ოცდასამი წლის ვხდებოდი იმ ზაფხულს და ჩემს რიგით მეორე სამსახურში ვმუშაობდი, ერთი ჩამოქართველებული ამერიკელის სამედიცინო კლინიკაში იურისტად. უნივერსიტეტი ახალდამთავრებული მქონდა და ჯერ არ ვიცოდი, რომ სამყაროში მხოლოდ ორნაირი უფროსი არსებობს: ცუდი და უარესი. ეს ჩემი მაიკლი უფროსი ქართველებისგან უკვე კაი ბევრჯერ გაბითურებული, მოტყუებული და გაწამებული კაცი გახლდათ, თვითონაც კაი შენძრეული ვინმე იყო. უფიქრია, ყოფას გიტირებთ ქართველებოო და ყველა თანამშრომელს ვირივით ამუშავებდა დაბალ ხელფასზე. ერთხელაც, არასამუშაო საათებში სამსახურში დარჩენილი, ბარში მომლოდინე ძმაკაცების ზარებს რომ ვიგერიებდი და უშველებელ ხელშეკრულებას ჩავკირკიტებდი, მეთქი, ეგრე არ უნდა და, ეს შენი კომპიუტერი არც გამომირთავს, ისე გამოვიძურწე იქიდან. გზად ამ მაიყლის კაბინეტს ჩამოვუარე, ღია კარიდან შემნიშნა და გამომძახა: Luka, are you done? მეთქი: I'm done, მაიკლ რიჩარდოვიჩ და ვაფშემც, ოქროს ჯაჭვი არ სჯობს თავისუფლებას-მეთქი, ცალი მუხლი მოვიკეცე, ქუდი მოვიხადე და რაღაც რევერანსისმაგვარი შევუსრულე. ჩამოწეული სათვალის ზემოდან გამომხედა დაეჭვებულმა, მე კი მივტრიალდი და წამოვედი. შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და გამართული მოვტასაობდი დერეფანში და ზუსტად ვიცოდი, რო იქ მიმსვლელი აღარ ვიყავი, არც დედაჩემის დიდაქტიკური შეგონებების თავი მექნებოდა ჩემს სიფიცხეზე, არც თბილისის პაპანაქება ზაფხულის და მეორე დღესვე ბებია-ბაბუასთან გამოვგაზე სოფელში.
პირველი რამდენიმე დღე ძილის და ჭამის მეტი არაფერი მიკეთებია, წამოვწვებოდი დღე ჰამაკში, ღამე საწოლში, დავითრევდი მოსწავლეობისას ზაფხულის არდადეგებზე ჩაზიდულ წიგნებს, მარჯვენა და მარცხენა თეძოებს ერთმანეთს შევუნაცვლებდი და ფილტვებამდე ჩავიტანდი სახლის კედლებში გამჯდარ თბილი რძის, ბუხრის ჭვარტლის და გამხმარი თივის სუნს. მერე ცოტა ამეწვა სინდისი, მეთქი, ბაბუაჩემს მაინც წავუკრა ხელი ცოტა, თან ბაბუაჩემი სულ სხვა თემა იყო ჩემთვის, მაგასთან ერთად ყველაფრის კეთება მიყვარდა.
დაღლილი და გასავათებული მოვედით იმ საღამოს მე და ბაბუა, უმზეო, მოღრუბლული დღე იყო და რადგან ტვინს არაფერი გვიდუღებდა, შებინდებამდე ვთიბეთ ბალახი. ვახშმის მერე ეგრევე ზემოთ წავედი, შუქჩამქრალ აივანზე გამაგრებულ რამდენიმე ღამურას დიდი ორთაბრძოლა გავუმართე ბალიშით, როგორც იქნა, გარეთ გავუძახე და მივაყოლე, მეთქი, ალალია თქვენზე, ჩინელები რო ჩაგასუნელებენ წვნიანებში-მეთქი. ორთაბრძოლაში გამარჯვებული და კმაყოფილი საბანში შევძვერი და მალევე ჩამეძინა. კაი დიდი ხნის ჩაძინებული ვიქნებოდი, შორიდან მოსული გაბმული კივილის ხმა რომ ჩამესმა. შეფხიზლება დამეზარა და ძილის გაგრძელება ვცადე, სანამ გვერდითა ოთახიდან ბაბუაჩემი არ გამოვარდა, შარვალს სწრაფად იწევდა და კარისკენ გარბოდა. მის დანახვაზე მეც წამოვიწიე და ყური მივუგდე ხმას, ქალის განწირული კივილი იყო, თუმცა შორიდან მოსულ ბგერებს ზუსტად ვერ ვარჩევდი.
ზლაზვნით წამოვდექი, ჩავიცვი და კიბეზე დავეშვი, ბაბუაჩემი უკვე უკან ბრუნდებოდა ამ დროს.
- შედი, შედი, უცფათ ბუხრის ოთახში და ჩემი რკინის ფარანი წამეიღე, ბაბუ.
- რა ხდება, კი მაგრამ?
- მექი კოპალიანის ცოლი კიოდა, საწყალი მექი უპოვიათ ჭალებში კვტარი, შეღამებულზე რო არ მისულა, მისი ძმა წასულა საძებნელად და იქ უნახავს საწყალი. მიდი, მიდი, სწრაფად ქენი და წამოდი შენც, კაცი ხარ უკვე.
მექი კოპალიანზე მე დიდი არაფერი ვიცოდი, ერთი უხერხული მოგონება მქონდა ბავშვობიდან და მაგას ვერავის მოვუყვებოდი: სოფლის ბირჟიდან სახლისკენ მოვდიოდი შეღამებულზე, ფანარს ხან წინ ვინათებდი, ხან ხეებს და ღობეს გამოვაყოლებდი მის მკრთალ შუქს, თავს ვირთობდი გზაში და უცებ, ეს მექი შევნიშნე ღობესთან, ასე რომ ვთქვათ, ფსამდა. ღობისკენ მიბრუნებული, გზისკენ ზურგშექცევით კი არ იდგა, პირიქით, იდგა ასე თამამად ორღობეში, წინ და უკან ირწეოდა და ფსლით რაღაც ასოებს წერდა მიწაზე. არყის სუნი მეცა რომ მივუახლოვდი და ვივარაუდე, ნასვამია, ვერც დამინახავდა-მეთქი, ნაბიჯს ავუჩქარე და სწრაფად გამოვცილდი.
უსიამოვნო სანახაობა დაგვხვდა, რომ მივედით, მინდორში ეგდო მკვდარი კაცი, თავი უკან გადაგდებული, პირი ღია და ხელის მტევნები უცნაურად მოგრეხილი ჰქონდა. ივიშვიშეს კაცებმა, იბჭეს და დაასკვნეს, იმ ტყის ქალმა შეიწირაო. ნაჭრის სახელდახელოდ შეკრულ საკაცეში ჩასვეს და იმით დაძრეს იქედან. ბაბუამ - შენ წინ წადი, გზა გაგვინათეო და მეც მოვიკვლევდი გზას წელამდე ბალახებში და ფეხის ბანჯგვლებში გახლართული უამრავი ეკლის მიუხედავად, მიხაროდა ამ მისიაში გამნათებლობა რომ დამევალა. ბავშვობიდან მეშინოდა მკვდრების.
...
ლეჩხუმის სოფლებში ტყის ქალების ამბავი ყველაზე მისტიკური იყო იმ ამბებს შორის, რასაც იქ ჩასული გაიგებდით. იშვიათად თუ ნახავდით ადამიანს, თეთრებში შემოსილი გრძელნაწნავიანი ტყის მოჩვენება საკუთარი თვალით რომ ენახა, და თუ ნახავდით, არაფრით მოგიყვებოდათ ამ ამბავს, ღამეული მოჩვენებები გამიმეორდებაო.
ზუსტად არავინ იცოდა, რომელ ტყეში ცხოვრობდნენ ტყის ქალები, არც ის, ადამიანები იყვნენ თუ უსხეულო მოჩვენებები, იმაზე კი ყველა თანხმდებოდა, რომ სოფლის ყველაზე ლამაზ კაცებს ირჩევდნენ გრძელნაწნავიანი ტყის არსებები. თუ შეღამებულზე რომელიმე სახლის ფანჯარაზე კენჭების მიხეთქების ხმა გაისმებოდა, ესე იგი, იმ სახლის ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზ კაცს ტყეში უხმობდა ალქაჯი. ბევრჯერ გამოცვენილან სახლში მაცხოვრებლები ქვების სროლისას, კუთხე-კუნჭულ დაუთვალიერებიათ ახლომახლო ტერიტორია, აუწიოკებიათ სოფელი, მაგრამ ვერსად წასწყდომიან ტყის ქალს. მიწამ ჩაყლაპაო თითქოს. ქვებისხმიანი საღამოები კი მანამდე არ შეწყდებოდა, სანამ არჩეული კაცი ტყეში არ შევიდოდა ღამე. სამი დღე ჩამიჩუმი არ ისმოდა ამ კაცის, კვალსაც ვერ წააწყდებოდა სოფელი ვერსად. სამი დღის მერე უვნებელი დაბრუნდებოდა კაცი, გადახდენილის შესახებ კი სიტყვასაც არ დაძრავდა. ერთხელ ამორჩეულ კაცს თავს არ ანებებდა ტყის ქალი და ასე პერიოდულად, წელიწადში ორ-სამჯერ ქვების სროლით უხმობდა ტყისკენ, სამი დღის შემდეგ კი ისევ და ისევ უვნებელს დააბრუნებდა სოფელში.
კოპალიანების ოჯახში გამორჩეული გარეგნობის ბიჭი იყო მექი, მაღალი, ხმელი, განიერი ბეჭებით და ჯაგარივით ხშირი, წაბლისფერი თმით. ახალი ცოლნათხოვი იყო, ქვების რაკარუკი პირველად რომ ატყდა მათი სახლის ფანჯარაზე, ძმები სეზონურ საძოვრებზე იყვნენ წასული, ამიტომაც დიდი მსჯელობა არ დასჭირვებია იმის მიხვედრას, მექის რომ უხმობდა ტყის ქალი. გავარდებოდა თოფით უფროსი კოპალიანი, რაჟიკო, მოათვალიერებდა ყველაფერს ირგვლივ და გაწბილებული შებრუნდებოდა. მშიშარა არც მექი იყო, ერთთვიანი რაკარუკის მერე ტყეში შევყვებიო, ოჯახს გამოუცხადა. ბევრი იტირა ახლადნათხოვმა ნათელამ, ბევრი რჩევა-დარიგება მისცა მამამ და წავიდა ბოლოს. სამი დღის მერე დაბრუნდა უვნებელი, სხვა კაცებივით კრინტი არ დაუძრავს იმასაც, ოჯახიც შეეშვა, მოჩვენებები არ მოასვენებენ, რომ მოგვითხროსო და ყველაფერი თავის უცნაურ კალაპოტში ჩადგა მექის წელიწადში ორ-სამჯერ ტყეში შესვლით და სამდღიანი გაუჩინარებით. ვერ ეგუებოდა ამას ნათელა, გულამოსკვნილი ტიროდა ყოველ ჯერზე, შარვალზე დაექაჩებოდა ქმარს, არ წახვიდე, რა იქნება, და უსასრულოდ ავიტან ქვების გულისგამაწვრილებელ რაკარუკსო. სიტყვისუთქმელად ჩამოიშორებდა ცოლს კაცი, არ დაამშვიდებდა, არ ანუგეშებდა, თავს შეიმზადებდა და ტყისკენ წავიდოდა.
...
მშიშარა ტიპი ვარ-მეთქი, ნაღდად ვერ ვიტყვი. ჩემს თავზე მე ბევრს არ ვფიქრობ, ეს ჩაღრმავ-ამოღრმავებები არ არი ჩემი საქმე, მარა, ხო არი რაღაცები, როგორც ორჯერ ორი, ისე იცი საკუთარ თავზე და მეც ეგრე ვიცი, რო არ ვარ მშიშარა ტიპი, იმიტო, რო ჯერ კიდე ბიჭბუჭობიდან არ მეშინოდა სკოლის უკან უფროსკლასელებთან წახიპიშების და მერე ჩემს ყბაში ჩასმული იმათი მუშტების, არც სირი უფროსების მეშინია, როგორც ზემოთ მოვყევი უკვე, არც უფულობის, არც ღამურების და რაღა დარჩა, რო?
იდეალური არავინააო, კი გაიგებდით და მეც ვაღიარებ, რო ერთი ეგაა, მკვდრების და კუბოების მაგრად მეშინია. უკომპრომისო უარი რო გამოვუცხადე დედაჩემს კლასელების ბებიების და ასაკოვანი ნათესავების პანაშვიდებზე სიარულზე, კი მიხვდა, რაც მჭირდა და ფსიქოლოგთან წამიყვანა. იმან ჯერ რაღაც ტესტები მავსებინა, მერე ისაო, დღეს მზე რომელზე ამოვიდა შენთვისო, საკუთარ თავს რა ამოცანებს უსახავ დილაობითო. მეთქი, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, დედა, ფულს ტყუილად აკუჭავ იმ ქალს. კაი, მაშინ მე დამელაპარაკე და ზუსტად მომიყევი, რას გრძნობ და რატო არ დადიხარ პანაშვიდებზეო. მეც ავდექი და მოვუყევი: მეორე კლასში ვიყავი, ჩვენი მეზობელი გალინა სერგეევნა რომ მოკვდა, გასვენების დღეს სახლში მარტო დამტოვეთ ტელევიზორთან და მკაცრად გამაფრთხილეთ, ფანჯარას არ მიეკაროო. უეჭველი მივეკარები რახან ეს მითხრეს-მეთქი, და ზუსტად იმ დროს გადმოვიჭყიტე, გალინას თავგადახდილი კუბო სადარბაზოდან რომ გამოჰქონდათ. ხოდა, იმის მერე ყველა მკვდარზე ეგ მეორეკლასელური შიში მიბრუნდება, ბევრი რო არ გავაგრძელო-მეთქი.
მარა ბაბუაჩემს მე მაგას ვერ ავუხსნიდი, რანაირად გინდა ამაყ ბაბუას ის უთხრა, პანაშვიდებზე შიშისგან ვიფსამო, ხოდა, რახან არი რაღაცები, რასაც ვერ იმასიზამ, გადავხარშე, რო მთელი ის დღეები პანაშვიდებზე ჩამწკრივებულ სოფლის კაცებს შორის უნდა გამეტარებინა.
....
უყურებდა მსხლის ძირში მოკალათებულ თექვსმეტი წლის დინას ხის მოაჯირზე გადმოყუდებული შიო, უყურებდა და ამჩნევდა, რომ ერთ დღეში დაქალებულიყო მისი შვილი. გუშინ უნაგირის წასაღებად გადმოსულმა მეზობელმა უთხრა, გასათხოვარია აწი შენი გოგოო და იმის მერე დაქალდა დინა მამის თვალში, ერთბაშად გაიზარდა იმ ნათქვამის მერე. გრძელ თეთრ კისერს გვერდზე გადმოგდებული ოქროსფერი ნაწნავი უფარავდა, ჩამოქნილ თითებში ძაფგაყრილი ნემსი ეჭირა და ვაშლის ნაჭრებს დასაჩირებლად ამზადებდა. მამის მზერა რომ იგრძნო, აივნისკენ ამოიხედა, ფორთოხლისფერი თვალები ამოანათა და მაშინ მიხვდა შიო, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ნაბოლარა. მიხვდა ამას და შეეშინდა, ფეხის თითებიდან დაუარა უცნაურმა სიცივემ, რადგან იცოდა, სმენოდა და ბევრისგან გაეგო, ცუდი ბედი აქვთო ლამაზ ქალებს.
ჩვიდმეტი წელი ქმრის ოჯახში შეასრულა დინამ. წესი იყო მაშინ ადრე გათხოვება, მთხოვნელიც ბევრი ჰყავდა, მაგრამ სიყვარულით არავინ უყვარდა. სიყვარული შეჩვევააო - უფროსი, გათხოვილი დებისგან სმენოდა და დიდად არ უდარდია ამაზე. კეთილი კაცი იყო მისი ქმარი, გულუხვი და ხელგაშლილი, ისიც ფიქრობდა, სხვა თუ არაფერი, სიკეთის გამო შეიყვარებდა თანდათანობით. ამ იმედით მანამდე ცხოვრობდა, სანამ ორი წლის გათხოვილზე ქმარი ბრმა ტყვიამ არ იმსხვერპლა ნადირობისას.
ბევრს არავის იცნობდა ქმრის სოფელში დინა, ერთი ფიქრი თავის სოფელში დაბრუნებაც იფიქრა დაქვრივებულმა, მერე მოხუცი მამამთილი შეეცოდა, მარტო ვერ დატოვა და დარჩა.
სიყვარული შეჩვევა იყო თუ სხვა რამე, ქმრის სიკვდილის მერე არ უფიქრია მანამ, სანამ მექი კოპალიანი არ ნახა მეზობლის გასვენებაში. სოფლის ქალებს სუფრის მომსახურებაში ეხმარებოდა, ცხელ კერძებს დაატარებდა და მექის გვერდით გაჩერდა ცხელი წვნიანით სავსე თეფშის ჩასადგმელად. სანამ ცალი ხელით მაგიდაზე ცარიელ ადგილს ათავისუფლებდა, მეორე ხელი ცხელმა თეფშმა დაუწვა და უთუოდ ხელიდან გაუვარდებოდა, მექი რომ არ შეშველებოდა. მექიმ გამოართვა წვნიანი, მაგიდაზე დადგა, დამწვარი ხელი კი ნაჭრის ხელსახოცით გადაუხვია.
იმ დღეს ბევრი იფიქრა დინამ, არ უნდოდა, ისე იფიქრა ბევრი ამაზე და მიხვდა, რომ ცდებოდნენ უფროსი დები, სიყვარული და შეჩვევა სხვადასხვა იყო და ის, რასაც ის გრძნობდა, წყურვილს ჰგავდა, უცნაურ წყურვილს, წყლის დალევა რომ ვერ კლავს, ისეთს.
მას მერე ხშირად ფიქრობდა დინა მექიზე და სულ იმ უცნაურ წყურვილს გრძნობდა იმ დროს. ხან ვინმეს გასვენებაში შეხვდებოდა, ხან წყაროზე ჩასვლისას გვერდს გაუვლიდა მხარზე ცელგადებული ულვაშდაწკეპილი კაცი, მოწიწებით დაუკრავდა თავს, თვალებით გაუღიმებდა და გზას გააგრძელებდა. იცოდა მექიმ, სიტყვა რომ ეთქვა გრძლად, ან ოდნავ შეჰხებოდა ხელზე, არსაიდან გაჩდებოდნენ ყურები და თვალები სოფლის ორღობეში და ცუდ დღეში ჩააგდებდნენ ქვრივ ქალს ცოლიან კაცთან მუსაიფისთვის. იცოდა მექიმ ეს ამბავი და მხოლოდ შორიდან უღიმოდა, თვალებით ესალმებოდა და ეფერებოდა კიდეც გოგოს.
...
ჩამოვიყვანეთ ეს კაცი, ჩამოვასვენეთ შუაღამეს, ატყდა კივილი განწირული, კიოდა მექის ცოლი ნათელა, აი, ეგ იყო ის კივილი, ძილში რო შორიდან ჩამესმა, ოღონდ ახლა უკვე ახლოდან. კიოდა ნათელა და კიოდნენ მეზობელი ქალები, ოთახის შუაში იჯდა მექის მოხუცებული დედა, თავჩახრილი, ჩუმად, იჯდა გაქვავებულივით და იშვიათად ახედავდა ხოლმე მის წინ დასვენებულ შვილს. მე არ გამკვირვებია ეს სურათი, ვიცოდი ბებიაჩემისგან, ამაყი და უცნაური გლოვა იციანო მთის ქალებმა.
აქეთ მე ჩემი მჭირდა, ვისაც შიშისთვის თვალის გასწორება და შეფეთება არ გამოუცდია, ვერ მიხვდება, მე რა დღეში ვიყავი იმ დღეს. აი, მეჭირა ჩემი ცერა თითი და მთელი ძალით ვაჭერდი საჩვენებელი თითის ფრჩხილს სიმწრისგან.
დიდი მლოცველი კაციც არ გახლავართ, არადა, სკოლის პერიოდში, იცოცხლეთ, დავდიოდი ეკლესიაში, მამაჩემმა მიმიყვანა მამა ლევანთან და მითხრა, ეს შენი მოძღვარი იქნება დღეიდანო. დავდიოდი პატარბიჭობაში, რამდენჯერმე ვიმარხულე კიდეც და კლეტკიან ფურცელზე ჩამოწერილი ცოდვებიც მივუტანე მოძღვარს. გარდატეხის ასაკში მე ჩემი პროტესტები მქონდა და იქ აღარ მივსულვარ, მერე გავიგე, მამა ლევანს სმისგან ღვიძლი დაეშალა და გარდაიცვალაო და, მითუმეტეს, აღარ მიმისუნია. ერთი ისიც იყო, აქეთ რო მოვდიოდი აეხლა თბილისიდან, ჯვრის მონასტერთან მექანიკურად პირჯვარი გადავიწერე და ვიფიქრე, ალბათ ისედაც რამდენ პირჯვრისწერის დროს ჩაფიქრებულ სურვილს იტევს ეს გზა, ახლა კიდე მე არ დავამატო-მეთქი. თან კონკრეტული რამე არც გამხსენებია და გამოვიარე.
ხოდა, ლოცვები მე არ ვიცოდი და გულში კი ვბუტბუტებდი იმ ღამეს, თუ რამე არახელშესახები ძალა არსებობს, ამ უსიამო სიტუაციას გადამარჩინოს და მალე მიმაახლოს ჩემს საბანს-მეთქი.
შუაღამემდე იქ ვიყავი ბაბუაჩემთან ერთად, იქ მოყვნენ, როგორ გაიტაცებდა ხოლმე მექის ტყის ქალი წელიწადში რამდენჯერმე, როგორ დარდობდა ამაზე ნათელა, რომ ამათი უშვილობაც ტყის ქალის წყევლა იყო და რომ სოფელი, რომელსაც ის ალქაჯები ამოიჩემებენ, დაწყევლილია. ვუსმენდი ამ კაცებს და ვფიქრობდი, აფსუს, ერთი გილიერმო დელ ტორო ან კარპენტერი მომცა აქ, ან, სულაც, ჰიჩკოკი, ამათ ბაზარს უსმენდეს, რა სცენარს მაზავს-მეთქი, ისიც ვიფიქრე, ხო არ ჩავერიო და შევაპარო, ალქაჯები და თოვლის ბაბუ რომ არ არსებობენ-მეთქი, მაგრამ საქმე ის იყო, რო ბაბუაჩემის ნათქვამი კარგად მქონდა ჩაბეჭდილი, ბაბუა, შენ შეიძლება კი იცოდე ბევრი რამე, რა როგორაა სწორი, მარა ყველასთან ყველაფრის მტკიცება და ლაპარაკი არ უნდაო.
...
უსხეულო, გამჭვირვალე ავსულები ეგონათ ტყის ქალები სოფლებში, ათას უბედურებას და ბოროტებას აბრალებდნენ, უფრო ზუსტად კი - ყველაფერ ცუდს, რასაც ვერ ახსნიდნენ. ერთმანეთს შეშას რომ ჰპარავდნენ, ტყის ქალმა წაიღოო, იტყოდნენ, ვინმეს გარდაცვალების მიზეზს რომ ვერ დაადგენდნენ, ტყის ქალმა მოაკითხაო - დაასკვნიდნენ, ძროხა რომ აღარ იწველებოდა - იმ ავსულმა შეაშინაო და ასე. სინამდვილეში ტყის ქალები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ტყეებში ცხოვრობდნენ, პატარ-პატარა ხის თავშესაფრებს იშენებდნენ, ხშირად ჩადიოდნენ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში ჩვეულებრივ ტანისამოსში გამოწყობილები, ზოგი იქ დარჩენილი ოჯახის წევრების სანახავად, ზოგიც სხვა რამეზე. ფულს ტყის ყვავილების თაიგულების, სამკურნალო ბალახების და ველური თაფლის გაყიდვით შოულობდნენ და ასე ინახავდნენ თავს და ერთმანეთს. პირველი ტყის ქალი ვინ იყო და როდის დაიწყო თეთრებში შემოსვა, იმათაც არ იცოდნენ, თუმცა ის იცოდნენ, რომ სადმე თუ სახლიდან გამოგდებული, შერცხვენილი და გაუბედურებული, ან თუნდაც შეუძლებელი სიყვარულით დატანჯული ქალის ამბავს გაიგებდნენ, აუცილებლად უნდა მიეკითხათ და მათთან წამოეყვანათ. მოუვლიდნენ შეფარებულს, თავიანთ საქმეებს გაუნაწილებდნენ და ქვეყნისკენ მოაბრუნებდნენ.
სინამდვილეში ქალები არც არავის აშინებდნენ, წყევლიდნენ და მითუმეტეს, კლავდნენ, მათი დანაშაული მხოლოდ ერთი იყო, ქურდობდნენ, იპარავდნენ სიყვარულს. იპარავდნენ სიყვარულს, რომელიც მათი კაცების ცოლებს, შეყვარებულებს და სხვა ქალებს ეკუთვნოდათ და რომლებიც მათ მაგივრად უნდა ჰყვარებოდათ. ზოგი თავისი ქმრის სიყვარულს იპარავდა, ართმევდა მის წილ სიყვარულს და სხვას უზიარებდა. ეს იყო მათი ცოდვა, მათი ერთადერთი ნებადართული დანაშაული და მათი უცნაური ცხოვრების წესის გამართლებაც.
შეიმოსებოდა ტყის ქალი თეთრებში შებინდებისას, მკლავზე გადმოიგდებდა ნაწნავს და ფრთხილად და ყურადღებით გაივლიდა წინასწარ შესწავლილ გზას არჩეული კაცის სახლამდე. დაიწყებდა ქვების სროლას სარკმელზე მანამ, სანამ ყურადღებას არ მიიქცევდა. ბოლო-ბოლო, ატყდებოდა ერთი ამბავი შიგნით, ტყის ქალმა მოგვაკითხაო, დაფაცურდებოდა მთელი ოჯახი, დიდიან-პატარიანად წამოხტებოდნენ საწოლებიდან, დედები გულზე მიიკრავდნენ პატარა შვილებს, მამები და ოჯახის თავები იარაღებს და ბასრ საგნებს მოიმარჯვებდნენ, გამოეფინებოდნენ გარეთ და იწყებდნენ ავსულის ძებნას ახლომახლო ადგილებში. მოივლიდნენ მეზობელ სახლებს, მდელოებს, სოფლის დაკეტილ სახლებს, ჩაიხედავდნენ თონეებში, ბეღელში, თვალს მოავლებდნენ მარანს, ტყის ქალი კი ამ დროს მათსავე სახლში შევიდოდა და იქ დაიმალებოდა, სანამ ყველაფერი არ მიწყნარდებოდა. იმათ აზრად არ მოსდიოდათ თავიანთი სახლის შემოწმება, გაწბილებულები და გასავათებულები შინ შემოლაგდებოდნენ და დასაძინებლად რომ გაიწევდნენ, მაშინ გამოვიდოდა თეთრებში შემოსილი ქალი იმ სახლიდან და უკუნეთ სიბნელეში გაუჩინარდებოდა.
...
ბაბუაჩემთან ყოფნა განსაკუთრებულად მიყვარდა ბავშვობიდან და ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რო არასდროს ეზარებოდა ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის, არც უაზრო კითხვებზე. საღამოობით რომელიმე ძროხას თუ შეაგვიანდებოდა ჭიშკართან ატუზვა, გავუყვებოდით სოფლის საძოვრებისკენ გზას მე და ბაბუა და დავუსვამდი ათას კითხვას უკან მოსვლამდე. სხარტად მიპასუხებდა ყველაფერზე, დაუზარლად, თუ ძაან გულს გავუწყალებდი „ე, ახლა მეისვენე, ბაბუა!“ - მეტყოდა და ეგ იყო. მახსოვს, ასე გზას მივუყვებოდით ერთხელ მე და ის, თეთრი ძაფი რომ შევნიშნე, ორღობეს გამოყოლებული. იყო ეს ძაფი გაჭიმული უწყვეტად და არსად მთავრდებოდა, არც სადმე წყდებოდა. რაა ბაბუა ეს ძაფი, ვინ გააფინა-მეთქი, ვკითხე. ამას, ბაბუა, ავსული ტყის ქალები გააფენენ ხოლმე მაგათი ამოჩემებული კაცის საფლავიდან ტყემდე, სული რო წაყვესო, თუ რაღაც მაგდაგვარს ბოდავენ, არ მჯერა მეო. მას მერე კიდევ ვნახე ის თეთრი ძაფი სასაფლაოდან ტყის მიმართულებით და რატო გამახსენდა ეს ამბავი, ქვემოთ ვიტყვი მაგას, მანამდე კი მივყვე უნდა თანმიმდევრულად.
მექის პანაშვიდების მეორე დღე იყო და ვიფიქრე, მივიყვანო ბარემ ეს საქმე და ჩემი შვილიშვილურ-თანასოფლელური ვალი ბოლომდე-მეთქი და მერე ჩემს გემოზე შევირგებ აქაურობას.
დილიდან იქ დავერჭე, ხან ქელეხის საქმეებზე ვეხმარებოდი, ხან ეზოში მდგარ კაცებში გავერეოდი. იშვიათად რო ზემოთ პანაშვიდის ოთახში შევსულიყავი, ჯერ ერთი, ბევრი ხალხი მიმოდიოდა და ჩემი იქ ყოფნის საჭიროება არ იყო, მეორეც, კი ვთქვი წეღან, დიდად სასიამოვნო არაა ოცდასამი წლის მუტრუკი შენს შიშებზე ბაზრობდე ხშირად.
ერთ შუადღეს ავედი ზემოთ, ცოტა ხანი იქაც დავდგები-მეთქი, ნაჭრებაფარებულ კარადასთან ჩამოვდექი კუთხეში. ცოტა ხალხი მოძრაობდა იმ საათებში, შიგნითაც ცოტა იყო. წრიულად ჩამწკრივებულ სკამებზე მიცვალებულის დედა, ცოლი და ნათესავი ქალები ისხდნენ. კარში ჯერ ტყის ყვავილებისგან შეკრული უზარმაზარი თაიგული დავინახე, მის უკან კი ორმოცდაათამდე წლის თავშლიანი ქალი. ბორდოსფერი კაბა კოჭებამდე სწვდებოდა, თავზე თმას ცისფერი თავსაფარი უფარავდა, თუმცა მკერდზე დაფენილ ოქროსფერ ნაწნავში მაინც უჩანდა შერეული ჭაღარა. როგორც პანაშვიდზე მოქცევის წესია, ისე არ მოქცეულა, წრე არ დაურტყამს სასახლისთვის, არც ჭირისუფლებისთვის უთქვამს სამძიმარი, ყვავილები ქვემოთ მიაყუდა და სასახლეს ხელებით მოეფერა, რაღაც ჩაიჩურჩულა, აწყლიანებული თვალები ოთახს მოავლო და კარისკენ წავიდა. ჭირისუფალმა ქალებმა ერთმანეთს გადახედეს, გამიკვირდა, მეთქი, ან ვერ იცნეს, ან უკვირთ მისი აქ მოსვლა. ამ ქალის გასვლა ერთი იყო და მეც კიბისკენ დავიძარი, ვიწრო ხის საფეხურებზე ჯერ იმ ქალს დავაცადე ჩასვლა და მერე მეც დავეშვი. ჭიშკარს მიღწეული იყო უკვე, ნათელა რომ წამოეწია, მექის ცოლი, ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა, თავშალში სწვდა მოულოდნელად და მთელი ძალით ჩამოჰქაჩა.
- ის არის, აიიი, ის არის - იღერებდა მისკენ თითს, ხან ქალს შეხედავდა, ხან მათკენ მოტრიალებულ ხალხს;
- ის არიიის, თმაზე შეხედეთ დაღს! ვიცოდი, რომ მოვიდოდა! ვიძახდი და არავინ მიჯერებდა, ჩემი უბედურების მიზეზია ეს ქალი! - ორდღიანი ტირილისგან ხმა ჩახლეჩოდა ნათელას, უკანასკნელი საღი იოგებით აგრძელებდა კივილს:
- ქმარი წამართვა, ხალხოო! ოჯახი დამიწყევლა! მთელი ცხოვრება უბედური ვიყავი, ხალხო, ამ ქალის გამო, მთელი ცხოვრება! - მზერას არ აშორებდა ქალს და ნიაღვარივით ჩამოსდიოდა ცრემლები.
აემ ნათელას ნათქვამზე მეც დავაკვირდი ქალს თმაზე, ყურს ზემოთ მთელი ერთი თითის დადება ადგილი ჰქონდა ამომწვარი და უთმო, როგორც მერე გაირკვა, ნათელას თქმით, ერთხელაც ქვების რაკარუკისას ბუხრის ცხელი საჩხრეკი უსროლია ფანჯრიდან და დაუნახავს, როგორ მოხვდა თავში ვიღაცას, ირწმუნებოდა, იფიცებოდა, ტყიქალეს მოვარტყი ცხელი რკინა, ადამიანია ტყიქალე, კვნესა აღმოხდა ტკივილისგანო და არავინ უჯერებდა სახლში. ქმარსაც ემუდარებოდა, არ წახვიდე, ვერაფერს გიზამს, ჩვეულებრივი ადამიანიაო. მოკლედ, ერთ ტანჯვაში ყოფილა ეს ქალი და არავინ უჯერებდა. აქაც ყველა გაოცებული უყურებდა, როგორ ჩამოგლიჯა თავშალი სამძიმარზე მოსულ ქალს და აბრალებდა ავსულობას, ბოლოს მოხუცმა მამამთილმა გაუყარა ხელკავი და ოთახში შეიყვანა, ის ქალი კი იდგა ისე რამდენიმე წუთს, ბოლოს ძირს დავარდნილი ცისფერი თავშალი აიღო, თავზე შემოიკრა და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
დავკრძალეთ ის კაცი მეორე დღეს, მშვიდად ჩაიარა ყველაფერმა. ქელეხის სუფრაზე მე აღარ დავრჩენილვარ, სასაფლაოდან პირდაპირ სახლში წამოვედი. საღამოსკენ გავედი მხოლოდ, ბაბუაჩებს გავაკითხო-მეთქი და გზაში შევნიშნე, სასაფლაოების მხრიდან ორღობეს თეთრი ძაფი მოუყვებოდა, არსად წყდებოდა, არც მთავრდებოდა. აი, მაშინ კი გამახსენდა ბაბუაჩემის ნათქვამი და არიქა, ფარდა უნდა ავხადო ამ საიდუმლოს-მეთქი, მოვიწადინე, მივედევნე ამ ძაფს, დანიშნულების ადგილსაც გავცდი და ტყეში აღმოვჩნდი. ძაფი შეწყდა, ვერავინ ალქაჯი მე იქ ვერ დავინახე, მოვტრიალდი უკან და იმედგაცრუებული წამოვედი სოფლისკენ...