშვა. იქ ვერავინ გაივლის, წარმოუდგენელია, უბრალოდ, იმ ჯუნგლებისკენ გახედვის დროსაც კი ჩვენი გვემართება, ასეთი შიში არასოდეს განგვიცდიაო. მრავალი გაუხსნელი დანაშაულისა და საკუთარი, გაცნობიერებული უსუსურობის გამო, პოლიცია საბოლოოდ გაცოფდა. არადა, ჩვეულებრივ მოკვდავებს, ვიღაც ღლაპებს, არასრულწლოვნებს, უპატრონოებს ვერ პოულობდნენ და - ტყის ჯუჯებს, ოჩოპინტრეებს და ჯადოსნებს იპოვიდნენ? სამი წყება საპატრულო რაზმი გაუშვეს, რომლებმაც იქაურობა გადააქოთეს. ტყის თითოეული გასასვლელი გადაკეტეს, პატრულირებდნენ დღედაღამ. შიგნით ტყეში სპეცრაზმი შეუშვეს, რომელიც მეორე მხრიდან გამოვიდა, მაგრამ ხელცარიელი განყოფილებაში ხომ ვერ დაბრუნდებოდა და უკან შებრუნდა - თავიდან გადაჩხრიკა მთელი ტყე - განყოფილებაში მაინც ხელცარიელი დაბრუნდა.

ეფექტის მოხდენას არც ვაპირებდით, ვიცოდით, რომ ავ სულში ყოფილ ცრუ ავაზაკს, დანიელს იოლად ამოიცნობდით. თუმცა არ გეგონოთ, რომ მართლა ვინმეს სდევნიდა, აშინებდა, აშარდვინებდა სამარცხვინოდ იქვე ადგილზე. ცხადია, არა. დანიელი უბრალოდ ცხოვრობდა, სხვები კი კრთოდნენ. მას ვერ ამჩნევდნენ, და ახლოდან, ძალიან ახლოდან, ერთი მეტრიდანაც ვერ აღიქვამდნენ. მის მოძრაობას, ხელის აწევას, სუნთქვას, თავისა და სხეულის მიხვრა-მოხვრას, მიახლოებას, თვალებში ჩაცქერას, - არც სიყვარულით, არც სიძულვილით, უბრალოდ, ისე - მოჩვენების ბოროტ ხრიკებად აღიქვამდნენ, ნისლებად, ბურუსებად, გორაკების ღმუილებად, მოცეკვავე ბუჩქებად. ადგილს სწყდებოდნენ, ქუდმოგლეჯილნი სახლში გარბოდნენ, და ეს მაშინ, როცა არ ჰქონდა ტყეს რამე ცუდი ილეთი ანდა სიავე ჩაფიქრებული.

ასე იქცა დანიელი ტყის ღმერთად. ღმერთად თუ არა, მეფედ ხომ მაინც. 

ახლა თავად ის გახდა მანტრის მქმნელი, უბადლო წარმომთქმელი:

“- გამარჯვება ვარ, მე ვარ სასჯელი, საიდუმლოთა შორის მე ვარ სიჩუმე, თან მიზანი ვარ, თავად ვარ მოწმეც.”

ნანატრმა სიმშვიდემ და ნეტარებამ დაისადგურმა მის გულში. თვითკმარობაზე და უბრალოებაზე იგებოდა მთელი მისი სამყარო. დაიძლია გრძნობები და გაქრა მიჯაჭვულობის ობიექტები. მანტრის გადაცემიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, ჩვენი ეპოქა დადგა - 2043 წელი. ტყეში მისი ნახვა შეუძლებელია, გარეთ კი დანიელი დიდი ხანია, აღარ გამოდის.

რას ამბობთ? რას გულისხმობთ, რა შურისძიება? განა ვერ ხედავთ მისი სულისა და სხეულის ამ სრულფასოვან, ღვთიურ გარდაქმნას?

ვინ? ვის გამოჩენას ელოდებით? დანიელის მჩაგვრელის? გვერწმუნეთ, ეგეთი არავინ მოვა. არავითარი შეხვედრა დანიელსა და მწვალებელს შორის აღარ მოხდება. მსგავსი უკეთურობა, ან მისი მქმნელი არავინ გვახსოვს. ეფექტურობისა და დრამატული ხაზის გამო ფინალს არ შევცვლით, რა სიმდაბლეა. უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გვაცივდებით, სამაგიეროს გადახდას ჩვენ არ ვაპირებთ. და თუ მართლა ცოცხლობს სიავე და მისი შემქმნელი, უმჯობესია ის დაივიწყოთ. შურისძიების მწველი სურვილი და რისხვის ცეცხლი, გულმუცელს რომელიც გიწვავთ, გულმოწყალებითა და ყინულოვანი ასკეტიზმით ჩაანაცვლეთ და ისე ჩააქრეთ. შეწყვიტეთ ფორიაქი და შფოთის გარეშე განვლეთ თქვენი ძვირფასი წლები.

 

***

ო, როგორ გვსურდა, რომ ეს ლეგენდა სწორედ ასე დასრულებულიყო, კითხვებით მკითხველისადმი, მსმენელისადმი, კაცთმოყვრულად, ასე მეფურად, ასე ჰორიზონტალურად და მშვიდად, ყოველგვარი კულმინაციურ-ჰიპერბოლური ამოვარდნების, ტექსტური არითმიისა და კიჩური, ჰოლივუდურ-შაბლონური ესთეტიკის გარეშე.

არ გამოვიდა.

უნდა იცოდეთ, ლეგენდას დიადი პერსონაჟი ქმნის, ნამდვილი გმირი, ხან კაცთმოყვარე, ხან კი ბოროტი, შემბრალებელი ანდა მჩაგვრელი. ადამიანთა სურვილი სამართლიანობის ძებნისა, სამაგიეროს გადახდისა, თუ გნებავთ, გამართლებული სისასტიკისა, ჩვენს ლეგენდას ფინალს შეუცვლის. საქართველოში ასე ინებეს, ზედმეტად რბილი აღმოჩნდა მათთვის ქრისტიანული სულისკვეთება, არ ელოდნენ, სახტად დარჩნენ. ნახევარი საუკუნე როგორღაც გაძლეს, მერე ლეგენდა გადაწერეს, უფრო სწორად, მისი ფინალი. გაინტერესებთ, როგორ მოირგო ბრძენმა ხალხმა ეს დასასრული?

არაფრიდან რამის შექმნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს, კაცმა კი იცის, ნაღდ ამბავზე უნდა ააგოს ტყუილი, ხალხში შეუშვას და იქიდან სიცრუე ჭეშმარიტებად დაუბრუნდება.

ის ორიოდე წლის წინანდელი ამბავი თუ გახსოვთ, პაპა და შვილიშვილი ტყეში რომ დაიკარგნენ, გაუჩინარდნენ, ვეღარ იპოვეს? ფიჩხის შემგროვებელმა დაინახა ისინი: ტყის სიღრმეში, უკვე ბნელში და გაუვალში, როგორ კისრისტეხით ჩამორბოდნენ მთიდან და თვალს მიეფარნენ. ხშირ ბუჩქნარში, მაღალში, დაჩხაპნილნი და დასისხლიანებულნი გიჟებივით როგორ შეცვივდნენ. შეშისმჭრელმა ყური მოკრა აი, ამ ფრაზებს, წამოყვირებას, ბავშვის წივილს: “ვინ მოგვდევს, პაპა, ვინ მოგვდევსო?!” “არ შეშინდე, შვილო, არ შეშინდე, და არ გაჩერდე, არ ჩამომრჩე, ხელი გეჭიროს, არსად წაიქცეო!”

პაპა და შვილიშვილი დაკარგულად გამოაცხადეს, მეორე დღესვე ძებნა დაუწყეს. ბიჭი იპოვეს, ცოცხალი, გზააბნეული, თითქმის შეშლილი, გათანგული. ყოფითი ნივთები ეჭირა მოზარდს ხელში, ძრწოლას რაც ბადებდა პოლიციელში, - აუხსნელ შიშს, განზიდვას, დიდ გაკვირვებას - პაპამისის ტანსაცმელს იხუტებდა ბავშვი, კოხტად დაკეცილს: შარვალს, პერანგს დაგლეჯილს, ორივე წინდას, ფეხსაცმელს ერთ ცალს, მეორე ვერ ვიპოვეო, იმეორებდა დანაშაულზე წასწრებულივით.Y

“თქვი, თქვი, რა მოხდა, პაპაშენი სად არის, სად ვეძებოთო?!” - აცივდებოდა პოლიციელი.

“დავიღალეთ, ნაბიჯს ვერ ვდგამდით, მერე აჩრდილი მოგვიახლოვდა. ისე შევშინდი, ვეღარც ვტიროდი, პაპაც გაშეშდა. შემდეგ დაემხო და მოჩვენებას შესთხოვა, ოღონდ ეს არა, მე დამსაჯეო.”

“რა აჩრდილი შვილო, რა მოჩვენება, რაებსა ბოდავ, პაპა სად არის, სად ვეძებოთო?!” - არ ეშვებოდა პოლიციელი.

“მაგას გიყვებით, აჩრდილმა უთხრა: დრო მოვიდა პასუხისგების, სამყაროს სასჯელი უშეცდომოა, ვერსად წაუხვალ. ეგ გაიხადე, რაც გაცვია, არ დაგჭირდება. დედიშობილა ხეში შედი, - დაიმსახურე. შენს ადგილზე, ფიქრებს აქ დავტოვებდი, იქ გაგაწვალებს. პაპა წამოხტა გაოგნებული... სად წავიდოდა? იმ წამს აჩრდილმა ჩემზე ანიშნა, პაპას უყვირა: მაშინ ესო! და დაიწყო პაპამ გახდა, სულმთლად გაშიშვლდა, არასოდეს მინახავს პაპა ტიტველი. იქვე მდგარი ხე, დიდი წიფელა, წამში გაიხსნა, პაპა შეყლაპა, თითქოსდა არაფერი, კვლავ ჩაიკეტა. აჩრდილი გაქრა, მე კი ვიდექი და ვიდექი, ვისთვის რა მეთქვა? გონება დავკარგე, სანამ დაბნელდა.”

მოხუცი ვეღარ იპოვეს. ბავშვი კი ჩაწვა, ავად გახდა, თუმცა გადარჩა. დაარწმუნეს, რომ სიზმარი იყო ის ყველაფერი. ალბათ მიგვიხვდით, და მაინც გეტყვით, რომ ჯანაშიები იყვნენ გვარად პაპა და შვილიშვილი.

ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო შეშისმჭრელი, არც შიში ჰქონდა, რადგან ამ ტყეს ცნობდა ხუთი თითივით. დიდხანს იარა, ეძება და ერთი წლის მერე, ქალაქს ჩასულმა, ხალხს ამცნო, რომ ტყის მეფე ნახა, ცოცხალი, თავისი თვალით. ათწლეულების უჩინმაჩინი ისევ დაბრუნდა ადამიანად. წმინდანად შერაცხული შურისმაძიებლად გამოგვეცხადა. გამოდის, გვატყუებდა და ტყესაც მწარედ აბითურებდაო.

დანიელი წიფელასთან იჯდა და ხეს ელაპარაკებოდა, როცა მეტყევე უკნიდან მიეპარა, აჩრდილის ნაჩურჩულევი კარგად რომ გაეგო:

“- უკმაყოფილო ვერ იქნები - დაიმსახურე. ხედ იქეცი, დიდხანს დარჩები. წყალი, საკვები არ მოგაკლდება. ალერსიან სიტყვებსაც არ დავიშურებ. პასუხს ვერ გამცემ - სამწუხაროა. ეგ არაფერი. მეორე მხრივ, ჭკვიანური რა უნდა მითხრა? ბედს მალე შეეგუები, ქარს და წვიმას ინატრებ, შენს ფოთლებში მოჟივჟივე ჩიტების გუნდს. ციყვები და კოდალები გეყოლება მეგობრებად. შენი მოჭრის უფლებას არავის მივცემ, ასი წლის მერე თავად გახმები. ჰოდა, გაგიშვებ, ათივე მიმართულება ხსნილი გექნება. მახის დაგებას არ ვაპირებდი... თუმცა, არ დაგიმალავ და ვაღიარებ, სამაგიეროს გადახდის ეს მწველი გრძნობა ვერ გადავლახე. პარადოქსია: შენ დამივიწყე, მე კი მახსოვდი. ამიტომაც სიცრუით სიმართლეს შევწვდი, როგორც ჰამლეტი. შექსპირი თავის გმირში არ შეცდებოდა, არ გასწირავდა - ეს გულს მიმშვიდებს. საბოლოოდ, კარმის კანონიც სამაგიეროს გადახდაა, სხვა არაფერი.

ვიცი, ჭეშმარიტება შურისძიებით და სასჯელით არ მიიღწევა. ღმერთის შესაცნობად მომავალში უფრო დახვეწილ სპექტაკლს გავითამაშებ.”

 

2020

 

 

 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE