სუპერძალა


სუპერძალა




სუპერძალა

 

წერა სუპერძალა მეგონა

და შევწყვიტე.

ვიფიქრე:

ყველაზე ძალიან რომ გამიჭირდება, მაშინ დავწერ,

მანამდე ჩემით გავიტან თავს.

არაა შენახვა ჩემი სტილი,

ანაბარიც არასოდეს გამიხსნია ბანკში.

მარტო ეს შევინახე შავი დღისთვის.

როგორც:

წყლის სუნთქვა!

მეოთხე სტილი!

ცეცხლი!

დემონებთან მებრძოლი ანიმეს გმირივით.

დამჭირდა ახლა და

გამოვიხმე,

მაგრამ

დაწერისთანავე

ქროლდება.

ეტყობა, ვადა გაუვიდა,

როგორც - იარაღის შენახვის უფლებას...

ესეც - შავი დღე,

როცა შენი სუპერძალა

მოსახმარად კი არა,

შესანახადაც საშიშია -  

ერთი ნაბიჯი სასჯელამდე....

 

 

***

 

ვინც შევიყვარე, ყველა მოკვდა.

ზოგი ისე, რომ ვერც მოვასწარი გამხელა.

სანამ დანარჩენებიც დაიხოცებოდნენ,

დავიწყე ყვირილი - მიყვარხარ! მიყვარხარ!

ყველა იმ ენაზე, რომელზეც შევძელი.

 

ვფიქრობდი:

იქნებ ესაა ვაქცინა.  

 

დავთვალე მათი წასვლით მოყენებული ზარალი

საბუღალტრო პროგრამაში,

ისე, როგორც სეტყვის ანდა

მიწისძვრების მერე ითვლიან  -

საოცარია - არც ისე დიდია....

ისევ მიყვარს. ვდგავარ. თენდება.

 

ნიშნავს:

სიყვარულიც პლაცებოა... 

 

 

ორშაბათის ლოცვა

 

ღმერთო, ამ ცხოვრებაში

ერთხელ ხომ მაინც უნდა გავხდე მილიარდერი -

ხომ ისედაც გადაწყვეტილი გვაქვს მე და შენ და

რატომ ველოდოთ სხვა დროს:

მომეცი ბარემ და

დღესვე, ახლავე

ჩამოვურიგებ, ვისთანაც ვალში ვარ

დიდად, მცირედით, უმნიშვნელოდ - ასჯერ და ათასჯერ მეტს;

ზოგი ვერც გამიხსენებს და დაიწყებს მოკითხვას -

ვინაა ეს ნანა აკობიძე, მე რატომ მიგზავნის...

ზოგი შემომითვლის:

უიმე, ამდენი რატომ - სხვას მიეცი, ვისაც უფრო სჭირდება;

ზოგიც არაფერს შემომითვლის, მაგრამ გაიფიქრებს:

ამდენი თუ გქონდა,

ცოტა მეტი მოგეცა, შე კაი ქალო;

 

მარტო დედაჩემი მეტყვის:

„ხომ იცი, სადაც იქნება შენახული“...  

 

 

გრამაფონშია

 

ჩვენ ვეძებდით გრამაფონს,

რომელიც მე კინოში მენახა,

შენ კი - არაერთხელ.

მაგრამ დაგავიწყდა მისი არსებობა და მე გაგახსენე.

ვეძებდით გრამაფონს,

ვამბობდით ჩვენს ფასს და გვპასუხობდნენ, რომ ამ ფასად - გრამაფონშია.

გავიწყდებოდა, რად მინდოდა და

გახსენებდი, რომ

საჩუქრად მინდოდა

20 წლის გოგოსთვის.

უცხოსთვის, ცოტათი ჩემნაირისთვის,

რომელიც დარდობდა,

რა ეშველებოდა, ოცდახუთ წლამდე პირველ მილიონს თუ ვერ იშოვიდა.

მერე ხომ ბებერი იქნებოდა.

ჩვენ უკვე ბებრებიც ვიყავით და

მილიონად  კი არა,

გახვრეტილ გროშად გვყავდა ერთმანეთი ნაშოვნი.

ამიტომ ვუშვებდით ხელს ერთმანეთს ადვილად: 

იაფი იყო ჩვენი ერთად ყოფნა.

ძვირი იყო გრამაფონი. 

 

 

 

შინმოუსვლელი ამბები

 

არიან ამბები:

სდექ, მაღალი ძაბვაა,  

შეეხები: დაგამიწებენ.

არიან ამბები:

აქ შესვლა აკრძალულია -

უკან დაბრუნება გაგიჭირდება.

არიან: მოწევა აკრძალულია და ეწევი...

ნებადართული აკრძალვები

და აკრძალული ნებართვები

გამოუგონებელი ამბების:

არ უნდა გამოჩხრიკო,

სული არ უნდა შეუბერო,

არ უნდა აანთო...

ამბები,

რომლებიდანაც ვერ დაბრუნდები...

 

 

წინაპარი

 

რაღაცნაირი სახელია ეს დიანოზი -

ლოცვისმაგვარი, გალობასავით, თუ ეკლესიის ზარისხმასავით...

ბებიაჩემი: „ღმერთო, როგორ ჰგავხარ დიანოზს“.

 

შინმოუსვლელი მაზლი იყო - სამჯერ ნანახი. 

ვისგანაც დარჩა: ერთი ბარათი, ორი სიტყვა, სამი წერტილი...

მე დავემსგავსე: კაცს, რომელიც ომში დაკარგეს.

 

ანდა, რა გახდა ერთი ფოტო ომამდე, ომშიც...

რომ მეც მენახა, რა მსგავსებას ხედავდა ასეთს ბებიაჩემი,

რომ ერთდროულად ეძახოდა ღმერთს და დიანოზს... 

 

რას უშველიდა ან ერთი და ანდა მეორე.

ერთი ამ დრომდე არ იციან, არის თუ არა,

მეორე კი არსად არ არის -

ასე არსადმყოფ, უსაფლავო კაცს დამამსგავსეს...

 

 

***

ეს ბესიკი, ხარანაული,

რაღაცით ჩიტს ჰგავს:

შემოჯდება შენს ღობეზე და

თან არის, თან - არ არის.

 

გახედავ - კაცია და

სანამ მუხლებზე კაბას ჩამოიწევ,

გულისპირზე ხელს შეივლებ,

სადღაა -

 

ფრთების სწორებით და

ჩიჩახვზე ნისკარტის წმენდით გართული

ჩიტი ზის ღობეზე.

 

გაწბილებული მოისვამ ხელებს თეძოებზე,

მხრებზე - მოისინჯავ, ხომ ყველაფერი ადგილზე გაქვს,

იმ ჩიტკაცამ ხელს რაიმე ხომ არ გააყოლა. ...

 

გაიხედავ და ისევ კაცია..

გამოიხედავ და ისევ - ჩიტი...

 

ამასობაში შეიძლება ჩამოღამდეს,

თუ რამე არ იღონე,

თუ ხელი ჯოხს არ წამოავლე და

გამწარებულ-გაწბილებულმა, არ მოუქნიე...

 

მთავარია, ხელი არ მოგიხვდეს,

თორემ იმ ხელით ცომს ვეღარ მოზელ:

გაშლილ ხელისგულზე მეტაფორები ამოგივა,

როგორც - საფლავზე მრავალძარღვები,

და იმ სიცოცხლეზე ცეცხლივით მოგედება,

რომელიც თან არის, თან - არ არის...

 

 

ქალის სიკვდილი

 

დაკრძალვა კვირას.

როგორც ახალშობილის შინ მოყვანისას -

ქვეყნის რამეა მოსასწრები. 

ბავშვისთვის ცხრა თვე აქვთ,    

ამისთვის - ორი კვირა, ისიც - რეანიმაციის კართან.

ხელმოწერა დოკუმენტებზე. პრეტენზია ხომ არ გაქვთ?

თქვენთან არა, პრეტენზია - ღმერთთან.

ღმერთი, ეტყობა, ამ დროს სამხრობს.

„ყვავილები არ დამანახოთ - პომადები მომიტანეთ, წითელი.“

სიცოცხლეში მასხრადაგდებული, დღეს უკვე - ანდერძი.

ყველაფერი გვარდება. კაცები აგვარებენ.

კაცები მარჯვეები არიან სიკვდილის საქმეებში.

ქალებმა მარტო ტირილი და ჩაცმა იციან.

პრობლემა აქვთ ქალებს:

არ შეიძლება, მკვდარს სხვისი ტანსაცმელი ჩააცვა.

ამას კიდევ ყველაფერი შვილის ნაქონი აქვს, და შვილიშვილის.

შვილი შორსაა - სხვა ახალ სამშობლოში,

სადაც ნათესავები კი არა, ბიუროები კრძალავენ;

შვილებს მხოლოდ დასწრება ევალებათ, ისიც - თუ შეძლეს.

რძალი ამბობს: მე ვუყიდი კაბებს.

ახალი ჩავაცვათ, იქაც გავატანოთ რამდენიმე.

მაღაზიაში: მოგიხდებათ, ქალბატონო.

არა, ჩემთვის არ მინდა, სხვისთვის მინდა;

ეგ არ მოეწონებოდა.

ეს ნახეთ. არც ეს - არ უყვარდა ფირუზისფერი;

შავ-თეთრი უყვარდა - შავ-თეთრად იცხოვრა თვითონაც. 

ბოდიში, ვერ გავიგე.

მოეწონებოდა, ეს ნამდვილად მოეწონებოდა - ამბობს ყველა.

თვითონ სურათიდან იყურება - რძლებს დასცინის;

რომ მიმასვენებდნენ, თქვენ მაინც გაჯობებთო - გუნებაში ფიქრობს.

რძლები ამბობენ: გვაჯობაო,

მართლა გვაჯობა და ფეხისწვერებზე გვატრიალებსო.

ახლა ის გოგოა საჭირო - გუშინ რომ გამოჰყვა პროზექტურიდან,

მკვდრების ჩამცმელ-დამხურავი გოგო;

მარჯვედ უდებს ხელებს მხრებში -

ასწიე, ქალო, ხელები - უბრძანებს -

ასწიე, ჩემი ჭკვიანი გოგო.

ახლა ფეხზე - არ გამიგია მე მკვდარზე ამხელა ქუსლიანი! - ბრაზობს.

იცით, მაღლები უყვარდა ძალიან.

იქ ყველა დაბლებზე დადის, ქალბატონო!

გოგო ჯმუხია და დაბალი, დაბლებზე აცვია.

მეორე დღეს ისევ იბარებენ მკვდრების გოგოს.

გუშინ ხომ ჩავაცვი?! - კითხულობს გაოცებულ-გაბრაზებული;  

დაცხა და გავხადეთ - უხსნის ძმისშვილი;

იცინიან. ყველა იცინის.

სიკვდილი აგერაა და მაინც იცინიან.

ასეც იცის სიკვდილმა -

ისეთ დროს გაგაცინებს, გული რომ გაქვს გასკდომაზე

და გადაგარჩენს, 

იმიტომ, რომ დღეს შენ არ უნდიხარ -

დღეს შენზე ლამაზი, კარგადშენახული ქალი უწევს გვერდით. 

 

 

 

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE