ყიყლიყო


ყიყლიყო




(სურათების ალბომი განსხვავებულთა მოყვარულთათვის)

 

და როცა... (არ შეიძლება დაიწყო მოთხრობა სიტყვით „როცა“...) ის, მთავარი გმირი, პოპკორნის გორაზე ჩაიკეცა, მოკლე წითელი კოსტიუმი აეკეცა და შავი ლოკონები მიმოფანტა თეთრად აფუტკნულ-დაბერილი სიმინდის გროვაზე, ბუნდოვნად აიფერადა აფრენილმა შავფეხება მამალმა, აიწია, აიზიდა და გამარჯვების ყიყლიყო შეაგება ცისფერ ცას, რომელიც სტადიონის ხავილს ავსებდა... აქაოდა, ფერების ნაკლებობააო... ის დავარდა სამუდამოდ, მამალი აფრინდა და ქალი მოკვდა. (სურათი პირველი და ბოლო.)

 

ბავშვობაში კუპრისფერი ლოკონები როდი ჰქონდა, ცისფერი სკლერები და ვარდისფერობანი... ღაწვებზე, ტუჩებზე... სახლიდან გავარდნა უყვარდა ხალხმრავალებში. შუშაბანდ-პარმაღებიანი ქალაქი - შინდისა და ხის მშვიდფერი - ერთადერთ ადგილას იკრიბებოდა. წრეთა სასახლის ალუბლის ბაღში... წრეები ბევრი იყო - რელიგიათმცოდნეობის, ასტრონავტთა, ორთაბრძოლების, ეროვნულ საკრავთა, ოჯახის საქმის, ოფისმენეჯერის, სინქრონული თარგმნისა სანსკრიტიდან... ჰო, კინაღამ გამომრჩა წრე კეთილ მარჯვენათა, ყოვლისშემძლეთა, წრე „ფერმა“, ყველაზე მოთხოვნადი... ბავშვი ოღონდ და ბიბლიოთეკაში გაგეგზავნა, ჭრელ ჟურნალებთან, ოღონდ და მოღვაწეობის საფუძველი მიგეცა... არის ხანები ბედნიერი და ბავშვობანი სრულნი თავისი ცდუნებანით. მას ყველაფერი ეს ჰქონდა. და როცა... (ნუ, არ შეიძლება მთავარი დაიწყო სიტყვით „როცა“) ალუბლის ბაღი აყვავდებოდა... ვარდისფერ ყვავილთა ფენაში მისი, მთავარი გმირის, ველოსიპედიც შესრიალდებოდა... ლაი-ლაი-ლაი, ლა-ლა-ლა და ერთხელაც, ორი ორთამბრძოლელი ერთმანეთს შეეხალა. რა?! დიდი ამბავი?! გამოვიდნენ წრიდან და ალუბლის ბაღში შეძიძგილდნენ. ტყუილად ხომ არ დადიოდნენ. ეძგერნენ ერთმანეთს. აბა, დაინახე შინდად დაფერილი სასახლე, ალუბლის ბაღი (ატმისაც)... ყვავილთცვენა და ცოტაც საღამოჟამი... ჰო... ორი ყვინჩილა (დადიოდნენ! რა ვერ გაიგე, ორთაბრძოლებზე დადიოდნენ) ეკვეთა ერთმანეთს, შავი ჯინსების, თეთრფერადი პერანგების და ცხვირყვრიმალთა ფხრეწვა-ლაწანით... ცხვირტუჩისაც. ის ისეთი განყენებული და გაოგნებული უყურებდა თავისი ველოსიპედის სიმაღლიდან ამ ბრძოლას, რომ არც კი გახსენებია - მეომრები ორთაბრძოლათა ტაქტიკის ზემაღალდგომის პრიორიტეტულობისთვის რომ იბრძოდნენ.... გატეხილი ცხვირებიდან ნადენი სისხლი შინდისფერი იყო, ვითარცა... შეხსენება... პერანგებიც მოითუთხნა, როგორც ნიშანდებულნი, მიწაზე გორავდნენ... ის კი, ხალხმრავლობის მოყვარული, ხედავდა, როგორ მოუხდებოდა ამ საზარელ სურათს ფერად ჟურნალთა ამონახევ-ამონაფურცლ-ამონარიდნი. საღამოც დადგა. მთვარეც კი უფრო ავი იყო, ვიდრე საღამო... ის ვერცერთთან ვერ მივიდა... ვერც დამარცხებულთან და ვერც გამარჯვებულთან... იდგა, ვით პიერ ბეზუხოვი ომში და გაზაფხულის ჩამონაფურცლებს პირდაფჩენილი ითვლიდა. დარჩა სულში ნალექი ჩამოუყალიბებელ დღეთა... (სურათი მეორის დასასრული.)

 

მაგისტრის ქუდის მისტერია რთულია. ოთხკუთხედია და გხურავს, ვითარცა სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და განათლება-ცოდნა-სწავლანი - ოთხივ კუთხით ურთიერთობათა მაგისტრი გახდა, ეხურა და ებურა თავთ პლიუს-მინუს უსასრულობა. ის ქალი იყო და როგორც ასეთი, უფლის ქმნილება... და როდესაც მზე მიეფარა მთას... ზარმა ბოსისა მისისამ გაიჟღერა, მაუწყებელმა მივლინებისა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა... ცაც კი თეთრი იყო და აეროავტომობილიც და ტრასანი და ავტობანნი ზეციურნი, თვით ვენერაც კი იმ დღეს გაფითრდა. იქ, სხვა პლანეტაზე, თეთრ სტადიონზე, პლიუს-მინუს მამრებით სავსე ამფითეატრში, მამლების, ჰო-ჰო-ჰო, და რა შემთრეველი ორთაბრძოლანი იმართებოდა... რეპორტაჟი მოსთხოვეს ტოლერანტული, კონგრუენტული, არა სექსიზმით, არა ერიზმით და აი, სულაც ძაან დონე რამ კრიალა ფოტოგრაფიებით. ეცვა რა წითელი და შავი, იყო თვითკმარი, პერანგი ლოკოკინებით. ო, სპირალი, საოცარი მარადისობის სიმბოლო. სამყაროს ბიბილო. და აი, ლოკონები... ლოკონები... მისტერია სპირალთა... დაფენილი და დაცული მხრები და მოღიავებული დეკოლტე და საფეთქლები, ამაღლებათა ჩრდილით დაბურული. (მოკლედ, სურათ მესამეში ის სრულ ფორმაში იყო, აჟურში, ვითარცა კლასიკა „შპილკებზე“, ამაყი პერანგი და... რომ არ შეგარცხვენს, ისეთი საათი მაჯის, მაღალმთიანი ევროქვეყნიდან.) აჟურზე გამახსენდა, აეროავტომობილში საუზმეც დონე იყო, სადილიც და ვახშამიც... ერთჯერადი... (რომელიღაც ფერი დამაკლდა) ა, ჰო... ვერცხლისფერი, მოოქროვილი (ერთჯერადი-მეთქი), ლანგარ-ზარხუფ-დანა-ჩანგალ-ჯამფილანი. მოჩუქურთმებულნი... ისიამოვნა. ფიქრობდა, რას მიაწოდებდა დამკვეთს. გზად აერომობილიდან ცხვირსახოცი დაუვარდა. მომონოგრამებული... და ცხვირსახოცი დღესაც კოსმოსის უწონადობაში ელის მას, ვინც პოპკორნის გროვაზე წითელი კოსტიუმით ჩაიკეცა, ვითარცა ფერი, პალიტრიდან დაღვრილი. (სურათი მესამე - შეხსენება, კოსმოსი ისეთი ლურჯიააააა... და ფრენა-ტური ისეთი ამბავიააააა, რომ... ამ სურათის დასასრული.)

 

მიკროფონნი... (ფროიდი განაწყენებული დუმს.) ეს შავი... უმეტესწილად სიმბოლო, სიმბოლო კომუნიკაციისა... ჰო, გემოვნების ამბავია, ზოგს სულაც არ მიაჩნია, რომ ყველა გრძელი... აუუუუჰ! მე მინდოდა მეთქვა, მოლაპარაკე საგანი, ვალდებულია დაგესიოს და გკითხოს... თქვენ მამლებზე რა აზრისა ხართ?! მაგრამ... აი, რომ არ სწყენოდა წაგრძელებათა მეტრს... და არ დადუმებულიყო... მხოლოდღა ამისთვის ვამბობთ. მიკროფონნი (არადა მტრის ჯინაზე წარწერებიანნიც ერივნენ მათ შორის) და ჩამწერნი აპარატნი ზედ სიფრიფანა ტუჩებთან მთავარი გმირისა, კონკურენტუნარიანობას ავლენდნენ შეკითხვით: არადა მაინც, მამლებზე რა აზრისა ხართ? და იქნებ ეს ბრძოლა და ჩანისკარტებანი და სულაც გაპრტყვნა, თქვენ აღგაგზნებთ და სექსუალურად გაქცევთ? არა, ხო მართლა ეროტიულია? და თქვენ იცით, ეს რა ტრადიციული მოდერნია?

- მამლებზე?! - მიიბნიდა ქალი - მამლებზე აზრი მაქვს მდედრობითი, ოღონდ... (დაირცხვინა.)

- ისინი არიან, და არიან სწორედ მამლები!

სხვა აზრი ჰქონდა, არაპოპულარული, თვლიდა რომ ისინი, ანუ მამლები, მამლები ვეღარ იყვნენ, ისინი სუპერმამლობას ცდილობდნენ. (სურათი კი ასეთია: თქვენს თვალწინ ბევრი მიკროფონია, რომელიც გერჩით! სურათი მეოთხის დასასრული.)

 

სურათი მეხუთე: შემოლაგდნენ და ჩალაგდნენ არენაზე ფერები, ჭრელები, ფერადი, ნაირნაირი, გახდილი, მოღეღილი, მოხატული, ჩასვირინგებული, ლუდის ბოთლები დაიტაცეს, ყბები პოპკორნით ამოივსეს, მზესუმზირის პურჭყება წამოიწყეს, თანდათან გაამალეს და უმატეს, ბოლოს ენთუზიაზმით აფურთხეს თავზე ერთმანეთს მზესუმზირის ქეფჩო. გარე წრეზე გამალებული მოძრაობდნენ ნაყინის ორთვალები, პონებში ჩაბმული ურიკები ნესვის და საზამთროს ჩირით სავსე და ეგზოტიკური ხილით და თხილით გადავსებული რიქშები. თუ წინა რიგებში შარვალკოსტუმიანი ძიები ისხდნენ და ჰალსტუხებს ისწორებდნენ ან იბოშებდნენ, უკანა რიგები მილეთის ათასნაირებით იყო არუზრუზებული. მაისურიანი კუნთა ტიპები, ღიპგადმოგდებული ღიპიანები, მკერდგაღეღილი ბანჯგვლიანები, აწურული, გაწვნიკული და მხრებში მოღუნული აწოწილები, გარუჯულები და ფერადკანიანები, ნანინაზარდნიც და დაგვალულებიც, ტანმოშვებულები და ასხლეტილები, შეღებილები და დროშა-საყვიროსანნი, პრანჭიანნი და ღარღალა მუტრუკნიც, დიდხელებიანნი და დიდმუშტიანნი. იმდენნი იყვნენ, გასასვლელებშიც იდგნენ. საპატიო სტუმრების ლოჟაში ეულად იჯდა საპატიო სტუმარი და კულულებიან-კოსტიუმიანად მამლაყინწას ჰგავდა კისერგაწვდილს და ნოტებზე მომღერალს. ოლეეე-ოლეეე... ყიოდა. ამდენ კაცში ნევროზულად აწკაპუნებდა ფოტოაპარატს და მისი სურათი, თავხოტორქოჩორა პანკებს შორის გალანდული მამლების ორთაბრძოლა ჟურნალ „უცნობი სპორტის“ გარეკანზე მოხვდა. ეს მერე, როცა ის ცოცხალი აღარ იყო. სტადიონო, ოლეეე და სდექ! გადაღებულია.

 

არენა ოთხკუთხედი იყო, შიგ მრგვალი წრე შემოეხაზათ, სტადიონს ოთხკუთხედი ჭრილი ჰქონდა, ისე, რომ მისი წვეტები შიდა ოთხკუთხედის გვერდებს შუაზე ჰყოფდა. ტრიბუნები ცისფრად, მწვანედ და თეთრად დაეღებათ ოდესღაც, გასასვლელები იისფრად. თუმცა ფერები სადღა ჩანდა. ეს ყველაფერი ერთთეთრი გამხდარიყო და ჭრელხალხით გადავსებულიყო. იყო არენა სანახაობათა და მრავლისმნახველი არენა ისეთი დამაბრმავებელი სითეთრის, ძვლებს გაგიციებდა. მზე ისე მაღლა იდგა, რომ არენის ოთხკუთხედს სამი თანაბრად ჩამოჭრილი სამკუთხედი ჩრდილავდა და ცენტრში მრგვლად ეშვებოდა მზის კაბადონი. წრე არენაზეც ეხატა. მოედანი მებრძოლ მამლებს ელოდა და იცოდა, ის მამალი ჩაითვლებოდა დამარცხებულად, რომელიც პირველი დატოვებდა შემოხაზულ მრგვალ საბრძოლო მინდორს. მებრძოლები შემოიყვანეს. და ერთი წრეში ჩასვეს, მეორე გარეთ დატოვეს. წრეში შავფეხება იყო წითელი და წრის გარეთ წითელფეხება - ჭროღა. ჭროღამ მალევე იგუმანა, რომ სადღაც მოწინააღმდეგე ელოდა. შავფეხება ცალთვალმოჭუტული დიდხანს ზვერავდა ირგვლივეთს. წითელფეხება მოურიდებლად გადავიდა წრეში და შავფეხებასკენ დაიძრა. ორივემ კისერი წაიგრძელა და ჩიჩვირი შეიზიდა, კისერზე ბუმბული აეშალათ და ძველ რაინდებს დაემსგავსნენ, ცხენზე ამხედრებულნი ერთმანეთისკენ რომ იწევდნენ... ტრიბუნებიდან პოპკორნი, კანფეტები და ბრჭყვიალა ქაღალდები ცვიოდა. საყვირები ჭყიოდნენ... შავი კამერის ბნელ ხახაში ეს თოვლში სისხლის კოლტების შეხლა-შემოხლას ჰგავდა, მიკროსკოპში დანახულს. მყარი ჩარჩო ერტყა ორი ფრინველის ბიბილოზე ხელაღებას და საბრძოლო წითელს და შავს, სხივჩადგმულს სითეთრის დათოვლილობაში. (სურათი მეექვსე.)

 

რატომღაც ის გაახსენდა, ბავშვობაში ალუბლის ბაღებში გადმოდგმულ აივანზე გაშლილ მაგიდაზე მკერდის ძვლის შემოთავაზება, „აიდოსტი“ ძვალი ალუბლის კუნწულის ყუნწს ჰგავდა. უნდა გადაგემტვრია და ვისაც მეტი სიგრძის ძვალი შეხვდებოდა, მოგებული რჩებოდა. ამ ძვლის განახედში კი აწ უკვე შეჭმული და აქნილი დედალი ილანდებოდა მთლად, მრგვლად და ბარკლებაჩაჩხული, თითქოს განაწყენებული, რომ ასე უდიერად მოიხმარეს. კიდევ მოხუცი მევიოლინე გაახსენდა, ყოველ ხუთშაბათს რომ გამოდიოდა წრეთა სასახლის ბაღებში და ვიოლინოს აჟღერებდა. მევიოლინეს თავზე მამალი ეჯდა და შიგადაშიგ ხრინწიანად იღებდა საჭირო ნოტებს. სევდიანად, ოსტატურად, რიტმულად და ფარული ხალისით უკრავდა მოხუცი მევიოლინე. იმ დღესაც იქ იყო, როცა ორთაბრძოლათა წრიდან გამოსული ბიჭები ერთმანეთს ეცნენ და პერანგები და სახე ჩამოაბალთეს. დაღონდა, წამოკრიფა ხაბაკი და გზას სანამ გაუდგებოდა, ისე, რომ აღარ დაუკრავს, თქვა, ალბათ ომი იქნებაო. არ ვიცი, რა ალუბლის ცვენამ მიახვედრა მოხუცი ამ წინასწარმეტყველებას, მაგრამ ომი მართლა დაიწყო. ალბათ იმ სიფრიფანა, გამჭვირვალე სინაზით მიხვდა, ბალახივით რომ შარიშურობდა და რომელიც ყოველთვის დგება, როცა რაღაც დიდი სიკვდილები იწყება...

მამალთა ორთაბრძოლა სამჯერად უნდა წარმართულიყო, რომელიმე მამალი უნდა დასთხოვებოდა საწუთროს, ან გაქცეულიყო, ან ვეღარ განძრეულიყო, ან ორი ბრძოლა მაინც წაეგო და ერთი მოეგო. მოკლედ, მარცხი მარცხი იყო და მოგება - მოგება, ამიტომ ყველაფერი აფსონდა, დაფსონდა, მიფსონდა და გაიფსონა.... ამ ფსონვამ აგზნებულ კაცებს აღგზნება შემატა და ააყაყანა, აიტაცა, ააღარღალა, აამჩატა, იმედები ჩაუსახა. მამლების გამოშვებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ: აბღავლდნენ, აღრიალდნენ, ხაოდნენ... მოიბოშნენ... აქოთდნენ.

შავფეხება წითელი და ჭრელი წითელფეხება წრეებს ურტყამდნენ ერთმანეთს, ალაგ-ალაგ უკვე სდიოდათ სისხლი და საბრძოლო ღირსების ამსახველი იარებიც დამჩნეოდათ თეთრად. და რამეთუ პირველ რინგზე შავფეხება დამარცხდა, მეორე შემოსვლისას სტადიონი ფეხზე წამოდგომით მიეგება წითელფეხებას. ხელები მხრებზე გადააწყვეს ერთმანეთს და ამღერდნენ. თან ეს აღფრთოვანება ტალღებივით გადაეცა რიგიდან რიგს, სექტორიდან სექტორს და ტრიბუნიდან - ტრიბუნას! მღეროდნენ რიხით და შემართებით. მღეროდნენ და ძგანძგარებდნენ. მღეროდნენ „კუკურუკუკუ კომპანიას“ და „ბაბუამ თქვა, რა ვქნათო, ბებიამ თქვა, სასწრაფოდ მამლაყინწა დავკლათო!“ სტადიონი მღელვარე ზღვას ჰგავდა, ფერად, მღელვარე ზღვას, რომელიც ოთხკუთხა აკვარიუმიდან გადმოდინებას აპირებდა. დუღდა და გადმოდუღდა. ბუყბუყებდა და ემოციათა შხეფებს აფრქვევდა. (სურათი მეშვიდე.)

 

შავფეხება მამალი მეორე შეხვედრისას ლომივით იბრძოდა. მოწინააღმდეგის სუსტ ფეხს მიაგნო და მეორე მხრიდან ისე ეჯახებოდა, რომ მტერს თავის დამაგრება ვეღარ შესძლებოდა. იქნებ დავარდნილიყო და ჩაეკორტნა სათანადოდ. გამოუვიდა (ოხშივარი სტადიონის თავზე დაგროვდა და მრუმე ბურთივით დაეკიდა). ის იყო, კისერს უნდა სწვდომოდა, რომ წითელფეხებამ სასიკვდილო საფრთხე იგუმანა და შეშლილი წამოფრინდა, შავფეხებაც გაიყოლია. სიგარეტის ბოლისგან და ღრიალისგან შედედებულ ბურთში ორი მამალი აიფხორა და ფეხდაუდგმელად გაიწია ერთმანეთისკენ. ფრთები ჰაერში წონასწორობას უნარჩუნებდა გაფარჩხულებს.

ქალის კამერამ მოასწრო და გადაიღო, ჰაერში წაკიდებული მამლები როგორ ცდილობდნენ ერთმანეთის დატკვირვას ცად გამოკიდებულ, ნახევრად გამჭვირვალე სფეროში. წინ წაწვდილ კისრებს ისე ერტყა აფხორილი ბუმბული, როგორც რაინდებს მუზარადი. (სურათი მერვე.)

 

ა, ჰო, ქალი რომ მოკვდა?! და განა ეს ასეთი მნიშვნელოვანია თუ ლუდიხვრეპია აგებდა ლუდიწრუპიასთან?! მან ხომ შავფეხებაზე დადო და ვაშა! ვაშა! შავფეხებამ მეორე რაუნდი მოიგო, ნისკარტის ერთი დარტყმით ისე გააბრუა წითელფეხება, რომ ჭროღა ბანცალით წალაყუნდა წრიდან.

შესვენებაზე გაუგებრობაც დაიწყო, რადგან აბა, რა მოთხრობაა გაუგებრობის გარეშე... ჯერ პირველი რიგიდან წამოიჭრა ფეხზე სათვალიანი ღიპიანი და გამოაცხადა „აჭიმებს ქამრები სჯობს!“ წესით და რიგით გამოხტომად უნდა ჩათვლილიყო და ამით დამთავრებულიყო ყველაფერი. გეგონოს! წამოუხტა წრიპა ლოპორა და შენ გიჟი ხო არა ხარ, სად აჭიმები და სად ქამრებიო! რაო-რაოო?! იღრიალა ქონებთონთხლო თმაგადავარცხნილმა და კუნთა აყლაყუდას მოეფარა, ხომ არ გგონიათ, აჭიმებს ქამრებისგან ვერ ვარჩევთ?! ქამარი უკვდავია და აჭიმი ფურთხით ნაკეთებიო! ეეეო, რა გესმით, ხელი ჩაიქნიეს ჭაღარა, ინტელიგენტური სახის მოდიადო სულებმა. აჭიმი ელეგანტურობაა, ხაზი, ფორმა და დენდობა! ჰაააააიიიიტ! აჭიმ ჩქიმი, ქამარ ჩქიმი, შუა უდევს დიდი ფასი, თუა მაგარი ქამარი და თუა ნამდვილი აჭიმი, არა აქვს მნიშვნელი, რომელი რომელია. ფილოსოფოსი იყო ალბათ... სიტყვით გამოვიდა!.. გაიყო პირველი რიგი აჭიმისტებად და ქამრისტებად.

მეორე რიგმა გადმოიხედა, რაშია საქმეო, ნეტავ. რას იტყვითო - დაეკითხნენ. აბა, ქამრით რომ ქამანდი გამოდის, ისეთი აჭიმით როგორ გამოვაო! სამაგიეროდ, აჭიმით დაეკიდები ძელზე, ისეთ საქანელას მოაწყობ, კუსტურიცა მონაგონიაო. აუჰ, სად კაჩაობა და სად კაჩავიო. კაჩავი მეტიაო!.. რაო! მეხი და გრგვინვაო! წამოხტა ზოლებიანმაისურიანი წვერებში! კაჩი კი არა, კიჩი - კიჩია მთავარიო. არა, მაინც აჭიმებზე რას გვეტყვით? აჭიმი რეტროა და ქამარი წარღვნამდელიო! გაიყო მეორე რიგი აჭიმისტებად და ქამრის მომხრეებად.

მესამე რიგმა - რა საჭიროა ქამარი, თუ აჭიმი არსებობსო. არა, გენაცვალე, სულ პირიქით, აჭიმი რისი მაქნისიაო?! ესე იგიო, აჭიმია მთავარი და ჩვენ ქამროსნები არაფერს წარმოვადგენთო? აი, მე თუ მკითხავ, ეგ აჭიმი გინდა ყოფილა, გინდ არა და ქამროსნები ვართ, რაც ვართო. რას მელაპარაკებით, თქვენ თუ გკითხავთ, ჩვენ საჭიროც აღარა ვართო? თუ კაია, თქვენ ხართ დედამიწაზე ზედმეტი და კაცობრიობის ხორცმეტებიო! ვინა ტოო... დაიყო მესამე რიგი აჭიმისტებად და ქამრისტებად.

მეოთხე რიგმა - გავემიჯნოთ ამ ქამრიანებს. არა და არა, ვერ დაგვასწრებთ, აჭიმიანები გაგემიჯნებით ქამრიანებსო. უსინდისონი, თავი უმრავლესობაში ჰგონიათო. ჩვენს მხარესაა ზურგზე გადაჯვარედინებული და გადაუჯვარედინებელი აჭიმები, ცოტანი ხომ არ გგონივართო... დაიყო და შესვენების ბოლოს მთელი სტადიონი ღრიალებდა. ვიღას ახსოვდა მამლები. - თქვენ სად იყავით მაშინ, როცა ჩვენ აჭიმები გვეკეთა, თქვენ სად იყავით მაშინ, ჩვენ რომ ქამრებით დავდიოდით!!! მზად იყვნენ, ყელში სწვდომოდნენ ერთმანეთს და დაედღლიზათ. საომარი დაძაბულობა ჯერ კიდევ პოულობდა უშვერ სიტყვებს და ურთიერთშეურაცხყოფებს. სტადიონის გარშემო მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, არ ვიცი, აჭიმისტებმა, არ ვიცი, ქამრისტებმა, მოედანზე ლუდის ბოთლებმა იწყო ცვენა, ტრიბუნებზე მაშხალები აბოლდა. აჭიმისტები და ქამრისტები ერთმანეთს მამასისხლად მოეკიდნენ.

ქალს ჰაერი არ ეყო. ვერ გაიგო, რატომ... ჯერ საპატიო ლოჟაში არ დააყენეს, მერე პირველ რიგში, მერე მეორე, მესამე, მეოთხეში. ადგილი ვერ ნახა, ვერაფერს მოერგო, ვერ ჩერდებოდა, კაცები კვლავ ბღაოდნენ და ღრიალებდნენ, ერთმანეთზე იწევდნენ, ძიძგილაობდნენ. თანდათან მთელი სტადიონი პატარა გახდა, სადღაც ღრუბლებიდან გადმოხედა სამკუთხედში ოთხკუთხედს და ოთხკუთხედში წრეს. წავალო - იფიქრა, უკვე ყველაფერი გადავიღეო... და იყვირა უსუსურად: რა გაჩხუბებთ, მამალი კვდება!

მესამე რაუნდისთვის ორი გაპრტყვნილი მამალი შემოუშვეს წრეში. სტადიონი ჩაისუსა, თუმცა ჯერ კიდევ თუხთუხებდა და ქალიც ჩაეშვა თავის წითელ საპარადო კოსტიუმში, ისე, რომ ერთი ცუდი სიტყვაც არ გაუგია... (სურათი მეცხრე - ღრუბლებიდან დანახული გახლეჩილი სამკუთხა სტადიონი, ოთხკუთხა გულით, ოთხკუთხედში კი სისხლიანი წრე.)

 

სტადიონი ამღვრეული სახეებით, მუშტგაწვდილი, გაჩეჩილი, პირმორღვეული, სახეწაშლილი, ურთიერთმაფურთხი და ლასოებშემართული, აჭიმებწამობზეკილი, ქამარშემოჭერილი, სახედამტკნარებული, სამომავლოდ შურისძიებაგადადებული. გულშიბოღმაჩახვეული და ტანთშემოხეული.

სტადიონი უმამრო. ერთ მუხტად ქცეული ისტერიით მოცული.

შავფეხება მამალი იმედმოცემული ეკვეთა მტერს, ის გასხლტა. შავფეხება დაენარცხა და რაღაც იტკინა. ახლა თვითონ უგანა მოვარდნილ წითელფეხებას, ისევ აუსხლტა ფეხი, შეხვედრა ცუდად დაიწყო. წითელფეხება აშკარად მეტ ჯანზე იყო, შავფეხება კი ფოლხავდა.

ქალი ადგა და ტრიბუნა დატოვა. აღარ აინტერესებდა, ვინ აიღებდა პრიზს და ვინ აივსებდა ფულით ჯიბეებს. ეს მისი ჟურნალის თემატიკას არ ეხებოდა. ის ხომ ეგზოტიკის მოყვარული იყო და... ტკაპან - შავფეხებას თავის ქალამ ტკაპანი გაიღო, წითელფეხება ახლა ბიბილოზე ეცა და ძიძგვნა დაუწყო. გაავებული ფლეთდა ხორცებს, წითელი შხეფები აქეთ-იქეთ იპნეოდა. თითქოს წითელფეხებას მთელი სტადიონის ბოღმა და აგრესია გადაედო და აღარ იცოდა, როგორ ექცია სისხლის გროვად მოწინააღმდეგე. გამეტებით ურტყამდა ნისკარტს. შავფეხება მთელი ძალით ცდილობდა დასხლტომოდა გაავებულ ფრინველს.

ქალს მამალიც შეეცოდა, სტადიონიც, საკუთარი დასიცხული თავიც და სარბენ ბილიკზე გაიარა, იქ, სადაც პოპკორნის ჯიხური იდგა. სტადიონი ფინთად აიმღვრა, რაღაცნაირად გაუტეხეს, ვიღაც ყველაზე საინტერესო დროს ტოვებდა თავყრილობას. არც დაუნახავს, რა ლამაზი ტანი გოგმანებდა წითელ კოსტიუმში და არც ის, რა წკაპაწკუპი გაუდიოდათ წითელ მაღალქუსლიანებს. ვიღაცა იყო თუ არ იყო, არგამსწორე მასტი იყო და არ მოეწონათ. გაიმრიზნენ. შავფეხება სწორედ ამ დროს დაუსხლტა მეტოქეს, აიწია, აიფოფრა, ქალს ასცილდა და მერე დიდი სიმაღლიდან მოწყვეტით დაასკდა თავზე. კისერი მოიღერა, დაიყივლა, ქალს მთელი გამეტებით ჩასცხო ნისკარტი ქედზე და მკვდარი დაეცა ქვიშაზე... (სურათი მეათე. მამალი ისევ ეჯდა თავზე, როგორც ბებერ მევიოლინეს და სინაზეც იდგა სიფრიფანა და ყოვლისმომცველი...

 

ამის შემდეგ სურათი პირველი და ბოლო: და ჩაბღაუჭებული ხელებით გადმოყირავებული პოპკორნის ფერადი ყუთები.

მამალიც მოკვდა და იქვე დაეფერთხა დამარცხებისგან მწარე. ქალიც პოპკორნის გორაზე. წითელი შავფეხება მამალი, მკვდარი შავფეხება მამალი. გრძელფეხება მამილო... მოკვდნენ.

რატომ?! რა ვიცი, რა ვიცი...

სხვა სურათებიც დაინახე?! მართლაც, რომ...

სადღაც შორს მოხუცე მევიოლინე, ხალხმრავლობის მოყვარული, ხედავდა, როგორ მოუხდებოდა ამ საზარელ სურათს ფერად ჟურნალთა ამონახევ-ამონაფურცლ-ამონარიდთა ნარნარი თავსხმა... ჰო, როგორც იმ დღეს, ალუბლის თოვაც...

და გამარჯვებულ მამალს რომ მოეკლა?! რა, რო?..

როცა ალუბლის ბაღი აყვავდება... და როცა დაფიქრდები...

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE