უდაბნოს ბაყაყები


უდაბნოს ბაყაყები




ბუში ხვდება გორბაჩოვს მალტაზე, მე ჯარში ვარ, მეგობრებთან ერთად პლანს ვეწევი. მსოფლიოს ინაწილებენ ბიჭები, მაგრამ, აი, დარდი, შუაგულ უდაბნოში ვარ, სადაც ყველა პირობას მზე კარნახობს. არ ვიყავი კაი სანახავი, მაგრამ ვერავის დავაბრალებ. ზარ-ზეიმით გამომაცილეს სახლიდან, ჩამსვეს მატარებელში და გზა დამილოცეს. წინასწარ ვიცოდი, სად მივდიოდი. დედაჩემმა გვარიანი თანხა გაიღო იმისათვის, რომ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში გამევლო სამხედრო სამსახური. მაგრამ მატარებელში ერთმა რუსის გოგომ თვალები ამიჟუჟუნა და ბაქომდე ჩავყევი. ნავთლუღში ერთი დღის დაგვიანებით გამოვცხადდი პირშიჩალაგამოვლებული. ჩემი ნაკადი წასული დამხვდა. იქვე შემჩურთეს მომდევნო ჯგუფში და გამიყენეს გზას შუა აზიის უდაბნოსაკენ. რა ძალა მადგა, დამეძინა კუპეში, გავიღვიძებდი მოსკოვში, სპორტულ ბატალიონში, ვითამაშებდი ფეხბურთს, წელიწადში ორჯერ კი სამშობლოს მოვინახულებდი. არ დამაყენა გამჩენმა, თუმცა, მგზავრობა იყო ოდისევსის საკადრისი. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ ქართველებთან ერთად მივდიოდი და არ მეშინოდა. უფრო სასიხარულო კი ის იყო, რომ ამ თორმეტ ქუთაისელ და ექვს ბაღდათელ ახალწვეულს შორის ერთი ჩემი უბნელი ჭოჭიაც ერია. ზუსტად ჭოჭიაა ამ ამბის კაპიტანი. ჯერ თვითმფრინავით ვიფრინეთ კაი ხანი, მერე მატარებლით ვიჯაგჯაგეთ მთელი „სუტკა“ უდაბნოში, ბოლოს გადაგვსვეს ავტობუსში და აღარ დასრულდა, ვიარეთ და ვიარეთ მტვრის ბუღში. ხუთი საათი რომ გავიდა და საშველი აღარ დაადგა ავტობუსის გაჩერებას, ჭოჭია წამოიჭრა სკამიდან და კატაპულტივით გაიქნია ხელები:

- არა, მე აქ ვერ გავჩერდები, დედაჩემი მარტო დარჩა სახლში, უჩემოდ მოკვდებაო!

ჯანსაღი რეაქცია იყო. ერთადერთი საღი აზრი, რაც შეიძლებოდა იმ გარემოში ადამიანს პირველად გასჩენოდა, ზუსტად გაქცევაა. ჭოჭიას, უბრალოდ, ადრე დაეწყო და მძიმედ განუვითარდა, სულ გაქცევა ეკერა პირზე. თავიდან თანავუგრძნობდი, თავს ვიტეხდი, რითი დავხმარებოდი. მერე კი, თანდათან, დავასკვენი, დედამისი არაფერ შუაშია, წუწუნა ხასიათი აქვს-მეთქი. ყველაფერზე წუწუნებდა და ჯარის განრიგსაც მშვენივრად უწყობდა ფეხს, ჩემგან განსხვავებით. საზენიტო-სარაკეტო ნაწილში გაგვამწესეს. ნახევარი წელიწადი ერთად ვნადირობდით კარტოფილზე და კარაქიან პურზე. მერე კი, არ ვიცი, რა არ მოეწონათ მისი, ორი ასეული კილომეტრის მოშორებით, რომელიღაც ბალისტიკურ წერტილში გადაისროლეს, დაკარგეს კაცი. კი განვიცადე მასთან დაშორება, მაგრამ გავიდა წელიწადი და გადამავიწყდა. და აი, ვზივარ კუბრიკში ლოგინზე პლანით გაბრუებული, სიცხიანი და გიტარაზე ვუკრავ. ბიჭები „ლენინის ოთახში“ ბუშის და გორბაჩოვის შეხვედრას ადევნებენ თვალს. მეწვის გულ-მუცელი, წამდაუწუმ ტუალეტში დავრბივარ. გიტარა გადავდე და წამოვწექი. მაგრამ როგორც კი თვალი მივლულე, ემზარა დამადგა თავზე, საკუთარ თავს არ ჰგავდა.

- რა იყო, რა მოხდა-მეთქი.

- კაპეერიდან დარეკეს, ჭოჭია გაქცეულაო.

ჩიტი ვერ ბედავდა იქით გაფრენას. გან­ცვიფ­რებულ­მა წა­მო­ვიძახე:

- როგორ?! რითი?! რანაირად?!

ავტოპარკის შესასვლელში უპატრონოდ მდგარი მანქანა უპოვია, მიუხედავს, მოუხედავს ჭოჭიას, შემხტარა კაბინაში და მოუსვამს სახლისკენ. მოკლედ, გაიქცა ჭოჭია. ატყდა განგაში. მოდის ჭოჭია, მოსდევს მთელი საბჭოთა კავშირი. ფეხზეა კრემლი. მობილიზებულია საზღვაო და საჰაერო ძალები. თურმე მანქანაზე ატომური ბომბი აქვს შემოდებული. ჭოჭია რადიოთი ისმენს ამ ამბებს. დაახვია და შემოაჭრა პირდაპირ ჩვენთან, ნაწილში, უდაბნოს მხრიდან, წაქცეულ ღობეს გადმოუარა. ჩვენი სახანძროც იქვე დგას. მზე ჩასულია. მე, კოჭოია, დიმა, ბორია და ემზარა განრისხებულ პაატას ვაწყნარებთ, რომელზეც ემზარა ხუმრობდა: კიდო კაი, გიორგი სააკაძის შვილი რო არ იყო, ე, შობელძაღლი, თუ არა, რა ათრევდა მის თავს ირანიდანო. ეს ბიჭი რუსის ბარაბნის ხმას რომ გაიგონებდა, ნერვული სპაზმები ემართებოდა. საკუთარი სერჟანტი უცემია, ბარაბანს რატომ აბრახუნებო და ახლა თითის მოჭრას უპირებდა.

- თითი რად გინდა? - ეკითხება დიმა ქართველიშვილი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი, თავისი ლეგენდიანად ფეხის ზომა ჰქონდა ორმოცდათორმეტი. ძაან თმიანი იყო, უკვე მეშვიდე კლასში იმხელა წვერ-ულვაში ჰქონდა, ავტობუსიდან რომ ჩავიპარებოდით ბავშვები, მძღოლი ცოლ-შვილს აგინებდაო, პუსტავოი გვაცინებდა.

- აბა, რა მოვაჭრა? - ცხარობს პაატა.

- ხელი მოაჭერი და დაკიდე, აგერ, სახანძროს კარზე, - ბანს ვიძლევი მე. მინდა აგიხსნათ: ეს ის პერიოდია, როცა ახალი ნაპოვნი მყავს ვაჟა. ასეთი ხუმარაა ჩემი ბედი, ვაჟა პირველად რუსულად გავიცანი. ფეხბურთელთა სპეციალიზებულ კლასში ვსწავლობდი, მხოლოდ ბურთის გორება და შეჯიბრებებში გამარჯვება მევალებოდა. ვინ მთხოვდა წიგნს, მაგრამ მე ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში შემიყვანა პლუტარქემ ანტიკური კულტურის წიაღში. ერთ წელიწადში უკვე მთელი მითოლოგიური სამყარო საკუთარი ბიოგრაფიასავით ვიცოდი. ეგაა, ლიტერატურაში მოვიკოჭლებდი, ისტორია იყო ჩემი სტიქია. ამასთან დაკავშირებით ერთი კურიოზიც კი შემემთხვა. ჩემი გაქანება რომ იცოდნენ, ხშირად ცდილობდნენ ჯარის მეგობრები ჩემთან ინტელექტუალური საუბრების წამოწყებას. ერთხელაც, ერთმა უთავბოლოდ განათლებულმა პლანაქეშმა დოსტოევსკი მიხსენა, კარგი მწერალიაო. მეც კვერი დავუკარი, ჰო, მაგარია, გუშინ გამოდიოდა ტელევიზორში-მეთქი. კაი, ერთი, რას გლახაობო, მხარზე დამარტყა სიცილით ხელი. რას ვგლახაობ, გუშინ ვნახე ჩემი თვალით ტელევიზორში, ლექსებს ჰყვებოდა-მეთქი. გადაირია, რა უნდოდა დოსტოევსკის ტელევიზორშიო. ავტეხეთ ჩხუბი, ბოლოს დავნაძლევდით. გაიქცა, მოიტანა წიგნი ბიბლიოთეკიდან. თურმე დიდი ხნის მკვდარი ყოფილა, რა ვიცოდი. წინა დღით მართლა ვნახე ტელევიზორში ერთი ცნობილი რუსი პოეტი, რაღაც მსგავსი გვარი ჰქონდა, შემეშალა.

- რითი მოვაჭრა ხელი? - ჭკუაში უზის უკვე ჩემი სიტყვები პაატას, ტყუილად კი არ აქვს იმხელა თავი.

- შტიკნოჟით, - პასუხობს ბიძინა, კოჭოიას ვეძახდით. ზემო იმერელი ბიჭი იყო, დედაზე მეტად ტყუილები უყვარდა. ბაბუამისს ცხენი ჰყავდა იმნაირი, თავის ურმიანად ახტებოდა ღობეებს.

- არაა, ცუდი აზრი, რო იცოდე, - თავი მოიქექა პაატამ.

- ოჰ, მოეწონა ბიჭს აზრი, - წამოიძახა ემზარამ, - და სად წაიღებ მერე იმ ხელს, გამახსენე?

- სად წავიღებ, რა მითხარი? - ჩემკენ მოაბრუნა „ტორპედო“ სტადიონისხელა თავი პაატამ.

- კარზე დაკიდებ.

- აი, ხო გესმის? ჭკვიანი კაცია, - დამიმოწმა პაატამ.

- მოჭრილ ხელს მიაჭედებ კარზე?

- ხო, აბა.

- რატო უნდა მიაჭედო ხელი კარზე? - გაკვირვებული მიაჩერდა ემზარა პაატას, პაატა მე მომაჩერდა.

- რატომ? - მეკითხება.

- შემეშვი, რა, შენი ჭირიმე, სადაც გინდა, იქ წაიღე, - ხელს ვიქნევ.

- ღორებს გადავუგდებ „სვინარნიკში“.

- ღორებს ხორცი გაუფუჭდებათ, რუსებს მოწამლული სისხლი აქვთ, და მერე ისევ ჩვენ გვაჭმევენ.

- ვინ გაჭმევს ღორის ხორცს, თუ კაცი ხარ.

- პირველი მაისი მოდის. კატლეტებს, აბა, რითი აკეთებენ, შენი აზრით?

- მაშინ ღობის იქით დავმარხავ.

- ქარი ქვიშას გადახვეტავს და ამ ხელს ისევ ჩვენთან შემოაგორებს.

პაატამ ვეღარ მოითმინა, წელიწადნახევარი თოფგადაკიდებულს სათვალთვალო კოშკზე ჰქონდა გატარებული, იყვირა:

- რა გამიხურე საქმე, სად წევიღებ და აგერ, ბორიას მაცივარში შევინახავ. ხოა, ბორია, ძამია, შენ მაცივარში ცოტა ადგილი, სულ ცოტა?

ბორიამ ამაყად ასწია ნიკაპი. დიდი კაცი იყო, ნაწილის პურსაჭრელი ებარა, მაცივარში ნემსის ჩასაგდებს ვერ უპოვიდი. აღთქმის კიდობანივით იყო ეს მაცივარი ჩვენთვის. რუსების სასადილოდან ისეთი სუნი გამოდიოდა, გვერდს ვერ ჩაუვლიდი.

- რა კარგად დეიწყეთ და რა გლახათ დაამთავრეთ. იარეთ, იარეთ და ბოლოს, მაინც, ბორიას მაცივარს მიადექით. ფანტაზიის უნარი არ გაგაჩნიათ, რა, ქართველებს. ვერ გაცდით და ვერც გაცდებით ბორიას მაცივარს, - ჩაილაპარაკა კოჭოიამ.

- რა გინდა, ბიძია, შენ? - წარბი ასწია პაატამ. რუსის ბარაბანისგან ბევრით კი არაფრით განსხვავდებოდა კოჭოია მისთვის.

- რა მინდა და, ინატრეთ რამე ნორმალური.

- ახლა მაჭამა ტურსუნოვის ფლოვი, - პირი ააწკლაპუნა ემზარამ.

- არ მინდა ფლოვი, სახლში მინდა, - კბილები გააკრაჭუნა პაატამ.

- გემოვნება არა გაქვთ, ბიძიკო, - ხელი აიქნია კოჭოიამ, - დამიდეთ აქ, ახლა, შვიდი მილიარდი და ერთი კვირა წყალს არ დავლევ. ყველაფერს ვიყიდიდი. ყველაფერი ჩემი იქნებოდა და სახლში არ ვიქნებოდი? - ძვალზე გადაკრული ტყავი იყო. რას ქვია, გემოვნება დამიწუნესო, ემზარა შეტევაზე გადავიდა.

- სად დადებდი შვიდ მილიარდს?

- აი, აქ, ამ წერტილში, - იხტიბარი არ გაიტეხა კოჭომ.

- აქ დადებდი შვიდ მილიარდს?

- ჰო, აი, ზუსტად, აქ.

- ესე იგი, აქ, - ფეხით მონიშნა ადგილი ემზარამ. თავბედი აწყევლინა მეოცნებე ბიძინას. იანგარიშა, გამოთვალა და დაადგინა, რომ ამდენი ფული არათუ სახანძროში, მეზობელ აბანოში და იქით კიდევ, საქვაბეშიც არ დაეტეოდა ერთად. სისხლი გაუშრო ამ გაძვალტყავებულ ბიჭს, გასაქანი არ მისცა. იმანაც, საშველი რომ აღარ დაადგა, იყვირა:

- მაშინ ბორიას მაცივარში შევინახავდი, ბიძიკო. შენ მაცივარში ყველაფერი ხომ ეტევა, ბორის?

ბორიამ ხელი აიქნია, გასასვლელისკენ გაემართა თავმობეზრებული, ჭოჭია კი შეეჩეხა კარში. ყალყზე დაგვიდგა თმები. გარეთ გაგვიყვანა და ბოქსის კარებთან მდგარი უზარმაზარი მანქანა გვაჩვენა. ორას ტონიანი მაინც იქნებოდა. თავზე უშველებელი ტურბინა ედგა.

- ეს ბალისტიკური რაკეტაა, - მოწონების ნიშნად დააქნია თავი ემზარამ.

- გაჩუქებ, თუ გინდა, - იმედი გაუჩნდა ჭოჭიას.

- რა ჯანდაბად მინდა. რომ მინახონ, ჯვარზე გამაკრავენ.

ჭოჭიამ საცოდავი თვალებით შემოგვხედა.

- მიშველეთ რაღაცა.

- საინტერესოა, ბორიას მაცივარში დარჩა კიდევ ადგილი? - თავი მოიფხანა პაატამ.

- შენ რატომ ხარ გაჩუმებული, თქვი რამე, - მომვარდა ჭოჭია.

- მე შენ ადგილზე, მანქანაში შიგნიდან ჩავიკეტებოდი და საქართველოს დამოუკიდებლობას მოვითხოვდი, - მხარზე დავადე მეგობარს ხელი.

- რა სიგიჟეა! - წამოიძახა კოჭოიამ.

- მათაც ასე უნდა იფიქრონ, - დავუყვავე ჭოჭიას, - თავი უნდა მოიგიჟიანო. სხვა გზა არაა, საქართველოს დამოუკიდებლობას შეიძლება ვერ მიაღწიო, მაგრამ დახვრეტას გადარჩები. საგიჟეში ცოტა ზურგის ტვინს ამოგიღებენ, რა უჭირს მერე.

- და ამგენს შეეჯიბრო სიგიჟეში? - თვალები დაქაჩა ჭოჭიამ. სულაც არ მეჩვენებოდა სიგიჟედ საქართველოს დამოუკიდებლობა. უღლის ტარებისგან სიქაგავარდნილ ერს ამოსუნთქვის შანსი ეძლეოდა. მანქანაში ავედით, უზარმაზარ დაფაზე ჩამწკრივებულ ფერად-ფერად ღილაკებს მოვეფერეთ, ფანჯრები ამოვწიეთ და პლანი გავაბოლეთ. კაბინა კვამლით გაივსო. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მომწონდა საკუთარი აზროვნების ნაყოფი. ისიც კი გავიფიქრე, მე ხომ არ მეკისრა ეს დიადი ისტორიული მისია. თუმცა, კოჭოიასთვის საქართველოს დამოუკიდებლობა იყო ყველაზე სასაცილო რამ, რაც კი შეიძლებოდა მშიერ ქართველს მოსვლოდა აზრად შუაგულ უდაბნოში.

- რად გინდა დამოუკიდებლობა? - ცალყბად გადმომიკრა, ცინიკური ღიმილით.

- რად მინდა და ამაყი ვიქნები.

- ვინ მოუვლის მერე იმ ქვეყანას? - ისევ ჩაიცინა.

- ვინ და ხალხი.

- ხალხი არა...

- ვერ მოუვლის, თუ...

- დაფიქრდი: ნახევარი საუკუნეა ამ ხალხს ქეიფის და ჭამა-სმის მეტი არ უკეთებია არაფერი, რისი მომვლელია?

- ვისი ბრალია მერე ეს? - წამოიძახა პაატამ.

- ვისი ბრალია?

- ვისი და რუსების.

- აგიშენეს გზები, ხიდები, გვირაბები, ქარხნები, შეგიქმნეს ინდუსტრია, მოგცეს განათლება და მედიცინა. გაქვს უნივერსიტეტები და უზარმაზარი სპორტული მოედნები. რას ერჩი რუსეთს?

- ჰოდა, ეს უნივერსიტეტები და ხალხი მოუვლის ქვეყანას, - ბეჭედი დავსვი მე.

- ეჰ, თქვენ რო გიყურებთ, ქვეყანა რომ გადატრიალდება, ის ხალხი, ჭამა-სმის მეტი რომ არაფერი უკეთებია, ამას ყველაფერს ნაგავში გადაყრის, - ხელი ჩაიქნია კოჭოიამ.

- ჰე, შეეშვით ახლა პოლიტიკას და მითხარით, სად დავმალოთ მანქანა, - ხელი გადაუსვა ემზარამ ფერადი ნათურებით გაწყობილ დაფას.

- ბოქსში შევიყვანოთ, იურა და შუსტოვი წვანან გალეშილები, დილით ყველაფერს მაგენს დააბრალებენ, - ოფლი მოიწმინდა შუბლზე დიმამ. სიმინდის მარცვლებივით ჰქონდა კბილები, რომ გაიცინებდა, ქათმები კრიახობდნენ.

- მე შენ გეტყვი, უარს იტყვიან? - ამოიხვნეშა პაატამ.

- რას ამბობ, დედაზე მეტად უყვართ ატომური ბომბი, თავს შეწირავენ?

- ბოქსში არ შეეტევა, - ბრძენკაცივით დააქნია თავი ემზარამ, - რაკეტა უნდა მოვიცილოთ.

- მართალია, - მუშტი დაჰკრა დაფას პაატამ, - ვისროლოთ, ვითომ არც ყოფილა ამ მანქანაზე.

- და თქვენი აზრით, ამას ვერავინ მიხვდება? - ცინიკურად ჩაიცინა კოჭოიამ, - არ გინდათ, ხანდახან დაფიქრდეთ იმაზე, რას ამბობთ?

- ვინ მიხვდება, - გაიჭიმა პაატა, - ვერ ხედავ, ღამეა, ყველას ძინავს. გავიყვანოთ უდაბნოში და ვისროლოთ.

სხვა გზა მაინც არ იყო. ჭოჭიამ მანქანა მომართა. ნახევარი საათი ვიარეთ უდაბნოს სიღრმეში. ბოლოს, როგორც იქნა, გავჩერდით. შუა აზიური კანაფი ბრდღვნიდა ყველაფერს, რიოს ფესტივალზე ვიყავით მისულები ატომური ბომბით. გავაჩერეთ მანქანა და ირგვლივ მიმოვიხედეთ. ვარსკვლავებითაა მოჭედილი ცა, მაგრამ მთვარე არ ანათებს. დედა რომ მიატოვებს შვილებს, ისე არიან ვარსკვლავები.

- კარგი, აგერა ვართ და ისროლეთ! - დასისხლიანებული თვალებით შემოგვყვირა ჭოჭიამ.

- საით ვისროლოთ? - ბიჭებს გადმოგვხედა ემზარამ. „საით ვისროლოთ“ ნიშნავდა - „ვის ვუტიროთ დედა“.

- დააჭირე კნოპკას ხელი, რა იცი, საით უნდა ისროლო, - წამოიჯიჯღინა პაატამ.

- აგერ, რუკას ვერ ხედავ, ბიძიკო? - თითი დაადო დაფაზე დახატულ ატლასს კოჭოიამ. ყველა რუკას დააჩერდა, - აგერ არის ფანქარიც. რა ადგილზეც დასვამთ წერტილს, იქ დაარტყამს რაკეტა.

ყველანი მას მივაჩერდით.

- შენ საიდან იცი?

- საიდან ვიცი და რაკეტებს ვისვრი, თქვენსავით ტრიბუნიდან კი არ ვუყურებ დაბოლილი.

- ხედავ შენ ამას? - ნიკაპი გაუქნია პაატამ ემზარას და, უცბად თითი ჩაკრა დაფაზე გლახათ მოციმციმე თვალს. სალონში ყვითელი შუქი აინთო.

- რას შობი, შე, იდიოტო, - მაშინვე გამორთო შუქი ემზარამ, - ეს შენ ბაბუაშენის ურემი ხო არ გგონია, ხელი არ ახლო არაფერს, - შეუტია კოჭოიას. იმან ხელი აუქნია.

- წადი, ერთი...

- ე, ბიჯო, რას უყურებთ, - აჯაჯღანდა ამასობაში ჭოჭია, - ისროლეთ, თუ სროულობთ, ამ უპატრონოს, თავზე არ დაგვადგნენ.

- რა ვისროლოთ, საგუნდაოდ კი არა ვართ, ბიძია, გამოსული, ატომური ბომბი გვიკავია ხელში, - ოფლი მოიწმინდა შუბლზე დიმამ.

- ჰე, თქვით ახლა, ჩქარა, საით ვისროლოთ, არაა ამდენი ფიქრის დრო, - გამოგვხედა ემზარამ.

- რა მნიშვნელობა აქვს, ვისროლოთ პირდაპირ, - შეუტია ჭოჭიამ.

- იქნებადა, პირდაპირ საქართველოა?

- ისროლე, კაცო, საქართველო არა კამბოჯა.

კოჭოიამ რუკას დახედა.

- პირდაპირ ჩინეთია, - თქვა მან. ყველამ ისევ რუკას დავხედეთ.

- ხოდა, რა ჯობია მაგას, - გაუხარდა ჭოჭიას, - ვერც მიხვდებიან, გაწყვეტამდე არიან.

- ჩინელები არ გააღვიძოთ, ჩემი რჩევაა, - საუბარში ჩავერთე მე.

- რატომ?

- მე ჩემი გითხარით, აწი თქვენ იცით.

- ისროლე, კაცო, მე ვარ პასუხისმგებელი, - ხელი აიქნია პაატამ.

- რატომ არ უნდა გავაღვიძოთ? - მხარი გამკრა ემზარამ.

- მილიარდნახევარი არიან. წარმოიდგინეთ, ჩინეთში რომ ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს, რა მოხდება. ქვეყნის მოსახლეობის ოცდაათი პროცენტი ეგრევე დატოვებს ქვეყანას და დაიწყება მიგრაციული პროცესი, რომელსაც ვერავინ გადაურჩება. თან ჩინელები პატივსაცემი ხალხია, დიდი კულტურა შექმნეს, მაგათ მისცეს კაცობრიობას აბრეშუმი, ფაიფური, დენთი.

- კულტურა არ ვიცი, მარა ჩინეთში, ბიჭო, პანდები არ დავწყვიტოთ, ცოდვები არიან, - ოფლი მოიწმინდა შუბლზე დიმამ. საიდან ჰქონდა ამდენი წყალი, უდაბნოსავით ვიყავით გამომშრალები.

- მაშინ აქეთ მოვწიოთ ცოტა, და მუსულმანებს ვუტიროთ დედა, რა პრობლემაა, - თითით გახაზა ემზარამ რუკა.

- ო, ეს კაი აზრია, - ცერა თითი ასწია დიმამ, - მომწონს ეგ აზრი. რაც მაგათ ნაწამები ვყავართ.

- მუსულმანებში ვის გულისხმობ? - ვიკითხე დინჯად.

- მურვან ყრუს და მისთანებს.

- ანუ, არაბებს?

- აი, ზუსტად არაბებს ვერ ვიტან ყველაზე მეტად.

- ბევრი არაბული ქვეყანაა ამ ქვეყნად, კონკრეტულად, რომელს ვერ იტან?

- ვერც ერთს.

- რას ერჩი არაბებს, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ეს ატომური ბომბი ახლა ჩენ არ გვექნებოდა.

- ჰოდა, ძაან კაი, თუ არ გვექნებოდა, მაგ არაბებს ახლა... - ღილაკებისკენ გაიწია ჭოჭია. ძლივს დავაკავეთ. გავთათხეთ, გავლანძღეთ, დავტუქსეთ.

- არ გრცხვენია, ჭოჭია?

- რისი უნდა მრცხვენოდეს? რად მინდა ეს ატომი, თუ მაქვს, ან რატომ მაქვს მე ატომური ბომბი? ამათ მოტანილ მშვიდობას რანაირად უნდა ენდო? - სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდა ჭოჭიას.

- მოკლედ, არაბები უნდა დაისაჯონ, მაგათი ბრალი ყოფილა, ჩვენ ამ დღეში რომ ვართ, - ხელი დაარტყა დაფას ემზარამ, - ისეთი რამე შეუქმნიათ, მაგ ოჯახქორებს, განადგურების და ტერორის მეტი რომ არაფერი მოაქვს,

- ასე ნუ იტყვი, - დავამშვიდე მეგობარი, - ჩვენ ატომურ ეპოქაში ვცხოვრობთ. მას შეკავების უნარი აქვს. თითქოს ყველაფერი ისე ხდება მსოფლიოში, როგორც ადრე, მაგრამ ხდება იმის წინასწარ ცოდნით, რომ არც ერთ მიზანს შედეგი აღარ გააჩნია. წინასწარ არის ცნობილი, რომ ყველა გლობალური კრიზისული საკითხი, რომელიც დედამიწაზე წამოიჭრება, შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. მოლაპარაკებას, დიალოგს, ალტერნატივა არ გააჩნია. აი, ხომ ხედავთ, რა ხდება დღეს მალტაზე. მსოფლიო მტრები იახტით სეირნობენ და მშვიდობას ამყარებენ. ატომურ ეპოქაში გამარჯვებული არ არსებობს. ასე რომ, ატომი დიდი რამეა, მას გაფრთხილება უნდა, ასე შენ ხუშტურზე კი არ უნდა ატრიალო აქეთ-იქით.

- ხო არ შევინახო და მერე, ქუთაისში ხო არ წევიღო? - მეკითხება ჭოჭია. ატყდა ხარხარი.

- ატომი რატომ არ გვექნებოდა მუსულმანების გარეშე? - დაინტერესდა პაატა.

- დეიწვას ცეცხლში, დამღუპეს კაცი, - ცრემლები დამალა მკლავებში ჭოჭიამ

- იმიტომ, რომ, - განვაგრძე ბიჭების დამოძღვრა, მსიამოვნებდა ლაპარაკი, - არაბებმა მოუტანეს კაცობრიობას წიგნისადმი ფანატიკური რწმენა. არა ფილოსოფიის ან რომელიმე კონკრეტული ცოდნის, არამედ, წიგნისადმი, ყველაფრისადმი, რაც წიგნში იწერება. განათლება რომ ძალაა, ეს ზუსტად არაბებმა გააგებინეს ევროპას. ჩვენი ისტორიკოსის ლეგენდა იმის შესახებ, რომ აღმაშენებელი წიგნის საპალნეებით დადიოდა საომრად, არაბული მრწამსის, სამყაროს რაციონალიზების დასაწყისის აღმნიშვნელია. ამბობენ, რომ აღორძინების ეპოქა მაშინ დაიწყო, როდესაც კასტილიის მეფე ალფონსმა ტოლედო აიღო. ტოლედო არაბული ქალაქი იყო ესპანეთის ტერიტორიაზე. აი, ამ ქალაქში შესულმა ალფონსმა მედრესეში აღმოაჩინა ასი ათასი წიგნი. ეს იმ ეპოქის ევროპელისთვის წიგნების გაუგონარი რაოდენობა იყო, ყველაზე დიდ კენტენბერის მონასტერში სულ რაღაც ასამდე წიგნი ინახებოდა. ამ სასწაულის სანახავად დაიძრნენ მთელი ევროპის კონტინენტიდან სწავლულები, რაც, პირობითად, რენესანსის დასაწყისად ითვლება. მანამდეც ხომ ევროპის არისტოტელიზაცია ზუსტად არაბების გავლენით დაიწყო? მეტი რა გითხრათ. არაბები და მათი გავლენით მთელი სამუსლიმანო და საქრისტიანო ბრჭყალებით ეჭიდებოდა წიგნებს. ამ მრწამსს გამოხატავს იმდროინდელი ისტორიული ცნობა ან თქმულება იმის შესახებ, რომ საქართველოში შემოჭრილმა ჯალალედინმა ქვეყნიდან ასი ათასი წიგნი გაიტანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანას ძალა გამოაცალეს, სული ამოართვეს. ერთი სიტყვით, რომ არა წიგნისადმი რწმენა, არ გვექნებოდა ევროპული რაციონალიზმი და, შესაბამისად, არც ატომური ბომბი.

- ახლა რაღა ჯანდაბა ეტაკათ ამ არაბებს, წიგნის გაგონება რომ აღარ უნდათ? - ინტერესდებოდა პაატა.

- წიგნის გაგონება როგორ არ უნდათ, წიგნების გაგონება არ უნდათ. არ ვიცი, რა დაემართათ. როცა წიგნებით დადიოდნენ, დიდი ცივილიზაცია ჰქონდათ, მომავალზე ფიქრობდნენ, ვარსკვლავებში იჭვრიტებოდნენ, ადამიანის შიგნეულს იკვლევდნენ, ახლა კი, განათლებაზე ხელი აიღეს და მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობენ, ზიან და წარსულს მისტირიან. სიღრმიდან შემოუტია აზიამ. მხოლოდ წიგნით შეიძლება წარსული დიდების დაბრუნება და არა ზიზღით და მტრობით. უცნაური ამბავია, არა? ქართველებსაც ეს ავადმყოფობა გვჭირს. მდინარის პირზე ჯდომა და ტირილი. ეს წმინდა აღმოსავლური მოვლენაა. რუსთაველი ამბობს, რომ ზუსტად არაბეთიდან მოვიდა ავთანდილი - გეგმიანი, მიზანმიმართული, განათლებული რაინდი, რომელმაც აამოძრავა და გმირი გახადა ეს მდინარის პირას მტირალი აზიელი კაცი. ძალა კი ჰქონდა, მარა როგორ გამოეყენებინა, არ იცოდა. მეთვრამეტე საუკუნეში რომ დაუბერა საქართველოში ევროპული განათლების სიომ, ისეთ მოვლენაზე აქვს რუსთაველს საუბარი. არაბეთი იმათი ევროპა იყო. ეს კულტურა სპარსეთმა კიდევ უფრო გაამდიდრა და დახვეწა. მოგვიანებით კი, ისევ აზიამ იმძლავრა.

- დამიჯერე, ძმაო, სულს გაუმწარებენ მაგენი მსოფლიოს.

- ე, ბიჯო, შეეშვით ამ არაბებს, ქვეყნების მეტი რა არის? - ოფლი მოიწმინდა შუბლზე დიმამ.

- მაშინ აგერაა თურქეთი, - წამოიძახა ემზარამ, - ანგელოზი სამიზნეა. სად მიყავდა ჩვენი ბავშვები.

- ეგი, ეს პატარა, ბიჯო, ისრაელია? - რუკას დააჩერდა დიმა.

- ისრაელზე გლახა არ თქვათ, გელა არ გამიბრაზოთ, ყარაულშია, - თითის დაქნევით გაგვაფრთხილა პაატამ.

- გელას ვენაცვალე მე, - თავისი სიმინდის კაკლები გადმოყარა დიმამ, - მარა, ებრაელები რომ სუფთა წყლის დამლევები არ არიან, რათ უნდა მაგას ლაპარაკი. მაგენი მართავენ მსოფლიოს.

- ამას წინ ტელევიზორში ვნახე გადაცემა, ებრაელები დიდ მსოფლიო შეთქმულებას ამზადებენო, - ჩაილაპარაკა პაატამ.

- შეთქმულება არაფერ შუაშია, - გამეცინა, - მაგ ხალხი საკუთარი მიწებიდან განდევნეს და მთელ მსოფლიოში ხეტიალობდნენ. შუა საუკუნეებში მიწათმფლობელებს მიყავდათ პარადი, ესენი კი ქალაქებში ცხოვრობდნენ და ხელოსნობას მისდევდნენ, იყვნენ ვაჭრები, გადამყიდველები, მევახშეები. ყველა იმ საქმეს მისდევდნენ, რომელსაც თავად-აზნაურები არ კადრულობდნენ და არც იყო მაშინდელ სამყაროში პრესტიჟული. მერე ფეოდალიზმი რომ დაინგრა და მსოფლიო ბურჟუაზიულ რელსებზე გადავიდა, ეს ბოლოში მოჩანჩალე ხალხი თავში მოექცა, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა - უკანასკნელები გახდნენ პირველები. რას ერჩი, სულ გაჭირვებაში, ტერორში და ცემა-ტყეპაში იყო ეს ხალხი და მათი ბრალიც არაა, სამყარო რომ ასე შემობრუნდა, ეს კანონზომიერი ისტორიული პროცესების ბრალია.

- ბიძიებო, ამდენს რომ ლაყბობთ, მთავარი რომ დაგავიწყდათ, თუ ხვდებით? - ჩაიცინა ემზარამ, - თავლაფდასხმული ხვდება ბუშს მალტაზე. საითაა მაგ მალტა?

- რა უნდათ, რაზე ლაპარაკობენ?

- რა უნდა უნდოდეთ, ქვეყნიერებას ინაწილებენ.

- დი, ბიჭო, მიაბრუნ იქეთ რაკეტა.

- დამშვიდდით, ბიჭებო, ის ხალხი კარგ საქმეს აკეთებს, - გამეცინა მე.

- კომუნისტები აკეთებენ კარგ საქმეს?

- არა, კაპიტალისტები, - ჩაილაპარაკა კოჭოიამ.

- უბრალოდ, დაფიქრდით, თუ მსოფლიოს გაინაწილებენ, ესე იგი, მშვიდობა იქნება, ხოლო თუ მშვიდობა იქნება, კომუნისტები აღარ იქნებიან. მარტივია.

- ხო, აბა, რანაირად იქნება მშვიდობა, კომუნისტები თუ იქნებიან, - დამეთანხმა დიმა, - მარა, - იქვე დაამატა, - კაცმა რომ თქვას, რა ჩინეთი, რა ისრაელი, რუსებზე საშიში და საზიზღარი ხალხი არის ახლა სადმე?

- ა, ბიჯო კაცი, - მხარზე დაჰკრა მოწონების ნიშნად ხელი პაატამ დიმას, - დასანახად ვერ გვიტანენ ეს შობელძაღლები ქართველებს.

- აბა, ჰე, რას უდგახართ, მიაბრუნეთ ეს რაკეტა კრემლისკენ.

- არა, ბიჭო, მაგას არ გვაპატიებენ, მთელი კვირით გაობახტში ჩაგვყრიან სუყველას!

- რას ბოდავთ, - წამოიძახა კოჭოიამ, - რა კრემლისკენ უნდა მიაბრუნო, რუსებით გიდგათ სული. მაგენი რომ არ იყონ, ირანი და თურქეთი შუაზე გაგგლიჯავდათ. მიატრიალე მაგ რაკეტა ირანისკენ ჩქარა.

- გაწიე, ბიჯო, რაკეტა იქით. რამ შეაყვარა ეს რუსეთი ასე, ამ უდღეურს.

- რამ შემაყვარა და, ამხელა სახელმწიფოა, ნახევარი დედამიწა უჭირავს, უზღვავი შესაძლებლობები აქვს. ერთ ბოთლ ჭაჭად შეიძლება მთელი ინდუსტრია ჩეიგდო ხელში. ქართველები მეფეებივით ცხოვრობთ, რუსს რო ვერ დეესიზმრება, ისე, რა გინდათ მეტი?

- რაკეტა ვერ გისროლია კაცს, რა, შენ ჭკუაზე,  - ლურჯ ღილაკს დაჰკრა თითი პაატამ.

- იდიოტო, ხელი არ ახლო არაფერს-თქვა, ხო ვთქვი! - იღრიალა ემზარამ.

- ხო, კაი, კაი, რა იყო, შენც რამ გადაგრია, ამ რაკეტის დედაც მოვტყან ერთი.

- ისე, საინტერესოა, ამერიკამდე თუ დაუწევს ეს რაკეტა.

- რაც რუკაზე ხატია, ყველა წერტილამდე მიაღწევს.

- მერე? ვისროლოთ და ამოისუნთქავს მსოფლიო.

- კი, ამოისუნთქავს საბოლოოდ.

- ისე, ჭოჭია, შენ ადგილზე მე, პირადად, ჟიჟკას ხელში ჩავარდნას მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ვარჩევდი.

- გაჩუმდით! - დაიყვირა ამ დროს ჭოჭიამ. ყველა გაისუსა, - თქვენ რო გისმინოთ კაცმა, ისე გამოდის, რომ, საბოლოოდ, მაინც, საქართველოსკენ მოგვიწევს სროლა.

- ვითომ რატომ?

- არსად არ შეიძლებაო, ყველა ანგელოზი გამოვიდა, ჩვენ დავრჩით ერთი ყოვლად გამოუსადეგარები და უვარგისები, არც მიგვიცია რამე არავისთვის და არც წაგვირთმევია.

- აუ, რა კაი აზრია, - წამოიძახა კოჭოიამ, - მოვახტეთ რაკეტას და გევიქცეთ საქართველოში.

- ახლა გეტყვით რაღაცას, - ბრძენკაცივით აიშვირა თითი მაღლა ემზარამ, - ამ რაკეტას ჯერ მივცეთ საქართველოსკენ მიმართულება, ოც მეტრამდე რომ დაეშვება მიწაზე, ჩვენ გადმოვხტებით, და ამ დროს მოვახვევიებთ რაკეტას ოკეანისკენ. რას იტყვით, ხო კაი აზრია?

- ჩვენ როგორ მოვახვევიებთ, რაკეტაზე ვიქნებით, - გაუკვირდა დიმას.

- აქ უნდა დარჩეს ერთი. ყველა ვერ წავალთ.

- დარჩეს ბიძინა. მაგის მეტმა მაინც არავინ იცის რაკეტის მართვა, - თითი აჰკრა ნერვიულად რაღაც წკვარამს პაატამ. მანქანამ ღმუილი ატეხა, მაშინვე ქვემოთ ჩამოვცვივდით, რას ვხედავთ - მან გაშალა უშველებელი რკინის სადგამი, რომელზეც ნელ-ნელა რაკეტამ იწყო გასწორება. ყრუ, შემაშფოთებელი ღმუილით დგებოდა ფეხზე. მუხლი აგვიკანკალდა.

- მიდი ახლა, როგორც გინდა, დააბრუნე თავის ადგილზე, - ქეჩოში წაავლო პაატას ხელი დიმამ.

- არ გაინძრეთ! - იყვირა ემზარამ, - რაკეტა გასასროლადაა გამზადებული!

- რა იყო, არ მიდიხართ საქართველოში? - იკითხა კოჭოიამ.

- რას ქვია არ მივდივართ, - ერთხმად წამოიძახეს ჭოჭიამ და პაატამ, წამში მოახტნენ რაკეტას ზურგზე.

- აბა, შევჯდეთ, ბიჭებო, და მოვუსვათ სახლებში.

- კარგად იყავი, კოჭო, - გულში ჩაიკრა კოჭოია დიმამ, - შევხვდებით. როცა იქნება, ხომ ჩამოხვალ საქართველოში.

- კარგად იყავი, ძმაო.

სათითაოდ ჩამოუარეს კოჭოიას და დაემშვიდობნენ შეხვედრის იმედით. ემზარამ უჩურჩულა.

- ხომ იცი, როგორ უნდა შეცვალო მისამართი?

- კი, კაცო, რა პრობლემაა, - დაამშვიდა ის კოჭოიამ

- არ დაგვღუპო, - გადაკოცნა ემზარამ მეგობარი და რაკეტაზე შეხტა. უცბად, ცეცხლის ალი ავარდა, დანადგარი აღმუვლდა, აცახცახდა, აძაგძაგდა, ჩვენ რაკეტას ჩავეხუტეთ.

- აბა, არ შეშინდეთ ბიჭებო, საქართველოში ჩავალთ და ბრძოლის ცეცხლს დავანთებთ. ქვეყანა უნდა გავათავისუფლოთ! - იბღავლა პაატამ. ყვითელი ცეცხლი აბრიალდა ჩემ თვალწინ. ვხედავ, უდაბნოდან ხალხი გამორბის. ვიღაცა წყალ მოარბენინებს და რაკეტას ცეცხლმოდებულ კუდზე ასხამს. ვიღაცა ნიჩბიქვიშას აყრიცეცხლს. კოჭოია ხელს გვიქნევს - „ვაი, თქვენს პატრონსო“. პაატამაც, ბოლოსდაბოლოს, დეზი ჰკრა რაკეტას. მე დედაჩემის შეკერილ საბან ჩავებღაუჭე კბილებით...

 

 

ლიტერატურული ჟურნალი ახალი საუნჯე
© AXALISAUNJE.GE