მხიარული სიმღერა ხელოვნების მარადიულობაზე


მხიარული სიმღერა ხელოვნების მარადიულობაზე




უკრაინელი პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი. დაიბადა 1987 წელს, რიგაში, იზრდებოდა კარპატებში, ქალაქ უჟგოროდში. ავტორია პოეტური კრებულების: „შიზოფრენიის რვა თვე“ (2007), „ტერორიზმი“ (2008), „ორმოცი ბაქსი და კიდევ ჩაის ფული“ (2016), პროზაული კრებულების: „ქილერი. ისტორიების კრებული“ (2012), „სევდის ოთახი“ (2016), ესეების კრებულის: „ქალებთან ძილი“ (2014), რომანების: „კარბიდი“ (2015, BBC-ს კონკურსის „წლის წიგნი“ ფინალისტი), „შენი მზერა, ჩიო-ჩიო-სან“ (2018) და წიგნის „ბარბაროსების ძიებაში: მოგზაურობა იმ მხარეებში, სადაც იწყება და არ მთავრდება ბალკანები“ (2019, BBC-ს კონკურსის „წლის წიგნი“ ფინალისტი). გამოცემული აქვს აუდიოპოეზიის ალბომი „მე მძულს დილა“ (2013). მისი წიგნები გამოცემულია ავსტრიაში, პოლონეთში, სლოვენიაში. ნათარგმნია ბევრ ენაზე და მონაწილეა ბევრი ლიტერატურული ფესტივალის. თავად თარგმნის პოლონურიდან, სერბულიდან და ხორვატულიდან. ლაურეატია პრემიების: „დებიუტი“ (2006), „კიევსკიე ლავრი“ (2011) და სხვ. არის უკრაინის საერთაშორისო პენ-კლუბის წევრი.

 

 

ნირვანა

 

ძველი ტრადიციის მიხედვით

ჩემს ყოფილ სატრფოებზე, როგორც მკვდრებზე, ისე ვლაპარაკობ:

ან კარგს, ან არაფერს.

ამიტომაცაა, იშვიათად რომ გავიღებ ხოლმე ხმას მათ შესახებ

და სხვა რამეზე ვაკეთებ მუდამ აქცენტს.

მაგალითად, ათას კილომეტრზე უფრო გრძელი ავიარეისების

საკმაოდ სტაბილურ განრიგზე,

თუმცა კი არცთუ კარგად მესმის,

როგორ შეიძლება იზომებოდეს ჰაერი - დავიჯერო, რომ

ანგელოზები ამით არიან დაკავებულები? დავიჯერო, რომ დარბიან

მოკლე დისტანციებზე, ხანდახან კი დაბრკოლებებსაც ლახავენ,

ვინაიდან საჭიროა გადაახტე ღრუბლებს, ჩიტების გვამებს,

მოულოდნელად გასრესილებს ბოინგებით,

ადამიანის სულების დიდ გუნდებს, დროთა შორის მობორიალეს.

ამ მარათონული გარბენის ხანმოკლე შესვენებებში

ანგელოზები პეპლებთან ერთად აგროვებენ ყვავილების მტვერს

და ისეთი ნეტარებით ისუნთქავენ მას, თითქოს წებო იყოს,

თითქოს ნიკოტინი იყოს რეალობის, თითქოს ეს იყოს ცხოვრების არსი.

ამასობაში კი ჩვენი უმიზნო ცხოვრების ჭეშმარიტი არსი ხდება

საუბრები, ბგერების გრძელი არტიკულაცია, ყელის მორზეს ანბანი,

ანგელოზები კი ფიქრობენ, რომ ენა ბიბლიის საკითხავადაა შექმნილი.

ისინი ამბობენ:

 

ცოდვილებო, თქვენ დაივიწყეთ ჯოჯოხეთი,

თქვენი ვენები კანზე ჩანს, როგორც ძველი ფრესკები ტაძრებში,

ჰოდა, მოისროლეთ ამიტომაც თქვენი გულები, გადაეშვით ფანჯრებიდან,

ავიარეისები ღმერთთან მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე,

შეეშვით თქვენს იწილობიწილოს, მუხლები იმისთვისა გაქვთ, რომ დაეცეთ მათზე,

გესმით, ცოდვილებო, გრძნობს თქვენი ყურის აპკი ავე მარიას?

გრძნობს, როგორ პულსირებს მტრედის დიდი გული თქვენს საფეთქლებში?

ცოდვილებო, გონს მოეგეთ, რამეთუ მიწა ხართ და მიწაშივე დაბრუნდებით,

ამინ, ცოდვილებო.
 

ბომჟები კი ნესტიან სარდაფებში მუხლებზე ეცემიან და

წყალი მიედინება საკანალიზაციო მილებში, ეს მათთვის ცხონებაა,

მსუბუქი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ძლიერი და ნათელი დარტყმა გონებას ბინდავს.

და უფალო, ნირვანა მოდის.

 

 

მხიარული სიმღერა ხელოვნების მარადიულობაზე
 

მე გავატარე დღე ჩემს საუკეთესო მეგობრებთან - ჯონი უოკერთან და ჯეკ დენიელსთან -

პოეზიაში არანორმატიული ლექსიკის გამოყენების შესახებ საუბარში.

თავდაპირველად შევთანხმდით იმ თეზისზე, რომ პოეზია

ტაძარია, საყდარია, პირამიდაა.

შემდეგ ამას მივაწებეთ სამლოცველო, სიგარეტის კოლოფი, თითქმის მომწიფებული გოგონა - à la ნაბოკოვი.

შემდეგ საერთოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ღირს გავიხსენოთ

მოგზაურობები, კარგი მუსიკა, მძიმე მეტალურგია,

დავაყაროთ ამ ყველაფერს ფოთლები, წავლეკოთ ცრემლებით,

მივამატოთ სანთელი, ღამე, სამხედრო ტექნიკა,

საათი, ქელეხი, დილის უქეიფობა, აღმაფრენა, თარგმანები,

ქაღალდის მრეწველობა,

პლიუს აეროდრომი, სექსოდრომი.

თითქოსდა სია ამოწურული იყო, მაგრამ მაინც მოგვიწია საკადრისი მიგვეგო

თოხლისთვის (აბა, რანაირად უმაგისოდ?), კლავიატურისთვის, მიკროფონისთვის, მიწვევებისთვის და აფიშებისთვის,

მოკირწყლული ტროტუარებისთვის, სინდისის ქენჯნისთვის,

პენუარებისთვის, ლაინერებისთვის, საკესთვის,

აჰა - გამახსენდა! - უპასუხო სიყვარულისთვის, ტიტველი ადამიანებისთვის,

ინტერნეტისთვის, გლობალური დათბობის პრობლემებისთვის,

ჩათვლის წიგნაკისთვის, დიდი ჩინური კედლისთვის,

იმ პირველი კოსმონავტებისთვის, რომელთაც იგი დაინახეს,

სიდნეის ოპერისთვის, სველი ხელსახოცებისთვის,

და დაე. ესეც იყოს - ბერლინის ეს-ბანებისთვის,

რუკზაკებისთვის და მშობლიური მიწისთვის.

 

ამაზე იდეები ამოიწურა.

 

ყლეობაა - თქვა ჯეკ დენიელსმა,

რომლისგანაც უკვე ნახევარი ბოთლიღა იყო დარჩენილი.

მართალია, ყლეობაა - კვერი დაუკრა ჯონი უოკერმა,

რომლისგანაც დარჩენილი კიდევ უფრო ნაკლები იყო.

ყლეობაა, აბა, რაა - მხარი ავუბი მე.

ყლეობაა, როცა შენი მეგობრები შიგნიდან იცლებიან ისე, თითქოს ბოთლები იყონ.

როცა ისინი ცარიელები, გათავებულებული, აკურატულად გაკრეჭილები არიან.

 

დღე დაილია, და უკვე დროა დაძინებისა.

 

 

როგორ ვწერ მე?

 

მე ვწერ კირილიცათი, მარჯვენა ხელით,

ღამის ორ საათზე, ბლოკნოტში,

გვერდზე „18 აგვისტო, 2011“.

ამიტომ ღირდა ლექსისთვის ეს სახელი დამერქმია,

მაგრამ არა, მე მსურს ვწერდე შენზე,

მაგრამ ვწერ კირილიცათი, რაც ნიშნავს,

რომ ვწერ ძირითადად იგორსა და სვიატოსლავზე,

ნესტორზე, პამვაზე, გრიგორიზე და სხვებზე.

თუმცა რატომ „სხვებზე“? ვწერ ტარასზე,

ლუბლინის უნიზე, რწმენისთვის ბრძოლაზე,

რწმენის ღალატზე, როგორც ბრძოლაზე, კვიტკაზე,

ეკლესიასა და ბულგარეთზე (ხომ მიმიხვდით?),

ვწერ პავიჩის შეცდომაზე (ვინაიდან კირილემ და მეთოდემ

გამოიგონეს გლაგოლიცა), თითქმის არ ვწერ თანამედროვე

სერბეთზე (მოღალატეები!), არ ვწერ ვისკიზე, რადგან ვწერ

რახზე – აბა, სხვანაირად როგორ, მე ხომ კირილიცას ვიყენებ,

თუმცა კი ჩემი არ ესმის სამყაროს დიდ ნაწილს.

სიმართლე ითქვას, შენ უფრო ლათინური ანბანი მოგიხდებოდა,

მაგრამ მაპატიე, ასე აეწყო, და აწი

უკვე ვეღარაფერს ვიზამ:

უნდა ვწერო ანაზე, რომელიც საფრანგეთშია, ბოგდანზე, ივანეზე,

სამუელზე და ასე შემდეგ, რადგან ღმერთმა ჩვენ სამი რამით დაგვსაჯა:

აღმოსავლეთით, ძალაუფლებით და ანბანით.

მე ვწერ კირილიცათი: ასეთია ჩემი პირველი ცოდვა.

მომიტევეთ.

 

 

შანსონი

 

ამ ტაქსიში ჩაჯდომისას,

რომელიც მიგიყვანს პირდაპირ სახლში,

ჯიბეში სიგარეტის კოლოფითა და ავტოკალმით,

სურვილით, რაც შეიძლება მალე ჩაწვე ცივ ლოგინში,

რატომღაც ბოლომდე არგამოცლილი ბოთლით ხელში

და უწყვეტი დეპრესიით,

შენ ფიქრებში ემშვიდობები ცხოვრებას,

 

იმიტომ. რომ აბა, რა ცხოვრება შეიძლება იყოს

ამ შემთხვევით სამყაროში, ამ ჰელიოცენტრულ გალაქტიკაში,

ამ სულის მღაფავ ცენტრალურ ევროპაში!

 

ამ ტაქსიში ჩაჯდომისას,

შენ ფიქრებით ემზადები მძღოლის გაწელილი მონოლოგისთვის

დანგრეულ გზებზე

გამყიდველ პოლიციელებზე

გამყიდველ პოეტებზე,

პავიჩის და კუნდერას

სინტაქსურ კონსტრუქციებზე,

ატომურ ფიზიკაზე,

ნავთობის ფასზე და მასთან დაკავშირებულ

ერაყის ომზე,

ისრაელის არჩევნების შედეგებზე,

რაზეც გნებავს,

თვით ცენტრალურ ევროპაზეც კი.

 

და როცა უსმენ ამ ღამის ტაქსისტს, შენ იწყებ

ცხოვრების განმარტებას, როგორც შანსონის ნაწყვეტებისა ჩაუხშობელი

რადიოსადგურებიდან, იწყებ ამ სიზმრისეული დედის გინებების გაგებას,

ამ „მთვრალი ხომალდის“ გაგებას, რადგან ენას მართლაც ისე უნდა მოექცე,

როგორც უკანასკნელ მეძავს:

დაკბინო, გაროზგო, გიყვარდეს.

 

ამ ტაქსიში ჩაჯდომისას

ხვდები, რომ სიცოცხლე გიყურებს უკანა ხედის

სარკეში, ამ შემთხვევითი ტაქსისტის

დაღლილი და უნდობი მზერით.

 

 

ავიტამინოზი

 

წერდე ლექსებს:

მატარებელში, ბარში, ქუჩაში, მუხლისთავზე,

კითხულობდე გაზეთებს, ინსტრუქციებს, ხელში იღებდე ალმანახებს

და მსგავს საზიზღრობებს, ყვავილებს, თავი მოგქონდეს ლამაზმანად, ლიდერად,

ალკოჰოლიკად, არტიკულირებდე ლოცვებს, ლექსებს, მენიუს, სვამდე

არაყს, არაყს, არაყს, და მერე ლუდს, და მერე ლუდს, იპყრობდე მწვერვალებს,

ფერდობებს, აღმართებს, მანძილებს, გიყვარდეს პირველ რიგში საკუთარი თავი,

და გარდა ამისა სიცოცხლე, სასმელი, ფული, დილით ვარჯიშობდე,

ტელეფონს ტენიდე, სვამდე მზეს - 50 გრამს, 100 გრამს,

ან პირდაპირ ბოთლიდან, სვამდე და სვამდე, გიყვარდეს,

გიყვარდეს ეს სამყარო, ეს პლაცკარტი, ეს შემოდგომა, ღმერთო, მომე ძალა,

არ ჩავეშვე, ღმერთო, მომე დასალევი, წმინდა სული კითხულობს ლექსებს

კამუფლიაჟში, თუმცა კი სინამდვილეში ის ანარქისტია, მტრედი ციდან მოფრინავს და

სცენაზე ჯდება, წერდე ლექსებს, განცხადებებს, საჩივრებს, წრეებს ურტყამდე სამყაროს,

ავტობუსით, საკუთარი წარმოსახვით, ნარკოტიკები ცვლიან ლექციებს,

ერექციებს და ბიოდენებს, იარო შიშველმა და იკითხო ლექსები, დაწერილი

გენიტალიებზე, ცხოვრობდე შენს გემოზე, ნახევრადმშიერი, იყო: სტუდენტი, დურგალი,

გუბერნატორი, პოეზია - ეს მუდამ განუმეორებლობაა,

ურტყამდე გოიმებს, ურტყამდე ბარაბანს, თავისქალებს თხრიდე

თოვლის ნამქერებში, ზვავებში, ღრეობებში, სვამდე და სვამდე,

წერდე ლექსებს, ნოველებს, გამოსვლების თეზისებს, იკიდებდე პრობლემებს,

მოგზაურობებს, მატარებლებს, ფიქრობდე ქალებზე, ქალებზე, ქალებზე,

და საბოლოო ჯამში კვლავ სვამდე, წარმოთქვამდე სახელებს,

ქუჩების, გალაქტიკების სახელებს, პასუხს სცემდე საძმაკაცოს,

წალეკო ცნობიერება ალკოჰოლის გრადუსით,

ჰალუცინოგენური სოკოების წყალდიდობით, მოგონებებით,

გრძნობდე ნარწყევის სუნს, ბოდლერის ლექსების გემოს,

ვერლენის ჰომოსექსუალიზმს, შევჩენკოს ალკოჰოლიზმს,

იკვლევდე დაცვენილ ფოთლებს,

ქალის ძუძუებს, თვითმკვლელობის ქრონიკებს,

წვავდე ორაგულს, თმას, მოგონებებს ძვირფას ადამიანებზე,

გაუთავებლად ფიქრობდე სექსზე და ტექსტზე,

მსხვერპლად სწირავდე ავტორიტეტს, ინტოქსიკაციას,

ავიტამინოზს, ისუნთქავდე ყავის ორთქლს, წყალმცენარეების არომატს,

შენი წიაღის, ოფლის, არსების სუნს,

ეძებდე შუქს, გზას, ფანარს, ჭრიდე მოგონებებს,

ხეებს, საკუთარ თავს, გადადიოდე ლექსში

სასვენი ნიშნების გარეშე, კითხულობდე აღიარებას,

უსმენდე ჩურჩულს, იპყრობდე ყურადღებას, კვდებოდე - ეს ადვილი არაა,

უბრალოდ დაყიალებდე, წვებოდე კუბოში, საკუთარ სახეს ინარჩუნებდე.

ელოდო ძვირფას ადამიანებს, ესემესებს, იმეილებს, მატარებლებს, მეგობრებს,

საცვალს გაძრობდე, ანუ მიყვარდე მხოლოდ შენ და კიდევ ბევრი სხვაც,

პირდებოდე, იტყუებოდე, არაყს ასხამდე, ვიოლინოზე უკრავდე, ყავას სვამდე,

კაიფობდე, მიუხედავად იმისა, რომ გააჩინა ნაპრალი ყოფამ, შანსონს მღეროდე,

ატარებდე გრძელ თმას, ჭამისას სკდებოდე ხოლმე, სვამდე და სვამდე, ერთი სიტყვით,

ტყნაურობდე, ცხოვრობდე და გეძინოს ხოლმე, ტყნაურობდე და ტყნაურობდე,

გიყვარდეს და გიყვარდეს და შენთან იწვე, მარტოობაში

იწვე და მუდამ გინდოდეს, რომ

იცხოვრო და გამოიძინო.

 

თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

 


 


 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE