მაკა მიქელაძე - მრავალზე მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი


მაკა მიქელაძე - მრავალზე მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი




ყოველთვის იმას აკეთებს, რაც უყვარს. სიყვარულით კი ექსპერიმენტები უყვარს, სიახლეები, თავისუფლება, შეჯანჯღარება, გამოწვევა, მოძრაობა; ზოგჯერ სიმშვიდეს და დაცულობასაც ირჩევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი ყირაზე დგება, როცა გეგმები ინგრევა და სამყარო ისეთ გაუგებრობას ეჯახება, როგორიც ომია, ან, მაგალითად, კორონავირუსი, რომელიც თითქოს გაჩერებას, დაპაუზებას გაიძულებს, თუმცა არა ფარ-ხმლის დაყრას და დანებებას. ექიმ მაკა მიქელაძისთვის ახლა რეგულაციების დაცვაა სწორი, მწერალი მაკა მიქელაძე კი ახალ გეგმებს აწყობს, ერთი გაჯიუტებული ტექსტის მორჯულებას აპირებს და კიდევ უამრავი პროექტი და გეგმა აქვს. „მე და ჩემი კუსტურიცაც“ საქართველოში ბოლო ომის შემდეგ დაიწერა - ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი ომსა და მშვიდობაზე, არჩევანისა და გადაწყვეტილების სირთულეზე, შიშსა და თავისუფლებაზე, ადამიანების სისუსტესა და ძალაზე, ადამიანობაზე...   ამ წიგნისთვის 2011 წელს „საბა“ მიიღო - წლის საუკეთესო პროზაულ კრებულად აღიარეს. სხვა პრიზებიც აქვს: ჟურნალისტიკაში - საუკეთესო მოთხრობისთვის „ჩემი ქალაქი“, კინოში - საუკეთესო დებიუტისთვის ფილმ „ლეონარდოში“. საბავშვო ლიტერატურაში აქტიური მუშაობისთვის მედლითაა დაჯილდოებული. ჯერ მწერალი ვიყავი, მერე გავიზარდე, გავიზარდე და საბავშვო მწერალი გავხდიო, დაწერა ფეისბუკზე ერთხელ.

მაკა მიქელაძეს ორი პროფესია აქვს, ერთმანეთს რომ უნდა გამორიცხავდეს ისეთი, თუმცა მისთვის ამ პროფესიებს შორის მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება. ფსიქოთერაპიასა და მწერლობას შორის არჩევანი ვერასდროს გააკეთა. ზუსტად იცის, რომ ვერც მომავალში იტყვის რომელიმეზე უარს, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ცოტა ხნით უმუშევარია. იცის, რომ პაციენტები ისევ ეყოლება, რომელთა პირადი ამბები და ცხოვრება ყოველთვის დაცულია და ხელშეუხებელი. ერთადერთხელ აიღო პაციენტისგან ამბავი, არა, ამბავი კი არა, მხოლოდ ერთი სურვილი, რომელიც ზოგადიც იყო და ძალიან კონკრეტულიც, თუმცა პიროვნების ამოცნობის შესაძლებლობას სრულიად გამორიცხავდა.

 „ფსიქიატრს და მწერალს საერთო ის აქვთ, რომ ადამიანს კარგად უნდა იცნობდნენ, უნდა ეხმარებოდნენ მას და ბევრს კითხულობდნენ. მნიშვნელობა აქვს ურთიერთობის ხარისხს ქაღალდთან და პაციენტთან, ასევე შედეგს და არა სხვების შეფასებას. თუ დაფასდი, კარგია, მაგრამ თუ არა, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობ. და კიდევ, ორივე დიდად შემოქმედებითი საქმეა და დიდად მადლიანი. ორივე მოითხოვს განუწყვეტელ ზრდას და განვითარებას.

პაციენტების მონათხრობზე პრინციპულად არ ვწერ: ეს მათი ცხოვრებაა... და ჩემი მოვალეობაა, ამბის ანონიმურობა დავიცვა. ფურცელზე შეიძლება გაჩნდეს მეტი შეკითხვები ცხოვრებასთან, განწყობა, მსოფლმხედველობა, ფილოსოფიურ საკითხებზე პასუხები, თუმცა ამბებს და ისტორიებს ძირითადად ვიგონებ. იშვიათად, რომ რეალობასთან თანხვედრა იყოს, ისიც - შემთხვევით, რადგან ძნელია ახალი რამ გამოიგონო ამ დედამიწაზე. „გვირაბს“ რაც შეეხება, პაციენტისგან მხოლოდ ის „ავიღე“, რომ სულ გარბოდა და თვითონაც არ იცოდა, სად ან რატომ.

ჰო, კიდევ ერთი, ყოვლადმნიშვნელოვანი მსგავსება მწერლობასა და ფსიქოთერაპიას შორის: ორივე ფილიგრანულია და იუველირის სამუშაო“.

ძალიან პატარა იყო, წერა რომ დაიწყო. ბევრს აქებდნენ, ბეჭდავდნენ საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში. მას კი ამოჩემებული ჰქონდა, ექიმი უნდა გამოვიდეო. გამოვიდა კიდეც. მაშინ ყველა უხსნიდა, ორივე ფრონტზე ბრძოლას ვერ შეძლებო. რაც მიყვარდა, იმას ვაკეთებდი, კი არ ვიბრძოდიო - ამბობს ახლა. „პირველი პუბლიკაცია „ბუნების კარში“ ჰქონდა. მოეწონათ და მერე „ნორჩ ლენინელშიც“ დაუბეჭდეს ლექსები. სკოლის თვალი და სიამაყე გავხდიო.

„ერთ მშვენიერ დღეს „ნობათს“ მივადექი. თენგიზ ჩალაური და გივი ალხაზიშვილი დამხვდნენ. დიდხანს ვამტკიცებდი: დასაბეჭდ ლექსებს ვწერ! ისინი იცინოდნენ. ბოლოს ლერი ალიმონაკმა თქვა, მგონი დასაბეჭდია ეს ბავშვიო და დამბეჭდეს. დიდი ხნის მერე ამ ამბავს სასაცილო გაგრძელება მოჰყვა. საბას დაჯილდოებაა, ვსხედვართ მე და გივი ალხაზიშვილი ნომინანტებად და ველოდებით განაჩენს. გამომაცხადეს გამარჯვებულად და ატყდა ერთი ამბავი, მილოცვები, მხოლოდ გივი ალხაზიშვილმა მოიწყინა. არ გასულა ცოტა ხანი და ახლა გივი ალხაზიშვილი გამოაცხადეს გამარჯვებულად. დაბნეული ადგა. თურმე ჰგონებია, რომ პოეზიაში ავიღე პრემია. აბა, მაკა რაში დააჯილდოესო, უკითხავს. გასცინებიათ. მე პროზაულ კრებულში გავხდი გამარჯვებული. გივის თავი უმართლებია, რა ვიცი, ბატონო, სულ ლექსებს წერდაო.

პირადად ვიცნობდი ბევრ დიდ მწერალს. თითოეულ მათგანთან საინტერესო საუბრები მქონდა და კვალიც დაატყვეს ჩემს მწერლად ჩამოყალიბებას. ერთხელ იზა ორჯონიკიძესთან ვიყავი და ჩემი სამომავლო გეგმები გავაცანი. ამოიგმინა: ე.ი. თანაც ექიმი გინდა იყო, თანაც მწერალი და თანაც ათი შვილი უნდა გყავდესო? და წყალიც გადამიწურა: არ გამოვა მაგ საქმიდან არაფერიო. ჩემი გეგმებიდან მართლაც ბევრი რამ არ გამოვიდა. გოგონაც მხოლოდ ორი მყავს, მაგრამ ქალბატონ იზას სახე არ მავიწყდება, ისეთი შეწუხებული იყო, ისე უნდოდა გადავერჩინე. ეს ორივე პროფესია ადამიანისგან მთელ სიცოცხლეს ითხოვს, განსაკუთრებით ქალისგან და რანაირად შეათავსებ ათი ბავშვის ხელშიო, მმოძღვრავდა“.

ჰუმანიტარული განათლება არ მიუღია. ენის ცოდნას, ტექსტებზე მუშაობის უნარს თავის ქართულის მასწავლებლებს უმადლის და საერთოდ, მიაჩნია, რომ პედაგოგებში გაუმართლა - სკოლაშიც და შემდეგაც. სკოლაში კი, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა ფსიქიატრის სპეციალობით, მხოლოდ ლიტერატორად აღიარებდნენ, ამიტომაც ახალი წიგნების საავტორო ეგზემპლარები ჯერ თავის სკოლაში მიჰქონდა ხოლმე.

„ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის მთელი ელიტა მასწავლიდა. ყველა მახსოვს და მიყვარს. ნარკოლოგიაში გელა ლეჟავასთან მოვხვდი. მთელი მისი კოლექტივი მხარში მედგა, კარგი გუნდი. სწორედ აქ მუშაობის პერიოდში გამოვეცი ორი პოეტური კრებული: „ოცდამეცამეტე“ და „ქალი“.

ეს ცალკე მოსათხრობი ამბავია. მოგეხსენებათ, პირველი წიგნის გამოსვლის გულისფანცქალი. მე ამ დიდ ბედნიერებას პაატა ნაცვლიშვილმა მაზიარა. მან თვითონ აარჩია მასალა, ააწყო, დაასურათა, დააკაბადონა და გამოსცა ეს პატარა წიგნები.

ერთ დღესაც მირეკავს და მეუბნება, არაფერი გამოვიდა, უნდა შეგხვდე, ყველაფერი თავიდანაა გასაკეთებელიო. გულზე შემომეყარა. რას ვიზამდი. ჩემთან, სახლში დავთქვით შეხვედრა. ვაღებ კარს და რას ვხედავ, პაატას ხელში უჭირავს კანაფით შეკრული ჯერ კიდევ თბილი და შეუშრობელი ჩემი წიგნები. უჭირავს და იცინის თავისი განუმეორებელი სიცილით, გილოცავ პირველ წიგნებსო. ჩემი კივილი ცას წვდებოდა, მეზობლები შევყარე, ასეთი სიურპრიზი ჩემთვის არავის გაუკეთებია.“

ოეტურ კრებულებს პროზაც მოჰყვა. პირველად ბაკურ სულაკაურმა დაუბეჭდა FLASH-ი. შემდეგ, „სიესტაში“ ქეთი კიღურაძემ გამოსცა „წეროს ჯვარი“ და „მე და ჩემი კუსტურიცა“, პოეტური კრებულები „რვეული“ დაბარათი“. საბავშვო პერიოდიკაშიც იბეჭდებოდა: „ანო და ვანოში“, უფრო ხშირად კი „დილაში“. ბევრი სკოლა მოიარა და თავის ტექსტებს ბავშვებს უკითხავდა. მათი მაშინდელი რეაქციები ახლაც გულს უთბობს. ერთმა ბავშვმა მისი პერსონაჟი მაჯლაჯუნა კარადაში ჩახატა და „მაკა მიქელაძე“ დააწერა. საერთოდ კი, საბავშვო მწერლობაში ბაკურ სულაკაურმა და თინა მამულაშვილმაშემიტყუესო“, ამბობს.

„ბაკური სულ ბუზღუნებდა, მე საბავშვო მწერლად მოგიაზრებო. სამი წიგნი დამიბეჭდა: ქართული მითები, ბერძნული მითები და საავტორო „ოკრო-ბოკრო“. „ბერძნულ-რომაული მითების“ სრული კრებულის გაკეთება მომანდეს, რომელშიც ჩემს ტექსტებთან ერთად ჯემალ ქარჩხაძის სამი მოთხრობაც შევიდა. არ ვიცი, როგორ გავართვი თავი, მაგრამ ბავშვებს უყვართ და სიამოვნებით სწავლობენ ამ სახელმძღვანელოთი. მერე ქართული მითები გამოვეცით. მხოლოდ ნახევარი, ქრისტიანობამდელი. მეორე ნახევარი ჯერაც არ დაპროექტებულა, არადა, პირველი ნაწილი კარგად გაიყიდა.

ჩემი რძალი აფორმებს ხოლმე ჩემს ტექსტებს, ცნობილი ილუსტრატორი და მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე. „ოკრო-ბოკროც“ მან დაასურათა. ჩეხი მწერლის, იან კარაფიატის „ციცინათელებიც“ ნინომ გააფორმა, ტექსტის ადაპტაცია მე გავაკეთე. თანატოლი შვილები გვყავს და მათი გაჩენის დღიდან  ერთად ვწერდით და ვხატავდით ხოლმე ჯერ მათთვის და მერე უკვე ყველასი ხდებოდა. ხან ჯერ ტექსტი არსებობდა და ნინო ხატავდა, ხან მის ნახატს ვურთავდი მერე ტექსტს. პატარები რომ იყვნენ, ძალიან მოსწონდათ ეს ყველაფერი და ჩვენთან ერთად ზეიმობდნენ ახალ წიგნებს. ახლაც, დიდი ხანი თუ არაფერი ხდება, უკვირთ და გვაგულიანებენ. ერთხელ  ჩვენი გოგოების, ანას და მარიამის ნახატებიაი ია“-ში დაბეჭდეს, გახარებული იყვნენ, ჩვენც დედიკოები გამოვალთო.

ბაკური სულ საბავშვო მიმართულებით მეზიდებოდა, მაგრამ „გულს გარეთ“ ჩემს პროზას მაინც მფარველობდა: „თხუთმეტ საუკეთესოში“ რამდენჯერმე გაიელვა ჩემმა მოთხრობებმა. მერე პენ-მარათონების ჯერი დადგა. საუკეთესო მოგონებად მახსოვს ეს საოცარი ღონისძიება. მადლობა ამისთვის ჯარჯი აქიმიძეს და თამარ ლებანიძეს. ეს საოცარი გამოცდილება იყო... . ბევრ პერიოდულ გამოცემაზეც მწყდება გული, მაგრამ იმედია, უკეთესი დროც მოვა.

არასწორად მიაჩნია მწერალთა დაყოფა და „ნიშობრივი“ გადაწყობა. ამბობს, რომ ეს ცუდია. მისი აზრით, ეს მხოლოდ შეზღუდვაა და მეტი არაფერი. არ ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის  მხოლოდ საბავშვო მწერლები უნდა წერდნენ და ეს მწერლები მერე „სადიდო“ ტექსტებზე აღარ მუშაობდნენ. ჟანრის არჩევა თუ შეცვლა მხოლოდ ავტორის გადასაწყვეტი უნდა იყოს.

 

ადრე ყველა მაგარი მწერალი წერდა ბავშვებისთვის და საბავშვო მწერლები არ ერქვათ. ჟანრებსაც ისე იცლიდნენ, როგორც გაუხარდებოდათ. ახლა კი დაიწყეს გაყოფა: ხუთ წლამდე, მერე თინეიჯერებიო, ცალკე ფენტეზი და ცალკე ის, ეს. ვითო პროფესიონალიზმს ზრდიან. სინამდვილეში კი ვიწრო ჩარჩოებში სვამენ ავტორებს და გასაქანს უხშობენ. ლინდგრენს არც ასაკობრივი და არც ორიენტირებული ჯგუფებისთვის უწერია და არც ადიქციური ქცევის მოზარდებისთვის, მაგრამ ის ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარია. მურმან ლებანიძე, გურამ დოჩანაშვილი, მუხრან მაჭავარიანი და სხვებიც ბავშვებისთვისაც საოცარ ნაწარმოებებს ქმნიდნენ და დღეს კლასიკოსებად ითვლებიან. რა უბედურებაა ეს ნიშების განსაზღვრა, ვის აძლევს ხელს?!

გურამ დოჩანაშვილზე გამახსენდა, ერთხელ სამი მოთხრობა დამიბეჭდესლიტერატურულში“. რეაქციას ველი, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი. უცებ ტელეფონის ზარია. ვიღებ ყურმილს და მესმის, გურამ დოჩანაშვილი გაწუხებთო. ასე მსუბუქად, ასე ღიმილიანად, ასე ტკბილად და ხალისიანად ასეთ დიდ თემებზე დაწერილი მოთხრობები კარგა ხანია არ წამიკითხავს და გაქებთო, მეუბნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, სად ავარდა ნიშნული ჩემი ბედნიერების სკალაზე. მერე ბატონ გურამს სულ ვჩუქნიდი საავტორო ეგზემპლარებს.

პატარა ბავშვები მყავდა და სხვებივით ჩართული არ ვიყავი ლიტერატურულ ღონისძიებებში, მაგრამ დასწრებით ვესწრებოდი. ან სპექტაკლს გადააწყდებოდი, ან მუსიკალურად გაფორმებულ საღამოს არაჩვეულებრივ გამოფენასთან თანხვედრაში; იყო მსჯელობა, მსახიობების და ავტორების შეჯიბრი მხატვრული კითხვისას. საინტერესო დრო იყო, შემოქმედებითი. ახლა კი თითქოს ყოველივე ამის დაფასოება და შეფუთვა ხდება. ჰალსტუხების მორგება და სტანდარტიზაცია. საცოდაობაა. ორიგინალური წარმოდგენის ნაცვლად, ტიპური შეხვედრებია - აღარც კარნავალები, აღარც კინოპოეზია, აღარც ელექტრონული მუსიკის თანხლებით ტექსტების წამღერება... აღარც დადა, აღარც მეფე... აღარც ვიდეოფილმები ლიტერატურული ხედვით. საბოლოო ჯამში, ჩემი ცხოვრების ლიტერატურული პერიოდი კარგად მაგონდება. ტურები, მოგზაურობები, „ცოცხალი წიგნების“ პროექტში მონაწილეობა... უამრა მეგობარი შევიძინე. ჩემი და უმცროსი თაობის კარგი და ძალიან კარგი ლიტერატორები“.

მაკა მიქელაძის „ბრძოლა“ პროფესიონალიზმის საზღვარს არასდროს გასცილებია, ზოგადად ბრძოლა მისთვის არასდროს ნიშნავს კაცებსა და ქალებს შორის „ომს“. პროფესიონალიზმი კი მისთვის ნიშნავს სხვაგან „დგომას“ - იქ, სადაც ქალი თუ იმარჯვებს, კაცმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ მას მეორე ადამიანის ფანტაზიამ, ემოციამ ან ალღომ აჯობა.  ჯამში კი ვიღაცის - არც ქალის და არც კაცის - უბრალოდ, სხვა ადამიანის ტექსტი კონიუნქტურული და საერთო განწყობასთან უფრო შესაფერისი იყო. აბა, რა მნიშვნელობა აქვს, კონკურენტ მწერალს მუცლითტარებისა და ძუძუთი კვების ფუნქციები აქვს თუ არაო, ამბობს მაკა მიქელაძე.

„სქესთა შორის ბრძოლა თუ გენდერული თანასწორობა „ჩემი თემა“ არ არის. დედის რძესთან ერთად შევისისხლხორცე „ლეკვი ლომისა სწორია“. რა თქმა უნდა, ცხოვრება ამ პოსტულატს კითხვებს უსვამს. კაცებს არ უყვართ, თუ ქალი სჯობნით, დღემდე არის ეს არქეტიპული და პატრიარქალური მიდგომა. თუმცა ნელ-ნელა ინგრევა წარმოდგენა „კაცი მწერლის“ „ქალ მწერალთან“ მეტობის შესახებ და ერთი მწერლის მეორე მწერალთან კონკურენციის სახეს იღებს. ჯერაც „იმედიანად“ არიან რომანისტი კაცები, მაგრამ ემპირიულად ეს პოსტულატიც ბათილდება: ძლიერმა რომანისტმა ქალებმა მსოფლიო დაიპყრეს, ნობელიც აიღეს და არც სხვაგან არიან სუსტ პოზიციებზე.

საერთოდ, ბრძოლა ისეთი სიტყვაა, რომლის თაობაზეც უნდა შევჯერდეთ. მას ყველა თავისებურად აღიქვამს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩხუბი არაა, ხოლო კარგი მებრძოლი პარტნიორად საკუთარ ნაკლოვანებებს ირჩევს და არ ეძებს მტერს ყველა დაბრკოლებაში. თუმცა არიან გაფაციცებული ადამიანები, სულ რომ ცდილობენ, საქმე საომრად გაგიხადონ, უსამართლობაზე მიგაგდონ და მერე კონფლიქტით დატკბნენ, ან ხელი მოითბონ ამით. ვცდილობ, მათ გვერდი ავუარო. მიუღებლად მიმაჩნია, კონკურსში გამარჯვებულს ეცე და მტკიცება დაუწყო, “ჩემი სჯობსო“. უცნაურია, მაგრამ ასეთი მწერლებიც გვხვდებიან ცხოვრებაში.

აი, საკუთარ სიზარმაცესთან, კომპლექსებთან, უნარ-ჩვევებთან და ყოფით პრობლემებთან ბრძოლა კი ძალიან ძნელია, მაგრამ ფასდება ნამდვილად. ეს ბრძოლა არც პოზიტიურია და არც ნეგატიური, გამარჯვებულიც შენ ხარ და დამარცხებულიც, საკუთარი თავი ან მეტად მოგწონს ან ნაკლებად, თანაც დამსახურებულად.

უყვარს ფოტოების გადაღება. მისთვის ის მომენტი, კადრი რომ ჩნდება, განუმეორებელია. კინოში გადაღების გარდა, სამოდელო სააგენტოშიც მუშაობდა, რადიოპიესებსაც წერდა და სიმღერების ტექსტებიც აქვს. ერთხელ პრიზიც კი აიღო თბილისზე სიმღერის ტექსტისთვის. „ყვავის ბახალაც“ მაკა მიქელაძის ტექსტზეა შეიქმნილი.

„სიამოვნებით ვიმუშავებდი თეატრში. არ ვიცი, რად, თუნდაც ბუჩქად. ყველაზე მეტად კინოს ან თეატრის რეჟისორობა თუ სცენარისტობა გამახარედა. ვცდიდი მოქანდაკეობასაც, მეთოჯინეობასაც და თუ სხვაზე უკეთესად არ გამომივიდოდა, ჩემი გაკეთებული მაინც ჩემი გაკეთებული იქნებოდა. პიესა ჩემი სუსტი წერტილია, უზარმაზარ პოტენციალს ვგრძნობ, მაგრამ ჯერ ვერ შემიბედია სერიოზულად. ერთხელ პანტომიმის თეატრისთვის დავწერე, მაგრამ რომ მომკლა, არ ვიცი, სადაა.

კინოც ცხოვრების გზამ მოიტანა შემთხვევით. დათო ნაცვლიშვილი ფილმს იღებდა და ლაურა რეხვიაშვილს უნდა ეთამაშა, მაგრამ ფეხმძიმედ იყო და კანდიდატურას ეძებდნენ. ამ დროსნატვრისთვალში“ ჩემი ფოტოები დაიბეჭდა, ვოგის“ კონკურსის გამარჯვებულ ხუთეულში გავედი. ლაურას აუღია გაზეთი და დათოსთვის უჩვენებია, აი, ამან ითამაშოსო. მიმიწვიეს სინჯებზე და დამმტკიცეს. ომისწინა პერიოდი იყო, გაძნელდა ფილმის გადაღება. მაინც დავამთავრეთ და საქართველოსთის ტრაგიკულ დღეს, სოხუმის დაცემის დღეს შედგა პრემიერა „ამირანში“. გლოვის ნიშნად სცენაზე არავინ ასულა. მდუმარედ ჩაიარა ყველაფერმა. მოგვიანებით „ლეონარდომ“ მონპელიეში გრან-პრი აიღო. საპრემიერო ჩვენებაც იყო საზღვარგარეთ და ლამაზი სიზმარივით მახსოვს ეს დრო“.

მისთვის იდეალური სამუშაო პირობებია, როცა სუფთა, ლამაზი გარემოა და ყველა სახლშია ან იქ, სადაც სიმშვიდე და სიკეთეა. მაკა მიქელაძე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი დიდი მაინც „ავანსით“ იქმნება და ეკონომიკური პრობლემები მწერალს მხოლოდ ხელს უშლის.

„მახსოვს, შვედეთში შემოქმედთა კუნძულზე წაგვიყვანეს. აოცარი სიჩუმე და ადამიანებზე მორგებული გარემო იყო. ყველას ჰქონდა საშუალება ფიზიკური განმუხტვის, ცხოველებთან ურთიერთობის, ბაღსა და ბოსტანში შრომის, ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში მუშაობის; სამ დღე დასვენებული ჩამოვედი, თუმცა ყოველდღე 9-10 საათს ვმუშაობდით. საუკეთესო მოგონებად დამრჩა შვედეთის ვორკშოპის დღეები.

ადრე სულ საავტორო წიგნების გამოცემის სურვილი მიჩნდებოდა: ხან ფოტოებით, ხან ესკიზებით, ხან ნახატებით ან აპლიკაციებით. მიმქონდა ეს პროექტები და იწუნებდნენ: ხან ძვირიაო, ხან - ახლა ეს ჩვენი კონცეფცია არ არისო. არადა, ცოტა გამოდის საავტორო წიგნები. ამასწინათ საბავშვო ლექსების წიგნი შეუდარებელი მიზეზით დაიწუნეს: ლექსები გრძელიაო. „შევაქე“, საქართველოში ჯერ ლექსი ზომით, კუპლეტების რაოდენობით არავის დაუწუნებია და აი, ეს მესმის-მეთქი. გაოგნებული წამოვედი რედაქციიდან. ვიღაც უნდა იყოს, ვისაც შენი სჯერა და გაფინანსებს. ძნელია, ისე ეკვეთო დიდ პროექტს.

ღამით წერა უყვარს, თუმცა საბავშვო ლექსებს და მოთხრობებს უფრო დილით წერს. ლექსებს კი შთაბეჭდილებებით დაღლილი, გადავსებული წერს ან როცა ძალიან უჭირს. ამბობს, რომ მისი ცხოვრება პერიოდებად არ იყოფა და ეს ერთიანად მისი ცხოვრებაა. თუმცა ახალი წიგნის წაკითხვის და რაღაცის გადაფასების შემდეგ  შეიძლება, ახალი ეტაპი დაეწყოს, და საბოლოოდ, ეს ეტაპები ყოფისგან გამიჯნულია ხოლმე.

„ყოფა თითქმის ყველას ერთნაირად ეცვლება, შინაგანი სამყარო კი სხვადასხვანაირად. შოვნაა - შოულობენ, ომია - ომობენ, დეპრესიაა - ფრუსტრირებულნი დადიან. გარემო ყველაზე ახდენს გავლენას. წიგნი კი იმ კონკრეტულ ადამიანს ცვლის, რომელიც მას კითხულობს. მე მარკესის, ბორხესის და ეგზისტენციალისტების მოყვარული მკითხველი ვარ. გზაზე რომ ერ კაცი მიდიოდა, ის მიყვარს. ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ მკითხველს კარგად მოყოლილი ამბავიც მოენატრა: ისტორია, მართლა ლიტერატურულად მოთხრობილი და არა ტელესერიალურად. ზურაბ აბაშიძის ნათარგმნი იოზეფ როთი წავიკითხე და კიდევ ერთხელ გამახსენდა, რას ნიშნავს მართლა დიდი მოთხრობა. მისიწონა ცდომილი“ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში შესატანია. ალბათ, არც არაფერი დაწერილა რამე უფრო დიდი ადამიანის შინაგან და გამოვლენილ სინდისზე.

აი, ახალი ეტაპიც დამიდგა. მსურს, რამე უმნიშვნელო ისტორია გამართულად მოვყვე და რამე იმაზე მეტი ვთქვა, ვიდრევინმეს“ უთქვამს. ძნელი ამოცანაა, მაგრამ ვარჯიშად ღირს. შრომაც სწორედ ეს არის: იმუშაო ნებისმიერ სიტუაციაში და თუ არ გინდა წერო „მოთხოვნადი“, მაშინ უნდა შეძლო და წერო „ორიგინალი“. ახალი რომანი წამოვიწყე. ყველაფერი მოფიქრებულია, მაგრამ რომ გაჯიქდა, ძვრა ვერ ვუყავი. თავი დავანებე. მივუბრუნდები, მაგრამ არ ვიცი, როდის და რას „იტყვის ახალს“. მანამდე ხან მოთხრობებს მაწერინებს, ხან ილუსტრაციებს მახატინებს, ხან ბრძნულ აზრებს ვაფრქვევ ფეისბუკზე, მაგრამ ამ არასამუშაო პირობებში ლაზათიანად ვერ მივუბრუნდი და ვერ მოვაკვარახჭინე. „ავტორიზაცია“ ჰქვია და პრინციპში, სასიყვარულო რომანია. არის ჯერ ასე, გამოკიდებული ცასა და დედამიწას შორის.

გმირებს და სიუჟეტს არ „ვემორჩილები“, არ დამათრევენ თავიანთ ნებაზე. რაღაცნაირად მოთხრობა ან რომანი თავისთავად მეხსნება თავში, სრულად. ეს ბოლო რომანიც ერთიანად დავინახე და წყალივით გარაკრაკდა. ახლაც ზუსტად ვიცი, სად რა უნდა მოხდეს, მაგრამ რაღაც გაუგებრობას შევეჩეხე და აღარ დაიძრა. ახლა ვფიქრობ, მომწვანილებული და მოფიქრებული რომ იყო, ამიტომ ხომ არ გაოჩნდა ვირივით. თუმცა, ბოლო-ბოლო ყველა ვირს ბეზრდება დგომა და მიდის. მიდის იქ, სადაც მიდიოდა და პატრონი ეგულება. ვთვლი, რომ სხვათა ემოციებს, შიშებს, ამბიციას და შურს კარგა მაგრად შეუძლია შეუშალოს ხელი ავტორის ჩანაფიქრს. და კიდევ - კონიუნქტურამაც და, ასე ვთქვათ, პრიორიტეტულმა მიმართულებებმაც“.

ჯერ კიდევ პანდემიამდე უმუშევარი დარჩა. იმედი ჰქონდა, რომ სამსახურს იშოვიდა, მაგრამ არაფერი გამოჩნდა. სწორედ ამ დროს „ოკრო-ბოკროც“ გამოვიდა. ამ ამბავმა გაახალისა და რედაქციებს ახალი პროექტებით „შეუტია“, თუმცა ამ ამბავს კორონავირუსიც წამოეწია და ყველაფერი შეიცვალა: აღარც დიდი ღონისძიებები, აღარც პროექტები, აღარც სპექტაკლები, აღარც გამოფენები. „სამედიცინო გამოსვლები“ არ უყვარს, მაგრამ ახლა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად რეგულაციების დაცვა მიაჩნია. იზოლაციამ, გუნება-განწყობის დაწევამ, არასრულმა სასიცოცხლო რიტმმა ნამდვილად იმოქმედა ჩემზე, მაგრამ ახალი ინტერესებიც გამიჩნდაო, ამბობს.

„უცნაურია, მაგრამ ამ კორონავირუსობის ეტაპზე ჩემთვის ვხატავ. საკუთარ თავს თვითნასწავლი მხატვარი შევარქვი. ახალ პროფესიად არ ვთვლი, მაგრამ საოცრად მღლის და თან მასვენებს ერთდროულად, მომწონს. მეგობრებს და უცნობ ადამიანებს ვჩუქნი ჩემს ნახატებს და მათ რომ უხარიათ, მეც კარგ ხასიათზე ვდგები.

საქართველოში ამ პანდემიას საინტერესო პროტესტი გამოუცხადეს: ყველა წერს, ხატავს, ფოტოებს იღებს და მღერის. მე ფილმებს ვუყურებ, ვხატავ, სურათებს ვიღებ, საყვარელ ადამიანებს ვურეკავ, მეგობრებს ვხვდები, ქალაქგარეთაც გავდივარ და ძაღლსაც ვასეირნებ. ჯერჯერობით იშვითად ვწერ, მერე ვკარგავ ამ ლექსებს, მერე ისევ ვპოულობ, მერე ისევ ვკარგავ, ვეძებ, ვპოულობ. ვირუსი ისეთი გამოწვევაა, მობილიზებული უნდა დახვდე. მე კი განუწყვეტლივ მაკლია კონცენტრაცია, სახსრები ახალი პროექტებისთვის და ჩემი პრობლემების გადაჭრით დაინტერესებული ადამიანები.

ადრეც იყო რთული დრო. ომი ბუნდოვნად მახსოვს: სიბნელე, ძაღლები, აქა-იქ სროლა, რიგები და სამსახურში ჩართულიპლიტა“, რომელზეც გაყინულ ხელებს ვითბობდიდედასთან ექიმები დამყავდა, ავად იყო... არაფრის შემსყიდველი კუპონები და მაინც დიდი სიხარული, ხელფასის დღეს სახლში პური რომ მიმქონდა. სინათლე უგრაფიკოდ რომ მოგვცეს, მეგონა, კაცობრიობა იხსნეს. სხვა ბევრი რამეც იყო. არ მინდა, გავიხსენო. ისედაც ყველამ იცის, რომ ცხოვრება განსაცდელთა კასკადია და მათ შორის, არც ისე ბევრია სასიამოვნო. ტკივილი ტკივილს მოჰყვა... და აინც, ცხოვრება მიდიოდა და ჩვენც რაღაცას ვცდილობდით. მაშინ საერთოდ ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ დაგვატყდებოდა თავს - პანდემია...“

ამბობს, რომ არასდროს ულხინდა და ბევრიც არასდროს ჰქონია. 16 წლის ასაკიდან სანიტრად მუშაობდა. სულ სჭირდებოდა დამატებითი შემოსავლის ძიება. ასე გაჩნდა მის ცხოვრებაში სხვადასხვა პროფილის კლინიკები, რედაქციები, ჟურნალისტიკა, სამოდელო სააგენტო, კინო, საბავშვო ლიტერატურა... და კიდევ იყო ოჯახი და მეგობრები - ერთად დგომით რომ გადააგორეს წლებიც და ერთმანეთიც რომ გადაარჩინეს. 

„მამა ბოტანიკის ინსტიტუტში, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში მუშაობდა. ბიოლოგიას, ბოტანიკას და ეკოლოგიას ასწავლიდა. უამრავი სტუდენტი გამოზარდა და ყველას უყვარდა. სტუდენტები დღესაც ზეპირად ახსოვს და დღესაც ყოჩაღად უგებს ყველას ჭადრაკს. დედამ სუბტროპიკების ინსტიტუტი დაამთავრა, ერთხანს ისიც მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში და მერე ოჯახს შესწირა თავი. დიასახლისი იყო და სტუდენტებს ამზადებდა. მხიარული, ძალიან ლამაზი და პრანჭია ქალი იყო, ადრე წავიდა იმქვეყნად და ძალიან დამაკლდა. რომ არა ერთი შემთხვევა, ალბათ, სხვანაირად წავიდოდა ყველაფერი. მამას ავარია მოუვიდა და კათედრის გამგის ქალიშვილისგან უეცრად ნაციხარის ქალიშვილად გადავიქეცი!.. არ იყო იოლი მეტამორფოზა.

ვალები რომ ჰქონდა მთელ საქართველოს, მეც ვალებში გადავვარდი. ჩემმა ლიტერატორმა მეგობრებმა მიხსნეს. ჯერ გიორგი ბუნდოვანი აბობოქრდა, მერე ყველამ აიტაცა. დიდი ღონისძიება მომიწყვეს გადასარჩენად. „ერთადერთი ერთი ლექსი შენთვის“ - ასე ერქვა ღონისძიებას, სადაც ჩემი ლექსები, ფოტოები და ნახატები გავყიდეთ. შემოსული თანხით ვალი დავფარე და ამ უბედურებისგან გამოვძვერი. ახლაც ძალიან მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც უსახლკარობისგან გადამარჩინეს.

ძმა მყავს - ადრე ცნობილი მსახიობი, ახლა კი ოჯახის მამა და ემიგრანტია. ემიგრაციაშიც მიიქცია ყურადღება, როგორც მსახიობმა, მაგრამ ყოფამ თავისი გაიტანა და ახლა მედგრად ებრძვის ეკონომიკურ კრიზისებს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ. ძალიან კარგი დრო იყო ჩემი გოგონების ბავშვობა. ახლა გაჭირდა: დიდები და დამოუკიდებლები გახდნენ და, ასე ვთქვათ,აღარ ვჭირდები“, ეს კი ძნელია. წესით, ახლა მეტს უნდვწერდე, მაგრამ ყველაზე მეტი მაშინ ვწერე, როცა პატარები იყვნენ და უამრავი საქმე მქონდა. კარგები მყვანან. ანეკონომისტია, ელენე ფსიქოლოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტში და ილიაუნიში სწავლობენ. სულ დაკავებული არიან. ვიღასახსოვს“ დედა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახლა უმუშევარი ვარ და ცივ ნიავს არ მაკარებენ, ისე მივლიან“.

თავის ტექსტებს ჟანრების მიხედვით არ ყოფს, არა აქვს აკრძალული თემა და ტრაგედია, რომელზეც სადღაც მაინც არ გააღიმებს მკითხველს. ამ მხრივქართულიც“ ვარ და ნიუანსური, ოდნავ ბუნდოვანი თხრობით და მოულოდნელობებით დასავლურიცო“. და კიდევ, სულ ექსპერიმენტებს ატარებს, სულ ახალ ფორმებს და შესაძლებლობებს ქმნის თავისთვისაც და მკითხველისთვისაც. ასე „გაკეთდა“ „იხვის ტოლმა“, ასე დარიგდა ფურცელ-ფურცელ „ბარათები“, ასე აღმოჩნდა „სურათის“ ყდაზე მისი ნუდისტური ფოტო.

„სურათი“ რჩეულია. მასში რამდენიმე მოთხრობა და რომანი შევიდა. რომანის დაბეჭდვას არ დაადგა საშველი და სწორედ ამ დროს გამომცემლობა „პალიტრა L“-ში „ახალი ქართული ლიტერატურის“ სერიულ გამოცემას შეუდგნენ. ასე ამოყო თავი ჩემმა რომანმა პირდაპირ რჩეულში. გარეკანი პაატა ნაცვლიშვილის ფოტოებით გავაფორმეთ. დიდი ხნის წინ გადამიღო, ფეხმძიმე რომ ვიყავი, მეცხრე თვეში. კატაკლიზმები ხომ შიშველს და უსუსურს გტოვებენ ყოველდღიურობასთან, მაგრამ იმედიანად და მომლოდინეს. რომანში ერთ-ერთ გმირს ძალიან უნდა, რომ შვილი ჰყავდეს. ამიტომ ურჩიეთ ესსკანდალური“ ფოტოები და დიდხანს ინტრიგადინახავდით ფოტოგრაფის სახელს, სანამ პაატამ თვითონ არ მოაწერა ხელი თავის ნამუშევრებს ერთ მშვენიერ ლიტერატურულ საღამოზე. „სურათს“ ერთი-ორი კარგი რეცენზია მოჰყვა, მაგრამ აქცენტი მაინც გაფორმებაზე გაკეთდა და რომანი თითქოს „ჩაიკარგა“.

„ბარათი“ ტანკების კრებულია. ამ ტანკებში მარცვლების რაოდენობა ზუსტად ემთხვევა იაპონური ტანკის კლასიკურ ზომას. კრებულიდან ფურცლები ადვილად იხეოდა და ბარათებად ვჩუქნიდი ლექსებს ადამიანებს პოეზიის საღამოებზე, ქუჩაში, მეტროში... ამ წიგნთან ერთადრვეული“ გამოვიდა. ჩვენდროინდელ თორმეტფურცლიან რვეულს ჰგავდა. „საბას“ ნომინანტი იყო, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. ასე რომ, არ მაქვს პოეზიაშისაბა“.

ერთ დღეს ბესო ხვედელიძემ მომიტანა მის მიერ დაწერილი რომანის ნაწილი, რამე უქენიო, მითხრა და წავიდა. და თვალიც აღარ მომიკრავს ტექსტის დასრულებამდე მისთვის. ვურეკავდი, ვეკითხებოდი: აქ რა ვქნათ, იქ რა ვქნათ... გაგიგონია? არასდროს ეცალა. ბოლოს, როცა ავაწყვე და მოვამთავრე, ერთი დღე ვისხედით და შევაჯერეთ. ეს იყო ჩვენი თანამშრომლობა. მერე, კი, იცოცხლე, რედაქციებში გზა უპოვა, ბოლო წუთებამდე თავზე ადგა რედაქტორებს და დამკაბადონებლებს. ასე გაჩნდა „იხვის ტოლმა“.

ამბობს, რომ ლიტერატურული პროცესი ერთგვარი „ბაღია“: მოიწევ მოსავალს და მერე უნდა დააბინაო. საჭიროა ადამიანი, რომელიც ამ მოსავალს მომგებიანად გაიტანს სხვადასხვა ბაზარზე, ადგილობრივზე თუ საზღვარგარეთ; რომელიც გადაწყვეტს, ეს კონკრეტული ტექსტი აუდიოწიგნია თუ რადიოშია წასაკითხი, პრემიაზე წარსადგენია თუ თაროზე შემოსადები მომავალი წლისთვის თუ ზამთრის იოლად გადასატანად გამოდგება. ადამიანი, რომელიც დააჯერებს კინოს თუ თეატრის რეჟისორს, რომ ამ ტექსტით იდეალური კინო ან სპექტაკლი გამოვა. საერთოდ კი, მაკა მიქელაძის თქმით, ლიტერატურული პროცესის ცვლილებას უკეთესი დრო, ფინანსები და „კრიტიკული“ და, ამავე დროს „არაძალადობრივი“ გარემო სჭირდება.

„აღმოჩნდა, რომ მართლაც რთული პროფესიები მაქვს, ადამიანების ბედ-იღბლის გადამწყვეტი. როგორც ყველა ყოფილმა საბჭოელმა, ვიცით, რომ არსებობდნენ როგორც მწერლობის, ისე ფსიქიატრიის მაკონტროლებლები. ყველას გაგვიგია ძალმომრეობის მსხვერპლთა სახელები, გამქრალი და გადასახლებულები ადამიანები. თუმცა ეს რაღაცნაირად ტაბუდადებული ველებია ჩემთვის, რადგან რეალურად არსად გადავყრილვარ, ასე ვთქვათ, „პრივილეგირებულ“ კოლეგებს. დღემდე პროგრესული სამყარო იბრძვის პირადი სივრცის დაუცველობის წინააღმდეგ. სისტემა ინდივიდუალიზმს როგორც ჩაგრავდა, ჯერ ისევ ისე ჩაგრავს. საშიშია და ძნელიცაა, წინ აღუდგე ბევრს, შეიარაღებულს, ძალის მქონეს“.

ეშინია ყველაფრის და... არაფრისაც არ ეშინია. ცხოვრებაში უამრავი რამაა მართლა საშიში, განსაკუთრებით ახლა. თუმცა ისიც ზუსტად იცის, რომ შიშს აყოლილი ვერაფერს გააკეთებს, ავად გახდება. ყველაზე დიდი შიში კი ისევ მწერლისაა: ისე არ შეეშინდეს, რომ აღარ დაწეროს. მთავარია, ეს არ მოხდეს. თორემ ზოგჯერ შეიძლება ძალა არ გეყოს, ცხოვრების შიშებიდან რამე გამოაცხო და ამ დროს აუცილებელია, თავი სხვა საქმეებს და სამყაროს შეაფარო. და იმაზე წერო, რაც გამოგიცდია, რაც გისწავლია და რაც ყველაზე უკეთ გამოგსვლია და ამას შეგიძლია ოპტიმიზმიც დაარქვა, „გამოჯანმრთელებაც“ და „გამოსვლაც“.

„თითქოს თავისუფლებაზე ჯერ არაფერი დამიწერია. აი, რაღაც გამოსავალსა და დაცულობაზე - კი. ის, რაც არ განგიცდია, ძნელი აღსაწერია. აბა, სად თავისუფლება და სად „გამოსვლა“. თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა, გამოსვლა კი სიტუაციის ცვლა, ასე ვთქვათ, ძველი ხიდების დაწვა. იქ, სადაც თავისუფლება არ არის, ყოველთვის მორგებაა და რადგან დედამიწაზე თავისუფლება არ არის, გაქცევას რეალობაში თავისუფალი სტილით ცურვა სჯობს.

პროფესიიდან გამომდინარე, სულ თავზეხელაღებულებთან მომიწია ყოფნა და ამან გარკვეულწილად ჩემი პროზის სიმძიმე და ძნელი ველები განსაზღვრა. მართალია, აღარ ვმუშაობ, მაგრამ მაინც მიზიდავს რთული ბედ-იღბლის და დამახინჯებული მენტალიტეტის შესწავლა, აღწერა. ბოლო რომანის ძირითადი თემა სამართლის ძალმოსილება და უსუსურობა იყო. ეტყობა, სწორედ ამ არჩევანმა გაჭედა რომანი. არსად არცერთი ნაწყვეტი არ დამიბეჭდეს და სულ ტყუილად. რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ჰო, ცოტა თერაპიული მოთხრობები მართლაც გამომდის ძალაუნებურად. ოპტიმიზმსაც იშვიათად ვკარგავ. ყველაზე მუქი ჟამის მოთხრობებშიც კი მოიძებნება რაღაც ნათელი.

დიდი ფუფუნებაა და თავისუფლებაც, რომ არავის ზეგავლენის ქვეშ არ მოექცე, ბრბოს აზრი არ გაითვალისწინო. ეს ძალიან ძნელია და „დასჯადი“. არსებობენ ისეთი „თავმდგმურები“, რომლებიც სიტყვის შებრუნებასაც ვერ იტანენ და რასაც ჩაგძახებენ, ის უნდა ამოსძახო. ასეთ ამომძახებელ ადამიანს კომფორტულს ეძახიან, მე კი ამით არასდროს გამოვირჩეოდი - გამორჩეული ვარ არაკომფორტული ყოფით. აი, კუსტურიცამ დატოვა სამშობლო, მე კი, ამდენი კატაკლიზმის მიუხედავად, აქ ვარ. რატომ? კი, თავისუფალ სამყაროში ცხოვრება სჯობს. თუმცა ჯერ არ მომხდარა, რომ აქ ვინმე არ ყოფილიყო ჩემზე დამოკიდებული: დედა, შვილი, ახლობელი. ალბათ, მათ ეკონომიკურად და წარმატებებით უფრო გაძლიერებული ვჭირდებოდი. ახლა ვფიქრობ, წასვლა ხომ არ სჯობდა. თუმცა არაფერს ვნანობ. მრავალზე მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყავი და ვარ“.

„- ეჰ, გრანდ! - მე ისევ კუსტურიცაზე ვფიქრობდი. გაქცევა სულ გვინდა, სულ... ოღონდ ოდესმე ჩემი ქვეყნის მუსიკას მოგასმენინებ... და როცა ის შენს სულში აჟღერდება, აღარ მკითხო, რატომ არ ჩავხტი ნავში თავისუფლების შესახვედრად..." – „მე და ჩემი კუსტურიცა“.

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE